ცხვარი
როცა ღამე მოახლოვდება,
დაკარგულ ცხვრად გადავიქცევი,
ამაღამ რომ უნდა დაგეკლა და შეგეჭამა.
დანას გალესავ, ფარეხისკენ გაემართები,
და დაკარგულს ძებნას დამიწყებ.
შუაღამით, ტყის უკუნეთში
შენი ფანარი ერთადერთი მჭრელი თვალია.
გამთენიისას დამინახავ, რომ ზედ ხრამთან ვდგავარ
და ბღავილით ოთხივე ფეხს უმწეოდ ვიქნევ.
ჩემსკენ მოდიხარ.
ციცაბოა ეს ადგილი, და შეიძლება ორივე ერთად გადავიჩეხოთ,
მაგრამ რისკავ, რადგან ცხვრის ხორცი გიყვარს ძალიან.
ძლივს ამომათრევ, ტალახში ერთად ამოვისვრებით,
ერთმანეთზე ვიგორავებთ… ღამეს შევაკრთობთ…
ახლა ვდგავარ სასაკლაოზე, თოკით მიმათრევ,
მე კი უკან მრჩება ფეხები,
და უკანასკნელი ძალით ვბღავი, რომ იქნება გაგაგებინო,
ქალი რომ ვარ და არა ცხვარი.
მაგრამ შენ ჩემი ენა არ გესმის.
ერთი მოსმით, ოსტატურად გამიყრი დანას
და ოდესღაც უთეთრესი ჩემი ბეწვი სისხლისფერად შეიღებება.
უკანასკნელი ამოსუნთქვა და სხეულიდან გამოდის დანა.
ჩვრის ასაღებად მობრუნდები,
და მზერას ფრთხილად ისევ ჩემსკენ გამოაპარებ.
დაინახავ, შენს მიერ სიკვდილს გადარჩენილი
ცხვრის მაგივრად სისხლისაგან როგორ იცლება
გამოფატრული ქალის სხეული
რადიო
იცი, რა არის ჩემი პრობლემა? ტელეფონით ვერ ვესაუბრები ჩემთვის ძვირფას ადამიანებს. ქალაქებში, ქვეყნებსა და კონტინენტებზე ვართ გაფანტული, და ჩემთან რომ დღეა, მათთან ღამეა… ან თუკი ვიპოვით ისეთ დროს, ადამიანური საუბარი რომ შეგვეძლოს, ერთ-ერთი მაინც ყოველდღიური რუტინის ქსელში ბუზივითაა გახლართული და საუბარი არაფრით გამოგვდის. მოკლედ, ტოტალურად დრო-სივრცეში ვართ აცდენილი. ამ ტექსტური მესიჯების კრეფითაც დავიღალე, მინდა ხმა გავიგო, ინტონაცია დავიჭირო, ეს ოხერი სიტყვები ხომ ტანსაცმელია, რომელიც მხოლოდ ფარავს სიშიშვლეს. მე კი შიშველი ბგერები მჭირდება, მათი კანი თავისი ფაქტურით და გრაფიკით უფრო მეტს მეტყვის, ვიდრე საუკეთესო დიზაინის ეთიკა. მოვტყან კულტურა, მოაშორე ეს ტანსაცმელი. ფორმამ საბოლოოდ გამოშიგნა, მოკლა სათქმელი, სიცარიელე შეიფუთა ყველაზე ძვირად. მხოლოდ ხმა მინდა რომ გავიგო, იმაზე უკვე აღარ ვდარდობ, რომ ვერავის ვეღარ ვნახულობ, აღარც მინდა არავის ნახვა. ისევ ტანსაცმელი, ისევ ღიმილი საუკეთესო დიზაინის. მე კი უტიფარი და შიშველი ხმა მჭირდება.
თმები
– ყველა შენს ქალს გრძელი თმა ჰქონდა, – ნიშნისმოგებით თქვა ქალმა და კაცის გარუჯულ სხეულს მიეკრო.
– ყველას? ამაზე არ მიფიქრია.
– დიახ! და თმას როცა მოკლედ იჭრიდნენ, პრობლემა სწორედ იქ იწყებოდა. ჰო, ზუსტად მახსოვს, ასე იყო. ღია ფანჯრიდან ნაირ-ნაირი არომატი შემოდიოდა, როცა ქალები ამზადებდნენ სხვადასხვა კერძს. შენ კი ამ დროს წვრილმანებზე ედავებოდი: ხან მარილი აკლიაო, ხან – სიცხარეო… მიყურადებულს, კედლის აქეთ ყველაფერი კარგად მესმოდა, სექსის დროსაც სხვადასხვა ხმაზე გმინვას ვარჩევდი, ახალი ქალის გამოჩენაზე თვალში მცემდა მისი გრძელი და ლამაზი თმები…
– მოიცა, აბა, გავიხსენო: ანას მკერდამდე ჩამოშლილი წაბლისფერი თმა ქონდა თითქოს. ..
ქეთის პირველად ბოშასავით ავედევნე, სახეზე არც კი შემიხედავს, ჟღალ ტალღებს მთელი ქუჩა მიქონდა; მარის ქერა თმა აბრეშუმის ქსოვილივით ეფინა მხრებზე… სალომესაც… უცნაურია… მერე ცოტა ხნით გაყუჩდა კაცი.
– ის დროა, მეც რომ დამაკვირდე, – ამოხედა ქვემოდან ქალმა.
– კი, ფისუნიავ, შენი თმა ყველაზე ლამაზია…
– ყველაზე გრძელიც! – დაამატა ქალმა ცბიერად, – აბა, ტყუილად კი არ ვიზრდიდი ამდენი ხანი… გუმანით ვგრძნობდი, რომ მხოლოდ მაშინ გაიღებოდა სახლის კარები, თუ წარმატებით ვითამაშებდი პატარა გოგოს. ასეც იყო და ლამისაა, შენს ქალიშვილად მომნათლა ყველამ. მე კი ჩემი გეგმები მქონდა: თმები უნდა გამეზარდა… შეუმჩნეველი რომ ყოფილიყო, უკან ვიკრავდი…
აქ კი კაცმა გააწყვეტინა: და ერთხელაც, წითელ კაბაში თმაგაშლილი გამომეცხადე… უცებ ვერ მივხვდი შენ რომ იყავი… არა, მივხვდი და…
– კარგი, კარგი, რომ წამოგცდა, თავს ნუ იმართლებ, – იცინის ქალი და პაუზის შემდეგ აგრძელებს: ჰოდა, როცა საიდუმლო ამოხსნილია, საკმარისია, თმა შევიჭრა, და განშორების მოსაწყენი სცენების ნაცვლად, ეს იქნება ჩემი ნიშანი.
– კარგი, შევთანხმდით. – და წელთან თმის ქვეშ შეუცურა ხელები კაცმა…
კანფეტები
ღარიბი ქვეყნიდან კანფეტები ჭრელა-ჭრულეთში მიიწვიეს გემოვნების ბიენალეზე. ცოლ კანფეტინას ფერ-უმარილი ბლომად წაუსვეს, კოჭებამდე მაქმანებით გაწყობილი კაბა ჩააცვეს, ქმარ კანფეტინის მელოტი თავი ტკბილი პარიკით ააფუეს, ატლასის ბაფთა გეტრებსა და პანტალონებს შეუფერეს…
პოდიუმზე გამოსულებმა ერთმანეთი ვეღარც კი იცნეს… შოუს შემდეგ დიდ ფურშეტზე ალკოჰოლი საკმარისზე მეტი იყო და კანფეტებმაც არ გაუშვეს ხელიდან შანსი. სექსის დროსაც ვერაფერს მიხვდნენ – რაღაც სიმწარე შერეოდათ, თითქოს ზედმეტად მოხალული თხილის მსგავსი…
მეორე დღეს, ერთმანეთთან შეხვედრისას სწორედ ისე გაიღიმეს, თითქოს მთელი ათეული წელი ძაფივით გამობმულებს არ ეცხოვრათ.
თავიანთ ღარიბ ქვეყანაში როცა დაბრუნდნენ, ისევ მოირგეს სადა ქაღალდის ტანსაცმელი და მომხდარზე ერთი სიტყვაც კი არ დაუძრავთ, მხოლოდ გემო ეცვლებოდათ, როცა ჩუმად იხსენებდნენ ამ ერთადერთ სასიყვარულო თავგადასავალს.
როცა ენაზე რჩება ხოლმე თხილის ან ნუშის მომწარო გემო, ეს კანფეტები ეძლევიან ტკბილ მოგონებებს
ზურგი
ყველა იმ ზედსართავი სახელის საპირისპიროდ, შენ რომ რეალურად დაგახასიათებდა, ჩემს ფიქრებში მტაცებელი გამოდის შენგან: ბაცი ფერის, თხელი ბეწვით, სწრაფი, მოქნილი და ჩემსკენ მორბის… წყლის ზედაპირზე მოლივლივე ანარეკლივით იბრიცებიან სლაიდები… თითქოს ქურქს იხდის, მტაცებლიდან ადამიანი გამოდის ისევ. ჯერ სახეს ვხედავ, მერე გაბრუნებ, შიშველი ზურგი რომ დავინახო. ზურგი იმდენად მაინტერესებს, რამდენადაც სახე მაღელვებს — როცა წახვალ, შენი ზურგი უნდა ვიცოდე.
ერთი ასეთი კადრია ჩემს საიდუმლო კინოსტუდიაში: ღამეა. ცივა. ქალი გამოკრავს ასანთს, ნაპერწკალი კაცს ხვდება და ორი შემთხვევითი გულის ხახუნისაგან ცეცხლი ინთება. „ვინა ხარ? რა მანქანებმა მოგიყვანა ჩემს გვერდით?“ — ეკითხება ქალი. „ნებისმიერ ექსპერიმენტში მცირე რისკი მაინც არსებობს, და სწორედ იგია ყველაზე ღირებული.“ — პასუხობს კაცი და ქალს ეხვევა. სულ ესაა. მერე შორდებიან. დამშვიდობებისას, რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, თავებს ერთმანეთისკენ ატრიალებენ. ერთ სიბრტყეზე — სახე და ზურგი. კადრი აქ წყდება
ავტორი
1.
დასაწერი ლექსებით ვარ სწორედ ძლიერი.
დაწერილები ჩავაწვეთე მკითხველებს თვალში.
ზოგისაში წირპლივით ჩანდა,
ზოგისა კი აცრემლიანდა,
ზოგიერთმა მომიხურა თვალის კარები.
მე სამივე შემთხვევაში ისევ მშვიდი ვარ,
რადგან ვარსებობ დასაწერსა და დაწერილის შუა სივრცეში,
მხოლოდ ესაა ჩემი აწმყო, ვერასოდეს რომ ვერ ვიხელთებ.
2.
დაუწერელი სიტყვები, რომლებიც
წიგნის ფურცლებს შორის ცხოვრობენ –
ჰაერია, ჟანგბადი,
რითაც სუნთქავენ დაწერილი ლექსები.
ეს სიტყვები ზოგჯერ ისევე მჭრელია,
როგორც წაუკითხავი ფურცლის კიდე,
სანამ მას თითის ბალიშები დაარბილებენ
ქანქარა
დედა ასეირნებს შვილს საბავშვო მოედანზე.
ბავშვი მხიარული ყიჟინით ქანაობს საქანელაზე.
დედა ამრეზილ მზერას ესვრის
საბავშვო მოედანზე მჯდარ ლოთს არყის ბოთლით ხელში.
დილაა და მოედანს სწრაფი ნაბიჯით კვეთენ მოქალაქეები.
უსაათო ლოთი მხოლოდ ბავშვს ხედავს და იღიმება.
დედა უყურებს ლოთს, რომლის მზერას მიყავს საქანელამდე,
სადაც ქანაობს ბავშვი, რომელიც დედას უყურებს.
ბავშვი აღარ ქანაობს სიხარულით.
საქანელა რიტმს აგდებს და ბოლოს ჩერდება,
როგორც ქანქარა კედლის საათის.
დილაა და მოედანს სწრაფი ნაბიჯით კვეთენ მოქალაქეები
უზადოდ დაქოქილი საათებით.
ამინდის პროგნოზი
დილით მოსალოდნელია
ცვალებადი მოღრუბლულობის წინადადებები
უნალექო სიტყვებით.
შუადღისთვის გაიზრდება
ატმოსფერული ზედსართავების რაოდენობა,
შესაძლოა სასვენი ნიშნების ხანმოკლე სეტყვა.
საღამოს ჩრდილო-დასავლეთის მეტაფორა
აამაღლებს ტროპულ ტენიანობას,
ძლიერი წვიმა ელ-ჭექით ანიდან ჰაემდე.
ღამით კი სინოპტიკოსი აბზაცები
ტემპერატურის მატებას ვარაუდობენ
ტექსტის მთელ ტერიტორიაზე.
© არილი