ჰერმან მელვილის ეს დიდი რომანი სხვა ყველაფერთან ერთად, დიდი გასტრონომიული ტექსტიცაა, სადაც პირველივე თავში ისახება გემოვნებისა და კულინარიის კონტურები და პირველივე თავში, ჯერ კიდევ ხმელეთზე ყოფნისას ეხება მთხრობელი გემის მზარეულის თემას, წინსწრებით. „პეკოდამდე“ შორია, იშმაელი კი უკვე კოკის შესახებ გვესაუბრება. ეს მოზრდილი აბზაცი შესავალია სამყაროში, რომელსაც ზღვაში გასულებიც არაერთხელ შევხვდებით.
იშმაელი თითქოს უკადრისობს კოკის თანამდებობას, ასე ამბობს, „ვაღიარებ, საპატიო თანამდებობაა… მაგრამ მე თვითონ დიდად არაფრად მეპიტნავება ცეცხლზე ფრინველის შეწვა“–ო, მიუხედავად იმისა, რომ „ბლომად ერბოში შებრაწულ და ზომიერად მარილმოყრილ და პილპილმოყრილ ფრინველზე ჩემზე დიდი პატივისცემითა და მოკრძალებით ვერავინ ილაპარაკებს“–ო.
რომანი, როგორც გვახსოვს, სასტუმროს ძიებით იწყება. წინასაშობაო პერიოდია, ყველა ადგილი დაკავებულია ზღვისპირა ქალაქში, იშმაელი კი დადის და ეძებს ღამის გასათევს. ჩაუვლის „გადაჯვარედინებული ბარჯების“ აბრას, „ხმალთევზას“ გაჩახჩახებულ ფანჯრებსაც მოიტოვებს და „ვეშაპის შადრევანს“ მიადგება, გამოციებულ, ჩაბნელებულ ნაგებობას, სადაც ღამე უნდა გაათენოს. სასადილო დარბაზში ვეშაპის ხახაა. ამ უზარმაზარ ძვლებში ბარია მოწყობილი, კედლები ვეშაპმონადირეთა სხვადასხვა ნივთითაა შემკული და ერთი დიდი ნახატიც ჰკიდია, რომელიც თითქოს რომანის შემდგომ მოვლენებზე გვიყვება.
ვახშმის დრო ახლოვდება და სასტუმროს მეპატრონე, პიტერ კუბო ყველას სუფრასთან იწვევს, სასადილო ოთახში. აქ ისე ცივა, როგორც ისლანდიაში. ეს პირველი „ნადიმია“ ამ რომანში, სტუმრები ხელებს მდუღარე წყლით სავსე ტოლჩებში ითბობენ და ხორციანი კარტოფილითა და სხვა მსუყე რამეებით იყორებიან ძილისწინ. პატრონი ერთ–ერთს, ყველაზე დამშეულსა და გამგელებულს, ეხუმრება, „ამაღამ საზარელი სიზმრები არ მოგასვენებსო“. მოგვიანებით სტეიკზეც ჩამოვარდება სიტყვა და ამ დროს ვეშაპის ხახას, იგივე ბარს, მეზღვაურები მოაწყდებიან. იწყება ღვინის სმა, თუმცა ერთ–ერთი მოსულთაგანი დაიჩივლებს, მაგრად ვარ გაციებულიო და მისტერ კუბო მას თავისი რეცეპტით გამზადებულ სპეციალურ სასმელს შესთავაზებს – კუპრივით სქელ ბადაგთან შერეულ ჯინის დიდ ულუფას. ასე იჭმება პირველი ლუკმები „მობი დიკში“, ისმება პირველი ჭიქები და ამ მოვლენებს იშმაელის უმძიმესი ღამე მოსდევს, ქვიქეგთან პირველი შეხვედრა და შოკი, რომელიც სულ მალე დიდ მეგობრობაში უნდა გადაიზარდოს.
მეორე დღეს, საუზმეზე იგი უკვე მშვიდად აკვირდება ქვიქეგს, ისე აღარ ეშინია მისი, ყურადღებით აყოლებს თვალს მის ყოველ მოძრაობას, თუმცა თავიდან კი უკვირს, ბარჯი რომ იახლა თან მაგიდასთან მისმა ახალმა მეგობარმა: „თვით თავდადებული თაყვანისმცემელიც კი, თუ ტყუილს არ იტყოდა, ვერ გაამართლებდა, როცა მაგიდაზე ბარჯი მოათრია და მთელ სუფრაზე გადაწოლილი მოურიდებლად ხმარობდა ბიფშტექსის ასაღებად, რითაც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა თავისი მეზობლების თავებს. მაგრამ რაც მართალია, მართალია, იგი ყველაფერს ამას აუღელვებლად აკეთებდა და მოგეხსენებათ, რომ უმეტესობის აზრით, აუღელვებლობა მაღალი წრის ადამიანის ბადალი თვისებაა“.
უნდა აღინიშნოს, რომ ქვიქეგი გულმოდგინედ არიდებს თავს ცხელ ფუნთუშებსა და ყავას (აქ ძირითადად მუხუდოს ყავას სვამენ) და მხოლოდ ნახევრადშემწვარ, ცვრიან სტეიკებზეა მომართული.
ჩვენი გმირები კიდევ დიდხანს დარჩებიან ხმელეთზე, მელვილს 23 თავი დასჭირდება, სანამ მათ ახლოს გაიცნობს, ერთმანეთსაც უკეთ გააცნობს, ხან სად წაიყვანს, ხან სად. ზოგჯერ უხერხულ ვითარებაში გაისვრის, ხანაც კარგ სუფრას გაუშლის. ერთ–ერთი ასეთი, უკვე კლასიკად ქცეული გასტრო–თავია XV თავი, „მოხარშული თევზი“. ისე მოხდა, რომ ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი მისტერ კუბო, „ვეშაპის შადრევნის“ პატრონი, იშმაელს და ქვიქეგს საუკეთესო სავახშმო ადგილს ურჩევს, თავის ბიძაშვილთან, ჰოსი ჰაზისთან, სასტუმროში „ქვაბებქვეშ“. აქ ორი ძირითადი კერძი აქვთ, ხამანწკა და ვირთევზა და მასპინძელიც ყველა სტუმარს ერთად–ერთ ჯადოსნურ კითხვას უსვამს. „ხამანწკა თუ ვირთევზა?“. ამ დროს სამზარეულოდან გამაბრუებელი სურნელი გამოდის, ოხშივარი მთლიანად გამსჭვალავს დამშეულებს. არც იცი რა აარჩიო, ვერც იმას ხვდები, უფრო ხამანწკისაა ეს არომატი თუ უფრო ვირთევზასი. მოკლედ, ჯერ ჩვენი გმირები ხამანწკებს შეუკვეთავენ (სხვათა შორის, დედანში clam–ია, და არა oyster) და აქ იწყება პირველი ქება: „ო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო! მომისმინეთ რა მოგითხროთ! ჩვენ მოგვიტანეს პატარ–პატარა, წაბლისოდენა წვნიანი მოლუსკები, დაფქულ მეზღვაურულ ორცხობილასა და წვრილად დაჭრილ დამარილებულ ღორის ხორცში არეული, ცხიმიანი და წიწაკითა და მარილით კარგად შეზავებული“[1].
ორივე მადაზეა და ხამანწკებს გაანადგურებენ თუ არა, ადამიანებად იქცევიან. კიდევ უნდათ, ოღონდ ამჯერად იშმაელი სამზარეულოში შესძახებს: „ვირთევზა!“, საიდანაც, მალევე გამოვარდნილ ოხშივარს უკვე სულ სხვა სურნელი მოჰყვება. ამ „ქვაბებქვეშ“ ყველაფერს თევზი სუნი ასდის, რძესაც კი (რადგან ძროხა თევზის ნარჩენებს მიირთმევს და ფეხებს ძლივს დაათრევს, ოთხივე ჩლიქზე ვირთევზას თავები აქვს წამოცმული). აქ საუზმედაც თევზია, სადილადაც და ვახშმადაც, შენობის გარშემო ნიჟარები ყრია, მისის ჰაზი ვირთევზას გაპრიალებული მალების ყელსაბამს ატარებს, მისტერ ჰაზის საანგარიშო დავთარზე კი ვეშაპის ძვირფასი ტყავია გადაკრული. სცენა ისევ თევზით სრულდება, ამჯერად საუზმის შეკვეთით. „საუზმედ რას ინებებთ, – ეკითხება მასპინძელი, – ხამანწკას თუ ვირთევზას?“, რაზეც იშმაელი პასუხობს: „ერთსაც და მეორესაც. მრავალფეროვნებისთვის ერთი წყვილი შებოლილი ქაშაყიც დაუმატეთ“.
წიგნში ძალზე მახვილგონივრული განსჯებია მარხვის შესახებაც, იმაზე, რომ მარხვა სხეულის გარდა სულსაც აუძლურებს და ადამიანის თავში უსუსურ აზრებს ბადებს, „ამიტომ, ის მორწმუნენი, რომელთაც განსაკუთრებით აწუხებთ საჭმლის მოუნელებლობა, სასოწარკვეთით ფიქრობენ იმქვეყნიურ ცხოვრებაზე“. განსჯის მწვერვალია მომენტი, როცა იშმაელს ჯოჯოხეთის იდეა ვაშლის ჭამიდან გამოჰყავს: „ჯოჯოხეთის იდეა ადამიანს მაშინ დაებადა, როცა ვაშლით გამოტყვრა, შემდეგ კი მემკვიდრეობითმა საჭმლის მოუნელებლობამ ეს იდეა გაამარადიულა…“. ამის შემდეგ უკვე კანიბალიზმის თემა შემოდის მთელი თავისი გასტრონომიული დიდებულებით, როცა ქვიქეგი საჭმლის მოუნელებლობის და კუჭის ტკივილის თავის ერთად–ერთ შემთხვევას იხსენებს. ოდესღაც მამამისს (შეგახსენებთ, ქვიქეგი უფლისწულია) დიდი ნადიმი გადაუხდია ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად. დღის ორი საათისთვის მტრის ორმოცდაათი მეომარი მოუკლავთ და შემდეგ მთელი ღამე თურმე დახოცილებს ხარშავდნენ და ჭამდნენ, რის გამოც კუჭს ძალიან შეუწუხებია ჩვენი „ველური“. მოხარშვა კიდე არაფერი, სხვა, გაცილებით რთულ კერძებსაც ამზადებდნენ თურმე. ერთ–ერთ კუნძულზე ასეთი ჩვეულება ჰქონიათ. ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ მტრის გვამებს საკუთარ ეზოებში ცეცხლზე ბრაწავენ, გვამებს პირში ოხრახუშის ღერებს ჩრიან (ჩვენ რომ ბოლოკს ვჩრით გოჭს, დაახლ. ისე), ხონჩებზე აწყობენ, ლამაზად რთავენ პურის ხის ან ქოქოსის ნაყოფით, „თითქოს ფლავი ყოფილიყოს და თავის მეგობრებს უბრალო საშობაო ინდაურებივით მოსაკითხად უგზავნიან“.
კანიბალიზმი იქით იყოს და ნელ–ნელა ახლოვდება მომენტი, როდესაც ჩვენი გმირები გემზე უნდა ავიდნენ, „პეკოდზე“, პირქუშ (დედანში – melancholy), მაგრამ კეთილშობილურ ხომალდზე, რადგან კეთილშობილება მუდამ ოდნავ მელანქოლიურია. აქ, ამ ხომალდზე ცხოვრებაც განსხვავებულია, განსხვავებულია სადილ–ვახშმის წესებიც. აქ ხან სუფთა ჰაერზე გიწევს საკვების მიღება, ხანაც კაიუტაში და რაც მთავარია, ესაა ადგილი, სადაც ყოველთვის მოენატრებათ ხმელეთი და იქაური სამზარეულო, რადგან ხმელეთი და ზოგადად ნაპირი „მობი დიკში“ ძირითადად ვახშამთან ასოცირდება. სხვათა შორის, ღია ზღვაში გემს სხვებთან ერთად ორი თანამფლობელი აცილებს, ბილდადი და პელეგი და ამ დროს, პელეგი, სანამ გულაჩუყებული და თვალცრემლიანი ნავში ჩავიდოდეს, ომახიანად შესძახებს კაპიტნის თანაშემწეებს: „წარმატებას გისურვებ სტარბეკ, წარმატებას, მისტერ სტაბ, წარმატებას, მისტერ ფლასკ! აბა მშვიდობით, წარმატებას გისურვებთ! სწორედ დღევანდელ დღეს, ზუსტად სამი წლის შემდეგ, ჩვენს ძველ ნანტაკეტში, ჩემთან კარგ ცხელ ვახშამზე გპატიჟებთ. ვაშა და ბედნიერი ნაოსნობა!“
ეს სახელები რომანის განმავლობაში კიდევ არაერთხელ შეგვხვდება, მათ შორის სადილ–ვახშმობისას და სხვადასხვა კულინარიულ სცენებში. აი, მაგალითად, 34–ე თავი: „მაგიდა კაპიტნის კაიუტაში“, სადაც შუადღეს სტიუარდი ფუნჩულა სადილად უხმობს უფროსობას: „სტარბეკ, სადილობის დროა… მისტერ სტაბ, სადილობის დროა… მისტერ ფლასკ, სადილობის დროა…“ თავაზიანად, აუღელვებლად ამბობს იგი და ცდილობს ყველა თანაშემწეს კაპიტან აქაბის კაიუტაში მოუყაროს თავი. აქ იწყება ფილოსოფიური განსჯებით და კულინარიული წიაღსვლებით გაჯერებული ნადიმი, რომელსაც ცოტა ხნით ჩვენც უნდა დავესწროთ.
მთხრობელი პირველ რიგში იმას უსვამს ხაზს, თუ როგორ მორჩილად, ზოგჯერ კი პირფერულად და დამამცირებლად იქცევიან ხომალდის უფროსები კაპიტნის წინაშე, როცა სადილად მაგიდას შემოუჯდებიან. ამ დროს კაპიტანი მაგიდის თავში ზის, უფროსობა კი რაღაცნაირი დაჩაჩანაკებული ჩანს, არადა გემბანზე, „დაძაბულ ვითარებაში თავი დამოუკიდებლად და მამაცურად უჭირავთ“. ვხედავთ აქაბს, რომელიც ვეშაპის ძვლით ინკრუსტირებული მაგიდის თავში ზის, როგორც მძვინვარე, ხშირფაფრიანი ზღვის ლომი, მოკრძალებული ლეკვებით გარშემორტყმული. აქაბი ხორცს ჭრის, პირველ ნაჭერს სტარბეკს დაუდებს თეფშზე, თან სამარისებული სიჩუმეა, ყველა დაძაბული შესცქერის რიტუალს, დანა–ჩანგლის ხმასაც ვერ გაიგონებ, არათუ გაფხაჭუნებას. დაძაბულობისგან ყელში ლუკმა ეჩხირებათ, სიჩუმეს კი მხოლოდ ვირთხები თუ დაარღვევენ. თავად ვერავინ ბედავს ხორცის გადმოღებას, არადა აქაბი თითქოს არ კრძალავს არც ლაპარაკს და არც კერძის გადაღებას. კარაქს შიშისგან და რიდისგან ვერც კი უყურებენ, ყველა ცდილობს, რაც შეიძლება გვიან მიუჯდეს მაგიდას და რაც შეიძლება მალე ადგეს. ფლასკი ერთხელ იმასაც აღიარებს: „რაც უფროსად დამაწინაურეს, მუდამ მშიერი დავდივარო“. რის ჭამასაც ასწრებდა საწყალი, მხოლოდ ხემსად თუ გამოდგებოდა, მადის აღმძვრელად, რომელიც შიმშილს კი არ უკლავდა, პირიქით, აღიზიანებდა. ამიტომაც იყო, რომ დღენიადაგ ისევ მეზღვაურობაზე ოცნებობდა, იმ დროზე, როცა კუბრიგში ერთ ნაჭერ ძროხის ხორცს ჩაიგდებდა ხელში და გემრიელად ჩაუჯდებოდა საძიძგნად. ამაზე ფლასკი იმდენს დარდობდა, რომ „თუ „პეკოდზე“ რომელიმე მეზღვაურს მესამე თანაშემწის, ფლასკის ჯინი სჭირდა, საკმარისი იყო სადილობის დროს შუა გემბანზე გაევლო და კაპიტნის კაიუტაში ჩაეხედა, სადაც ფლასკი უენო სულელივით იჯდა მრისხანე აქაბის წინ. შურის საძიებლად მეტი აღარაფერი იყო საჭირო“.
შემდეგ მებარჯეების დრო დგება, რომლებიც კანონიერი მემკვიდრეებივით შემოდიან კაიუტაში. სამი მებარჯე, ქვიქეგი, თეშტიგო და დეგუ გაცილებით თავისუფლად იქცევიან მაგიდასთან: „ო, ისინი ღმერთებივით ძღებოდნენ, მუცლებს ისე იყორავდნენ, როგორც ინდოეთის ნავსადგურში ხომალდები იყორავენ ხოლმე ტრიუმებს სანელებლებით. ქვიქეგსა და თეშტიგოს ისეთი გასაოცარი მადა ჰქონდათ, რომ სახეგაცრეცილი სტიუარდი, წინა ტრაპეზით დაცარიელებული მაგიდა რომ შეევსო, კახაჯის (დედანში – salt-junk) უზარმაზარ ნაჭრებსა და სუკებს ისე მოათრევდა, იფიქრებდით, პირდაპირ ხარს აჭრის და აქ მოაქვსო“. ამ გაწამაწიაში მებარჯეები გახუმრებასაც ასწრებდნენ. მაგ. თეშტიგო „მებარჯის ყაიდაზე“ ზურგში ჩანგალს ესროდა ხოლმე ფუნჩულას, სამაგიეროდ გოლიათი დეგუ გამოირჩეოდა კეთილშობილებით და ყველა გაკვირვებული იყო, როგორ ახერხებდა იგი ამ „უშველებელ, მეფური აღნაგობის სხეულში მოზღვავებული სიცოცხლის შენარჩუნებას შედარებით მცირე საზრდოთი“. იშმაელის აზრით, ეს კეთილშობილი ველური გაფართოებული ნესტოებით ისრუტავდა ჰაერს, თვრებოდა ამ ჰაერით, ზეცით საზრდოობდა და არა პურითა და ხორცით, განსხვავებით ქვიქეგისგან, რომელიც ბარბაროსულად აწკლაპუნებდა პირს და წარმოუდგენელ ხმებს გამოსცემდა. ფუნჩულა კი სულ ხელებზე იყურებოდა, ამათი ნაკბილარები ხომ არ მეტყობაო. ყველაზე მეტად მაშინ აკანკალებდა, როცა თეშტიგო ხუმრობით შეუძახებდა, მოდი და შენი ძვლები მოგვეცი დასაღრღნელადო.
საკვების დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, ხმელეთიდანაა წამოღებული, თუმცა ვეშაპის მონადირების შემდეგ ხანდახან მისი ხორცითაც იამებენ პირს, გულსა და გონებას. ვიცი დანაშაულს ჩავდივარ, როცა ვეშაპის გასტრონომიულ ამბებზე ვიწყებ ლაპარაკს, მაგრამ ხომ იცით, ამ თემას მელვილთან ისედაც ვერსად გავექცეოდით.
პირველად ეს თემა 64–ე თავიდან იშლება, როცა სტაბი ვეშაპს მოკლავს, ნადავლს კი პეკოდთან მოაცურებენ. სტაბი მებარჯეს, დეგუს გასძახებს, გადაძვერი ქიმიდან და სუკი ამომიჭერიო. ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა შეიძლება იყოს ვეშაპის სუკი! ხოდა ამ უზარმაზარი სუკიდან ერთ მოზრდილ ნაჭერს სტაბი თავისთვის ამზადებინებს. შუაღამეა, კაპიტნის თანაშემწე სტეიკს უზის და „ორი სპერმაცეტული ფარნის შუქზე საზეიმოდ შეექცევა თავის სპერმაცეტულ ვახშამს“. სტაბის ყბების მოძრაობას წყალში ზვიგენები ეხმიანებიან პირის წკლაპუნით, რომლებიც ვეშაპის მსუქან სხეულს ღრღნიან. სტაბიც აწკლაპუნებს თავის ეპიკურეულ ტუჩებს, შემდეგ კი კრიტიკის ქარცეცხლში გამოატარებს გემის კოკს, რადგან მისი აზრით, სტეიკი ზედმეტად დამწვარი გამოუვიდა, თანაც ნამეტანი დაუნაყავს და დაურბილებია ხორცი. სტაბის აზრით, ვეშაპის სტეიკი მაგარი უნდა იყოს და ნიმუშად ქვემოთ, წყალში მორიალე ზვიგენები მოჰყავს. ისინიც ხომ უმ ხორცს ამჯობინებენ?! მაგრამ ძალიან რომ ხმაურობენ ჭამისას? დგაფუნობენ, კბილებს აკრაჭუნებენ და კაპიტნის თანაშემწეს ვახშამს უფუჭებენ: „მიდი, კოკ, გამოელაპარაკე, არავინ გიშლით წესიერად და ზომაზე ვახშმობას, ოღონდ ხმაურს უკელით–თქო“ და იწყება კოკის გრძელი ქადაგება, სადაც იგი ზვიგენებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს:
„თქვენ ჟვიგენები ხართ, მაგრამ დათრგუნეთ ჟვიგენები თქვენშ თავში და მაშინვე ანგელოჟებად იქჩევით, რადგან ყოველი ანგელოჟი – ბოლოშ და ბოლოშ კარგად დათრგუნვილი ჟვიგენია და მეტი არაფერი“.
ქადაგების შემდეგ კრიტიკა გრძელდება, ფაქტობრივად კოკი კედელთან მიაყენეს, რადგან ამხელა კაცმა ვეშაპის სტეიკის შეწვა ვერ ისწავლა ამდენი წელია. ეპიზოდი სტაბის მოკლე ლექციით სრულდება, თუ როგორ უნდა შეიწვას ვეშაპის სტეიკი: „მაშ, ასე, კოკ, შენი ბიფშტექსი ისე ცუდი იყო, რომ მე შევეცადე, რაც შეიძლებოდა მალე გამენადგურებინა იგი, გაიგე? მომავალში კი, როცა ჩემი პირადი სუფრისთვის აი აქ, შპილზე, ვეშაპის ბიფშტექსს მოამზადებ, ახლავე გასწავლი, როგორ უნდა მოიქცე, რომ არ დაგეწვას: ცალ ხელში ბიფშტექსი უნდა დაიჭირო, მეორეში გავარვარებული ნახშირი. საკმარისია შორიდან დაანახო და მაშინვე სუფრაზე მოიტანო. გესმის ჩემი? ხვალ კი, კოკ, არ დაგავიწყდეს, როცა ვეშაპს ავქნით, იქ იყავი და მკერდის ფარფლებს ბოლოები წააჭერი. კარგად დაამარილე იცოდე. რაც შეეხება კუდის ფარფლებს, მათი ბოლოები დაამწნილე…“
სტაბი მეორე დღისთვის ვეშაპის კატლეტსა და გუფთებსაც დაიბარებს, მაგრამ მისი კულინარიული თვალსაწიერი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც მომდევნო თავში ამოვიკითხავთ, 65–ეში, „ვეშაპი როგორც კერძი“.
იშმაელი ძალზე საინტერესო დაკვირვებით იწყებს ამ თავს. მას უცნაურად და ველურად ეჩვენება ის გარემოება, რომ მოკვდავ ადამიანს შეუძლია საკვებად გამოიყენოს იმ არსების ხორცი, რომელიც მის ლამფას საწვავით ამარაგებს. შემდეგ კი დაჯდეს და ამ ლამფის შუქზე შეჭამოს მისივე ხორცისგან მომზადებული კერძები. რას არ შეხვდებით ამ კერძების ჩამონათვალში:
მე–16 საუკუნეში ნამდვილი ვეშაპის ენა საფრანგეთში დიდ დელიკატესად ითვლებოდა თურმე.
ჰენრიხ VIII-ს დროს სასახლის ერთ მზარეულს უამრავი ჯილდო დაუმსახურებია იმით, რომ მშვენიერი საწებელი შეუმზადებია დელფინებისთვის (ისიც ხომ ვეშაპების ჯგუფს ეკუთვნის?!).
დელფინის ხორცი მელვილის დროსაც უგემრიელესად ყოფილა მიჩნეული. მისგან ბილიარდის ბურთის სიმსხო გუფთებს ამზადებდნენ, საჭიროებისდა მიხედვით შეკმაზულსა და მოშუშულს. გემოთი ხბოს ან კუს ხორცს ჰგვანებია.
იშმაელი ამბობს, ბევრი მეზღვაური არ აფასებს ვეშაპის ხორცს, რადგან როცა ცხვირწინ ხორცის ამხელა ნაჭერი გიდევს, მის ჭამაზე აღარ ფიქრობ, მადა გეკარგებაო. თუმცა სტაბისნაირებიც გამოიძებნებიან, ვინც შანსს არ გაუშვებენ ხელიდან, რომ მისი ხორცი არ გასინჯონ. ესკიმოსებიც, ყველაზე ყუათიან და სასარგებლო საკვებად მიიჩნევენ მას.
აქვეა ნახსენები ვეშაპის ზოლები, რომელსაც ჰოლანდიელები „მაჭკატებს“ (flitters) უხმობენ, რადგან მასავით ყავისფერი და ხრამუნაა, ამსტერდამელი დიასახლისის მიერ მომზადებული ფუნთუშებივით სურნელოვანი.
სპერმაცეტში დამბალი ორცხობილების ჭამა – „როცა ქონის გადადნობას დაიწყებენ, მეზღვაურები ღამის მორიგეობისას ორცხობილებს სპერმაცეტის კასრებში აწებენ და სურნელოვანი ცხიმით ჟღინთავენ“.
მოზარდი კაშალოტის ტვინი – კიდევ ერთი იმდროინდელი დელიკატესი. ტვინში ფქვილს ურევენ და ამზადებენ კერძს, რომელიც „გემოთი ეპიკურეელთა სათაყვანო კერძს – ხბოს ტვინს ჩამოჰგავს“.
ვიცი, ბევრს გული უწუხს ამ აბზაცების კითხვისას, ამიტომ იშმაელის მოზრდილ ტირადას დავიმოწმებ წუხილის გასაქარვებლად:
„კეთილ ინებეთ, ერთ შაბათ საღამოს ხორცის რიგში ჩადექით და დასტკბით ცოცხალ ორფეხა ჯოგების ცქერით, მკვდარ ოთხფეხთა მწკრივებს რომ ათვალიერებენ. როგორ ფიქრობთ, ასეთი სანახაობა ვითომ თვალებს არ დააპრაწინებს კანიბალებს? კანიბალიო? მერედა რომელი ჩვენგანი არ არის კანიბალი! კაცმა რომ თქვას, განკითხვის დღე უფრო მსუბუქი ექნება კუნძულ ფიჯის კაციჭამიას, – ამ თადარიგიან ველურს, შავი დღისთვის კიდობანში მჭლე მისიონერის შაშხი რომ გადაუნახავს, ვიდრე შენ, ჩემო ცივილიზებულო და განსწავლულო გურმანო, ბატები რომ ჯვარს აცვი იატაკზე, რათა მერე მოილხინო და მათი ღვიძლისგან მომზადებული კერძი paté-de-foie-gras მიირთვა“.
თავი კიდევ რამდენიმე დაკვირვებით სრულდება, რომელიც ტიპოლოგიურად ზემოთდამოწმებულ, ფარნისა და ხორცის ამბავს უტოლდება. შეგახსენებთ, მისთვის უცნაურია, რომ ადამიანს შეუძლია იმ არსებოს ხორცი შეჭამოს, ვინც მის ლამფას საწვავით ავსებს და აქვე მოჰყავს სხვა მაგალითებიც – ხარის ძვლისგან დამზადებული დანის ტარი, რომლითაც ხარის სტეიკს ვჭრით („განა ხარი, რომლის ძვლისგანაც იგია გაკეთებული, ღვიძლ ძმად არ ერგებოდა მეორე ხარს, შენ რომ ახლა მიირთმევ?“), ბატის ხორცი და მისი წამახული ფრთა, რომლითაც კბილებს ვიჩიჩქნით ბატისვე შესანსვლის შემდეგ. და კიდევ ერთი – მამალ ბატებთან უწყალო დამოკიდებულების წინააღმდეგ მებრძოლთა საზოგადოების მდივანი, რომელიც ბატის ფრთით წერს ოფიციალურ ცირკულარებს.
რომანში ასევე ნახსენებია „პლიუმ–პუდინგი“. ასე უწოდებენ ვეშაპის ხორცის ცალკეურ ნაჭრებს, რომელსაც ერთხელ იშმაელიც გასინჯავს და დაასკვნის: „გემო დაახლოებით ისეთი ჰქონდა, როგორიც ალბათ უნდა ჰქონდეს სამეფო კატლეტებს, დამზადებულს ლუდოვიკო სქელის ბარკლიდან, ოღონდ იმ პირობით, რომ იგი მოკლან ნადირობის სეზონის უკანასკნელ დღეს და სწორედ იმ წელს, როცა შამპანის მეღვინეებმა განსაკუთრებით უხვი მოსავალი მოიწიეს“.
შამპანი ახსენა მთხრობელმა და რა თქმა უნდა, დასალევზეც უნდა შევჩერდეთ მცირე ხნით. სასმელს არავინ იკლებს რომანში, თუ მაინცდამაინც ვინმე დეიდა ჩერითა ან სხვა ღვთისმოსავი ქალბატონი არაა. ზემოთ კი ვახსენეთ მისტერ კუბოს რეცეპტით დამზადებული ჯინიან–ბადაგიანი კოქტეილი, მაგრამ კიდე ბევრი რამის მოძიება შეიძლება ამ უკიდეგანო რომანში. მაგ. ქვიქეგის მშობლიურ კუნძულზე, როკოვოკოზე ქოქოსის ახალი ნაყოფის ტკბილ წვენს პუნშის მოსადუღებელი თასის მსგავს დიდ შეღებილ გოგრაში წურავენ. ცივილიზებულები კი, ძირითადად მაგარ სასმელს ეტანებიან – რომს, ჯინს, ბრენდის. ღვინოც არაერთხელ ისმება. აქ შეიძლება ერთი კასრი ბრენდიც კი დაპირდნენ მეზღვაურს ან მებარჯეს, თუკი იგი ნადირობისას თავს გამოიჩენს, ან ნიჩბით ან ბარჯით.
ერთ სცენაში ქვიქეგი საოცარ გმირობას სჩადის, რის შემდეგაც „ქანცგამოცლილი, ტუჩებდალურჯებული და თვალდაწითლებული ველური“ ჯაჭვით გემბანზე ამობობღდება და გაწუწულსა და აძაგძაგებულს სტიუარდი სავსე კათხას გაუწვდის. ბევრს ჰგონია, რომ ეს გროგია, მაგრამ მალე დარწმუნდებიან, რომ უბრალოდ, ჯანჯაფილიანი წყალია (ქართულ თარგმანში ზარდანჩოა, შეიძლება ეს ბოლო ვარიანტი უფრო სწორი იყოს, რადგან ზარდანჩო ყვითელ კოჭას ნიშნავს). ამაზე სტაბი აღშფოთდება: „ზარდანჩო ვითომ შესაფერისი საწვავია საიმისოდ, რომ ამ კანიბალს, კბილს კბილზე რომ აცემინებს, ცეცხლი შეუნთოს? დალახვროს ეშმაკმა, რა ჯანდაბაა ეს ზარდანჩო… მე შენ გასწავლი რა უნდა ჩააცეცხლო ჩვენს მებარჯეებს. აქ შენი ექიმბაშური ნახლაფორთევი არავის სჭირდება. მე შენ გიჩვენებ ნაყენს, საზიზღარო…“. ბოლოს ყველაფერი კარგად მთავრდება, საიდანღაც ბრენდით სავსე მათარა ჩნდება ქვიქეგისთვის, დეიდა ჩერითის ნაანდერძევი ჯანჯაფილის სასმელს კი ზღვაში გადაასხამენ.
უნდა ვახსენოთ ასევე ნაცრისფერი ამბრი, სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც ასევე ვეშაპისგან მოიპოვებენ და რომელსაც თურმე ზოგიერთი მეღვინე ღვინოშიც აგდებდა ბუკეტის გასაუმჯობესებლად.
რომანში ერთი ძალიან მოკლე თავია, უმოკლესი – „შუაღამე ანძაზე. – ელვა და ჭექა“. თეშტიგო რაღაცა ტროსს ეჩალიჩება, თან ტაროსს აკვირდება და ამბობს:
„ჰმ, ჰმ, ჰმ. კმარა გრუხუნი. აღარ მოსწყინდა ელვას ღრუბლებში ძრომა. რად გვინდა მეხი, ჩვენ გვინდა რომი. სულ ერთი ჭიქა რომი. ჰმ, ჰმ, ჰმ“.
ზემოთ ერთიორჯერ ვახსენე ხმელეთიდან წამოღებული სანოვაგე და არ შეიძლება უფრო დაწვრილებით არ ვთქვათ მაშინდელი ხომალდების სასურსათო მარაგებზეც. ცხადია პირველ რიგში „პეკოდზე“ სჯობდა ყურადღება გამემახვილებინა, მაგრამ იშმაელის მონათხრობში სხვა გემის შესახებ გაცილებით მეტი მონაცემი გვაქვს, ამიტომ სწორედ მასზე ვისაუბროთ. ეს გემი ინგლისურია, „სემუელ ენდერბი“, რომელზეც ერთხელ მთხობელიც მოხვდა და იქაური ფლიპიც არაერთხელ იგემა (იმდროინდელი კოქტეილია, გასახურებელი, რომიანი). „სემუელ ენდერბი“, ისევე როგორც ბევრი სხვა ინგლისური ვეშაპსანადირო გემი, სტუმართმოყვარეობითა და ხელგაშლილობითაა განთქმული. იშმაელი ძალიან აქებს მათეულ ხორცს, მაგარს, მაგრამ ცვრიანს, რომელიც ვერ გაუგია, კამეჩისაა თუ აქლემის. ასევე ახსენებს პატარ–პატარა, მაგრამ მსუყე ატრიებს, ცომის სწორ, ბურთისებური ფორმის ძალზე მაგარ გუფთებს და სხვა კერძებსაც. განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს კოკის ქვაბების ზომას კამბუზში და ასკვნის, რომ „სემუელ ენდერბი“ „ცხვირიდან კიჩომდე დიდებული ხომალდი გახლდათ, რომელიც სამართლიანად იყო განთქმული უხვი და კარგი სუფრით, მაღალხარისხოვანი და მაგარი ფლიპით და ეკიპაჟით, სადაც მხოლოდ დარჩეული, დიდებული ბიჭები იყვნენ, ვაჟკაცები თხემით ტერფამდე“.
იშმაელი ხაზგასმით ამბობს, რომ აუცილებელია ინგლისის ვეშაპსანადირო ხომალდების ეს წრესგადასული გულითადობა საგანგებო კვლევის საგნად იქცეს და იქვე მოხაზავს ამ კვლევის კონტურებსაც. საქმე ისაა, რომ ინგლისელების წინამორბედები ვეშაპსანადირო რეწვაში ჰოლანდიელები, ახალი ზელანდიელები და დანიელები ყოფილან, რომელთაგანაც არამხოლოდ ტერმინოლოგია, არამედ ხელგაშლილი ცხოვრებისა და დიდად შესარგი ჭამა–სმის წმინდა ტრადიციაც მიუღიათ მემკვიდრეობად. ცხადია, სახელდახელო კვლევის დროს მთხრობელი წინამორბედებსაც გადასწვდება, მაგ. ჰოლანდიელებს და მოჰყავს ფრაგმენტი ერთი წერილიდან, სადაც 180 ვეშაპსანადირო ხომალდის საწყობებში და საკუჭნაოებში შენახული პროდუქტების დაწვრილებითი სიაა წარმოდგენილი:
400 000 გირვანქა საქონლის ხორცი
60 000 გირვანქა ფრისლანდიური ღორის ხორცი
150 000 გირვანქა გამხმარი ვირთევზა
550 000 გირვანქა ორცხობილა
72 000 გირვანქა ახალი პური
2 800 ბოთლი ზეთი
24 000 გირვანქა ყველი ტექსელისა და ლეიდენისა
144 000 გირვანქა ყველი (დაბალი ხარისხისა, როგორც ჩანს)
1 650 ვედრო ჯინი
10 800 კასრი ლუდი
ამ სიას ვნებიანი განმარტება მოჰყვება: „სტატისტიკური ცხრილები, ჩვეულებრივ, საშინლად მშრალია ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ასე არაა, რადგან აქ მკითხველს პირდაპირ ვედროებითა და კასრებით, კვარტობითა და პინტობით ეღვრება თავზე კეთილი ჯინი და კეთილი მხიარულება“. ვნებიან განმარტებას კი ჭკვიანური და კოსმოგონიური დასკვნები აგვირგვინებს: „თავის დროზე აღნიშნული ლუდის, ხორცისა და პურის გულმოდგინე მონელებისთვის მთელი სამი დღე მომინდომებია, თანაც ამ დროს თავში მომსვლია არა ერთი ღრმა აზრი, რაც უსათუოდ ღირსია ტრანსცენდენტალური და პლატონური დანართისა; მერე კი თავად შევადგინე ერთი დამხმარე ცხრილი ვირთევზისა თუ სხვა პროდუქტთა მიახლოებითი რაოდენობისა, რაც გრენლანდიისა და შპიცბერგენის ვეშაპსანადირო ფლოტილიის ძველებური ხომალდების ყოველ ქვემოჰოლანდიელ მებარჯეზე მოდის. უწინარეს ყოვლისა, გაგაცვიფრებთ ჩათქმული ზეთის, აგრეთვე ტექსელური და ლეიდენური ყველის გრანდიოზული ულუფები. სხვათა შორის, ამას იმით ვხსნი, რომ ჩამოთვლილი პროდუქტები, თავიანთი ზეთოვანების გამო, მეტისმეტად სრიალა ბუნებისანი არიან, და თავიანთი ამ ზეთოვანი ბუნების წყალობით კიდევ უფრო ზეთავენ ხსენებულ ადამიანთა საქმიანობას; და ამას გარდა, იმითაც ვხსნი, რომ ეს ადამიანები ნადირობენ პოლარულ, ყინულოვან ზღვებში, ზედ ესკიმოსეთის სანაპიროებთან, სადაც მხიარულ ნადიმებზე ადგილობრივი მკვიდრნი, ერთმანეთს რომ ადღეგრძელებენ, ჭიქების ნაცვლად ქონის ნაჭრებს უჯახუნებენ ხოლმე ერთმანეთს“.
იქვე ლუდის თემასაც დეტალურად იკვლევს მთხრობელი და ჯინისასაც, მარაგის უზარმაზარი რაოდენობა კი აფიქრებინებს, რომ შეუძლებელია ამდენი სასმელით გამობრუჟულებს, არათუ ბარჯის მორტყმა, არამედ ბოტზე დგომაც შეძლებოდათ და იქვე აღიარებს: „და მაინც: ისინი უმიზნებდნენ და ახვედრებდნენ კიდევაც. ჰო, მართლა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ხდებოდა შორეულ ჩრდილოეთში, სადაც ლუდი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის; ეკვატორზე ლუდი ანძებზე გასულ ჩვენს მებარჯეებს თვლემას მოჰგვრიდა, ან ნავში მყოფთ თავბრუს დაახვევდა“.
რომანში ბევრი სხვა დაკვირვებაც გვხვდება, სადაც გასტრონომიული თემებია გარეული. ბოლოსკენ ერთი ეპიზოდია, როცა ქვიქეგი ავად ხდება და ხანგრძლივი ავადმყოფოფობის შემდეგ უცებ გამოჯანმრთელდება, ფეხზე წამოხტება. ამ დროს იშმაელი ველურებსა და ცივილიზებულ ადამიანებს შორის განსხვავებაზე იწყებს საუბარს. ამბობს, თუკი ცივილიზებულ ავადმყოფს საშუალოდ ექვსი თვე მაინც სჭირდება გამომჯობინებისთვის, ველურმა შეიძლება ორ დღეშიაც მოიკეთოს. და იქვე დასძენს: „მალე ჩემმა ქვიქეგმა თანდათან იწყო მოღონიერება, და ბოლოს, შპილზე რამდენიმე დღე უქმად ჯდომის შემდეგ (ოღონდ ეს კია: ამ ხნის მანძილზე უამრავი საჭმელი შთანთქა), იგი უეცრად წამოხტა…“.
რომანში ხანგრძლივ დევნასა და ბარჯის ტყორცნას ქონის დნობა ცვლის, დნობას კი უსაქმობა ან სულაც კარგი სადილი ან სადილზე ოცნება: „როცა ოკეანეში ცარიელი ტრიუმებით დაცურავ, თუ სხვა ვერაფერი გამოსძალე ცხოვრებას უკეთესი, კარგი სადილი მაინც უნდა გამოსძალო“. და ამ ხელიდან გამოტაცებულ სადილს ხან კაიუტაში მიირთმევენ ჩვენი გმირები, ხანაც ღია ცის ქვეშ, ტალღების ხმაურში ან ჩუმ დგაფუნში. და ყველა ფიქრობს იმაზე, თუ რას მიირთმევენ ამ დროს ნაპირზე, როგორც მაგალითად აქაბი წარმოიდგენს ხმელეთის მენიუს ერთ–ერთ ბოლო თავში, ვინც ორმოცი წლის მანძილზე გამხმარი შაშხით იკვებებოდა. ხმელეთს, სადაც ყველაზე ღარიბსაც კი ყოველდღიური სუფრისთვის აქვს ახალი ხილი და ახლადგამომცხვარი პური.
ხილი რომანის ფინალურ სცენაშიც გაიელვებს. გემი იღუპება, მთხრობელის გარდა ყველა ფსკერისკენ უნდა წავიდეს, სტაბი კი ლექსივით ამბობს:
„ეჰ, ალუბლებო, ალუბლებო! ო, ფლასკ, თითო ალუბალი მაინც გაგვასინჯა სიკვდილის წინ!“
[1] ციტატების თარგმანი, რა თქმა უნდა, ყველგან გივი გეგეჭკორისა და ტარიელ ჭანტურიასია.
© არილი