პოეზია

ნიკა ლაშხია – სახლი და ხვა ლექსები

სახლი

მე შენი პატრიარქი ვარ.

ანუ პირველი, ვინც შენს ჩახლართულ საქმეებს აგვარებს
და შენი სულის სიღრმეებში ეფლობა.

ჩვენი ლოცვა ყალბია, როცა ლამპიონის ქვეშ
მშიერი ძაღლები დგანან და ჩამქრალი კორპუსის ფანჯრებს უმზერენ.
მე შენი პატრიარქი ვარ,
როცა იღვიძებ, და ონკანში ჩაყრილი თეფშების გასარეცხად ემზადები.
ჩვენი ყოფა მექანიკურია.

ტაძრის ჯვარი იმ კარის ღრიჭოა,
რომელიც გარე სამყაროსთან გვაკავშირებს,
სადაც ღმერთები იშვიათად აიტუზებიან,

ჩვენ კი, ძირითადად, ყავით ვუმასპინძლდებით.

არაფერს ვიტყვი უფრო დიდ ჯვრებზე,
რომელიც ჩვენი ტაძრის კედლებს აკავშირებს ორ ქუჩასათან;
ქუჩა კი, თავის მხრივ, ერთადერთი ადგილია,
სადაც შეგიძლია ბედნიერი იყო,

თუ, რა თქმა უნდა,

ნაცნობი არ შეგხვდა…

ჩვენი საგალობელი სიჩუმეა,
სექსი კი რიტუალი, რომელსაც საკმეველი არ სჭირდება.
მე შენი პატრიარქი ვარ,
რომელიც მოკვდება
და სასწაულებს ვერ მოასწრებს.

 

აანთე შუქი, სანამ ჩაგვიჭრიან!
დაკეტე კარი, სანამ ბანკის ანგელოზები არ შემოგვინგრევენ!
ბრმად ნუ მენდობი.
შეისწავლე ჩემი უსაგნო მეტაფორები,

ჩემი მეტაფორული საგნები…
მე შენი პატრიარქი ვარ.

მოემზადე სიყვარულისთვის.

 

* * *

როგორც დამშვიდობებისას თვალის ჩაკვრა,
როგორც ხეზე დაკიდებული საქანელა,
როგორც წაშლილი ლექსები,
როგორც შიშველი ხერხემალი
და წვერის პარსვისას წაღიღინება რაღაც სიმღერის,
ასე სხვადასხვა კადრებისგან შექმნილი ფილმივით
ვარსებობდით და მახსენდება,
რომ დარბაზში მე ვიჯექი მხოლოდ,
როგორც უშენობის ერთადერთი მოწმე,
რომლის დაკითხვა არ აინტერესებდა არავის:
არც წვერის პარსვისას წაღიღინებულ სიმღერას,
არც თვალსაწიერს,
არც ხეზე დაკიდებულ საქანელას,
რომელზეც დროგამოშვებით
ფიფქები ისხდნენ და ყინვას ნატრობდნენ.
მე და შენ სხვადასხვა ოთახში დავრჩით
და მაინც დარჩა მანძილი, რომელსაც ვეჭიდებით,
რომელიც უფრო ტკბილია,
როგორც წაშლილი ლექსები.

კარნახი

 ჩვენ, განურჩევლად სქესისა
და განურჩევლად მრწამსისა,
განურჩევლად ორიენტაციისა
და განურჩევლად მისწრაფებებისა,

გვკარნახობენ, როგორ ვიცხოვროთ,
როდის გავცუროთ, როდის შევტოპოთ,
როდის ვიბრუნოთ პირი ნაპირისკენ,
როდის შევიტანოთ პროცენტების ფული,
ელექტროენერგიის ფული,
წყალმომარაგების ფული,
ნაგვის ფული.
როდის ჩავაგდოთ შესაწირი ხურდები,
როდის გვიყვარდეს,
როდის გვძულდეს,
ვისთან უნდა გვქონდეს სექსი,
როდის დავიბოღმოთ,
როდის მოვკლათ
და, ბოლოს და ბოლოს,
როდის ვილოცოთ!
ჩვენ გვკარნახობენ,
რა უფრო ფასეულია,
რა უფრო მორალურია,
რა უფრო მცდარია.
როდის დგება სიყვარული
და სიყვარულისგან გაჩენილი ტკივილების მოშუშება
როდის არის შესაძლებელი.
როდის შეიძლება მოვიგოთ ომი,
როდის უნდა გავიხლართოთ მავთულხლართებში,
როდის უნდა გავიდეთ გარეთ,
როდის უნდა ამოვიღოთ ხმა
და, ბოლოს და ბოლოს, როდის უნდა გვაკურთხონ.
გვკარნახობენ, მაგრამ ავიწყდებათ,
რომ ჩვენ ცუდი მოსწავლეები ვართ
და ვეცნობით კლასგარეშე ლიტერატურას…

უ’მოძრაობა 

პოლიტიკოსი დგას
ტელევიზორი დგას
მამაჩემი დგას
საქართველო დგას
ჩემი შვილები დარბიან

* * *

ვსხედვართ კაფეში, ჩაი და ყავა.
ეს ყველაფერი გადმონაშთია თითქოს წარსულის.
მხოლოდ ხელები იცავენ დისტანციას,
ხოლო თვალები გვამხელენ.
ჩვენ არ ვსაუბრობთ სიყვარულზე,
ჩვენ ერთმანეთის მოკითხვით ვტკბებით.
მხოლოდ დროდადრო, როცა თვალებს
თვალებში ვამწყვდევთ,
იმ ზღვაში ვხვდებით, სადაც ვარწევდით ამდენ იალქანს,
ვეღარ შევტოპეთ, ალბათ, ჩაყვინთვა დაგვაგვიანდა…
სხვა ნაპირს გავყვეთ, სხვა ნაპირს გავყვეთ,
სულ სხვა ძეგლების მსხვერპლნი ვართ ახალა,
როცა ვსხედვართ და თვალები გვამხელს
და, რასაც ვამხელთ, თვალებით ვმარხავთ…

მუშა

მზე ადრე გადის სამსახურში
მამაჩემი მზეზე ადრე გადის სამსახურში
მზე ყოველთვის უკან ბრუნდება
მამაჩემის დაბრუნება ყოველთვის საეჭვოა

© არილი

Facebook Comments Box