ესე (თარგმანი)

იოსიფ ბროდსკი – მარკუს ავრელიუსის პატივსაცემად

თარგმნა მალხაზ ხარბედიამ

1

ანტიკურობა ჩვენთვის არსებობს, ჩვენ კი მისთვის – არა. არც არასდროს გვიარსებია და მომავალშიც არასოდეს ვიარსებებთ ანტიკურობისთვის. ეს ცოტათი უცნაური გარემოება ანტიკურობაზე განსჯებს გარკვეულწილად საფუძველს აცლის. ქრონოლოგიური, და ვშიშობ, გენეტიკური თვალსაზრისითაც, ჩვენს შორის მანძილი უზარმაზარია, რათა რაიმე მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ვივარაუდოთ: ანტიკურობას თითქოს არსაიდან ვუმზერთ. ჩვენი თვალთახედვა ისეა, გეგონება საკუთარ თავს ვუმზერდეთ მეზობელი გალაკტიკიდან. უკეთეს შემთხვევაში ეს მზერა სოლიფსისტური ფანტაზიაა, ხილვა. მეტზე ვერც გვექნება პრეტენზია, რადგან არაფერია უფრო განუმეორებელი, ვიდრე ჩვენი ქსოვილების უკიდურესად არამყარი ნაზავი. რა იქნებოდა ძველი რომაელისთვის ნაცნობი ახლა, ამ დროში რომ გამოეღვიძა? ნაცნობი იქნებოდა მაღლა ღრუბლები, ლურჯი ტალღები, დაწყობილი შეშა, ლოგინის ჰორიზონტალურობა, კედლის ვერტიკალურობა… მაგრამ სახეზე იგი ვერავის იცნობდა, თუნდაც შემხვედრნი სრულიად შიშვლები ყოფილიყვნენ. ჩვენს შორის რომ აღმოჩენილიყო, საუკეთესო შემთხვევაში იგი იმავეს განიცდიდა, რასაც ადამიანი – მთვარეზე გადასვლისას: რაა მის წინაშე – მომავალი თუ შორეული წარსული? პეიზაჟი თუ ნანგრევები? საბოლოო ჯამში ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს. სხვა ამბავი იქნებოდა, მხედარი რომ დაენახა.

 

2

მეოცე საუკუნე შესაძლოა პირველი საუკუნეა, რომელიც ცხენზე ამხედრებული ადამიანის ძეგლს ცოტათი გაოცებით უყურებს. ჩვენი საუკუნე ავტომობილის საუკუნეა, ჩვენი მეფეები და პრეზიდენტები მანქანებს მართავენ ან სხვებს დაყავთ მანქანებით. გარშემო თითოოროლა მხედარს თუ შეხვდებით, ცირკში ან დოღზე. შესაძლოა გამონაკლისს წარმოადგენს ბრიტანეთის პრინცი-კონსორტი ფილიპი და მისი ქალიშვილი პრინცესა ანა. მაგრამ ეს იმდენად სამეფო სტატუსს არ უკავშირდება, რამდენადაც სახელს, „ფილიპს“, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა და phil-hippos-ს ნიშნავს, ცხენების მოყვარულს. უკავშირდება იმდენად, რამდენადაც ბოლო დრომდე მისი სამეფო უდიდებულესობის მეუღლე სამეფო გვარდიის კაპიტანი მარკ ფილიპსი გახლდათ, თავადაც შესანიშნავი ცხენოსანი. აქვე შეგვეძლო დაგვემატებინა ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე, პრინცი ჩარლზიც, პოლოს დიდი ტრფიალი. მემგონი სულ ეს არის. ჩვენ ვერ ვხედავთ დემოკრატიის ცხენზე ამხედრებულ ლიდერებს, ან თუნდაც იმ მცირერიცხოვან ტირანებს, ვინც დღემდე შემორჩა. არც მხედართმთავრები ჩანან, აღლუმებს ვინც იღებენ. მათი რიცხვიც სულ უფრო მცირდება. ჩვენს მხარეში მხედრები თითქმის მთლიანად გაქრნენ. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ შემოგვრჩა ცხენოსანი პოლიცია და ალბათ არ არსებობს ნიუ იორკელისთვის უფრო დიდი Schadenfreude[1], ვიდრე იმის ჭვრეტა, თუ როგორ უწერს ჯარიმას ერთ-ერთი ასეთი უნაგირიანი ლოხინვარი[2] არასწორად დაყენებული მანქანის მძღოლს, მაშინ როცა მისი ბედაური მსხვერპლის, კანონდამრღვევის კაპოტთან ფრუტუნებს. თუმცა ახლა, ჩვენს დროში, როცა ბელადებს ან ეროვნულ გმირებს ვუდგამთ ძეგლებს, კვარცხლბეკზე მხოლოდ ორი ფეხი დგას. არადა გულდასაწყვეტია, ცხენი ხომ ბევრი რამის სიმბოლოს წარმოადგენდა: იმპერიის, სიმამაცის, ბუნების. ცხენიან სკულპტურათა მთელი ეტიკეტიც კი არსებობს; ასე მაგ. თუკი ცხენი ყალყზეა შემდგარი, ეს ნიშნავს, რომ მხედარი ომში დაეცა. თუკი ოთხივე ფლოქვი პოსტამენტზეა დამყარებული – მინიშნებაა, რომ იგი საკუთარ ლოგინში მიიცვალა. თუკი ცხენის ერთი ფეხი მაღლაა შემართული, იგულისხმება, რომ ბრძოლაში მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. თუ არც ისე მაღლაა – ე.ი. საკმაოდ დიდხანს იცოცხლა. ასე ვთქვათ, ჩორთით გაიარა ცხოვრება. ავტომობილით ასეთი რამ შეუძლებელია. თანაც ავტომობილი, თუნდაც „როლს როისი“ იყოს, არანაირად არ უსვამ ხაზს ვინმეს უნიკალობას და ბრბოზე არ აღამაღლებს ისე, როგორც ცხენი. რომის იმპერატორებს, მაგალითად, ხშირად გამოსახავდნენ ცხენზე ამხედრებულებს, მაგრამ არა გადაადგილების მათი საყვარელი საშუალების უკვდავსაყოფად, არამედ უპირატესობის აღსანიშნავად, რათა ცხადი გაეხადათ, რომ ეს ადამიანი მხედართა წოდებას ეკუთვნის, წარმოშობით მხედარია. იმ დროის ენაზე „მხედარი“, როგორც ჩანს, „წარჩინებულს“ ან „კეთილშობილს“ ნიშნავდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, equus[3] მხედართან ერთად კიდეც აუარება ალუზიით იყო დატვირთული. პირველ რიგში მას შეეძლო წარსულის განსახიერება ყოფილიყო, თუნდაც იმიტომ, რომ ცხოველთა სამყაროს წარმოადგენდა, იმ სამყაროს, საიდანაც წარსული გამოვიდა. შესაძლოა საბოლოო ჯამში სწორედ ამას გულისხმობდა კალიგულა, როცა თავისი ცხენის სენატში შეყვანას აპირებდა. რადგანაც ანტიკურობამ, როგორც ჩანს, უკვე დაიჭირა ეს კავშირი. იმიტომ, რომ ანტიკურობა წარსულით უფრო მეტად ინტერესდებოდა, ვიდრე მომავლით.

 

3

წარსულსა და მომავალს ერთი რამ აქვთ საერთო – ჩვენი წარმოსახვა, რომლის მეშვეობითაც ვაგებთ მათ. წარმოსახვა ჩვენს ესქატოლოგიურ შიშზეა დაფუძნებული: შიში იმითაა გამოწვეული, რომ წინამორბედისა და მომდევნოს გარეშე ვარსებობთ. რაც უფრო ძლიერია ეს შიში, მით უფრო დაწვრილებითია წარმოდგენა კლასიკურ სიძველეებზე ან უტოპიაზე. ხანდახან – ძალზე ხშირადაც – ისინი ერთმანეთს ფარავენ, როცა, მაგალითად, გვგონია, რომ ანტიკურობაში იდეალური წყობა და აუარება სიქველე იყო, ანდა მაშინ, როცა ჩვენი უტოპიების ბინადარნი მარმარილოთი ნაგებ თავიანთ მოვლილ ქალაქებში ტოგებით შემოსილნი დააბიჯებენ. მარმარილოს, რა თქმა უნდა, წილად ერგო უცვლელი საშენი მასალა ყოფილიყო როგორც ანტიკურობისთვის, ისე უტოპიისთვის. საერთოდ, თეთრი ფერი ჩვენს წარმოსახვას უკიდურეს ზღვრამდე მსჭვალავს, როცა წარსულის ან მომავლის ვერსია მეტაფიზიკურ ან რელიგიურ ხასიათს იძენს. სამოთხე – თეთრია; ასევე გამოიყურება საბერძნეთიც და რომიც. ეს მიდრეკილება არა იმდენად ჩვენი ფანტაზიის ბნელი წყაროების ალტერნატივაა, რამდენადაც ჩვენივე არცოდნის მეტაფორა ან უბრალოდ იმ მასალის ანარეკლი, რომელსაც, როგორც წესი, ფანტაზია ფრთების გასაშლელად იყენებს, – ამ მასალას ქაღალდი ჰქვია. დაჭმუჭნილი ქაღალდი სანაგვისკენ მიმავალ გზაზე ადვილია ცივილიზაციის ნატეხი გეგონოთ, განსაკუთრებით, თუკი სათვალე მოხსნილი გაქვთ.

 

4

ეს ბრინჯაოს მხედარი პირველად ტაქსის ფანჯრიდან დავინახე, ოცი წლის წინ – შეიძლება ითქვას, წინა ინკარნაციაში. ახალი ჩაფრენილი ვიყავი რომში, სადაც პირველად მოვხვდი. სასტუმროსკენ მივდიოდი. იქ ჩემთვის ნომერი შეუკვეთა ერთმა ნაცნობმა. სასტუმროს სრულიად არარომაული სახელი ერქვა – „ბოლივარი“. რაღაც მხედრული უკვე იგრძნობოდა ჰაერში, რადგან დიდ libertador-ს,[4] როგორც წესი, ყალყზე შემდგარ ცხენზე ამხედრებულს გამოსახავდნენ. ომში დაიღუპა ბოლივარი? რაღაც არ მახსოვს. საღამოს საცობში გავეჩხირეთ, სადგურის ბრბოსა და საფეხბურთო მატჩიდან გამოსული გულშემატკივრების ნაზავი იყო. მძღოლისთვის მინდოდა მეკითხა, კიდევ დიდხანს თუ მოგვიწევდა მგზავრობა და ჩემი იტალიური მხოლოდ ერთი მარტივი კითხვისთვის მეყო – „სად ვართ?“. „პიაცა ვენეცია,“- ჩაიბურტყუნა მან და მარცხნივ გააქნია თავი. „კამპიდოლიო“ – მარჯვნივ გააქნია თავი. კიდევ ერთი თავის გაქნევა: „მარკო აურელიო“, ენერგიულად გამოთქვა მან, და ეს სიტყვები საცობსაც შეეხებოდა. მარჯვნივ გავიხედე. „მარკო აურელიო“ – ჩემთვის გავიმეორე და ვიგრძენი, როგორ გამიდნა პირში ორიათასი საუკუნე იმპერატორის სახელის იტალიური ფორმის გამო. ადრე ამ სახელს ჩემთვის ყოველთვის ეპიკური ჟღერადობა ჰქონდა, არსებითად, იმპერიული, როგორც თავად ისტორიის მაჟორდომის მიერ გამოცხადებული, ცეზურით გაყოფილი მეხის გავარდნა. მარკუს! – ცეზურა – ავრელიუსი! რომის! იმპერატორი! მარკუს! ავრელიუსი! ასე გავიცანი იგი სკოლაში, სადაც მაჟორდომი ჩვენი ტანმორჩილი სარა ისააკოვნა იყო, ძალიან ებრაელი და ძალიან თვინიერი ქალი, ორმოცდაათს გადაცილებული ისტორიის მასწავლებელი. მთელი თავისი თვინიერების მიუხედავად, როდესაც რომაელი იმპერატორების სახელთა წარმოთქმის ჯერი დგებოდა, წელში გასწორდებოდა, დიდებულების შარავანდედით შეიმოსებოდა და ლამის გაჰყვიროდა. მისი მქუხარე ხმა ჩვენს თავებზე გადაივლიდა და სტალინის პორტრეტით შემკობილ ბათქაშჩამოცვენილ კედელს ეხლებოდა: გაიუს იულიუს კეისარი! კეისარი ოქტავიანე ავგუსტუსი! კეისარი ტიბერიუსი! კეისარი ვესპასიანე ფლავიუსი! რომის იმპერატორი ანტონინუს პიუსი! და ბოლოს – მარკუს ავრელიუსი! გეგონებოდა, რომ ეს სახელები მასზე დიდი იყო, თითქოს შიგნიდან წამოიმართებოდნენ, რათა უფრო დიდ სივრცეში გაეღწიათ, ვიდრე მისი პატარა სხეული გახლდათ, ან ჩვენი კლასი, ქვეყანა, ანაც მთელი ის ეპოქა. იგი ტკბებოდა უჩვეულო ჟღერადობის მქონე უცხოური სახელებით, ხმოვანთა და თანხმოვანთა მოულოდნელი თანმიმდევრობით და ეს ტკბობა მართლა გადამდები იყო. ბავშვებს უყვართ ასეთი რაღაცეები: უცნაური სიტყვები, უცნაური ბგერები. ალბათ ამიტომ სჯობს ისტორია ბავშვობაში ვისწავლოთ. თორმეტი წლის ასაკში შესაძლოა ინტრიგას ვერ ჩაწვდე, მაგრამ უცნობი ბგერები სხვა, ალტერნატიულ რეალობაში გადაგიყვანენ. სწორედ ასეთ ზემოქმედებას ახდენდა ჩემზე „მარკუს ავრელიუსი“ და ეს სხვა რეალობა უფრო ვრცელი აღმოჩნდა, ვიდრე თავად იმპერატორის რეალობა. ახლა, როგორც ჩანს, ამ რეალობის მოშინაურების დრო მოვიდა, და ალბათ ამიტომ აღმოვჩნდი რომში. „ესე იგი მარკო აურელიო“ – ვთქვი ჩემთვის და მძღოლს მივუბრუნდი: „სადაა?“ მან მარმარილოს საფეხურების უზარმაზარ კასკადზე მიმითითა, რომელიც ზევით-ზევით მიიწევდა. სწორედ ჩვენს წინ იყო. და როცა მძღოლმა მკვეთრად მოუხვია, რათა კიდევ ერთი მილიმეტრით წაწეულიყო წინ მანქანების ზღვაში, სწორედ ამ დროს წამიერად მოვკარი თვალი პროჟექტორებით განათებულ ცხენის ყურებს, წვერიან სახეს და გამოწვდილ ხელს. შემდეგ ჩვენ ზღვამ ჩაგვყლაპა. ნახევარ საათში „ბოლივარის“ შესასვლელში ერთ ხელში ბარგით და მეორეში ფულით, მძღოლს ძმური მადლიერებით აღვსილმა სახელი ვკითხე – ბოლო-ბოლო პირველი ადამიანი იყო, ვისაც რომში გამოველაპარაკე, თანაც სასტუმროში მომიყვანა და არც ისე ბევრი გამომართვა. მან მიპასუხა – „მარკო“ და წავიდა.

 

5

ანტიკურობის ყველაზე ზუსტი და განსაზღვრული თვისება ისაა, რომ ჩვენ იქ არ ვარსებობთ. რაც უფრო ხელმისაწვდომია ანტიკურობის ნანგრევები და რაც უფრო დიდხანს ვაშტერდებით მათ, მით უფრო აკრძალულია იქ შესვლა. პირველ რიგში მარმარილო ამბობს თქვენზე უარს, თუმცა არც ბრინჯაო და პაპირუსი ჩამოუვარდებიან უარყოფაში. ჩვენამდე ნაწილობრივ ან მთლიანად მოღწეულნი, ეს ნივთები გვაოცებენ და გვაცდუნებენ თავიანთი დღეგრძელობით, განსაკუთრებით ნამსხვრევები, ნატეხები, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულ მთლიანობად უნდა ვაქციოთ – ამ ნატეხების დანიშნულება არც ყოფილა ჩვენამდე მოღწევა. ისინი თავისთვის იყვნენ და დღემდე თავისთვის არიან, რადგანაც ადამიანის მადა მომავლისადმი ისევე შეზღუდულია, როგორც დროის შთანთქმის მისეული უნარი, რასაც მაგალითად, გრამატიკა გვაჩვენებს ცხადად – მომავლის თემაზე განსჯების პირველი მსხვერპლი. საუკეთესო შემთხვევაში ამ მარმარილოების, ბრინჯაოების და პაპირუსების დანიშნულება იყო, თავიანთ მოდელებზე და შემოქმედებზე უფრო დიდხანს გაეძლოთ და არა საკუთარ თავზე უფრო დიდხანს. მათი არსებობა ფუნქციური იყო, სხვაგვარად რომ ვთქვათ, განსაზღვრული მიზანი ჰქონდათ. დრო კალეიდოსკოპის ნამსხვრევები არაა, რადგან იგი წარმავალი ნაწილებისგან შედგება. და მიუხედავად იმისა, რომ იმქვეყნიური ცხოვრების იდეა ნივთებმა შთააგონეს ადამიანებს, ბოლო დრომდე მას არ აღიქვამდნენ ხელმისაწვდომ ვარიანტად. რაც არ უნდა იყოს, ჩვენს წინაშე აუცილებლობის ან პატივმოყვარეობის კვალია, ეს მოსაზრებები კი ყოველთვის შეზღუდულია ხოლმე. არაფერი არ არსებობს მომავლის გამო და ძველები, რა თქმა უნდა, არ მიიჩნევდნენ თავს ძველებად. და ჩვენც არ უნდა გამოვაცხადოთ საკუთარი თავი მათ ხვალინდელ დღედ. ჩვენ არავინ შეგვიშვებს ანტიკურობაში: იგი ისედაც მჭიდროდ იყო დასახლებული, შეიძლება ითქვას, ზედმეტად მჭიდროდაც. ადგილები აღარაა. ტყუილად უშენთ მუშტებს მარმარილოს.

 

6

რომაელი იმპერატორების ცხოვრება წარმტაცი გვეჩვენება, რადგან ჩვენ თავად ვართ გატაცებულნი საკუთარი თავით. მსუბუქად რომ ვთქვათ, თავს პირადი სამყაროების ცენტრებად მოვიაზრებთ. ცხადია, ეს სამყაროები ზომით სხვადასხვაა, მაგრამ მაინც სამყაროებია და შესაბამისად ცენტრებიც გააჩნიათ. განსხვავება იმპერიასა და ოჯახს, მეგობართა წრეს, რომანტიკულ ურთიერთობათა ქსელს, პროფესიონალური გამოცდილების სფეროებს და ა.შ. შორის მხოლოდ მოცულობაშია და არა სტრუქტურაში. გარდა ამისა, კეისრები დროში ძალიან დაშორებულები არიან ჩვენგან და მათი მდგომარეობის სირთულე გასაგები გვეჩვენება, რადგანაც დრო თითქოს ორი ათასწლეულის პერსპექტივითაა შემცირებული, ლამის საბავშვო ზღაპრის მასშტაბებამდე, მთელი თავისი ჯადოქრობითა და ნაივურობით. მათი იმპერიები ჩვენი ჩანაწერების წიგნია, განსაკუთრებით საღამოს. ჩვენ ვკითხულობთ სვეტონიუსს, ელიუსს ან ფსელოსს და ვეძებთ მათთან არქეტიპებს, მნიშვნელობა არა აქვს რა გვაბარია, ველოსიპედების მაღაზია თუ ორი ადამიანისგან შემდგარი ოჯახი. რატომღაც უფრო ადვილია თავს კეისართან აიგივებდე, ვიდრე კონსულთან ან პრეტორთან, ან ლიქტორთან თუ მონასთან, თუნდაც ეს უფრო მეტად შეესაბამებოდეს ჩვენს რეალურ მდგომარეობას თანამედროვე სამყაროში. ეს არა თვითგანდიდებითა და ამბიციებით აიხსნება, არამედ კომპრომეტირებული სიქველეების, მანკიერებისა და თავის მოტყუების გადიდებული, გამოკვეთილი ნიმუშების მიმზიდველობით და არა ამ სიქველეების თუ მანკიერებების ბუნდოვანი, ენაბლუ მატარებლების გამო – სამეზობლოში თუ სარკის მიღმა. ალბათ ამიტომაა, მათ გამოსახულებებს რომ ვაკვირდებით, განსაკუთრებით კი მარმარილოს გამოსახულებებს. რადგანაც, საბოლოო ჯამში ადამიანის ოვალი სულ რამდენიმე რაღაცას იტევს. არაუმეტეს ორი თვალისა, მხოლოდ ერთი პირი; სიურრეალიზმი ჯერ არ გამოუგონიათ და არც აფრიკული ნიღბების მოდა იყო შემოსული (თუმცა, შესაძლოა არსებობდა კიდეც ეს მოდა და იქნებ სწორედ ამიტომ ეჭიდებოდნენ ბერძნულ ეტალონებს). ასე რომ, საბოლოო ჯამში თქვენ აუცილებლად ამოიცნობთ ერთ-ერთ მათგანში საკუთარ თავს. რადგან არ არსებობს კეისარი ბიუსტის გარეშე, როგორც გედი თავისი ანაკრელის გარეშე. გაპარსულები თუ წვეროსნები, მელოტები თუ კარგი ვარცხნილობით, ისინი ყველანი ცარიელი, გუგების გარეშე მარმარილოს მზერით გვპასუხობენ, როგორც პასპორტის ან პოლიციაში გადაღებული დამნაშავის სურათშია, როცა ვერ იგებ რა ჰქონდათ ჩაფიქრებული; და ამ სახეების მათსავე ისტორიებზე დადება აქცევს მათ ალბათ არქეტიპებად. თანაც ეს კეისრებს გვაახლოვებს კიდეც, რადგან იმის გამო, რომ ხშირად გამოსახავდნენ, ისინი, უეჭველია მიეჩვივნენ, რომ თავიანთი ფიზიკური რეალობისთვის ცოტათი გაუცხოებული თვალით შეეხედათ. ნებისმიერ შემთხვევაში ბიუსტი ან ძეგლი მათთვის იგივე იყო, რაც ჩვენთვის ფოტოგრაფია და ყველაზე „ფოტოგრაფირებული“ პირი, ცხადია კეისარი აღმოჩნდებოდა. რა თქმა უნდა, სხვებიც იყვნენ: კეისართა მეუღლეები, სენატორები, კონსულები, პრეტორები, სახელოვანი ათლეტები და ლამაზმანები, მსახიობები და ორატორები. ჩვენამდე მოღწეულით თუ ვიმსჯელებთ, მთლიანობაში მამაკაცებს უფრო ხშირად აქანდაკებდნენ, ვიდრე ქალებს, საიდანაც შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა თუ ვინ აკონტროლებდა საფულეს და განსაზღვრავდა საზოგადოების ეთოსს. ორივე მაჩვენებლის მიხედვით, კეისარს კონკურენტი არ ჰყავდა. კაპიტოლიუმის მუზეუმში საათების განმავლობაში შეიძლება იფრატუნოთ კეისრების, იმპერატორების, დიქტატორების, ავგუსტუსების მარმარილოს პორტრეტებით გამოტენილ დარბაზებში. ეს ბიუსტები სხვადასხვა ადგილიდანაა ჩამოტანილი, იმ ადგილებიდან, რომლებიც ოდესღაც მათ მორჩილებდნენ და რაც უფრო ხანგრძლივი იყო მმართველობა, მით უფრო მეტი „ფოტოგრაფია“ რჩებოდა. მას გამოსახავდნენ ახალგაზრდობისას, მოწიფულობისას, დაჩაჩანაკებულს; ზოგჯერ ბიუსტებს სულ რაღაც 2 წელი აშორებთ. როგორც ჩანს, მარმარილოს პორტრეტების შექმნა მთელი ინდუსტრია იყო, და ხრწნის ხარისხის მრავალფეროვნების გამო იგი დამკრძალავ ინდუსტრიად იქცეოდა; საბოლოოდ ეს დარბაზები ერთგვარ ბიბლიოთეკად წარმოგვიდგება, სადაც თაროებზე თავის მოკვეთის მრავალტომიანი ენციკლოპედიააა ჩამწკრივებული. თუმცა ამ ენციკლოპედიის „წაკითხვა“ რთული ამბავია, რადგანაც მარმარილო სწორედ თავისი გაუმტარობითაა ცნობილი. გარკვეული თვალსაზრისით ფოტოგრაფიასთან (უფრო სწორად, იმასთან, რასაც ადრე ფოტოგრაფია წარმოადგენდა) მას კიდევ ის აახლოვებს, რომ იგი აბსოლუტურად მონოქრომულია. უპირველეს ყოფლისა ბიუსტები ყველას თეთრებად და ქერათმიანებად წარმოგვიდგენს. არადა ცხოვრებაში ზოგიერთი მოდელი – ყოველ შემთხვევაში, კეისრის ცოლები, რადგან ბევრი მათგანი წარმოშობით მცირე აზიელი იყო, – სულაც არ იყო ქერა. ამის მიუხედავად ჩვენ ლამის მადლობლები ვართ მარმარილოსი, რომ მასში საერთოდ არაა პიგმენტაცია, ისევე, როგორც ვემადლიერებით შავ-თეთრ ფოტოგრაფიას, რადგან ჩვენს ფანტაზიას, ინტუიციას ასხამს ფრთებს და თვალიერება თანამონაწილეობის აქტად იქცევა, როგორც წიგნის კითხვის შემთხვევაში.

 

7

და მართლაც, არსებობს თვალიერების წაკითხვად გადაქცევის ხერხები. ბავშვობაში მშობლიურ ქალაქში ხშირად დავდიოდი დიდ მუზეუმში. იქ ბერძნული და რომაული ქანდაკებების უზარმაზარი კოლექცია იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ ტორვალდსენისა და კანოვეს მარმარილოზე. მაშინ შევამჩნიე, რომ დღის მონაკვეთის ან წელიწადის დროის მიხედვით ქანდაკებებს გამომეტყველება ეცვლებოდათ და სულ მაინტერესებდა როგორ გამოიყურებოდნენ ისინი მუზეუმის დაკეტვის შემდეგ. მაგრამ მუზეუმი ექვსზე იკეტებოდა – ალბათ იმიტომ, რომ ქანდაკებები ელექტრობაზე მიუჩვეველნი იყვნენ. ვერაფერს ვიზამდი. და საერთოდ, რა უნდა უქნა ქანდაკებებს? შეგიძლია გარშემო უარო, სხვადასხვა კუთხიდან ჭვრიტო. სულ ესაა. ბიუსტების შემთხვევაში კი უფრო მეტი თავისუფლებაა, რაც ერთხელ სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე. რომელიღაც ადრერომაულ fanciulla-ზე[5] მიშტერებისას ხელი ავწიე, ალბათ საკუთარი თმები უნდა გამესწორებინა და ამით გზა გადავუკეტე შუქს, რომელიც ბიუსტს ჭერიდან ეცემოდა. გოგონას სახის გამომეტყველება მაშინვე შეიცვალა. ხელი ცოტა განზე გავწიე – ისევ შეეცვალა სახე. მალე ხელების ქნევა დავიწყე, მის ნაკვთებს ნაირნაირი ჩრდილი ეცემოდა: სახე გაცოცხლდა. საბოლოოდ ეს საქმიანობა ზედამხედველის ყვირილმა შეწყვიტა. იგი ჩემსკენ მორბოდა, თუმცა მისი მოღრიალე სახე ნაკლებად ცოცხალი მეჩვენებოდა, ვიდრე ქრისტეშობამდე დაბადებული პატარა მარმარილოს გოგონას სახე.

 

8

მარკუს ავრელიუსს ყველა რომაელ იმპერატორზე უკეთესი პრესა აქვს. ისტორიკოსებს იგი უყვართ. ფილოსოფოსებსაც. სწორედ ამ უკანასკნელის, ფილოსოფიის დამსახურებაა მარკუს ავრელიუსის კარგი რეპუტაცია, რომელიც დღემდე გრძელდება, რაგდანაც ეს დისციპლინა რომის იმპერიაზე და მისი მმართველების ტალანტზე უფრო დღეგრძელი აღმოჩნდა. ისე, ისტორიკოსებს შეეძლოთ ნაკლებად აღფრთოვანებული ყოფილიყვნენ მისით, რადგანაც მარკუს ავრელიუსი ერთი-ორჯერ ძალიან მიუახლოვდა იმას, რომ მათი მეცნიერებისთვის საფუძველი გამოეცლია, როდესაც თავისი შვილი, სრული იდიოტი, კომოდუსი დაასახელა მემკვიდრედ. თუმცა ისტორიკოსები მაგარი ხალხია, უფრო ძნელად მოსანელებელი რაღაცეებიც აუთვისებიათ, ვიდრე კომოდუსის იდეა, რომისთვის სახელი გადაერქმია და თავისი სახელი დაერქმია. მათ თავისუფლად შეეძლოთ რუკაზე კომოდოპოლისის დატანასაც შეგუებოდნენ და იმავე კომოდოპოლისში შეესწავლათ კომოდუსის იმპერიის ისტორია. ხოლო რაც შეეხებათ ფილოსოფოსებს, ისინი მოხიბლულები იყვნენ მარკუს ავრელიუსის “ფიქრებით” და ზოგიერთი ახლაც აღფრთოვანებულია. შესაძლოა არა იმდენად სიღრმისა და გამჭრიახობის, რამდენადაც რესპექტაბელურობის გამო, რომელიც მარკუს ავრელიუსის მეფურმა შეხებამ შესძინა თავად დისციპლინას. პოლიტიკა გაცილებით ხშირად იქცევა ფილოსოფოსების საქმედ, ვიდრე ფილოსოფია – პოლიტიკოსების გატაცებად. თანაც, მარკუს ავრელიუსისთვის ფილოსოფია უფრო მეტი იყო, ვიდრე გატაცება: ახლა ამას თერაპიას უწოდებენ, ანდა, როგორც თავის დროზე ბოეციუსმა თქვა – ესაა ნუგეში. მარკუსი არ იყო დიდი ფილოსოფოსი, იგი არც წინასწარმეტყველი ან ბრძენი არ ყოფილა: მისი “ფიქრები” – იმავდროულად სევდიანი და განმეორებებით სავსე წიგნია. სტოიკოსების დოქტრინა იმ დროისთვის მართლაც დოქტრინად იქცა და მიუხედავად იმისა, რომ ძველ ბერძნულად წერდა, ეპიქტეტემდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია მარკუს ავრელიუსს. სრულიად შესაძლებელია, რომ როგორც ნებისმიერმა რომაელმა იმპერატორმა, მანაც ეს ენა დოქტრინის წარმოშობის პატივსაცემად არჩია. ასევე, შესაძლოა, ცივილური ურთიერთობის ენის ნოსტალგიის გამო; ბოლოსდაბოლოს ეს მისი ყმაწვილკაცობის ენა იყო, მისთვის დამახასიათებელი უფრო ამაღლებული მისწრაფებებით. თუ გნებავთ, ამას დაუმატეთ ფარულობის შესაძლო მოსაზრებები და გაუცხოების უპირატესობები, რომელიც თავად დისციპლინის მიზანი და მეთოდია და ამ შემთხვევაში მისი ეფექტი ენის მიერაა გაძლიერებული. გარდა ამისა, მარკუს ავრელიუსის მმართველობა უბრალოდ დაემთხვა ბერძნული კულტურის მნიშვნელოვან აღორძინებას რომში, თუ გნებავთ პირველ რენესანსს, რომელიც, ცხადია მყარი სტაბილურობის ხანგრძლივი პერიოდის დამსახურება იყო. ამ ეპოქას ისტორიკოსებმა Pax Romana უწოდეს. და მათ მარკუს ავრელიუსი სწორედ იმიტომ უყვართ, რომ ამ Pax-ის უკანასკნელი მცველი იყო. რადგან მისმა მმართველობამ ფაქტობრივად მკაფიოდ დაასრულა რომის ისტორიის ორასწლიანი პერიოდი, ავგუსტუსიდან დაწყებული – ჩვენი გმირით დამთავრებული. მათ უყვართ მარკუს ავრელიუსი, რადგან იგი უკანასკნელია ამ თანმიმდევრობაში და თანაც ძალზე დამაჯერებლად ასრულებს ამ რიგს, რაც ისტორიკოსებისთვის ფუფუნებაა. მარკუსი გამორჩეულად კეთილსინდისიერი მმართველი ალბათ იმიტომ იყო, რომ იგი მეფობისთვის დანიშნული იყო და არა ხელდასხმული, რადგანაც იგი დინასტიის წიაღში კი არ იშვა, არამედ მიიღეს დინასტიაში. ისტორიკოსებსაც და ფილოსოფოსებსაც მარკუსი სწორედ იმიტომ უყვართ, რომ ასე კარგად ასრულებდა ვალდებულებებს, რომელთა მიმართაც თავს უსარგებლოდ მიიჩნევდა და რომლებიც მართლაც უხალისოდ, ნაძალადევად აიღო თავის თავზე. მარკუს ავრელიუსის მდგომარეობა, როგორც ჩანს გარკვეულწილად მათსავე მდგომარეობას ასახავდა: იგი თითქოს მაგალითია იმათთვის, ვისაც ამ ცხოვრებაში საკუთარი მოწოდების წინააღმდეგ სიარული უწევთ. ყოველ შემთხვევაში, რომის იმპერიამ გაცილებით მეტი მიიღო ვალდებულებისადმი და ფილოსოფიისადმი მისი ორმაგი ერთგულებით, ვიდრე სტოიკოსების დოქტრინამ (რომელიც, თავის მხრივ, მარკუსთან ერთად დასრულდა და ეთიკად იქცა). ტყუილად როდი გამოთქვამდნენ აზრს (ხშირად ძალზე მტკიცედ და გადაჭრით) იმის შესახებ, რომ ამგვარი შინაგანი კონფლიქტი ძალაუფლების კარგი რეცეპტია. უკეთესი რა უნდა იყოს, თუკი მმართველის სულიერი ძიებები თავის თავშივე პოულობს გამოსავალს და არც ისე უშლის ხელს მის მოქმედებებს. ამაში ხომ არ მდგომარეობს მეფე-ფილოსოფოსის ისტორიის მთელი არსი? როცა თქვენს მეტაფიზიკას ავიწროვებენ. მარკუსს რაც შეეხება, მას იმთავითვე მაინც ეშინოდა ამ პერსპექტივის, ეშინოდა, რომ ერთხელაც გამოიძახებდნენ ადრიანის კარზე, თავის დროსტარებებით და ნათელი პერსპექტივებით. შესაძლოა სწორედ მათ გამო ეშინოდა; ბერძნული დოქტრინის ჭეშმარიტი პროდუქტი, რაც მას ნამდვილად სურდა, იყო „საველე სარეცელი და ნადირის ტყავი“[6]. ფილოსოფია მისთვის იმდენად იყო ჩაცმის მანერა, რამდენადაც განსჯის მანერა: არსებობის ქსოვილი და არამხოლოდ გონებრივი მისწრაფებები. წარმოიდგინეთ, მარკუს ავრელიუსი, როგორც ბუდისტი ბერი; ძაანაც არ შეცდებით, რადგანაც „ცხოვრების წესი“ ასევე სტოიციზმის არსსაც წარმოადგენდა. მისი არსი სწორედ ამაში მდგომარეობდა. ახალგაზრდა მარკუსი, ალბათ ფრთხილად ეკიდებოდა იმპერატორის მიერ მის შვილად აყვანას, არამხოლოდ ადრიანეს სექსუალური მიდრეკილებების გამო: ეს სრულიად განსხვავებულ გარდერობსაც ნიშნავდა და ასევე განსხვავებულ სულიერ საზრდოსაც. ის, რომ იგი ამაზე წავიდა, როგორც ჩანს დაკავშირებული იყო არა იმდენად იმპერატორის ზეწოლასთან, რამდენადაც თავად ჩვენი გმირის პირად ეჭვებთან, ჰქონდა თუ არა მას საკმარისი ინტელექტუალური გამძლეობა: აშკარაა, რომ უფრო ადვილია იყო ხელმწიფე, ვიდრე ფილოსოფოსი. ყოველ შემთხვევაში, ეს მოხდა და აი მისი ძეგლიც. თუმცა, ჩნდება კითხვა, ძეგლი ვის? ფილოსოფოსს? თუ ხელმწიფეს? ორივეს? შესაძლოა არც ერთს და არც მეორეს.

 

9

ძეგლი, საბოლოო ჯამში – ვერტიკალური ამბავია, სიმბოლური გასვლა არსებობის ზოგადი ჰორიზონტალობიდან, სივრცითი მონოტონურობის ანტითეზა. ფაქტობრივად, ძეგლი არასდროს ტოვებს ამ ჰორიზონტალობას – ისევე, როგორც სხვა დანარჩენი, – არამედ დგას მასზე, მაგრამ აღნიშნავს მას, როგორც ძახილის ნიშანი. პრინციპში ძეგლი – წინააღმდეგობაა. ამ თვალსაზრისით იგი თავის ყველაზე ჩვეულ მოდელს, ადამიანურ არსებას ჰგავს, რომელიც ერთნაირადაა აღჭურვილი ვერტიკალური და ჰორიზონტალური თვისებებით, მაგრამ საბოლოო ჯამში იგი ჰორიზონტალზე ილექება. მასალის დღეგრძელობა, რისგანაც, ტრაციდიულად ძეგლი მზადდება – მარმარილო, ბრინჯაო, შემდეგ, სულ უფრო ხშირად, თუჯი, ახლა კი ბეტონიც, – კიდევ უფრო მეტად აშუქებს და ცხადს ხდის ამ საქმიანობის წინააღმდეგობრივ ხასიათს, განსაკუთრებით, როცა ძეგლის მთავარი თემა მასშტაბური ბრძოლა, რევოლუცია ან სტიქიური უბედურებაა, მომენტალური მოვლენა, რომლის შედეგიც დიდი მსხვერპლი იყო. თუმცა, მნიშვნელობა არა აქვს, თემა აბსტრაქტული იდეალი იქნება თუ მნიშვნელოვანი მოვლენა, არსებობს აშკარად საგრძნობი წინააღმდეგობა დროითი ჩარჩოებისა და დღეგრძელობის შესახებ წარმოდგენების თაობაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ფაქტურაზე. შესაძლოა, თუკი მხედველობაში მივიღებთ მასალის სწრაფვას სიმტკიცისკენ და მუდმივობისკენ, ძეგლის საუკეთესო თემა, კაცმა რომ თქვას, შესაძლოა ნგრევა აღმოჩნდეს. ეგრევე მახსენდება ცადკინის ძეგლი დაბომბილი როტერდამიდან: მისი ვერტიკალურობა ფუნქციურია, რადგან თავად კატასტროფის წყაროზე მიანიშნებს. თანაც, რა უნდა იყოს ნიდერლანდებზე უფრო ჰორიზონტალური? და გახსენდება, რომ ამ ძეგლის გენეალოგია დიადი სიბრტყეებიდან მოდის, რაღაცის შორიდან დანახვის იდეიდან, – სივრცითი სიშორე იქნება ეს თუ დროითი. რომ მას მომთაბარე წარმოშობა აქვს, რადგან დროითი თვალსაზრისით მაინც, ჩვენ ყველანი მომთაბარეები ვართ. ის, ვინც ცხადად აცნობიერებს ყველა ადამიანური საქმიანობის ამაოებას (როგორც ჩვენი ხელმწიფე-ფილოსოფოსი), რა თქმა უნდა, პირველ რიგში დაუპირისპირდებოდა თავისი თავის ქალაქურ ძეგლად გადაქცევას. მეორე მხრივ, ოცწლიანმა განუწყვეტელმა საზღვრისპირა ომებმა, რომელიც მას მუდმივ გადაადგილებას აიძულებდა, მარკუსი ფაქტობრივად მომთაბარედ აქცია. თანაც, აგერ, მისი ცხენიც აქაა.

 

10

თუმცა მარადიული ქალაქი ბორცვების ქალაქია. უფრო სწორად, შვიდი ბორცვის ქალაქი. ზოგიერთი ბუნებრივია, ზოგი – ხელოვნური, მაგრამ მათი გადალახვა – ნებისმიერ შემთხვევაში მძიმე განსაცდელია, განსაკუთრებით, როცა ფეხით ხარ და თან ზაფხულია, მიუხედავაც იმისა, რომ მეზობელი სეზონების ტემპერატურაც არ აკლებს სირთულეებს. ამას დაუმატეთ იმპერატორის შერყეული ჯანმრთელობა; თანაც წლების მანძილზე ჯანმრთელობა უარესდება. აქედან – ცხენი. კაპიტოლიუმის ბორცვის წვერზე განლაგებული ძეგლი, არსებითად, ვაკუუმს ავსებს, რომელიც ცხენზე ამხედრებული მარკუსის ფიგურამ დატოვა და რომელიც დაახლოებით ორი ათასი წლის წინ აქ საკმაოდ ხშირად ჩნდებოდა ხოლმე, შეიძლება ითქვას, რეგულარულადაც კი. როგორც ამბობენ, ფორუმისკენ მიმავალ გზაზე. სინამდვილეში კი ფორუმიდან მომავალს ხედავდნენ მას. მიქელანჯელოს კვარცხლბეკი რომ არა, ძეგლი ფეხის ანაბეჭდი იქნებოდა. კიდევ უკეთესი – ფლოქვის ანაბეჭდი. რომაელები ცრუმორწმუნეები არიან, როგორც ყველა იტალიელი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ როცა ბრინჯაოს მარკუსი მიწაზე დაეცემა, სამყაროს დასასრული დადგება. საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს ცრურწმენა, მას საფუძველი გააჩნია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ მარკუსის დევიზი იყო Aequitas. ეს სიტყვა ნიშნავს გაწონასწორებულობას, რთულ სიტუაციაში აუღელვებლობას, თანაბარ, აუმღვრეველ სულიერ მდგომარეობას; სიტყვასიტყვით: animus-ის გათანაბრებას, ანუ სულის და შესაბამისად, სამყაროს შეკავებას, დაურვებას, გახედვნას. მცირე კორექტურა სტოიკოსების ამ ფორმულაში და ძეგლის განსაზღვრებას მიიღებთ: Equitas (ცხენობა, equus -ცხენი, ლათ.). მხედარი წინაა გადმოწეული, თითქოს თავისი ქვეშევრდომებისკენ იხრება და ხელი აქვს გაწვდილი – გეგონება ესალმება ან ლოცავს მათ. ზოგიერთი იმასაც ამტკიცებდა, რომ ეს მარკუს ავრელიუსი კი არა, კონსტანტინეა რომის გამაქრისტიანებელი. არადა კონსტანტინესთვის მხედრის სახე ზედმეტად უშფოთველია, არაა მასში სწრაფვა და გზნება, ცეცხლოვანება, არამედ განდეგილობა უფრო ჩანს. ესაა სახე განურჩევლობისა და არა სიყვარულისა – განურჩევლობა, ვნებათუქონლობა კი სწორედ ისაა, რაც ქრისტიანობას არასდროს გამოსდიოდა. არა, ეს არაა კონსტანტინე და არც ქრისტიანი არაა. ეს სახე თავისუფალია ყველანაირი გრძნობისგან; ჩვენს წინაშეა ვნებათა პოსტსკრიპტუმი, ხოლო პირის ჩამოშვებული კუთხეები ილუზიების გაქრობაზე მეტყველებენ. ამ სახეზე რომ ღიმილი ყოფილიყო, შესაძლოა ბუდაზეც გაგეფიქრათ; მაგრამ სტოიკოსებმა ზედმეტად კარგად იცოდნენ ფიზიკა, რომ ადამიანური არსებობის სასრულობა არასერიოზულად მიეღოთ. სახე თავდაპირველი მოოქროების გამო ბრწყინავს, რითაც ადრე ბრინჯაო იყო დაფარული, თმა და წვერი კი დაიჟანგა და მწვანე გახდა – აი ასე ჭაღარავდება ადამიანი. აზრი ყოველთვის ისწრაფვის ლითონის მდგომარეობას მიაღწიოს, ლითონში განხორციელდეს; ბრინჯაო კი გზას გვიღობავს, ინტერპრეტაციის ან შეხების შესაძლებლობასაც კი არ გვაძლევს. თქვენს წინაშეა გაუცხოება როგორც ასეთი. და ამ გაუცხოებიდან იმპერატორი ცოტათი თქვენსკენ იხრება, იწვდის მარჯვენა ხელს სალმის ან დალოცვის ნიშნად, რითაც თქვენს არსებობას აღიარებს. რადგანაც იქ, სადაც იგია, თქვენ არა ხართ და vice versa[7]. მარცხენა ხელს თეორიულად აღვირი უჭირავს, რომელიც ან დაიკარგა, ან თავიდანვე არ იყო: ნებისმიერ შემთხვევაში, ცხენი ყოველთვის დაუჯერებდა ამ მხედარს, განსაკუთრებით, თუკი ცხენი ბუნებას წარმოადგენდა. რადგანაც თავად მხედარი გონებას განასახიერებს. ეს სახე აშკარად ანტონინების დინასტიისაა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ნაშვილები იყო და ამ დინასტიაში არ დაბადებულა. თმა, წვერი, ცოტათი გადმოკარკლული თვალები და ერთგვარი აპოპლექსიური აგებულება – ისეთივეა, როგორიც მისი მამობილისა – რომელიც შემდეგ სიმამრად იქცა – და მისი ღვიძლი შვილისა. გასაკვირი არაა, რომ ასეთი რთულია მათი ერთმანეთისგან გარჩევა ოსტიის მარმარილოებს შორის. მაგრამ ახლა უკვე ვიცით, რომ ეპოქის მოდა ადვილად უმკლავდება გენებს! გავიხსენოთ „ბიტლზი“. თანაც იგი საკმარისად აფასებდა ანტონინუს პიუსს, რათა მისთვის მიებაძა სხვადასხვა რამეში: მისი გარეგნობა შეიძლებოდა მოწიწების შედეგიც ყოფილიყო. გარდა ამისა, მოქანდაკეს, რომელიც მარკუს ავრელიუსის თანამედროვე იყო, ალბათ სურდა მამობილისა და შვილობილის მმართველობათა მემკვიდრეობითობის განცდა გადმოეცა, რომელიც ისტორიკოსებმა შეამჩნიეს: ასეთი შეგრძნების შექმნას თავად მარკუსიც ცდილობდა. ანდა მოქანდაკეს უბრალოდ სურდა ეპოქის საგვარეულო პორტრეტი შეექმნა, იდეალური მმართველის პორტრეტი, და ჩვენს წინაშე წარმოდგენილია ორი საუკეთესო იმპერატორის შენადნობი, დომიციანეს მკვლელობის შემდეგ ვინც იყვნენ; იმავე პრინციპით გამოაქანდაკა მან ცხენი, რომლის ინდივიდუალობასაც ჩვენ არ ვუფიქრდებით. მოკლედ ეს ადამიანი ალბათ თავად „ფიქრების“ ავტორია: სახე და ტორსი, ქვეშევრდომებისკენ მსუბუქად გადმოხრილი, სრულებით შეესაბამება ამ სევდიანი წიგნის ტექსტს, რომელიც თავად ილტვის, იხრება ადამიანური არსებობის რეალობისკენ და წარმოგვიდგება არა როგორც მოსამართლე (judge), არამედ როგორც შუამავალი (umpire). ამ თვალსაზრისით ეს მონუმენტი – ძეგლის ძეგლია: ძნელია სტოიკოსის მოძრაობაში გამოსახვა.

 

11

მარადიული ქალაქი გიგანტურ დაბერებულ ტვინს ჰგავს, რომელმაც დიდი ხანია დაკარგა ყველანაირი ინტერესი სამყაროსადმი – რაც ძალზე მომხიბლავ ამბებს გულისხმობდა – და თავის საკუთარ ნაოჭებსა და ნაპრალებს ჩაუღრმავდა. ამ სივიწროვეში გზის გაკვალვისას, სადაც საკუთარი თავის შესახებ ფიქრიც კი ძალზე მოუქნელ და ვეებერთელა ფორმებს იღებს, ფართე ადგილებში გავლისას კი სამყაროს იდეა უეცრად მცირე და უმნიშვნელო ჩანს, თავს ფირსაკრავის დაბლაგვებულ ნემსად გრძნობთ, უზარმაზარი ფირფიტის ღარებში რომ დახეტიალობს – ცენტრისკენ და უკან – და წვერით ხმას გამოსცემს, მოტივს, რომელსაც განვლილი დღეები ზუზუნებენ აწმყოსთვის. სწორედ ეს არის თქვენთვის მბრძანებელის, ბატონის ნამდვილი ხმა და თქვენს გულს ეს ხმა ძაღლად აქცევს. ისტორია მეცნიერება არაა, არამედ რაღაც, რაც თქვენ არ გეკუთვნით – ეს კი მშვენიერების მთავარი განსაზღვრებაა. აქედან მოდის ეს გრძნობა, რადგან იგი არ აპირებს სიყვარულით გიპასუხოთ. ეს ცალმხრივი სიყვარულია და ამ ქალაქში წამში იგებთ მის პლატონურ ბუნებას. რაც უფრო ახლოს ხართ სურვილის ობიექტთან, მით უფრო მარმარილოსი ან ბრინჯაოსი ხდება იგი, რადგანაც ადგილობრივების ლეგენდარული პროფილები ყველა მხარეს იფანტებიან, როგორც თიხის გატეხილი ყულაბიდან გადმოცვენილი გასულიერებული მონეტები. დრო აქ ზეწრებსა და ლეიბებს შორის თითქოს თავის საკუთარ ასლის გასამრავლებელ ქაღალდს დებს – რადგან იგი იმდენსვე აღბეჭდავს, რამდენსაც ბეჭდავს. როგორც კი „ბოლივარს“ ან ასევე მყრალ, მაგრამ უფრო იაფ სასტუმრო „ნერვას“ ტოვებთ, ტრაიანეს ფორუმს და ტრიუმფალურ სვეტს მიადგებით, ზედ მჭიდროდ დახვეული დამორჩილებული დაკების გამოსახულებებით. იგი ჰაერში ლივლივებს, ანძასავით, და დამსხვრეული კოლონების ყინულოვან მარმარილოებს, კაპიტელებსა და კარნიზებს დაჰყურებს. ახლა აქ მაწანწალა კატები ბატონობენ – დათრგუნული ლომები დათრგუნული ქრისტიანების ქალაქში. უზარმაზარი თეთრი ნანგრევები და ლოდები ზედმეტად დიდი და უწესრიგოა იმისთვის, რომ მათგან თუნდაც წესრიგის ილუზია შექმნა ან ადგილიდან დაძვრა შეძლო. ისინი აქ დატოვეს, რათა მზე შეისრუტონ ან „ანტიკურობა“ წარმოგვიდგინონ. რაღაცა აზრით წარმოგვიდგინეს კიდეც; მათი ცუდად შეთავსებული ან სულაც შეუსაბამო ფორმები დემოკრატიაა და ეს ადგილი ჯერ კიდევ ფორუმია. და ფორუმიდან წამოსულს, გზის გადაღმა, ფიჭვებისა და კვიპაროსების თავზე გხვდება ადამიანი, რომელმაც შესაძლებელი გახადა რესპუბლიკისა და იმპერიული ძალაუფლების გაერთიანება. მას თან არავინ ახლავს: სიქველე, როგორც ავადმყოფობა, გაუცხოებას იწვევს. წამის რაღაც მეასედებში ისევ ჩვ. წ. 176 წელია ან დაახლოებით ეს წლები, და ტვინი სამყაროზე ფიქრობს.

 

12

მარკუსი კარგი მმართველი და მარტოსული ადამიანი იყო. მისი საქმიანობის ადამიანისთვის მარტოობა, რა თქმა უნდა, ტერიტორიასთან ერთად მოდის; მაგრამ იგი უფრო მეტად მარტოსული იყო, ვიდრე სხვები. „ფიქრებში“ ამ გემოს უფრო მძაფრად გრძნობთ, ვიდრე მის მიმოწერაში, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი გემოა. ტრაპეზა კი ბევრი კერძისგან შედგებოდა, საკმაოდ მძიმე კერძებისგან. პირველ რიგში მარკუსმა იცოდა, რომ მისი ცხოვრება ნაღრძობი იყო. ძველებისთვის ფილოსოფია არ იყო ცხოვრების დამატებითი პროდუქტი, არამედ პირიქით და სტოიციზმი ამ მხრივ განსაკუთრებით მომთხოვნი იყო. შესაძლოა აქ საერთოდ არც გამოვიყენოთ ტერმინი „ფილოსოფია“, რადგანაც სტოიციზმი, განსაკუთრებით კი მისი რომაული ვარიანტი, არ შეიძლება დავახასიათოთ როგორც ცოდნის სიყვარული. ეს უფრო ექსპერიმენტი იყო, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება, ექსპერიმენტი გაძლებაზე, და ადამიანი თავის თავს საცდელ კურდღლად აღიქვამდა: იგი კვლევის ინსტრუმენტი კი არა, მასალა იყო. მარკუსის დროს დოქტრინის მიერ მოწოდებული ცოდნა აღქმული კი არა, განცდილი უნდა ყოფილიყო. მისი მატერიალისტური მონიზმი, მისი კოსმოგონია, ლოგიკა და ჭეშმარიტების კრიტერიუმი (გაცნობიერება, რომელიც, როგორც წესი, სუბიექტს აიძულებს დაეთანხმოს მას, როგორც ჭეშმარიტს) უკვე ჩამოყალიბდა და ცხოვრების არსი ფილოსოფოსისთვის იმაში მდგომარეობდა, რომ ამ ცოდნის უტყუარობა დაემტკიცებინა, ამისთვის მას სიცოცხლის ბოლომდე უნდა დაენერგა იგი რეალობაში, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სტოიკოსის ცხოვრება ეთიკაში ვარჯიში გახლდათ, რადგან ეთიკისთვის არაფერია საზღაური, გარდა ოსმოსისა. და მარკუსმა იცოდა, რომ მისი ექსპერიმენტი შეწყდა ან ისეთ დონემდე მივიდა, რომელსაც თავადაც ვერ ჩაწვდა; კიდევ უარესი, მის აღმოჩენებს – თუ საერთოდ იყო აღმოჩენები – არანაირი გამოყენება არ ჰქონია. მას სჯეროდა პლატონის, მაგრამ ასეც არა. ყოველ შემთხვევაში მარკუს ავრელიუსს პირველად მოუწია საერთო სიკეთე ინდივიდის უბედურებასთან შეეთავსებინა და შესაძლოა „ფიქრებიც“ სწორედ ამაზეა: ეს წიგნი პლატონის „სახელმწიფოს“ერთგვარი პოსტსკრიპტუმია. მარკუს ავრელიუსმა იცოდა, რომ როგორც ფილოსოფოსი, დამთავრდა: რომ კონცენტრაცია დასრულდა და ყველაფერი, რისი იმედიც შეიძლებოდა ჰქონდა – იყო ცოტა დროის მოგება შემთხვევითი ფიქრებისთვის. რომ საუკეთესო, რითაც ცხოვრებამ შეიძლება დაასაჩუქროს, შემთხვევითი გამონათებები იქნება, ხანდახან კი ნამდვილი მიგნებები. მან გაიღო ეს მსხვერპლი, რა თქმა უნდა საერთო სიკეთისთვის, თუმცა სწორედ ამ დათმობიდან მოდის ის მელანქოლია, რომლიც „ფიქრებში“ დომინირებს, გნებავთ პესიმიზმი – იმდენად ღრმა, რომ ამ ადამიანს ეჭვი ჰქონდა: ეს ჯერ კიდევ არაა მაქსიმუმი. „ფიქრები“ ფრაგმენტული წიგნია, რომელიც დაბრკოლებებიდან იშვა. იგი ნაწყვეტ-ნაწყვეტად დაწერილი, უთავბოლო მონოლოგია შემთხვევითი გაელვებებით, როგორც პედანტიზმის, ისე გენიალობის. იგი გვაჩვენებს, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მარკუსი და არა იმას, თუ ვინ იყო იგი: გვაჩვენებს მის ვექტორს და არა მიღწეულ დანიშნულების ადგილს. ალბათ ამ წიგნს საომარი კამპანიების (შესაძლოა წარმატებული კამპანიების) ხმაურსა და ზრიალში ინიშნავდა, საველე კოცონთან. სტოიკოს-ფილოსოფოსს ტოგა ექნებოდა შემოხვეული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს წიგნი ისტორიის მიუხედავად იწერებოდა, თუ გნებავთ, მის წინააღმდეგაც. ბედისწერა ხომ ამ ისტორიის ნაწილად ცდილობდა მის გადაქცევას?! იგი ალბათ პესიმისტი იყო, მაგრამ რა თქმა უნდა არა დეტერმინისტი. აი, რატომ იყო მარკუს ავრელიუსი კარგი მმართველი და რატომ არ ჩანდა მის ხელში სიყალბედ რესპუბლიკის გაერთიანება იმპერიულ მმართველობასთან (არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ თანამედროვე სამყაროს ყველაზე დიდი დემოკრატიები სულ უფრო მეტ პატივს სცემენ მის ფორმულას. კარგი მაგალითები ასევე გადამდებია, თუმცა სიქველე, როგორც ვთქვით, გვაუცხოებს. რომ აღარაფერი ვთქვათ დროზე, რომელმაც ასლის გასამრავლებელი ქაღალდის მთელი მარაგი ქვეშევდრომებზე დახარჯა და საერთოდ არ დაიტოვა მმართველებისთვის). ყოველ შემთხვევაში იგი კარგი მცველი იყო: მას არ დაუკარგავს, რაც მემკვიდრეობით მიიღო; შესაძლოა მარკუს ავრელიუსის დროს იმპერია არ გაფართოებულა, თუმცა არც დაპატარავებულა. არამედ ზუსტად ისეთი დარჩა, როგორიც იყო; როგორც ავგუსტუსმა თქვა, „მცირედი ვიკმაროთ“. საკვირველია, მაგრამ მის ხელებზე ძალზე ცოტა სისხლია, არადა ესაა ადამიანი, ვისაც ამხელა რაღაცაზე აქვს პასუხისმგებლობა დაკისრებული, და თანაც ამდენი ხნის განმავლობაში (პრაქტიკულად, ოცდაცამეტი წელი, 147-დან, როცა სიმამრმა მას იმპერატორის ძალაუფლება უბოძა – 181-მდე, როცა იგი გარდაიცვალა, სადღაც მომავალი ვენის სიახლოვეს). მარკუს ავრელიუსი უფრო იწყალებდა მის წინააღმდეგ აჯანყებულებს, ვიდრე სჯიდა; ვინც ებრძოდა, იმათ კი არ ანადგურებდა, იმორჩილებდა. მის მიერ მიღებული კანონები ყველაზე სუსტებს ეხმარებოდა: ქვრივებს, მონებს, ბავშვებს, – თუმცა, უნდა ითქვას, რომ მან პირველმა შემოიღო ორმაგი სტანდარტი სენატის წევრების სისხლის დანაშაულში ბრალდებისას (განსაკუთრებული ბრალმდებელის თანამდებობა მარკუს ავრელიუსის გამოგონება იყო). იგი ეკონომიურად ხარჯავდა სახელმწიფო ხაზინის ფულს და რადგანაც მომჭირნე იყო, ცდილობდა სხვებშიც იგივე წაეხალისებინა. როცა იმპერიას ფული სჭირდებოდა, იგი სასახლის ძვირფასეულობას ყიდდა, იმის ნაცვლად, რომ თავისი ქვეშევრდომებისგან გამოეწურა ახალი გადასახადები. არც ძვირიანი მშენებლობები წამოუწყია: არანაირი პანთეონი ან კოლიზეუმი. პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი უკვე არსბობდა; მეორეც, იმიტომ, რომ ეგვიპტეში მან მცირე ხანი გაატარა და ალექსანდრიის ფარგლებს არც გასცილებია, განსხვავებით აგრიპასგან ან ტიტუსისგან და ადრიანესგან, ასერომ, მისი წარმოსახვა არ იყო შეპყრობილი გიგანტური, უდაბნოსთვის შესაფერისი ეგვიპტური ნაგებობების მასშტაბებით. გარდა ამისა, მას ძალიან არ უყვარდა საცირკო სანახაობები. როცა მათზე დასწრება უწევდა, იგი, როგორც გვაუწყებენ, კითხულობდა, წერდა ან ანგარიშებს იბარებდა წარმოდგენის დროს. თუმცა სწორედ მან შემოიღო რომაულ ცირკში ბადე, აკრობატების დასაზღვევად.

 

13

ანტიკურობა პირველ რიგში ვიზუალური ცნებაა და ეს ცნება იბადება საგნებიდან, რომელთა ასაკის განსაზღვრა შეუძლებელია. ლათინური antiquus არსებითად უფრო მკვეთრი ტერმინია „ძველის“ აღსანიშნავად, რომელიც იმავე ლათ. ante-დან მომდინარეობს და ნიშნავს „წინა“-ს, „მდე“-ს. როგორც წესი, ალბათ ბერძნული ამბების აღსანიშნავად გამოიყენებოდა ეს ტერმინი. შესაბამისად, ესაა „წინამორბედობა“. რაც შეეხებათ თავად ბერძნებს, მათი arche დასაწყისს, გენეზისს ნიშნავს, მომენტს, როცა რაღაც პირველად ხდება. დავარქვათ მას „პირველობა, პირველყოფა“? (Firstness, первость). რაც არ უნდა იყოს, სწორედ ამაში მდგომარეობს რომაელებსა და ბერძნებს შორის არსებითი განსხვავება – განსხვავება, რომელიც თავის არსებობას ნაწილობრივ იმასაც უმადლის, რომ ბერძნებს ნაკლები ობიექტი ჰქონდათ თავიანთ განკარგულებაში, რომელთა წარმოშობაზეც შეიძლებოდა ჩაფიქრებულიყვნენ, ნაწილობრივ კი იმის გამოც, რომ ისინი სათავეებზე, გენეზისზე იყვნენ ზოგადად მიმართულები. სინამდვილეში პირველი შესაძლოა მეორეს მშვენიერ ახსნას წარმოადგენდეს, რადგან არქეოლოგიის შემდეგ რჩება მხოლოდ გეოლოგია. ხოლო რაც შეეხება ანტიკურობის ჩვენს საკუთარ ვერსიას, იგი ერთიანად შთანთქავს როგორც ბერძნებს, ისე რომაელებსაც, თუმცა, ძალიან თუ გაჭირდა ლათინური პრეცედენტი შეუძლია დაიმოწმოს თავის დასაცავად. ანტიკურობა ჩვენთვის უზარმაზარი ქრონოლოგიური დომხალია, სავსე ისტორიული, მითოლოგიური და ღვთაებრივი არსებებით, რომლებიც ერთმანეთთან მარმარილოთი არიან დაკავშირებულნი; დომხალი კიდევ იმიტომ არის ანტიკურობა, რომ გამოსახული მოკვდავების უმრავლესობას ღვთაებრივ წარმოშობაზე აქვს პრეტენზია ან შემდეგ განიღმრთო. ეს ბოლო ასპექტი კარგად აისახა ამ მარმარილოთა მწირ ჩაცმულობაში – ბოლო-ბოლო სუბტროპიკებია – და ჩვენს დაბნეულობაში ნამტვრევების, ძეგლის ფრაგმენტების ატრიბუციისას (ეს მოტეხილი ხელი ღვთაებას ეკუთვნის თუ მოკვდავს?). განსხვავებათა წაშლა მოკვდავებსა და ღმერთებს შორის ჩვეულებრივი ამბავი იყო ძველებისთვის, კონკრეტულად კი რომაელი კეისრებისთვის. მაშინ, როცა ბერძნებს თავიანთი გენეალოგია აინტერესებდათ, რომაელები უფრო დაწინაურებას ცდილობდნენ. მიზანი, რა თქმა უნდა, იგივე იყო: ზეციური სასახლეები. თუმცა მმართველის პატივმოყვარეობა და ავტორიტეტის გაზრდა ამაში საკმაოდ უმნიშვნელო როლს თამაშობდა. მთელი არსი ღმერთებთან გაიგივებისა მდგომარეობს არა იმდენად მათ ყოვლისმცოდნეობაში, რამდენადაც შეგრძნებაში, რომ მათი უკიდურესი სხეულებრიობა, ხორციელება უკიდურესივე გაუცხოებით იყო გაწონასწორებული. დავიწყოთ იქიდან, რომ გაუცხოების წმინდა პროფესიული საზომი, როგორც წესი, აიძულებდა მმართველს საკუთარი თავი ღმერთთან გაეიგივებინა (ნერონისა და კალიგულას შემთხვევაში ამას განაპირობებდა სწორედ სხეულებრიობა, ხორციელება). როცა ქანდაკებას ჩაიბარებდა, იგი საგრძნობლად ზრდიდა ამ საწყაულს და უკეთესი იყო, თუკი ეს სიცოცხლეშივე მოხდებოდა, რადგანაც მარმარილო ამცირებს როგორც ქვეშევრდომების მოლოდინებს, ასევე ორიგინალის პირად მზაობას გადაიხაროს აშკარა სრულყოფილებისგან. ეს ათავისუფლებს, თავისუფლება კი ღმერთების სფეროა. უხეშად რომ ვთქვათ, მარმარილოს და ფსიქიკის პერსპექტივა, რომელსაც ჩვენ ანტიკურობას ვუწოდებთ, – ესაა კანის გამოცვლილი და დაყრილი ნაფლეთების უზარმაზარი საწყობი, გნებავთ პეიზაჟი უკანდახევის შემდეგ; თავისუფლების ნიღაბი, რაკეტის ნარჩენი ბუსტერების გროვა.

 

14

თუკი მართლა რამე სძულდა მარკუსს და ყველანაირად ზღუდავდა, პირველ რიგში გლადიატორთა ბრძოლები იყო. ზოგი ამბობს, იმიტომ, რომ სპორტის სისხლიან სახეობებს ვერ იტანდა, უხეშს და არაბერძნულს და ვინმეს მხარდაჭერა თუ ქომაგობა მისთვის მიკერძოებულობა იყო. სხვები ამტკიცებენ, რომ ეს მის მეუღლეს, ფაუსტინას უკავშირდება, ვინაც, მიუხედავად იმისა, რომ ცამეტი შვილი ჰყავდა – მხოლოდ ექვსი მათგანი გადარჩა – დედოფლის კვალობაზე წარმოუდგენლად განურჩეველი იყო გარკვეულ ამბებში. მის მრავალრიცხოვან კავშირებს შორის გამოჰყოფენ ვიღაც გლადიატორს, რომელიც, როგორც გადმოგვცემენ, კომოდუსის ნამდვილი მამა იყო. მაგრამ ბუნების გზანი ამოუცნობია; ვაშლი კი ხანდახან ხისგან შორს გადაგორდება ხოლმე, განსაკუთრებით, როცა ხე ფერდობზე იზრდება. კომოდუსი იმავდროულად დამპალი ვაშლიც იყო და ფერდობიც, ხოლო რაც შეეხება იმპერიის ბედისწერას, იგი ფერდობი კი არა, ნამდვილი უფსკრული გახლდათ. და ალბათ იმის შეუძლებლობა, რომ ბუნების გზათა მიუწვდომლობას ჩაწვდე, იყო ფაუსტინას რეპუტაციის მიზეზიც (თუმცა, მარკუსი რომ ფაუსტინას გამო ყოფილიყო გლადიატორების წინააღმდეგი, მოუწევდა მეზღვაურების, მიმების, გენერლებისა და ა.შ. აკრძალვაც). თავად მარკუსი ამას ყურადღებას არ აქცევდა. ერთხელ, ჭორებით ალყაშემორტყმულმა და გაყრასთან დაკავშირებული რჩევებით გაბეზრებულმა აღნიშნა: „თუკი ჩვენს მეუღლეს გავუშვებთ, მისი მზითევის დაბრუნებაც მოგვიწევს“. მზითევს კი ამ შემთხვევაში თავად იმპერია წარმოადგენდა, რადგანაც ფაუსტინა ანტონინუს პიუსის ქალიშვილი იყო. ერთი სიტყვით, იგი სულ იცავდა ფაუსტინას და თუკი იმ პატივსაც გავითვალისწინებთ, რაც მან გარდაცვალების შემდეგ მიაგო მეუღლეს, შესაძლოა უყვარდა კიდეც იგი. როგორც ჩანს, ფაუსტინა ერთ-ერთი ის მძიმე კერძი იყო, რომლის გემოც ძალიან გაკვრით იგრძნობა „ფიქრებში“. საერთოდ, კეისრის ცოლი არ ექვემდებარება საყვედურებსა და ეჭვებს. და შესაძლოა სწორედ ამ მდგომარეობის შესანარჩუნებლად, ასევე ფაუსტინას რეპუტაციის გადასარჩენად, მარკუსმა უარი თქვა ტახტის მემკვიდრის არჩევის თითქმის ორასწლოვან ტრადიციაზე და გვირგვინი გადასცა მას, ვინც ამგვარად თავის სისხლად და ხორცად აღიარა. ყოველ შემთხვევაში, მემკვიდრე ფაუსტინას სისხლი და ხორცი მაინც იყო. მარკუს ავრელიუსი უდიდეს პატივს სცემდა სიმამრს და უბრალოდ არ სჯეროდა, რომ ვიღაც, ვის ძარღვებშიც ანტონინების სისხლი ჩქეფს, ასეთი გარყვნილი შეიძლებოდა ყოფილიყო. შესაძლოა იგი ფაუსტინას ბუნების მოვლენად აღიქვამდა, ბუნება კი სტოიკოსი ფილოსოფოსისთვის უმაღლესი ავტორიტეტია. შეიძლება ითქვას, ბუნებამ ასწავლა მას აუღელვებლობა და ზომიერების გრძნობა; სხვანაირად, მისი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცეოდა; „ფიქრები“ სოლიფსიზმის გამონატანს ტოვებს, როგორც მყინვარი ქვა-ღორღს. ბოროტებასა და სისასტიკეს მარკუსი კი არ პატიობდა, არამედ გაცლას ამჯობინებდა. იგი უფრო მიუკერძოებელი და უშფოთველი იყო, ვიდრე სამართლიანი. და მისი უშფოთველობა არა გონებრივი მიუკერძოებლობის შედეგი იყო, არამედ უსასრულოსაკენ სწრაფვას წარმოადგენდა, კერძოდ, თავად უშფოთველობის ზღვარისკენ სწრაფვას. ეს საგონებელში აგდებდა მის ქვეშევრდომებს არანაკლებ, ვიდრე ისტორიკოსებს, რადგან ისტორია მიკერძოების სფეროა. და როგორც ქვეშევრდომები საყვედურობდნენ მარკუსს გლადიატორთა ბრძოლებთან მისი დამოკიდებულების გამო, ასევე ისტორიკოსები ესხმოდნენ მას თავს ქრისტიანთა დევნის გამო. რა თქმა უნდა, მხოლოდ შეგვიძლია ვივარუდოთ, რამდენად იცნობდა მარკუსი ქრისტიანულ მოძღვრებას, მაგრამ ადვილი წარმოსადგენია, რომ მისთვის ქრისტიანული მეტაფიზიკა ბეცი და შეზღუდული იქნებოდა, ეთიკა კი არამიმზიდველი. სტოიკოსის თვალსაზრისით, არ ღირს ვილოცოთ იმ ღმერთის მიმართ, რომელსაც თქვენ შეგიძლიათ სიქველე შესთავაზოთ მარადიული კეთილდღეობის სანაცვლოდ. მარკუსისნაირი ადამიანისთვის, სიქველის ფასი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იგი აზარტული თამაშია და არა კაპიტალდაბანდება. ყოველ შემთხვევაში, ინტელექტუალური თვალსაზრისით, მას მცირე საფუძველი ჰქონდა იმისთვის, რომ მოწყალე თვალით შეეხედა ქრისტიანებისთვის; როგორც მმართველს, ამისთვის მას კიდევ უფრო ნაკლები საფუძველი ჰქონდა, ვინც ომით, ჭირით, აჯანყებებითა და დაუმორჩილებელი უმცირესობებით იყო გარშემორტყმული. თანაც მას არ შემოუღია ახალი კანონები ქრისტიანთა წინააღმდეგ; მანამდე მიღებული, ანდრიანესა და ტრაიანეს კანონები სრულიად საკმარისი იყო. როგორც ჩანს, თავისი საყვარელი ეპიქტეტეს კვალად, მარკუსი განიხილავდა ფილოსოფოსს, შესაბამისად, საკუთარ თავს, როგორც შუამავალს ღვთაებრივ განგებასა და კაცობრიობას, ანუ საკუთარ ქვეშევრდომთა შორის. შეიძლება შეეკამათოთ მის ამ შეხედულებას, მაგრამ ერთი რამ ცხადია: მისი ვერსიის ფინალი უფრო გახსნილი იყო, ვიდრე ქრისტიანობა. ნეტარ არიან მიკერძოებულნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ დედამიწა.

 

15

აიღეთ თეთრი, ჟანგისფერი და ცისფერი; დაუმატეთ ცოტა მწვანე და ბლომად გეომეტრია. თქვენ მიიღებთ ფორმულას, რომელიც ამ მხარეში დრომ აირჩია თავისი დეკორაციისთვის, რადგანაც იგი არაა პატივმოყვარეობას მოკლებული, განსაკუთრებით, როცა ისტორიის ან ინდივიდის ფორმას იღებს. იგი ასე იქცევა სასრულობისადმი თავისი ავხორცი ინტერესის გამო, გნებავთ შეკვეცის უნარის გამო, რისთვისაც მას სხვადასხვა ნიღაბი აქვს, მათ შორის ადამიანის ტვინი და თვალი. ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ – განსაკუთრებით, თუკი აქ დაიბადეთ – რომ ერთხელაც ტრაპეციის ფორმის თეთრ-ჟანგისფერი მოედნით გარშემორტყმული აღმოჩნდეთ, თავსზემოთ თეთრ-ცისფერი ტრაპეციით. პირველი ადამიანის ქმნილებაა (კერძოდ, მიქელანჯელოსი), მეორე – ზეციური ქმნილებაა და მას ადვილად იცნობთ. თუმცა ვერც ერთს ვერ გამოიყენებთ რამეში, რადგანაც თქვენ მწვანე ხართ: დაჟანგული ბრინჯაოს ფერი. და თუკი თავსზემოთ ღრუბლების თეთრი გროვა ჟანგბადის სილურჯესთან ერთად ბალუსტრადის მარმარილოს წვივებს და გარუჯულ ტიბურტულ ტორსებს გვირჩევნია, მხოლოდ იმიტომ, რომ ღრუბლები თქვენი ადგილების სიძველეზე მიანიშნებენ: რადგანაც ისინი, ღრუბლები, ნებისმიერი არქიტექტურის მომავალს წარმოადგენენ. აქ თითქმის ორიათასი წელი იდექი და შენზე კარგად ეს არავინ იცის. შესაძლოა ღრუბლები, ერთად-ერთი ნამდვილი სიძველე იყოს, რომელიც კი არსებობს, თუნდაც იმიტომ, რომ მათ გარემოცვაში ბრინჯაოსი არა ხარ.

 

16

Ave, კეისარო. ახლა როგორ გრძნობ თავს, ბარბაროსებს შორის? რადგანაც ჩვენ ბარბაროსები ვართ შენთვის – თუნდაც იმიტომ, რომ არც ბერძნულად ვლაპარაკობთ და არც ლათინურად. სიკვდილის შენზე მეტად გვეშინია და ჩვენი ჯოგური ინსტინქტი თვითგადარჩენის ინსტინქტზე ძლიერია. ნაცნობი სიტყვებია არა? იქნებ საქმე ჩვენს მრავალრიცხოვნებაშია კეისარო, ან იქნებ ჩვენი ქონების სიუხვეში. ჩვენ, რა თქმა უნდა ვგრძნობთ, რომ სიკვდილთან ერთად გაცილებით მეტის დაკარგვა მოგვიწევს, ვიდრე შენ, ოდესღაც. მერე რა, რომ იმპერიას ფლობდი. შენთვის, თუ სწორად მახსოვს, დაბადება შესვლა იყო, სიკვდილი – გამოსვლა, ცხოვრება კი კუნძული ნაწილაკთა ოკეანეში. ჩვენთვის ეს ცოტა მელოდრამატული ამბავია. ჩვენ, მემგონი ის გვაშინებს, რომ შესასვლელი მუდამ დაცულია, მაშინ, როცა გამოსასვლელი – ღიაა. ჩვენ ვერ ვახერხებთ იმის გააზრებას, თუ როგორ გადავიქცევით ისევ ნაწილაკებად: ამხელა ქონების დაგროვების შემდეგ არაა სასიამოვნო ამაზე ფიქრი. ეს სტატუსის ინერციაა, ან შესაძლოა სტიქიური თავისუფლების შიში. როგორც არ უნდა იყო, კეისარო, შენ ბარბაროსებს შორისა ხარ. ჩვენ ვართ შენი პართელები, მარკომანები და კვადები, რადგან ვერავინ დაიკავა შენი ადგილი და დედამიწაზე ახლა ჩვენ ვსახლობთ. ზოგიერთი ჩვენთაგანი უფრო შორსაც მიდის, შენს ანტიკურობაში იჭრება და განსაზღვრებებით გამარაგებს. შენ პასუხის გაცემა არ შეგიძლია, არც დალოცვა, ვერც მოგვესალმები და ვერც გვანუგეშებ შენი წინ გაწვდილი მარჯვენა ხელით, რომლის თითებსაც ჯერ კიდევ ახსოვთ კალამი, შენი „ფიქრების“ სტრიქონები რომ გამოყავდა. თუკი ამ წიგნმაც ვერ გაგვხადა ცივილიზებული, ვინღა იზამს ამას? შესაძლოა შენ მეფე-ფილოსოფოსად გამოგაცხადეს, სწორედ იმიტომ, რომ მნიშვნელობა შეემცირებინათ და ხაზი გაესვათ უნიკალობისთვის. რადგანაც თეორიულად, ის, რაც უნიკალურია, დაუშვებელია, არარელურია, კეისარო, შენ კი უნიკალური იყავი. თუმცა, შენ ვერ გიწოდებენ მეფე-ფილოსოფოსს – პირველი შენ შეკრთებოდი ამ წოდებისგან. შენ იყავი ისეთი, როგორიც ძალაუფლებისა და კვლევის ნაზავმა გაქცია: ორივეს ბოლოსიტყვაობა, უნიკალური, პათოლოგიამდე ავტონომიური პიროვნება. აქედან მოდიოდა შენი აქცენტი ეთიკაზე, რადგანაც უზენაესი ძალაუფლება გათავისუფლებს ზნეობრივი ნორმისგან, და პრაქტიკულად, იგივეს აკეთებს უზენაესი ცოდნაც. შენ ორივე მიიღე, არადა მხოლოდ ერთის გადაიხადე კეისარო: ამიტომაა, რომ ასეთი საშინლად ეთიკური გახდი. მთელი წიგნი დაწერე, რომ სული დაგეურვებინა და საკუთარი თავის ყოველდღიურ მართვას მიჩვეოდი. მაგრამ ამას ესწრაფვოდი სინამდვილეში? უსასრულობისაკენ შენი დაუოკებელი ლტოლვა არ გიბიძგებდა საგულდაგულოდ ჩაღრმავებოდი საკუთარ თავს, რადგანაც თავი მთელის ფრაგმენტად მიგაჩნდა – თუმცა კი უმცირეს ფრაგმენტად?! სამყაროს ფრაგმენტად, სამყარო კი, როგორც შენ ამტკიცებდი, განუწყვეტლივ იცვლება. ბოლო-ბოლო ვის ამოწმებდი მარკუს? ვისი ზნეობის დამტკიცებას ცდილობდი? და როგორც ვიცი, შეძელი კიდეც ამის დამტკიცება. რა გასაკვირია, რომ გაკვირვებული არა ხარ ბარბაროსთა შორის ყოფნით; რა გასაკვირია, რომ შენ ყოველთვის გაცილებით ნაკლებად გეშინოდა მათი, ვიდრე საკუთარი თავისა, – რადგან შენ სიკვდილზე მეტად გეშინოდა საკუთარი თავის. „იფიქრეთ იმაზე, რომ მთელი ადამიანური ბოროტების, ისევე როგორც უმადურობისა და სულმოკლეობის წყარო სიკვდილი კი არა, სიკვდილის შიშია?“ – ამბობს ეპიქტეტე. მაგრამ შენ ასევე იცოდი, რომ არავინ ფლობს თავის მომავალს, ისევე როგორც, საკუთარ წარსულს. რომ სიკვდილთან ერთად მხოლოდ ის დღე შეიძლება დავკარგოთ, როცა ეს მოხდება, უფრო სწორად დღის დარჩენილი ნაწილი. დროის თვალში – კიდევ უფრო ნაკლები. ზენონის ნამდვილი მოწაფეა, ვერაფერს იტყვი. ნებისმიერ შემთხვევაში შენ არ აძლევდი საშუალებას არარსებობის პერსპექტივას, რომ ფერი მიეცა შენი ყოფიერებისთვის, ან სამყაროსთვის. შენ მიიჩნევდი, რომ ნაწილაკების დასკვნით ცეკვას არანაირი გავლენა არ უნდა ჰქონოდა გასულიერებულ სხეულზე, მით უმეტეს გონებაზე. შენ კუნძული იყავი კეისარო, შენი ეთიკა იყო კუნძული, კუნძული პირველქმნილ და – ბოდიში ამ გამოთქმისთვის – თავისუფალ ატომთა ბოლოქმნილ ოკეანეში. და შენი ძეგლი უბრალოდ ადგილს მონიშნავს ჩვენი სახეობის ისტორიის რუკაზე, სადაც ეს კუნძული ოდესღაც არსებობდა: დაუსახლებელი კუნძული, რომელიც შემდეგ წყალმა შთანთქა. დოქტრინისა და რწმენის ტალღებმა – სტოიკოსების დოქტრინისა და ქრისტიანთა რწმენის – შენზე გადაიარეს, რადგან თავიანთ ატლანტიდად გამოგაცხადეს. ჭეშმარიტება კი იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთს მიეკუთვნებოდი და არც მეორეს. შენ უბრალოდ ერთ-ერთი საუკეთესო იყავი, ვინც ამ სამყაროში ცხოვრობდა და ვალდებულებით იყავი ატანილი, იმიტომ, რომ virtus-ით იყავი ატანილი. იმიტომ, რომ მისი მიღწევა უფრო რთულია, ვიდრე მისი ალტერნატივის, რადგან სამყაროს საფუძველში რომ ბოროტება ყოფილიყო ჩადებული, სამყარო არ იარსებებდა. ვიღაცეები, რა თქმა უნდა ხაზს გაუსვამენ, რომ დოქტრინა და რწმენა შენამდე და შენს მერე მოვიდა, თუმცა ისტორია როდი განსაზღვრავს რა არის სიკეთე. რა თქმა უნდა, დრო, როცა თავის მონოტონურობას აცნობიერებს, ადამიანებში მოთხოვნილებას აჩენს, რომ თავისი „გუშინ“ თავისი „ხვალისგან“ გაარჩიონ. შენ, კეისარო, იმიტომ იყავი კარგი, რომ ეს არ გააკეთე.

 

17

ბოლოს რამდენიმე წლის წინ ვნახე წვიმიან ზამთრის ღამეს, უსახლკარო დალმატინელი დოგის კომპანიაში. ტაქსით ვბრუნდებოდი სასტუმროში, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი საღამოს შემდეგ. მეორე დღეს რომიდან შტატებში უნდა გავფრენილიყავი. მთვრალი ვიყავი. მანქანები ისეთი სისწრაფით მოძრაობდნენ, საკუთარ დაკრძალვაზე რომ ვინატრებდი. კაპიტოლიუმის მისადგომებთან გავაჩერებინე მძღოლს, გადავიხადე და გადმოვედი. სასტუმრო შორს არ იყო და როგორც ჩანს ფეხით მომინდა გზის გაგრძელება; ამის ნაცვლად კი ბორცვს ავუყევი. წვიმა მოდიოდა, მაგრამ არა ისეთი კოკისპირული, მოედნის – უფრო სწორად, ტრაპეციის, – გასანათებელ პროჟექტორებზე რომ ალკაზელცერის შუშხუნა ტაბლეტების ეფექტს წარმოქმნიან. დეი კონსერვატორის არკადის ქვეშ დავიმალე და მიმოვიხედე. მოედანზე კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, ხოლო წვიმა სწრაფი მეთოდით სწავლობდა გეომეტრიას. მალე აღმოვაჩინე, რომ მარტო არა ვარ: არ ვიცი საიდან, უცებ საშუალო სიმაღლის კოპლებიანი დალმატინელი ძაღლი გამოჩნდა და ჩემთან ახლოს ჩამოჯდა. მის მოულოდნელ გამოჩენას იმდენად უცნაური სიმშვიდე მოჰყვა, რომ უცებ სიგარეტით გამასპინძლება მომინდა. ეს ალბათ მისი კანის მოხატულობასთან იყო დაკავშირებული; ამ ძაღლის კანი ერთად-ერთი ადგილი იყო მთელს პიაცაზე, რომელიც სრულიად თავისუფალი იყო ადამიანის ჩარევისგან. რაღაც დროის მანძილზე ორივენი მხედრის ძეგლს მივშტერებოდით. „საერთო ბუნება ისე იყენებს ყოვლად არსს, როგორც ცვილს: აი, მან გამოძერწა ცხენი, დაშალა ის და მისი მასალისაგან გამოძერწა ხე, მერე კაცი და ასე შემდეგ. ხოლო ყოველი ამ არსთაგანი ორიოდე წამს არსებობს მხოლოდ. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ზარდახშისთვის სულერთია, დაშლიან მას თუ ააწყობენ“ (7.23). ესაა, რაც ბიჭობაში, თხუთმეტი წლისამ დაიმახსოვრა და ოცდათხუთმეტი წლის შემდეგ გაახსენდა. მაგრამ არც ეს ცხენი დაუშლიათ და არც ეს ადამიანი. ცხადია, რომ „საერთო ბუნება“ კმაყოფილი იყო ამ ყოვლადი არსის ფორმით და იგი ბრინჯაოში ჩამოასხა. და უეცრად – შესაძლოა, წვიმისა და მიქელანჯელოს თაღებისა და პილასტრების რიტმული სურათის გამო – ყველაფერი თითქოს გაიდღაბნა და ამ ბუნდოვანების ფონზე ყველანაირი გეომეტრიისგან დაცლილი მანათობელი ძეგლი თითქოს ამოძრავდა. სწრაფად არა. და არც შორს წასულა, თუმცა ეს მოძრაობა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ძაღლს მივეტოვებინე და მოძრავ ბრინჯაოს გაკიდებოდა.

 

18

როგორ მომხიბლავადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს რომაული სიძველეები, ალბათ მაინც ცოტათი ფრთხილად უნდა ვიყოთ რეტროსპექციისადმი ჩვენს მიდრეკილებასთან დაკავშირებით. იქნებ ჩვენი ხელქმნილი ქრონოლოგია მხოლოდ თვითდამშვიდების შეცდომაა, ხერხი ადამიანის ცნობიერების ჩამორჩენილობის დასაფარავად. იქნებ ევოლუციაზე ასეთი წარმოდგენა ტყუილია? და ბოლოს, იქნებ ეს ძველი, კარგად ნაცნობი ისტორიის გრძნობა უბრალოდ მთვლემარე უმრავლესობის თავდაცვაა ფხიზელი უმცირესობისგან? იქნებ ანტიკურობაზე ჩვენი წარმოდგენები – მხოლოდ მაღვიძარას გამორთვაა? ავიღოთ, მაგალითად, ეს მხედარი და მისი წიგნი. დავიწყოთ იქიდან, რომ „ფიქრები“ არ დაწერილა „ქრისტეშობიდან მეორე საუკუნეში“, თუნდაც იმიტომ, რომ მისი ავტორი არ ცხოვრობდა ქრისტიანული კალენდრის მიხედვით. თუმცა ამ წიგნის შექმნის დროს არც აქვს მნიშვნელობა, რადგან მისი საგანი – ეთიკაა. ოღონდ რა თქმა უნდა იმ პირობით, რომ კაცობრიობა მაინცდამაინც არაა ამაყი იმის გამო, რომ უაზროდ დახარჯა თხუთმეტი საუკუნე, სანამ მარკუსის მიგნებებს სპინოზა გაიმეორებდა. შესაძლოა თვლაში უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე აზროვნებაში, ანდა პირველს მეორეში ვურევთ. ყოველთვის რატომ გვინდა ვიცოდეთ ზუსტად როდის წარმოთქვეს პირველად ჭეშმარიტება? ნუთუ ამ ტიპის არქეოლოგია უკვე მინიშნება არაა იმაზე, რომ ჩვენ ტყუილში ვცხოვრობთ? ყოველ შემთხვევაში, თუკი „ფიქრები“ სიძველეა, ანტიკურობაა, ნანგრევები სწორედ ჩვენ გამოვდივართ. თუნდაც იმიტომ, რომ გვწამს, თითქოს ეთიკას მომავალი ჰქონდეს. რას ვიზამთ, შესაძლოა ჩვენი რეტროსპექტიული უნარები მართლაც ცოტათი უნდა შევზღუდოთ, რათა ყოვლისშთანმთქმელ ძალად არ იქცეს. რადგანაც ეთიკა – სხვაც რომ არაფერი იყოს – აწმყოს კრიტერიუმს წარმოადგენს, შესაძლოა ერთად-ერთ არსებულს, იმიტომ, რომ იგი ყველა „გუშინ“-ს და „ხვალე“-ს „ახლა“-დ აქცევს. იგია სწორედ ის ისარი, რომელიც ფრენის ყოველ მომენტში უძრავია. “ფიქრები” არაა ეკზისტენციალიზმის სახელმძღვნელო და იგი მომავალი თაობებისთვის არ დაწერილა. და არ უნდა დავინტერესდეთ ავტორის პიროვნებით და არც მეფე-ფილოსოფოსის წოდება უნდა მივანიჭოთ მას: ეთიკა – ყველას ათანასწორებს; ამიტომ, ავტორი აქ ყველაა. მოვალეობის შესახებ მისი წარმოდგენა არ უნდა მივაწეროთ ამ მოვალეობის მეფურ სიჭარბეს, რადგან იგი ერთად-ერთი იმპერატორი არ ყოფილა; არც მისი მორჩილება შეგვიძლია მივაწეროთ მის საიმპერატორო წარმოშობას, რადგანაც იგივე შეგვიძლია განვიცადოთ ჩვენც, ვინც იმპერატორები არა ვართ. სწორედ ამავე მიზეზით, ეს მორჩილება არც მისი ფილოსოფიური განათლებით აიხსნება – ძალზე ბევრი ფილოსოფოსი არსებობდა მარკუსის გარდა. მეორე მხრივ კი, უმრავლესობა სტოიკოსები არა ვართ. იქნებ მისი მოვალეობის გრძნობა და მორჩილება პირველ რიგში მისი პირადი ტემპერამენტის პროდუქტი იყო? უფრო ზუსტად თუ ვიტყვით – მელანქოლიისკენ მიდრეკილების, რომელსაც ალბათ დაბერებაც უნდა დავუმატოთ. საბოლოო ჯამში სულ მხოლოდ ოთხი ცნობილი ტემპერამენტი არსებობს; ასე რომ, მელანქოლიკებს ეს წიგნი შეუძლიათ გულთან ახლოს მიიტანონ და დაივიწყონ ისტორიული პერსპექტივა, რომელსაც ისედაც ვერავინ ფლობს. რაც შეეხებათ სანგვინიკებს, ქოლერიკებს და ფლეგმატიკებს, მათაც ალბათ უნდა აღიარონ, რომ ეთიკის მელანქოლიური ვერსია საკმაოდ მოსახერხებელია მათთვის, გენეალოგიისა და ქრონოლოგიის თვალსაზრისით. შესაძლოა, რადგანაც არ გვაქვს სავალდებულო სტოიცისტური იდეოლოგიზაცია, საზოგადოება შეიძლება მოგებული დარჩეს, რათა მან თუნდაც მცირე სულიერი მიდრეკილება მელანქოლიისადმი აუცილებელ პირობად აქციოს ყველასთვის, ვისაც ამ საზოგადოების მართვა სურს. ამ თვალსაზრისით, დემოკრატია იგივე შესაძლებლობებს იძლევა, რასაც იმპერია. თანაც, არ იქნება სწორი, თუკი სინამდვილის სტოიცისტურ მიღებას, შეგუებასა და მორჩილებას ვუწოდებთ. „განურჩევლობა“ უფრო მოუხდებოდა, თუკი ადამიანსა და მისი ყურადღების ობიექტებს შორის თანაფარდობას გავითვალისწინებთ, ან – რაც ჩვენს შემთხვევაში ალბათ უფრო სწორი იქნება – vice versa. ქვიშის მარცვალს არ შეუძლია შეურიგდეს უდაბნოს; და რაც საბოლოო ჯამში კარგი აქვთ მელანქოლიკებს – ისინი იშვიათად ვარდებიან ისტერიკაში. ერთი სიტყვით, მელანქოლიკები საკმაოდ გონიერები არიან, ხოლო „გონიერი მოქალაქეობრივიცაა ამავე დროს“ (10.2), როგორც ერთხელ მარკუსმა თქვა. ნუთუ ბერძნულად თქვა ეს სიტყვები, რათა უფრო შესაბამისი ყოფილიყო ანტიკურობის ჩვენეულ წარმოდგენაზე?

 

19

რომაელ პოეტთაგან მარკუსს ყველაზე მეტად სენეკა უყვარდა და მის შემოქმედებასაც ყველაზე კარგად იცნობდა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ მასავით სენეკაც ესპანური წარმოშობისა იყო, ჰქონდა სუსტი ჯანმრთელობა და ძლიერი სახელმწიფოებრივი აზროვნება; ძირითადად კი, რა თქმა უნდა იმიტომ, რომ სენეკა სტოიკოსი იყო. კატულუსს რაც შეხება, უეჭველია, მარკუსი მას ზედმეტად ვნებიანად და ქოლერიკულად მიიჩნევდა. ოვიდიუსი მისთვის ურცხვი და გარდამეტებული აბდაუბდობით იქნებოდა გამორჩეული, ვერგილიუსი – სიმძიმითა და პირმოთნეობით, პროპერციუსი – აკვიატებებითა და ცეცხლოვანებით. ჰორაციუსი? ჰორაციუსი, თავისი გაწონასწორებულობითა და ბერძნული მონოდიისადმი ერთგულებით, ალბათ ყველაზე კონგენიალურ ავტორად ჩაითვლებოდა მარკუსისთვის. მაგრამ შესაძლოა ჩვენი იმპერატორის თვალში იგი ერთობ დახვეწილი ან ერთობ ცვალებადი ყოფილიყო და ამასთანავე არათანაბარი: მოკლედ, ერთობ პოეტი.

ნებისმიერ შემთხვევაში „ფიქრებში“ ჰორაციუსის თითქმის ვერანაირ კვალს ვერ იპოვით, ისევე როგორც ლათინთა შორის უდიადესის, ლუკრეციუსის კვალს – იგი კიდევ ერთია, ვინც მარკუსის ბუნებრივ არჩევანად შეგვეძლო მიგვეჩნია. თუმცა შესაძლოა სტოიკოსს არ სურდა ეპიკურეელის ჩრდილქვეშ მოქცეულიყო. მთლიანობაში კი მარკუსი, როგორც ჩანს, უფრო კარგად ერკვეოდა ბერძნულ ლიტერატურაში და პოეტებს – დრამატურგებსა და ფილოსოფოსებს ამჯობინებდა, მიუხედავდ იმისა, რომ ჰომეროსის, აგათონისა და მენანდრეს ფრაგმენტები მის წიგნში თითქმის რეგულარულად გვხვდება. თუკი რამე აქცევს ანტიკურობას შეკრულ, გამართულ ცნებად – ესაა მისი ლიტერატურის მოცულობა. ჩვენი გმირისნაირი ადამიანების ბიბლიოთეკა, როგორც წესი, დაახლობით ას ავტორს მოიცავდა; სხვა ასეულის შესახებ სხვათა სიტყვებიდან იცოდნენ. ეს მართლაც ძველი კარგი დროება იყო, მნიშვნელობა არა აქვს რას უწოდებ მას, ანტიკურობას, ან რამე სხვას. და ნაწერებიც, რომელთა შესახებ მხოლოდ სმენოდათ, მაინც ორად-ორი ენით შემოიფარგლებოდა: ბერძნულით და ლათინურით. თქვენ რომ ყოფილიყავით რომის იმპერატორი, წაიკითხავდით საღამოობით დარდის გასაქარვებლად ლათინ ავტორს, არჩევანი რომ გქონოდათ? თუნდაც ეს ავტორი ჰორაციუსი ყოფილიყო? არა; ძალიან ახლოსაა დროში, რათა დაისვენო ამით. თქვენ აირჩევდით ბერძენს – იმიტომ, რომ არასდროს იქნებით ბერძენი. იმიტომ, რომ ბერძენი, განსაკუთრებით კი ფილოსოფოსი, თქვენს თვალში უფრო ნამდვილია, ვიდრე თავად თქვენ, რადგანაც მან არ იცოდა ლათინური. თუნდაც იმიტომ, რომ იგი ნაკლებ რელატივისტი იყო, ვიდრე თქვენ, ვინც პრაქტიკულად მეტისად მიიჩნევთ თავს. ასერომ, თუკი იგი სტოიკოსი იყო, ყურის დაგდებაც ღირს. ალბათ ღირს უფრო შორს წასვლაც – კარგი იქნება, თუკი თავადაც აიღებთ ხელში სტილუსს. სხვანაირად ვერ შეესაბამები ანტიკურობაზე ვიღაცის წარმოდგენას.

 

20

უსახლკარო დალმატინელს, რომელიც ბრინჯაოს მხედარს მისდევს, რაღაც უცნაური ესმის, თითქოს ნაცნობი, მაგრამ მას წვიმის ხმა ახშობს. ცოტათი ფეხს აუჩქარებს, დაეწევა ძეგლს, აწევს დრუნჩს და ცდილობს გაიგოს თუ რას აღმოთქვამენ მხედრის ბაგენი. თეორიულად მას არ უნდა გაუჭირდეს ამის გაგება, რადგან მისი დალმაცია ბევრი კეისრის სამშობლო იყო. იგი ცნობს ენას, მაგრამ აქცენტს ვერ არჩევს:

 

„ნუ მისდევ ცეზართა კვალს, ნუ იმსჭვალვი მათი სულით: რადგან ასეც ხდება. ეცადე შეინარჩუნო უბრალოება, სიკეთე, სიწმინდე, სიდარბაისლე, სიმართლის სიყვარული, ღვთისმოსაობა, კეთილმოსურნეობა, კაცთმოყვარეობა, ღვაწლისმძლეობა. იბრძოლე, რათა იყო ისეთი, როგორიც სურდა ყოფილიყავ ფილოსოფიას. თაყვანი ეცი ღმერთებს, იზრუნე კაცთა მიმართ.“ (6.30)

„ნუ გაშფოთებს მერმისზე ფიქრი! რადგან, თუ საჭირო იქნა, შენ მიაღწევ მას იმავე გონების დახმარებით, რომელსაც ხმარობ და იყენებ ამჟამად.“ (7.8)

„ყველაფერი ეს ჩვეულებრივია ცდის თვალსაზრისით, სწრაფლწარმავალი – დროის თვალსაზრისით, ხრწნადი – მატერიის თვალსაზრისით. ყველაფერი დღესაც ისეთივეა, როგორიც იყო მათ დროს, ვინც ჩვენ მივაბარეთ მიწას.“ (9.14)

„თუ ღმერთები არსებობენ, რაღას შიშობ გამოაკლდე ცოცხალთა რიცხვს: როგორ გგონია, განა ღმერთები ბოროტს შეგამთხვევენ შენ?…“ (2.11)

„…სინამდვილის რომელიც გნებავთ მოვლენის წინააღმდეგ აღძვრა ყოვლისმპყრობელი დედაბუნების წინააღდგომას ნიშნავს.“ (2.16)

„კაცნი ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი, ამიტომ, ან დაითმინე, ან შეაგონე.“ (8.59)

„სამყარო ცვალებადობაა, სიცოცხლე რწმენა.“ (4.3)

„ყოველთვის უმოკლესი გზით იარე; უმოკლესი გზა კი ბუნებრივი ცხოვრების გზაა.“ (4.51)

„როგორიცაა შენი წარმოდგენების სიმრავლე, ისეთი იქნება შენი სულიერი ცხოვრებაც,რადგან წარმოდგენები სიღრმემდე განწონიან სულს.“ (5.16)

„…გიყვარდეს ის, რასაც კვლავ და კვლავ უბრუნდები, რადგან ფილოსოფიას ისე როდი უბრუნდებიან, ისე როდი მიმართავენ, როგორც ყრმა მიმართავს ლალას, არამედ როგორც თვალმტკივანი ღრუბელს ან კვერცხს, სხვანი კიდევ – სამკურნალო მალამოს ან ცხელ შხაპს“ (5.9)

„სამყაროს სული თანაარსებობას ამკვიდრებს ყველგან.“ (5.30)

„აი, მოძალადის დასჯის უკეთესი წესი: ნუ ემსგავსები მას.“ (6.6)

„ის, რაც არ რგებს სკას, არც ფუტკარს რგებს.“ (6.54)

„ტკივილისათვის: თუ ის დაუთმენელია, მაშასადამე მალე მოგვიღებს ბოლოს, ხოლო თუ ის დიდხანს გრძელდება, მაშასადამე შეიძლება მისი დათმენა. თავის თავში განმარტოებული სული ბოლომდე ინარჩუნებს სიმშვიდეს, ჩვენი წარმმართვლი საწყისი კი არ განიცდის რაიმე ვნებას. ხოლო რაც შეეხება ტკივილით განწონილ ასოებს, დაე, თუ ძალუძთ, თვითონვე განაცხადონ ამის შესახებ.“ (7.33)

„არსებითია სამი რამ: როგორ უყურებ შენს ხორციელ გარსს, ღვთაებრივ მიზეზს – თვითეულის ხვედრისა და ბედისწერის წყაროს, და შენსავ მოყვასთ.“ (8.27)

„ნუ მზვაობ, როდესაც იძენ, ნუ ნანობ, როდესაც ჰკარგავ.“ (8.33)

 

ამის შემდეგ აღარაფერი იყო მიქელანჯელოს ქვის ფილებზე ჩამოსული წვიმის ხმის გარდა. დალმატინელი მოედანზე გავარდა, მიწიდან ამოთხრილ მარმარილოს ნატეხს ჰგავდა. იგი, რა თქმა უნდა ანტიკურობისკენ მიქროდა და ყურებში თავისი პატრონის, ბრინჯაოს ძეგლის ხმა ჩაესმოდა: „სულერთია, ას წელს უჭვრეტ ერთსა და იმავეს თუ სამად სამ წელს“. (9.37)

1994

[1] აქ: სეირი, სასეირო (გერმ.) – მთარგმნ. შენ.

[2] უოლტერ სკოტის ბალადის გმირია – მთარგმნ. შენ.

[3] ცხენი (ლათ).

[4] განმათავისუფლებელი (ესპ.)

[5] გოგონა (იტ.)

[6] ფიქრები, I,6. აქ და შემდეგ დამოწმებულია ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი.

[7] პირიქით (ლათ.)

© არილი

Facebook Comments Box