ხანდახან ასეც ხდება: გგონია, დიდხანს, ამომწურავად ისაუბრეთ, ტექსტთან პირისპირ დარჩენილი კი აღმოაჩენ – რაღაცეები გამოგრჩენიათ. მაგალითად, რატომ გადაწყვიტა გაგანია 90-იანებში, მთელი ქვეყანა რომ ინგლისურს ეძალებოდა, პოლონურის სწავლა ქეთი ქანთარიამ; ანდა, რა უთხრა შეხვედრისას დიბისი პიერმა, მოლოდინი თუ გაუმართლა; რომელს გამოარჩევდა მის მიერ თარგმნილი პოლ ოსტერის რომანებიდან… ვიღაცისთვის შეიძლება არც ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა, მაგრამ ფაქტია, ამ ყველაფრის გარეშე ამბავი არ ლაგდება. მოგვიანებით, როცა შეკითხვებზე პასუხს იღებ, ხვდები, უკმარობის განცდა ტყუილად არ გაგჩენია. იმასაც ხვდები, რომ მთარგმნელის ცხოვრებაში უმნიშვნელო დეტალები არ არსებობს – ყველაფერი გადამწყვეტია.
ერთი შეხედვით, თავდაპირველ სპეციალობას მის დღევანდელ საქმიანობასთან საერთო არაფერი აქვს – აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ძველ სომხურს ეუფლებოდა. დღეში ხუთსაათიანი მეცადინეობების დასრულებისას ის და მისი ჯგუფელები უკვე ამ ენაზე ფიქრობდნენ. გული წყდება, რომ ახალ სომხურს მაშინაც ცუდად სწავლობდა. დღეს ძველიც აღარ ახსოვს, თუმცა იმ პერიოდმა თავისი მისია შეასრულა – სულ სხვა კუთხით დაანახა კავკასიური ურთიერთობები.
თავის დროზე ეს განხრა ქართველებსა და სომხებს შორის სადავო საკითხებზე სამუშაოდ ჩაიფიქრეს, თუმცა რამდენიმე თვეში მიხვდა, რომ სომხებთან დავა, მით უფრო, როგორც ეს ქართველებს წარმოედგინათ, არ აინტერესებდა. „ბავშვობაში სადაც მიცხოვრია, ყველგან უსაყვარლესი სომეხი მეზობლები მყავდა. ჩარიცხვის შემდეგ ბებიაჩემის ეზოში შესულს შემომეხვივნენ და მკოცნეს, მკოცნეს – ხელებზე, თავზე, ცხვირზე. მგონი, იმ მომენტში გამინათდა გონება. მერეც სულ ვგრძნობდი, რომ კავკასიაში ჩვენგან პირველ ნაბიჯს მოელიან… ის, რომ სომხურის სწავლა დავიწყე, ერთგვარ ჟესტად აღიქვეს. დავაზე როგორღა ვიფიქრებდი?! პირიქით, ველოდები, როდის გადავალთ თვისობრივად ახალ ურთიერთობაზე – როგორიც ალბათ უამრავი საუკუნის წინ გვქონდა“.
პოლონური სენტიმენტები
პოლონური კულტურა მის ცხოვრებაში ადრეული ასაკიდან შემოვიდა. პატარა იყო, როცა გარდაცვლილი დედის დანატოვარ ნივთებს შორის პოლონურის პატარა ლექსიკონი აღმოაჩინა. ჟურნალებიც. პროპოლონური სენტიმენტები ბაბუასაც ჰქონდა. ალბათ, ახალგაზრდობის, სტუდენტობისდროინდელი – ძალიან ბევრი ქართველი სწავლობდა დამოუკიდებლობის პერიოდში ვარშავის უნივერსიტეტში. თუმცა მხოლოდ ეს არ ყოფილა. მისი ბავშვობა ანტენებაწეული რადიოების ხანას დაემთხვა, გდანსკის ვერფში დაწყებული მოძრაობით აღფრთოვანების წლებს. „შინ თუ გარეთ, ყველგან ეს რადიოხმები და გიჟური აღტაცება მხვდებოდა – პოლონელები ისე ლაზათიანად აკეთებდნენ იმას, რისი გაკეთებაც თავად გვინდოდა და ვერ ვახერხებდით. პოლონელებისგანაც მსმენია პოლონური ფენომენის მიმართ ქართველების გამორჩეული თანაგანცდის შესახებ. ალბათ ქვეცნობიერად ვგრძნობთ იმ ჰეროიკას, სიგიჟეს, დაუმორჩილებლობის სულისკვეთებას, რომელიც ამ ქვეყანას უმძიმესი ისტორიის ნაკვალევად დარჩა და ძალიან საინტერესო კონფიგურაციები შექმნა ხელოვნებაში. ეს თანაგანცდა, როგორც ჩანს, მეც დამყვა. ხშირად პირველივე კადრებიდან ვცნობ პოლონურ კინოს, პოლონური მოქუფრულობის ატმოსფეროს. ქალაქი, რომელიც მიწასთან გასწორებული ვარშავის ნანგრევებზეა აშენებული, ჩემთვის ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე პრაღა ან პარიზი. კრიტიკული დამოკიდებულების უფლებასაც ვაძლევ თავს – ხანდახან მგონია, დავიმსახურე, იმდენად ძველია ბმა“.
ამ ძველ და მრავალკომპონენტიან ურთიერთსიმპათიას ბოლომდე ვერ ხსნის, თუმცა ფიქრობს, რომ პოლონეთი ერთადერთი ქვეყანაა დედამიწაზე, სადაც ქართველებს მხოლოდ კარგი სახელი დაუტოვებიათ. მათ კი ჩვენი სამხედრო ემიგრაცია შეიფარეს წოდებების შენარჩუნებით და ვიდრე პოლონეთის რესპუბლიკა არსებობდა, პატივს არ აკლებდნენ. მოგვიანებით ზოგიერთმა პოლონეთის ტრაგიკულ ბრძოლას შესწირა თავი. და ისევ, ეს იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ქართველებისგან ამას იმსახურებდა. ამიტომაც გადაწყვიტა გამგზავრება. არადა, 90-იანები იდგა და ყველა ამერიკაში ან გერმანიაში მიდიოდა სასწავლებელად. მას კი იქ მოუნდა ყოფნა, საიდანაც თვით პოლონელებიც გარბოდნენ. „სინამდვილეში ასეთი, ვითომ აუხსნელი საქციელი საკუთარი ცხოვრების გაუცნობიერებელი ნაწილისათვის კუთვნილის მიგებას ჰგავდა – ყოველთვის კარგად მესმოდა ეს არჩევანი სხვა, თითქოს უფრო მიმზიდველი პერსპექტივების ფონზე. მაგრამ მერე უფრო აუხსნელი რამ მოხდა – დარჩენა არ მომინდა, რამდენიმე თვეში დავბრუნდი: რაც იქ მიყვარდა, პოლონურობის კვინტესენცია იყო და შორიდან უკეთ იგრძნობოდა“.
მოგვიანებით ამ ყველაფრის მიმართ ინტერესი გაუნელდა: საქართველოში დაწყებულმა პროცესებმა გადაფარა სხვა ამბები, თუმცა მანამდე ახალჩამოსულმა ჩესლავ მილოშის „მშობელი ევროპის“ თარგმნა დაიწყო. პირველი ოცდაათი გვერდი, რომელიც იმ პერიოდში გადმოაქართულა, დაკარგა. – ეს ფაქტი რომ არა, ვინ იცის, ეგებ წიგნების თარგმნა გაცილებით ადრე დამეწყო, რამდენი დიდი ნაწარმოები იქნებოდა უკვე თარგმნილიო – ამბობს დღეს, მაგრამ უკვალოდ არაფერი იკარგება და წლების შემდეგ ისევ მიუბრუნდა პოლონეთს. ბრუნო შულცი აღმოჩნდა მწერალი, ვის გამოც ეს ენა ხელახლა შეისწავლა, თუმცა მანამდე ინლისურენოვანი ავტორების ეპოქა ჰქონდა გასავლელი.
„ამრევი ტიპის“ ნაპერწკლები
„ინგლისური ხანა“ დიბისი პიერით დაიწყო, რომელსაც „ბუკერის“ პრემია ახალი მიღებული ჰქონდა (2003). მისი რომელიღაც ინტერვიუ წაიკითხა, ავანტიურისტული ბიოგრაფია გამორჩევით დაამახსოვრდა და იგრძნო, რომ წიგნიც არანაკლებ საინტერესო იქნებოდა. არც შემცდარა, თუმცა გარკვეული რისკი არსებობდა – როგორ მიიღებდა ამ ტექსტს მკითხველი. მით უფრო, დასაწყისში თვითონაც გაუჭირდა – პირველი გვერდები ძნელად იკითხებოდა. ზოგადად, დიბისი პიერი ერთ-ერთი იმათგანია, საწყის ეტაპზე რომ ანებებენ თავს. თავადაც ამბობს, რომ იმ დროს არ იცოდა, რა უნდოდა – წიგნის დაწერის სურვილის გარდა. ამას მკითხველიც ხვდება, თუმცა ორმოციოდე გვერდის შემდეგ სურათი რადიკალურად იცვლება.
„ისეთი წიგნია, ცხადად რომ შეგაგრძნობინებს მასზე მუშაობის პროცესს. თითქოს სარკის მეორე მხარეს დგახარ და იმ ატმოსფეროს ხედავ, რომელშიც რამდენიმე წლის წინ წერდა ავტორი.
პირველად მქონდა მწერალთან სიახლოვის ასეთი განცდა.ზოგ ეპიზოდში გგონია, ჩაეძინა, მერე უცებ გამოფხიზლდა და ძილბურანში განაგრძო მუშაობა, ისეთი ბუნდოვანია ნაწერი. კითხვისას შესაძლოა, ვერ შეამჩნიო, თარგმნისას კი შედარებით დიდხანს ჩერდები. შენსა და მწერალს შორის არსებული სივრცე მისგან მომავალ ტალღებს თუ ფლუიდებს ატარებს. ლიტერატურულის გარდა, ეს კიდევ სხვა პროცესია, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ მეტაფიზიკური. თავად მწერალი ცალკე პერსონაჟია – მისსავე წიგნებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი. პიკარესკული რომანის გმირს მაგონებს, რომელსაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე რაღაც გამოსავალი უნდა მოეძებნა და წერა გადაწყვიტა. თან მგონია, რომ თავიდანვე იცოდა, კარგად გამოუვიდოდა – ძალიან ნიჭიერი ადამიანია და გუმანით იგრძნობდა“.
ნიჭიერმა ადამიანმა არც შეხვედრისას გაუცრუა იმედი. როცა თბილისში ჩამოსული დიბისი პიერი გაიცნო, მიხვდა, რა იყო „ვერნონ გენიოს ლითლის“ საიდუმლოს გასაღები: მწერალი ისევე განსხვავდებოდა ყველასგან, როგორც მისი დაწერილი წიგნი. რაღაცნაირად ნაპერწკლებს ყრიდა – ეს იყო „ამრევი ტიპის“ მიერ გამოშვებული ნაპერწკლები. ორჯერ ნახვაც კი საკმარისი აღმოჩნდა აღფრთოვანებისთვის. „ამ კაცის ძნელად აღსაწერი, ნატიფი იუმორი იმის ნიშანია, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთ–ერთი ყველაზე გემოვნებიანი და შეფარულად ღრმა კულტურის ადამიანი გავიცანი – ბუნებრივად თავმდაბალი, ძალიან სასაცილო, ამავე დროს, გამოცდილი და ჭკვიანი, უშუალო და მსუბუქი. თითქმის გამქრალი კატეგორია – ფათერაკების მოყვარული, მოხულიგნო, ახლა უკვე ერთ ადგილზე დამკვიდრებული, რომელიც პოლიტკორექტულობის სამყაროს ვერ ერგება, იმიტომ, რომ რაღაც უფრო საფუძვლიანი ახსოვს და ამაში მხოლოდ მის ,„ფეშენებელურ“, ბედნიერ მექსიკურ ბავშვობას არ ვგულისხმობ – რაც უნდა საკვირველი იყოს, აწეწილ ცხოვრებასაც. „ისტებლიშმენტში შესასვლელად მზად არ ვარ“ – ასე იგერიებდა ინტელექტუალებს, „ბუკერის“ მიღების შემდეგ თავიანთ წრეებში რომ უპირებდნენ „შეთრევას“. ოღონდ ეს არ არის სელინჯერის ტიპის განდეგილი. სხვა ყალიბის მწერალია. გული მწყდება, რომ მასთან უფრო საფუძვლიანი ურთიერთობა არ მოხერხდა. იმედი მაქვს, ამ მაგარ ადამიანს ოდესმე კიდევ გადავეყრები“.
გამეორებები და დამთხვევები
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელია, მისთვის პოლონური „ნადავლი“ აღმოჩნდა პოლ ოსტერი. 1996 წელს სწორედ იქ ნახა ფილმი სახელწოდებით – „ბოლი,“ რომლის სცენარისტიც ეს არაჩვეულებრივი მწერალი გახლდათ. მერე „ილუზიების წიგნის“ თარგმნა დაიწყო. ტრილოგია – სამი ტექსტისგან შემდგარი რომანი ოსტერის ნაწერებიდან მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. თარგმნიდა დიდხანს, დაახლოებით ორი წელი, ძირითადი საქმიანობისგან თავისუფალ დროს. მათ შორის უხილავი ძაფები გაიბა, რაღაც თვალსაზრისით, მეტაფიზიკურიც.
„არ ვიცი, იმის გამო, რომ ოსტერი განსაკუთრებით მიყვარდა თუ სხვა მიზეზით, მისი ტექსტებიდან რაღაცეები ჩემს ცხოვრებაში მეორდებოდა. თავადაც უყვარს ეს თემა – გამეორებები და დამთხვევები. „ნიუ–იორკული ტრილოგიის“ მეორე ნაწილს, „აჩრდილებს“ ვთარგმნიდი, რომელიც ქუჩის ორ მხარეს მცხოვრებ ადამიანებზე მოგვითხრობს, ერთმანეთს რომ უთვალთვალებენ. 2007 წელია, ივნისი. ცხელა, ფანჯრებს აღარ ვკეტავთ. ვზივარ სამზარეულოში ჩემი მასწავლებლის, გოგი კუჭუხიძის ნაჩუქარი ძველი ლეპ–ტოპით და კლავიატურაზე ვაკაკუნებ. თავზე დამათენდა. რაღაც მომენტში ვიფიქრე, ვინმე რომ მიყურებდეს, ამ დრომდე ვბეჭდავ, გიჟი ვეგონები. მერე ფიქრი გავაგრძელე – ის დროა, ქურდები რომ მოძრაობას იწყებენ. ვინმემ არ მომპაროს, დისკზე უნდა გადავწერო ტექსტი–მეთქი. მსგავსი სიფრთხილე აზრადაც არასდროს მომსვლია.
თარგმანი გადავწერე და მეორე დღეს სამზარეულოს ფანჯრიდან თვალწინ ამაცალეს ლეპ–ტოპი. 16-17 წლის ბიჭი იყო, ცოტათი სპაიდერმენი. როგორც ჩანს, გადაღმა სახლის აივნიდან მითვალთვალებდა, სხვაგვარად ვერ დაინახავდა, რომ ზედ რაფასთან მედო ლეპ-ტოპი. უცნაური რამ მოხდა – თვალთვალის სცენის მატერიალიზაციით, ფაქტობრივად, სიტუაცია მოვიზიდე. როგორც ვფიქრობდი, ზუსტად ისე აეწყო ყველაფერი. წიგნებს მთარგმნელის ცხოვრებაზე გავლენა აქვთ იმის გამო, რომ თვეობით თარგმნი “.
თარგმნა მართლა მეტაფიზიკური პროცესია. რაც უფრო მაღალი რანგისაა მთარგმნელიც და ავტორიც, მით უფრო მძაფრდება ეს ყველაფერი. შესაძლოა, ამიტომაც ჰქონდა ბავშვობიდან მათ მიმართ გაუცნობიერებლი მოწიწება და რიდი. „ჩემთვის ჯერ იყვნენ მთარგმნელები და მათ მოსდევდნენ მწერლები, პოეტები და სხვა დანარჩენები. მთარგმნელს ჰქონდა ფუფუნება, შეექმნა დიდი ხელოვნება ისე, რომ საკუთარი თავი არ გაეშიშვლებინა. იყო ამაში რაღაც განსაკუთრებული. მოგვიანებით, როცა დრო გავიდა, აღმოვაჩინე, რომ ყველა ჩემსავით არ ფიქრობდა: უმეტესობისთვის ჯერ იყვნენ მწერლები, პოეტები და მერე – სხვა დანარჩენები, მათ შორის, მთარგმნელებიც. გაოცებული ვიყავი. ეს განცდა დღემდე მომდევს“.
ცხოვრება სიცარიელის შეგრძნებით
მთარგმნელების მიმართ პატივისცემა უფრო გაუმძაფრდა, როდესაც ოცი წლისამ ოსკარ უაილდის ერთ-ერთი ტექსტიდან მოზრდილი აბზაცი თარგმნა და თავი ისე იგრძნო, როგორც სპილომ – ტანვარჯიშის დარბაზში. მერე და მერე, როცა ამ სფეროში არსებულ რეალობას შეეჯახა, მიხვდა, რა რთულია თავის გატანა საქმიანობით, რომელიც ბოლომდე ჩართულობას, ბოლომდე გაცემას მოითხოვს. მთარგმნელთა უმეტესობისთვის ეს პროფესია ძირითადი არ არის. უფრო ჰობია, რომლის გარეშე ცხოვრება ძალიან უჭირთ, თუმცა სირთულეების გადალახვა ყველას არ შეუძლია. ეს ყველაფერი ხელს უწყობს, კარგი მთარგმნელი ჩამოშორდეს ამ საქმიანობას ან მინიმალური დრო დაუთმოს. ზოგიერთმა თარგმნაზე პრინციპულად თქვა უარი, რადგან ვერ მიიღო ის ემოციური და მორალური უკუკავშირი, რასაც მუშაობისას გასცემდა. ამას სხვა ფაქტორებიც ემატება, მაგალითად, თარგმანის სპეციფიკა. ყველა ერთი ტემპით ვერ თარგმნის: ზოგი უფრო ნელია, ზოგი – სწრაფი.
„მე პირველ კატეგორიას მივეკუთვნები, თუმცა მქონდა შემთხვევა, როდესაც ორ თვეში დავასრულე რომანი. ძალიან კარგი ტექსტი იყო, თარგმნითაც ვისიამოვნე, მაგრამ ბოლოს გამოწურულ ლიმონს ვგავდი. რამდენიმე თვე ვეღარაფერი გავაკეთე. ადამიანი არ არის პერპენტუმ მობილე – ასეთი დატვირთვის შემდეგ ენერგიის აღდგენა სჭირდება. სიტყვა „ხელობას“ არაფერს ვერჩი, მაგრამ ეს არაა ხელობა იმ გაგებით, საქმის ავტომატურად კეთებას რომ გულისხმობს. ძალიან დიდ ენერგიას გასცემ და მუშაობის დასრულების შემდეგ რაღაც პერიოდი ამ ენერგიის გარეშე, სიცარიელეში გიწევს არსებობა. სხვათა შორის, პოლ ოსტერი (თავადაც ყოფილი მთარგმნელი) წერს და შეიძლება აქედანაც გაჩნდა ეს დამოკიდებულება: როცა რომანს ვამთავრებ, დიდხანს, დაახლოებით ერთი წელი მაქვს სიცარიელის შეგრძნებაო. ოსტერი შეიძლება ძალიან პროდუქტიულად არ მივიჩნიოთ, მაგრამ არც არაპროდუქტიული ეთქმის – რამდენიმე წელიწადში ერთხელ ახალ რომანს გამოსცემს. ალბათ, ამ სიცარიელესთან შესაბრძოლებლად“.
თარგმანის „უპირატესობანი“
ბევრ რამესთან ერთად, თარგმნა წაკითხვის საუკეთესო ხერხიც აღმოჩნდა. „ყველაზე კარგი მკითხველი, ჩემი აზრით, მთარგმნელია. ისეთ რაღაცეებს ამჩნევ, რასაც სხვა შემთხვევაში ვერ დაინახავდი. ყველაზე მეტად ეს დიბისი პიერს ეხება. თარგმნისას მის ხასიათს და განწყობას ვგრძნობდი სხვადასხვა მომენტში. მაინც მგონია, რომ ჩემი თაობის მთარგმნელებს პირველ ტექსტებთან უფრო ფაქიზი დამოკიდებულება გვქონდა. ენთუზიაზმიც მეტი იყო და არც ენერგია გვაკლდა. იმ პერიოდში ჰონორარზე საერთოდ არ ვფიქრობდი. ის უფრო მაღელვებდა, ჩემთვის მონდობილი ნაწარმოები მკითხველამდე როგორ მიმეტანა. ამის დაკარგვა ძალიან რთულია. ნარკოტიკივითაა – სულ ფიქრობ, შეძლებ კი იცხოვრო უამისოდ, ჩვეულებრივ მკითხველად გადაიქცე, რომელმაც წიგნი ჩაათავა და არაფერი გამოსცა, საკუთარი თავიდან გამომავალი ძაფები არ მოქსოვა ობობას ქსელივით?!“
სურვილის მიუხედავად, ბევრს ვერ კითხულობს. ამას მთარგმნელების „სენს“ ეძახის. მათ ცხოვრებაში იმდენად უხვადაა ტექსტები, თავისუფალ დროს რადიკალურად განსხვავებულ ცხოვრებას ამჯობინებენ. იმაზე აღარაფერს ამბობს, როგორ არღვევს მუშაობისას სხვა ნაწარმოების შემოჭრა მთარგმნელის შინაგან რიტმს. „ყველა მწერალს თავისი სტრუქტურა აქვს, თავისი მდინარება და ნებისმიერმა ტექსტმა შეიძლება უცხო სხეულის როლი ითამაშოს, რომელსაც ორგანიზმი მექანიკურად, ინსტინქტის დონეზე აძევებს. მსგავსი რამ სხვა სფეროებშიც ხდება, მაგრამ შედარებით მსუბუქად: კინოსა და თეატრში – საათნახევარს გრძელდება, აქ კი – თვეობით და შეიძლება უფრო აგრესიულად შეგიცვალოს ბიორიტმი“.
თარგმნა თუ წერა
მწერალი რომ იყოს, ალბათ ბევრს იკითხავდა. დააინტერესებდა, რას წერენ სხვები. თუმცა აპრიორი არც ეს არის – ფოლკნერი, მაგალითად, ბევრს სულაც არ კითხულობდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია საუკეთესო რომანების შექმნაში.
ერთხელ ნაცნობების კამათს შეესწრო – რა უფრო რთულია, თარგმნა თუ წერა. მნიშვნელობაზე არ საუბრობდნენ, შემოქმედებით პროცესში ჩართულობა, გაღება იგულისხმებოდა. რომ დააკვირდა, მთარგმნელებთან ეს მომენტი ყველაზე მძაფრადაა გამოხატული. ძალიან რთული პროფესიაა – ადამიანის ცხოვრების მრავალ ასპექტზე ზემოქმედებს. „ზოგჯერ ტექსტს პირდაპირ „გადაუვლია“ ჩემთვის და ეს არ ყოფილა მხატვრული ლიტერატურა. ორლანდო ფაიჯესის „ნატაშას ცეკვას“ ვთარგმნიდი, სადაც ცალკე თავი ეძღვნება მეოცე საუკუნის ავტორებს. ლაპარაკი იყო ცვეტაევაზე, ახმატოვაზე, მანდელშტამზე, რომელიც ძალიან მიყვარს. მუშაობისას ღაპაღუპით ჩამომდიოდა ცრემლები. თან ფაიჯესი მშრალად წერს, ემოციების გარეშე და ეს სიმშრალე სურათს კიდევ უფრო ამძაფრებს.
ომი დამთავრდა. ქუჩაში მიდიან ახმატოვა და მისი მეგობარი. ლაპარაკობენ იმაზე, რაც იმ საზარელ წლებში გადაიტანეს. ლაპარაკობენ შეკვეცილად, ზედმეტი სიტყვების გარეშე, რადგან არ არსებობს სიტყვა, რომელიც მათ ემოციებს გადმოსცემს. ახმატოვას საყვარელი ჰყავდა, პროფესიით – ექიმი, კორონერი. გადასახლებიდან დაბრუნებულს სადგურზე დახვდა. ხმა ამოიღო თუ არა, პოეტი მიხვდა, რომ ამ კაცს ფსიქიკა შერყეოდა. კულტურული ადამიანი გახლდათ, პეტერბურგში გაზრდილი, ადეკვატურად ახერხებდა ურთიერთობას, მაგრამ რეალურად, შეშლილი იყო – გარემოებათა მსხვერპლი: ბლოკადის დროს გვამების გაკვეთისას კანიბალიზმის იმდენი შემთხვევა ნახა, მისმა ფსიქიკამ ვეღარ გაუძლო და გაგიჟდა. შეიძლება ასეთი მძაფრი რეაქცია მკითხველსაც ჰქონდეს, მაგრამ როცა თარგმნი, უფრო დიდხანს ხარ ტექსტთან და მთელი არსებით, ბოლომდე შეიგრძნობ ტრაგედიას. ამ დროს ნაწერიდან დისტანცირება არ გამოდის, ბოლომდე ხარ ჩართული “.
მთარგმნელების გამომცემლობა
ერთ დღესაც იმ პრობლემებით დაღლილმა, პროფესიული უფლებების არდათმობას რომ ახლავს, „მთარგმნელების გამომცემლობა“ დააარსა – საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ მთარგმნელთა ერთობა. უნდა, რომ ყველა მთარგმნელს, ვინც მათთან ითანამშრომლებს, თავისი ხაზი ჰქონდეს. თავად პოლონური მიმართულება აირჩია. სერიას „გედროიცის ციკლი“ უწოდა. „იეჟი გედროიცი ლიტვის მმართველების შთამომავალი იყო, თავს პოლონელებად რომ თვლიდნენ – პოლონური ემიგრაციის არისტოკრატიული ნაწილის ერთ–ერთი გავლენიანი ფიგურა, რომელმაც აღმოსავლეთთან ურთიერთობა მთლიანად კონსტრუქციულ კულტურულ ურთიერთობებზე ააგო. ომისა და პოლიტიკის ენა კულტურულით ჩაანაცვლა, რაც ძალზე ჭკვიანური სვლა იყო მისი მხრიდან. ეს ადამიანი თავისი ღირებულებებით ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია, ამიტომაც ვუწოდე ციკლს მისი სახელი“. სწორედ ამ სერიით გამოსცა პოლონურიდან თარგმნილი პირველი წიგნი – ბრუნო შულცის „დარიჩინისფერი მაღაზიები“.
ბრუნო შულცი ებრაული წარმოშობის პოლონელი მწერალი და მხატვარი იყო, ხატვას ასწავლიდა დროჰობიჩის გიმნაზიაში. თავის ქალაქში იმდენად მწერლად არ იცნობდნენ, რამდენადაც მხატვრად. ომის დროს გერმანელები პოლონეთში რომ შევიდნენ (ახლანდელი დასავლეთ უკრაინა), შულცი ერთმა ოფიცერმა, ლანდაუმ დაიქირავა. მის შვილებს ხატვას ასწავლიდა, თან სახლშის ბავშვების ოთახის კედლები მოუხატა. 1942 წელს შულცი ქუჩაში მოკლეს. წლების მანძილზე არავის მოსვლია თავში, ლანდაუს ვილა დაეთვალიერებინა და მისი კვალი აღმოეჩინა. უკრაინისთვის ეს ადამიანი საერთოდ არაფერს ნიშნავდა. არ აინტერესებდათ – არც უკრაინელი იყო, არც მათთვის გასაგებ ენაზე წერდა, მაგრამ დასავლეთში, ამერიკაში და სხვათა შორის, იაპონიაშიც, ძალიან პოპულარული გახლდათ. წლების წინ ერთ-ერთი გერმანელი ჟურნალისტი, რომელმაც მწერლის ისტორია იცოდა, დროჰობიჩში ჩავიდა და მისი კვალის ძებნას შეუდგა. რასაკვირველია, ლანდაუს ვილაშიც მივიდა, რომელიც იმ დროს კომუნალურ ბინებად იყო გადაკეთებული. საკუჭნაოს კედლებზე, სადაც ბევრი ნივთი ელაგა, ალაგ-ალაგ შენარჩუნებული კედლის მხატვრობა აღმოჩნდა – გრიმების ზღაპრების მოტივებზე შექმნილი პერსონაჟები. დაახლოებით ათი წლის განმავლობაში ეს ყველაფერი ასევე დარჩა – პოლონელები სანახავად ჩადიოდნენ, უკრაინელებს არ აინტერესებდათ, მაგრამ მერე უცნაური რამ მოხდა: ერთ-ერთმა ებრაულმა ოგანიზაციამ (შულცი წარმოშობით ებრაელია), რომელიც ჰოლოკოსტიდან შემორჩენილ ებრაულ მემკვიდრეობას აგროვებდა, 90-იან წლებში ფრესკებიანი კედლის ფენა ჩუმად მოხსნა და ისრაელში გაიტანა. დღეს ის ერთ-ერთ მუზეუმში ინახება. სხვათა შორის, პოლონელებს, რომლებიც შულცს პოლონელ მწერლად მიიჩნევენ, მსგავსი ქმედება აზრადაც კი არ მოსვლიათ.
ჩაკეტილი სამყაროს ენა
შულცს დიდი მემკვიდრეობა არ დაუტოვებია – მოთხრობების ორადორი კრებული. ერთი დაუსრულებელი რომანი დაიკარგა. ვარაუდობენ, რომ უშიშროების არქივებშია ჩაკარგული და შესაძლოა, ოდესმე ამოტივტივდეს. „დარიჩინისფერი მაღაზიები“ და „სანატორიუმი კლეფსიდრის ქვეშ“ ომის შემდეგ დაიბეჭდა და მოგვიანებით არაერთ ენაზე ითარგმნა.
ამ ავტორს შემთხვევით ვერ გადააწყდები. ვიღაცამ ან რაღაცამ უნდა გიბიძგოს, თუმცა მარტო ეს არ კმარა. შეიძლება წაიკითხო და ვერ გაიგო, არ აღმოჩნდეს შენი. ტექსტის აღქმას არ ვგულისხმობ, მწერლის სივრცეზეა ლაპარაკი. ჩაკეტილი სამყარო აქვს შულცს. ჯადოსნური სასახლესავითაა, შეიძლება უარო, უარო და შესასვლელი ვერ იპოვო, თუმცა, თუ მიაგნებ, უცნაური მოგზაურობა გელის.
ოცი წლის იყო, „დარიჩინისფერი მაღაზიები“ რომ წაიკითხა – „ინასტრანკაში“ იბეჭდებოდა. ახლაც ახსოვს ის განცდა – როგორ აღმოაჩინა ჟურნალში ძალზე მდიდარი, ამასთან, რთულად აღსაქმელი ტექსტი. პირველ ჯერზე ბოლომდე ვერც გაუმკლავდა – იმდენად მძიმედ მოეჩვენა ნაწერი. წლების შემდეგ ამ წიგნის თარგმნა გამომცემლობა „დიოგენემ“ შესთავაზა. იცოდნენ მისი პოლონური გამოცდილების შესახებ, თუმცა ოდესღაც ნასწავლი პოლონური შულცის ენისგან სრულიად განსხვავდებოდა, ამიტომ თარგმნა ინგლისური ვერსიიდან ამჯობინეს. დროდადრო სამი თარგმანის ტექსტს იხმარებდა: ინგლისურს, რუსულს და უკრაინულს.
მუშაობის დაწყებიდან ძალიან მალე უკრაინაში, შულცის მშობლიურ ქალაქში მოუხდა ჩასვლა. დროჰობიჩში ესტუმრა ფესტივალს, სადაც მწერლის თაყვანისმცემლები – ნამდვილი „შულცმანიაკები“ იკრიბებიან. ქართულად თარგმნის ამბავი ძალიან გაუხარდათ და უამრავი საჭირო რჩევაც მისცეს. იქ საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მხოლოდ პოლონურიდან უნდა ეთარგმნა ეს ავტორი. „ახალი დაწყებული მქონდა თარგმნა, როდესაც ფესტივალზე დამპატიჟეს. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე მომეწონა და გამორჩევით წავიკითხე, როგორც მთარგმნელს, ძალიან გამიჭირდა შულცთან კონტაქტი. რაღაც დრო იყო საჭირო მის სამყაროში შესასვლელად, ამიტომ დროჰობიჩში ჩასულს საოცარი უხერხულობის განცდა მქონდა. რამდენჯერმე უარიც შევუთვალე, მაგრამ არ გაჭრა. სწორედ იქ მითხრეს, არ მეთარგმნა ეს ტექსტი ინგლისურიდან. არ შეიძლება ამის გაკეთებაო. ისედაც მაწუხებდა განცდა, რომ არასწორად ვიქცეოდი და დროჰობიჩის მერე ფიქრიც აღარ დამჭირდა“.
გაჯიუტებული თარგმანი
გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო, თუმცა განხორციელება გაუჭირდა. „დარიჩინისფერ მაღაზიებს“ ორი წლის განმავლობაში აბზაც-აბზაც თარგმნიდა. ტექსტი მთარგმნელს ჯიუტად უძალიანდებოდა. „ზოგადად, მწერლისა და მთარგმნელის ურთიერთობა ცალკე თემაა – რომელ წიგნთან როგორ შედიხარ კონტაქტში, „გიშვებს“ თუ არა ავტორი. პოლ ოსტერთან და დიბისი პიერთან არანაირი ბარიერი არ შემქმნია, შულცი კი – ერთი შეხედვით, ჩუმი, თავმდაბალი, უპრეტენზიო ხატვის მასწავლებელი, ყველაზე მძიმედ დასაძლევი აღმოჩნდა. გარემო, რომელსაც ის აღწერს, ჩვენი მენტალობისთვის უცხოა, რთულია შეღწევა მისი ქალაქების ატმოსფეროში. ეს წიგნი დახურული სამყაროს კანონებითაა დაწერილი და მის გახსნას დიდი დრო სჭირდება“.
ისე მოხდა, რომ პოლონეთის ძველ სახელმწიფოში ებრაელებს ცხოვრების საკმაოდ კარგი პირობები ჰქონდათ. ამიტომ აქ ბევრმა მათგანმა მოიყარა თავი. დროთა განმავლობაში ამ ადამიანებმა პოლონიზაცია განიცადეს – გვარები შეინარჩუნეს, მაგრამ კათოლიციზმს იღებდნენ, ძალიან კარგად იცოდნენ პოლონური. ბრუნო შულციც პოლონური კულტურის ნაწილია. ყველაზე კარგად ეს მის ნაწერებში გამოჩნდა, რომლებმაც იმდროინდელი პოლონეთის პატარა ქალაქის სული შემოინახა. ავტორმა „მოჭრა“ და თავის ტექსტებში გადაიტანა ის ეთნოგრაფიული სურათი, რაც დღეს ხელიდან გვეპარება, გაგვირბის. თანამედროვე დროჰობიჩში ძველი ქალაქი აღარ არსებობს, დაიკარგა. „იქ ყოფნისას სულ მინდოდა შემეგრძნო შულცის ტექსტებში არსებული გარემო და განწყობა, მაგრამ ვერ შევძელი. თითქოს ყველაფერია – ძველი შენობები, ლამაზი ცენტრი, მაგრამ ის სული არ იგრძნობა. ძალიან ნატანჯი ტერიტორიებია, მეორე მსოფლიო ომის დროს აქ საშინელება ხდებოდა. მერე პოლონელები გაასახლეს, კანტიკუნტად დარჩენილი ებრაელები ნელ–ნელა თავისით წავიდნენ. ფაქტობრივად, ყოფილ აღმოსავლეთ პოლონეთს შინაარსი გამოაცალეს და უკრაინულ ნაციონალისტურ ტერიტორიად აქციეს. უცნაურია, მაგრამ ამ გარემოს ვერც მუზეუმები აცოცხლებს, ვერც ებრაული მუსიკა, რომელიც მსგავს ვითარებაში ცოტა ხელოვნურია. ომამდელი პოლონეთის ატმოსფერო სამუდამოდ დაიკარგა “.
ორმაგად რთული იყო ამ ყველაფრის გადატანა თარგმანში: ეთნოგრაფიული გარემოს გარდა თარგმნა სჭირდებოდა შულცის ენასაც – მძიმეს, ცოტა გაპრანჭულს, ებრაული სიბრძნით გაჯერებულს, ჯერ კიდევ ბიბლიიდან რომ მოსდევთ, და ამავდროულად, ელეგანტურს. ,ქართული რეალობისთვის უნდა მოერგო ლათინიზმებიც, რომლებიც ტექსტში ასე უხვადაა, თუმცა პოლონურში ბუნებრივად ჯდება, როგორც ევროპული საუნივერსიტეტო სივრცეების დანალექი, ქართულ ვერსიაში კი ცოტა ხელოვნურია. „სხვათა შორის, პოლონურ–ებრაული ქალაქების გარემო რუსულად უფრო კარგად გადადის, რადგან ჩვენ არ გვყავდა იდიშზე მოლაპარაკე ებრაელობის ფენა. ენობრივად ისინი უფრო ქართველები იყვნენ. რუსულ გარემოსა და ლიტერატურაში ეს ხაზი უხვადაა – მაგალითად, ისააკ ბაბელი, ქართულში კი ანალოგიური სივრცე თავისუფალია. წარმოიდგინეთ, რა საინტერესო იქნებოდა, ქუთაისის ებრაელობაში ვინმე შულცის მაგვარი რომ გამოჩენილიყო “.
ორი წლის თავზე სირთულეები დაძლია და ბოლომდე მიიყვანა თარგმანი. „დარიჩინისფერ მაღაზიებზე“ გადატანილი წვალების მიუხედავად, შულცის მეორე წიგნის თარგმნასაც აპირებს. „სანატორიუმი კლეფსიდრის ქვეშ“ პირველის მსგავსად, მოთხრობების კრებულია და როგორც წესი, ერთად გამოსცემენ, მაგრამ ჯერჯერობით შულცისგან დასვენება ამჯობინა.
შულცზე სვენებ-სვენებით მუშაობას კიდევ ერთი გამორჩეული პოლონელი ავტორი მოჰყვა – ვიტოლდ გომბროვიჩი. „წიგნები ბათუმში“ მალე გამოსცემს გომბროვიჩის „პორნოგრაფიას“ და ჩვენც პოლონური კულტურის „უფრო ნამდვილ“ მხარეს დავინახავთ. მიკვირს, რომ ღრმა კავშირების მიუხედავად, ასე ზედაპირულად ვიცნობთ ამ კულტურას. გომბროვიჩი გიჟი გენიოსია, რომელიც თავდაყირა აყენებს პოლონელის თვითიდენტიფიკაციას – იმას, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე.მისი თარგმნის შემდეგ პოლ ოსტერის „უხილავი“(Invisible) წავიკითხე. მართალია, ჩემი, როგორც მთარგმნელის თვითიდენტიფიკაცია ყველაზე მეტად ოსტერს ეფუძნება, მაგრამ მივხვდი, რომ სწორ გზაზე ვდგავარ: ძალიან კი მაკლია ეს რიტმი და თხრობა, რითაც ოსტერი ნათარგმნ მწერლებს შორის ყველაზე მეტად ემთხვევა ჩემი შინაგანი თხრობის დინამიკას, მაგრამ რამდენიმე პოლონელმა, რომელთაც სიამოვნებით ვთარგმნიდი, თუ ეს საქმიანობა (უფრო ცხოვრების ნირი) არ მომბზერდა – დაჩრდილა ეს ავტორი. სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნასაც, რომ „ტრილოგიის“ თარგმნა ყველაზე დიდი სიამოვნება იყო ჩემს პროფესიულ გამოცდილებაში“.
უკვალოდ ჩავლილი ტექსტები
ნათარგმნ ტექსტებს ორ ნაწილად ყოფს: ის, რაც თავად აირჩია და რაც გამომცემლობებმა დაუკვეთეს. არიან მწერლები, რომლებიც შეიძლება თარგმნო და ძალიან კარგადაც, მაგრამ ვერ გაითავისო, ვერც მათზე საუბრის უფლება მისცე საკუთარ თავს. ასეთები აღმოჩნდნენ კურტ ვონეგუტი, ფილიპ როთი და ჩარლზ ბუკოვსკი. ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი ცუდია ან არ მოსწონს, უბრალოდ, მისი გონება იმ ეტაპზე სხვა მწერლებისკენ იყო მიმართული. „შეიძლება მშვენიერი ავტორის, მაგალითად, როთის რომანი დაგიკვეთონ, მაგრამ შენ ამ დროს გომბროვიჩის თარგმნა გინდოდეს. მის ხსენებაზე სულ მქონდა განცდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სახელი მესმოდა. მეგონა, გომბროვიჩის არჩევით ცხოვრებას დადებითი მიმართულებით წავიყვანდი. შულცის წლები ჩემთვის მძიმე აღმოჩნდა, დანარჩენებზე ვერაფერს ვამბობ – ვთარგმნე და ჩაიარა, განსაკუთრებული კვალის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ საინტერესო იყო მუშაობის პროცესი. განსაკუთრებით როთის თარგმნისას ვიხალისე, თუმცა ამის გამო მასზე ლექციას ნამდვილად ვერ წავიკითხავ. იგივე შემიძლია ვთქვა ვონეგუტსა და ბუკოვსკიზე “.
Et cetera
ჯერჯერობით აქტიურადაა ჩართული მთარგმნელობით საქმიანობაში, თუმცა რაღაც ეტაპზე ცვლილებებსაც არ გამორიცხავს. „ბოლო დროს მსოფლიოში ასეთი ტენდენციაა – ასაკოვანი ადამიანები ახალ, ძველისგან სრულიად განსხვავებულ საქმიანობას იწყებენ. თავიდან დიდ უგუნურებად მეჩვენებოდა პროფესიის მიტოვება, რომელშიც უფრო და უფრო იწაფები, მაგრამ მერე მივხვდი: ამას იმიტომ კი არ აკეთებენ, რომ სხვა რამე უკეთ გამოუვათ, უბრალოდ, ადამიანი არ უნდა მოკვდეს თავის პროფესიაში, ახალი მიმართულებაც უნდა მოსინჯოს, ერთგვარად თავიდან დაიბადოს. სულ მეჩვენება, რომ ეს სფერო რაღაცნაირად ამოვწურე. როცა შენი საქმე ისეთ სიამოვნებას აღარ განიჭებს, როგორც დასაწყისში, ახლის კეთების მოთხოვნილება გიჩნდება. ამ ეტაპზე პოლონურიდან რამდენიმე წიგნის თარგმნა მინდა, მერე კი მაქვს გეგმები, რომელიც თარგმანს არ უკავშირდება “.
© არილი