პოეზია

ილია ჭანტურია – დედაჩემის საყიდლების სია და სხვა ლექსები

 

შენიშვნები

ისინი ამბობენ:

ჩვენ განვვლეთ ცხოვრების გზა,

ჩვენ გადავლახეთ მრავალი ბარიერი,

ჩვენ ვიცხოვრეთ,

ახლა კი დროა ჩამოვჯდეთ და ვთქვათ,

ჩვენ რამდენიმე შენიშვნა გვაქვს თქვენს მიმართ და უნდა გაგვიგოთ,

პირველ რიგში,

უნდა იყოთ კეთილები, თუკი ხართ უპოვრები, თუკი ხართ ღარიბები.

 

ისინი ამბობენ:

უნდა მოიქცეთ დადგენილი ეტიკეტის მიხედვით, რა საჭიროა ბღავილი და ყვირილი ფულის თხოვნისას,

ფეხებზე ჩამოკიდებებზე არც ვლაპარაკობთ.

 

ისინი ამბობენ:

ამაზრზენია!

მოიქეცით ისე როგორც ნორმალური ადამიანები იქცევიან,

რა საჭიროა შეფურთხება ფულის მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში.

რა საჭიროა ეს ყველაფერი.

ისინი ამბობენ:

ჰიგიენა! ჰიგიენა დაიცავით ხოლმე,

ქუჩები ყარს თქვენი სუნით!

 

ისინი ამბობენ:

საერთოდ არ გვიხბლავს თქვენი ქცევები, ვეღარ დაიმსახურებთ ჩვენს სიმპატიას,

ალბათ ხვდებით, რომ გჭირდებით.

 

ისინი გვირჩევენ:

შეიცვალეთ!

 

ისინი გვსაყვედურობენ:

სიჩუმე! სიჩუმე! სიჩუმე!

 

ისინი გვიფრთხილდებიან:

ნუღარ! ნუღარ!

ვეღარ შევთანხმდებით!

 

ჩვენ კი არ ვჩუმდებით და მაღალ ხმაზე გავყვირით:

მათ ეშინიათ! მათ ეშინიათ!

მათ ეშინიათ ჩვენი!

 

ჩვენ ეს უკვე ვიცით და ვამბობთ ამაყად:

ბოლო სიტყვა ჩვენი იქნება!

ბოლო ტყვია ჩვენგან იქნება!

ბოლო წერტილს ჩვენ დავსვამთ!

„უკანასკნელი მომენტი მაინც ჩვენ გვეკუთვნის –

აგონია ჩვენი ტრიუმფია!“

გვჯერა!

 

 

***

უთხარი ყველას,

გააგებინე,

ჩემი სახელია წვიმა.

უთხარი ყველას,

რომ ახლა, ამ წუთას

ისინი წვანან სველ ასფალტზე,

აფარიათ საბანი და

უყურებენ ცას

და მღერიან სიმღერებს

ომიდან ვერდაბრუნებულ შვილებზე.

უთხარი ყველას,

როცა სახლიდან გამოვდივარ

მხვდება ქალაქი,

რომელიც მე შეიძლება ვყოფილიყავი,

რომელიც მე არ ვარ.

გააგებინე

მე დავიღალე

შენ დაიღალე

ჩვენ დავიღალეთ ამდენი ბრძოლისგან

და დროა დავსხდეთ სკამებზე და

მოვუსმინოთ შოპენს ან შოსტაკოვიჩს.

უთხარი ყველას

მე ვდგავარ ჩემივე კარის ზღრუბლთან და ვაბრახუნებ კარზე

სანამ არ ჩატყდება,

სანამ მიწა არ ჩაყლაპავს არემარეს,

მე მანდ ვიდგები,

სანამ ვარსკვლავები არ გადაწყვეტენ მოგზაურობას სხვა შორი გალაქტიკებისკენ.

უთხარი ყველას

მე დავიღალე,

ჩემი სახელია წვიმა.

 

დედაჩემის საყიდლების სია

საჭმელი პროდუქტები:

კარტოფილი, ხახვი, ნიორი,

ყველი (სულგუნის).

სარეცხი საშუალებები:

„ფეირი“, სარეცხი ფხვნილი.

წამლები მოხუცებისთვის:

სენადე, ვალიდოლი, კაპტოპრილი

და პარაცეტამოლი (ბაბუაჩემის ტკივილების გასაყუჩებლად)

პამპერსი ბებიასთვის.

სახატავი ფანქრები ჩემი პატარა დისთვის,

და დიაზეპამი მამაჩემისთვის (უძილობა დასჩემდა ამდენი ღამის თენებისგან)

და ბევრი დამამშვიდებელი თავისთვის,

ბევრი, ბევრზე ბევრი.

 

ბრტყელტუჩა

როგორ იწყენს ხოლმე,

როცა მარტო დევს.

დევს კარადაში,

ან სკივრში

და იშვიათად თუ გამოვიყენებ.

მარტოსულია ყველა ბრტყელტუჩა.

რომელსაც მავანნი მოიხსენიებენ როგორც პლოსკოს.

ცხონებული ჩემი მეზობელი,

გიჟი კუკურიც სულ პლოსკოს ეძახდა.

ჩამოჯდებოდა ქუჩაში და

გამვლელ პატარა ბიჭუნებს

თავისი პლოსკოთი კუტუს გაწელვით აშინებდა.

ბავშვები გარბოდნენ.

კუკური ხარხარებდა.

მაგრამ ეს ლექსი არ არის კუკურიზე,

ეს ლექსი ბრტყელტუჩაზეა,

ჩემ ბრტყელტუჩაზე,

რომელიც დიდი ხანია მარტო დევს

ხან კარადაში,

ხან სკივრში,

და იშვიათად თუ გამოვიყენებ.

მარტოსულია ყველა ბრტყელტუჩა.

 

***

ღმერთო, დალოცე ქალი მარინე ეკლესიაში შენი ხატის წინ მდგარი,

ღმერთო, დალოცე ქალი მარინე, რომელიც შენი ხატის წინ დგას და ცრემლები იღვრება მისი თვალებიდან,

ღმერთო, დალოცე შენი ხატის წინ მდგარი მტირალი ქალი მარინე, რომელიც ვერ გეკარება,

რადგან სისხლმდინარია იგი.

ღმერთო, დალოცე ქალი მარინე, ეკლესიის კუთხეში რომ დგას განმარტოებით,

მოხურული აქვს შავი შარფი თავზე და ლოცულობს ჩუმად,

ლოცულობს ჩურჩულით, იმისთვის, რომ მისი ხმა მრევლმა არ გაიგოს,

ღმერთო, დალოცე ქალი მარინე შენს ტაძარში განმარტოებით მდგარი,

რომელსაც ელოდება სახლში სამი ბავშვი, სამი შვილი, რომლებსაც შიათ,

ღმერთო, დალოცე ქალი მარინე, რომელმაც სამი წლის ასაკში ნახა თავის ოთახში ჩამომხვრჩალი მამიდაშვილი, მერე ოთახიდან გავიდა და დედას უთხრა,

„დედა, ნანო კიდია ჭერზე“

ღმერთო, დალოცე ქალი მარინე, რომელსაც ორი წელია დედა გარდაეცვალა და

გარდაცვლილი დედის პენსიას იღებს დღემდე და საერთოდ არ ცხვენია ამის,

ღმერთო, დალოცე ქალი მარინე, გუშინ რომ შეუსრულდა 44 წელი, ქირის გადაუდელობის გამო კი მალე ბინიდან გააგდებენ,

ღმერთო, მიიღე ეს ლოცვა მისგან,

მიიღე და ნუღარ გაკიცხავ, რომ გუშინ იწვა  და გუშინწინაც და ალბათ იმის წინაც

სხვა და სხვა კაცთან 20 ლარისთვის,

ღმერთო, მიიღე 44 წლის ქალი მარინე, მიიღე,

რამეთუ დგას ის შენს წინ და ცრემლები იღვრება მისი თვალებიდან,

ასეა, ცრემლები ასველებენ მის ღაწვებს,

თვითონ კი ლოცულობს,

ლოცულობს ჩუმად ისე, რომ სხვამ არ გაიგოს,

გარეთ კი ერთი მათხოვარი უწყრება მეორეს, იმისთვის რომ ადგილი წაართვა,

ღმერთო!

 

© არილი

Facebook Comments Box