ლევან ბერძენიშვილი
გენიის უკანასკნელი გაელვება
„იფიგენია ავლისში“ ევრიპიდეს უკანასკნელი ტრაგედიაა. იგი დრამატურგს „ორესტესის“ (ძვ.წ. 408 წ.) შემდეგ დაუწერია. შესაბამისად, ტრაგედია ძვ.წ. 408-406 წლებს შორისაა დაწერილი, რადგან ძვ.წ. 406 წელს ბერძნულ თეატრალურ სამყაროს ჭეშმარიტი კატასტროფა დაატყდა თავს, რადგან ერთდროულად გარდაიცვალნენ სოფოკლე და ევრიპიდე. ტრაგედია 405 წ. დადგა ტრილოგიის სახით ორ სხვა ტრაგედიასთან („ბაკქოსის მხევლები“ და „ალკმეონი კორინთოსში“) ერთად მისმა ვაჟმა ან ძმისწულმა, უმცროსმა ევრიპიდემ და პირველი ადგილი მოიპოვა ათენის ქალაქის დიონისიების (დიდი დიონისიების) დღესასწაულზე, ანტიკურობის მთავარ თეატრალურ ფესტივალზე. ტრაგედია ეხება აგამემნონს, ტროის ომში ბერძნული მხედრობის მთავარსარდალს და მის გადაწყვეტილებას, მსხვერპლად შეეწირა ქალიშვილი, იფიგენია, რომ დაეცხრო ქალღმერთ არტემისის რისხვა და მოეპოვებინა უფლება, ათასი ხომალდით გაეცურა ტროის მიმართულებით. ზევსის ასული, არტემისი, აპოლონის და, განრისხებული იყო აგამემნონზე და ზურგქარს არ აძლევდა მის ფლოტს, რომელიც ტროისკენ მიისწრაფოდა, ბერძნებს პარისის მიერ მოტაცებული ჰელენე რომ გამოეხსნათ და ფრიგიელების დედაქალაქი მიწასთან გაესწორებინათ.
დღევანდელი ტერმინებით რომ ვთქვათ, საქმე აქ აშკარად ანტიკურ პოსტმოდერნიზმთან გვაქვს. ქალკისელ ქალწულთა გუნდი მიმოიხილავს ბერძენთა ფლოტს და აღწერს, რომელი გმირი რამდენი ხომალდითაა წარმოდგენილი სწორედ ისე, როგორც ეს „ილიადის“ მეორე სიმღერაში ხდება („ხომალდთა კატალოგი“). მართალია, ჰომეროსივით ვრცლად არ მიმოიხილავს, , მაგრამ მაგრამ მაინც, ერთი შეხედვით, ჰომეროსივით „ჭარბ“ ინფორმაციას იძლევა. ამავე დროს, ევრიპიდე აშკარად მიმართავს ეპოსის პაროდიას: აქაც, როგორც „ილიადაში“, ისახება შიდაბერძნული კონფლიქტი აქილევსსა და აგამემნონს შორის და აქაც ახალგაზრდა ქალის გამო და აქაც ყველაფერში დამნაშავე, რა თქმა უნდა, აგამემნონია. აგამემნონმა გადაწყვიტა, შეეწირა თავისი უფროსი ქალიშვილი; ამიტომ იგი ცბიერებით გამოიხმო მიკენედან, შეუთვალა, ჩამოდი, აქილევსს უნდა მიგათხოვოო. რა თქმა უნდა, ერთი წამითაც არ უფიქრია, თავისი ეს განზრახვა აქილევსისთვისაც შეეტყობინებინა. როდესაც ყველაფერი გაცხადდება, კეთილშობილი აქილევსი, ბუნებრივია, თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, რომ მისი სახელით ისარგებლეს გულუბრყვილო ყმაწვილი ქალის მოსატყუებლად, ხოლო როდესაც აქილევსი იფიგენიას შეხვდება და მის სიდიადეს ჩასწვდება, გული მოუკვდება, რომ ასეთი ქალის ქმრობის შანსს ართმევენ, ანუ აქაც, როგორც „ილიადაში“, სასურველ ქალს ართმევენ და ამ საზიზღარ საქმეს ისევ აგამემნონი და მისი ყურმოჭრილი მონა ტალთიბიოსი სჩადიან. მთავარი გმირების ხასიათის ხაზგასასმელად და ტრაგიკული ეფექტის გასაძლიერებლად ევრიპიდე ხშირად მიმართავს ტრაგიკულ ირონიას.
აქილევსი მზად არის, იფიგენიას გამო მთელ ბერძნულ ლაშქარს შეებრძოლოს და თავი გაწიროს. ლაშქარი ქალიშვილის მსხვერპლად შეწირვას მოითხოვს. კლიტემნესტრას აქილევსის იმედი აქვს. აგამემნონს არაფრის იმედი აღარ აქვს. გადაწყვეტილებას იფიგენია მიიღებს. უკანასკნელ ტრაგედიაში ჩვენგან პოსტმოდერნისტად და თანამედროვეთაგან ქალთმოძულედ და ცინიკოსად შერაცხულმა ევრიპიდემ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და იფიგენიას გულწრფელი პატრიოტული აღმაფრენით მთელი ათენი და შემდგომი საუკუნეები გააოგნა და, რაკი ტრაგედია პოეტის სიკვდილის შემდეგ დაიდგა, დრამატურგმა ჰადესში გამგზავრებით ისინიც კი დაამწუხრა, რომელთაც იგი არასოდეს არ ჰყვარებიათ.
ევრიპიდე
იფიგენია ავლისში
დაიდგა ევრიპიდეს გარდაცვალების (ძვ.წ. 406 წ.) შემდეგ
ძველი ბერძნული ენიდან თარგმნა, წინასიტყვაობა
და კომენტარები დაურთო ლევან ბერძენიშვილმა
მოქმედი პირები
აგამემნონი
მოხუცი, აგამემნონის მსახური
გუნდი
მენელაოსი
პირველი მაცნე
კლიტემნესტრა
იფიგენია
აქილევსი
მეორე მაცნე
ორესტე, ამალა, მცველები
პროლოგოსი
აგამემნონი
ლედამ, თესტიოსის ასულმა, სამი ასული შვა: [50] ფოიბე, კლიტემნესტრა — ჩემი მეუღლე და ჰელენე. ჰელენეს ხელის სათხოვნელად მთელი საბერძნეთიდან ჩამოვიდნენ ყველაზე უფრო ბედნიერად მიჩნეული ყმაწვილები. საშინლად დაემუქრნენ და დახოცვა დაუპირეს ერთმანეთს, იბრძოდნენ იმის გასარკვევად, თუ ვის უნდა დარჩენოდა ქალიშვილი. მძიმე დღეში ჩავარდა მამამისი ტინდარეოსი, გაეთხოვებინა თუ არ გაეთხოვებინა, საუკეთესოდ როგორ მოეწყო საქმე. ეს აზრი მოუვიდა თავში: სასიძოებმა ერთმანეთს ფიცი უნდა მისცენ, მარჯვენა ჩამოართვან, მსხვერპლი შესწირონ, საღვრელი დაღვარონ, [60] აღთქმა დადონ და შეთანხმდნენ: ვისაც ერგება ტინდარეოსის ასული, მას დაეხმარებიან, თუკი ვინმე სახლიდან მოიტაცებს და წაიყვანს, მეუღლეს შეურყვნის სარეცელს, გაილაშქრებენ და გაუნადგურებენ ქალაქს იარაღით ხელში, ბერძენი იქნება თუ ბარბაროსი. როდესაც დაუდასტურეს სასიძოებმა, — ასე კარგად მოაწყო ყველაფერი გამჭრიახმა მოხუცმა ტინდარეოსმა, — ნება დართო ქალიშვილს, თავად ამოერჩია ერთი, ვისკენაც გაიყოლებდა აფროდიტეს საყვარელი სიო. [70] მენელაოსზე შეჩერდა, ნეტავ, არასოდეს აერჩია! შემდეგ ფრიგიიდან ლაკედემონში ჩამოვიდა კაცი, რომელსაც, არგოსელთა თქმულების მიხედვით, ქალღმერთებს შორის კამათი გადაუწყვეტია, ოქროთი გაწყობილი ბრწყინვალე სამოსი ეცვა და ჭეშმარიტად ბარბაროსული ფუფუნებით გამოირჩეოდა. საყვარელმა საყვარელი მოიტაცა და იდის საძოვრებზე წაიყვანა, როცა მენელაოსი შინ არ იყო. გაშმაგებულმა მენელაოსმა მთელი საბერძნეთი შემოიარა, ყველას შეახსენა ტინდარეოსთან დადებული ფიცი, რომ შეურაცხყოფილი ქმრის დახმარება მართებდათ. [80] იმავე წამს ბერძნებმა შეარხიეს შუბი, იარაღი აისხეს, ავლისის ვიწრო სრუტეს მოადგნენ გემებით, ფარებით, მრავალი ცხენითა და ეტლით აღჭურვილები, და, მენელაოსის გამო, მე ამირჩიეს წინამძღოლად, როგორც მისი ძმა. ნეტავ, ვინმე სხვას რგებოდა ეს პატივი! შევიკრიბეთ და გავერთიანდით ლაშქარში, მაგრამ უამინდობა ავლისში გვაყოვნებდა. მაშინ მისანმა კალქასმა განსაცელში ჩავარდნილებს გვიპასუხა, [90] რომ უნდა შეგვეწირა ჩემი ქალიშვილი იფიგენია არტემისისთვის, რომელიც იმ მიწაზე ცხოვრობდა. გავცურავდით და დავაქცევდით ფრიგიელების დედაქალაქს, თუ შევწირავდით და თუ არა, ეს არაფერი არ მოხდებოდა. ეს ამბავი რომ გავიგე, ვუბრძანე ტალთიბიოსს, მოევლო მთელი ლაშქარი და ცხადად აეხსნა ყველასთვის, რომ მე ვერასოდეს ვერ გავბედავდი, მომეკლა საკუთარი ქალიშვილი. ამასობაში, ჩემმა ძმამ ყველანაირი ხერხით დამარწმუნა, ეს საშინელება ჩამედინა. დავწერე დელტოსის ფირფიტებზე და გავუგზავნე ჩემს მეუღლეს, რომ [100] გამოეგზავნა ქალიშვილი აქილევსისთვის მისათხოვებლად; ვაჟკაცის ღირსებები ცაში ავიყვანე და ვთქვი, რომ უარს ამბობდა აქაველებთან ერთად გამოცურვაზე, თუკი ჩვენი მოდგმის საცოლეს არ წაიყვანდა ფთიაში. მხოლოდ ასე შემეძლო, დამერწმუნებინა ჩემი მეუღლე, ჩვენი ქალიშვილის ყალბი ქორწინების გამოგონებით. აქაველთაგან სიმართლე ვიცოდით მხოლოდ კალქასმა, ოდისევსმა, მენელაოსმა და მე. არასწორად გადავწყვიტე მაშინ… ახლა ისევ დავწერე ამ დელტოსზე, რომელსაც ღამის ჩრდილში [110] ხედავ, რომ ვხსნი და ვხურავ. აიღე ახლა და არგოსში ჩაიტანე ეს წერილი. რაც წერია ამ ფირფიტებზე, სიტყვებითაც გეტყვი, რადგან საიმედო მსახური ხარ ჩემი ცოლისა და შინაურებისთვის. მოხუცო, გამოდი მაგ კარვიდან და აქ მოდი.
მოხუცი
მოვედი; ახალი რა ჩაიფიქრე, მეუფე აგამემნონ?
აგამემნონი
არ ჩქარობ?
მოხუცი
ვჩქარობ. ჩემი სიბერე უძილოა და თვალიც კარგად მიჭრის.
აგამენონი
ეს რა ვარსკვლავია, რომ მოძრაობს?
მოხუცი
სირიოსი, ჯერაც თავისი გზის შუაგულშია, შვიდგზიანი პლეასების ახლოს.
აგამემნონი
არ ისმის ჯერ არც ჩიტების ჭიკჭიკი, [10] ზღვაც მშვიდია, ჩამდგარია ქარი აქ, ევრიპოსზე.
მოხუცი
მაშ, რატომ ხარ კარვიდან გამოსული, მეუფე აგამემნონ? ყველაფერი მშვიდადაა ავლისში და გალავნის მცველებიც ჯერ არ ამდგარან. შევიდეთ.
აგამემნონი
მშურს შენი, მოხუცო, მშურს იმ ხალხისა, უსაფრთხოდ რომ ატარებენ ცხოვრებას, უცნობები არიან და დიდება არ აწუხებთ! ვინც პატივშია, იმათი ნაკლებად მშურს.
მოხუცი
[20] და მაინც აქაა ცხოვრების სილამაზე.
აგამემნონი
ეს არის მატყუარა სილამაზე. ძალაუფლება ტკბილია, მაგრამ მწარდება მიახლოებისას. ხანდახან ღმერთებისადმი არასწორი მსახურება გადააბრუნებს ჩვენს ცხოვრებას, ხანდახან მას ადამიანების გაღიზიანებული აზრები ამსხვრევს.
მოხუცი
ვერ მოვიწონებ ასეთ გრძნობებს ბატონისაგან. მხოლოდ კარგი ამბებისთვის არ გაუჩენიხარ [30] ატრევსს, აგამემნონ. უნდა გაიხარო და გამწარდე კიდეც, რადგან მოკვდავად იშვი. რაც შენ არ მოგწონს, ესაა, რაც ღმერთებმა ისურვეს. შენ კი ლამფა აგინთია, მას შუქი მოუცია, დელტოსი დაგიწერია და ხელში დაგიჭერია, ზოგი სიტყვა ისევ წაგიშლია, ეგ დელტოსი ხან გაგიხსნია, ხან მიწაზე დაგიგდია ეგ ფიჭვის დაფა, ხშირი [40] ცრემლი დაგიღვრია, უმიზნო საქციელით არაფერი გამოგიტოვებია, რომ გიჟად გამოგაცხადონ. რა გაგჭირვებია? რა სიახლე გაქვს ასეთი, მეფეო? მოდი, გამიზიარე შენი ამბავი. შენ დაელაპარაკები კარგ და საიმედო ადამიანს; რადგან ტინდარეოსმა ოდესღაც გამომაყოლა შენს მეუღლეს, როგორც დამხმარე და მზითვის ნაწილი.
აგამემნონი
„გიგზავნი შენ ჩემი პირველი წერილის დამატებად სიტყვას, ო, ლედას ასულო…“
მოხუცი
ილაპარაკე და ამიხსენი, რომ ჩემი ენაც ეთანხმებოდეს იმას, რაც შენ დაწერე.
აგამემნონი
„არ გამოაგზავნო შენი ქალიშვილი [120] ევბეის ყურეებით მდიდარ ფრთაზე, მოქცევისგან დაცულ ავლისში. სხვა დროს აღვნიშნოთ ქალიშვილის ქორწილი.“
მოხუცი
და აქილევსი როგორ მოითმენს ქორწინების ჩაშლას, გულში დიდ მრისხანებას არ ჩაიდებს შენი და შენი ცოლის წინააღმდეგ? ეს ხომ საშინელებაა! ამიხსენი, რას ამბობ.
აგამემნონი
მისი სახელია და არა თვითონ ამ საქმეში; აქილევსმა არც იცის ამ ქორწინებაზე რამე, არც ის, რას ვაკეთებთ, [130] არც ის, რომ მზად ვარ, შვილი ჩავახუტო, რომ მისი სარეცელი გაიზიაროს.
მოხუცი
საშინელ რამეს ბედავ, მეუფე აგამემნონ, როდესაც ქალღმერთის შვილს ჰპირდები ქალიშვილის ხელს და აქ ჩამოგყავს იგი დანაელებითვის მსხვერპლად შესაწირავად.
აგამემნონი
ვაიმე! დავკარგე გონება. ვაი, რა უბედურებაში ჩავვარდი! მაგრამ წადი! დააჩქარე ნაბიჯი, [140] სიბერეს არაფერი არ დაუთმო!
მოხუცი
ვჩქარობ, მეფევ!
აგამემნონი
ახლა არ ჩამოჯდე ტყის წყაროებთან და ძილის სიტკბოს არ მიეცე.
მოხუცი
რა სათქმელია!
აგამემნონი
გზაჯვარედინებს რომ გაივლი, თვალი მოავლე ირგვლივ, რომ ჯორშებმული ეტლი არ გამოგეპაროს, სწრაფბორბლებიანი, რომელსაც ჩემი შვილი მოჰყავს აქ, დანაელების ხომალდებისკენ.
მოხუცი
ასე იქნება.
აგამემნონი
ურდულიანი კარიბჭიდან დაიწყე [150] და თუ დაინახე ამალა, უკან გააბრუნე, ჩაიგდე ხელში სადავეები და მთელი სიჩქარით გააქანე კიკლოპების აგებული კედლებისაკენ.
მოხუცი
მაგრამ მითხარი, როგორ მოვახერხო, რომ დავაჯერო შენს შვილსა და შენს მეუღლეს, როცა შენი სახელით დაველაპარაკები?
აგამემნონი
ბეჭედი დაიცავი, რომელიც დელტოსთან ერთად მიგაქვს. წადი! უკვე განთიადი დგება, ნათდება, საცაა, გამოჩნდება ოთხცხენიანი ჰელიოსის ცეცხლი. [160] მიხსენი განსაცდელში (მოხუცი გადის). არავინაა წარმატებული და ბედნიერი ბოლოს, რადგან არავინ დაბადებულა უმტკივნეულო ცხოვრებისთვის.
გუნდი
სტროფი I
მოვედი ზღვისპირა ავლისის ქვიშიან სანაპიროზე, გამოვიარე ვიწრო ევრიპოსის ნაკადები, დავტოვე ჩემი ქალაქი ქალკისი, რომელსაც კვებავს [170] სახელგანთქმული არეთუსას ანკარა წყალი ზღვის მახლობლად, მოვედი, რომ შევძლო, დავინახო აქაველების ლაშქარი და ნახევრადღმერთი გმირების ხომალდები; რადგან ქმრებმა გვითხრეს, რომ ცეცხლისთმიანი მენელაოსი და მაღალი წარმოშობის აგამემნონი მიუძღვიან მათ ტროისკენ ათასი ხომალდით ჰელენეს ხელახლა მოსაპოვებლად, იგი ლელიანი ევროტასიდან [180] მწყემსმა პარისმა მოიტაცა, როგორც აფროდიტეს საჩუქარი, რომელსაც მაშინ დაჰპირდა კიპრისი, როდესაც მჩქეფარე წყაროსთან ჰერასა და პალასს სილამაზეში გაეჯიბრა.
ანტისტროფი I
არტემისის მრავალმსხვერპლშეწირული ჭალის გავლით მოვედი სწრაფად; ლოყები წითლად შემეფაკლა ქალწულებრივი მორიდებით, რაკი მინდოდა დამენახა მეომართა ბანაკი, [190] შეიარაღებული დანაელების კარვები და მათი ცხენების სიმრავლე. დავინახე ერთად დამსხდარი ორი აიასი, ერთი — ოილევსის ძე და მეორე — ტელამონისა, სალამისის დიდება. ვნახე პროტესილაოსი და პალამედესი, რომელიც პოსეიდონის ვაჟმა შვა, ისხდნენ და ერთობოდნენ შაშის ჩახლართულ სვლებზე. დიომედესი, რომელიც დისკოს [200] ტყორცნით ერთობოდა; მერიონესი, არესის ძე, მოკვდავთათვის საოცრება, თავისთვის იდგა; დავინახე ლაერტესის ძე, მთიანი კუნძულიდან მოსული, მასთან ერთად ნირევსი, ულამაზესი აქაველთაგან.
ეპოდოსი
ქარივით მქროლი სწრაფი მორბენალი აქილევსი, რომელიც თეტისმა შვა და ქირონმა გამოზარდა, დავინახე [210] ზღვის სანაპიროზე, დარბოდა სრული საბრძოლო აღჭურვილობით; ქვეითად ეჯიბრებოდა ოთხცხენიან ეტლს, უსწრებდა და იმარჯვებდა. თვალი მოვკარი ევმელოსს, ფერესის შვილიშვილს, მის მეეტლეს; ყვიროდა და საჩხვლეტი წკეპლით მიერეკებოდა თავის ულამაზეს, ოქროსაღვირიან ცხენებს; შუა წყვილს, რომელიც უღელს ეზიდებოდა, თეთრფორეჯებიანი კანი ჰქონდა, გვერდითა ცხენები, რომლებიც მხოლოდ მოსახვევში უთანაბრდებოდნენ ძალით, წაბლისფერნი იყვნენ და კოპლებიანი წვივები ჰქონდათ. ეტლის ძარასა და მორგვთან ძალიან ახლოს მიქროდა [230] პელევსის ძე, შეიარაღებული.
სტროფი II
შემდეგ მე ვნახე ხომალდთა სიმრავლე, საოცარი სანახავი! დავატკბე ტკბილი სიამოვნებით ჩემი ქალური ცნობისმოყვარეობა. მარცხნივ იყო ფთიიდან ჩამოსული მირმიდონელი მეომრების ორმოცდაათი სწრაფი ხომალდი. თითოეულის კიჩოზე, სულ ბოლოში, იდგა ერთ-ერთი ნერეისი ქალღმერთის [240] ოქროს ქანდაკება, აქილევსის ლაშქრის ემბლემა.
ანტისტროფი II
გვერდით იდგა არგოსელთა იმდენივე ხომალდი, რომელთაც ხელმძღვანელობდა მეკისტევსის ვაჟი, რომელიც ტალაოსმა, პაპამისმა, აღზარდა მამასავით და კაპანევსის ძე, სთენელოსი. შემდეგი იყო თესევსის ძე, რომელიც მეთაურობდა ატიკის სამოც ხომალდს; [250] ფრთოსან ეტლში, რომელშიც შებმული იყვნენ ერთჩლიქიანი ცხენები, ჩასმული ჰყავდათ ქალღმერთი პალასი — ბედნიერი ნიშანი მეზღვაურებისთვის.
სტროფი III
ბეოტიელთა საზღვაო შეიარაღება ვნახეთ — ორმოცდაათი ხომალდი, ემბლემებით აღჭურვილი. ამათ ჰყავდათ კიჩოს კიდეში კადმოსი, რომელსაც ოქროს დრაკონი ეჭირა; ლეიტოსი, დედამიწის შობილი, [260] იყო მათი ამირბარი. იქ იყო ფოკისის ხომალდები; ამდენივე გემით ლოკრისიდან, თრონიონის სახელოვანი ქალაქიდან, ჩამოვიდა ოილევსის ძე.
ანტისტროფი III
მიკენედან, კიკლოპების ქალაქიდან, ატრევსის ძემ გამოაგზავნა მეზღვაურები ასი ხომალდით, მასთან ერთად მეთაურად იყო ადრასტოსი, როგორც მეგობარი მეგობართან, [270] რომ საბერძნეთს შეძლებოდა, სრულად ეძია შური სასახლიდან გაქცეულ და უცხოელზე გათხოვილ ქალზე. პილოსიდან გერენონელი ნესტორის ხომალდები ვნახე, კიჩოზე ემბლემად ჰქონდა ხარისფეხება არსება, მდინარე ალფეოსის ხატება.
ეპოდოსი
იქ ასევე იყო ენიელების თორმეტხომალდიანი შენაერთი, რომელსაც მეუფე გუნევსი მართავდა; მის ახლოს იყვნენ ელისის მბრძანებლები, რომელთაც ეპეელებს უწოდებს ხალხი; მათ მართავდა ევრიტოსი. შემდეგ თაფოსელი მეომრები თეთრი ნიჩბებით, რომლებზედაც მეფობდა მეგესი, ფილევსის ძე; რომელმაც დატოვა ექინასების მეზღვაურთათვის სამუდამოდ მიუდგომელი კუნძული. ბოლოს აიასი, სალამისზე აღზრდილი, [290] რომელმაც თავისი მარჯვენა ფრთა შეუერთა მის გვერდით მდგომთა მარცხენას და ჩაკეტა გემების რიგი თავისი თორმეტი მოქნილი გემით. ასე გამიგია და შემდეგ მეომრებიც ვიხილე; თუ რომელიმეს წააწყდა ბარბაროსთა ხომალდებიდან, მათ შინ დაბრუნება არ უწერიათ. ასე ვნახეთ იქ [300] გემების წყება, რაღაც სახლშიც გვსმენია და გონებას შემოუნახავს აქ შეკრებილ ლაშქარზე.
პირველი ეპისოდიონი
მოხუცი, მენელაოსი
მენელაოსი ძალით წაართმევს წერილს.
მოხუცი
მენელაოს, ისეთ რამეს ბედავ, რისი უფლებაც არ გაქვს.
მენელაოსი
წადი! მეტისმეტად ერთგული ხარ შენი ბატონების.
მოხუცი
ასეთი გინება მხოლოდ საამაყოა ჩემთვის.
მენელაოსი
ვაი შენ, თუ იმას აკეთებ, რასაც არ უნდა აკეთებდე!
მოხუცი
უფლება არ გაქვს, გახსნა წერილი, რომელიც მე მიმაქვს.
მენელაოსი
არც შენ გაქვს უფლება, მთელ საბერძნეთს უბედურება მოუტანო.
მოხუცი
სხვას უნდა შესჩივლო ეგ, მე კი დამიბრუნე წერილი!
მენელაოსი
[310] არ დაგიბრუნებ!
მოხუცი
მეც ვერ დაგიტოვებ.
მენელაოსი
ახლავე თავს კვერთხით დაგისისხლიანებ.
მოხუცი
მაგრამ სახელოვანია ბატონებისთვის სიკვდილი.
მენელაოსი
გეყოფა, მონისათვის მეტისმეტად გრძელი ენა გაქვს!
მოხუცი
(ხედავს, რომ აგამემნონი უახლოვდება) ო, ბატონო, უსამართლოდ მექცევიან! შენი წერილი გამომტაცა ხელიდან ძალით, აგამემნონ, და არ უსმენს სამართლიან მოთხოვნას.
აგამემნონი
ჰეი, რა ხმაურია კარიბჭესთან, რა სიტყვები მესმის?!
მენელაოსი
მე უნდა მომისმინო და არა მაგას.
აგამემნონი
შენ, მენელაოს, რას ეკამათები ამ კაცს, რა გაქვს საჩხუბარი?
მენელაოსი
[320] სახეში შემომხედე, ასე ვაპირებ, ლაპარაკი დავიწყო.
აგამემნონი
შიშისგან თვალებიც ხომ არ უნდა დავხუჭო, ატრევსის შობილო?[1]
მენელაოსი
ხედავ ამ დელტოსს, სამარცხვინო შეტყობინების მატარებელს?
აგამემნონი
ვხედავ და, უპირველეს ყოვლისა, გადმომეცი.
მენელაოსი
არა, სანამ არ ვაჩვენებ მის შინაარსს ყველა დანაელს.
აგამემნონი
როგორ, ბეჭედი გატეხე და გაიგე, რაც არ უნდა გაგეგო არასოდეს?
მენელაოსი
დიახ, მე გავხსენი და ვიცი, შენდა სამწუხაროდ, რას აპირებდი საიდუმლოდ.
აგამემნონი
საიდან ჩაგივარდა ხელში? ღმერთებო, რა სამარცხვინო გული გაქვს!
მენელაოსი
შენს ქალიშვილს არგოსიდან სამხედრო ბანაკში ველოდებოდი.
აგამემნონი
რა უფლება გაქვს, ჩემს მოქმედებებს რატომ ამოწმებ? ეს სამარცხვინო არ არის?
მენელაოსი
[330] იმიტომ, რომ ამის სურვილმა მომიცვა, მე ხომ შენს მონად არ ვშობილვარ.
აგამემნონი
საშინელება არ არის?! მე არ შემიძლია, საკუთარ სახლში ვიუფროსო?
მენელაოსი
არა, რადგან არ იცი, რა გინდა: ერთს ახლა, მეორეს უწინ, მესამეს დაუყოვნებლივ.
აგამემნონი
კარგად ლაყბობ საზიზღარ რამეებზე: შესაშურია ბრძნული ენა!
მენელაოსი
მაგრამ არამყარი გონება უვარგისი ქონებაა და არასაიმედოა მეგობრებისთვის. მინდა შეგამოწმო და შენ მრისხანების გამო ნუ აქცევ ზურგს სიმართლეს, არც მე დავძაბავ მეტისმეტად. გაიხსენე, რა მოწადინებული იყავი, რომ გეხელმძღვანელა დანაელებისთვის ილიონის წინააღმდეგ, გარეგნულად არ იმჩნევდი, თითქოს არც გინდოდა ეს პატივი, გულში კი ძალიან გინდოდა; რა მოკრძალებული იყავი, ყველას მარჯვენას ართმევდი, [340] კარი ღია გქონდა ყველასათვის, ვინც კი შემოსვლას დააპირებდა, ყველას აძლევდი საშუალებას, ელაპარაკა შენთან, თუმცა ზოგს არც უნდოდა; ამნაირად ცდილობდი, მოგეპოვებინა ყველას მხარდაჭერა. შემდეგ, როგორც კი მოიპოვე მთავარსარდლობა, იმავე წამს შეიცვალა შენი საქციელი; მეგობრებისადმი აღარ იყავი ძველებურად მეგობარი. მიუწვდომელი გახდი, სახლში ჩაიკეტე და იშვიათად ჩნდებოდი. ადამიანი სწორედ მაშინ, როდესაც კარგ ბედშია, როცა კეთილდღეობა ეწვევა, არ უნდა იცვლიდეს საქციელს, სწორედ მაშინ უნდა უერთგულოს მეგობრებს, როდესაც მისი კეთილი ბედი უფრო საქმიანად შეიძლება დაეხმაროს მათ. აი, ეს იყო ჩემი პირველი ბრალდება, მაშინ პირველად აღმოვაჩინე შენი ავკაცობა. [350] შემდეგ, როდესაც ავლისში ჩამოხვედი სრულიად ბრძნულ ლაშქართან ერთად და ღმერთებმა რომ ზურგქარი არ გვაღირსეს, თავზარი დაგეცა და გატყდი. დანაელებმა დაიწყეს მოთხოვნა, რომ შენ უნდა გაგეგზავნა ფლოტი სახლში ავლისში ამაო ლოდინის ნაცვლად. რა უბედური იერი გქონდა მაშინ! რა დაბნეულობა დაგეტყო სახეზე იმის ფიქრით, რომ შენ არ უხელმძღვანელებდი მეტად ათას ხომალდს, რომ ჩვენი ლაშქრით დაგეფარა პრიამოსის ველი! მე მკითხე რჩევა: „რა ვქნა? რა გზას დავადგე, როგორ ვიპოვო გამოსავალი?“ რომ არ ჩამოგრთმეოდა მხედართმთავრობა და არ დაგეკარგა შენი დიდება. შემდეგ, როდესაც კალქასმა საკურთხევლის წინ განაცხადა, რომ შენ უნდა შესწირო ქალიშვილი არტემისს და ამ შემთხვევაში დანაელები გაცურავენ, შენ გაიხარე, [360] ბედნიერი იყავი, როდესაც ამ მსხვერპლს დაჰპირდი და შენი ნებით გაუგზავნე, არა ძალით, ვერ იტყვი ამას, შენს ცოლს წერილი, რომ ბავშვი აქ ჩამოსულიყო, თითქოსდა აქილევსთან დასაქორწინებლად; მაგრამ ამის შემდეგ ისევ შეიცვალე აზრი და გამოგიჭირეთ, რომ ახალი წერილი დაწერე, სადაც აცხადებ, არ მინდა, ჩემი შვილის მკვლელი ვიყოო. სწორედ ასე! მაგრამ ზეცა იგივეა, მან გაიგონა შენი დაპირება. ათასობით ადამიანს მოსვლია ასე, როცა ხელისუფლებაში არიან. ყველაფერს აკეთებენ, რომ ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ და მერე საცოდავად ეცემიან, ხან ხალხის სისულელის გამო, ხან საკუთარი სისუსტის გამო და ვერ იცავენ ქალაქს! [370] ჩემდათავად, მე მეცოდება უბედური საბერძნეთი, რადგან რაღაც დიდის გაკეთებას აპირებდა, ბარბაროსებისთვის ჭკუა უნდა ესწავლებინა, მაგრამ ახლა ისინი დაუსჯელნი რჩებიან და დაგვცინიან შენი და შენი ქალიშვილის გამო. არასოდეს არ დავნიშნავდი კაცს ქვეყნის მმართველად მისი ვაჟკაცობის გამო! არც მხედართმთავრად! მთავარსარდალს სჭირდება, რომ ჰქონდეს გონება! ქალაქის მართვას ნებისმიერი ადამიანი შეძლებს, თუ გაუმართლა და საღად აზროვნებს.
კორიფაიოსი
ძმებს შორის გაიმართა საშინელი სიტყვიერი ბრძოლა, რომელიც განხეთქილებაში გადაიზარდა.
აგამემნონი
მეც ძალიან მინდა, რამე ცუდი გითხრა, მოკლედ, მაგრამ არ მსურს, უსირცხვილოდ მაღლა ავქაჩო წარბები, მინდა უფრო გონივრულად მოვიქცე, [380] როგორც ძმა; წესიერმა კაცმა ქცევის წესები უნდა დაიცვას. მითხარი, რატომ მძვინვარებ? რატომ გაქვს სისხლიანი თვალები? ვინ შეურაცხგყო? რა გინდა? კარგი მეუღლის ძლიერი სურვილი ხომ არ გაქვს? მე არ შემიძლია, ეს მოგცე; რადგან რომელიც გყავდა, იმას ვერ მოუარე. შენი შეცდომების გამო მე უნდა დავისაჯო? ჩემი პატივმოყვარეობა არ გაწუხებს შენ; არა, შენ გინდა მშვენიერი ქალი გყავდეს მკლავებში; კეთილგონიერება და წესიერება არ გადარდებს. ცუდი კაცის სიამოვნება მისივე მსგავსია. მე გიჟი ვარ, თუ გამოვიცვალე აზრი უფრო გონივრულით, როდესაც მანამდე მცდარი გადაწყვეტილება მივიღე? შენ უფრო ხარ გიჟი, რადგან ცუდი მეუღლე დაკარგე და [390] უკან დაბრუნება გინდა, მაშინ როცა ღმერთებმა კარგი საქმე გაგიკეთეს. ცოლის მოსაყვანად სულელმა სასიძოებმა მაშინ ტინდარეოსს ფიცი მისცეს; — ეს იყო ელპისი, იმედის ქალღმერთი, მე მგონია, მან მოაწყო ყველაფერი და არა შენ და შენმა ძალამ. წაიყვანე ისინი და იომე; ისინი მზად არიან თავიანთი გიჟი გულებით. ღვთაება კი უგუნური არ არის, მას შეუძლია ერთმანეთისგან გაარჩიოს შეცდომით მიცემული ფიცი ან ძალით მოპოვებული. მე ჩემს შვილებს არ დახოცავ. რატომ უნდა იხარო შენ შენი უვარგისი ცოლის გამო შურისძიებით, რატომ უნდა დამრჩეს მე სამუდამო გლოვა იმაზე, რაც გავუკეთე საკუთარ სისხლსა და ხორცს, სამართლიანობის ყველა კანონის საწინააღმდეგოდ?! [400] აი შენ მოკლე პასუხი, ცხადი და იოლად გასაგები; თუ ამით გონზე ვერ მოგიყვანე, მე თვითონ გავაკეთებ, რაც საჭიროდ მიმაჩნია.
კორიფაიოსი
ეს განსხვავდება მანამდე ნათქვამი სიტყვებისგან, მაგრამ მასში სიკეთეა, ბავშვის დანდობაა.
მენელაოსი
ვაიმე, აღარ მყავს მეგობრები მე უბედურს.
აგამემნონი
გყავს მეგობრები, თუ მათს დაღუპვას არ აპირებ.
მენელაოსი
რითი დამიმტკიცებ, რომ მამაჩემის შვილი ხარ შენც?
აგამემნონი
სიბრძნე მაქვს შენთან საერთო და არა სიგიჟე.
მენელაოსი
მწუხარებაში სჭირდება მეგობარს მეგობარი.
აგამემნონი
კარგი გამიკეთე, თუ დახმარება გინდა და ტკივილს ნუ მომაყენებ.
მენელაოსი
[410] მაშ, არ აპირებ, ეს განსაცდელი საბერძნეთთან ერთად გადაიტანო?
აგამემნონი
საბერძნეთიც შენსავით, რომელიღაც ღმერთის ნებით, ავადაა.
მენელაოსი
მიდი, იტრაბახე შენი კვერთხით, საკუთარი ძმის მოღალატევ! მე სხვა საშუალება უნდა გამოვძებნო და სხვა მეგობრები.
აჩქარებით შემოდის მაცნე.
მაცნე
სრულიად ბერძენთა მბრძანებელო, აგამემნონ, ჩამოვედი და ჩამოგიყვანე ბავშვიც, რომელსაც სახლში იფიგენიას უხმობდი. დედაც თან ახლავს, კლიტემნესტრა და ბიჭიც, ორესტესი; იცოდა, რომ გაიხარებდი მისი ნახვით, კარგა ხანია, სახლიდან წამოსული რომ ხარ. [420] გრძელი გზა გამოიარეს, ახლა ისვენებენ და ნაზი ფეხები წყაროს წყალში აქვთ ჩაწყობილი, ისვენებენ ისინიც და ცხენებიც, გამოვხსენით ეტლიდან და მინდორზე გავუშვით საბალახოდ. მე კი წინ წამოვედი, რომ მათს დასახვედრად მოემზადო; რადგან უკვე გაიგო ლაშქარმა, სწრაფად გავრცელდა ხმა, შენი ქალიშვილი რომ ჩამოვიდა. უამრავმა ხალხმა მოირბინა, რომ ენახათ შენი ასული; ბედის ნებიერები ყველასთვის სახელოვანნი არიან და მოკვდავებს მათი ნახვა უხარიათ. [430] ამბობენ: „ქორწილია თუ რა ხდება? თუ მეუფე აგამემნონს ქალიშვილი მოენატრა და ჩამოიყვანა ბავშვი?“ სხვებისგან ამას გაიგონებდი: „არტემისს წარმოუდგინეს ყმაწვილი ქალი, ავლისის დედოფალს, ნეტავ ვინ იქნება მისი ქმარი?“ მაშ მიდი, დაიწყე წესის ასრულება, მოამზადე კალათები, თავი გვირგვინით შეიმოსე, შენც, მეუფე მენელაოს; მოამზადე საქორწილო სიმღერა და კედლებში გაისმას ფლეიტისა და მოცეკვავეთა ფეხის დარტყმის ხმები; ხომ ბედნიერი დღე გაუთენდა ქალიშვილს!
აგამემნონი
მადლობელი ვარ, ახლა კი სახლში შედი; მივუშვათ ბედი თავის გზაზე და ყველაფერი კარგად იქნება. (მაცნე გადის). ვაიმე, რა ვთქვა უბედურმა? საიდან დავიწყო? გარემოებათა მძიმე უღელი დამედგა ქედზე. ღმერთმა ჩამაგდო ამ დღეში, ჩემს ცბიერებას ბევრად გადააჭარბა. მდაბიო წარმოშობას თავისი უპირატესობა აქვს. ცრემლის ღვრაც იოლია მათთვის და ყველაფრის თქმაც. კეთილშობილი წარმოშობის კაცს უბედურება ნაკლებად არ ემართება; მაგრამ ჩვენ გვაქვს ცხოვრების გარეგნული ღირსება და ბრბოს მონები ვართ. რადგან მე მრცხვენია, რომ ცრემლი დავღვარო, რომ არ დავღვრი, ახლა ამისიც მრცხვენია უბედურს, ამგვარ უდიდეს უბედურებაში ვარ ჩავარდნილი. კმარა! რა ვუთხრა ჩემს მეუღლეს? როგორ შევხვდე? რა სახე მივიღო? მან ხომ დამღუპა, როცა ამ უბედურების ჟამს დაუპატიჟებლად ჩამოვიდა. თუმცა უნდა გამოჰყოლოდა ქალიშვილს, რომელიც თხოვდება და მოსამზადებელია ქორწილი და გადასაცემია, რაც ყველაზე ძვირფასია. სწორედ მაშინ აღმოაჩენს ჩემს ავკაცობას [460] და ამ საცოდავი ქალიშვილისთვის — რატომ ქალიშვილისთვის? ჰადესი მას, როგორც ჩანს, მალე მოიყვანს ცოლად — როგორ მებრალება! მგონია, ასე მევედრება: „მამაჩემო, მომკლავ? ასეთი ქორწილით იქორწინეთ შენც და შენმა მეგობრებმაც!“ ორესტესი იქნება იქვე და იტირებს უაზროდ, მაგრამ ყველასთვის გასაგებად, ჯერ ჩვილი ბავშვია. ვაიმე! პრიამოსის ვაჟმა, პარისმა, ჰელენეზე რომ იქორწინა, მაშინ დამღუპა და იქიდან მოდის ეს ყველაფერი.
კორიფაიოსი
მეც მეცოდება, თუკი უცხოელ ქალს შეუძლია [470] იგლოვოს ბატონების უბედურება.
მენელაოსი
(ხელს უწვდის აგამემნონს). ძმაო, მომეცი მარჯვენა, უნდა ჩამოგართვა.
აგამემნონი
გაძლევ; შენია გამარჯვება და ჩემი — მწუხარება.
მენელაოსი
ვფიცავ პელოფსს, ჩემსა და შენს წინაპარსა და ატრევსს, ჩვენს მამას, რომ სიმართლეს გეტყვი გულწრფელად და ყველანაირი ეშმაკობის გარეშე, მხოლოდ რასაც ვფიქრობ. თვალცრემლიანს რომ გხედავ, მებრალები და სანაცვლოდ მეც ცრემლები მადგება თვალზე. უკან მიმაქვს ჩემი ძველი სიტყვები; [480] შენთვის საშიში არ ვარ, შევდივარ შენს მდგომარეობაში.მიიღე ჩემი რჩევა: არ მოკლა შვილი და არ შემომწირო მე; რადგან არ არის სამართლიანი, შენ გლოვობდე და მე გახარებული ვიყო, შენები დაიხოცნონ და ჩემებმა დღის სინათლეს უცქირონ. მაშ, რა მინდა? სხვა საცოლეს ვერ ვიპოვი, თუ ქორწინება მომინდება? ძმა დავღუპო, რომელიც ყველაზე ნაკლებად დასაღუპია, ჰელენე მოვიპოვო, ცუდი კარგის სანაცვლოდ? უგუნური და ყმაწვილი ვიყავი, სანამ უფრო ახლოდან არ [490] შევხედე და არ ჩავწვდი, თუ რა არის ბავშვების დახოცვა. გარდა ამისა, გული მიკვდება ამ უიღბლო ქალიშვილზე, ჩემს სისხლსა და ხორცზე, რომელიც მსხვერპლად უნდა შეეწიროს იმას, რომ მე დაქორწინება შევძლო. რა ხელი აქვს ჰელენეს შენს ქალიშვილთან? დაიშალოს ლაშქარი და წავიდეს ავლისიდან, გაიშრე ცრემლი, ძმაო, და მეც ნუ მატირებ. რაც წინასწარმეტყველებაშია შენს ქალიშვილზე ნათქვამი, გეხება შენ, მე აღარ მეხება, ჩემს წილს შენ გითმობ. [500] რაო, მოულოდნელი ცვლილებაა ჩემი სასტიკი სიტყვების შემდეგ? ჩემთვის ბუნებრივი ცვლილებაა, ძმის სიყვარულმა გამოიწვია იგი. ესაა კარგი კაცის მოსახვევი: ყველა ვითარებაში მისდიოს იმას, რაც საუკეთესოა.
კორიფაიოსი
დიდსულოვანი სიტყვა ბრძანე, ზევსის ძე ტანტალოსის ღირსი, წარმომავლობა არ შეარცხვინე.
აგამემნონი
მადლობელი ვარ, მენელაოს, ამ მოულოდნელი სიტყვისთვის, დიდებული ნათქვამია და შენი ღირსი. გაუგებრობა ძმებს შორის გამოწვეულია სიყვარულით ან მათი ოჯახების სიხარბით; მძულს [510] ასეთი ურთიერთობა, რომელიც ორივესთვის მწარეა; მაგრამ მივადექით ბედისწერის აუცილებლობას და მე ვერ გავექცევი ქალიშვილის სისხლიან მსხვერპლშეწირვას.
მენელაოსი
როგორ? ვინ გაიძულებს, შენიანი მოკლა?
აგამემნონი
აქაველების მთელი გაერთიანებული ლაშქარი.
მენელაოსი
არა, თუკი მას ისევ არგოსში გააბრუნებ.
აგამემნონი
ფარულად ვიზამდი ამას, მაგრამ იმას ვერ დავმალავ.
მენელაოსი
რას? არ არის ბრბოს მეტისმეტი შიში საჭირო.
აგამემნონი
კალქასი ეტყვის წინასწარმეტყველებას არგოსელთა ლაშქარს.
მენელაოსი
ვერა, თუ მოკვდება მანამდე; ეს იოლია.
აგამემნონი
[520] მისანთა მთელი მოდგმა პატივმოყვარეობის ჭირია.
მენელაოსი
არაფერში გამოსადეგი და უვარგისი.
აგამემნონი
იმის არ გეშინია, რაც ახლა მომივიდა თავში?
მენელაოსი
თუ არ მეტყვი, როგორ გავიგებ, რას გულისხმობ?
აგამემნონი
სისიფოსის ნაშიერმა იცის ყველაფერი.
მენელაოსი
ოდისევსი არც მე და არც შენ არაფერს არ დაგვიშავებს.
აგამემნონი
ყოველთვის ცბიერი იყო და ბრბოს მხარეს.
მენელაოსი
სწორია, პატივმოყვარეა საშინლად.
აგამემნონი
არ გგონია, რომ დადგება არგოსელებს შორის და იტყვის, რა წინასწარმეტყველებებიც განმარტა კალქასმა [530] და რომ მე შევპირდი მსხვერპლის შეწირვას არტემისს და მოვიტყუე? ვერ აიყოლიებს ლაშქარს, შენ და მე ვერ დაგვხოცავს და არგოსელი ასულის შეწირვას ვერ ბრძანებს? და არგოსში თუ გავიქეცი, თვითონ მოგვადგებიან კიკლოპების გალავანთან, დალეწავენ და მიწასთან გაასწორებენ ქალაქს. ესაა ჩემი განსაცდელი, რა უბედური ვარ! რა დღეში ჩამაგდეს ღმერთებმა ახლა! ერთი რამ გამიკეთე, მენელაოს, ლაშქარი გაიარე, რომ კლიტემნესტრამ ვერ გაიგოს [540] ვერაფერი, სანამ ჰადესს არ ჩავაბარებ ჩემს ქალიშვილს, რომ ჩემს გასაჭირს ნაკლები ცრემლი ახლდეს. (მიუბრუნდება გუნდს). თქვენ კი, უცხოელო ქალებო, დუმილი დაიცავით.
მენელაოსი გადის.
გუნდი
სტროფი
ნეტარია, ვისთანაც ქალღმერთი ზომიერად მიდის და ვინც თავშეკავებულად იზიარებს აფროდიტეს ქორწინების საჩუქარს, სიმშვიდით ტკბება დამნესტრავი სიშმაგისგან თავისუფალი, როდესაც ოქროსთმიანი ეროსი მოზიდავს თავის მშვილდს სიამოვნების ორი ისრით, ერთს ბედნიერი ხვედრით, მეორეს კი — სიცოცხლის ასარევად. ეგ მოაცილე ჩემს საწოლ ოთახს, ულამაზესო კიპრის! დაე, ჩემი სიამოვნება იყოს ზომიერი, ნდომა სუფთა, ვეზიარო აფროდიტეს, მაგრამ ავერიდო გადაჭარბებას.
ანტისტროფი
განსხვავებულია მოკვდავთა ბუნება, განსხვავებულია ჩვეულებები, [560] ნამდვილი ღირსება კი ყოველთვის იოლი გამოსაცნობია. ასევე აღზრდასა და ვარჯიშს კარგად შეუძლიათ სათნოებამდე მიყვანა; რადგან სირცხვილის გრძნობა უკვე სიბრძნეა, გამორჩეული სიკეთე კი არის, საუკეთესო მსჯელობით დაინახო, საჭიროა რაა, მაშინ პატიოსან სახელს მოაქვს დაუბერებელი დიდება ცხოვრების განმავლობაში. დიდი ამბავია სათნოებაზე ნადირობა, ქალებისთვის ესაა კიპრისის [570] დამალვა, კაცებისთვის კი მას უთვალავი სახე აქვს; და ეს უმატებს ქალაქს დიდებას.
ეპოდოსი
მიხვედი, ო პარის, იმ ადგილებში, სადაც მწყემსად გაიზარდე, იდის თოვლივით თეთრ დეკეულებთან, ბარბაროსულ მელოდიებს უკრავდი სირინქსზე, ოლიმპოსის სალამურს ბაძავდი ფრიგიული ხმებით. სავსეჯიქნიანი ძროხები ბალახს ძოვდნენ, [580] როდესაც ქალღმერთების განსჯა გელოდა შენ, რამაც საბერძნეთში გაგგზავნა; დადექი სპილოსძვლის სასახლის წინაშე, ჰელენეს მონუსხულ თვალებში სიყვარული ჩასახე და თავადაც მოგედო სიყვარული. აქედან წარმოიშვა განხეთქილება, რომელმაც საბერძნეთი შუბითა და გემებით მიაყენა ტროის კოშკებს.
მეორე ეპისოდიონი
კლიტემნესტრა, იფიგენია, ორესტესი
არგოსელ კაცთა გუნდი
[590] ოჰ! დიადია დიდებულთა ბედნიერება. შეხედე მეფის ასულს, ჩემს დედოფალსა და კლიტემნესტრას, ტინდარეოსის ასულს; რა დიდებული წარმოშობისა არიან და რამოდენა ბედნიერებას მიაღწიეს. ეს მძლავრი არსებები, რომელთაც სიმდიდრეც ახლავთ, ღმერთებად მიაჩნია ნაკლებად წარმატებულ ხალხს.
გუნდი
გაჩერდით, ქალკისის შობილო ქალიშვილებო, მივიღოთ ეტლიდან ჩამოსული დედოფალი [600] მიწაზე მტკიცე ნაბიჯით, თავაზიანად შევაშველოთ ხელი, კეთილი განწყობით, რომ აგამემნონის სახელოვანმა ასულმა, ახლახან ჩამოსულმა, შიში არ იგრძნოს; ავარიდოთ ყველაფერი შემაშფოთებელი თავად უცხოებმა არგოსელ უცხოებს.
კლიტემნესტრა
ბედნიერების მომასწავებელ ნიშნად მიმაჩნია შენი თავაზიანი და კეთილი მიღება და იმედი მაქვს, რომ ბედნიერი ქორწინებისთვის მყავს [610] საცოლე ჩამოყვანილი. (მსახურებს) ეტლიდან გადმოიტანეთ მზითევი, რომელიც მომაქვს ჩემი ასულისთვის და მეფის კარავში შეიტანეთ ფრთხილად. შენ კი, შვილო ჩემო, ჩამოდი ცხენებიანი ეტლიდან და მიწაზე ნაზად დადგი შენი დახვეწილი ფეხი. (გუნდს) თქვენ კი, ყმაწვილო ქალებო, მკლავები ჩაავლეთ და ჩამოიყვანეთ ეტლიდან. ვინმემ მეც მომაშველეთ ხელი, რომ მოხდენილად დავტოვო ჩემი ადგილი ეტლში. ზოგიერთები დადექით წინ ცხენების თავებთან; [620] რადგან ცხენებს მორიდებული თვალები აქვთ, იოლად ეშინიათ ხოლმე; და ეს ბავშვი, აგამემნონის ვაჟი გამომართვით, ორესტესი, ჯერ კიდევ ჩვილია. გძინავს, შვილო, დაიღალე ეტლით მგზავრობაში? გაიღვიძე ბედნიერად შენი დის ქორწილში; ისედაც დიდი გვარისა ხარ და კიდევ მოგემატება სახელი ნერეისი ასულის ღვთისდარ ნაშიერთან დამოყვრებით. აქ მოდი, დედაშენთან, ჩემო ასულო, იფიგენია, დამიჯექი გვერდით და ახლოდან დაანახვე ჩემი ბედნიერება ამ უცხო ქალებს; [630] მოდი აქ და მიესალმე საყვარელ მამას.
იფიგენია
დედა, არ გამიბრაზდე, თუ გაგექეცი და მამაჩემს გულში ჩავეხუტე.
კლიტემნესტრა
თაყვანსაცემო, უდიდესო მეუფე აგამემნონ, ჩამოვედით, შენს ბრძანებას დავემორჩილეთ.
იფიგენია
ო მამა, რამდენი ხანია, მინდა გამოვიქცე და გულში ჩაგეხუტო, მინდა, შენი სახე დავინახო, არ გამიბრაზდე.
კლიტემნესტრა
შეგიძლია, ქალიშვილო, ჩემი შვილებიდან მამა მუდამ შენ გიყვარდა ყველაზე მეტად.
იფიგენია
(ეხუტება მამას). [640] მამა, მიხარია, რომ გხედავ დიდი ხანია, მენატრები.
აგამემნონი
მამაშენსაც უხარია, ორივეს გვეხება შენი სიტყვები.
იფიგენია
გაიხარე, კარგი ქენი, აქ რომ მომიყვანე, შენთან.
აგამემნონი
არ ვიცი, უნდა ვთქვა კი თუ არა ამაზე, შვილო.
იფიგენია
აჰ! ვერ გამოიყურები მშვიდად, თუმცა გახარებული ხარ ჩემი დანახვით.
აგამემნონი
ბევრი საზრუნავი აქვს მეფესა და მხედართმთავარს.
იფიგენია
ჩემთან იყავი ახლა, სხვაგან ნუ მიაბრუნებ გონებას.
აგამემნონი
სწორედ შენთან ვარ მთლიანად ახლა და არა სხვასთან.
იფიგენია
მაშ, ჩამოუშვი წარბი და მოიხსენი დაძაბულობა და გაიღიმე.
აგამემნონი
ნახე, რომ გხედავ, მიხარია ეს, როგორც უნდა მიხაროდეს.
იფიგენია
[650] და მაინც ცრემლი გდის თვალებიდან?
აგამემნონი
დიდი არდასწრება ორივე მხრიდან, ეს გველოდება.
იფიგენია
ვერ გავიგე, რა თქვი, ვერ გავიგე, უსაყვარლესო მამა.
აგამემნონი
კიდევ უფრო აღმიძარი სიბრალული, ისე გრძნობით ლაპარაკობ.
იფიგენია
უფრო უაზროსაც ვიტყვი, ოღონდ შენ გასიამოვნო.
აგამემნონი
ვაი! დუმილს ვერ ვიტან, გაქებ.
იფიგენია
მამა, დარჩი სახლში შენს შვილებთან.
აგამემნონი
მინდა, მაგრამ უფლება არ მაქვს, მინდოდეს და ეს მტანჯავს.
იფიგენია
დაიღუპოს ომები და მენელაოსის უბედურებები!
აგამემნონი
პირველად სხვებს დაღუპავს, რაც მე მღუპავს ახლა.
იფიგენია
[660] რა დიდხანს დარჩი ჩვენგან შორს ამ ავლისის ყურეში!
აგამემნონი
ახლაც გვაკავებს რაღაც, ლაშქარს რომ ვერ ვაგზავნით.
იფიგენია
სად ცხოვრობენ ფრიგიელები, რას ამბობენ, მამა?
აგამემნონი
სადაც არასოდეს არ მინდა იცხოვროს პარისმა, პრიამოსის ძემ.
იფიგენია
დიდი გზა გელის მას შემდეგ, მამა, რაც მე დამტოვე.
აგამემნონი
შენც იმავე დღეში ხარ, ჩემო ქალიშვილო, როგორშიც შენი მამა.
იფიგენია
აჰ! რა კარგი იქნებოდა, შენთან ერთად რომ წაგეყვანე გემით.
აგამემნონი
შენც მოგიწევს გადაცურვა, სადაც მამას გაიხსენებ.
იფიგენია
დედასთან ერთად გავცურავ თუ მარტო გავემგზავრები?
აგამემნონი
მარტო, მამისა და დედის გარეშე.
იფიგენია
[670] ნუთუ მიპოვე სხვა სახლი, მამა?
აგამემნონი
კმარა! გოგონებმა არ უნდა იცოდნენ ასეთი ამბები.
იფიგენია
იჩქარე ფრიგიელებიდან ჩემკენ, შორეულ წამოწყებაში წარმატების შემდეგ.
აგამემნონი
ჯერ აქ უნდა შევწირო შესაწირავი.
იფიგენია
დიახ, შენი მოვალეობაა, დაიცვა რწმენა წმინდა წესების მეშვეობით.
აგამემნონი
შენც დაესწრები, განსაწმენდელ წყალთან ახლოს დადგები.
იფიგენია
საკურთხევლის ირგვლივ საცეკვაო გუნდს შევკრავთ, მამა?
აგამემნონი
მშურს შენი ბედნიერებისა, არაფერი რომ არ იცი. შედი შიგნით — გოგოებისთვის არ შეიძლება, დაინახონ — მომეცი ხელი და გაკოცო, [680] რადგან დიდხანს უნდა დარჩე მამაშენისგან მოშორებული. მკერდი, ყვრიმალები, ოქროს თმები! რამდენი ტკივილი მოგვაყენეს ფრიგიელების ქალაქმა და ჰელენემ! შევწყვეტ სიტყვებს, რადგან უმალ ცრემლები მდის, როცა გეხები. შედი სახლში. (იფიგენია შედის. აგამემნონი მიუბრუნდება კლიტემნესტრას) ბოდიშს ვითხოვ შენგან, ლედას ასულო, თუ განსაკუთრებული დარდი დამეტყო, როცა ქალიშვილს აქილევსს ვაძლევ. მიუხედავად იმისა, რომ უნდა გაბედნიერდეს, მშობელს მაინც გული სტკივა, როცა სხვა სახლში [690] აგზავნის მამა ასულს, რომელზეც ბევრი უზრუნვია.
კლიტემნესტრა
მე ასე უგრძნობი არ ვარ, შემიძლია გავიგო, რადგან მეც გამიჭირდა, გამომეყვანა ქალიშვილი ოთახიდან საქორწინო სიმღერის ხმისკენ; ამიტომ მესმის შენი; მაგრამ ჩვეულება ასეთია, ქორწინება საყოველთაო ამბავია და დრო დააშრობს ყველა ცრემლს. იმ კაცის, ვისაც ასულს ვაძლევთ, სახელი ვიცი, ეს მართალია, მაგრამ მინდა ვიცოდე მისი წარმომავლობა და მშობლიური ქვეყანა.
აგამემნონი
იყო ვინმე ეგინა, ასოპოსის ასული.
კლიტემნესტრა
რომელიც ცოლად მოიყვანა ღმერთმა თუ მოკვდავმა?
აგამემნონი
ზევსმა; შვა აიაკოსი, ენონეს ბელადი.
კლიტემნესტრა
[700] რომელ ვაჟს დაუტოვა სასახლე აიაკოსმა?
აგამემნონი
პელევსს; პელევსმა კი შეირთო ნერევსის ასული.
კლიტემნესტრა
ღმერთმა მისცა თუ ღმერთების ნების წინააღმდეგ წაიყვანა?
აგამემნონი
ზევსი შეჰპირდა და მისმა მცველმა მისცა.
კლიტემნესტრა
სად მოიყვანა ცოლად? ზღვის ტალღებში?
აგამემნონი
ქირონის სახლში, პელიონის წმინდა ძირში.
კლიტემნესტრა
იქ, სადაც, როგორც ამბობენ, კენტავრების მოდგმა ცხოვრობს?
აგამემნონი
იქ გადაიხადეს პელევსის ქორწილი ღმერთებმა.
კლიტემნესტრა
თეტისმა გაზარდა თუ მამამ აქილევსი?
აგამემნონი
ქირონმა, ცუდი ხალხის ზნე რომ არ ესწავლა.
კლიტემნესტრა
[710] აჰ! ბრძენი აღმზრდელია, ხოლო უფრო ბრძენია, ვინც შვილი მიაბარა.
აგამემნონი
შენი ასულის ქმარი იქნება ეს კაცი.
კლიტემნესტრა
ვერ დაიწუნებ. საბერძნეთის რომელი ქალაქია მისი?
აგამემნონი
მდინარე აპიდანოსის ნაპირზე, ფთიის ქვეყანაში.
კლიტემნესტრა
იქ უნდა ჩაიყვანო ჩვენი ქალიშვილი?
აგამემნონი
ვინც წაიყვანს, იმის საზრუნავია ეგ.
კლიტემნესტრა
დაე, ბედნიერნი იყვნენ! რომელ დღეს მოიყვანს ცოლად?
აგამემნონი
როდესაც მზე ბედნიერად გახდება სავსე.
კლიტემნესტრა
წინამორბედ მსხვერპლშეწირვას დაჰპირდი ქალღმერთს?
აგამემნონი
ვაპირებ; სწორედ ამ საქმეში ვარ ახლა.
კლიტემნესტრა
[720] და შემდეგ გადაიხდი ქორწილის სუფრას?
აგამემნონი
როგორც კი შევწირავ მსხვერპლს, რომელიც უნდა შევწირო ღმერთებს.
კლიტემნესტრა
და ჩვენ სად უნდა მოვამზადოთ ნადიმი ქალებისთვის?
აგამემნონი
აქ ჩვენი ლამაზკიჩოიანი არგოსული ხომალდების წინ.
კლიტემნესტრა
მშვენიერი აუცილებლობაა! დაე, ყველაფერი კარგად მოეწყოს!
აგამემნონი
იცი, რა უნდა გააკეთო, ქალო? მე დამიჯერე.
კლიტემნესტრა
რა საქმეში? მე ისედაც შენ გემორჩილები სულ.
აგამემნონი
ჩვენ აქ, სადაც არის სასიძო…
კლიტემნესტრა
დედის გარეშე რა გააკეთეთ, რაც მე უნდა გამეკეთებინა?
აგამემნონი
შენს ქალიშვილს გავათხოვებთ დანაელების დახმარებით.
კლიტემნესტრა
[730] და მაგ დროს სად ვარ მე?
აგამემნონი
მიდიხარ არგოსში და ზრუნავ გაუთხოვარ ასულებზე.
კლიტემნესტრა
ბავშვს ვტოვებ? ვინღა დაიჭერს საქორწინო ჩირაღდანს?
აგამემნონი
მე დავიჭერ საქორწინო ჩირაღდანს.
კლიტემნესტრა
ასეთი არ არის ჩვეულება, არ შეიძლება ასე უპატივცემულოდ მოპყრობა.
აგამემნონი
არ ივარგებს, მარტო რომ იყო ჯარისკაცების ბრბოში.
კლიტემნესტრა
კარგია, როცა მშობელი დედა ათხოვებს ასულს.
აგამემნონი
დიახ, მაგრამ სახლში ასულებიც არ უნდა დარჩნენ მარტო.
კლიტემნესტრა
ისინი მშვენივრად არიან დაცული თავიანთ ოთახებში.
აგამემნონი
დამიჯერე.
კლიტემნესტრა
არა, ვფიცავ არგოსის დედოფალ ქალღმერთს! [740] წადი და გარე საქმეებს მიხედე, შინაურებს — მე, რაც შეეხება ქალიშვილებს და მათს გათხოვებას.
აგამემნონი
ვაიმე! ამაოდ გავისარჯე, იმედი გადამეწურა, რომ ვაპირებდი ამ სანახაობისთვის ამერიდებინა ჩემი მეუღლე. ცბიერ გეგმებს ვაწყობ და მახეს ვუგებ ყველაზე უფრო საყვარელ ხალხს. და მაინც, ახლა უნდა წავიდე ქურუმ კალქასთან ერთად, ქალღმერთის კეთილგანწყობის მოსაპოვებვლად, რომელმაც ასე გამაუბედურა და დამტანჯა საბერძნეთის გამო. ბრძენ კაცს სახლში უნდა ჰყავდეს [750] კარგი და სასარგებლო ცოლი ან სულ არ უნდა ჰყავდეს.
გუნდი
სტროფი
ბერძნების გაერთიანებული ლაშქარი ჩავა შეიარაღებული უცხოეთში თავისი ხომალდებით ვერცხლისმორევიან სიმოეისთან, ილიონში, ტროის დაბლობზე, რომელიც ასე უყვარს ფოიბოსს. იქ კასანდრა, როგორც მსმენია, გაიშლის თავის ოქროს კულულებს, თავს დაფნის გვირგვინით იმშვენებს, [760] როდესაც ღმერთის საბედისწერო მისნობა შთააგონებს მას.
ანტისტროფი
ტროის გალავანზე და მისი კედლის გაყოლებით იდგებიან ტროელები, როდესაც ზღვით შობილი ლაშქარი ბრინჯაოს ფარებითა და მოხდენილი გემებით მოადგება სიმოეისს, მოწადინებული, რომ წაიყვანონ ჰელენე, ზეციური წყვილის და, რომელიც ზევსმა ჩასახა, პრიამოსისგან და დააბრუნონ იგი საბერძნეთში აქაველთა [770] ფარებისა და შუბების გარჯით.
ეპოდოსი
პერგამოსს, ფრიგიელთა ქალაქს, მის ქვის კოშკებს, გარს შემოერტყმება კაცთამკვლელი არესით ატრეიდესი, პარისს თავს მოჰკვეთს და გაათრევს, ქალაქს მიწასთან გაასწორებს, ცრემლებს აღვრევინებს პრიამოსის [780] ასულებსა და მეუღლეს. და ჰელენე, ზევსის ასული, ცხარე ცრემლებით დასტირის ქმარს, რომელმაც მიატოვა. დაე, არც მე და არც ჩემი შვილების შვილებს არ მოგვივიდეს ის, რაც ოქრომრავალ ლიდიელ და ფრიგიელ მეუღლეებს მოუვიდათ, საქსოვ დაზგასთან მდგომნი რომ ეუბნებიან ერთმანეთს: [790] „ვინ ჩამავლებს ხელს ლამაზად დაწნულ თმებში და ატირებულს ამომგლეჯს ჩემი დაქცეული სამშობლოდან? შენ გამოა ეს, გრძელყელიანი გედის ასულო! მართალია თქმულება, რომ ლედამ გშვა შენ ფრთოსანი ფრინველისგან, რომლადაც ზევსი გარდაიქცა მაშინ ან პიერისებმა თავის დელტოსებში ჩაწერეს და [800] ადამიანებს უადგილოდ მიაწოდეს წარმოსახვითი ზღაპრები.“
მესამე ეპისოდიონი
აქილევსი, კლიტემნესტრა
შემოდის აქილევსი.
აქილევსი
სად არის აქაველთა მხედართმთავარი? მსახურთაგან რომელი მოახსენებს, რომ პელევსის ძე აქილევსი ეძებს მას კარიბჭესთან? აქ, ევრიპოსთან დაყოვნებულები ყველა ხომ ერთ დღეში არ ვართ. ზოგმა ჩვენგანმა, ჯერ კიდევ დაუოჯახებელმა, ცარიელი სახლები დატოვა და აქ, ნაპირზე, ზის, ზოგს კი ცოლიც ჰყავს და შვილებიც; გალაშქრების ასე საშინელი სიყვარული საბერძნეთს თავს დაატყდა არა ღმერთების გარეშე. [810] მე, ჩემდათავად, სამართლიანად მინდა განვაცხადო და სხვას თუ უნდა, თავისი სახელით ილაპარაკოს. რადგან დავტოვე ფარსალიის მიწა და პელევსი და ისევ ამ ევრიპოსის ნაპირზე ვარ, სადაც სიოც არ ირხევა, მირმიდონელებს კი ვაკავებ; ისინი კი არ მასვენებენ და მეუბნებიან: „აქილევს, რას ვუცდით? რამდენ ხანს უნდა ველოდოთ ილიონში წასვლას? გააკეთე რამე, თუ აკეთებ და ამ ატრეიდესების დაგვიანებულ მოქმედებას ნუ ელოდები.“
შემოდის კლიტემნესტრა.
კლიტემნესტრა
ო ქალღმერთ ნერეისის ძეო, შენი ხმა გავიგონე [820] კარავში და გამოვედი.
აქილევსი
ქალღმერთო სირცხვილო, ვის ვხედავ ამ ქალბატონს, ასეთი სილამაზით შემკულს?
კლიტემნესტრა
არაა გასაოცარი, რომ არ იცი, ვინ ვარ, რადგან არასოდეს მანამდე არ გინახავარ; გაქებ, რომ სირცხვილს მიმართე გონივრულად.
აქილევსი
ვინ ბრძანდებით? რატომ მოხვედით დანაელების ბანაკში, ქალი ფარებით შეიარაღებულ კაცებში?
კლიტემნესტრა
ლედას ასული ვარ, ჩემი სახელია კლიტემნესტრა, ჩემი მეუღლეა მეუფე აგამემნონი.
აქილევსი
კარგად და მოკლედ მიპასუხე მთავარ საკითხზე, [830] მაგრამ ჩემთვის სამარცხვინოა, დავდგე და ქალებს ვესაუბრო.
კლიტემნესტრა
დარჩი, რას გარბიხარ? მომეცი მარჯვენა ხელი, ეს ბედნიერი ქორწინების დასაწყისია.
აქილევსი
რას ამბობ? მარჯვენა მოგცე? აგამემნონისა მრცხვენია, თითიც რომ დაგაკარო, უფლება არ მაქვს.
კლიტემნესტრა
საუკეთესო უფლება გაქვს, რადგან ჩემი ასული მოგყავს ცოლად, დედოფალ ნერეისის ძეო.
აქილევსი
რა ქორწილზე ლაპარაკობ? ენა ჩამივარდა, ქალო; თუ გონზე არ ხარ და უცნაურ სიტყვებს ამბობ?
კლიტემნესტრა
ყველას მოსდის ეს, ყველა მორცხვობს, ახალ მოყვრებს [840] რომ ხედავს და როდესაც ქორწილს შეახსენებენ.
აქილევსი
მე არასოდეს მითხოვია შენი ასულის ხელი, ქალბატონო, და არც ატრეიდესებს უთქვამთ ჩემთვის ქორწინებაზე სიტყვა.
კლიტემნესტრა
რა უნდა იყოს ეს? შენ კვლავ გაკვირვებს ჩემი სიტყვები; მე კი გაოცებული ვარ შენი სიტყვების გამო.
აქილევსი
ეძებე, ერთად უნდა ვეძებოთ ამოხსნა; ორივენი თანაბრად მცდარ სიტყვებს ვერ ვიტყვით.
კლიტემნესტრა
როგორ! ეს რა დღეში ჩავვარდი! ქორწინება, როგორც ვატყობ, ნამდვილი არაა! რა სირცხვილია!
აქილევსი
ვიღაცამ ორივეს დაგვცინა, ეტყობა; [850] ნუ მიაქცევ ყურადღებას და იოლად გადაიტანე.
კლიტემნესტრა
ნახვამდის! რადგან არ შემიძლია თვალებში პირდაპირ გიყურო, როცა მატყუარა აღმოვჩნდი და უღირსად მოვიქეცი.
აქილევსი
მეც იმავეს გეტყოდი; შევალ კარავში და შენს მეუღლეს მოვძებნი.
მოხუცი
(იძახის ღია კარიდან). უცხოელო, აიაკოსის მოდგმისა, შეჩერდი! შენ გეუბნები, ქალღმერთის შობილო, და შენ, ლედას ასულო.
აქილევსი
ვინ იძახის ღია კარიდან? რა შეშინებული იძახის.
მოხუცი
მონა, არ ვამაყობ ამით, მაგრამ ბედმა ასე ინება.
აქილევსი
ვისი? ჩემი არ ხარ, ჩემი და აგამემნონისა გაყოფილია.
მოხუცი
[860] ამ ქალბატონისა, კარვის წინ რომ დგას, ტინდარეოსმა აჩუქა მამამ მას ჩემი თავი.
აქილევსი
ვდგავარ. მითხარი, რა გინდა, რატომ გამაჩერე?
მოხუცი
მხოლოდ თქვენ ორნი ხართ აქ, კარებთან?
აქილევსი
დიახ, ორნი ვართ, ვისაც დაელაპარაკები, გამოდი სამეფო კარვიდან გარეთ.
მოხუცი
(გამოდის.) ო, ბედო და ჩემო წინასწარ ხედვავ, გადაარჩინე, ვინც მინდა!
აქილევსი
ეს სიტყვა მათ იხსნის მომავალში, რა მაღალფარდოვანია!
კლიტემნესტრა
მარჯვენა ჩამომართვი, ნუ აყოვნებ და თქვი, თუ გაქვს სათქმელი!
მოხუცი
ხომ იცი, ვინ ვარ და შენ და შენი შვილები როგორ მიყვარხართ.
კლიტემნესტრა
ვიცი, რომ შენ დაბერდი ჩვენს სახლში სამსახურში.
მოხუცი
ასევე იცი, რომ შენს მზითევში მიმიღო მეუფე აგამემნონმა.
კლიტემნესტრა
[870] არგოსში ჩემთან ერთად ჩამოხვედი და მუდამ ჩემი იყავი.
მოხუცი
სწორია; შენდამი ვარ კეთილად განწყობილი და ნაკლებად — შენი მეუღლისადმი.
კლიტემნესტრა
ბოლოს და ბოლოს, აგვიხსენი, რას ამბობ.
მოხუცი
შენი შვილის მოკვლას აპირებს მშობელი მამა საკუთარი ხელით.
კლიტემნესტრა
როგორ? გადმოაფურთხე, მოხუცო, ამბავი! ხომ არ გაგიჟდი?!
მოხუცი
ხმლით გამოსჭრის საბრალო გოგონას თეთრ ყელს.
კლიტემნესტრა
ვაი მე უბედურს! ჩემი მეუღლე ჭკუიდან შეიშალა?
მოხუცი
არა, სრულ გონებაზეა, მხოლოდ შენთვისა და შენი შვილისთვისაა შეშლილი.
კლიტემნესტრა
ვისი სიტყვით? რომელმა შურისმაძიებელმა მიიყვანა აქამდე?
მოხუცი
წინასწარმეტყველებამ, როგორც, ყოველ შემთხვევაში, კალქასმა ბრძანა, რომ გაემგზავროს ლაშქარი…
კლიტემნესტრა
[880] სად? მე უბედური და უბედური, ვისაც მამა უპირებს მოკვლას.
მოხუცი
… დარდანოსის სახლებში, რომ მენელაოსმა ხელში ჩაიგდოს ჰელენე.
კლიტემნესტრა
ჰელენეს დაბრუნება იფიგენიას უწერია?
მოხუცი
ყველაფერი იცი; მამამისი აპირებს, არტემისს შესწიროს შვილი.
კლიტემნესტრა
ქორწილი რა შუაში იყო, მე რომ ჩამომეყვანა სახლიდან?
მოხუცი
რათა გახარებულს ჩამოგეყვანა ბავშვი აქილევსისთვის მისათხოვებლად.
კლიტემნესტრა
შვილო, დასაღუპავად ჩამოვედით ორივე, შენაც და მეც, დედაშენი.
მოხუცი
შესაბრალისი ხართ ორივე და საშინელებაა, რასაც აგამემნონი ბედავს.
კლიტემნესტრა
დავიღუპე უბედური, თვალები ცრემლებს ვერ აკავებს.
მოხუცი
შვილების დაკარგვაზე უფრო მტკივნეული რა უნდა იყოს, იტირე.
კლიტემნესტრა
[890] შენ კი ეს ყველაფერი, მოხუცო, საიდან იცი, ვინმემ გითხრა?
მოხუცი
დაწერილი დელტოსი მომქონდა შენთვის იმ შეტყობინებაზე, შენ რაც მიიღე.
კლიტემნესტრა
არ წამოვსულიყავი, თუ მიბრძანებდა, ბავშვი სასიკვდილოდ ჩამომეყვანა?
მოხუცი
რომ არ წამოგეყვანა, იმ წამს შენს მეუღლეს გონება დაუბრუნდა.
კლიტემნესტრა
თუ ეგ წერილი მოგქონდა, რატომ არ მაძლევ ახლა?
მოხუცი
მენელაოსმა წამართვა, ამ უბედურებათა მიზეზმა.
კლიტემნესტრა
ნერეისის ვაჟო, პელევსის ძეო, გესმის ეს ყველაფერი?
აქილევსი
გავიგონე შენი ტანჯვის ამბავი, მაგრამ ჩემსას იოლად ვერ გადავიტან.
კლიტემნესტრა
ჩემს შვილს კლავენ, შენთან ქორწინებით მოტყუებულს.
აქილევსი
ვკიცხავ მეც შენს ქმარს და იოლად არ გადავიტან ამას.
კლიტემნესტრა
[900] არ შემრცხვება, რომ შენ წინაშე მუხლებზე დავემხო — მოკვდავი ქალღმერთის შობილის წინაშე, მაშ, რას ვამაყობ? (მუხლებზე ეცემა აქილევსის წინაშე). ვისზე უნდა ვიზრუნო, თუ არა ჩემს ბავშვზე?! დამეხმარე, ქალღმერთის შვილო, ჩემს უბედურებაში და იმის, ვინც შენს საცოლედ იწოდა, მართალია, ამაოდ, მაგრამ მაინც. შენთვის გვირგვინი დავადგი თავზე და საქორწინოდ ჩამოვიყვანე და ახლა ხმლისთვის ჩამომიყვანია. შენ გაიკიცხები, რომ არ დაეხმარე; ცოლად არ მოგიყვანია, მაგრამ შენ სიტყვით მაინც იყავი ჩემი უბედური გოგოს საყვარელი ქმარი. შენს წვერს, შენს მარჯვენას, შენს დედას გაფიცებ, [910] რადგან შენმა სახელმა დამღუპა, ახლა მან უნდა გადამარჩინოს. არ მაქვს სხვა საკურთხეველი, რომლის წინაშე დავემხობი, შენი მუხლების გარდა. არც ერთი მეგობარი არ დგას ჩემ გვერდით. აგამემნონის ამბები გაიგონე, რა სასტიკია და რა თავხედი; მე, ქალი, მოვედი, როგორც ხედავ, მეზღვაურების, თავაშვებული მეზღვაურების, ყველაფრის გამბედავთა ლაშქარში… თუმცა კარგიც შეუძლიათ, თუ ისურვებენ. თუ გაბედავ და ხელს გამომიწვდი, გადავრჩებით, თუ არა, ვერ გადავრჩებით.
კორიფაიოსი
უცნაური რამაა დედობა, მას აქვს ჯადოსნური ძალა, რომელსაც ყველა დედა გრძნობს, შეუძლია, ყველაფერი გადაიტანოს შვილის გამო.
აქილევსი
ჩემი ამაყი სული მაღლა მიიწევს, [920] მაგრამ ნასწავლი მაქვს ჭირში ზომიერად წუხილი და ლხინში თავდაჭერილი სიხარული. ანგარიში ეხმარება ადამიანებს, ცხოვრება სწორად წარმართონ ბრძნული წესებით. მართალია, არის შემთხვევები, როდესაც სასიამოვნოა, მეტისმეტად ბრძენი არ იყო, მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც გარკვეული სიბრძნე სასარგებლოა. მე კი ყველაზე უფრო ღვისმოსავი კაცის, ქირონის, აღზრდილმა ვისწავლე, იოლი ხასიათი მქონდეს. და ატრეიდესებსაც, თუ კარგად მოიქცევიან, დავემორჩილები, ხოლო თუ ცუდად, არ დავემორჩილები. [930] მაგრამ აქაცა და ტროაშიც თავისუფალი სული მექნება, არესს კი ჩემი შუბით დავამშვენებ. შენ კი, ქალბატონო, რომელიც ასე სასტიკად იტანჯები უახლოესისა და უძვირფასესისგან, მე ახალგაზრდა კაცის მთელი შემართებით, შეგიბრალებ და დაგეხმარები და არასოდეს არ მოკვდება მამის ხელით ქალიშვილი, რომელიც მანამდე დასახელდა ჩემს საცოლედ. რადგან მე არ დავუკავშირებ საკუთარ თავს შენი ქმრის ხრიკებს. რადგან ესაა ჩემი სახელი, თუნდაც ხმლის გარეშე, რაც კლავს შენს ბავშვს. დამნაშავე კი [940] შენი ქმარია. მე უკვე ვერ ვიქნები უდანაშაულო, თუკი ჩემ და ჩემი ქორწინების გამო დაიღუპება ეს უბედური ქალიშვილი, რომელსაც თავს დაატყდა სასტიკი და აუტანელი უბედურება. მე ვიქნები არგოსელებში ყველაზე უარესი, მე ვიქნები არავინ და მენელაოსი ჩაითვლება კაცებში, მე ვიქნები არა პელევსის ძე, არამედ შურისგების ავი სული, თუკი ჩემი სახელით მკვლელობას ჩაიდენს შენი მეუღლე. არა, ვფიცავ ნერევსს, რომელმაც თავისი ტალღების საზღვაო სახლში შვა და აღზარდა თეტისი, რომელმაც მე მშვა, [950] ვერ შეეხება მეუფე აგამემნონი შენს ქალიშვილს. თითსაც კი ვერ დააკარებს მის კაბას. თუ არადა სიპილოსი,[2] ბარბაროსთა ეს სასაზღვრო ქალაქი, საიდანაც წარმოიშვა ამ მეთაურთა მოდგმა, იქნება ქალაქი, ხოლო ფთიის სახელი არასოდეს იქნება ნახსენები. მწარე სამსხვერპლო ქერი და ხელის განმწმენდი წყალი უნდა მოამზადოს მსხვერპლშეწირვისთვის მისანმა კალქასმა. რა კაცია მისანი, რომელიც ცოტა სიმართლესა და ბევრ ტყუილს ამბობს შემთხვევით და თუ არ გაუმართლებს, თვითონაც იღუპება? ამ ქორწინების გამო არ ვამბობ ამას — ათი ათასი ქალიშვილი [960] ნადირობს ჩემს სარეცელზე — არა! მაგრამ მეუფე აგამემნონმა შეურაცხყოფა მომაყენა. მას ჩემთვის უნდა ეკითხა ჩემი სახელის გამოყენების ნებართვა, რომ ქალიშვილი ჩამოეყვანა, რადგან კლიტემნესტრამ სწორედ ჩემთან წამოიყვანა თავისი ასული. მე დავუთმობდი ბერძნებს, თუკი ამაზე იქნებოდა დამოკიდებული ჩვენი წასვლა ილიონში; მე არასოდეს არ ვუღალატებდი ჩვენი ჯარისკაცების საერთო საქმეს. ახლა კი არავინ ვარ მხედართმთავრების თვალში, მათ არ ადარდებთ, კარგად მოვიქცევი თუ ცუდად. [970] მალე ეცოდინება ჩემს ხმალს, სანამ ფრიგიას მიაღწევს, მკვლელობის სისხლიანი ლაქებით დაიფაროს, თუ ვინმე გამომტაცებს შენს ქალიშვილს. მაშ, დამშვიდდი; ღმერთივით დიდად მოგეჩვენე, ღმერთი არ ვარ, მაგრამ შენთვის გავხდები.
კორიფაიოსი
თქვი, პელევსის ძეო, შენი ღირსი და ზღვის დაიმონისა, წმინდა ქალღმერთისა.
კლიტემნესტრა
აჰ! როგორ შეგაქო გადაჭარბების გარეშე, თან ისე, რომ არ დაგაკლო და არ დავკარგო შენი მოწყალება. პატიოსანი ადამიანები, როდესაც მათ აქებენ, რაღაცნაირად [980] შეიძულებენ მაქებრებს, თუ მეტისმეტად აქებენ. მრცხვენია, რომ თავს გაბრალებ მწარე სიტყვებით ჩემი გასაჭირის გადმოცემით, როცა შენ არ გეხება ჩემი უბედურება. მაგრამ კარგ კაცს ეს შეეფერება, რომ დაეხმაროს უბედურს, თუნდაც თვითონ არ იყოს ამასთან კავშირში. მაშ, შეგვიბრალე, რადგან მართლაც შესაბრალისი ვართ; ჯერ ერთი, იმედი გამიცრუვდა, შენ რომ სასიძოდ მეგულებოდი, შემდეგ, ჩემი შვილის მკვლელობა, მოსალოდნელო ქორწინების ნაცვლად, ავის მომასწავებელი ნიშანი იქნება შენთვის, რომლისგანაც თავი უნდა დაიცვა. [990] დასაწყისშიც კარგად თქვი და ბოლოშიც; რადგან თუ შენ ისურვებ, ჩემი ქალიშვილი გადარჩება. გინდა, მოვიდეს და მავედრებლად მუხლებში ჩაგივარდეს? ქალწულს არ შეეფერება, მაგრამ შენ თუ მიგაჩნია, მოვა, თავისუფლად დაბადებულის მოკრძალებული იერით. თუ ჩემი ვედრება საკმარისია შენთვის, დარჩეს სახლში; პატივსაცემს პატივი მიეგოს; ჩვენ უნდა დავიცვათ მისი თავმდაბლობა, რამდენადაც შესაძლებელია.
აქილევსი
ნუ გამოიყვან ქალიშვილს ჩემს დასანახად, არ დავიმსახუროთ საყვედური უმეცართაგან, ქალო; [1000] ერთად თავმოყრილ ლაშქარს, რომელსაც საშინაო საქმეები არ გააჩნია, უყვარს ბოროტი ჭორი და ავსიტყვაობა. ბოლოს და ბოლო, შემევედრებით მე თუ არა, იმავე შედეგს მიაღწევთ; რადგან მე თვითონ ვარ გარეული ამ საქმეში და ვიბრძოლებ, რომ განსაცდელისგან დაგიხსნათ. ერთი კი მოისმინე და იცოდე: ტყუილი არ მითქვამს; თუ ტყუილს გეტყვი და ყალბი დაპირებით აგიგდებ, დაე, მოვკვდე, ხოლო თუ ქალიშვილს ვიხსნი, ნუღარ მოვკვდები.
კლიტემნესტრა
დაილოცე, რომ ყოველთვის ეხმარები განსაცდელში ჩავარდნილებს!
აქილევსი
მას, მომისმინე ახლა, რათა საქმე კარგად წავიდეს.
კლიტემნესტრა
[1010] რას გვთავაზობ? რადგან მოსმენა მმართებს.
აქილევსი
კიდევ ერთხელ ვცადოთ დავარწმუნოთ მამამისი, უკეთ იაზროვნოს.
კლიტემნესტრა
მხდალი ვინმეა, მეტისმეტად ეშინია ლაშქრის.
აქილევსი
მაგრამ სიტყვებს შეუძლიათ დაამარცხონ სიტყვები.
კლიტემნესტრა
ფუჭი იმედია, მაგრამ მითხარი, რა უნდა ვქნა.
აქილევსი
ჯერ შეევედრე, არ დახოცოს შვილები; თუ გაჯიუტდა, მოდი ჩემთან. მაგრამ თუკი დაითანხმებ, ჩემთან მოსვლა არ იქნება საჭირო; ისედაც ხელთ გექნება ხსნა. მეც საუკეთესო მხრივ უნდა წარვდგე მეგობრის წინაშე, [1020] ლაშქარიც არ გამკიცხავს, თუ ყველაფერს ძალის გამოყენების გარეშე მოვაგვარებ. საქმე თუ კარგად წავიდა და ყველა გაიხარებთ, შენც და შენი მეგობრებიც, ჩემი ჩარევის გარეშეც.
კლიტემნესტრა
რა გონივრულად თქვი! გავაკეთებ, როგორც შენ მიგაჩნია სწორად. მაგრამ თუ ისე არ მოხდა, როგორც მინდა, სად გნახო ისევ, სად? უნდა მოვიდე მე უბედური, რომ ვიპოვო შენი უბედურებასთან მებრძოლი ხელი?
აქილევსი
ყურადღებით ვიქნები და როცა საჭირო იქნება, დაგიცავთ, ვერავინ უნდა დაგინახოს, რომ თავზარდაცემული დადიოდე [1030] დანაელთა ლაშქარის გავლით; არ შეარცხვინო მამაშენის სახლი, რადგან ტინდარეოსს არ დაუმსახურებია, მასზე ცუდი თქვან, დიდი კაცი იყო ბერძნებში.
კლიტემნესტრა
ასეა. მიბრძანე, შენი მონა უნდა ვიყო. თუ არიან ღმერთები, შენ შენი სამართლიანობისთვის გადაგიხდიან ისინი, ხოლო თუ არ არიან, რა საჭიროა გარჯა?
აქილევსი და კლიტემნესტრა გადიან.
გუნდი
სტროფი
რა საქორწინო სიმღერა გაისმა ლიბიურ ფლეიტაზე, მოცეკვავეთათვის ძვირფას კითარასა და სინიქსზე შესრულებული მუსიკის თანხლებით? [1040] იმ დღეს, როდესაც პელიონის ფერდობზე პიერისების ლამაზთმიანი გუნდმა ოქროსსანდლიანი ფეხი დაადგა მიწას და მოვიდა პელევსის ქორწილზე, ღმერთების ნადიმზე, ტკბილი ჰანგები შეაგება და შეაქო თეტისი და აიაკოსის ძე, კენტავრების ბორცვზე, პელიონის ტყეში. დარდანელი ვაჟი, [1050] ზევსის სარეცლის საყვარელი განცხრომა, ფრიგიელი განიმედესი, კრატერის ოქროს სიღრმეებში შეზავებულ ღვინოს უსხამდა სტუმრებს. დამაბრმავებლად თეთრ ქვიშაში, წრეში დატრიალებული საქორწინოდ ცეკვავდა ნერევსის ორმოცდაათი ქალიშვილი.
ანტისტროფი
ფიჭვის ჯოხებზე დაყრდნობილი და ფოთლების გვირგვინით შემკული მოვიდა ცხენოსან კენტავრთა ხმაურიანი ჯგუფი [1060] ღმერთების ნადიმზე, ბაკქოსის კრატერიდან ღვინის დასალევად და ქირონმა ხმამაღლა შესძახა: „ნერევსის ასულო, შენ შობ ვაჟს, თესალიის დიდ სინათლეს“, მისანმა, ფოიბოსისგან შთაგონებულ ხელობაში დაოსტატებულმა მოგვცა მისი სახელი. იგი მირმიდონელ შუბოსნებთან ერთად მივა პრიამოსის სახელოვან მიწაზე, [1070] გადაბუგავს მას, მისი სხეული იქნება ჰეფესტოსის გამოჭედილ ოქროს საჭურველში, ეს იქნება ქალღმერთი დედის, თეტისის საჩუქარი, რომელმაც იგი შვა. მაშინ ღმერთებმა დალოცეს ქორწინება კეთილშობილი პატარძლისა, რომელიც იყო პელევსის საცოლე და ნერევსის პირველი ქალიშვილი.
ეპოდოსი
[1080] შენ კი არგოსელები გვირგვინს დაგადგამენ, დაგიწნავენ ლამაზ თმის კულულებს, როგორც ხალებიან ურქო დეკეულს, ჩამოყვანილს მთის კლდოვანი ქვაბულიდან და სისხლით მოთხვრიან მოკვდავის ყელს. არ გაზრდილხარ სალამურისა და მწყემსების სტვენის თანხლებით, დედის მხარეს გაიზარდე, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქორწინოდ მორთულიყავი ინაქოსის რომელიმე შვილის პატარძლად. როგორ ექნება ახლა მოკრძალებასა და [1090] სათნოებას რამე ძალა, როდესაც ბიწიერებას აქვს ძალა, სათნოება მოკვდავთაგან უგულებელყოფილია, უკანონობა მძლავრობს კანონზე, მოკვდავები კი ერთად ვერ უპირისპირდებიან ღმერთების გულისწყრომას?“
მეოთხე ეპისოდიონი
კლიტემნესტრა, აგამემნონი
კლიტემნესტრა
(გამოდის კარვიდან). კარვიდან გამოვედი, რომ მოვძებნო მეუღლე, რომელიც კარგა ხანია, არ არის კარავში. [1100] ჩემ საბრალო ქალიშვილს ცრემლის ღვრისა და გოდების მეტი არაფერი შეუძლია მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მამა მოკვლას უპირებს. (თვალს მოჰკრავს აგამემნონს). როგორც ჩანს, შორს არ ყოფილა წასული, რადგან აგერაა აგამემნონი, რომელიც მალე საკუთარი შვილებისადმი დანაშაულს ჩაიდენს.
აგამემნონი
ლედას ასულო, კარგია, რომ კარვის გარეთ გიხილე, უნდა გითხრა ჩვენი ქალიშვილის გარეშე ისეთი სიტყვები, როგორიც არ უნდა ისმინოს საქორწინოდ გამზადებულმა ასულმა.
კლიტემნესტრა
რა ხდება, რა ხელსაყრელი დრო დაიჭირე?
აგამემნონი
[1110] გამოუშვი ბავშვი კარვიდან, რომ შეუერთდეს მამას, რადგან განსაწმენდელი წყალი უკვე გამზადებულია, ქერის მარცვლებიც ორი ხელით ნასროლია განსაწმენდელ ცეცხლში და ქორწილის წინ დასაკლავი დეკეულებიც მოყვანილია ქალღმერთის საპატივცემულოდ — არტემისისთვის, მათი შავი სისხლი ჭავლად იფეთქებს.
კლიტემნესტრა
ლამაზად ლაპარაკობ, სიტყვები კარგია, საქმე კი, არც ვიცი, როგორ უნდა შევაფასო შენი ლამაზი ლაპარაკი! გამოდი, ასულო, გარეთ — რადგან იცი მშვენივრად, რას აპირებს მამაშენი — კაბის კალთაში ჩაისვი და გამოიყვანე ორესტესიც, შენი ძმა, შვილო. [1120] შეხედე, მოდის, გემორჩილება. დანარჩენს ვიტყვი მისი და ჩემი სახელითაც.
აგამემნონი
შვილო, რატომ ტირი, ტკბილად რატომ არ იყურები? რატომ დაგიხრია მიწისკენ თვალები და კაბა რატომ გაქვს თვალებზე აფარებული?
კლიტემნესტრა
აჰ! რომელი უბედურებით დავიწყო სათქმელი? რადგან თავშიც, ბოლოშიცა და შუაშიც ყველგან უბედურება მაქვს.
აგამემნონი
რა ხდება? ყველა ერთმანეთს ჰგავხართ, დაბნეულობა და განგაშია ყველას თვალში.
კლიტემნესტრა
ჩემო მეუღლევ, გულწრფელად მიპასუხე, რასაც გკითხავ.
აგამემნონი
[1130] თხოვნაც არ არის საჭირო, თვითონაც მინდა, რომ მკითხოთ.
კლიტემნესტრა
შენი და ჩემი ბავშვის მოკვლა გინდა?
აგამემნონი
აჰ! რა სისატიკეს ამბობ! რა უსამართლო ეჭვია!
კლიტემნესტრა
დაწყნარდი და, უპირველეს ყოვლისა, კითხვაზე მიპასუხე.
აგამემნონი
შენაც რამე გონივრული მკითხე და გონივრულ პასუხს გაიგონებ.
კლიტემნესტრა
მე სხვა კითხვა არ მაქვს, სხვა პასუხებიც არ მომცე.
კლიტემნესტრა
ო, დედოფალო მოირა და ბედო, ჩემო დაიმონო!
კლიტემნესტრა
დიახ, ჩემიც და მისიც, სამივეს ერთი ცუდი ბედი გვაქვს.
აგამემნონი
ვის მოვექეცი უსამართლოდ?
კლიტემნესტრა
შენ მეკითხები? შენი ეს გონიერება გონივრული არაა.
აგამემნონი
[1140] დავიღუპე, ჩემი საიდუმლო გაცემულია!
კლიტემნესტრა
ყველაფერი ვიცი, გაგონილი მაქვს, რას მიპირებ, რომ გამიკეთო. შენი დუმილი და შენი ოხვრა არის აღიარება. თავს ნუ დაიღლი მოყოლით.
აგამემნონი
ნახე, ვდუმვარ; რა საჭიროა ტყუილი გითხრა და თავხედობა დავუმატო უბედურებას?
კლიტემნესტრა
ახლა მისმინე: რადგან გავაშიშვლებ სიტყვებს და აღარ გამოვიყენებ უადგილო გამოცანებს. უპირველეს ყოვლისა — და ეს არის ჩემი პირველი საყვედური — ცოლად მომიყვანე ჩემი სურვილის წინააღმდეგ და ძალის გამოყენებით, [1150] ჯერ ქმარი ტანტალოსი მომიკალი და ჩემი შვილი მიწაზე დაანარცხე, როდესაც იგი მხეცური ძალადობით მკერდიდან მომგლიჯე. შემდეგ ზევსის ორი ძე, ჩემი ძმები, ცხენებით მოელვარეები შენთან საომრად წამოვიდნენ; მაგრამ ტინდარეოსმა, ჩემმა მოხუცმა მამამ, გადაგარჩინა, მავედრებლად რომ მიხვედი და ჩემი სარეცელი გერგო. ამის შემდეგ შეგირიგდი შენ და შეგიძლია მოწმედ მომიყვანო, რომ მე ვიყავი უნაკლო მეუღლე შენთვის და შენი ოჯახისთვის, უღალატო, [1160] შენს სახლზე მზრუნველი, ასე რომ, შემოსვლაც გიხაროდა სახლში და გასვლისასაც ბედნიერი იყავი. იშვიათი ნადავლია, რომ ქმარს ერგოს ასეთი ცოლი, უვარგისი ცოლი კი არ არის იშვიათი. გიშვი სამი ქალიშვილი და ერთი ეს ვაჟი, რომელთაგან ერთს შენ უგულოდ მართმევ. ვინმემ რომ გკითხოს, რის გამო კლავ მას, თქვი, რას ეტყვი? თუ მე ვთქვა შენს ნაცვლად? „რათა მენელაოსმა მიიღოს ჰელენე.“ რა ღირსეული გაცვლაა, გადაიხადო ცუდ ქალში ბავშვების სიცოცხლე! [1170] ყველაზე უფრო საძულველს ვყიდულობთ ყველაზე უფრო საყვარლის ფასად. და ჯარში რომ მიდიხარ და სახლში მტოვებ, და თუ იქ მოგიწია დიდხანს ყოფნა, სახლში მე გულში რა მექნება, როგორ გგონია? როდესაც ამდენ ცარიელ სკამს დავინახავ და ჩემი შვილის მიტოვებულ ოთახს, დავჯდები მარტო თვალცრემლიანი, გაუთავებლად შვილზე მგლოვიარე: „ჩემო შვილო, შენ დაგღუპა მშობელმა მამამ, საკუთარი ხელით, არა სხვაგვარად და არა სხვისი ხელით, ასეთი დაბრუნება დაიტოვა სახლში.“ [1180] ასე რომ, მოკლე საფუძველი მჭირდება მხოლოდ მეცა და დარჩენილ შვილებსაც, რომ შენ მიგიღოთ ისე, როგორც შეგეფერება. ღმერთების სახელით, ნუ მაიძულებ, სასტიკი გავხდე შენდამი, თვითონაც ნუ გახდები. იყოს! შვილს რომ შესწირავ, შემდეგ რა ლოცვას იტყვი? რა სიკეთეს გამოსთხოვ შენთვის, როცა საკუთარ შვილს მოკლავ? სახლში სავალალო დაბრუნებას სახლიდან სამარცხვინო წასვლის შემდეგ? ჩემთვის სამართლიანი იქნება, შენთვის კარგი ვისურვო ლოცვაში? აშკარად უგუნურებად არ მიგვაჩნია ღმერთები, [1190] თუკი მათ ვთხოვთ, კეთილი თვალით გადმოხედონ მკვლელებს? არგოსში რომ ჩამოხვალ, აპირებ, ჩაეხუტო შვილებს? ხომ არ გაქვს ამის უფლება?! ბავშვებიდან რომელი შეგავლებს თვალს? შენ ხომ უნდა ჩაეხუტო, რომ მერე მოკლა! ამას უნდა ფიქრობდე, თუ შენი ვალი ისაა, რომ კვერთხი გეჭიროს და ლაშქრის სათავეში მიაბიჯებდე? სამართლიანი რომ იყო, ეს უნდა უთხრა არგოსელებს: „გნებავთ, აქაველებო, ფრიგიის მიწაზე გაცურვა? წილისყრამ გადაწყვიტოს, ვისი ქალიშვილი მოკვდეს.“ ეს იქნებოდა სწორი შენთვის, მაგრამ შენ აირჩიე [1200] საკუთარი ქალიშვილის მსხვერპლად შეწირვა დანაელებისთვის; ან მენელაოსს უნდა მოეკლა ჰერმიონე დედამისისთვის, ეს ხომ მისი საქმე იყო! ახლა, პირიქით, მე, რომელმაც არ შევბღალე შენი სარეცელი, უნდა დავკარგო ჩემი შვილი, ხოლო დამნაშავე მეუღლემ უნდა შეინარჩუნოს თავისი ასული და ის სპარტაში, საკუთარ სახლში, ბედნიერად იცხოვრებს. თუ მართალი არ ვამბობ, მიპასუხე; მაგრამ თუ სწორადაა ნათქვამი, ნუ მოკლავ შვილს, რომელიც ჩემიცაა და ბრძენი იქნები.
კორიფაიოსი
დაუჯერე! შვილის გადარჩენაში მშობლები გაერთიანდით, [1210] აგამემნონ, ამის წინააღმდეგ ვერც ერთი მოკვდავი ვერ იქნება.
იფიგენია
მე რომ მქონოდა ორფევსის მჭევრმეტყველება და სიმღერით დამერწმუნებინა კლდეები, გამომყოლოდნენ, ან სიტყვებით მომეჯადოვებინა, ვისაც მოვისურვებდი, ამ ხელოვნებას მივმართავდი; ახლა კი მთელი სიბრძნე, რაც მაქვს, ჩემი ცრემლებია — ეს ყველაფერია, რაც შემიძლია. მავედრებლად გეხვევა მუხლებზე ჩემი სხეული, რომელიც ამ შენმა ცოლმა გიშვა. ნუ დამღუპავ უდროოდ, რადგან ტკბილია სინათლის ცქერა, მიწისქვეშეთის ნახვას ნუ მაიძულებ. [1220] მე პირველმა გიწოდე მამა და შენ პირველმა მიწოდე შვილი; პირველი გეჯექი მუხლებზე, პირველი მოგეფერე და პირველს მომეფერე. შენი სიტყვები ეს იყო მაშინ: „ნუთუ გნახავ, შვილო, ბედნიერს ქმრის სახლში მცხოვრებსა და აყვავებულს, როგორც ჩემს შვილს შეეფერება?“ მე კი, შენს ნიკაპს ვეხებოდი ხელით, როგორც ახლა ვეხები და ამას გეუბნებოდი: „და მე რა უნდა გაგიკეთო? მოხუცებული ჩემს სახლში უნდა მიგიღო, მამა, [1230] შენს ზრუნვასა და აღზრდას ვუპასუხო შენზე ზრუნვით?“ მე მახსოვს ყველა სიტყვა, რასაც ვამბობდით, შენ კი დაივიწყე და მოკვლას მიპირებ. არა, პელოფსისა და ატრევსის, მამაშენის სახელით, და ამ დედაჩემის, რომელმაც ტკივილით მშობა და ახლაც მეორედ იტანჯება! რა მაკავშირებს მე პარისისა და ჰელენეს ქორწინებასთან? მისი ჩამოსვლა რატომ უნდა მღუპავდეს, მამა? შემხედე; ერთი მზერა და ერთი კოცნა მაჩუქე, რომ სიკვდილის წინ ეს მაინც მქონდეს [1240] სახსოვრად, რაკი ჩემს სიტყვებს არ უჯერებ. (მაღლა სწევს ჩვილ ორესტესს). ძმაო, ჯერ პატარა ხარ, რომ დაეხმარო, ვისაც უყვარხარ, და მაინც იტირე ჩემთან ერთად, შეევედრე მამას, არ მოგიკლას და; ჩვილსაც კი აქვს უბედურების შეგრძნება. ნახე, უსიტყვოდ გევედრება, მამა. დამინდე, შეიბრალე ჩემი სიცოცხლე! დიახ, ნიკაპზე გევედრებით ორნი, რომლებიც გიყვარს, ერთი ჩვილი ბავშვია და მეორე უკვე დიდი. ყველა ჩემს მუდარას ერთ სიტყვაში გავაერთიანებ: [1250] უყუროს სინათლეს, — ადამიანისთვის ყველაზე ტკბილია, ქვემოთ — არაფერია: ყველა შეშლილია, ვინც სიკვდილს მიელტვის. ჭირში სიცოცხლე სჯობია ლამაზად სიკვდილს!
კორიფაიოსი
უბედურო ჰელენე, შენი და შენი ქორწინებების ბრალია, რა დიდი ბრძოლაც მოუხდათ ატრეიდესებს შვილებთან.
აგამემნონი
ვიცი, როდის უნდა შევიბრალო და როდის არა და შვილებიც მიყვარს, შეშლილი ვიქნებოდი, რომ არ მყვარებოდა. ჩემთვის საშინელია ამის გაბედვა, ასულო, საშინელია უარიც, რადგან ამის გაკეთება მმართებს. ხედავ, რამოდენაა ეს საზღვაო ლაშქარი, [1260] ბრინჯაოთი შეიარაღებული ბერძენი მეომრებიც რამდენი არიან, ისინი ვერც ილიონის კოშკებს მიადგებიან, თუ შენ არ შეგწირავ, როგორც მისანმა კალქასმა თქვა, ვერც ტროის სახელოვან ციხესიმაგრეს დაამხობენ. ბერძენთა ლაშქარს დაუოკებელი სურვილი დაეუფლა, გაცუროს რაც შეიძლება სწრაფად, ბარბაროსთა მიწაზე და შეწყვიტოს ბერძენი ცოლების მოტაცება. არგოსში დარჩენილ ქალიშვილებსაც მომიკლავენ, თქვენც დაგხოცავენ და მეც, თუ ქალღმერთის ბრძანებებს არ შევასრულებ. მენელაოსმა კი არ დამიმონა, შვილო, [1270] მე მის სურვილს კი არ მივყვები, არამედ საბერძნეთია, რომელსაც სჭირდება და მინდა თუ არ მინდა, უნდა შეგწირო, ამ აუცილებლობას ვერ ვეწინაღმდეგები. რადგან იგი თავისუფალი უნდა იყოს, შენზე იქნება თუ ჩემზე დამოკიდებული ეს; ბერძნები ვერ დაუშვებენ, რომ ბარბაროსები მათ ცოლებს სტაცებდნენ.
აგამემნონი გადის.
კლიტემნესტრა
ო შვილო, ო უცხო ქალებო, ვაი მე, შენი სიკვდილის გამო! გაიქცა მამაშენი და შენ ჰადესს გადაგცა.
იფიგენია
ვაიმე, დედა! ერთი და იგივე [1280] გოდება გვარგუნა ორივეს ბედმა. აღარაა ჩემთვის დღის სინათლე და მზის ეს ნათება. ოჰ, ოჰ! ფრიგიის თოვლიანი ტყეები და იდის ბორცვები, სადაც პრიამოსმა ბედის ანაბარა მიატოვა ნაზი ჩვილი, მოაშორა რა დედას, სასიკვდილო ბედისათვის, პარისი, რომელსაც იდის შვილი, [1290] იდის შვილი ეწოდა, ეწოდა ფრიგიელთა ქალაქში. ნეტავ არასოდეს დასახლებულიყო ჯოგში აღზრდილი მწყემსი ალექსანდროსი ანკარა ნაკადებს შორის, სადაც ნიმფების წყაროებია და მათი ყვავილებით დამშვენებული მდელო, რომელშიც ყვავის ვარდი და სუმბული ქალღმერთების თავმოსაყრელად. აქ ოდესღაც [1300] მოვიდნენ პალასი, ცბიერი კიპრისი, ჰერა და ჰერმესი, ზევსის შიკრიკი. ერთი ტრფობით ამაყი — კიპრისი, მეორე შუბით — პალასი, ჰერა კი მეუფე ზევსის სამეფო სარეცლით, სთხოვენ, გადაწყვიტოს დავა მათი სილამაზის შესახებ და ჩემი სიკვდილი, [1310] რომელიც ბერძნებს ილიონის გზას გაუხსნის მას შემდეგ, რაც არტემისი მიიღებს ქალიშვილს მსხვერპლად. ო, დედა, დედა! ის, ვინც ბოროტი ჰელენე შვა ამ მწუხარე სიცოცხლისთვის, წავიდა და მარტო დამტოვა. ო, რა უბედური ვარ! მწარე, მწარე ნიშანი იყო ჩემთვის ჰელენე, ვკვდები, ვიღუპები უწმინდური მამის უწმინდური ხმლით. ნეტავ, არასოდეს არ მიეღო ავლისს თავის ნავსაყუდელში [1320] ბრინჯაოსცხვირიანი გემების კიჩოები, რომლებიც ტროისკენ მიიჩქარის, ნეტავ არასოდეს დაებერა ზევსს ქარი ევრიპოსზე, საპირისპირო ქარი, რომელმაც განსხვავებული გრძნობა აღძრა სხვადასხვა ადამიანში, ზოგს გაუხარდა და გასაცურად მოემზადა, ზოგი დამწუხრდა, ერთნი დასაწყისისთვის განეწყვნენ და მეორენი — ხანგრძლივი ლოდინისთვის. [1330] უბედურებით სავსეა ადამიანთა მოდგმა, მართლაც უბედურებით; ასეა დადგენილი, რომ კაცი უბედური უნდა იყოს. აჰ, აჰ, რა დიდი განსაცდელი, დიდი ტკივილი მოუტანა დანაელებს ტინდარეოსის ასულმა!
კორიფაიოსი:
მებრალები, ამ უბედურებაში რომ ჩავარდი, რომელსაც არ იმსახურებდი!
იფიგენია
მშობელო დედა, ახლოს ვხედავ ადამიანთა ჯგუფს.
კლიტემნესტრა
ეს ქალღმერთის ვაჟია, შვილო, ვისთანაც აქ ჩამოხვედი.
იფიგენია
[1340] (კარვის შიგნით მყოფთ მიმართავს.) გამიღეთ კარვის კარი, მსახურებო, რომ შევძლო დამალვა.
კლიტემნესტრა
რატომ გარბიხარ, შვილო?
იფიგენია
აქილევსის დანახვისა მრცხვენია.
კლიტემნესტრა
მაგრამ რატომ?
იფიგენია
ქორწინების უიღბლო დასასრულმა სირცხვილით დამფარა.
კლიტემნესტრა
იმ ვითარებაში, რომელშიც აღმოჩნდი, დახვეწილობის დრო არ არის. დარჩი: ეს მოკრძალებულობა შევინახოთ იმ დროისთვის, როდესაც სიამაყე იქნება ნებადართული.
აქილევსი
ო, უბედურო ქალო, ლედას ასულო!
კლიტემნესტრა
სწორი სახელია.
აქილევსი
საშინელი ყვირილი ისმის არგოსელებში.
კლიტემნესტრა
რა ყვირილია? მითხარი.
აქილევსი
შენს შვილზე.
კლიტემნესტრა
ცუდის ნიშანია შენი სიტყვა.
აქილევსი
მისი შეწირვა აუცილებელიაო.
კლიტემნესტრა
ამის საწინაარმდეგოს არავინ ამბობს?
აქილევსი
მე თვითონაც განსაცდელში ჩავვარდი.
კლიტემნესტრა
რა განსაცდელში, უცხოელო?
აქილევსი
[1350] ჩაქოლვის.
კლიტემნესტრა
რომ ჩემი ქალიშვილი არ გადაგერჩინა?
აქილევსი
სწორედ მაგიტომ.
კლიტემნესტრა
ვინ გაბედა, თითი გამოეშვირა შენკენ?
აქილევსი
ყველა ბერძენმა.
კლიტემნესტრა
მირმიდონელთა ლაშქარი ხომ შენ მხარესაა?
აქილევსი
ესენი პირველები იყვნენ ჩემ წინააღმდეგ.
კლიტემნესტრა
ეტყობა, დავიღუპეთ, შვილო!
აქილევსი
მე კი ქორწინების მონა მიწოდეს.
კლიტემნესტრა
და რა უპასუხე?
აქილევსი
რომ ჩემი საცოლე არ მოკლან.
კლიტემნესტრა
სამართლიანია.
აქილევსი
მამამისი მის ხელს დამპირდა.
კლიტემნესტრა
და არგოსიდან გამოაგზავნინა.
აქილევსი
მაგრამ ყვირილით გადაფარეს.
კლიტემნესტრა
უმრავლესობა ხომ საშინელი უბედურებაა.
აქილევსი
მაგრამ მე მაინც დაგეხმარები.
კლიტემნესტრა
და მარტო მრავალს შეებრძოლები?
აქილევსი
ხედავ ამ ხალხს, ჩემი აღჭურვილობა რომ მოაქვთ?
კლიტემნესტრა
დაილოცე კეთილი განზრახვისთვის.
აქილევსი
[1360] წარმატებას მივაღწევ.
კლიტემნესტრა
ჩემს შვილს არ მოკლავენ?
აქილევსი
ჩემი თანხმობის გარეშე ვერა.
კლიტემნესტრა
თუ ვინმე მოვიდა და ხელი ჩაავლო ასულს?
აქილევსი
ათი ათასი, ოდისევსის მეთაურობით.
კლიტემნესტრა
სისიფოსის მოდგმის?
აქილევსი
თვითონ ის.
კლიტემნესტრა
თავისი ნებით თუ ლაშქრის ბრძანებით?
აქილევსი
ათი არჩევნითა და საკუთარი ნებით.
კლიტემნესტრა
საზიზღარი არჩევანია, სისხლიანი.
აქილევსი
მე უნდა შევაჩერო.
კლიტემნესტრა
ხელს ჩაავლებს და წაიყვანს მისი ნების გარეშე?
აქილევსი
დიახ, მისი ოქროს თმების სახელით.
კლიტემნესტრა
რა უნდა ვქნა მაშინ?
აქილევსი
ქალიშვილს არ მოშორდე.
კლიტემნესტრა
თუ ამის გამო არ მოკვდება.
აქილევსი
მაგრამ აქამდე მივა საქმე.
იფიგენია
დედა, უსმინე ჩემს სიტყვას, რადგან ვხედავ რომ სულ ამაოდ ხარ განრისხებული საკუთარ [1370] მეუღლეზე. ძნელია ჩვენთვის, წინააღმდეგობა გავწიოთ, როცა ეს შეუძლებელია. ჩვენი მადლობა ეკუთვნს ამ უცხოელს დახმარებისთვის მზადყოფნის გამო; მაგრამ ასევე უნდა დაინახო, რომ მისი სახელი ვერ გადაგვარჩენს ლაშქრისაგან, არც ჩვენ გვეშველება რამე და ისიც საფრთხეში აღმოჩნდება. მომისმინე, დედა, ვიფიქრე და აი, სად მივედი: ჩემი სიკვდილი გადაწყვეტილია, ამიტომ მინდა, ეს სახელოვნად გავაკეთო და ყველა მხდალი გრძნობა გულიდან ამოვიღო. აქეთ მომართე, დედაჩემო, შენი ფიქრები და ჩემთან ერთად აწონ-დაწონე, რამდენად სწორად ვლაპარაკობ. ჩემდამია მომართული ახლა მთელი მძლავრი საბერძნეთის მზერა, ჩემზეა დამოკიდებული გემების გამგზავრება და ფრიგიელების განადგურება; [1380] ჩემს ძალაუფლებაშია, დაესხმიან თუ არა თავს ბარბაროსები ბედნიერ საბერძნეთს, კიდევ დადგება თუ არა დღე, როდესაც ისინი გადაწყვეტენ, მოიტაცონ მისი ქალები, თუკი ერთხელაც სიკვდილით არ დაისჯებიან პარისის მიერ ჰელენეზე დაქორწინების გამო. ამ განთავისუფლებას უზრუნველყოფდა ჩემი სიკვდილი და ჩემი დიდება, რომ საბერძნეთი გავათავისუფლე, ბედნიერი გახდება. გარდა ამისა, უფლება არ მაქვს, მეტისმეტად სიცოცხლის მოყვარული ვიყო; ყველა ბერძნისთვის დამბადე, არა მხოლოდ შენთვის. როგორ?! ნუთუ ათიათასობით კაცი, ფარებით შეიარაღებული, ათიათასობით ნიჩბების მქონე, სამშობლოს შეურაცხყოფის გამო, უნდა პოულობდეს სიმამაცეს, რომ შეუტიოს ბოროტებას და დაიღუპოს საბერძნეთისთვის [1390] და ჩემი ერთი სიცოცხლე უნდა უშლიდეს ამას ყველაფერს ხელს? ეს რანაირი სამართალია? შემიძლია, ვიპოვო სიტყვა საპასუხოდ? ახლა სხვა საკითხს მივმართოთ: არ არის სწორი, რომ ეს კაცი შევიდეს ყველა არგოსელთან ომში ან მოკვდეს ქალის გამო. უმჯობესია ერთი კაცი ხედავდეს სინათლეს, ვიდრე ათი ათასი ქალი. თუ არტემისმა გადაწყვიტა, წაიღოს ჩემი სხეული, მე, მოკვდავი, ხელს უნდა ვუშლიდე ქალღმერთს? არა, ეს შეუძლებელია. ვაძლევ ჩემს სხეულს საბერძნეთს. შესწირეთ, დააქციეთ ტროა. ეს იქნება ჩემი სამუდამო სახსოვარი, ეს იქნება ჩემი შვილები, ქორწინება და დიდება. [1400] სწორია, რომ ბერძნები ბატონობდნენ ბარბაროსებზე და არა ბარბაროსები — ბერძნებზე, დედა, რადგან ისინი მონები არიან და ჩვენ — თავისუფლები.
კორიფაიოსი
შენი სული, ყმაწვილო ქალო, კეთილშობილია; მაგრამ ბედისა და ქალღმერთისა ავადაა.
აქილევსი
აგამემნონის ასულო! რომელიღაც ღმერთმა გადაწყვიტა, ნეტარი გავეხადე, თუ ჩემი ცოლი გახდებოდი. ვთვლი, რომ შენით ბედნიერია საბერძნეთი და შენ — საბერძნეთით. კარგად ილაპარაკე, სამშობლოს ღირსად; ღმერთებთან ბრძოლა არ გამართე, თუმცა ისინი ცუდად გექცევიან; შენ პატიოსნად შეაფასე, თუ რა არის სასარგებლო და აუცილებელი. [1410] და ახლა, როდესაც ვხედავ შენს კეთილშობილ ბუნებას, კიდევ უფრო მიძლიერდება სურვილი, რომ ჩემი ცოლი გახდე. შეხედე: რადგან მსურს, დაგეხმარო და სახლში წაგიყვანო და, თეტისი იყოს ჩემი მოწმე, როგორ ვწუხვარ, რომ ვერ ვიხსნი შენს სიცოცხლეს დანაელებთან ომში. დაფიქრდი: სიკვდილი საშინელი უბედურებაა.
იფიგენია
ამას ვამბობ და არანაირი ფარული განზრახვა არ გამაჩნია. საკმარისია, რაც ტინდარეოსის ასულმა ომი და სისხლისღვრა გამოიწვია თავისი სილამაზით; შენ კი, უცხოელო, არავინ მოკლა ჩემ გამო და თავადაც არ მოკვდე, [1420] დამანებე, გადავარჩინო საბერძნეთი, თუ შევძლებ.
აქილევსი
გმირული სულია! ამაზე მეტს ვერ ვიტყვი, რაკი ასე მიგაჩნია; რადგან კეთილშობილი გადაწყვეტაა; რატომ არ უნდა თქვას ვინმემ სიმართლე? და მაინც, თუკი შემდეგ შეიცვლი აზრს, იცოდე, რა არის ჩემი შემოთავაზება, მე მივალ და საკურთხევლის ახლოს დავაწყობ ამ ჩემს იარაღს, რომ არ დავუშვა და ხელი შევუშალო შენს სიკვდილს. შესაძლოა, გაიხსენო ჩემი ეს სიტყვები და გამოიყენო, როდესაც კისრის ახლოს ხმალს დაინახავ. [1430] ამრიგად, არ დავუშვებ, რომ შენი დაუფიქრებლობით დაიღუპო, იარაღით მივალ ქალღმერთის ტაძართან და დაველოდები შენს იქ მისვლას.
აქილევსი გადის.
იფიგენია
დედა, რატომ დუმხარ და თვალები ცრემლით გაქვს სველი?
კლიტემნესტრა
მაქვს მე უბედურს მიზეზი და გული მტკივა!
იფიგენია
შეჩერდი, ლაჩრად არ მაქციო, ამაში დამიჯერე.
კლიტემნესტრა
მითხარი, შვილო, ჩემგან არასოდეს არ გელის უსამართლო მოქცევა.
იფიგენია
ჩემზე გლოვისას არ მოიკვეცო თმები და შავი არ ჩაიცვა.
კლიტემნესტრა
ამას რას ამბობ, შვილო? უკვე დაგკარგე?
იფიგენია
[1440] შენ არ დამკარგავ; მე გადავრჩი და ჩემით შენც სახელგანთქმული იქნები.
კლიტემნესტრა
როგორ ამბობ? არ უნდა დავიტირო შენი სიკვდილი?
იფიგენია
არავითარ შემთხვევაში, რადგან მე არ მექნება საფლავი აღმართული.
კლიტემნესტრა
როგორ? სიკვდილი თუა, როგორ არ არის საფლავის ბორცვი?
იფიგენია
ზევსის ასულის, ქალღმერთის საკურთხეველი იქნება ჩემი საფლავი.
კლიტემნესტრა
კარგი, შვილო, დაგემორჩილები, კარგად ლაპარაკობ.
იფიგენია
დიახ, რადგან მე ბედნიერი ვარ, რომ საბერძნეთს მოვემსახურე.
კლიტემნესტრა
და რა ვუთხრა შენს დებს?
იფიგენია
არც მათ ჩააცვა შავი სამოსელი.
კლიტემნესტრა
არ გაქვს საყვარელი სიტყვა, რომ გადავცე ქალიშვილებს?
იფიგენია
[1450] გაიხარონ. დამპირდი, რომ ორესტეს კაცად აღზრდი.
კლიტემნესტრა
ხელში აიყვანე, უკანასკნელად ხედავ მას.
იფიგენია
ო, უსაყვარლესო! უნდა დაეხმარო, რამდენი მეგობარიც გეყოლება.
კლიტემნესტრა
რამე შემიძლია გავაკეთო არგოსში, რომ გასიამოვნო?
იფიგენია
ნუ შეიძულებ მამაჩემს, შენს მეუღლეს.
კლიტემნესტრა
მძიმე ბრძოლების გადატანა მოუწევს შენ გამო.
იფიგენია
თავისი ნების საწინააღმდეგოდ, საბერძნეთის მიწისთვის მომსპო.
კლიტემნესტრა
ცბიერებით, უღირსად და ატრევსისთვის შეუფერებლად.
იფიგენია
ვინ გამომყვება მე, სანამ თმებს მომკვეცენ?
კლიტემნესტრა
მე გამოგყვები.
იფიგენია
არა, შენ არა; სწორად არ ამბობ.
კლიტემნესტრა
[1460] შენს კაბას ჩამოვეკიდები.
იფიგენია
დამიჯერე, დედა, აქ დარჩი; ასე უკეთესია ჩემთვისაცა და შენთვისაც. ნება დართე მამაჩემის რომელიმე მსახურმა წამიყვანოს არტემისის ჭალაში, სადაც მსხვერპლად შემწირავენ.
კლიტემნესტრა
შვილო, მიდიხარ?
იფიგენია
და უკან არ მოვბრუნდები.
კლიტემნესტრა
დედას ტოვებ?
იფიგენია
როგორც ხედავ, დაუმსახურებლად.
კლიტემნესტრა
შეჩერდი, არ დამტოვო!
იფიგენია
ნებას არ გრთავ, იტირო. (გუნდს). თქვენ, ქალიშვილებო, უნდა უმღეროთ პეანი არტემისს, ზევსის ასულს ჩემს მძიმე ხვედრზე; დანაელებში კი იყოს საზეიმო დუმილი. [1470] მოამზადოს ვინმემ კალათები, დაანთოს ცეცხლი განსაწმენდელი მოსაფრქვევი მარცვლებისათვის და მამაჩემმა მარჯვენა ხელი ჩაავლოს საკურთხეველს, რადგან მოვდივარ, რომ ვიხსნა საბერძნეთი და მივცე მას გამარჯვება. წამიყვანეთ, ფრიგიელთა ილიონის გამანადგურებელი. მომიტანეთ გვირგვინი, რომელიც დამიმშვენებს კულულებს; მოიტანეთ განსაწმენდელი წყალიც. [1480] დატრიალდით ტაძრის ირგვლივ, არტემისის საკურთხევლის ირგვლივ, დედოფალ არტემისის, ნეტარის; რადგან ჩემი მსხვერპლშეწირვის სისხლით უნდა წავშალო მისი წინასწარმეტყველება. ო, დედოფალო, დედა დედოფალო! არ მოგცემ შენ ჩვენს ცრემლებს, [1490] რადგან წმინდა წესს ეს არ შეეფერება. იო, იო, ყმაწვილო ქალებო, ქება უმღერეთ არტემისს, ქალკისის მბრძანებელს, რადგან მრისხანე შუბოსნები მძვინვარედ ცხარობენ აქ, ავლისის ვიწრო ნავსაყუდელში ჩემ გამო. ო, დედა პელასგია და მიკენე, ჩემო საცხოვრებელო!
გუნდი
[1500] პერსევსის ციხესიმაგრეს მოუხმობ, კიკლოპების ხელით აგებულს?
იფიგენია
თქვენ მე აღმზარდეთ, რომ საბერძნეთის სინათლე ვიყო და ამიტომ არ ვეუბნები სიკვდილს „არას.“
გუნდი
დიდება არასდროს მიგატოვებს შენ!
იფიგენია
ვაი, ვაი! ჩირაღდანიანო დღეო, ზევსის ელვარებავ! სხვა სიცოცხლე, სხვა ხვედრი მელოდება მე. მშვიდობით, საყვარელო სინათლე!
გუნდი
[1510] ვაი, ვაი! შეხედეთ ილიონისა და ფრიგიელების დამაქცევარი მიდის, თავზე გვირგვინი ახურავს, განსაწმენდელი წყალი ნაპკურები აქვს, ქალღმერთის საკურთხეველს დაეღვრება მისი სისხლი, როდესაც მოხდენილ კისერს ხმლით გაკვეთენ. რადგან იქ გელოდება განსაწმენდელი წყალი მამის ხელიდან, რადგან აქაველთა ლაშქარი გელოდება, მოწადინებული [1520] ილიონის ქალაქში წასასვლელად. მაგრამ განვადიდოთ არტემისი, ზევსის ასული, ღმერთებს შორის დედოფალი, რომ კეთილგანწყობილი ბედი შეგვხვდეს. ო, დედოფალო, მძლავრო ქალღმერთო, მოკვდავთა მსხვერპლშეწირვის მოყვარულო, გააგზავნე ფრიგიელთა მიწაზე ბერძენთა ლაშქარი და ტროის ცბიერ სავანესთან, აგამემნონს კი საბერძნეთის შუბოსნებში სახელოვანი გვირგვინით შეუმკე თავი და მოუპოვე უკვდავი დიდება.
მეხუთე ეპისოდიონი
მაცნე, კლიტემნესტრა, აგამემნონი
მაცნე
გამოდი გარეთ კარვიდან, ტინდარეოსის ასულო, კლიტემნესტრა, და მოუსმინე ჩემს სიტყვებს.
კლიტემნესტრა
შენი ხმა გავიდონე და გარეთ გამოვედი მთლად აცახცახებული და უბედური და შიშისგან თავზარდაცემული. უნდა მთხრა რამე ახალი უბედურება, რომელიც ამჟამინდელს დაემატა?
მაცნე
არა, მაგრამ მე მოგიტანე შენს ქალიშვილზე უცნაური და სასწაულებრივი ამბავი.
კლიტემნესტრა
მაშინ ნუ დააყოვნებ, რაც შეიძლება, სწრაფად მითხარი.
მაცნე
[1540] ძვირფასო ქალბატონო, ყველაფერს ცხადად შეიტყობ; ვიტყვი დასაწყისიდან, თუ არ მიღალატა მეხსიერებამ და არ შეიტანა გაურკვევლობა ჩემს მონათხრობში. როგორც კი მივადექით ზევსის ასულის, არტემისის, კორომს და ყვავილოვან მდელოს, სადაც აქაველთა ლაშქარი იყო თავმოყრილი, ასული რომ მივიყვანეთ, არგოსელთა ბრბო შეიკრიბა. როდესაც დაინახა მეუფე აგამემნონმა თავისი ასული, კორომისკენ რომ მიდიოდა მსხვერპლად შესაწირად, ამოიოხრა, თვალებიდან [1550] ცრემლები წასკდა და სახის წინ სამოსი აიფარა. ქალიშვილი კი მამას ახლოს დაუდგა და ეს ბრძანა: „მამაჩემო, აქ ვარ; ჩემი ნებით გაბარებ ჩემს სხეულს ჩემი ქვეყნისა და საბერძნეთისთვის, ასე რომ, შეგიძლია, მიმიყვანო ქალღმერთის საკურთხეველთან და შემწირო, რადგან ეს არის ზეცის ბრძანება. სიკეთე მომეტანოს თქვენთვის, დაე, გამარჯვებული დაბრუნებულიყავი სამშობლო მიწაზე. არც ერთმა არგოსელმა არ მახლოს ხელი, [1560] რადგან მე უსიტყვოდ და ვაჟკაცურად დაგიდებთ კისერს.“ ეს თქვა; და ყველა გაოგნდა, როდესაც გაიგონეს ქალიშვილის დიდსულოვნება და სათნოება. შუაში დადგა ტალთიბიოსი, რადგან ეს იყო მისი მოვალეობა და ლაშქარს ყურადღებისა და სიჩუმისკენ მოუწოდა. მისანმა კალქასმა ოქროს კალათში ჩადო ქარქაშიდან ამოღებული ბასრი ხმალი, ქალიშვილს კი თავი გვირგვინით შეუმკო. შემდეგ პელევსის ძემ აიღო კალათი და ხელში განსაწმენდელი წყლით, ქალღმერთის საკურთხეველს შემოურბინა და თქვა: „ზევსის ასულო, ნადირთმმუსვრელო, რომელიც ატრიალებ ელვარე სინათლეს წყვდიადში, მიიღე ეს მსხვერპლი, რომელსაც ჩვენ, აქაველთა ლაშქარი და აგამემნონი ჩვენთან ერთად, შემოგწირავთ შენ, სუფთა სისხლი მშვენიერი ქალწულის კისრიდან; და მოგვეცი უსაფრთხო გაცურვა ტროის ციხესიმაგრისაკენ ჩვენი შუბებით.“ ატრეიდესები და მთელი ლაშქარი მიწას დაჰყურებდა. ქურუმმა ამოიღო ხმალი, ილოცა, დაიწყო ახლოდან კისრის დათვალიერება, თუ სად უნდა ეძგერა ხმალი. [1580] მე მწუხარებით მევსებოდა გული, ვიდექი დახრილი თავით, როდესაც მოხდა მოულოდნელი სასწაული! ყველამ გაიგონა ცხადად დარტყმის ხმა, მაგრამ ვერავინ ვერ დაინახა, სად გაქრა ქალიშვილი. შესძახა ქურუმმა, მთელმა ლაშქარმა ყვირილი დაიწყო, გაუგონარი სასწაულის მნახველებმა, რომელიღაც ღმერთის ნიშანი, დაჯერება არ შეეძლოთ, თუმცა კი დაინახეს. რადგან უზარმაზარი ირემი იწვა მიწაზე, დიდებული სანახავი, სული ძვრებოდა და მისი სისხლი რწყავდა ქალღმერთის საკურთხეველს. [1590] მაშინ, ხვდები, რა სიხარულით თქვა კალქასმა: „გაერთიანებული ლაშქრის მხედართმთავრებო, ხედავთ ამ მსხვერპლს, რომელიც ღმერთმა დადო საკურთხეველზე, მთაში მორბენალ ირემს? ეს მისთვის უფრო მოსაწონია, ვიდრე ქალწული, რადგან არ მოითხვრება საკურთხეველი კეთილშობილი სისხლით. სიამოვნებით მიიღო იგი და გაცურვის ქარი მოგვცა ილიონზე შეტევისთვის. მაშ, თითოეულმა მეზღვაურმა გულში ვაჟკაცობა ჩაიდოს, მიადგეს თავის ხომალდს, რადგან დღეს [1600] ჩვენ უნდა დავტოვოთ ავლისის ცარიელი ყურეები და გადავკვეთოთ ეგევსის ზღვა.“ შემდეგ, როდესაც მსხვერპლი მთლიანად დაიწვა ფერფლამდე ჰეფესტოსის ცეცხლში, კალქასმა ილოცა ლაშქრის შინ ბედნიერი დაბრუნებისთვის. გამომგზავნა აგამემნონმა, შენთვის ეს რომ მეთქვა და ბრძანა, რომ ეს იყო რომელიღაც ღვთისგან გამოგზავნილი ბედისწერა და უკვდავი სახელი მთელ საბერძნეთში. ახლა აქ ვარ და გელაპარაკები როგორც თვითმხილველი, ცხადია, რომ შენი შვილი აფრინდა ღმერთებთან. დაიწყნარე ტკივილი და შეწყვიტე მეუღლეზე მრისხანება; [1610] რადგან ღმერთების გზები მოკვდავებისთვის გამოუცნობია, მაგრამ ვინც უყვართ, იმას გადაარჩენენ. დიახ, რადგან ამ დღემ შენი შვილი მკვდარი და ცოცხალი დაინახა.
მაცნე გადის.
გუნდი
როგორ გავიხარე, ეს რომ მოვისმინე მაცნისაგან; მან თქვა, რომ შენი შვილი ცოცხალი რჩება ღმერთებში.
კლიტემნესტრა
ო შვილო, რომელმა ღმერთმა მოგიპარა? როგორ უნდა მოგმართო? როგორ დავიჯერო, რომ ეს ფუჭი ზღაპარი არ არის ჩემს დასამშვიდებლად, რომ შევწყვიტო საწყალობელი გოდება, შენი დაკარგვის გამო?
გუნდი
აი, მეუფე აგამემნონი გვიახლოვდება, [1620] რომ დაგიდასტუროს ამბავი.
აგამემნონი
ქალბატონო, ბედნიერებად უნდა ჩავითვალოთ ჩვენს ქალიშვილთან დაკავშირებით, რადგან იგი ღმერთებს შორისაა ახლა. უნდა აიყვანო ეს ჩვილი ბავშვი და სახლის გზას დაადგე, რადგან ლაშქარი გასაცურად ემზადება. მშვიდობით, დიდი დრო გაივლის, სანამ ტროიდან ჩამოვალ და გნახავ. იქნებ ეს კარგიც იყოს შენთვის.
[1] სტრ. 321. ატრევსის შობილო… — სიტყვების თამაშია, აგებული სახელ ატრევსის მნიშვნელობაზე: „უშიშარი“: „შიშისგან თვალებიც ხომ არ უნდა დავხუჭო, უშიშარის ძევ“?
[2] სტრ. 952. სიპილოსი — მთაა ლიკიაში, რომლის ახლოს აჩვენებდნენ ტანტალოსის, ატრეიდესების წინაპრის, საფლავს; ამავე სახელის ქალაქი ძალიან ადრეულ ხანაში მოისპო მიწისძვრისგან.
© არილი