პოეზია

თემურ ჩხეტიანი – რა ძნელია საკუთარ თავთან დაბრუნება და სხვა ლექსები

temur chkhetiani 333

რა ძნელია საკუთარ თავთან დაბრუნება

„რა ვქნისა ციხე…“ და მისი კარისა ხომ ყველამ ვიცით…
კარზე ერთი-ორი ლექსი მეც დამიწერია
და ამის შესახებ ერთხელ ნუციკომ ესეც კი დაბეჭდა
შოთას ჟურნალში.

მე კი, ადრე თუ გვიან,
ლამის ყველა ლექსი უნდა ამიხდეს:
ავად თუ კარგად –
ან შემაცბუნებლად,
ან ღიმილისმომგვრელად…

ჰოდა, რამდენიმე თვის წინ წასული,
ნააღდგომევს სახლში რომ დავბრუნდი,
ეზოშიც  ჩვეულებრივ შევედი,
მარანშიც შევიხედე,
სხვა ოთახებიც დავიარე,
მაგრამ ერთი ოთახის გასაღები ვეღარ ვიპოვე,
ჩემი ოთახის გასაღები ვეღარ ვიპოვე –
ჩემი „რა ვქნისა ციხე“ ვეღარ გავაღე!..
ვეჯაჯგურე,
ვაკაკუნე კიდეც,
„სეზამ, გაიღე“-ც წამომცდა, მაგრამ არა და არა…

ვდგავარ ჩემს კართან და მეცინება –
ვეღარ მცნობს, არ მიშვებს…

მეტი რა გზაა? – ამაღამ დივანზე უნდა დავიძინო,-
ძველ, გაქუცულ დივანზე;
დივანზე, ამდენ სტუმარს რომ მოსწრებია და შეჰგებებია –
ზოგი, მხოლოდ ჩამომჯდარა,
ზოგი უბრალოდ, წამოწოლილა,
ზოგს კი ტკბილადაც სძინებია.
მათგან კი ახლა
რატომღაც გია როინიშვილი მახსენდება,
ამასწინათ, ნოემბრის ბოლოს რომ მესტუმრა
და კარგად ნასვამს,
და ამ დივანზე მძინარეს,
ორი საბანი ეფარა,
რომ არ შესცივნოდა.

 

მფარველი ანგელოზი

დაიღალა ჩემი მფარველი ანგელოზი –
წავიდა, ცის ტოტზე ჩამოჯდა და ფრთები დაკეცა;
გაირინდა და ნაღვლიანად გადმომხედა:
– რა ვქნა? რა გიყო? რა გიშველოო?..

თავი დავხარე, შემრცხვა და ისიც შემეცოდა.
მერე ძალა მოვიკრიბე,
ავფრინდი და მეც ცის ტოტზე –
მის გვერდით ჩამოვჯექი.
ერთად ვისხედით მე და ჩემი მფარველი ანგელოზი
და ხმას არ ვიღებდით,
მხოლოდ ვუცქერდით და ვაყურადებდით,
მაგრამ ქვემოთ
გარკვევით არც არავინ ჩანდა
და იქიდან არც არაფერი ისმოდა.

ვისხედით ერთად მე და ჩემი ანგელოზი
სადღაც ცის ტოტზე,
ვისხედით ერთად,
თუმცა, ვინ იცის?.. ვიყავით კი?
იქნებ უბრალოდ,
იქაც მხოლოდ და მხოლოდ
ვიგულისხმებოდით ?..

 

წიგნები


მიდი კარადასთან,
გასწიე მინა,
გადმოიღე რომელიმე წიგნი,
გადაფურცლე, ჩახედე, მალევე დახურე და ადგილზე დააბრუნე;
გადმოიღე მეორე წიგნი,
გადაფურცლე, ჩახედე, ისევ გადაფურცლე,
დახურე და ესეც უკან დააბრუნე;
თვალი გააყოლე წიგნების წყებას,
გადმოიღე მესამე წიგნი,
გადაფურცლე, გადაფურცლე, გადაფურცლე…
ესეც დახურე და უკან დააბრუნე.

ან აღარ გესმის არაფერი,
ან აღარ გინდა.
სიგარეტის კვამლიც არაფერს ხატავს ისეთს,
რომ რაიმეს მიამსგავსო –
ჩუმად მიდის ოთახის ჭერისკენ,
თუმცა მზერას
ოდნავ მაინც აბუნდოვანებს.

 

ფუღუროს  ექო

ირაკლი ლომოურს

ყველა ხმა მისი ხმის გამოძახილია,
მისი ექოა:
ღრუბელთა გრგვინვაც, ჩიტის სტვენაც, ბავშვის ჭყლოპინიც;

იმ ხმის ექოა მუსიკის ხმა,
გარინდებულ დარბაზში რომ იღვრება
და ისიც – მქუხარე ტაში,
ცრემლები, „ბრავო!..“

იმ ხმის ექოა ნაბიჯების ხმა, როდესაც გვტოვებენ
და ჩვენი ამოოხვრაც,
და ხმა იატაკზე საგნის დაცემის…

შენ მკითხე:
– რა ხმას გამოსცემს ციყვი?
– არ ვიცი,
მგონი, არასდროს გამიგონია.
ხან და ხან კი მესმოდა ხმა რაღაც ფხაჭუნის,
თუ რაღაც წრიპინის,
მაგრამ ესეც ექო იყო,
ფუღუროს ექო.

ორი საუკუნის მოქალაქე

მე-20 საუკუნეში
სიგარეტს ვტენიდი მუნდშტუკში.
21-ე საუკუნეში
ფილტრს ვტენი სიგარეტში.

 

აპრილის  ქარიზმა

ნახევრად სავსე ჭიქა,
ნახევრად ცარიელი მე
ვუსმენთ ქარის ხმას.

 

*  *  *

რომ გაზაფხულდა,
ამას უფრო შენ გიჯერებ, ჩემო კრაზანავ,
ღია ფანჯრიდან რომ
შემომიბზუილდი.

 

ოფოფი

რამდენჯერმე მოვკარი თვალი –
აქ, ეზოში.
ხან ერთი, ხან მეორე ხის ტოტზე
იჯდა და ოდნავ ქანაობდა –
რაღაცნაირად გაფუყული
და ჭრელი,
ჭრელი…

სანამ მე მობილურს მოვიმარჯვებდი
სურათის გადასაღებად,
ფრინდებოდა
და მზერიდან მეკარგებოდა –
ერთხელაც ვერ ჩავუჩხაკუნე.

არადა, ნამდვილი იყო,
არ ვიგონებ –
არც ფოტო-კამერიდან
და არც ჩემი თავიდან
არ გამოფრენილა.

 

ორნითოლოგია

დილაადრიან
ეზოში გავედი პირის დასაბანად.
წყლის ონკანი გალავანთანაა.
გალავნის რკინის ხვეულებს მიღმა კი საუბნო გზაა,
ახლა უკვე გაწკეპილი და საამოდ სავალი.
ჰოდა, ისიც იმ წუთას ჩამოფრინდა გზისპირის ბალახში –
ბოლოქანქარა, კოხტა და ცქვიტი –
ლამაზი ჩიტი ბეღურასებრთა ოჯახიდან.

მიმოდიოდა, თან რაღაცას უნისკარტებდა,
მერე გაჩერდა, მე ვუყურებდი…
ერთხელ მითხრეს:
მაგ ჩიტს „ქვატყანიასაც“ ეძახიანო.
მაშინ დავიჯღანე და გავაპროტესტე,
ახლა კი უბრალოდ გამეცინა –
ის ერთხანს იჯდა
და თითქოს მართლა
ქვას უქაქუნებდა.

 

***

წუხანდელ სიზმარში
ომი და კოშმარი,
ამ დილით კი
ლოკოკინების აღლუმი
ნაწვიმარ ბილიკზე.

***
ბებერი მსხლის ხე ეზოში
სახლის ჩრდილს
თავისკენ ექაჩება…

 

* * *
უცქირე ღრუბელს და ღრუბელს,
თან ლუდი წრუპე და წრუპე…
მარტო ხარ, ვერავინ განგსჯით
ვერც შენ, ვერც ცრემლიან უპეს.

© არილი

Facebook Comments Box