დრამატურგია

“იუბიუ მეფის” კოსტიუმების რეპერტუარი ალფრედ ჟარის მიხედვით

გამოქვეყნდა “პატაფიზიკის კოლეჯის ჟურნალში” (n°3-4, 22 haha 78 E.P.)

მამა იუბიუ:

ნაცრისფერი ჟილეტი, მარჯვენა ჯიბეში მუდამ ხელჯოხი, ნესვისებური ქუდი.

მეორე მოქმედების მეორე სცენიდან: გვირგვინი ქუდზე.

მეორე მოქმედების მეექვსე სცენა: თავშიშველი.

მესამე მოქმედების მეორე სცენა: გვირგვინი და სამეფო მოსასხამი, თეთრი თავსაბურავი.

მესამე მოქმედების მეოთხე სცენა: გრძელი ლაბადა, ყურებიანი სამგზავრო ქუდი

მესამე მოქმედების მეშვიდე სცენა: იმავე სამოსში, მაგრამ თავშიშველი.

მესამე მოქმედების მერვე სცენა: ლაბადა, მუზარადი, ქამარში გარჭობილი ხმალი, კაუჭი, მაკრატელი, დანა და მარჯვენა ჯიბეში კვლავ ხელჯოხი. ჩამოკიდებული მათარა დუნდულზე ეჯახუნება.

მეოთხე მოქმედების მეხუთე სცენა: ლაბადა და ქუდი, უიარაღოდ და უჯოხოდ.

გემის სცენაში – ხელში ჩემოდნით.

დედა იუბიუ:

დამლაგებლის სამოსი, ვარდისფერი და ბუმბულებიანი ქუდი, გვერდზე გადაკიდებული ჩანთა-ბადით.

სადილის სცენაში – წინსაფრით.

მეორე მოქმედების მეექვსე სცენიდან: დედოფლის მოსასხამში.

ასისთავი არშია:

უნგრელი მუსიკოსის სამოსი, წითელი, ძალიან შემოჭერილი. დიდი  მოსასხამი, დიდი მახვილი, დაკბილული ჩექმები, ბუმბულებიანი “ჩაპსკა” (პოლონური სამხედრო ქუდი).

მეფე ვენცელი:

სამეფო მოსასხამი და გვირგვინი, რომლებსაც იუბიუ მოირგებს მეფის მკვლელობის შემდეგ.

დედოფალი როზმონდა:

მოსასხამი და გვირგვინი, რომლებსაც შემდეგ დედა იუბიუ მოირგებს.

ბოლესლავი, ვლადისლავი:

პოლონური სამოსი, ნაცრისფერი, მუნდირის შესაკრავებით, მოკლე შარვლები.

ხულიგავი:

ჩვილის სამოსი და ქუდი.

გენერალი ლასი:

პოლონური სამოსი, ორკუთხა ნაპოლეონისეული ქუდი თეთრი ბუმბულებით, ხმალი.

სტანისლავ ლეშჩინსკი:

პოლონური სამოსი, თეთრი წვერი.

იან სობიესკი, ნიკოლა რენელი:

პოლონური სამოსი.

ცარი ალექსი:

შავი სამოსი, დიდი ყვითელი სარტყელი, სატევარი და მედლები, დიდი ჩექმები, შემზარავი წვერი, შავი წვეტიანი კონუსისებური ქუდი.

თახსარები:

დიდი წვერებით, ძნეხვისფერი სქელი ლაბადებით.

ხალხი:

პოლონურ სამოსში.

მიხეილ თედორეს ძე:

ბეწვის ქუდით.

დიდგვაროვნები:

პოლონურ სამოსში, არშიაშემოვლებული და მოქარგული ბეწვის ქურქებით.

მსაჯულები:

შავ მანტიებში, მოსამართლის ქუდებით.

მრჩევლები, ფინანსისტები:

შავ მანტიებში, ასტროლოგის ქუდებით, სათვალეებით, წვეტიანი ცხვირებით.

გლეხები:

პოლონურ სამოსში.

პოლონეთის ჯარი:

ნაცრისფერი ბეწვის ქურქებით და მუნდირის შესაკრავებით, თოფებით (სულ მცირე, სამი კაცი).

რუსეთის ჯარი:

ორი მხედარი, პოლონელების მსგავს, მაგრამ მწვანე ფერის სამოსში, ბეწვის ქუდებით, მუყაოს ცხენებით.

რუსი ქვეითი:

მწვანე სამოსში, ქუდით.

დედა იუბიუს მცველები:

პოლონურ სამოსში, შუბებით.

დათვი:

ასისთავი არშია დათვად გადაცმული.

მაყუთულაყი:

ბორბლებიანი ხის ცხენი ან მუყაოს ცხენის თავი, სცენების მიხედვით.

ეკიპაჟი:

ორი კაცი, მეზღვაურის ცისფერი, საყელოებიანი მაისურით.

გემის კაპიტანი:

ფრანგული საზღვაო ოფიცრის ფორმით.

© არილი

Facebook Comments Box