პოეზია

სოფო წულაია – ლექსები

 

დაბადება

 

მე იმაზე მეტად როდი ვარ დედაშენი,
 ვიდრე ღრუბელი
                                    სილვია პლათი

 

გამხმარი ხის ძვლებივით აშრიალდა
ქარის შეხება ქალის სხეულზე
და სახლმა, სადაც აკვანს მუდამ სიკვდილის
სუროსფოთლებშემოკრული ხელი არწევდა,
ჩვილის ტირილი გამოისხა მზისფერ მტევნებად.
– ბავშვი საიდან? – კითხულობდა უცნობი მგზავრი,
– ამ ქუჩაზე ხომ კაცს არასდროს არ ჩაუვლია?!.
ამ გზაზე მუდამ აფხიზლებენ დაგეშილ მწევრებს
და თუკი ვინმეს ასახვევთან თვალს შეავლებენ,
მივარდებიან და მჭლე ფერდებით მტვერსასრუტივით შეისრუტავენ
იმედების და სურვილების კამკამა ბელტებს.
და რა იცოდა უცნობმა მგზავრმა,
რომ ბავშვს, რომელიც ქალს აქამდეც უნდა ჰყოლოდა,
მის გარდა ყველა ქალი აჩენდა,
მაგრამ მაინც ვეღარაფრით ვერ დაიბადა.
მერე ღრუბლებმა გადაწყვიტეს მისი დედობა –
განიერი თეძოები კიდევ უფრო გადაითქვირეს,
ფიქრებიდან და სიზმრებიდან გამოშიგნეს
ყველა სათუო წვიმა და თოვლი,
ყველა გზა და მთა, რომელიც უნდა გადაეტბორათ
და ტკივილების გასაყუჩებლად ათასობით ცის მტვერი ყლაპეს,
ძლივს გაჩენილი პატარა ბავშვი კი იმ ქალს მისცეს,
მარტო რაფასთან იებივით ჩუმად ჯდომა
და მოლოდინი რომ იცოდა
და დედობისთვის ერთხელაც კი არ უბრძოლია. . .
ქალს კი, როგორც კი ჩვილს შეხედა,
სიხარულისგან ფრთები დასცვივდა –
ვეღარასოდეს ვერ შეძლებდა სადმე გაფრენას,
ვეღარც იმ კაცთან, სულ რომ ელოდა,
მაშინაც კი, როცა იცოდა, რომ დაივიწყა
და არასოდეს დაბრუნდებოდა.
და იმ წამიდან ყველა ტკივილი
მხოლოდ სიმშვიდის ხმას ასხივებდა
და ყველა იმედს მარტო იმედის სურნელი ჰქონდა –

ეჭვებისა და შიშის ბასრი გემოს გარეშე.
და ყველა გზაზე ბავშვთან ერთად რომ გადაკენკა,
ქაცვის ადგილას ცრემლიანი ია აყვავდა
და ჯოჯოხეთი სამოთხედ იქცა.

 

გაბრიელს

 

 მენატრება დედაჩემის პური
                                 მაჰმუდ დერვიში

 

ჩემი ეზოს უნაყოფო ხეებმა – ცხოვრებაში ტანზე ფოთოლიც რომ არ გამოსვლიათ –

პეპლები გამოისხეს,
ჩემი ოთახის უსახურ ჭაღზე ფერადი ჟღარუნები თვალებს რიტმულად ახამხამებენ,
ყველა მუქ კაბას ტანზე ჭრელმა ყვავილებმა გამოაყარა,
ამომშრალი და ძირგათეთრებული აკვარიუმები ოქროს თევზებით გადაგვევსო;
როცა გამხმარ ხესავით უშნოდ გაფშეკილ,
როცა სიცოცხლეგამოცლილ სხეულზე
შენი პატარა ხელისგულები მეხება,
მგონია, გამხმარ ფიქრებში რძე მიდგება,
მერე სათამაშო ჰარმონიკასავით
ნელ-ნელა იშლება ჩემი სული
და სანამ ისევ შეიკუმშება,
ვცდილობ, რაც შეიძლება ღრმად შეგისუნთქო,
როგორმე მომდევნო ჩასუნთქვამდე რომ გიმყოფინო…
სადაც არ უნდა ვიყო,
რომელი ქვეყნის ცაც არ უნდა მეხუროს თავზე
რკინის მუზარადვით
და რომელი ქალაქიც
არ უნდა მაწვეთებდეს ყურებში უსახურ ხმაურს,
შენი სურნელი ყველგან მესმის,
შენს გულისცემას ყველგან ვაყურადებ, ვითვლი და ვდარაჯობ…
შენს გაღიმებას ყველგან ვუღიმი…
რაც შენ მყავხარ,

მეჩვენება, რომ ჯერ პატარა, უფანჯრო ოთახში რამდენიმე საათით ვიყავი ჩაკეტილი,
მერე კი ვიღაც ძალიან ახლობელმა შემთხვევით მიპოვა და ჰაერზე გამომიყვანა…
შენთან პირველი შეხების წამიდან ისე ვანათებ, თითქოს:
სისხლის და ძვლების,
მარტოობის და მძიმე სამსახურის,
წარსული ტკივილებისა და სიკვდილების ნაცვლად დინოფლაგელატებისგან შევდგები.
ვერ ხვდები, ეს რას ნიშნავს, არა?
როცა გაიზრდები, აუცილებლად აგიხსნი, შვილო!

მანამდე კი:
ჩვენ სულ გვექნება ერთი ნაჭერი პური,
პური, რომელსაც არასდროს გავყოფთ შუაზე.
რატომ? იმიტომ, რომ ის მთლიანად შენი იქნება.
მე რას შევჭამ?

მე ძირს დაყრილი რამდენიმე ნამცეცითაც შევძლებ ყრუ შიმშილის გამოკვებას;

იქნებ, ჩვენს პურზე კარაქი და ხიზილალა ვერ გადაგისვა,
მაგრამ სახლში ერთი ნაჭერი პური სულ გვექნება.
ჩავიცვამ ჩემს ერთადერთ დაბებკილ კაბას,
თავზე გვერდებშემორღვეულ თავშალს წავიკრავ
და პურის ყანების დასალეწად წავალ,
ხორბლის დასაფქვავად წავალ

და წისქვილებს ჩემი წვრილი მაჯებით დავატრიალებ,
მერე ცომის მოსაზელად წავალ,
და პურსაც მე გამოვაცხობ…
გპირდები, ჩვენ სულ გვექნება ერთი ნაჭერი პური
და შენ ვერასდროს იგრძნობ
მასში ჩაღვრილი ჩემი სისხლის და ცრემლის გემოს,
ჩემი ტკივილების გემოს,
უბრალოდ გეგონება, რომ შენი დედიკოს გამომცხვარ პურს
სულ სხვა გემო აქვს და ამქვეყნად ყველა პურზე გემრიელია.
სიკვდილი მიზეზი არ არის

 

მე დაბერებას ვეღარ მოვასწრებ – ჩუმად მოვკვდები ძველ უბანში, ჩემს სახლთან ახლოს,
მეგობრები კი შეეცდებიან, რკინის პატარა ჯვარი აღმართონ იმ ადგილას,
სადაც დავმთავრდი,
ანუ გავგრძელდი მეორე გზიდან
და იმ წამიდან ყველა ნაცნობს და ყველა უცნობს ვაიძულებ

ძლივს ნასწავლი პირჯვრის წერის რკინის ჯვართან მექანიკურ გამეორებას;
და მე ვიქნები ყველაზე მშვიდი, ანუ ისეთი, როგორად ყოფნაც აქ ვერ შევძელი
და იმ დღიდან აღარავის არ დავისიზმრებ,
მეც აღარავის დავესიზმები,
რომ არ ეგონოთ, თითქოს, მინდა მათი წაყვანა უხორცო სახლში.
და როცა ჩემს ჯვარს დაატყდება ატმების და ჭერმების თოვლი,
ყველა იტყვის ვინც კი მიცნობდა, ვისაც ვიცნობდი,
რომ ვაკლივარ მათ ცხოვრებას როგორც სურვილი –
ვერავისთვის ვერ გამხელილი, მაგრამ საჭირო;
ჩემს ლოგინთან ვერ იპოვიან გაბნეულ ფიქრებს,
უძილო სიზმრებს,
ძილში შეკრთომებს
უსახლო ტკივილს
და მარტოობას
ჩემს ლოგინთან ვერ იპოვიან,
იქ დახვდებათ ძმები გრიმების ზღაპრების წიგნი
და იტყვიან, და თუ მაინც არ იტყვიან, გაეფიქრებათ,
რომ აღარ იყო ამის კითხვის დრო და არც ადგილი ჩემს ცხოვრებაში.
მათ არ იციან – ან საიდან ეცოდინებათ,
პატარა გოგოს დედობისთვის რომ ვამზადებდი დიდი ხნის წინათ გამოფიტულ, გამოხრულ სხეულს,
ზოგჯერ ასე რომ უნდებოდა სხვების სიკვდილი, ან თავის მოკვლა – გადაფრენა ღია ფანჯრიდან.
ჩემს გაფუჭებულ ლეპტოპთან მივლენ,
ბევრს ეცდებიან ჩართვას, მერე რესტავრირებას,
მაგრამ ვერაფერს გახდებიან,
იქ კი უკვალოდ ჩაკვდებიან ჩემი ძველი ჩანაწერები –
დაწერიდან სულ ცოტა ხანში რომ გაცხადდნენ
და ძმრად მადინეს ყველა ამბავი რაც მოვიგონე
და როგორც კი გამოვიგონე, იმწამსვე ახდა.
ჩემი ქმარი კი, იმის ნაცვლად, მე გამიხსენოს,
გაიხსენებს კაფკას პრაღაში ჩვენს უკანასკნელ მოგზაურობას –

ქალაქში, სადაც თითქმის არ ვჩანდი,

იმიტომ, რომ ვერ ვისწავლე მთავარი როლის ტანზე მორგება და შესრულება. . .
მეორეულ მოგონებებს ამოქექავენ ძველი სკივრიდან
ჩემი მშობლებიც, მეგობრებიც, და-ძმაც
და შვილიც…
დავაკლდები, მაგრამ ადვილად გადაიტანენ მათ უჩემობას, ჩემს უმათობას. . .
სულ ცოტა ხანს იხმაურებს საძინებელში ჩემი სუნამო – kenzo “jungle” –
დაბნეული შეასკდება კედლიდან კედელს,
მერე ისიც დადუმდება იმ კუბოსავით,
ნელ-ნელა რომ ჩამკეცეს და ჩემოდანივით დამახურეს სახურავი
დაკეცილ თმებზე.
როცა მოვკვდები, ჩემებს მარტო ის ემახსოვრებათ,
რომ ჩამქრალ სულში ზღვების სურნელს და მიწის სურვილს ვინახავდი,
მაგრამ ვერავინ ვერ გამოიცნობს, როგორ მინდოდა,
ყოველთვის ყველას ვინც კი მიყვარდა, ვისაც ველოდი,
ჯერ ჩემს თვალებში ჩაეხედა და მერე ეთქვა,
რომ სიკვდილი არაფერია –
რომ სიკვდილი სიყვარულში ვერაფერს შეცვლის!

 

 

Facebook Comments Box