მისალოცი ღია ბარათი
პირველი ადგილი თქვენ გერგოთ,
გილოცავთ,
მთავარი პრიზი
საზეიმო ვითარებაში გადმოგეცემათ.
ეს იქნება ქვეყნის სახელმწიფო ორკესტრითა და სახელმწიფო
ცეკვის ანსამბლით
გაფორმებული დაჯილდოება.
რა მოვლენაა, ისტორიული,
მოწვეულია კულტურის სფეროს დიდი ნაწილი,
ვინც დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში
ბინადრობს,
ვინც შთამომავლობა დიდი ხნის წინ გახიზნა საზღვრებს მიღმა,
ვინც წითელ, თეთრ და ლურჯ ხიდებს გასცდა.
დიახ,
ეს თქვენ დაიმსახურეთ,
თავადაზნაურთა ნაქონ სასახლის
ან ყოფილ ბაღში გაშალოთ სუფრა და გამოფინოთ
არა ერთი მსგავსი სურათი, რელიქვია, ისტორია,
ყველაფერი თქვენი სახელის ქვეშ,
გვიქომაგეთ, გვეამაყება.
ვერ გავექცევით,
რაც არ უნდა სადმე მოფარებულში ვიწმინდოთ ცრემლი,
ვერ გავექცევით ნაშიმშილარ კუჭსა და ნაღველს,
ვერც ერთმანეთს გავექცევით უკვე თქვენი ხელიდან,
დიდი ხანია მომხდარია,
დაუვიწყარი:
თქვენს საცავშია მილიონი დის მილიონი ძმის სული,
მილიონი დედის მილიონი მამის სული,
მილიონი შვილის მილიონი შვილის სული.
ზოგი მდინარეს გაკიდებული, ბანკის ვალებით.
ზოგი გაყიდულ ეზოს ბაღში, აკაციის ან ცხენისწაბლის ხეზე
თოკით დაკიდებული, როგორც შემოდგომის პირას
შემორჩენილი უკანასკნელი ფოთოლი – ეროვნული ყადაღა.
ზოგი დარდით გულგასიებული,
თუმცა კი ქვეყნის სული თქვენს საცავშია და პროცენტებით
გაზრდილი
სადმე ზეცამდე.
ალბათ, ესაა საქართველოს უკვდავებაც და გაბრწყინებაც.
სულიც დოლარში,
სულ პრიალა ქაღალდის ბანკნოტებზე გადაბეჭდილი ისტორია:
ხუთთეთრიანის ოქროს ლომის ქანდაკება ალაზნის ველის ძვ. წ-ის III ათასწლეულის ყორღანიდან, იშვიათობა.
ორმოცდაათ თეთრზე ძველი კოლხური თეთრის ანალოგის – ლომის თავის,
მიკროელემენტია.
ორმოცდაათლარიანზე თამარ მეფის პორტრეტი; ვარძია.
ასლარიანზე – ავერსი: შოთა რუსთაველის პორტრეტი,
რევერსი: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
ფიროსმანს კი აქაც არ გაუმართლდა: ერთლარიანი ერგო, რას ვიზამთ,
ბედისწერას ჩვენ ვერ გავუგებთ.
ჩვენი ვალია მწერალი წერდეს თქვენი სახელით,
მხატვარი ტილოს თქვენის წყალობით გადაღებავდეს,
მშენებელი, კირითხურო, ტელეწამყვანი, გამომცემელი,
დამხმარე მუშა, დიასახლისი, ბავშვი აკვანში,
თქვენის სახელით იბადებოდეს.
გილოცავთ,
თქვენ საპრიზო ადგილზე ხართ,
გბარდებით ბანკის სახელზე, თქვენი მომგონის კურთხევით.
გარეკანზე ფონის არჩევა, თქვენზეა…
სხვისი მშობლები – სათამაშოები
როგორც, როგორც, რა ვთქვათ?! მაგალითად, ქვა.
რამდენი?! ორი. რა თავში სახლელად:
რა სიტყვაა, რა თამაში.
ბანკში თუ რიგია, თუ მოსაცდელია,
მოლსა და კარფურში დრო გასაყვანია,
თუ თბილისის სტიქიამ წალეკა სოციალური ქსელი,
თუ დაქსელილია ირგვლივ ადამიანების მსგავსებით
ჰორიზონტი, მაშინ ეს თამაშია სამის.
ხელფასის დღე. თვის ბოლო. ორი ლარი თითოეულს.
მადლობა. როგორი მძიმეა გაუხსნელი მესიჯივით.
რეკავ მამასთან. დრო გაგყავს.
დედასთან რეკავ. გადის დრო.
ლანჩი დაბალხარისხიან სწრაფი კვების ობიექტში
ეს არის პირველიდან ორამდე.
მე უნდა დავჯდე საზოგადოებრივი ტუალეტის მარცხენა მხარეს და ლუკმა ლოყაში გამეჩხიროს.
ასეთი რა დავიმსახურე, რომ შევასწრო თვალი, მოხუცს ცაკცაკით უკან მიჰყვება მეგზევე, ყვითელი ჟილეტით,
და გული გადამიქანდეს, და ხაჭაპური ყელზე დამადგეს –
მე მგონია, რომ რამე უბედურების შემსწრე გავხდები,
ღმერთო,
მე მგონია, რომ ის მეგზევე იმ მოხუცს დაჯაბნის, გამოგლეჯს იღლიიდან ერთჯერად ცელოფანს და დახურულ კარს მიღმა, რაღაც ისეთი ამბავია, მე არ მინდა შევესწრო.
ამავე დროს ქალების ტუალეტში კაცი შევიდა.
ასეთია ლანჩი.
მხოლოდ მუშა დავინახე, უკან რომ გამოვიდა,
ხელში თავისი ყვითელი ჟილეტი ეკავა და
წვრილ, ველური ტყის ტახივით წვრილ თვალებს აცეცებდა.
ასეთია ჩემი ლანჩი.
ნეტავ, საღამოს, საინფორმაციოში დღის მთავარი ამბების გაშუქებისას,
შუშისთვალებიანმა და წითელთმიანმა კურიერმა არ გამოაცხადოს,
რომ შუადღეს, ლანჩისას, სწრაფი კვების ობიექტის მამაკაცების
საჭირო ოთახში, შუადღეს…
„ალუჩის ფუტურო ფუღუროში ჩასახლდა წყვილი ოფოფი,
ახალ კარტოფილს იღებს მამაშენი ბოსტანში,
კამით დავბრაწავ.
გვიან შემოვა წელს სიმინდი, ივლისის ბოლოს
აიღე შვებულება, შვილო, და ჩამოდი“.
იმ სოფლის სახლის, ამოკეტილი მძინარე მზეთუნახავი
არ უნდა გამოგეშვით,
ჩემი სათამაშოების ოთახში სხვადასხვა სათამაშოებს დაგამატებდით.
დედა, მამა და შვილი – ასე დავბერდებოდით.
ტკბილად, იქამდე, ვიდრე და მანამდეც.
თქვენთვის წერილია
გიორგი ესებუას
ორივემ ვიცით, ამ თეთრ სახლში, საძირკვლამდე დამწვარში,
ერთად უნდა ტკბილად გვეცხოვრა, შავი ზღვის პირას.
პორტთან ახლოს, წითელიალქნიან დაძირული გემებისთვის
ზურგის ქარით ამოყვინთვა გვებრძანებინა.
19 წლის ვარ.
ლურჯი თვალებით, მე ვარ გოგო.
დაბადებიდან ამ სახლში ვცხოვრობ, მე აქ გავჩნდი,
ჩემი თვალის ახელიდან ჰორიზონტს ვუცქერ და
დაბრუნებულ მერცხლების ამბავს ზურგით დავათრევ.
ერთხელაც,
მოხდა ადრე თუ გვიან, ფერფლისგან აღმდგარს შემოგხედე,
მაშინვე მივხვდი –
დიდი ხანი(ა) მესიზმრებოდი, გამთენიისას, როცა ზღვის ხმაურს
წვიმა უშენდა,
ყურზე როგორ დავიკიდებდი დედაშენის დარჩენილ საყურეს,
ის ირეკლავდა მთვარის შუქს და ოქროსავით არ ილეოდა.
სიმართლე გითხრა,
ერთხელ სიზმარში ჩვენი სახლის საფოსტო ყუთში თეთრი ჩიტივით
შემოფრინდა ღია ბარათი,
დაუწერელი თეთრი ფურცლებით,
მხოლოდ ჩემი ცრემლების წვეთზე მჟღავნდება გაკრული ხელით მინაწერი:
ძილი გამიკრთა, ვერც სარკეში ვიხედებოდი,
ხმა გავრცელდა, ჩვენს თეთრსა და დამწვარ სახლში მოჩვენება-ბიჭი
ჩასახლდა – რომ დაგინახე, მაშინვე გიცან და დავიჯერე სიზმრის ახდენის,
ახლა გახსენი ეს წერილი და ხმამაღლა წამიკითხე:
იქნება, ისე ჩქარობდნენ და გაურბოდნენ ბომბების ცვენას,
გასაღები სახლის, ეზოში დარჩათ, კედელზე,
დევნილობისას ამ გასაღებს ნატრობდით ყველა,
თუ გადმოლახავთ უხილავ სამანს, გასაღები კარშია და ღიაა კარი,
კლიტე-საკეტი არ შეგვიცვლია, ნუ დგახართ გარეთ, შინ შემოდით.
მე ყოველწმინდადილას მტვრისგან ვწმენდ ჰაერს, მიწას,
ორივემ ვიცით, ხელნაწერები არ იწვიან,
არ იწვიან ხელნაწერები,
არ იწვიან.
მიძღვნა
მინდა, რომ ერთ პოეტ გოგოს
თმა გავუყო,
ჭკუა გავუყო,
წარბი გავუყო და სიყვარულიც კი,
მაინც, რომ მქონდეს, ამას კიდეც არ გავაკეთებდი.
ერთ პოეტ გოგოს არაფრის დიდებით არ მივცემდი
გზის რუკას,
არც მანიშნებელს,
არც კომპასს და არც არაფერს.
არც ერთი არ მაქვს და რომც მქონოდა.
ქმარი ჰყავს,
ეკონომისტია და სულ წერს, ჩემ სათქმელ სიტყვებს იმარაგებს,
აივანზე, მტრედებს ბოლოებს აძრობს,
ფურთხში აწებებს და ჩხაპნის.
პატარა რომ ვიყო,
ერთ პატარა და დიდთვალებიან გოგოს,
ხელისგულზე დავისვამდი და ვეტყოდი:
გაფრინდი, ფრი, ფრიიი, ჭიამარია, სანამ დროა,
დროზე მოასწარი, სხვა მხარეში გადაფრინდი ჭიამაია,
თორემ ტრანსფორმირდები, გაგეზრდება ფრთები,
ღამღამობით შენი ენა დაიწყებს ციცინათელობას,
აღარ მოგასვენებენ, დაგიწყებენ დევნას,
სანამ ბოლო ციცინათელას არ გადააშენებენ –
მიდვრების ბოლომდე გდევნიან.
ნეტა მქონდეს ორი სული,
ერთ სულსაც არ დავიტოვებდი, ერთს პოეტ გოგოს მივცემდი,
თავშესაფარად,
მეორეს კი მის მათემატიკოს ქმარს,
წერას შეეშვებოდა და რამეს მაინც გამოთ(ვ)ლიდა.
რა ჯანდაბად
ამ დროში სული, მაგრამ მაინც.
© არილი