ეროვნული სააგენტო სუნელების დაცვის სამსახურში
1.
ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით,
ტყვიის საგანგაშო დოზა საქართველოში ნაყიდ
ან საქართველოდან აშშ-ში გაგზავნილ სუნელებში აღმოჩნდა.
ინფორმაციას on.ge ავრცელებს.
ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით,
ისინი უკვე წლებია ამოწმებენ საქართველოში წარმოებულ,
სხვადასხვა სახის სუნელს ტყვიის შემცველობაზე
და დარღვევებს რეგულარულად პოულობენ.
მათ შორის, „საგანგაშო ოდენობის“ ტყვია აღმოჩნდა
2017 წელს შემოწმებულ სუნელებშიც.
ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით,
მათ მიერ შემოწმებულ ერთ-ერთ ნიმუშში
აღმოჩენილი ტყვიის საგანგაშო ოდენობა იყო 27 000 ppm
(27 000 ერთეული მილიონზე) მაშინ, როცა, მაგალითად,
ტკბილეულში ტყვიის დასაშვები, უსაფრთხო ზღვარია 0,1 ppm.
2.
ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტისგან განსხვავებით,
პრობლემის არსებობას უარყოფს
საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო.
“სურსათის ეროვნული სააგენტო
სრული პასუხისმგებლობით აცხადებს,
რომ ქართულ სუნელზე დღეს არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს.
სააგენტო მუდმივად აწარმოებს მონიტორინგს
და ლაბორატორიულ კვლევას.
დღეს ქართულმა მედიასაშუალებებმა
გაავრცელეს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადება
ქართული წარმოების სანელებლებში
ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ,
რაც არის 2015 წლის ინფორმაცია
და არავითარი საერთო არ აქვს დღევანდელ რეალობასთან.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მედიასაშუალებებს,
თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან
და ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში”, –
აცხადებენ სააგენტოში.
ჯანსაღი ერი და ონავარი მანქანები
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით,
ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით
ყოველწლიურად დაახლოებით 2 მლნ ადამიანი იღუპება.
ჯერ კიდევ 2003 წელს ბრიტანული კომპანიის კვლევების შედეგად,
თბილისი ევროპაში ყველაზე დაბინძურებულ დედაქალაქად აღიარეს.
ჰაერის დაბინძურებაში 90% მანქანების წილია.
საქართველოს მასშტაბით თბილისში ტრანსპორტის 40% მოძრაობს.
საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილი მანქანების უმრავლესობას
არ აქვს სპეციალური ფილტრი,
რომელიც მავნე გამონაბოლქვს მინიმუმამდე ამცირებს.
ასეთი მანქანა 15-ჯერ მეტი რაოდენობით მავნე ნივთიერებას აფრქვევს. თბილისში, ქალაქის მოცულობის მიხედვით,
11 საწვავის შემმოწმებელი პუნქტი უნდა იყოს,
თუმცა მხოლოდ 2-ია.
ყველა მხარე მხოლოდ ერთ საკითხზე თანხმდება –
თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა,
მაგრამ სავალალოა პრობლემის განხორციელების პროცესი –
იმის ნაცვლად, რომ ახალი რეკრეაციული ზონები იქმნებოდეს
და არსებული ფართოვდებოდეს,
“ურბანული განვითარების” მოტივით
ათასწლოვანი ხეები კვლავ იჩეხება…
თავისუფლებისმოყვარე ერი და ცუგრუმელა სტატისტიკა
მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის კვლევის თანახმად,
2060 წლისთვის 4-5 წამში ერთხელ
ჰაერის დაბინძურების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვლება.
ეკონომიკური ფორუმი იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს,
სადაც ჰაერის დაბინძურების შედეგად
ყველაზე ბევრი ადამიანი იღუპება.
სერბეთი – 100 000 მოსახლეზე 137.2 გარდაცვლილი
რუმინეთი – 100 000 მოსახლეზე 138.2 გარდაცვლილი
უკრაინა – 100 000 მოსახლეზე 139.1 გარდაცვლილი
სიერა ლეონე – 100 000 მოსახლეზე 142.3 გარდაცვლილი
ჩინეთი – 100 000 მოსახლეზე 163.1 გარდაცვლილი
ალბანეთი – 100 000 მოსახლეზე 171.4 გარდაცვლილი
ბულგარეთი – 100 000 მოსახლეზე 174.8 გარდაცვლილი
ბოსნია და ჰერცოგოვინა – 100 000 მოსახლეზე 223.6 გარდაცვლილი
ჩრდილოეთ კორეა – 100 000 მოსახლეზე 234.1 გარდაცვლილი
საქართველო – 100 000 მოსახლეზე 292.3 გარდაცვლილი
ამაყი ერის უვარგისი ხორცი
ექსპერტები საგანგაშოდ მიიჩნევენ
თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას.
გარემოს დაცვის სააგენტოც არ უარყოფს,
რომ დაბინძურების დონე აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმას.
გაურკვეველია, სახელმწიფო მალავს
ქალაქში შექმნილ მდგომარეობას
თუ მოძველებული ტექნიკის გამო ვერ ახერხებს
ზუსტი ანალიზის გაკეთებას.
პრობლემა უხარისხო საწვავისა
და მეორადი ავტომანქანების იმპორტით
კიდევ უფრო მწვავდება.
თავს იჩენს შიდა პრობლემებიც,
როგორიც არის დაუსუფთავებელი ქუჩები
და უკონტროლოდ მიმდინარე მშენებლობები.
2010 წელს ჰაერის მოწამვლით გარდაცვლილთა
ეკონომიკური ღირებულება 35.2 პროცენტს გადასცდა.
შედეგად, „მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის“ მონაცემებით,
საქართველო მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერით გამოირჩევა.
ერი, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
სამინისტროს ინფორმაციით,
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას
უმთავრესად ავტოტრანსპორტი იწვევს.
მრავალი კვლევით დადგინდა,
რომ თბილისში მოძრავი ავტომობილების უმეტესობა
ტექნიკურად გაუმართავია
და დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარს.
ძველ მანქანებს ხშირ შემთხვევაში
არც აქვთ კონვერტერი (იგივე გარდამქმნელი),
რომელიც ზოგიერთი მავნე ნივთიერების გამოყოფას შეამცირებდა.
რამდენიმე წლის წინ ხელისუფლებამ გააჟღერა ინიციატივა
ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების აუცილებლობის შესახებ,
თუმცა აღნიშნული საკითხი გაურკვეველი დროით გადაიდო.
როდესაც ხელისუფლების ვალდებულებებზე ვსაუბრობთ,
მნიშვნელოვანია ასოცირების შესახებ
საქართველოსა ევროკავშირს შორის
2014 წელს მოწერილი ხელშეკრულებაც,
რითაც ქვეყანამ აიღო ვალდებულება გაატაროს რეფორმები
გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სფეროში.
ჰაერის დაბინძურების საკითხი
მთელი სიმწვავით განსაკუთრებით მაშინ დგება,
როცა იმ ზიანზე ვიღებთ ინფორმციას,
რასაც დაბინძურებული ჰაერი იწვევს.
ამერიკის გარემოს ეროვნული ინსტიტუტის თანახმად,
იმ დაავადებების ჩამონათვალი,
რასაც დაბინძურებული ჰაერი იწვევს, საკმაოდ გრძელია.
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება იწვევს
ასთმას, ფილტვის კიბოს.
ჰაერში შეწონილი მტვრის ნაწილაკების მუდმივი ზემოქმედება
ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადებებს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით,
ქალაქებში სადაც ჰაერის დაბინძურების დონე მაღალია,
სიკვდილიანობის მაჩვენებელი 15-20% -ით მაღალია
სუფთა ქალაქებთან შედარებით.
ცნობისათვის, International Energy Agency-ის კვლევის თანახმად,
ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიხედვით,
100 ათას მოსახლეზე საქართველო პირველ ადგილზეა.
მშვიდი დედა თამარი, მშობელი
გარემოს დაბინძურების მონიტორინგის
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ მაღლაკელიძე
ზღვრულად დასაშვებზე 2,6-ჯერ მეტ მაჩვენებელს
საგანგაშოდ არ მიიჩნევს.
ჯანდაცვის ექსპერტ-ტოქსიკოლოგი ინგა ღვინერია ამბობს,
რომ დედაქალაქში ქრონიკულად დაბინძურებული ჰაერია.
შედარებით სუფთა უბნებშიც კი არასახარბიელო მდგომარეობაა,
რაც უშედეგოდ არ ჩაივლის.
თავს იმით ვიმშვიდებთ,
რომ არ აღემატება ათჯერ და ოცჯერ დასაშვებ ზღვარს.
ამბობენ, მაჩვენებლები საგანგაშო არ არისო,
აბა, გაეცნონ სტატისტიკას,
დაესწრონ ონკოლოგების კონფერენციებს
და მერე თქვან, არის თუ არა თბილისში დაბინძურებული ჰაერი,
ნახონ, როგორ გახშირდა ბავშვებში ალერგია
და რესპირატორული დაავადებები.
მავნე ნივთიერებების შესუნთქვას
უეცარი ეფექტი არ ახლავს,
მაგრამ განსაზღვრული ხნის შემდეგ
სერიოზული პრობლემები იჩენს თავს.
საშიშია ბავშვების მდგომარეობა,
რომელთა ორგანიზმშიც ყველაზე მეტი რაოდენობით ხვდება მტვერი,
რადგან მიწასთან ახლოს არიან.
თბილისში ცხოვრება ასევე რთულია
ქრონიკული ავადმყოფებისთვის.
© არილი