ინტერვიუ

ინტერვიუ მიშელ უელბეკთან

მიშელ უელბეკი: “ვფიქრობ, სექსს არაფერი აქვს საერთო სექსუალურ აღვირახსნილობასთან”
ესაუბრა დომინიკ რაბურდენი

შეიძლება კი ილაპარაკო სექსის პრობლემაზე ლიტერატურაში, ისე, რომ არ ახსენო მიშელ უელბეკი? მისი პირველი ლექსები, ისევე როგორც უკანასკნელი რომანები ეროტიზმისა და პორნოგრაფიის მღვრიე წყლებში დაცურავენ. მიშელ უელბეკის წარმატება, მეტწილად განაპირობა ეროტიზმისა და პორნოგრაფიის განსაკუთრებულმა, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელმა კონცეფციამ და სექსუალური სცენების “უბიწოებამ”. ეს კონცეფცია გამჟღავნდა რემი დე გურმონის ლექსების კრებულში “გიაცინტების სურნელი”, რომელიც შეადგინა და გამოსცა (1991) უელბეკმა.
თვით უელბეკის ლექსების კრებულები “დარჩი ცოცხალი” (1991) და “ბედნიერების დევნა” (1992), ძნელად თუ ჩაითვლება სიყვარულის საგალობლად: “რამდენი წელია, მძაგს ეს ხორცი, / რომელიც გარს ეკვრის ჩემს ძვლებს / კანი გაქონილი, ტკივილისადმი მგძნობიარე, მსუბუქად ფორებიანი / ცოტა ქვემოთ კი ორგანო, რომელიც იბრიქება…” რომანში “ბრძოლის ველის განვრცობა” (1994) (ქართულად გამოიცა 2008 წელს-გ.ე.), რომლითაც დაიწყო უელბეკის აღზევება, ეროტიზმი მოკლებულია ყოველგვარ ექზალტაციას: “საშო, მიუხედავად იმისა, თუ რას გვაფიქრებინებს მისი გარეგნობა, უფრო მეტია, ვიდრე უბრალო ნახვრეტი ხორცის მასაში (მე კარგად ვიცი, რომ საყასბოს შეგირდები ძროხის ამონაჭრით მასტურბირებენ… დე, ასე გააგრძელონ! ეს ჩემს მსჯელობას ხელს ვერ შეუშლის). სინამდვილეში, საშო მუდამ ემსახურება ან, თუ გნებავთ, გარკვეულ დრომდე ემსახურებოდა სახეობათა კვლავწარმოებას”.
კიდევ ოთხი წელი და უელბეკი გამაყრუებელი ხმაურით შემოიჭრა ბესტ-სელერების ავტორთა ელიტარულ კლუბში. რა მიზეზებით შეიძლება აიხსნას მწერლის წარმატება? ცინიზმი? ცინიზმი “ეროტიზმში”? მაზოხიზმის ეგზალტაცია? სურვილისა და ეროტიზმის ზიზღი? ფარული, არც თუ ისე ადვილად ამოსაცნობი და ასახსნელი იუმორი? ძნელია უფრო შორს წასვლა საკუთარი თავის განქიქებაში, ვინემ ამას უელბეკის “porno-mode”-ის ყაიდაში დაწერილი რომანის “ელემენტარული ნაწილაკები” (1994) (ქართულად გამოიცა 2005 წელს-გ.ე.) მამაკაცი პერსონაჟები ახერხებენ…
2001 წლის 31 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში უელბეკი ეროტიკულ ლიტარატურაზე საკუთარ შეხედულებას გვიზიარებს.

-ცხოვრების რაღაც მომენტში, ხომ არ გაგჩენიათ შთაბეჭდილება, რომ სამყარო მტრად გექცათ?
-არა… ვერ ვიხსენებ. მაგრამ იყო წუთი, როდესაც სამყარო სასურველი გახდა. მაშინ 13 წლის ვიყავი. გოგონების ბარძაყები… ჩემი ყველაზე მკაფიო და ცხოველი მოგონება. უცებ გაჩდა რაღაც, რაც მსურდა და მჭირდებოდა. თავსმოხვეულ, აკვიატებულ ზმანებებს ვერაფერს ვუხერხებდი. აი, ასე იჩინა თავი სურვილმა.
-რატომ აირჩიეთ რემი დე გურმონი, რომლის პოეზიას დიდი ხანია ყავლი გაუვიდა?
-იმიტომ, რომ რემი დე გურმონი ერთმანეთს უზავებს სენტიმენტალურობას და მგრძნობელობას. სასიყვარულო ურთიერთობებში მე მუდამ ვიყავი, ერთდროულად, ძალიან სენტიმენტალური და ძალიან პორნოგრაფიული. აზრი იმის შესახებ, რომ არსებობს დაპირისპირება ნაზ გრძნობასა და პორნოგრაფიას შორის, არასოდეს მომწონდა. მე ვიცოდი, რომ ორთავე ვიყავი და მსურდა მუდამ ასე ყოფილიყო. სწორედ ეს სწრაფვა ვპოვე გურმონთან, ამიტომაც გადავწყვიტე გამომეცა მისი ლექსების კრებული.
-გურმონი, ამასთან ერთად, ავტორია წიგნისა “სიყვარულის ფიზიკა”, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ “ესსე სექსუალურ ინსტიქტზე”.
– მე კარგად ვაცნობიერებ, რომ სიყვარული მუდამ ამაღლებული არ არის. მაგრამ ზოგჯერ მაინც არის. იცით, აღელვებისა და ცრემლის ღვრის უნარი, ყველაზე მეტად, ორალური სექსის მოყვარულებში უნდა ეძიოთ. ერთის მხრივ, არის ზოგადად სიყვარული, გნებავთ, სენტიმენტალური, გნებავთ, ხორციელი, მეორეს მხრივ კი თავშეკავება, ფხიზლად ყოფნა. ნამდვილი დაპირისპირებაც ეს არის. მე მუდამ ზოგადი სიყვარულის მხარეზე ვდგევარ. გურმონმაც კარგად იცის ეს, მაგრამ ის წონასწორობას ეძებს. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ საპირისპირო პოზიციები ერთმანეთს შეეჯახოს და ვინმემ მეტი ღირებულება პორნოგრაფიას მიანიჭოს. ეს სწორი არ იქნება, რადგან ორთავე პოზიცია გვერდი-გვერდ არსებობს.
-თქვენ ამბობთ, რომ სასიყვარულო და სექსუალურ სცენებს უფრო კარგად აღწერთ, ვიდრე რაიმე სხვას.
-დიახ, ასეა, რადგან ვცდილობ აღვწერო განცდები და გრძნობები. ორგაზმიც ძლიერი და თავბრუდამხვევი ემოციური განცდაა. მხოლოდ აქტების აღწერა არ კმარა, უნდა სცადო წარმოაჩინო ემოციები და გრძნობები. ყოველივე ეს ერთობ ადამიანურია. სექსუალური სცენების წერა დიდ დროს ითხოვს.
-წაგიკითხავთ სადი და ბატაი?
-დიახ, მაგრამ უგულისყუროდ და უინტერესოდD.
-რა გაინტერესებთ იმ მწერლებისა, რომლებიც ეროტიკულ თუ სექსუალურ ტექსტებს წერენ?
– ვერლენის პორნოგრაფიული ლექსები ძალიან მომწონს, ვნანობ, რომ ზეპირად არ ვიცი. რონსართანაც არის რაღაც-რაღაცეები, სექსის პატარა მომენტები; “შენი ხასხასა საშო…” ჩემთვის, სექსს არაფერი აქვს საერთო აღვირახსნილობასთან. მართალი თუ გნებავთ, სექსუალური წრეგადასულობა არ მაინტერესებს. “ემანუელსაც”-მხედველობაში მაქვს წიგნი და არა ფილმი,-არა უშავს.
– “ემანუელი” “მადამ ედვარდას” გირჩევნიათ?
-“მადამ ედვარდა” საძაგლობაა… პიერ ლუისი სასაცილოა. “ზრდილობის სახელმძღვანელო პატარა გოგონებისთვის” სიმპათიურია, მაგრამ მოსაწონი მართლაც, რომ ბევრი არაფერია.
-რატომ?
-სექსი და ბოროტება ერთმანეთშია არეული და ადამიანები სიუჟეტის გარეთ რჩებიან. ბატაი სურვილთან მიმართებაში, აკრძალვებისა და თავაშვებულობის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს, მაგრამ ესეც სიყალბეა.
-თქვენი ლექსები არასოდესაა ეროტიკული, რასაც ვერ ვიტყვი რომანებზე, რომლებშიც, პირველი ნაწარმოებიდან მოყოლებული, ეროტიზმსა და პორნოგრაფიას დიდ ადგილს უთმობთ.
-ჩემს ლექსებში, თავს წარმოვიდგენ სრულიად უძრავად და მჭვრეტელად. არ ვაქტიურობ. ერთი, რის გაკეთებაც ეროტიკულ პოეზიაში შევძელი, ლესბიური ლექსია, რომელშიც მჭვრეტელური აღფრთოვანების შენარჩუნება მოვახერხე. სხვა განცდით, ლექსს ვერ ვწერ. ლესბიურ ლექსებზე არას ვამბობ, მაგრამ არ მგონია, რომ ჰეტეროსექსუალური ლექსის დაწერა შევძლო. ბოდლერის გავლენაა, მაგრამ მას ვერ შევედრები. ლესბიანიზმში უფრო ვერლენიანელი ვარ, ნაკლებად მოუხეშავი, გაცილებით მოქნილი, რაღაცნაირად “ზეთოვანი”. ბოდლერთან, ბოროტების იდეა უფრო გამოკვეთილია. ქალებს შორის სიყვარულზე თუ მიდგა საქმე, გეტყვით, რომ ჩემი მიმართება საინტერესო ამბით მონუსხული ბავშვისას ჰგავს. ეს ვერლენთან უფრო ახლოსაა.
-ხართ თუ არა ცინიკოსი, როდესაც ეროტიკულ სცენებს წერთ?
-არა.
-წერისას სხვის რეცეპტებს ხომ არ იყენებთ?
-არა მგონია.
-პროვოკაცია წინასწარ გაქვთ გათვლილი?
-პროვოკაცია? სრულიადაც არა. ზნეობრიობის გრძნობა ერთობ განვითარებული მაქვს და უყოყმანოდ ვირჩევ პოზიციას, როდესაც სერიოზულ თემაზე ვწერ. მსურს შევცვალო საგანთა წესი და ვფიქრობ, ისტორია, თანდათან, გამამართლებს. ვნახოთ, რას მოგვიტანს, სამ წელიწადში, ადამიანის კლონირება. მე სწორ გზას ვადგავარ, ამიტომაც გავიმარჯვებ. ეს მხოლოდ დროის საკითხია. დაველოდოთ!

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box