ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ
მაიტე რიკო
პერუელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა ხალისით გვიზიარებს თავის შეხედულებებს თავისუფლების, პიროვნებისა და თავისი ახალი თხზულების, La llamada de la tribu-ს, ანუ „ტომის ძახილის“ შესახებ. ლიოსას წიგნში განხილულია ადამ სმითის, ხოსე ორტეგა ი გასეტის, ფრიდრიხ ფონ ჰაიეკის, კარლ პოპერის, რეიმონდ არონის, ისაია ბერლინისა და ჟან-ფრანსუა რეველის კონცეფიები.
ეს მოაზროვნეები მიიჩნევდნენ, რომ პიროვნება ავტონომიური არსებაა, ხოლო თავისუფლება – უზენაესი ღირებულება. მათი შეხედულებით, დემოკრატიის, აგრეთვე – ძალაუფლების განაწილების მეშვეობით შესაძლებელი ხდება საზოგადოების წინააღმდეგობრივ ფასეულობათა ჰარმონიული თანაარსებობა ერთიან სისტემაში. ისინი უგულებელყოფდნენ „ტომობრივ აზროვნებას“, რომელიც ისტორიულად ფაშიზმის, კომუნიზმის, ნაციონალიზმისა და რელიგიური ფანატიზმის წყაროდ იქცა. „ტომის ძახილი“ ასევე, ინტელექტუალური ავტობიოგრაფიაა, საიდანაც ვიგებთ, რომ ვარგას ლიოსა მარქსისტული და ეგზისტენციალისტური თეორიების მომხრე იყო, სანამ ლიბერალიზმის პოზიციებზე გადაინაცვლებდა.
კითხვა: რატომ აკრიტიკებენ ესოდენ გამეტებით ლიბერალურ აზროვნებას?
პასუხი: ლიბერალური აზროვნების კრიტიკოსები ემყარებიან იდეოლოგიებს, რომლებიც შეუთავსებელია თავისუფლებასთან, ხოლო ლიბერალიზმს თავიანთ მოსისხლე მტრად მიიჩნევენ. სწორედ ეს მინდოდა ამეხსნა ჩემს წიგნში. ფაშიზმი და კომუნიზმი ლიბერალიზმს კარიკატურული სახით წარმოადგენდნენ და კონსერვატიზმს სდებდნენ ბრალად. ადრეულ სტადიებზე ლიბერალიზმის წინააღმდეგ კანონს იყენებდნენ. პაპები თავიანთი ენციკლიკების მეშვეობით ანათემას უთვლიდნენ დოქტრინას, რომელიც რელიგიისა და ზნეობრივ ღირებულებათა მტრად ითვლებოდა. ვფიქრობ, სწორედ ლიბერალიზმის ამ მოწინააღმდეგეებმა განაპირობეს ლიბერალიზმის დაკავშირება დემოკრატიასთან. დემოკრატიის განვითარება და ადამიანის უფლებების აღიარება ძირითადად, ლიბერალურ მოაზროვნეთა წყალობით მოხდა.
კითხვა: მოაზროვნეები, რომელთა შეხედულებები თქვენს წიგნშია განხილული, არსებულ ტრადიციებს ებრძოდნენ.
პასუხი: ამიტომაც იყო, რომ ფრიდრიხ ფონ ჰაიეკისა და ორტეგას ორი წიგნი აკრძალეს. ლიბერალიზმი არაა იდეოლოგია. იდეოლოგია სეკულარული რელიგიაა. ლიბერალიზმი კი ემხრობა თავისუფლებასა და ინდივიდუალიზმს და, ამასთანავე, უგულებელყოფს კოლექტივიზმსა და ნაციონალიზმს, ანუ ყველა იმ იდეოლოგიას ან დოქტრინას, რომლებიც ზღუდავენ ან ანადგურებენ პიროვნების თავისუფლებას საზოგადოებაში.
კითხვა: ნაციონალიზმის საკითხის განხილვისას ორტეგა ი გასეტი აღნიშნავდა, რომ არსებობს მისი საშიშროება ბასკეთსა და კატალონიაში. რატომ გმობენ ლიბერალები ნაციონალიზმს?
პასუხი: იმიტომ, რომ ის შეუთავსებელია თავისუფლებასთან. არსებითად, ნაციონალიზმი რასიზმის ერთგვარი სახეობაა. თუ მიგაჩნიათ, რომ, უბრალოდ, გარკვეული ქვეყნის, ერის, რასისა ან რელიგიისადმი კუთვნილება პრივილეგიასა და გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაშასადამე, თავს სხვებზე უფრო მაღლა აყენებთ. რასიზმი, როგორც წესი, იწვევს ძალმომრეობასა და თავისუფლების შეზღუდვას. ამიტომ, ადამ სმითიდან მოყოლებული, ლიბერალიზმი გმობდა კოლექტივიზმსა და ნაციონალიზმს, რომლებიც სხვა არაფერია, თუ არა საღი განსჯის უგულებელყოფა რწმენის სახელით.
კითხვა: პოპულიზმი, ნაციონალიზმის აღორძინება, დიდი ბრიტანეთის გამოსვლა ევროკავშირიდან ანუ ეგრეთ წოდებული „ბრექსიტი“… ყოველივე ეს ტრაიბალიზმის საფრთხით ხომ არ გვემუქრება?
პასუხი: ჩემი აზრით, ამ საფრთხეს თავიდან აგვაცილებს ჩვენი დროის ყველაზე პროგრესული ტენდენცია – მსხვილი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩამოყალიბება, რომლებიც აერთიანებენ განსხვავებულ ენებს, ტრადიციებსა და რწმენებს. ევროპაში სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. მეორე მხრივ, ამასთან დაკავშირებით წამოიჭრება უამრავი პრობლემა, ასევე – ცდუნება, რომ დავუბრუნდეთ მცირერიცხოვან ერთგვაროვან ტომობრივ ერთობებს, ისეთებს, როგორიც არასოდეს არსებულა. ამ ერთობათა თანაბარუფლებიან წევრებს საერთო რწმენა და ენა შეაკავშირებს. ამ მითთან დაკავშირებულია მეტი უსაფრთხოების შეგრძნება და სწორედ ამით აიხსნება ისეთი მოვლენები, როგორებიცაა ბრექსიტი, კატალონიური ნაციონალიზმი ან ნაციონალიზმის ის სახეობა, რომელიც აზარალებს დემოკრატიებს, როგორც ეს ხდება პოლონეთში, უნგრეთში და ჰოლანდიაშიც კი. მაგრამ, ჩემი აზრით, ნაცონალიზმს მოსახლეობის მხოლოდ უმცირესობა ემხრობა (მაგალითად, კატალონიაში) და დემოკრატიული ინსტიტუციები თანდათან ასუსტებს მას, სანამ საბოლოოდ გაანადგურებდეს. ამ საკითხის მიმართ საკმარისად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
კითხვა: თქვენი გადანაცვლება მარქსიზმიდან ლიბერალიზმის პოზიციებზე უჩვეულო ნაბიჯი როდია. ფაქტობრივად, ეს გზა განვლეს იმ მოაზროვნეებმაც (პოპერმა, არონმა, რეველმა), რომელთა თვალსაზრისები თქვენს წიგნშია გაანალიზებული.
პასუხი: ჩემმა თაობამ ხმა აიმაღლა სამხრეთ ამერიკაში არსებული უთანასწორობისა და სამხედრო დიქტატურების წინააღმდეგ, რომელსაც მხარს უჭერდა შეერთებული შტატები. ეს იყო დემოკრატიის კარიკატურა და არა საკუთრივ დემოკრატია. მე კი კომუნიზმი მიზიდავდა. ვფიქრობდი, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდებოდა სამხედრო დიქტატურის, კორუფციისა და, უპირველეს ყოვლისა, ადამიანთა უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა. სან მარკოს ეროვნულ უნივერსიტეტში სწავლისას სამხრეთამერიკელ კომუნისტებთან დაახლოება მსურდა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ სამხრეთ ამერიკაში კომუნიზმი სხვა არა იყო რა, თუ არა წმინდა წყლის სტალინიზმი, ხოლო იქაური პარტიები მოსკოვის კომინტერნს ექვემდებარებოდნენ. მართლმორწმუნე კომუნისტი მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში გახლდით, შემდეგ კი – უფრო ზომიერი სოციალიზმის პოზიციებზე გადავინაცვლე. ამას ხელი შეუწყო კუბის რევოლუციამ, რომელიც თავდაპირველად ქვეყანაში თითქოს სოციალიზმის განსხვავებული, ნაკლებად დოგმატური ნაირსახეობის დამკვიდრებას ისახავდა მიზნად. 1970-იან წლებში კუბას ხუთჯერ ვესტუმრე, მაგრამ ილუზიები თანდათან მიქარწყლდებოდა, განსაკუთრებით, UMAP-ის – დამხმარე სამხედრო ქვედანაყოფთა – შექმნის შემდეგ. მძიმედ განვიცადე რეპრესიები კუბელი ახალგაზრდა მოღვაწეებისა, რომელთაც კარგად ვიცნობდი. მახსოვს, პირადი წერილი გავუგზავნე ფიდელ კასტროს. ვეკითხებოდი, როგორ მოხდა, რომ კუბაზე, რომელიც ტოლერანტული და ღია სტილის სოციალიზმით ხასიათდებოდა, საკონცენტრაციო ბანაკებში ერთად გამოამწყვდიეს ჰომოსექსუალები და ჩვეულებრივი ბოროტმოქმედები. ფიდელმა მე და რამდენიმე ინტელექტუალი მასთან სასაუბროდ მიგვიწვია. მთელი ღამის – თორმეტი საათის – განმავლობაში, საღამოს რვა საათიდან დილის რვა საათამდე მას ვუსმენდით. კასტროს მსჯელობა შთამბეჭდავი, მაგრამ არც ისე დამაჯერებელი იყო. სოციალიზმმა საბოლოოდ გამიცრუა იმედები მას შემდეგ, რაც 1971 წელს დაპატიმრებული მწერალი, ებერტო პადილა, იძულებული გახდა, საჯაროდ ეღიარებინა თავისი „დანაშაული“, რამაც ბოლო მოუღო კუბელი ინტელექტუალებისა და რევოლუციური რეჟიმის იდილიურ ურთიერთდამოკიდებულებას. ხანგრძლივი და რთული გზა განვვლე, სანამ ლიბერალური დოქტრინის ადეპტი გავხდებოდი – საბედნიეროდ, ამ დროს ბრიტანეთში ვცხოვრობდი, რომლის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი იყო.
კითხვა: თქვენ ახასიათებთ მარგარეტ ტეტჩერს, როგორც გაბედულ პოლიტიკოსს, რომელიც ლიბერალურ ღირებულებებზე იყო ორიენტირებული, ეს კი მკვეთრად ეწინააღმდეგება არსებულ წარმოდგენას მის შესახებ.
პასუხი: ეს აბსოლუტურად უსამართლო და კარიკატურული პორტრეტია. როდესაც ინგლისში ჩავედი, ქვეყანა დასუსტებული იყო ლეიბორისტული პარტიის ნაციონალისტური ეკონომიკური პოლიტიკის ზეგავლენით. მარგარეტ ტეტჩერმა ააღორძინა ბრიტანეთი. ეს იყო მძიმე წლები; ტეტჩერი ებრძოდა პროფკავშირებს, რომელთა გაფიცვები ძირს უთხრიდა ეკონომიკას; მან შექმნა თავისუფალი ბაზრის საზოგადოება; აღსანიშნავია, ასევე, რომ ტეტჩერი იცავდა დემოკრატიას, რომელსაც საფრთხეს უქმნიდა სოციალიზმი ჩინეთსა და საბჭოთა კავშირში – ყველაზე სასტიკ დიქტატურაში, რომელიც კი არსებულა მსოფლიოში. ჩემთვის ეს იყო მნიშვნელოვანი პერიოდი, რადგან იმხანად დავიწყე ჰაიეკისა და პოპერის კითხვა, რომელთა შეხედულებებსაც ტეტჩერი ხშირად იმოწმებდა. ის ამბობდა, რომ ღია საზოგადოებისა და მისი მოწინააღმდეგეების კონფლიქტი მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენდა. თავისუფლების კულტურაში ტეტჩერისა და რონალდ რეიგანის მიერ შეტანილი წვლილი და, ასევე, საბჭოთა კავშირის გაუქმება, დემოკრატიული კულტურის უდიდესი მიღწევა გახლდათ. სამწუხაროდ, ამ მოვლენებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ცალმხრივად, არასრულად აფასებენ.
კითხვა: რაში მდგომარეობს ამჟამად დასავლური დემოკრატიის მთავარი ამოცანა?
პასუხი: ამჟამად დასავლური დემოკრატიის უდიდესი მტერი პოპულიზმია. უკვე არც ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი არ მოინდომებს საკუთარი ქვეყნის მოდელირებას ჩრდილოეთ კორეის, კუბის ან ვენესუელის ნიმუშთა მიხედვით, რადგან მარქსიზმი პოლიტიკური ცხოვრების პერიფერიაზე მოექცა, მაგრამ ეს არ შეეხება პოპულიზმს, რომელიც შიგნიდან ანადგურებს დემოკრატიებს. ამ ტენდენციას სუსტი დემოკრატიები, სამწუხაროდ, ვერ უმკლავდებიან.
კითხვა: 2008 წლის საბანკო კრიზისმა ხელი შეუწყო იმ დოქტრინის პოპულარობის ზრდას, რომელსაც ხშირად ნეოლიბერალიზმს უწოდებენ.
პასუხი: ვერ გეტყვით რა არის ის, რასაც ნეოლიბერალიზმს უწოდებენ. როგორც ჩანს, ესაა ლიბერალიზმის კარიკატურა, რომელიც ლიბერალიზმს კაპიტალიზმის ყველაზე უფრო სასტიკ ფორმად გვისახავს. ლიბერალიზმი არაა დოგმატური იდეოლოგია, ის ყველა კითხვაზე ვერ გასცემს პასუხს. ლიბერალიზმი ვითარდებოდა ადამ სმითიდან მოყოლებული დღემდე, როდესაც საზოგადოებრივი ცხოვრება სულ უფრო მეტად რთულდება. ამჟამად მან უნდა გაითვალისწინოს ისეთი პრობლემები, რომლებზეც უწინ არავინ დაფიქრებულა – ასეთია, მაგალითად, ქალთა დისკრიმინაციის საკითხი.
კითხვა: ლიბერალიზმის სხვადასხვა ხარისხს სახელმწიფოს როლი განაპირობებს.
პასუხი: დიახ, ასეა. ლიბერალების მიზანია, რომ სახელმწიფო იყოს ქმედითუნარიანი, მაგრამ – არააგრესიული; სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეთა თავისუფლება და თანაბარი შესაძლებლობები, განსაკუთრებით – განათლების სფეროში და კანონთან მიმართებაში. მაგრამ გარდა ამ ძირეული კონსენსუსისა, არსებობს განსხვავებებიც. ისაია ბერლინის თვალსაზრისით, ეკონომიკური თავისუფლება შეუზღუდავი ვერ იქნება, რადგან სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ მე-19 საუკუნეში ბავშვები მაღაროებში მუშაობდნენ. მეორე მხრივ, ჰაიეკის აზრით, ბაზრის საშუალებით შესაძლებელია ყველა პრობლემის გადაჭრა. ბერლინის თვალსაზრისი გაცილებით უფრო რეალისტური იყო. მას სწამდა, რომ, არსებითად, ეკონომიკური პროგრესის მამოძრავებელი ძალა ბაზარია. მაგრამ თუკი პროგრესი ნიშნავს ადამიანთა უთანასწორობის წარმოქმნას, ის საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. თავის მხრივ, ადამ სმითის – ლიბერალიზმის მამამთავრის – პოზიცია ძალზე მოქნილი იყო. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ლიბერალიზმს არაკორექტულად გაიაზრებენ. მაგალითად, ის ეკონომისტები, რომელთა აზროვნება გარკვეული შეზღუდულობით ხასიათდება, დარწმუნებული არიან, რომ თავისუფლება მხოლოდ ეკონომიკური რეფორმების შედეგია. მე ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, იდეები ეკონომიკურ რეფორმაზე უფრო მნიშვნელოვანია. მაგრამ, თუ დავუბრუნდებით კარიკატურებს ან ენობრივ საშუალებებს, მეტად მნიშვნელოვანია იარლიყ „პროგრესულის“ გამოყენება; ესპანეთში ამ სიტყვით ახასიათებენ კუბასა და ვენესუელაში არსებულ დიქტატურებს. სამწუხაროდ, მიმაჩნია, რომ ესაა ინტელექტუალების მიერ ენის შერყვნა. მათ პროგრესულობა მიაწერეს მარქსიზმსა და კომუნიზმს, ისევე, როგორც ადრე – ნაციზმსა და ფაშიზმს. ინტელექტუალები ყოველთვის მიიჩნევდნენ დემოკრატიას მდარე, უფერულ სისტემად, რომელსაც არ სჩვეოდა „დიადი“ იდეოლოგიების ხიბლი, სრულყოფილება და სიმწყობრე. ამგვარი ვიწრო თვალსაწიერი შეუთავსებელია მაღალ ინტელექტთან. მაგალითად, როგორ მოხდა, რომ ჰაიდეგერი – შესაძლოა, თანამედროვეობის უდიდესი ფილოსოფოსი – ნაციზმს მიემხრო? იგივე შეიძლება ითქვას კომუნიზმის შესახებ. მან მონუსხა უდიდესი პოეტები და პროზაიკოსები, რომლებსაც გულაგიც კი არ აღაშფოთებდა. მეოცე საუკუნის ყველაზე უფრო ჭკვიანი ფრანგი ფილოსოფოსი, ჟან-პოლ სარტრი, მხარს უჭერდა კულტურულ რევოლუციას ჩინეთში.
კითხვა: სარტრი ამართლებდა გენოციდს, მხარს უჭერდა ტირანულ რეჟიმებს და დაუახლოვდა ნაცისტებს, მაშინ, როდესაც სხვები, მაგალითად, ალბერ კამიუ, წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობდნენ. და, ამის შემდეგ, სარტრი ლექციებს კითხულობდა! რატომ იცავთ მას?
პასუხი: სარტრი ჩემი ახალგაზრდობის განუყოფელი ნაწილია.
კითხვა: თქვენ სარტრს, მისი საეჭვო პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, უდიდეს ინტელექტუალს უწოდებთ.
პასუხი: სარტრი რეალურად არასოდეს მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში და იმაზეც კი დათანხმდა, რომ დაეკავებინა დახვრეტილი ებრაელი პედაგოგის ადგილი. ვფიქრობ, მან ვერასოდეს დაძლია არასრულფასოვნების კომპლექსი და დანაშაულის გრძნობა, რომელსაც ამის გამო განიცდიდა, შემდგომში კი ყოველნაირად ცდილობდა, „პროგრესული“ და „რევოლუციური“ მოაზროვნის ტიტულები დაემსახურებინა. იმ დროს ყველა ინტელექტუალი მიისწრაფვოდა, პროგრესულ მოღვაწეთა რეპუტაცია მოეპოვებინათ, რადგან მათგან სწორედ ამას მოელოდნენ. 1970-იან წლებში (სამხრეთ ამერიკაში), თუ მემარცხენე ინტელექტუალი არ იყავი, ინტელექტუალად საერთოდ არ მიგიჩნევდნენ. კულტურას აკონტროლებდნენ კლანურად განწყობილი მემარცხენეები, რომლებიც კულტურულ ცხოვრებას წარმართავდნენ. ვფიქრობ, ახლა სიტუაცია ძირეულად შეიცვალა.
კითხვა: ევროპაშიც ამგვარი ვითარება იყო.
პასუხი: რა თქმა უნდა.
კითხვა: როგორ მოიქცევა ესა თუ ის მოაზროვნე, მისი ინტელექტუალური პატიოსნების საკითხია.
პასუხი: მაგალითად, ბერტრან რასელი ძალზე კეთილშობილი და ყოველმხრივ შესანიშნავი პიროვნება იყო, მაგრამ, ამავე დროს, მემარცხენეების მანიპულირების ობიექტი გახლდათ – მემარცხენეებისა, რომლებიც მის თხზულებებს არც კი კითხულობდნენ. როგორ ახსნით ამ წინააღმდეგობას? სამწუხაროდ, ინტელექტი ინტელექტუალური პატიოსნების გარანტს არ წარმოადგენს.
კითხვა: პატივი უნდა ვცეთ თუ არა ამგვარ პიროვნებათა ნააზრევს?
პასუხი: აუცილებლად. თუ ლიტერატურის შესახებ მორალისა და ეთიკის თვალსაზრისით ვიმსჯელებთ, ის არა მარტო განადგურდება, არამედ მისი არსებობა აზრსაც დაკარგავს. ლიტერატურა გამოხატავს იმას, რის მიჩქმალვასაც ცდილობს რეალობა – უამრავი მიზეზის გამო. არაფერი ისე არ აძლიერებს საზოგადოების კრიტიკულ სულისკვეთებას, როგორც კარგი ლიტერატურა. მაგრამ ლიტერატურა და მორალი ერთმანეთს ვერ ეგუება. და თქვენ პატივი უნდა სცეთ ლიტერატურას, თუ თავისუფლებისა გწამთ.
კითხვა: უქმნის თუ არა საფრთხეს თავისუფლებას პოლიტიკური კორექტულობა?
პასუხი: პოლიტიკური კორექტულობა შეუთავსებელია თავისუფლებასთან, რადგან გამორიცხავს გულწრფელობას და ავთენტურობას. ეს კი, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტების შებღალვაა.
კითხვა: ახლა ხშირად იყენებენ ტერმინ „ყალბ სიახლეებს“ და ჰგონიათ, რომ ეს ახალი ტერმინია.
პასუხი: ახალი ტერმინებით ხშირად აღინიშნება ხოლმე ძველი რეალიები. რაც შეეხება დეზინფორმაციას და მანიპულაციებს, კომუნიზმი ძალზე ოსტატურად ამახინჯებდა რეალიებს, თავგზას უბნევდა პატიოსან ადამიანებს და ნიღბავდა სიცრუეს ყალბი ჭეშმარიტებებით, რომლებითაც თვალს უხვევდა მოქალაქეებს.
კითხვა: საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, მაგრამ ახლა მოსკოვი იყენებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ახალ სახეობებს, რომელთა საშუალებითაც, როგორც ამბობენ, მან გავლენა მოახდინა არჩევნებზე შეერთებულ შტატებში, კატალონიაში, მექსიკასა და კოლუმბიაში.
პასუხი: ტექნოლოგიური რევოლუცია ხელს უშლის დემოკრატიზაციის პროცესს მთელ მსოფლიოში. ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა მიზნით, მაგრამ დემოკრატიისა და თავისუფლების მტრები მას თავიანთი მიზნებისთვის იყენებენ. ესაა რეალობა, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ ვახერხებთ ბრძოლას მის წინააღმდეგ. ჩვენ იმგვარი ტექნოლოგიების მეშვეობით გვიტევენ, რომელთა დანიშნულებაა ჭეშმარიტების შენიღბვა და გაყალბება. თუ მათ ზეგავლენას არ ავლაგმავთ, ისინი საფრთხეს შეუქმნიან ცივილიზაციას, პროგრესსა და დემოკრატიას.
© El Pais, 2 მარტი, 2018