ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა საზოგადოებისათვის უკვე კარგად ცნობილი ფაქტია. დიდი ხანია, რაც მიმდინარეობს ქვეყნის ჯეროვნად წარსადგენად შესაბამისი მხატვრული ლიტერატურის შერჩევისა და თარგმნის პროცესი. პროცესი ღიაა, მასში მრავალი დაინტერესებული მხარე მონაწილეობს და მკითხველიც, შეძლებისდაგვარად, ინფორმირებულია. თუმცა, ჯერ კიდევ ნაკლებადაა ცნობილი, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში მომზადდა სპეციალური პროექტი, რომლის მიზანიც ფრანკფურტში ქართული სამეცნიერო, სამეცნიერო პოპულარული და საგანმანათლებლო ლიტერატურის წარდგენაა. რადგან ინფორმაცია მის შესახებ ჯერ კიდევ საყოველთაოდ ხელმისაწვდომი არ არის, ხოლო პროექტის უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს ღირსეული რეპრეზენტაციის საქმეში ეჭვს არ იწვევს, გადავწყვიტეთ შეკითხვებით მიგვემართა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფრანკფურტის პროგრამის ხელმძღვანელის, ბატონი კონსტანტინე ნაცვლიშვილისთვის და მისგან გაგვეგო დეტალები, როგორც პროექტის მიმდინარეობის, ასევე მისი მიზნებისა და პერსპექტივების შესახებ.
ბატონო კონსტანტინე, პირველ რიგში საინტერესოა, როგორი იყო მუშაობის პროცესი, ასე ვთქვათ მოსამზადებელი ეტაპი?
ჩვენი პროექტის კონცეფციაზე მუშაობა დავიწყეთ აპრილის თვეში. მაშინ სამინისტროები დაყოფილი იყო, არსებობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. რა თქმა უნდა, კონცეფციაზე მუშაობა დაწყებული იყო, მუშა პროცესი მიმდინარეობდა ბოლო წლების განმავლობაში. ეს კონცეფცია მნიშვნელოვნად გადავამუშავეთ, რაღაც შევცვალეთ, დაემატა ახალი გამოწვევები, ახალი თემები და აქედან გამომდინარე, გადამუშავებული კონცეფცია მაისის ბოლოს დავამტკიცეთ. ამასთან, იმის გამო, რომ დრო იყო ძალიან ცოტა, ლიტერატურის სელექციის პროცესში ჩავრთეთ ჩვენი პარტნიორი მხარე, პოლონური სამეცნიერო გამომცემლობა PWN და ერთ-ერთი საერთაშორისო ექსპერტი, რომელსაც თავის დროზე მონაწილეობა აქვს მიღებული ანალოგიურ პროექტში პოლონეთში. რა თქმა უნდა, პროცესში ყველა შესაბამისი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუცია გვყავდა ჩართული. თითქმის ყველა ვიყავით მისული, გავმართეთ შეხვედრები და შევეცადეთ ადგილზე გვენახა ის ხალხი, რომელიც დღეს რეალურ სამეცნიერო პროდუქტს ქმნის საქართველოში.
– მართალი გითხრათ, დღემდე თქვენი პროგრამის შესახებ საზოგადოება ნაკლებადაა ინფორმირებული. არა და, ის, წესით, ძალიან საინტერესო და, რაც მთავარია, დიდი მნიშვნელობის მატარებელი უნდა იყოს. პირადად მეც და მკითხველსაც, დარწმუნებული ვარ, ძალიან აინტერესებს თქვენი პროექტის ძირითადი კონცეფცია, ის მიმართულებები და კონკრეტული გამოცემები, რაც მოამზადეთ ფრანკფურტის ბაზრობაზე წარსადგენად.
უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პროგრამის ძირითადი მოტო არის ქართული ანბანი. ამიტომ თავდაპირველად, იდენტიფიცირება მოვახდინეთ იმისი, თუ რა გამოწვევები გვაქვს ამასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ქართული ენა, გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგენდეს ქართველოლოგიის, ან დღეს უფრო გაფართოვებული სახით, “ჯორჯიან სთადის” შესწავლის ინსტრუმენტს, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ამბიცია, რომ ის კავკასიოლოგიისათვის უნდა გახდეს დარგის ერთგვარი გასაღებს. ამიტომ ჩვენ შევეცადეთ ქართული ენა წარმოგვეჩინა, როგორც სამეცნიერო კონტექსტში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ამ ორი დიციპლინის შესასწავლად და ამით გაგვესაზღვრა მისი როლი მსოფლიო მეცნიერებაში, ერთგვარად, გარანტირებული საარსებო სივრცე გაგვეჩინა მისთვის მსოფლიო.
ჩვენ გვაქვს ისტორიული გამოცდილება აღმოსავლეთმცოდნეობაში, განსაკუთრებით ირანისტიკაში, ამიტომ შევეცადეთ, ჩვენი კომპეტენცია გვეჩვენებინა ამ მიმართულებით. ეს იქნება, როგორც სპარსულენოვანი გამოცემა, ასევე ქართულენოვანი გამოცემა, რომელის სამომავლოდ ინგლისურად თარგმნას ვაპირებთ, რადგან, სამწუხაროდ, თარგმანების დრო ძალიან შეზღუდული გვქონდა.
ამავე დროს, ჩვენ გვინდოდა ხაზი გაგვესვა, რომ საქართველოს გააჩნია ისეთი კომპეტენციები, მაგალითად, როგორიცაა ასირიოლოგია, რომელიც ჩვენი ზომის ქვეყნებისაგან შეიძლება განგვასხვავებდეს. შეიძლება უცნაურიც კი არის, რომ ასეთ პატარა ქვეყანაში, მცირე ადამიანური რესურსების პირობებში, შესაძლებელი გახდა ამ დარგის განვითარება.
გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ჩვენთან დიდი ხანია არ მომხდარა ნოტების სისტემური წარმოება. ამიტომ, თითქმის ყველა კომპოზიტორს, ან მათ მემკვიდრეებს დავუკავშირდით და შევეცადეთ მათი შემოქმედება ხელმისაწვდომი გაგვეხადა. სულ 44 გამოცემა მომზადდება: ზოგი მათგანი კრებულია, ზოგი ერთი კომპოზიტორის ნაშრომებს ეთმობა.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ გვაქვს საინტერესო მემკვიდრეობა, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, სადაც წლების განმავლობაში მოქმედებდა დიაფილმების სტუდია და მნიშვნელოვანი ქართველი მხატვრები ქნიდნენ საბავშვო ილუსტრაციებს ამ დიაფილმებისათვის. ეს არის სრულყოფილი ილუსტრაციები სწორედ იმ ტექნიკით შესრულებული და სწორედ ისეთი მხატვრული დონის, რაც დღეს ძალიან მოთხოვნადია, ამიტომ შევეცადეთ ეს საბავშვო ლიტერატურა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გაგვეხადა. ის გამოიცემა როგორც ქართულ ენაზე, ასევე გენმანულად, ინგლისურად, ფრანგულად.
ასევე, ჩვენ შევეცადეთ, ქართული კინოდრამატურგია გაგვეხადა შედარებით ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის და შვიდი მნიშვნელოვანი ფილმის სცენარი ითარგმნა ინგლისურად, მათი ნაწილი – ასევე გერმანულად. მართალია, ყველა ვერ მოესწრო, მაგრამ ეს სცენარები შესაბამისი ფოტოებით იქნება წარმოდგენილი ჩვენს სტენდზე.
მთავარი და უმთავრესი, ჩვენ წარვდგებით წელს პირველად ახალი ქართული ლექსიკონების ბრენდით. ეს იქნება ერთიანი ბრენდი თავისი ლოგო-ნიშნით, მართვის გეგმით და ამ საქმეში ყველა შესაბამისი ინსტიტუციაა ჩართული. ამიერიდან მსოფლიო ბაზარზე ლექსიკონების ერთიანი ბრენდით გამოვალთ. ცალ-ცალკე გამოცემათა რეკლამირება, მოგეხსენებათ, შედარებით რთულია, ერთიანი ბრენდის ქვეშ გაერთიანება კი ამ საქმეს აადვილებს. გარდა ამისა, ლექსიკონებს ექნება მახასიათებელი ყდის ფერი, რომელიც არ შეიცვლება, იქნება მარტივად ამოცნობადი და შევეცდებით, რომ სამომავლო ექსპოებში, სადაც საქართველო მიიღებს მონაწილეობას – სხვათა შორის, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უახლოეს მომავალში საქართველო შეიძლება იყოს წარმოდგენილი პარიზისა და ვარშავის ბუქფეარებზე – ჩვენი ლექსიკონების ბრენდი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო ინსტრუმენტის როლს შეასრულებს. ამის ერთ-ერთი უმთავრესი რეპრეზენტატი იქნება ეხლახანს მრავალწლიანი შრომის შედეგად დასრულებული, ძველი ქართული ენის დოკუმენტირებული ლექსიკონი, რომელიც უპრეცედენტო მასშტაბის, უმნიშვნელოვანესი, საეტაპო მიღწევაა ქართული მეცნიერებისათვის, ქართული კულტურისათვის.
გარდა ამისა, გვექნება კვლევები ლიტერატურათმცოდნეობასა და ხელოვნებაში. რა თქმა უნდა, იქნება წარმოდგენილი კვლევები ისტორიის შესახებ: შევეხებით ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს – ინდუსტრიალიზაციის პერიოდს. სხვათა შორის, ამ პროცესით ვენათესავებით ბევრ ევროპულ ქვეყანას და აქედან გამომდინარე, ეს გამოცემა კიდევ მეტ მნიშვნელობას იძენს. ასევე, გაქვს ძალიან საინტერესო წიგნი, რომელშიც განხილული იქნება ისტორიული მნიშვნელობის მქონე ყველა სტამბა, მათ შორის, ავლაბრის არალეგალური სტამბა, რომელსაც, როგორც ვიცით, მსოფლიო მნიშვნელობა გააჩნია და ამ მიზეზით მას არაერთი ტურისტი სტუმრობს. საერთოდ, შევეცადეთ, მთელი კულტურული და სამეცნიერო პლასტი, რაც გაგვაჩნია, შეძლებისდაგვარად, გადაგვეფარა და გაგვეჩინა განცდა, რომ ამ პროგრამის მიღმა დგას ბევრად უფრო დიდი, მოცულობითი კულტურა და მეცნიერება. ეს არის ჩვენი პროგრამის ძირითადი მონახაზი.
ბატონ კონსტანტინესთან ამ საუბრის შემდეგ, საინტერესოდ ჩავთვალე გამეგო, თუ რას ელიან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისაგან სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული და საგანმანათლებლო ლიტერატურის პროგრამის მთავარი მონაწილეები, ადამიანები, რომლებზეც დიდ წილად არის დამოკიდებული ამ პროექტის წარმატება – ქართველი მეცნიერები. ამიტომ, რამდენიმე შეკითხვით მივმართე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, თსუ პროფესორს, ბრწყინვალე ქართველ ხეთოლოგს, ქალბატონ ირინე ტატიშვილს, რომლის ორი ნაშრომის პრეზენტაციაც დაგეგმილია ფრანკფურტის ბაზრობის ფარგლებში.
– თქვენი აზრით, რამდენად და რით არის საინტერესო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მსგავსი ფორუმები, რა საშუალებებს იძლევა, რა შედეგი შეიძლება იქონიოს?
– წიგნის ბაზრობები საინტერესოა, ალბათ, არა მარტო მეცნიერისთვის, არამედ, ზოგადად წიგნიერი ადამიანისთვის, მათთვის, ვისაც წიგნი უყვარს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რა თქმა უნდა, თავისი გრანდიოზული მასშტაბებით მხოლოდ საოცნებო ადგილი შეიძლება იყოს წიგნის მოყვარულთათვის. წელს, როგორც ცნობილია, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა სამოცდამეათედ ტარდება და ამ საიუბილეო ღონისძიების საპატიო სტუმარი საქართველო იქნება. ასე რომ, ქართველი მეცნიერისთვის უაღრესად საინტერესო შეიძლება იყოს ამ უდიდეს ფესტივალზე დასწრება. თუ მას, ამასთან, შესაძლებლობა აქვს საკუთარი ნაშრომითაც წარდგეს ფრანკფურტში, ეს პირადი სამეცნიერო თუ ბიბლიოფილური ინტერესების დაკმაყოფილების გარდა, შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს დარგისთვისაც, რომელსაც ის ემსახურება. ქართველი მეცნიერის ნაშრომის პრეზენტაცია, იმედია, მასთან თანამშრომლობით დააინტერესებს უცხოელ კოლეგას ან გამომცემლობას, რაც, უდავოდ, ხელს შეუწყობს ჩვენი მეცნიერების მიღწევების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანას. უცხოელ კოლეგათა მხრიდან გამოჩენილი ინტერესი კი, როგორც წესი, ჩვენი თანამემამულეთათვისაც გადამდებია ხოლმე.
– პირადად თქვენთვის, დარგის წამყვანი სპეციალისტისთვის, საერთაშორსო აღიარების მქონე მეცნიერისთვის, რამდენად საინტერესოა მსგავს, ასე ვთქვათ, არა „წმინდად სამეცნიერო“ ღონისძიებაში მონაწილეობა? რა პერსპექტივები არსებობს და რაში ხედავთ თქვენს როლს ამ საქმეში?
– დიდი მადლობა ჩემი ასე მოხსენიებისთვის,საერთოდ, საკმაოდ მცირეა ასირიოლოგთა რიცხვი მსოფლიოში, ამიტომ ყველანი მეტ-ნაკლებად ერთმანეთს ვიცნობთ. რა თქმა უნდა, მეც იგივე ინტერესი შეიძლება მქონდეს, რაც სხვა ქართველ მეცნიერს. ასეთ არა „წმინდად სამეცნიერო“ ღონისძიებაში მონაწილეობა ხანდახან, ალბათ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წმინდა სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა, ვინაიდან დარგის პოპულარიზაციის პერსპექტივებს შეიძლება ზრდიდეს. ეს განსაკუთრებით სჭირდება ისეთ ვიწრო დარგებს, როგორიცაა, მაგალითად, ასირიოლოგია _ ძველი ახლო აღმოსავლეთის ცივილიზაციების შემსწავლელი მეცნიერება, რომელსაც ჩემს კოლეგებთან ერთად ვემსახურები. ასირიოლოგია ელიტარულ დარგად ითვლება. ეს არ არის ყველა ქვეყანაში მასობრივად გავრცელებული დარგი. ამიტომაც მოიხსენიებენ ხოლმე მას გერმანელები ტერმინით – Orchideenfach, რაც აღნიშნავს იშვიათ, მოსაფრთხილებელ სპეციალობას, რომელიც ყველა უნივერსიტეტის სიმდიდრეს შეიძლება წარმოადგენდეს. სამწუხაროდ, მას პრაქტიკული, ასე ვთქვათ „საბაზრო“ ღირებულება არ აქვს. ამიტომ ასირიოლოგიას, ისევე როგორც მისი ბედის მოზიარე მეცნიერების სხვა დარგს, სჭირდება პოპულარიზაცია და რეკლამა.
მე შესაძლებლობა მომეცა, რომ ფრანკფურტის წიგნის ფორუმზე წარვადგინო ჩემი წიგნი „ქართულ-ხეთური ლექსიკონი“, რომელიც 2017 წელს გამოსცა „პროგრამა ლოგოსმა“, ხოლო ამჯერად სპეციალურად გამოფენისთვის ხელახლა გამოიცემა პოლონეთში. ამას გარდა, ნინო სამსონიასთან ერთად წარვადგენთ წიგნს, რომელსაც, ერთ-ერთი შუმერული ლოცვის მიხედვით, დავარქვით „ზაფხულის მოკლე ღამე“ და რომელიც შუმერული, აქადური და ხეთური რელიგიური და სალიტერატურო ტექსტების კრებულია. ჩემი და ნინო სამსონიას მიერ შესრულებული თარგმანების გარდა, წიგნში შევიტანეთ აქადური ლოცვები, რომლებიც ამოკრებილია მსოფლიოში სახელგანთქმული და ჩვენს ქვეყანაში დღემდე, სამწუხაროდ, შედარებით ნაკლებად დაფასებული მეცნიერის, მიხეილ (მიხაკო) წერეთლის ცნობილი „გილგამეშიანიდან“.
ჩვენი ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ის არის, რომ სამეცნიერო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ ასირიოლოგიის როგორც დარგის მდიდარი ტრადიციები საქართველოში და იმედი მაქვს, რომ ფრანკფურტის ბაზრობა ჩვენი დარგის პოპულარიზაციისთვის და მისი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდება.
© არილი