1
ქუჩაში გაზრდილი ბავშვები ვიყავით. უპატრონოები არ ვყოფილვართ, მშობლები გვყავდა. უბრალოდ, ჩვენ ქუჩაში ყოფნა გვიყვარდა. დილიდან-საღამომდე იქ ვიყავით. ბევრ რამეს ვთამაშობდით. ძირითადად ბურთით. ბურთი თუ არ გვქონდა, დავრბოდით. თუ არ დავრბოდით, ვისხედით და ვიკბინებოდით. ვიკბინებოდით გაუთავებლად, იქამდე, სანამ საბოლოოდ თმებით არ ვითრევდით ერთმანეთს. მერე მშობლები სახლებში მიგვათრევდნენ. დილით კი, ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ბურთი, სირბილი, კბენა. ბურთი, სირბილი, კბენა…
ერთმანეთის ეზოებშიც დავდიოდით. ეზოში ომობანას ვთამაშობდით, გუგას თოფებით. გუგას ბევრი თოფი ჰქონდა. ყველაზე ბევრი. ყველა თოფს სჭირდა რაღაც, მხოლოდ გუგას თოფი იყო კარგი და მთელი. გუგა „ჟმოტი“ არ იყო, მაგრამ საუკეთესო მაინც თავისთვის უნდოდა. ჩვენც გვინდოდა ყველაზე კარგი თოფი. პრეტენზიას რომ გამოვთქვამდით, გუგა მოკლედ მოგვიჭრიდა: „ჩემია და მორჩა!“. პირველ ჯერზე ამას ვერ ვეგუებოდით, შემდეგ მივეჩვიეთ და ყველანი უსიტყვოდ ვიღებდით გუგას შემოთავაზებულ თოფებს.
ყველას გვქონდა ჩვენი ეზო.
არდადეგებზე ბავშვები აღარ ჩანდნენ. თავიდან მეგონა, რომ სადღაც ქრებოდნენ, მიფრინავდნენ და დაბრუნება არ ეწერათ. მაგრამ ერთი-ორჯერ რომ დაბრუნდნენ, დავრწმუნდი, რომ მათ არ ჰქონიათ ფრთები და ვერასოდეს გაფრინდებოდნენ ძალიან შორს. მე არასოდეს ვქრებოდი. ყოველთვის ჩემს ეზოში ვიყავი. მე და ჩემი ცალთვალა თოჯინა.
2
როგორც კი შებინდდებოდა, ქუჩაში „გრუზავიკი“ ჩამოივლიდა ხოლმე. მას უკან დიდი, უშველებელი საბარგული ჰქონდა. მას შემდეგ რაც ბუცამ ერთი შემზარავი ისტორია მოგვიყვა, ყველას გვეშინოდა ამ რვაბორბლიანი მონსტრის გამოჩენის.
ერთ საღამოს, როცა „გრუზავიკმა“ ჩამოიარა, და ღობესთან, ჭუჭყიან ასფალტზე ვისხედით, ბუცამ დაიწყო:
- იცით ამხელა საბარგული რატომ აქვს?
- მამაჩემმა მითხრა, რო მაგით ტვირთი გადააქვთ. – უპასუხა ანუკამ და სათამაშო მანქანაში ჯოხის ჩხიკინი განაგრძო.
- აუფ! არააა, ტვირთის გამო არ აქვს.
- აბა რის გამო აქვს? – თვალები მოჭუტა ანუკამ.
- აუუ, ეგ თუ გითხარით… – მრავალმნიშვნელოვნად თქვა ბუცამ და ღობეზე გაწვა.
- ეე, თქვი რა. თუ დაიწყე დაამთავრე! – შეუღრინა დათუნამ.
- მოკლედ, მისმინეთ და რასაც გეტყვით, არავის უთხრათ. გაიგეთ?! – „გავიგეთ“ ერთხმად შევყვირეთ და ყურები ვცქვიტეთ. ბუცამ კი დაიწყო.
- გუშინწინ, გვიან ღამით ქუჩაში გამოვედი, მაინტერესებდა რა, რა ხდებოდა გარეთ, ხოდა, გამოვედი და ვხედავ, ეს გრუზავიკი, ზუსტად ეს, გაჩერებულია გიჟი ზაურა ბიძიას ღობესთან. ხოდა ვიფიქრე, ამ შუაღამით აქ რა უნდა-მეთქი და სახლში შევედი, დურბინდი გამოვიტანე, კარგად რო დამენახა, რა. ხოდა, ვხედავ, საბარგულიდან ვიღაცა კაცს ცელოფნებში შეხვეული რაღაცეები გადმოაქ და გიჟი ზაურა ბიძიას ეზოში შეაქ. გიჟი ზაურაც ეხმარებოდა. ბევრი ეგეთი რაღაც გადმოიღეს. დურბინდით კი ვიყურებოდი, მარა შიგნით რა იყო როგორ დავინახავდი, ხოდა დაველოდე ეს კაცი როდის წავიდოდა და გიჟი ზაურა ბიძიაც როდის დაიძინებდა. ველოდე რა დიდი ხანი, და ბოლოს როგორც იქნა წავიდა, გიჟი ზაურა ბიძიაც შევიდა სახლში და მე ჩუმად …
- ეეე, იტყვი თუ არა რა იყო იმ ცელოფანში?! – ისევ შეუღრინა დათუნამ.
- დამაცადე ბიჭო, ვყვები. ვა! ხოდა – განაგრძო ბუცამ – მივდივარ და მივედი გიჟი ზაურა ბიძიას ჭიშკართან. ჩუმად შევაღე. ბიჭოო, ეზოში არაფერი არ დევს. ხოდა ვიფიქრე, პადვალში ხო არ შევიპაროთქო. არ შემშინებია, ისე შევედი პადვალში და ვხედავ, ეს ცელოფნებში გახვეული რაღაცეები ერთმანეთზე დევს. მეთქი რა არი, ხოდა, მივედი. არ შემშინებია, ავიღე და ასე, შიშველი ხელებით, ჩუმად გავხიე ცელოფანი და შიგნით იცით რა ვნახე?
– არა, საიდან უნდა ვიცოდეთ? რა ნახე? – იკივლა ნინუცამ.
– რა და მკვდარი ბავშვები.
– აუუ, შენ იცი ვის მოატყუე ბიჭო?! – ისევ შეუღრინა დათუნამ.
– გინდ დაიჯერე, გინდ არა. მე ვნახე და…
– კაი, წამოდი მაშინ ამ საღამოს და ვნახოთ ერთად!
– არ დამიმთავრებია ჯერ რა! გუშინაც ვიყავი და აღარ იყო და გუშინ რო ვიყავი, გიჟმა ზაურა ბიძიამ დამიჭირა და აქ შემოსული აღარ დაგინახო, თორე შენც და შენს მეგობრებსაც ნახავთ რასაც გიზამთო! ხოდა არ უნდა შეხვიდეთ, არც თქვენ და არც მე. იმიტო გეუბნებით ზუსტად, რო მერე რო შეხვიდეთ …ეგრე იზამს… მოგვკლავს!
– იტყუები!
– არ ვიტყუები!
– კი!
– არა! აუ, მე გაგაფრთხილე დათუნა, რა, და შენ რაც გინდა ის ქენი!
– რათ უნდა ის ბავშვები?! – იკითხა შეშინებულმა ანუკამ.
– თოჯინებს აკეთებს მერე მაგისგან.
– შენ რა იცი, რას აკეთებს?! – არ უთმობდა დათუნა.
– რა ვიცი და, გიჟმა ზაურა ბიძიამ რო დამიჭირა, ხელში თოჯინა ეჭირა.
– იქნებ, სხვა თოჯინა იყო, მაღაზიაში ნაყიდი?
– ნტ, არა. – თავდაჯერებულად თქვა ბუცამ და თავი გააქნია.
– მე არ მჯერა რა! მატყუარა ხარ! წავედი სახლში! – დათუნა წავიდა.
– თქვენ ხო გჯერათ? – გვკითხა ბუცამ.
კი, ჩვენ გვჯეროდა. გვჯეროდა, რომ გიჟი ზაურა ბიძიასთვის, „გრუზავიკით“ მოჰქონდათ მკვდარი ბავშვები და მერე ამ ბავშვებისგან ის თოჯინებს აკეთებდა. თოჯინებს, რომლითაც მერე ვთამაშობდით და ჩვენ ამ თოჯინების არ გვეშინოდა. არ ვიცი რატომ. აი, ასე – არ გვეშინოდა.
3
ბუცა ჩემს გვერდზე ცხოვრობდა. ასე ჩვენ შევარქვით. უფრო სწორად, დათუნამ შეარქვა და მერე ყველამ ავიტაცეთ, მშობლებიც ასე ეძახდნენ და ყველა. ბუცას იმიტომ ვეძახდით, რომ ბუსავით თავი ჰქონდა. მრგვალი, ფუმფულა და როდესაც თამაშით დაიღლებოდა ან ყველანი მოვბეზრდებოდით, ხეზე ძვრებოდა. ხის ტოტები ქუჩას დასცქეროდნენ და ბუცაც იქიდან დაგვცქეროდა ჩვენ. დათუნამაც იფიქრა: ხე ხომ ცასთან ახლოს არისო, თან ბუსავით თავიც აქვსო და მოდი „ბუცა“ შევარქვათო. ხოდა ასე. დათუნას ამბიცია ჰქონდა, რომ თითოეული ჩვენგანისთვის გადაერქმია სახელი. უნიჭოდ გამოსდიოდა, მაგრამ „ბუცა“-ზე კარგად გამოუვიდა.
ბუცას მაინც და მაინც, არ უყვარდა ლაპარაკი. მხოლოდ მაშინ ამოიღებდა ხმას, როცა რამე ჰქონდა მოსაყოლი. განსაკუთრებით კი, როცა საქმე გიჟი ზაურა ბიძიას თოჯინებს და მკვდარ ბავშვებს ეხებოდა. ბუცა გვიყვებოდა, როგორ მოჰქონდა „გრუზავიკს“ კვირაში ერთხელ, გვიან ღამით, გიჟი ზაურა ბიძიასთვის მკვდარი ბავშვები. ჩვენც გვინდოდა ამის ნახვა, თუმცა ბუცა გვარწმუნებდა რომ არ ღირდა, რადგან მძიმე სანახაობა იყო. ჩვენ მაინც გვინდოდა და ბუცას ვთხოვდით, როცა „გრუზავიკი“ ჩამოივლიდა გავეღვიძებინეთ. ის წინააღმდეგობას გვიწევდა: „როგორ გაგაღვიძოთ, ერთ სახლში ხომ არ ვცხოვრობთ ყველანი“-ო. ჩვენც აღარაფერს ვეუბნებოდით და მხოლოდ ბუცას მონათხრობებს ვჯერდებოდით. დათუნა კი ერთადერთი იყო, რომელიც არასოდეს უსმენდა მას და თუ რაიმე ისეთს გაიგონებდა, რაც მის ყურს ცუდად მოხვდებოდა, მაშინვე მუშტი-კრივზე გადადიოდა. თან ბუცას გაღიზიანებული და ანერვიულებული ეძახდა „მატყყყყყუარა! მატყყყყუარა“-ს. ბუცას კი დათუნას წინააღმდეგობა არ აშინებდა. მას ჩვენ ვყავდით. ბავშვები, რომლებიც მის მონათხრობებს (როცა ამას თავად მოისურვებდა) ყოველთვის გულის კანკალით ვუსმენდით. ცალ-ცალკე არასოდეს, არავის გველაპარაკებოდა ამის შესახებ. სულ იძახდა „ეს ისეთი ამბვია, ყოველ წამს ამაზე ლაპარაკი არ შეიძლებაო“.
ორი-სამი დღე ისე გავიდოდა ხოლმე, ბუცა სახლიდან არ გამოდიოდა. არც ხეზე ძვრებოდა და არც ეზოში ეთამაშებოდა თავის უშველებელ ძაღლს. მისი სახლიდანაც მხოლოდ სიჩუმის ხმა ისმოდა. ბუცას არყოფნით, მაინც და მაინც დიდ დანაკლისს არ განვიცდიდით, რადგან საკმარისად ბევრნი ვიყავით და თავი მის გარეშეც გაგვქონდა.
4
ეზოში ვთამაშობდი, როცა თავსხმა წვიმა წამოვიდა, ზაფხულის წვიმა იყო, მაგრამ დედამ მაინც დამიძახა, „სახლში შემოდიო“. ამას უკვე დედაჩემის თქმის გარეშეც ვხვდებოდი, ამიტომ სახლში დაუყოვნებლივ შევედი. სათამაშოები გარეთ, აივნის კიბეზე დაყრილი დავტოვე. რამოდენიმე წუთის შემდეგ, სახლში შესულს გამახსენდა, რომ აივანზე, ნაჭრის მუცლიანი და პლასტმასის ხელ-ფეხ-თავიანი, ცალთვალა თოჯინაც დამეტოვებინა და იმის შიშით რომ ჩემს თოჯინას წვიმა დაალპობდა, გულგახეთქილი გავვარდი გარეთ.
„ვიცი, ვიცი რომ აქ დავტოვე. წვიმა როგორც კი წამოვიდა და დედამ დამიძახა, თოჯინას ხელი გავუშვი და სახლში შევედი. ოოო, მომეკიდებინა ხელი და წამომეყვანა! ახლა სად ვიპოვო, სად ვიპოვო ამ წვიმაში?! იქნებ დედამ აიღო? ან იქნებ… გიჟი ზაურა… ვაიმე! გიჟი ზაურა ბიძია! იმან წაიყვანა! ხო, აბა სხვა ვინ წაიყვანდა. ახლა რა ვქნა? რა გავაკეთო? იქ რომ მივიდე, დამინახოს და მომკლას? ბუცას ვეტყვი, გამომყვება. მაგას ხო არაფრის ეშინია. მაგრამ ბუცას საიდან ეცოდინება სად ექნება ჩემი თოჯინა იმას? მაგრამ რათ უნდა თოჯინები გიჟ ზაურა ბიძიას?“
თავიდან ფეხებამდე დასველებულმა, სახლში ტრაგიკული ხმით განვაცხადე, რომ ცალთვალა დავკარგე და თან ჟღვლინტებს სვიტერის სახელოთი ვიწმენდდი. გაუთავებლად ვტიროდი. მინდოდა, თოჯინის ქურდი ისე მეცემა, როგორც დათუნა სცემდა ხოლმე ბუცას.
დედამ მითხრა, რომ როგორც კი წვიმა გადაიღებდა მაშინვე დაიწყებდა თოჯინის ძებნას. მამა კი დამპირდა: „თუ ვერ ვიპოვით, ახალს გიყიდი, ოღონდ მაგის გამო ნუ მოთქვამო“. არადა მე თოჯინას კი არა, ჩემს შელახულ ღირსებას მივტიროდი. იმას, თუ როგორ გამიბედეს ასეთი რამ. თან ცნობისმოყვარეობა მკლავდა: „ნეტა მართლა იმან წაიღო?“
წვიმას ორი დღე არ გადაუღია. მესამე დღეს კი, რომ გამოიდარა, დედა თოჯინის ძებნას შეუდგა, მაგრამ ვერ იპოვა. ჩემი თოჯინის დაკარგვის შესახებ სამეზობლოში ყველამ შეიტყო. დიდი არაფერი თოჯინა იყო. მეტიც, ცალი თვალი ამოვარდნილი ჰქონდა. მეზობლებს კი, ჩემი არ იყოს, თოჯინის დაბრუნება კი არა, ქურდის ვინაობა აინტერესებდათ, ამიტომ მას ყველა ეძებდა.
თოჯინის ძებნა გაჭიანურდა. ამას ისიც დაემატა, რომ ჩვენი მეზობელი, ბუდუ ბაბუა მოკვდა. ასე რომ, არავის სცხელოდა არც ჩემთვის და მით უმეტეს ჩემი ცალთვალა თოჯინისთვის.
5
თოვლი იყო. იმ ზამთარს იმდენი ხანი თოვდა, რომ ყველას მოგვბეზრდა და ქუჩაში აღარ გავდიოდით. ან ერთმანეთის სახლებში ვთამაშობდით, ყველა ერთად. ან ჩვენს სახლებში, ცალ-ცალკე. მაშინაც სახლში ვიყავი. მაგიდაზე დიდი თხელი საბანი მქონდა გადაფარებული და მის ქვეშ ვიყავი შემძვრალი. თავს უჩვეულოდ, მყუდროდ ვგრძნობდი და იქიდან გამოსვლას არც ვაპირებდი. უცებ ხმა მომესმა:
-ბუცა! შემოდი!
ჩემი სამფლობელოდან გავიჭყიტე. სახლის კარი ნინოს შემოეღო. ნინო, ბუცას დედა იყო.
– შემოდი-მეთქი, ბუცა, თორემ არ ვიცი რას გიზამ. შემოდი და ბოდიში მოიხადე!
ბუცა აბუზული იდგა და ხელში ჩემი ცალთვალა ეჭირა. თავს მაღლა არ სწევდა. უფრო სწორად, თვალებს. დაბლა, ერთი წერტილისთვის მიეშტერებინა. ამ სურათით გაკვირვებულმა, ჩემი მოწყობილი სახლიდან, ნელ-ნელა, ჯერ თავი გამოვყავი, მერე ტანი, მერე ფეხები და ბოლოს წამოვდექი. ნინომ კი ბუცა ძალით შემოაგდო სახლში და კიდევ ერთხელ უთხრა, რომ ბოდიში მოეხადა ჩადენილი საქციელის გამო.
ბუცა ჩემ წინ იდგა. არ მიყურებდა და მაშინ მომეჩვენა, რომ თავი უფრო მეტად გადიდებოდა. ხალიჩაზე ჯერ ერთი წვეთი დავარდა, მერე მეორე, მესამე, მეოთხე … მეტი ვეღარ დავითვალე. ბუცა ტიროდა. ამომხედა და თვალებით მთხოვა, რომ თოჯინა მისთვის დამეტოვებინა.
ნინომ ბუცას ცალთვალა ხელიდან გამოგლიჯა და მომაჩეჩა. მერე ყველას მის ნაცვლად მოგვიხადა ბოდიში, ბუცას ხელი მოჰკიდა და ისევ ძალდატანებით გაიყვანა სახლიდან. ბუცა ტიროდა, ახლა უკვე ხმამაღლა. მე თოჯინა აღარ მინდოდა. არც ბოდიში მინდოდა. არც ქურდის ცემა მინდოდა. მინდოდა, რომ ამ თოჯინით ისევ ეთამაშა ბუცას. რაც მოუნდებოდა ის გაეკეთებინა მისთვის; მეორე თვალიც ამოეთხარა, ფეხიც მოეძრო, ხელიც, თავიც… არაფერი დაეტოვებინა. საერთოდ არაფერი. ბუცა შემეცოდა და მეც ავტირდი.
* * *
დიდი ხნის შემდეგ, როდესაც გიჟი ზაურა ბიძია გარდაიცვალა, ჩვენც გავიზარდეთ და „გრუზავიკმაც“ ჩვეულ დროს ჩამოიარა, მივხვდით, რომ არც მკვდარი ბავშვები არსებობდნენ და არც მათგან გაკეთებული თოჯინები. იმასაც მივხვდით, რომ ეს ყველაფერი ბუცამ გამოიგონა.
ბუცას თოჯინებით თამაში უყვარდა.
© არილი