პოეზია

ეკა ქევანიშვილი – ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება და სხვ. ლექსები

8 ნომერი ავტობუსი იყო საშინლად აყროლებული
და ასეთივე იყო იმ დღეს ნომერი სამოცდაათიც –
სიყვარულის დამთავრების მეორედღისნაირი.

არც უსაფრთხოების სარკმელი გაიღო, ვიღაც კაცი რომ ცუდად გახდა.
ჩვენ ის ტურტლიან იატაკზე დავაწვინეთ და მოვასულიერეთ.
მთავრობა – გავლანძღეთ.
მე ჩემი თავიც მივაყოლე,
ავტობუსით მგზავრობა რომ გადავწყვიტე.

ვთქვი, ამ ამბის გამო, ერთ ლექსს ხომ დავწერ
უნიათო პრეზიდენტებსა და მინისტრებზე.
მეორე დღეს ვინმე ინტელექტუალი ოპოზიციონერი გულებს
დამიწერს.
მთავრობა კი გამოაცხადებს, რომ მიკერძოებული პოეტი ვარ.

პოეზიის მოყვარულები წლების მერე იტყვიან, რომ
მე მოქალაქე პოეტი ვიყავი.
თუ მოვესწარი, მხარზე ხელსაც დამიტყაპუნებენ,
რამე იუბილეს მომიწყობენ,
სცენაზე შემოდგმულ ყვავილებს კუბოს მიდგმა რომ დაამშვენებდა.
ჟურნალისტები სიუჟეტს მოამზადებენ ჩემს მშობლიურ სოფელზე,
სადაც 40 წელია არ ვყოფილვარ.

ვფიქრობდი ასეთ სისულელეებზე ავტობუსში,
რომელიც მირახრახებდა ღარიბი ქვეყნის უღიმღამო ქუჩებში.
სადაც ისეთი მოწყენილი ხალხი იჯდა,
როგორიც ასი წლის ბებიაჩემია,
ავადმყოფი შვილის საწოლთან მიმჯდარი.

ისხდნენ ადამიანები
უხერხულად დაწყობილი ხელებით მუხლებზე,
ითვლიდნენ ხურდებს და არსად მიდიოდნენ.

 

ამატირა თამარაშენის ხახვმა

ვალია აიდარაშვილი ნამდვილი ადამიანია.
მან მკითხა,
როცა ნახევრად აშენებული სახლის სამზარეულოში დავსვით,
შედედებული მაწვნის ქილების და უკუღმა დადგმული
დახუფული კომპოტების ფონზე:
დენს ხომ არ დამარტყამს ეს მიკროფონი.
და დამავიწყდა მომზადებული ჭკვიანური კითხვები ომზე.
რა გახსოვთები, თქვენი ომი როდის დაიწყოები. დამავიწყდა.
იმიტომ, რომ ვალია აიდარაშვილს ჩემი კამერის მიკროფონის შეეშინდა.
შეეშინდა ათი წლის შემდეგ,
სიჩუმეში გაჩხერილი იმ ცხელი დღის მერე,
რომელშიც ძროხები უნდა მოეწველა, ხილი დაებინავებინა, ლეიბები დაებერტყა.
მან არაფერი იცოდა წაგებული ომისა, მშვიდობას აგრძელებდა.
მოსაკრეფი ატმების სევდა ჭამდა, როცა ჩანთაში აურჩევლად ყრიდა ტანსაცმელს.
ამ ვალია აიდარაშვილს შეეშინდა ჩემი მიკროფონის!
თავისი სახლიდან შორს, სხვა ხრიოკ მიწაზე დადგმულ სახლში.
ამ, ამ ვალიას, რომელმაც მითხრა,
შვილები გამრავლდებიან, სამშობლო კი ერთი იყო.
ამ ვალიამ, რომელმაც უკან მოიხედა და კვამლადენილი სოფელი დაინახა,
და რომელიც დიდხანს, დიდხანს მიდიოდა ომიან გზაზე –
სანამ კილომეტრების დაშორებით,
ისევ არ დაბარა მიწა. ისევ არ ჩაყარა თესლი.
მე დამავიწყდა როგორ იყოები, გაიხსენეები და
გავყევი ვალია აიდარაშვილს ბაღში,
სადაც ეთესა კარტოფილი, კიტრი, კომბოსტო, ნიორი, ხახვი.
გავყევი საბუდარში, საიდანაც სამი კვერცხი ამოიღო,
ლოყაზე მიიდო და თვალები დახუჭა.
მერე მოათრია წყალი ჭიდან,
მერე გამოთოხნა პამიდორი.
ნელ-ნელა ავაშენებთ, სახლს ახედა.
და ჩამოჯდა.
ჩვენ კი მიმზიდველ კადრს ვეძებდით დაუმთავრებელ სახლში,
სადაც ვალია აიდარაშვილს დავსვამდით და ტყვეობაზე,
ვირთხებიან საკანზე, წყვეტილ ცხოვრებაზე ვალაპარაკებდით.
ის კი ყვებოდა თამარაშენის ვაშლის ბაღებზე,
და გადარეულ ხახვზე, რომელიც ყველაფერს მოედო.
და რომელსაც რატომღაც ჰქონდა სხვა სიცოცხლის სუნი,
ვიდრე ქალაქში შემომხვდება ხოლმე, იშვიათად.
და მერე მოთხარა და მოთხარა ვალია აიდარაშვილმა ხახვის ბოლქვები,
ჩამიდო და ჩამიდო და ჩურჩულებდა,
იქ ისეთი ბაღი მქონდა,
იქ რომ მოსულიყავი,
ნეტა მოსულიყავი.
ასე წამოვიღე თამარაშენი დიდ ქალაქში.
და ვარჩიე და ვარჩიე იმ საღამოს ვალია აიდარაშვილის მოყვანილი
მიწიანი ხახვი.
ნელა, ცრემლების შეკავების გარეშე.
და ასე გამოვიტირე სხვისი ომის თავგადასავალი.

 

პარლამენტმა ცნობად მიიღო სიკვდილი

ცნობად მიიღო შვიდასგვერდიანი ანგარიში,
რომელშიც ისე ფრთხილად გვგუდავდნენ,
როგორც ფილმებში, მობეზრებულ მოხუცებს სანიტრები.
ისე ვქრებოდით, როგორც სისხლის ლაქა გამდინარე წყალში.
მოისმინა ჩვენი ამბავი მშვიდად –
ერთ დღეს როგორ ვიპოვეთ ჯიბეში ნარკოტიკები და ვერ ვიცანით.
მაგრამ გვითხრეს – თქვენია, თქვენია.
თუარადა, ჩაგაყუდებთ.
კარგად მოუსმინა ჩამარხული მეშახტეების ამბავს,
სხვაგანაც ხდება – თავი იმართლა.
დიდი გვირგვინი მოიკიდა ზურგზე და სამძიმარზეც მივიდა.
არ გაიოცა, რატომ გადმოაგდეს კაცი პოლიციის შენობიდან.
როგორ გაიგუდა ბიანკა შიგუროვა გაზით.
როგორ დამარხეს ტრანსგენდერი ზიზი კაცის ტანსაცმლით და ბოლომდე ეძახეს,
კაცი ხარ, კაცად დაიბადე, კაცად მოკვდები.
სხვა სიმართლე არ არსებობს – ჩვენი მკვდარი ხარ.
თქვეს, გასაგებია სიკვდილი, მაგრამ რა მოსატანია
ის ღარიბი ქვეყნის უბედურებასთან?
აი, უვიზო რეჟიმი.
აი, ჩინეთთან გაჩაღებული ვაჭრობა.
აი, თითი.
ცნობად მიიღო საოკუპაციო ხაზთან დახვრეტილი ადამიანები.
შიმშილისგან სულგამძვრალი ჩვილები.
სხვა რა გზა ჰქონდა –
პარლამენტი ძალიან დაკავებული იყო.

ფურცლები უნდა გადაედოთ
ერთი ადგილიდან მეორეზე.
იდიოტური კანონები მიეღოთ,
ტრიბუნებთან რიგში ჩამდგარიყვნენ,
ბორჯომის ბოთლების სროლა აეტეხათ.
მათ უბედურებისთვის არ ეცალათ.
ასეთ დაკავებულობაში,
ძნელია, შვიდასგვერდიანი სიკვდილის ცნობების გადახარშვა.
რა ქნან, როგორ უშველონ ნაცემ პოეტს, თან თუ პატრიარქსაც მიაგინა.
ნურც იმ სტაფილოსფერ ქურთუკს ჩაიცვამდა მაგხელა კაცი.
ის ქალებიც, ქმრებმა რომ ყელები დაჭრეს,
იქნებ ცუდად იქცეოდნენ?
არც შტერი ნაციონალისტების მიტინგის დრო იყო.

ამიტომ ცნობად მიგვიღეს დაჩაგრული ადამიანები,
ცოტანი არიან, გაიფიქრეს.
ცნობად მიგვიღეს და დაგვივიწყეს,
როგორც ოცი წლის მკვდრები
მათ საფლავებს ბალახმა რომ გადაუარა.

 

მინდა გავიზარდო და ბაობაბისხელა გავხდე

ცხრა გაშლილი ხელი ვერ მწვდებოდეს.

გინესის რეკორდების წიგნში ჩამასვენონ.

ვკაშკაშებდე – ფილტრდადებული უნაკლო სელფივით.

ყველა გლამურული ჟურნალის ყდაზე ვეგდო,

როგორც დეკორატიული ფერადი ბურთები –  სულელურ ოფისებში.

სკანდალური ფრაზებით მედიას ვგეშავდე.

ფოტოაპარატებით თავს მესხმოდნენ.

„ათი კითხვა ცნობილ ადამიანს“ რუბრიკის სტუმარი ვიყო.

კულინარიულ შოუში რამე მთხლეობა გავაკეთო და მაინც შემაქონ.

ოდნავ დაღლილი ხმით რომელიმე ზოგადსაკაცობრიო თემაზე

ლექციას ვაძლევდე – გაუგებარი სათაურით.

გული სიხარულით მეხეოდეს, თუ სადმე მახსენეს,

მაგრამ მოჩვენებითი გულგრილობით ვამცნობდე სამყაროს

წერტილოვან წარმატებებს.

წერტილების ღრმა ორმოებად გადაქცევა შემეძლოს.

ბორცვების მთებად გადიდება.

 

ასე მინდა გავიზარდო.

მაგრამ მაგარი ქვეშაფსია ვარ.

მეშინია, შენს თვალში არ დავპატარავდე.

 

ადექი, დროა.

და უთხარი.

ძალა მოიკრიბე.

ლამაზად ჩაიცვი.

ყველა ფოტო ცეცხლს მიეცი,

ყველა წერილი ქარს გაატანე.

ყველა თქვენი დღე ამობეჭდე,

ამოახვიე.

მაკულატურაში ჩააბარე.

დროა, გამოდგი საყინულედან

ცრემლები.

მარილის ლოდებს

ყინულმჭრელით გადაუარე.

ადექი, გეყო

გამოგონილი დღესასწაული.

არ მოითმინო.

თითითსაჩვენებლობა.

სამაგალითო ცოლობა.

იძულებითი მრავალშვილიანობა.

არ დამალო ლურჯი მაჯები.

გათენებული ღამეები.

არ დათმო შენი თავი.

არ გაუყო. არ შეწირო.

არ მისცე. არ დაანახო.

არ გაფინო სარეცხი.

ააყირავე სამარილე.

აბრახუნოს კიდევ ცოტა ხანს

მაგიდაზე მუშტი, კოვზები.

დროა, ადექი.

და უთხარი, რომ

არც შენ გიყვარდა.

 

წარსულის ლიკვიდაცია

ყველა დილა იწყება ასე.
გავიკეთებ საყურეს რამეს, ძველს, რაც მიყვარდა.
რასაც ხშირად და მხიარულად ვატარებდი და უცებ მძიმდება.
თითქოს მოჰყვება მოგონებები,
ზედ აბია თითქოს ის დახლიც, რომელზეც იდო და ის ვიტრინა, რომელსაც დიდხანს ვუტრიალებდი, რადგან მიყვარდა.
და ისევ ვიხსნი.
და გამომაქვს გასასხვისებლად.
ფერად-ფერადი მძივები და სამაჯურები,
შარფები, ჩანთის კოლექციები და ტანსაცმელიც,
სხვადასხვა ზომის და სხვადასხვა სიყვარულის
დროს რომ მეცვა და მის გაქრობასთან ერთად უცებ
დაპატარავდა.
ან პირიქით, იქცა ტომრებად,
დაემსგავსა ჩონჩხს კარადაში ან უჯრებში ობი მოედო.
ვანიავებ.
და გამომაქვს გასასხვისებლად.
აზრი არა აქვს მათ შენახვას, დახარისხებას,
მიზნად დასახვას, რომ ხვალ გახდები,
ან ოც წელში დაბრუნდება მოდა და მერე
ქალიშვილი ამოქექავს დედას ჩანთიდან.
აზრი არა აქვს.
სულ რამდენიმე ნივთი დარჩეს
და იყოს წონაც, რაც დღესა გაქვს და გიყვარდეს
შენი თავი აქ და ასეთი.
რადგან რაც იყო, შეფუთული აბრეშუმის სილამაზეში
აღარაფრად ღირს და ჯობია,
არაფერი არ გეგონოს იმაზე მეტი, ვიდრე გერგება.
და დამთავრდეს კარადების გადალაგებაც,
როგორც ომების შემდეგ ქვეყნების.
დავიტოვოთ რაც არც გვამძიმებს და არც გვიჭერს.
დანარჩენი – გამოვიტანოთ გასასხვისებლად.
და წავიდეთ განახლებულ ცხოვრებებში დასასვენებლად.

© არილი

Facebook Comments Box