მახო
ბოლოს როდის გიშველე ღმერთო.
მებადურის ბადესავით
დახვრეტილხელება ჩემო ღმერთო.
საშველს ნუ ეძებ,
ჩემთან შველა არის უშვილო.
მე გარდაცვლილი მათხოვარი
მახოს ხელები
ვნახე და მანდარინს მივამსგავსე
იმ ღამეს მთვარე,
ყველა თამბაქოს სუნს გრძნობდა
მე კი ფორთოხლის,
ჩემი ბავშობის სურნელი აქვს
მის ბინძურ მკლავებს.
ჯერ კიდევ გუშინ
მოპარული ვაშლები მომცა
შენ როგორც აძლევ წირვების დროს
შენს წილ ხორცს, მისხალს
და მრავდებიან შენ წილ სისხლხორცად
მამა ხარ მათი სისხლი და ხატი.
ჩვენ კი რა გვექნა
უმამურად დარჩენილ ბავშვებს
მუხლებდამტვრეულს ქუჩის ბოლოს
მე მყავდა მახო,
სიმინდისფერი თითებით და
უხეში წვერით,
როცა ახალ წელს სხვა ბავშვები
საჩუქრებს ჭამდნენ
ჩემი ბედობა მახო იყო
თამბაქოს სუნით
გაჟღენთილი მანდარინებით.
უკვე დიდობას ვაკითხავდი
გზის ბოლოს ქვაზე
თამბაქოთი და მიყურებდა
როგორც დარგულ იმ ერთადერთ ხეს
ცხოვრებაში რომ უნდა დარგო
და ისე მოკვდე.
და ასე მოკვდა.
მანდარინი მეგონა მთვარე
ჩემი სისხლი ყარს ფორთოხლის სუნად
და ჩემში ახლა ნუ ეძებ საშველს
რადგან აქ შველა არის უშვილო
ანუ ერთხელ და მერე მორჩა, როგორც სიკვდილი.
წერილების ციკლი
1
მკვდარი ბიჭები სამყაროს ცვლიან.
არ მინდა მოკვდე.
შენი ჩრდილების გოლიათებს
აღარ აქვთ ძალა,
ეს შიში არის პატარა და ისეთი ნორჩი
არ მინდა მორჩე,
თუნდაც სამყარო გამოუცვლელ
ტკივილად დარჩეს.
არ მინდა ვჭამდე
ქვებს და სისხლი მდიოდეს თმიდან,
როგორც იმ ქალებს
ავტორები რელსებს რომ ვუწყობთ.
ურჩხულებს ღვიძავთ,
შენზე დიდებს, შენზე მრისხანეს,
გადაყლაპულ ჩემ ქვეყანას
ალბობენ ნერწყვში,
და ვერ იქნება ვეღარავინ ისე მდიდარი
როგორც მე შენით –
შენ თუ ისუნთქებ სულ და მარტივად,
შენ თუ იქნები ისე ნამდვილი
ალბინოს მინდვრებს რომ დააწვე
ფიქრად და ხინჯად.
შენი სული, შენს ჩრდილზე დიდია
ახლა,
შენი თითები ჯებირი ზღვების,
მთების და ჩემი,
მე მინდა ვიყო აღმართებზე ყველა
ის დაღლა
სადაც ჩერდები…
სადაც წყალს სვამ და ხელახლა დგები,
რომ გააგრძელო ნერწყვიანი
სამშობლოს ძებნა.
ურჩხულებს ღვიძავთ.
და ჩემი გული ყოველ ღამე
სარკოფაგდება…
სადა ხარ ახლა…
დღეს სამშობლოა ჩემი დარდი
შენ და ეს წვიმა –
სუნი რომ ყველგან ერთი აქვს და
გემო ნეკერჩხლის…
2
ჩემი გრძნობები სიკვდილზე შორს
გრძნობენ სიცოცხლეს
მაინც იმავე ტოტებიდან დაიწყე მოჭრა,
სადაც ჩიტივით მისხალ-მისხალ
ვზიდე სიტყვები. ვაშენე ბუდე.
ვა-შენე ჩემი მთის ყვავილის
ნატანჯი სული.
დაბადებიდან შენამდე რომ
გავზარდე თმებით შეკრული კონა
ყველა იმ ქალის სიცოცხლეს უდრის
ვინც მიმტვრევს ტოტებს,
ვინც მიჭრის ხეებს,
რადგან დიდი ვარ როგორც სამყარო.
ჩვილის გულივით ვიყავი ნორჩი
და პოეტურად ამპარტავანი
ისე დამთავრდი,
ჰო.. ისე მორჩი
ჯერ მოხუცივით დაპატარავდი,
შემდეგ ნატკენი მუხლებივით
საერთოდ გაქრი.
გულშიც კი ვეღარ გიტოვებ ხინჯად.
შენი ხელები ჯებირებად აღარ ვარგია
შენი მოჭრილი ტოტებიდან
ჩიტები ცვივა
სისხლიანი და დაფლეთილი
ცვივა ჩიტები.
აღარ ვარგია არცერთი მძიმე
სადაც მოჭრილი წერტილი დავსვი,
აღარც ვიბნევი.
ურჩხულებს ღვიძავთ,
გახსოვდეს რომ ურჩხულებს ღვიძავთ.
შენი ცხოვრების მიღწევებში
ყველაზე დიდი აი ეს არის,
მე რომ მიყვარდი –
სამყაროს ხელას.
და ის ტოტები რომ მიჭრიდი
ჩეხდი და სტკენდი.
აი ეს არის რაც უნდა მეთქვა,
რომ პლანეტა ვარ შენ რომ დაკარგე
პოეზია ვარ შენ რომ დაკარგე
ემოცია ვარ შენ რომ დაკარგე
სიყვარული ვარ ერთხელ რომ მოდის.
შენ კი დასმული წერტილების ერთობლიობა.
3
ვერ შემეშველე, არა ვარ მჩატე,
დახუნძლულ ხეებს ბავშვზე მეტად
სტკივათ მუხლები,
რადგან წაქცევა არ შეუძლიათ.
იარებია ეს ჩემი სახე
და ყველაფერი რაც შიგნით ფეთქავს
ხმება და ჭკნება.
ხვალ იქნებ მოვკვდე
და გავიტოტო ატმის ხედ შენში,
ან იქნებ ცოცხალს გადამექცე
გახსნილ პერანგზე..
არ ვიცი ახლა რას აქვს აზრი
წერტილს თუ მძიმეს,
დუმილს თუ წერას,
ყველაზე სუფთა რაც შემომრჩი
უნდა მიყვარდე.
არა ვარ მჩატე, ვერ შემეშველე,
მტკივა ტერფები.
უმამურობას, უბავშობას
მოვათრევ ზურგით,
და ეს ხელები შეუხებლად
გრძნობენ ურჩხულებს
და ეს თითები კანის ქვეშაც
იხედებიან.
ვერ შემიფარებ,
მუხლებიდან მცვივა მტრედები,
კედლის კუთხეში ჩემებურად იმუხლებიან.
ვერ შემიფერებ,
მძიმე არის ჩემი ეს მხარე,
მძიმეა ჩემში უგვირგვინო
ბროწეულები.
მე პოეტი ვარ,
ვერ გადაგდებ მეორე მხარეს,
სანამ ბოლომდე სისხლისფრად არ
მოვითხუნები,
სანამ არ დაგწერ ისე კარგად რომ
უკვდავს გაქცევ,
სანამ არ გტანჯავ ისე მძიმედ რომ
ქრისტეს გავდე,
ამიტომ როგორც ქალი ისე
გემშვიდობები.
მშვიდად და წყნარად,
რომ არ გატკინო შენი წილი ბედნიერება
რომ არ გაგსვარო პოეტების ზიარებაში.
4
იმ ყვავილებს კრეფ
რომლის სუნიც ვაზამდე ქრება,
შენ ისევ ისე უსულო ხარ
როგორც საგანი,
მუცლიდან დამყვა ყველაფერზე
წინასწარ ღელვა
მერე ნელ-ნელა ერთმანეთზე
გადავამრავლე.
ვაზიდან იღებ დამჭკნარ ყვავილს,
მე რა უნდა ვთქვა თებერვლის იამ
ან რაზე უნდა გელაპარაკო.
მათზე ნადირობ ვისი ხორციც
უვარგისია.
სიტყვები ყრია
დღეები ყრია
თვეები ყრია
მე დავიგრძელე ყურზე საყურე
და ეს ღიმილი ყველგან დავფანტე.
ისევ ჭრი ხეებს,
მაგრამ მათი ალი არ გათბობს
მათი ტოტები კანის ქვეშ ვერ იხედებიან.
ღამემ დაგვიფაროს
ღამემ დაგვიფაროს ღმერთებისგან,
იმ უიმედო ღმერთებისგან
ყველა სამრეკლოზე რომ გოლგოთა აქვთ,
გოლგოთა ააქვთ.
და მერე ვიღაც სერაფიტას
(ფერისმჭამელებიანი სახით)
გამოგზავნილს ანგელოზად
(ადამიანური მარცხით)
გოლი გააქვს –
კარში სადაც უკვე დიდი ხანია აღარ დგახარ,
კართან სადაც მარხავ მარხვით
სხვების სამარხს.
დილამ დაგვიფაროს ღმერთებისგან,
იმ უიმედო ღმერთებისგან
თითები რომ ნახშირად გვიქციეს,
და ტკივილებიც ბერდებიან
უფრო ავი ხდება სიმშვიდე და
ღმერთმა დაგვიფაროს ღმერთებისგან
ჩვენ რომ აბორტივით ვიყიდეთ.
მკვლელის ნაცრისფერი სახით და
მეტად გადაშლილი ფეხებით,
რწმენა მოშლილი მუცლიდან
უფლის და უუუფლის შეწევნა
რთული გახდა…
ღმერთმა დაგვიფაროს, ღმერთებისგან
რწმენადაცლილი ღმერთებისგან,
ტკივილგამოცლილი ღმერთებისგან,
ავი, ცინიკოსი ღმერთებისგან
და მერე იქნებ ავიტანოთ ჯვარიც და ჯვარზე სიმარტოვეც…
რომ არ წავხდეთ.
გადაჭრილი ხე
გადაჭრილ ხეზე ვინც მჯდარა იცის
რომ არაფერი არ გვარდება ერთხელ გადაჭრით..
მანამდე თუნდაც გაზომო ასჯერ.
ღამით ყველაფერს ორმაგად ამჩნევ
სხვენში მორბენალ ვირთხების ტანგოს,
წვეთების კაკუნს ფანჯრის მინაზე,
და მთავარია არავინ გნახოს
ჩაცმული როგორ წევხარ დივანთან.
იესოს ლოცვებს ფსკვნილის ნაცვლად
მარგალიტის მძივზე ითვლი და
რა საჭიროა ვეღარ ხვდები ამდენი გარჯა.
აქ არ დადიან მატარებლები,
რელსებზე ძაღლებს სძინავთ
ყინვაში უნდა ინატრო
რომ დაგიფაროს ყინვამ.
ერთხელ გადაჭრილ ხიდან მიათრევს
ასჯერ გაზომილ ბუდეს ფრინველი
და თითქოს სჯერა რომ მიატანს გაზაფხულამდე.
სამყარო მინდა გაუზომავ-უკაცრიელი
საკუთარ ლოკვამ ტკივილები რომ დამიამოს.
ხის თეთრ რაფაზე შემომიწყო კვერცხები ჩიტმა,
და სანამ ჩაი ორთქლად იქცა დამდნარ ქურაზე
მეზობლის ბავშვის ტირის თოფის უმიზნო რისხვამ
შემოაწირა დედა ჩიტი დამპალ ლულას და
ჩემი ცხოვრებაც თვალებს ზუსტად ისე ლულავდა
ჩემი ცხოვრება ზამთრის ერთი დიდი სიმკაცრე
ჩემი ცხოვრება ჩემ წინ იწვა და
მე ვიწვოდი მის წინაშე.
შველა
ყველას უნდა შველა.
მატარებლის მძღოლს,
იმ შავი ძაღლის პატრონს
და ხესთან რომ შარდავს იმ კაცსაც…
ჩემს სხვენში ბინა ვირთხამ დაიდო
ისევ, და შველა უნდა იმასაც.
მე დღეს ჩიტები არ დავაპურე
ქარია მეთქი.
ქარია მეთქი გესმით?
და მერე მე რომ შველა დამჭირდა
და მერე მე რომ მოვლა დამჭირდა
მე გავუკეთე ჩემს სხეულს ნემსი.
შველა ყველას უნდა
ისევ გაწვიმდა.
არწივებს მიაქვთ თავისი წილი
ლეში სხვენიდან.
მე მკვდარ ჩიტებზე პურის მარცვლებს
ვაწყობ და მტრედებს
ვეპატიჟები მათ სანაცვლოდ
იქნებ დავმშვიდდე.
შველა ყველას უნდა
იმ ქერა ქალსაც აფთიაქის გრძელი რიგიდან,
შაქარდაცემულს რომ დამიდგა წინ და უსიტყვოდ
უსიტყვოდ მომკლა,
იმ შავ მამაკაცს გზაჯვარედინზე უნაგირიდან
დედის გინებით რომ წავიდა,
ყველას გზის მოჭრით.
მეც მინდა შველა,
მაგრამ არა, მჭირდება უფრო..
იმ ავტორების ვერ გავიგე მატარებლებს რომ
უგდებენ ქალებს,
როცა ჩემ სხეულს ყოველ ღამე რელსებზე ვუწყობ
იმ იმედით რომ ვინმე მნახავს
სიკვდილზე ადრე.
ხვალ ჩემს ფანჯრებთან აღარ მოვლენ
ალბათ ჩიტები,
და მზად ვარ ღმერთო მოვისმინო ეს აღსარება.
აალება
ახლა ძლიერ მინდა აალება,
ანდა გაქვავება ყინულივით
მგელიც ვიყავი და სახარებაც
ავი ეშმაკიც და ქერუბიმიც
რადგან თვეც მე მერგო ნაკიანი
ცივი ნაზამთრალი უალერსო
ასე ვერ დაგვტოვებს ნაკლიანებს
სუნთქვა სიკვდილზეა უარესი.
ასე ვერ დაგვტოვებს უიმედოდ,
ასე ვერ დაგვტოვებს უსახლკაროდ
ასე ვერ დავტოვებთ ცას და მიწას
ღმერთიც აღარ დარჩა მოსაკლავი.
ღმერთიც აღარ დარჩა საიმედო
მხეცთან მიგდებული მომთაბარე
წუხელ სიკვდილისთვის გავიმეტე…
ზოგჯერ გზა არ არის აღმართები
ზოგჯერ სახლი ჰქვია ნასახლარებს
და მე ცხოვრებასთან დამარცხებით
სულ სხვა ცხოვრებასაც დავამთავრებ
ღმერთიც კაცია და უიმედო
მხოლოდ ჩვენ გვერჩიან ნაკლიანებს
ახლა ისე ძლიერ დავიღალე
ყელში ამოსული სახარებით
სულ სხვა ცხოვრებასაც დავამთავრებ,
სულ სხვა ცხოვრებასაც დავამთავრებ
სულ სხვა ცხოვრებასაც დავამთავრებ…
ლირიკა
ვხედავ როგორ უვლი ლერწამს
ლეწავს ქარი როცა ტოტებს
მუხის ცრემლების კი მე მწამს
ყველა რომ მიდის და ტოვებს
წვიმა შეეხიზნა მთა-ბარს
მიწა ტკივილისგან ფეთქავს
ფიქრი მე არ ვიცი სხვათა
ახლა მთავარია მე მწამს!
ახლა მთავარია მეცვას
მარტი დედასავით მყუდრო
მერე მე ვიქნები მესა
შენ კი ათეისტი მგზავრი –
ხარბად შემოაღებ კარებს
ხელში თამბაქო და ჩილით.
ისევ შეიბრალებ ლერწამს,
ფიჭვის სურნელია გარეთ
ახლა რაც არ უნდა მეცვას
მთელი სხეულით რომ მწამდეს –
(მუხის ცრემლიანი ურდო),
აღარც შენ იქნები მგზავრი
აღარც მე ვიქნები მყუდრო.
* * *
თუ ვერ გაცურავ, ზღვა დააშრე! –
გადი ნაპირზე.
მკვდარი თევზების სიბრალული არ
მოგცემს ნიჩბებს..
(შენი სხეული არ ადარდებს არცერთ
მებადურს)
* * *
ნუ გეშინია…
ეს სიბნელე ღამეა მხოლოდ,
ზამთარგამოვლილ ფოთლებივით
დახვრეტილ ფარდებს გაწევს ვიღაც და
დარწმუნდები რომ ლოგინის ქვეშ
არავინ ცხოვრობს,
რადგან ურჩხულებს ბინა მოსწონთ
(ლოგინის ზემოთ) –
ადამიანთან.
* * *
ღმერთის ნარჩენებს გემო კი აქვს,
გემო ნეკერჩხლის,
გემო სხეულზე ჩამომდნარი
წვიმის და თოვლის,
დღეს ისე ვუცდი ცივ ხელებზე
სველ და ნაზ ფიფქებს
ვით უნაყოფო ქალი ელის
თბილ ახალშობილს…
* * *
ყველა გადაწერილ პირჯვარს გეფიცები,
ჩემი ღმერთის ხორცი პურის მარცვლებშია –
ახლა ფანჯრის წინ რომ ღრღნიან შოშიები.
ჩემი ღმერთის სისხლი – ყანწის სასმისივით
უბნის ლოთებს ადევთ ტუჩთან მოშიებით.
ხოლო სახარების მე ვარ განმარტება –
ყველა მოუნათლავ ბავშვად შევიცანი,
მიუტევები ხარ ფუჭი აღსარებით
რადგან ყველა ცოდვა ჩემი შენიც არი.
ყველა გადაწერილ პირჯვარს გეფიცები,
ახლა ჩემი წყალი შარის მეძავივით
ნამად ფოთლებზეა, მზეებს ეფიცხება,
ახლა ჩემი ხორცი – ცხენის უნაგირი,
მიწებს შემოივლის როგორც ბედისწერა.
რადგან ჩემი ძვლები შენი ჭიშკარია,
ყველა ჩემი სუნთქვა შენში შევიკარი,
უპატიები ხარ რადგან დამიჯერე,
რადგან ყველა ცოდვა ჩემი შენიც არი.
ყველა გადაწერილ პირჯვარს გეფიცები,
ჩემი ღმერთის ხორცი პურის მარცვლებშია –
ახლა ფანჯრის წინ რომ ღრღნიან შოშიები..
© არილი