რომ მოახლოვდებოდა შობის დღესასწაული,
დაჯდებოდა ბროდსკი,
მოიმარჯვებდა საწერ-კალამს და
მთელს თავის პოეტურ გამოცდილებას
და გამოაცხობდა თავის ახალ საშობაო ლექსს.
დათქმული ჰქონდა ასე,
და კიდეც გამოსდიოდა.
და რატომღაც შობაზე სურდა ეწერა ლექსები
და არა აღდგომაზე,
ეგეთი ზნე სჭირდა უცნაური,
აი, მე კი სულ პირიქითა ვარ:
შობაზე არ მეწერინება,
აღდგომის დღეებში კი შემიჩნდება ლექსის ჭია და
არ მასვენებს.
ყოველ წელს კი არ გამომდის
(აბა სად მე და სად ბროდსკი),
მაგრამ წითელ პარასკევზეც დამიწერია,
აღდგომაზეც,
ახლაც, დავჯექი და გამომყავს ეს სტრიქონები,
ვცდილობ, თემას მივუახლოვდე,
დედაჩემმა საიდანღაც იეღოველების ბროშურა გამოჩხრიკა
და ათვალიერებს,
ხმამაღლა კითხულობს:
„იარე ღვთის სიტყვაში…“
რა არის ეს, რა ქართულია –
ბრაზობს თან,
რატომღაც არ მოსწონს ეს სიტყვათწყობა,
მე მხრებს ვიჩეჩავ და წერას ვაგრძელებ,
ვითომდა ღვთის სიტყვაში სიარულს,
თუ ბორძიკობას,
თუ ბოდიალს,
იოსიფ, ნეტა ასე ბორძიკობდი,
იმ საშინაო დავალების შესასრულებლად
რომ ჯდებოდი მაგიდასთან,
რომელსაც მამა-მასწავლებელი გაძლევდა ყოველწლიურად?
დღეს ხატიამ ზღაპარი შეთხზა
ლოკოკინაზე და კეთილ მეფურნეზე.
ფურნეში ფქვილის გამცრელი სჭირდებათ
და მივა ლოკოკინა,
უნდა, რომ აიყვანონ სამუშაოზე,
მაგრამ არა აქვს ლოკოკინას ხელები
და აბა როგორ გაცრას ფქვილი,
არადა მეფურნე კეთილია და არ გაუშვებს ლოკოკინას,
დაიტოვებს და ცდილობს, რამე სხვა საქმე გამოუძებნოს…
აი, აქ გაიჭედა ხატია,
კეთილი მეფურნის ნაცვლად ფიქრობს,
რა დაავალოს ლოკოკინას და
ვერაფერი მოუგონა,
მეც მთხოვა დახმარება და ვიჭყლიტე ტვინი,
ვერაფრით მივხვდი,
რა ხეირი შეიძლება იყოს ლოკოკინასგან ფურნეში,
მერე დამავიწყდა ეს ამბავი,
და ახლა ისევ გამახსენდა,
რომ დავჯექი ბროდსკივით და
ჩემს თავს შევუკვეთე ლექსი სააღდგომო თემაზე.
ვფიქრობ, ასეთ კეთილ მეფურნეს ჰგავს ალბათ უფალი,
ხელები რომც არ გვქონდეს,
მაინც რომ მოგვიძებნის საქმეს ფურნეში,
ხელები კი ძალიან განსაკუთრებული რამაა,
უმაგისოდ ვერც წიგნს დაწერ,
ვერც კაცს მოკლავ,
ვერც პირჯვარს გადაიწერ და
ვერც ტრაკს გამოიხოცავ,
ყველა კეთილ თუ საზიზღარ საქმეს
ხელი უნდა შეაშველო,
ფეხბურთშიც კი საჭიროა ხანდახან ხელი გოლის გასატანად,
ოღონდ ღმერთის ხელი უნდა იყოს ეგ ხელი,
თუ მარადონას დავუჯერებთ,
მაგრამ ავურიე მე,
სად აღდგომა და სად არგენტინა-ინგლისის მატჩი
1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,
და სიმართლე თუ გინდათ გითხრათ,
არც გამომივიდა ამ ჯერზე
ბროდსკივით მაგიდასთან ჯდომა
და აღდგომაზე ლექსის თხზვა,
ამ ადგილას გამაწყვეტინეს წერა,
მერე ტაქსიში ვიჯექი,
მერე მაღაზიებში შევდიოდი,
მერე ეკლესიასთან გავყევი ცოლ-შვილს,
გადავსებული იყო ეკლესიაც და ეზოც,
გამიხარდა, გარეთ დაგელოდებით-მეთქი, ვუთხარი და
რამდენიმე წუთში ჩემმა ბიჭმა
ანთებული სანთელი გამომირბენინა
პირზე მოციმციმე ღიმილით,
მა, აი, გეჭიროს ხელშიო.
მეც მეჭირა პატიოსნად ხელში,
კედელთან მიყუდებულს,
დავიწყე ფიქრი ჩემს დანჯღრეულ ცხოვრებაზე,
ქარი წამოუბერავდა და მიქრობდა სანთელს,
ვანთებდი და ისევ მიქრობდა,
ხელს ვაფარებდი და ტარკოვსკის „ნოსტალგია“ მახსენდებოდა,
იანკოვსკის გმირს რომ მიაქვს სანთელი
რაღაც დანიშნულების ადგილამდე
(რატომღაც თვითონ რომ მოინიშნა, ისეთ ადგილამდე)
და რომ უქრება და უკან რომ ბრუნდება
და თავიდან რომ მიბარბაცებს მონდომებული და
სასოწარკვეთილი და ვითომ იმედიანიც,
ერთხელ, ორჯერ, სამჯერ…
ძალიან არ მიყვარს ეს კადრი,
ძალიან ყალბი მგონია,
არადა ამეკვიატა, მიტრიალებდა გონებაში და
მეტზე ვეღარაფერზე ვფიქრობდი,
ვეღარ ვფიქრობდი ჩემს დანჯღრეულ ცხოვრებაზე,
და ისღა მოვიფიქრე,
რომ ჩავაქრე სანთელი,
ჩავიდე ჯიბეში
და ჩამოვჯექი ბორდიურზე.
ასე ჯობდა.
წამოვიდა ისევ ფიქრები,
ხალხსაც ვათვალიერებდი, ვაკვირდებოდი,
მძაფრად აღვიქვამდი,
მაგრამ ვერ აღვწერ ახლა იმ განცდებს,
ხელიდან გავუშვი ის მომენტი,
სამშაბათია უკვე ახლა,
და ვწვალობ,
რაკი ჩავიფიქრე აღდგომაზე ლექსის დაწერა,
რაკი დავიწყე, ვცდილობ დავამთავრო,
არადა გაგრილდა უკვე გული, ნელთბილია,
ტარკოვსკის იმ გმირს დავემსგავსე,
თავად რომ არ მიყვარს,
ვცდილობ, ეს ლექსი რაღაც გაურკვეველ ადგილამდე მივიტანო,
ისე რომ, არც კი ვიცი, რა ხეირია ამაში,
და თანაც მიქრება ლექსი გზაში,
ჩამიქრა უკვე რამდენიმეჯერ,
აი, ახლაც ჩამიქრა,
ჰოდა საკმარისია,
რაკი ჩაქრა, ბარემ დამთავრდეს აქვე,
ტყუილა რატომ უნდა ვიწვალო,
მითუმეტეს, რომ ვიცი
ლექსის ბოლო სიტყვები:
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად!
ლამაზი სიტყვებია,
დანჯღრეულ ცხოვრებაში შემოდის,
გაიელვებს,
და წვავს
რაღაც ნაგავს.
© არილი