პოეზია

ქეთი გზირიშვილი – მარცვლის სიმღერა და სხვა ლექსები

 

მარცვლის სიმღერა

არ გაიმხილო, რომ მკვდარი ხარ,
თუკი გინდა, რომ გაგაცოცხლონ.

თუ გინდა, აღდგე სიკვდილისგან,
არ დაიჯერო, რომ მკვდარი ხარ.

არ შეეგუო, რომ მკვდარი ხარ,
რადგან მოვა შენთან სიცოცხლე

და მკვდრად მანამ ვერ ჩაითვლები,
ვიდრე იგი მოსვლას აპირებს.

 

* * *

ერთ დღესაც თავდაყირა დგები.
უცებ აღმოაჩენ, რომ სხვა ადამიანად გიცხოვრია,
სხვა ყოფილხარ მანამდე.
ჯერ ფრთხილად ეხები საკუთარ თავდაყირა თავს,
თვალს უსწორებ,
უღიმი დაძაბულობისგან მობრეცილი ტუჩით.
მერე იძინებ.
დგება სხვა დღე და ხვდები, რომ ისევ თავდაყირა ხარ,
ოღონდ ხელები აღარ გაქვს, რომ თავს შეეხო –
აღარ გჭირდება მოსინჯვა და ტუჩის გასწორება,
რადგან ხელები, რომლებსაც თავისკენ იწვდენდი,
შენს ტანს სწევენ ცისკენ
და ისე მოგწონს ეს მდგომარეობა,
რომ გავიწყდება შენი გაწონასწორებული,
ფეხებზე დაყრდნობილი წარსული.
მერე იძინებ.
და იძინებ.
დრო მხოლოდ ღიმილია მოუბრეცავი.
რჩები თავდაყირა, თითქოს ასე ჩამოეზარდე ხის ვარჯს,
ასე გამოისხი, გაზარდე და დაიცვინე ყველა ფოთოლი,
ასე გამონასკვე ყლორტის ბოლოში ყვავილი
და უშლი თავს მზის ამოსვლისას,
როცა გულზე ჩიტი გიმღერის.

 

CORPUS

როცა აღმიქვამს, ჩემკენ ბრუნდება და ლაპარაკს იწყებს.
მიყვება, როგორი სუსტია, როგორ სტკივა.
აი აქ, აი აქ.
მიყვება, როგორ ახსოვს.
აი აქ, აი აქ.
შუა საუბრისას ჩუმდება და ზურგით დგება.
ამ დროს არაფერს ვეუბნები.
საერთოდაც არაფერს ვეუბნები –
მე ხომ მხოლოდ მსმენელი ვარ,
ვინც ვტირი მისივე თვალებით,
ვიჭამ მისსავე ტუჩებს,
ვიხვევ მისსავე ხელებს ამოჩრილ ნეკნებთან და ვიხუტებ.
ის კი მოულოდნელად ითავისუფლებს თავს,
მიდის ფანჯარასთან და იყურება სივრცეში,
რომელიც კედლებით მთავრდება,
როგორც ჩვენი კომუნიკაცია.
მომდევნო კავშირი მექანიკურია –
ვაგრძელებ მის მოწესრიგებას,
გამოკვებას,
წაყვანას სავალდებულო ადგილებზე,
მისი ხმით ლაპარაკს – თუ სურთ,
მისი სახით გაღიმებას – თუ სურთ,
მის უკან წამოყვანას, სადაც საწოლია,
სადაც ვაწვენ და ვაცდი –
იქნებ იქამდე, ვიდრე შესცივდება,
გულისცემა შეუნელდება,
კუნთები მოუდუნდება,
მოიკუნტება რომელიმე გვერდზე და უწონო გახდება,
რამის თქმა მოუნდეს.
მითხრას – აი სად, აი სად,
მე კი არაფერი ვუპასუხო
და მისივე იმედით მეგონოს,
რომ ძილში უკეთესია.

 

SPIRITUS

უჩემოდ აზრს დაკარგავდა.
არ ექნებოდა სახე და საზღვრები,
რომელშიც ჩაიძახებდა,
არ ექნებოდა დრო.
მოქცევისას მისკენ ვბრუნდები.
ვუყვები, სად მეკვრის
გამორიყული მკვდარი უჯრედები, ქაფი.
როგორ მიბრწყინავს თვალში ქვირითი,
რა ბასრი პირები აქვთ უწერილო ბოთლებს,
რა მყრალია განავალი სიტყვები,
რომლებიც ბოთლებში არ დალუქეს,
რა მძიმეა თევზის დუმილი.
როცა მიიქცევა,
ვიყურები დასკინტლული კლდისკენ,
რომელზეც არ დგას
ბავშვი – მასში ჩასახტომად მომზადებული,
არცერთი მეოცნებე,
არცერთი ხე.

 

* * *

სიყვარულს არ სჭირდება მოპოვება.

ის ჩნდება და კვდება,

როგორც ადამიანი.

შეიძლება გული ატკინო,

არსი დაუმახინჯო,

ან ისე იზრუნო,
რომ მასში და მასთან ერთად

სიხარული ისადგურებდეს.

შეიძლება მოკლა,

ან მარტოობისგან მოკვდეს,

როგორც საბოლოოდ კვდება

ყველა ადამიანი

და მისი ბოლო იმედი ის იყოს,

რომ კიდევ დაიბადება

სხვა ცხოვრებაში.

 

* * *

მთელი ცხოვრება სიხარულს ვეძებდი:
მშობლებთან, რომლებიც ავირჩიე,
სოციალურ ჯგუფებში, რომლებშიც მშობლები შემიძღვნენ,
სოციალურ ჯგუფებში, რომლებშიც შემთხვევით მოვხვდი,
გათენებებში, რომლებიც თავისით დგებოდა,
დაღამებებში, რომლებსაც ველოდი,
მიწაზე, რომელზეც ვრგავდი,
წყალში, რომელიც მეპკურებოდა,
კანში, რომელშიც გამოვიკეტე,
კანში, რომელიც მეხებოდა,
სივრცეში, რომელსაც თვალის დახუჭვისას ვხედავდი,
გემოში, რომელიც საბოლოოდ დამრჩა
და ვერც ვაფურთხებ.

 

დაბადება

ჩემში მცხოვრები ბიჭი მოწყენილია.

ის დარჩა პატარა ბიჭად,

გოგოსგან განსხვავებით,

რომელმაც ზრდა განაგრძო.

ხანდახან ეხუტება გოგოს და ეკითხება,

რატომ ვერ მიდის სათევზაოდ,

ან რატომ ვერ სვამს გათიშვამდე.

უყურებს გოგოს თვალებიდან ლამაზ გოგოებს

და უსმენს გოგოს ყურებით კაცების საუბარს.

ყველაზე მეტად კაცებთან ლაპარაკი სურს

და გოგოს პირით მეტყველებს,

კაცებს კი ყოველთვის აინტერესებთ გოგოს აზრი.

სწყინს, როცა გოგოს ტკენენ

და მუშტებს კრავს,

მაგრამ არ იცის, როგორ დაარტყას

ან ვის ჩახედოს თვალებში – კაცმა.

ბოლო იმედი დაბადება იყო.

რამენაირად გაჩენა სხეულიდან,

სადაც გამოემწყვდია და იყურება

გოგოს თვალსაწიერში,

რომელსაც ის ორისთვის იფართოებს.

გოგო დაპირდა.

მას სჯერა.

პერიოდულად გოგოს სიზმრებში ჩნდება.

გოგო გარბის და ის მისდევს,

ეწევა და მკლავზე ეხება.

– მერე მე? – ეკითხება გაოცებული.

პასუხი არცერთმა არ იცის.

ხან პირიქით, ზურგით დგას
და გოგო მიდის მასთან,

კისერში უყოფს ცხვირს და

მისი თმის სუნი ცხადამდე გამოაქვს.

ბიჭი მოწყენილია.

ბიჭი, რომელსაც ვატარებ, მოწყენილია.

მე მას სურვილებს ვუსრულებ,

რამდენადაც ამის საშუალებას

ჩემი თვალები, ხელები და პირი მაძლევს.

ყველაზე მთავარს კი ველით.

 

* * *

ჩემი ობლის კვერი არასდროს ცხვებოდა,
ეგ კიარა, ჩაკვრითაც არავის ჩაუკრავს.
ყველას ეგონა, რომ საკმარისად ძლიერი ვიყავი
და არ მჭირდებოდა არც მოფერება, არც მხარში დგომა.
არასდროს მომირგია უსუსური კნუტის სახე,
საწყლად რომ კნავის ადამიანის ფეხთან მანამ,
სანამ ხელში არ აიყვანენ და რძეს და ბინას არ მისცემენ,
და თუ მაინც კნუტი,
ალბათ ველური კატისა ვჩანდი,
ყველას რომ ჰგონია –
ადვილად გაიტანს თავს,
რადგან ძლიერია და ნადირობა გენში აქვს.
როგორ ვისწავლო კნავილი,
რომ თავზე ხელი გადამისვან და ჩემი დაცვა მოუნდეთ
(რადგან ყველა ობოლს სჭირდება ხანდახან თავზე ხელის გადასმა),
მე კი იმ კატასავით,
ვინც სახლი იპოვა თავის შეცოდებით,
ვთვლიდე, რომ ეს მე უნდა მიმადლოდეს
ხელქვეითი ადამიანი თავის კარგად ყოფნას,
მაგრამ არ ვამჟღავნებდე.

 

მიგება

იმისთვის, რომ გათავისუფლდე, ტკენა უნდა შეძლო,
დარტყმა სუსტ წერტილში,
გარღვეულ ჯაჭვის პერანგში შეღწევა –
საკუთარი თავის მოსაჭრელი დანის პოვნა და კისერზე დასმა,
საკუთარი თავის მოჭრა,
საკუთარი თავის ბასრად წამახვა,
გაისრება და ტყორცნა.
უძილო ღამეების მერე,
მლაშე წყლით სახის დალბობის მერე,
კედელზე თავის ცემის მერე,
ბნელი სიზმრიდან გამოსვლის მერე,
დგება დღე,
როცა წყვეტ კავშირს ორ დღეს შორის.
ამბობ: ეს მან მოკლა ჩემში სიყვარული,
რაც ჩასახა, უღვივებდა მიწას და უსხამდა წყალს,
რაც ააყვავა.
და ახლა შენ,
ვისშიც გაზაფხული ჩარეცხეს მეწყრებმა
და ჩაიტანეს აყვავებული ხეები,
ხვდები, რომ მორჩა,
გაქრა ჩიტი,
რომელიც ხტოდა შენს გაზაფხულში.
მხოლოდ მორი დარჩი,
ტალახმოვლებული
და იწყებ თლას თავისას
და გაქვს ახალი ლოცვა
მოწილე თვალებისთვის –
ლოცვა ბრძოლის წინ სათქმელი.
და ვიდრე ესვრი,
კიდევ ერთხელ ჩაგირბენს შერჩენილ თვალში ტკივილი:
დაგეკლაკნება ელვა –
მეწყრამდე გავარდნილი მოწმენდილ ცაზე.
თქვი, სანამ მიხვალ:
მხოლოდ იგი კლავს, ვისაც მოუკლეს.
მხოლოდ მას კლავენ, ვინც აღარ უყვართ.
მხოლოდ მაშინ, როცა სიყვარული კვდება.
მხოლოდ მაშინ, როცა სიყვარული კვდება.

 

* * *

ყოველთვის, როცა რაღაცის მოთმენა ძალიან მიჭირდა,

ან ძალა არ მყოფნიდა საბრძოლველად,

მაშინვე ვაქცევდი პირობად

და ვიტყოდი:

ამას თუ მოვითმენ,

ე.ი. ჩემი სანუკვარი სურვილიც ახდება,

ე.ი. კიდევ უფრო ახლოს მივალ მასთან,

დარწმუნებით შემეძლება ვთქვა,

რომ სასწაული არსებობს.

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ

შესაშური მოთმინება მქონდა –
ჩემი ერთ-ერთი აღსანიშნი თვისება,

მონაზონი ინატრებდა, ანდაც მოწამე.

მაგრამ თურმე ყველაზე დიდი გამოწვევა სხვა ყოფილა.

არა ცალ ფეხზე დგომასავით დათქმული პირობები,

არამედ თავზე გადაბიჯება.

და ეს ყველაზე სულელური პირობაა,

რომელსაც, ალბათ, ღმერთიც არ უყენებს

თავის მხევლებს,

რადგან თუ თავი არ გიყვარს,

ვერც ის გეყვარება საკუთარ თავში,

ვინც თავი განდო.

როგორ უნდა შეიფარო მგზავრი სახლში,

თუ სახლი არ ხარ.

თუ დაუშვებ, რომ ჩამოინგერი –

მგზავრმა ხომ გვერდი აგიარა.

© არილი

Facebook Comments Box