პოეზია

გიორგი ლომსაძე – მახსოვრობა/ვარაუდები და სხვა ლექსები


მახსოვრობა/ვარაუდები

ძილის წინ ირჩევ ნაწყვეტებს შესაქმედან

დღე-ღამის განცალკევება – სიკვდილის წინასახე,

მიბერვა სულის და სისხლის შიში,

ცხოველების არსებობა ადამამდე,

როგორც უკანხედვის გამოჩენა.

პირველი და ყველაზე მძიმე უკმარობა,

ან არასაკმარისობის პირველი მოჩვენება,

ადამის დამალვამდე, ხელშეუხებელი

სამყაროსთვის ბოლოჯერ შეხედვა,

გახსენება, როგორ შეიძლება

ყოვლისმომცველჭეშმარიტებაში განსვენება.

 

საკითხავი მუხლები ქალაქის ანგელოზებისთვის

შენ, რომელსაც დილის ანგელოზი გქვია

და მატარებლის გაჩერებებს შორის მიმოფრენ,

შეეხე ჩვენს გულებს და დაგვარქვი სხვა სახელები,

მაგრამ ისე, რომ ვერ ვხვდებოდეთ.

 

როცა უხილავ საკმეველს მიმოფენ გზის ნაპრალებს

და სიცარიელეს შენი ორარით აკავებ,

იპოვე უშორესი წერტილები,

რომლებიც კორპუსებს შორის მოჩანს

და გაგვიხსენე

 

რომელი ანათებ ახალ სხივებს ანთებულ ლამპიონებს

როგორც ნათელსა ზედა ნათელს

და მაღვიძარის ზარებს უსმენ ყოველი გამეორებისას,

გამოფხიზლების სამოსელს არიგებ ნუგეშისთვის.

 

იხილე ზეცა, როცა ყინვისგან ფრთაშესხმული

იცვლიდი სადგურებს,

გზასთნ მიყინულმა შენმა სხეულმა

დილაბნელზე გამოსულებს

სიკვდილის მეორე მხარე აჩვენე.

 

უყურე არეული ოთახის სარკეს,

როგორ ირეკლავს დაუტეველ ვედრებას,

ძველი ავეჯი და შეუცნობელი ნაკლოვანება

ძილის დროს გადაავადებს.

 

შეწყვეტა

სანამ ყველაფერი ადრეა და დრო გეკუთვნის,

სითეთრე, სადაც შენი სული დაისადგურებს-

რომელიმე გაჩერებზე ვაგონიდან გასვლისას

აღმოაჩენ, აღარაფერია წინა დღის მსგავსი,

მოულოდნელად არაფერი აკავშირებს

თეთრ ქვებში ჩამარხულ ამ ადგილს

შენს უახლოეს ან რამენაირ წარსულთან.

 

მოძრაობის წრიული მცდელობა,

მუდმივი განმეორებებით და მცირე განსხვავებებით,

როგორც წესი, არაარსებითით,

შენი ადგილი იქ არ არის, სადაც ყველა ზის

და ელოდება თავის რიგს ნაცნობ დროს

მიწის შიგნიდან ამოსასვლელად.

 

ისუნთქე ხმამაღლა და მარტომ,

როგორც ამას გააკეთებდა ყველა

შენს ადგილას ყოფნისას,

ცხოვრების რომელიმე

მიუვალ მომენტში მაინც:

მაშინ, როცა მდინარეს აყოლებდი

ნახევრად დამწვარ ფურცლებს,

რომლებიც არ იყო შენი,

სხვების სიტყვებიდან გამოპარული

სიმშვიდის ყოველი სტუმრობისას.

ყოველი ჩასუნთქვა სავსე იქნება

სხვისი სახლის ფანჯრიდან მონაბერი

ნელთბილი და უცხო სულით

 

წესრიგი

მან უთო მესამედ გადაუსვა იდეალურად სწორ პერანგს,

როცა დაკარგა საოცნებო სამსახური,

მოწმინდა სუფთა იატაკი, როცა გაშორდა ცოლი,

გაასუფთავა მტვრისგან წიგნების ყდები,

როცა შვილმა გაისეირნა ახალ მამასთან,

დაახარისხა ნაგავი უახლესი სტანდარტებით,

როცა შემოაკლდა მეგობრები,

დილას მეზობლებმა აარიდეს თავი,

საღამოს გაწმინდა ფანჯრები და გააქრო აბლაბუდები,

ღამით შეაწუხა სახლის პატრონმა და გადასვლას სთხოვა,

დილით ხუთჯერ დაივარცხნა თმა და საცხოვრებელი შეიცვალა,

ახალი ნაცნობები ფიქრობდნენ, რომ მას წესრიგი უყვარდა,

მაგარამ ის უბრალოდ სხვა ფორმით ოცნებობდა.

 

უკან მობრუნება

დაბნეულების სახლებს იფარავ თავიანთი თავისგან,

როცა ფანჯრებს უხურავ ღამით,

ქარისა და წვიმის ვედრებით ესმით ნაპრალებში

გარედან შიგნით ხედვის სახესხვაობა,

მოჩვენებითი შემთხვევითობის ცდა,

სახელის პოვნის ან საუკუნო დაკარგვის წამი.

 

მიმოსვლის ზრუნვა, შიშისა და მოლოდინის გაზავება

არის შენი სახელი, სადაც დრო არ ცვლის აზრებს

ადგილებსა და მნიშვნელობებს შორის

და აუხსნელ წინაგამზადებას არ უძებნიან სიტყვებს.

 

ვისაც არ გჭირდება თქმა, რაც ისედაც იცი,

გამეორებისთვის არ ქრის შენი უცვლელობა

თავებს ზემოთ და არ ეძებს გამოვლინებებს,

გარკვეულებს, მიჩენილ ადგილებს, გონების კიდეში,

შეუმჩნევლად აკითხავ დიდი ხნის ნაცნობ ფორმებს.

 

შუა დღე სახურავზე და უძრაობა

სადაც სითბო იღვრება უსიტყვო გარკვეულობით,

დიდი ხნის წინ გაჩენილი მნიშვნელობებით,

რომლებიც გარედან არასდროს ჩანდა.

სადაც შეუღწევლობას მზის გული უფრო ამძაფრებს,

მოჩვენებითი მოწყალებით ჩუქნის

განსაკუთრებულ მარტოობას მაღალ სართულებს,

სადაც ცივა ყოველთვის,

სადაც დიდი ხნის წინ დაბერა სასტიკმა ქარმა,

და დღემდე ისმის გაურკვეველი ვედრება

ჰაერთა კეთილად შეზავებისთვის.

© არილი

Facebook Comments Box