ახველებდა და ფიქრობდა…
ფიქრობდა და ახველებდა…
ხრიოკი, მორუხო-მოყვითალო მთები მის ავადმყოფურად მოდუნებულ მზერას თავისუფლების მინავლებულ წყურვილს ურწყულებდნენ.
რომ ახველებდა, ეჩვენებოდა თითქოს ეს ბებერი მთები ექოს გამოსცემდნენ და თითქოს… თითქოს ისინიც, მასავით მორუხო-მოყვითალო ფერისანი, მასავით ახველებდნენ და მასავით წარსულის მოგონებებში იძირებოდნენ…
როცა ღონიერი, სილიანი ქარი მთების ნაპრალებში დაგუგუნობდა, N108-ს უცნაური, ველური ფორიაქი იპყრობდა… ქარის აწყვეტილობა გადაედებოდა და იწყებოდა ფიქრთა დამღლელი, თან ლაღი თარეში განვლილი ცხოვრების ლაბირინთებში. იქ, სადაც ხან იების, ხან არყის, ხან პურის, ხან დენთის, ხან სისხლის და ხან საყვარელი ქალის თმის სურნელი იდგა…
ახველებდა და ფიქრობდა.
ფიქრობდა და ახველებდა.
იტანჯებოდა. მერე თავის ტანჯვას ახსნა მოუნახა.
ეს არაქათისგამომცლელი ხველა N108-მ ციხის კედლებზე ბევრად უფრო ზევითა სასჯელად მიიღო და თავი ლამის რჩეულადაც ჩათვალა…
ეს ხველა მისი ტყვე სიცოცხლის, თითქმის, სიამაყედ იქცა. იმიტომ რომ, თითქოს, აი ეხლა კი, ნაღდს იხდიდა. ნაღდ სასჯელს. და ვინ იცის, როდემდე…
ოქტომბრის ბოლოს ექიმებმა გასინჯეს და იქვე, ორშარის გადაღმა “ტუბ.ზონაში” გადაიყვანეს.
იქ ყველა ახველებდა. ხველა ჩვეულებრიობას წარმოადგენდა.
N108-ემ თავი ახლა უბრალოდ, სნეულად იგრძნო. ერთ ჩვეულებრივ ავადმყოფად. და უდრტვინველობაც სადღაც გაქრა…
გიჟურმა ამბოხმა აიტანა. მოუნდა სიცოცხლე, მოუნდა თავისუფლება, მოუნდა ამ ხველისგან თავის დაღწევა… გიჟურად… გიჟურად მოუნდა!
ფიქრობდა და ახველებდა…
ახველებდა და ფიქრობდა…
“ჯერ ახალგაზრდა კაცი ვარ… განა მორჩა ცხოვრება! რათ მორჩა! ალმასივით ბიჭი მეზრდება… ანგელოზივით ცოლი მიცდის გულისფანცქალით წელიწადიცა და! წელიწადი რაღაა…
დედაჩემია უფრო ცოდო… ხანშია. ისა ეხლა, უნდა დასვა და სიბერის დღეები სიტკბოში გაალეინო…
გავიდე…
ესენი ხო და, – ნოდარა მენატრება. რო აღარ გაიძლება!
რაც ეგ ჩემი ცოლისძმაა, უძმობა აღარ გამიგია… ბარე ბევრი ძმა ვერ გაწევს ეგეთ ძმობასა…
აბა, გაიოზას ბიჭებსა ძმები ჰქვიათ? დაჭამეს ლამისაა ერთმანეთი მტკაველა მიწისთვინა…
ან რამდენიც გინდა, კაცო!
ანიკოს მაზლიშვილებსა… ბადრია და ბადურა რო არიან, ძმები ჰქვიათ მაგათა? სად რასა ყბედობენ ერთმანეთზე, სად რასა ჩმახავენ…” აუტყდება ხველა… უსაშველო…
“შეჭამა გული… გული შეჭამა ამ ხველებამა! მარა არ შევეჭმეინები! დედას ვუტირებ.
გავიდე აქედანა…
ნოდარაზე არა ვფიქრობდი? ნოდარაზე ვფიქრობდი, ჰო…
აი, ხო მიყვარს ჩემი ლალი არაა, და იმის ძმობითა კიდე, ათმაგათ მიყვარს.
ეხლა რო, ნოდარა ჩემ აესეთ ხველებას შესწრებოდა არაა, ლამის თავის ჯიგარს ამოიღებდა და მე ჩამიდგამდა, ისეთია. ისეთი გულისაა…
რო აქ წამომიყვანეს და, აეგრე დამარტყა ხელი ბეჭზე და როგორა თქვა? ძმაოო, მე შენი მსაჯული არა ვარ. ჩემთვინ, რა ძმაც იყავი, ის ძმა დარჩები ციმბირს იქითაც რო გაგიშვანო. შენი ოჯახობის დარდი არა გქონდეს, აქა ვაარ მეო და კაცობის ამბავი იყო, ალბათ და კაცობის ამბავში შენი მჯერაო. ალბათ, ეგრე იყო საჭიროო და შენ ადგილზე არაა, იქნება მე უარესიც მექნაო…
ეგეთს რო გაგაგონებს და ზურგს კი რო არ შემოგაქცევს ჭირიანივითა, ეგა პატარა ამბავია?
გავიდე აქედანა…
აუტყდება ხველა…
დავიღრჩე, ლამისაა… ამის…
გავიდე აქედანა…
რო დავიჭერთ მე და ნოდარა ბადეებსა და წავალთ მტკვარზე… წავიყვანთ ბიჭსა.
საღამოზე, დავხარშავთ მარილწყალში ნაბადურევსა. გამოალაგებს ჩემი ლალი ჭიქა-საინებს… ცხელ-ცხელ პურებს, მწვანილს… ღვინოს…
მივიჯენ ჩემ მოხუცებულ დედასა გვერდით და…
ნოდარა რო იმღერებს!
ნოდარა რო მღერის, კაცო, უცნაურობა მჭირს. ჯერა, მგონია რო მთელი სადარდელი შემომესია თქო… მერეა და, უცებ, მგონია რო, პირიქით… რაც სადარდელი იყო, თავი დამანება-თქო. რო უსმენ ნოდარას სიმღერასა არაა, ვერ გამიგია, ვდარდობ თუ პირიქით, აღარა ვდარდობ… აბა უცნაურობა არაა? აღდგომას აქეთია…
აუტყდება ხველა…
– აღდგომას აქეთია, აღარ ამოსულა…
აუტყდება ხველა…
მომკალი ბარემ და დამასვენე შე ოხერო! დამეგლიჯა გული! ამდენი ხველება აღარ გამიგია, კაცო…
ჩემ ბიჭს როგორ უყვარს?! ნოდარა ძია და ნოდარა ძია…
ნოდარა ძია და ნოდარა ძია…
ღმერთო, მაღირსე აქედან გასვლა…
ღმერთო გადამახდევინე ამოდენა სიკეთე და ძმობა…
ნუ მომკლავ აქა…
აუტყდება ხველა…
ვერ მომერევი, შენი! ვერა! იმდენი რამე გადამარჩენს როო…
ჯერ მარტო, რო, გავალ აქედანა და რო ჩავისუნთქავ!..
აქა, ჰაერიც პატიმარია. არ გერგება, ჯანში არ მიდის…
აი, რო გავწვები მტკვრის პირზე… რო ავხედავ ლურჯ ცასა… ჩემი რო იქნება… ჩემი რო იქნება ყველაფერი… მტკვარიც… ცაცა და…
რო მოვიჯენ გვერდზე ჩემ ბიჭსა.
– მამი, ის რათაა ისე?
– მამი, ეს რათაა ასე?..
ეგრე იქნება? ეგრე იქნება, ნეტა? მომეჩვევა? ციხის კარზე რა მამაშვილობის გემო ვნახეთ ან მე და ან იმანა! ისე გაიზარდა, გვერდში არა ვყოლივარ. მეცხრე წელშია. ცოტაა? მაგისთვინ კი ცოტაა მარა, ჩემთვინ?
ნოდარა რო არა ჰყოლოდა!
ნოდარას რო არა…
აუტყდება ხველა…
ღმერთო! ხო არ გამწირავ? ხო არ მომიღებ ამ ოხრით ბოლოსა? როგორაც მაშინ მიშველე, ი ოხერი გოდერძა რო გადაარჩინე, ცოცხალი დატოვე, – და კაცისმკვლელი რო არ გამხადე, ახლაც მიშველე ღმერთო…
ცხვარს დაგიკლავ ჯვარზე!
ნუ მომკლავ აქა!.. ტყუილად ხო არ დაალოდინე ამდენ ხანს ჩემი საწყალი ოჯახობა?
თუ მომკლავ და, შენი ნებაა, ღმერთო!
ჩემი ჯვარიც ეგა ყოფილა…
მაშინ, არაა, მაშინ მინდა ჩემო ნოდარა, შენი ძმობა და კაცობა, ძმაო…
ფიქრობდა და ახველებდა…
ახველებდა და ფიქრობდა…
მეტს და მეტს ოცნებობდა…
მეტად და მეტად ეხვეწებოდა ღმერთს…
პატიმარი N108
* * *
– ბაბო, რით ვეღარ მივედით…
-რა ვი, ბაბო, კაკლიმუხლუხოსავით მიღოღავს ე ავტობუსი და რას მივიდოდით… დაიღალე, ბაბოს მზეო?
– არა… ისე ვთქვი.
– ცოტაცა, ბაბო და მივალთ.
– ბაბო, დახე, რამოდენა აკიდოებსა ჰყიდიან! რამოდენებია, ქალო!..
– ეგა სუ თურქულებია, ბაბო… სათვალოები… გემოზე განა ჩვენსას სჯობია…
სიჩუმე…
– ტაროები ხო არ დაგრჩა?
– არა, ბაბო. ქვაბითვე ჩავდე, ცხელ-ცხელები…
სიჩუმე…
– ლობიანები ხო არ დაგრჩა!
– არა, ბაბო ჩავდე ყველაფერი, ჩემო მალხაზო.
სიჩუმე…
– რათ მოიწყინე, ბაბოს ბიჭო?
– ისე…
– რათ ისე, ბაბო?..
– შენ რაღათ ტირი.
– არა ვტირი, მზემ დამაჭყიტა თვალებზე და…
– ტირი!
– აჰა. აღარა ვტირი, ჩემო სიცოცხლე.
– იტირებ და, ცხვირ-პირი დაგიწითლდება… შეგატყობს მამაჩემი.
– უი, არა ბაბო. აგე, აღარა ვტირი… აბა შემომხედე!
სიჩუმე…
– აგე, გამოჩნდა! აგე, აგე! აქით ციხე, იქით – საავადმყოფო! ხედავ?
– ხო, ბაბოს ბიჭო… ვხედავ, მაშ!
სიჩუმე…
– მე არ შემოვალ შიგნითა…
– უი, რათა ბიჭო?
– რომ მკითხოს ნოდარა ძიაზე რამე…
– გკითხავს, მაშ არ გკითხავს?! ხო დაგარიგეთ შინა, ჩემო მალხაზო. ვაჟკაცობა უნდა გამოიჩინო. ყოჩაღად უნდა დადგე. არაფერი არ შეგატყოს, ბაბოო…
– შემატყობს.
– არა, ბაბო! ვერ უნდა შეგატყოს, ავათაა, ბაბო, ცოდოა. იმან რო ნოდარა ძიას სიკვდილი გაიგოს, იმან რო ეგ გაიგოს… შვილოო…
– ნუ ტირი. თვალები დაგიწითლდება…
სიჩუმე…
– რო მკითხოს, ნოდარა ძიამ ჩემთან რა დაგაბარაო?..
– ვაჟკაცობა გამოიჩინე, ბაბო… კაცი ხაარ უკვე. უთხარი, – დამაბარა, ცოტაც გაუძელ-თქო… ოჯახობის დარდი არ გქონდეს-თქო.
– ნუ ტირი!
სიჩუმე…
– ბაბო, შემოვალ შიგნითა. ვერ შემატყობს.
– ეგრე, გენაცვალე, ეგრე, აბა შენ იცი…
სიჩუმე…
– ბაბო…
– ჰო, ბაბოს მზეო…
– იცი, როგორ მიყვარდა ნოდარა ძია?..
– ვიცი, შვილო…
– მამაჩემიც მიყვარს…
* * *
პატიმარი N108 გისოსებს იქით მტვრიან შარას გასცქეროდა და შორს… შორს უკვე ხედავდა კიდეც ყვითელ ავტობუსს.
ელოდა და ახველებდა.
ახველებდა და ელოდა.
აგვისტოს ცხელი, მტვრიანი ქარი ხრიოკ მთებში დათარეშობდა…
თითქოს ღონიერი, ნამდვილი თავისუფლებით ტკბებოდა.
2001 წ.