ესე

ლევან ბერძენიშვილი – ჟანრი: დეტექტივი

 

თავად ტერმინს „დეტექტივი“ გრძელი ეტიმოლოგიური თავგადასავალი აქვს. ყველაფერი დაიწყო ლათინური სიტყვიდან tego – „ვხურავ“, „ვმალავ“, საიდანაც მივიღეთ dētego – „ვხსნი“, „ვაშიშვლებ“, „ვამხელ“, „ვავლენ“, dētēctio – „გახსნა“, ინგლ. detect „გახსნა“, „აღმოჩენა“ და, საბოლოოდ, detective „გამომძიებელი“.

დეტექტივი გახლავთ ლიტერატურის ჟანრი, რომლის ნაწარმოები აღწერს იდუმალი მოვლენის გამოკვლევის პროცესს გარემოებათა გამოაშკარავებისა და საიდუმლოს ამოცნობის მიზნით. ჩვეულებრივ, ასეთი მოვლენის როლს ასრულებს დანაშაული და დეტექტივი აღწერს მის გამოძიებასა და დამნაშავეთა გამომჟღავნებას. ასეთ შემთხვევაში, კონფლიქტი აგებულია სამართლიანობისა და უსამართლობის შეჯახებაზე და იგი სრულდება სამართლიანობის გამარჯვებით. არსებობს დეტექტივი დანაშაულის გარეშე („ჩანაწერებში შერლოკ ჰოლმსზე“, რომელიც, რა თქმა უნდა, დეტექტივის ჟანრს განეკუთვნება, თვრამეტიდან ხუთ მოთხრობაში დანაშაული არ ხდება).

დეტექტივის არსებითი თავისებურება ის გახლავთ, რომ მასში მკითხველს მომხდარი დანაშაულის შესახებ ნაწარმოების დამთავრებამდე სრულ ინფორმაციას არ აწვდიან. სამაგიეროდ, მკითხველს ავტორი გამოძიების პროცესს ასწრებს და საშუალებას აძლევს, მისთვის ცნობილი ფაქტები შეაფასოს და საკუთარი ვერსიები შეიმუშაოს. თუკი ნაწარმოები თავიდანვე სრულ ინფორმაციას აწვდის მკითხველს ან მომხდარ მოვლენაში არაფერია იდუმალი და უჩვეულო, ეს უკვე დეტექტივი კი არა, მისი რომელიმე მონათესავე ჟანრია (ტრილერი, პოლიციური რომანი და ა.შ.)

უკვე ძველი სამყაროს ტექსტები შეიცავდნენ იმის ნიშნებს, რასაც შემდგომში დეტექტივს უწოდებენ. ამის მაგალითად ხშირად მოჰყავთ ძველეგვიპტური ზღაპარი „სიმართლე და სიცრუე“ (დაახლ. ძვ. წ. 1292-1191 წწ.), რომელიც მოგვითხრობს უსამართლოდ ბრალდებულ და დაბრმავებულ კაცზე, რომლის ღირსებაც წლების შემდეგ დაიცვა მისმა ვაჟმა, როდესაც ამხილა დამნაშავე და მოსამართლეები.

ძველბერძნულ ტრაგედიაში, სოფოკლესეულ „ოიდიპოს მეფეში“, მთავარი გმირი ოიდიპოსი სკრუპულოზურ ძიებას ატარებს, რომ თავისი წინამორბედი მეფის, ლაიოსის მკვლელი იპოვოს. ბედის ირონიით, ეს მკვლელი თავად ოიდიპოსი აღმოჩნდება.

ისტორიის მამა, ჰეროდოტოსი, თავის მეორე წიგნში („ევტერპე“) მოგვითხრობს ფარაონ რამფსინიტოსსა და ჭკვიან ქურდზე: მეფის საგანძურიდან ისე გაქრა ძვირფასეულობა, რომ ბეჭედი და საკეტები ხელუხლებელი იყო; აღწერილია გონებამახვილი ქურდის გამოვლენისა და შეპყრობის მცდელობები.

წინასწარმეტყველი დანიელის წიგნის მე-13 თავში „სუსანნა და მოხუცებულნი“ მოხუცებულებმა ბრალი დასდეს უდანაშაულო ქალს, რომელიც წინასწარმეტყველმა დანიელმა იხსნა საქმის მოწმეების მახვილგონივრული დაკითხვით. ბიბლიურმა ბრძენმა მოწმეები ცალ-ცალკე დაჰკითხა და მათ ჩვენებებში წინააღმდეგობები გამოავლინა.

არაბულ კულტურაში დეტექტივის უძველესი მაგალითია შეჰერაზადას „მოთხრობა სამ ვაშლზე“ ციკლიდან „ათას ერთი ღამე“. ამ მოთხრობაში ვინმე მებადური მდინარე ტიგროსში მძიმე სკივრს იპოვის და აბასიდ ხალიფა ჰარუნ არ-რაშიდს მიჰყიდის. სკივრში ასო-ასოდ აქნილი მშვენიერი ქალის ცხედარი აღმოჩნდება და ხალიფა თავის ვეზირს, ჯაფარ იბნ იაქიას უბრძანებს, სამ დღეში იპოვოს მკვლელი; წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად ვეზირს ელის სიკვდილი. სიუჟეტის ხშირი შეტრიალება ქნის დეტექტივისთვის დამახასიათებელ დაძაბულობას, ე.წ. სასპენსს.

ცნობილია ჩინური „გუნიან სიაოშო“ (სიტყვა-სიტყვით, „სასამართლო პროზა“) – ჩინური ხალხური ლიტერატურის მოვლენა. სიუჟეტი აგებულია გამომძიებელი მოსამართლის მოქმედებების ირგვლივ. ჩვეულებრივ, მოსამართლის სახე ლიტერატურაში უპირისპირდება რეალურ მოსამართლეებს და წარმოადგენს კანონის პატიოსან, მოუსყიდავ და კეთილ მსახურს, რომელიც შემკულია კეთილშობილი ვაჟკაცის, ძიუნძის („კაი ყმის“) თვისებებით. „გუნიან სიაოშოს“ მთავარი გმირი მოსამართლე ბაოა. მისი ისტორიები ძალიან პოპულარული იყო ძველ ჩინეთში და ეყრდნობოდა რეალური მოსამართლის, ბაო ჩჟენის ბიოგრაფიას.

დეტექტიური ფაბულა სხვადასხვა ინტენსივობით შესამჩნევია ფიოდორ დოსტოევსკის რომანებში „დანაშაული და სასჯელი“, „იდიოტი“, „ეშმაკნი“, „ძმები კარამაზოვები“.

დასავლურ ლიტერატურაში დეტექტიური ჟანრის პირველ ნაწარმოებებად, ჩვეულებრივ, მიიჩნევა ედგარ ალან პოს მიერ 1840-იან წლებში დაწერილი მოთხრობები, მაგრამ დეტექტივის ელემენტებს მანამდეც იყენებდნენ ცალკეული ავტორები. მაგალითად, უილიამ გოდვინის (1756-1836) რომანში „კალებ უილიამსის თავგადასავალი“ (1794) ერთ-ერთი ცენტრალური გმირი მოყვარული გამომძიებელია. დეტექტიური ლიტერატურის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა ეჟენ ვიდოკის 1828 წელს გამოცემულმა „ჩანაწერებმაც“. თუმცა არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ პირველი დიდი გამომძიებელი დიუპენი სწორედ ედგარ პომ შექმნა („მკვლელობა მორგის ქუჩაზე“). სწორედ დიუპენისგან იშვნენ შემდგომში: შერლოკ ჰოლმსი (არტურ კონან დოილი), მამა ბრაუნი (გილბერტ ჩესტერტონი), ლეკოკი (ემილ გაბორიო) და მისტერ კაფი (უილკი კოლინზი). სწორედ ედგარ პომ შემოიტანა დეტექტივის სიუჟეტში დანაშაულის გახსნისას შეჯიბრება კერძო გამომძიებელსა და ოფიციალურ პოლიციას შორის, რომელშიც, როგორც წესი, კერძო გამომძიებელი იმარჯვებს ხოლმე.

დეტექტივის ჟანრი პოპულარული ხდება ინგლისში უილკი კოლინზის რომანების: „ქალი თეთრებში“ (1860) და „მთვარის სპეკალის“ (1868) გამოცემის შემდეგ. ირლანდიელი მწერლის, შერიდან ლე ფანიუს რომანებში „უაილდერის ხელი“ (1869) და „ქიში და შამათი“ (1871) დეტექტივი გოთიკურ რომანს ერწყმის. დეტექტივის ოქროს საუკუნედ ინგლისში მიიჩნევა 1930-1970-იანი წლები. სწორედ ამ დროს ქვეყნდებოდა აგათა კრისტის, ფრენსის ბიდინგისა და სხვების დეტექტიური რომანები, როლებმაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინეს მთელ ჟანრზე.

ფრანგული დეტექტივის დამფუძნებელია ემილ გაბორიო, გამომძიებელ ლეკოკზე შექნილი რომანების სერიის ავტორი. რობერტ ლუის სტივენსონი ბაძავდა გაბორიოს თავის დეტექტიურ მოთხრობებში (განსაკუთრებით „რაჯას ბრილიანტში“).

კლასიკური დეტექტივის მთავარი თავისებურებაა ფაქტების სისრულე, რადგანაც კარგი გამოცანის მოფიქრება უფრო იოლია, ვიდრე მისი ამოხსნისა (დამახასიათებელი მაგალითია ჯონ დიქსონ კარის რამდენიმე რომანი). საიდუმლოს ამოხსნა არ უნდა ეყრდნობოდეს ცნობებს, რომლებიც არ იყო მკითხველისთვის წარდგენილი გამოძიების აღწერისას. იმ მომენტისთვის, როდესაც გამოძიება სრულდება, მკითხველს საკმარისი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს საიმისოდ, რომ მის საფუძველზე თავად იპოვოს ამოხსნა. შეიძლება დამალული იყოს მხოლოდ უმნიშვნელო დეტალები, რომლებიც გავლენას არ ახდენენ საიდუმლოს ამოცნობაზე. გამოძიების დასრულებისას ყველა გამოცანა უნდა იქნას ამოხსნილი და ყველა კითხვაზე უნდა იყოს ნაპოვნი პასუხი.

კლასიკური დეტექტივის კიდევ ერთი ნიშანია, რომ სამყარო მასში ბევრად უფრო მოწესრიგებულია, ვიდრე ჩვენი ცხოვრებაა. ჩვეულებრივ, საუბრობენ დეტექტივის სამყაროს „ჰიპერდეტერმინულობაზე“.

ჩვეულებრივი გარემო

პირობები, როლებშიც ხდება დეტექტივის მოქმედება, ძირითადად, ჩვეულებრივია და კარგად არის მკითხველისთვის ცნობილი (ყოველ შემთხვევაში, თვითონ მკითხველი ფიქრობს, რომ მათში დამაჯერებლად ერკვევა). ამის გამო მკითხველისთვის თავიდანვე ცნობილია, აღწერილიდან რაა ჩვეულებრივი და რა უცნაური, რომელიც ჩვეულებრივის ჩარჩოებში ვერ ჯდება.

პერსონაჟების მოქმედების სტერეოტიპულობა

პერსონაჟები არსებითად მოკლებული არიან თავისებურებას, მათი ფსიქოლოგია და საქციელის მოდელები საკმარისად გამჭვირვალეა, მათი წინასწარ გამოცნობა შესაძლებელია და თუ მათ აქვთ რაიმე მკვეთრად გამოხატული თავისებურება, იგი ცნობილი ხდება მკითხველისთვის. ასევე სტერეოტიპულია პერსონაჟების მოქმედების მოტივები (მათ შორის – დანაშაულის მოტივები).

სიუჟეტის აგების აპრიორული წესები ყოველთვის არ შეესატყვისება რეალურ ცხოვრებას. ასე მაგალითად, კლასიკურ დეტექტივში მთხრობელი და გამომძიებელი პრინციპულად არ უნდა იყვნენ დამნაშავეები (არსებობს გენიალური გამონაკლისი).

არის კიდევ ერთი შეზღუდვა, რომელსაც პრაქტიკულად ყოველთვის ექვემდებარება კლასიკური დეტექტივი – შემთხვევითი შეცდომებისა და გამოუვლინებელი დამთხვევების დაუშვებლობა. მაგალითად, რეალურ ცხოვრებაში მოწმე შეიძლება ამბობდეს სიმართლეს, შეიძლება იტყუებოდეს, შეიძლება ცდებოდეს და შეიძლება შეცდომაში იყოს შეყვანილი, მაგრამ შეიძლება, უბრალოდ, არამოტივირებულად ცდებოდეს (შემთხვევით აურიოს თარიღები, თანხები, გვარები). დეტექტივში ასეთი რამ გამორიცხულია – მოწმე ან ზუსტია ან ცრუობს, ან მის შეცდომას აქვს ლოგიკური საფუძველი.

შეიძლება ჩამოვთვალოთ დეტექტივისთვის დამახასიათებელი რამდენიმე თავისებურება:

დეტექტივის მკითხველს სთავაზობენ თავისებურ თამაშში ჩართვას – საიდუმლოს ამოხსნას ან დამნაშავის სახელის ამოცნობას;

„გოთიკური ეგზოტიკა“ – დაწყებული ედგარ პოს ინფერნალური მაიმუნიდან, რომელიც ორი ჟანრის (ფანტასტიკისა და დეტექტივის) მამამთავარია, დაწყებული კონან დოილის ლურჯი კარბუნკულიდან და ტროპიკული ასპიტიდან, უილკი კოლინზის ინდური მთვარის სპეკალიდან და დამთავრებული აგათა კრისტის განმარტოებული ციხესიმაგრეებითა და ჩარლზ სნოუსეული ცხედრით ნავში, დასავლური დეტექტივი გამოუსწორებლად ეგზოტიკურია. გარდა ამისა, იგი პათოლოგიურად ენათესავება გოთიკურ რომანს.

სქემატურობა – სამეცნიერო ფანტასტიკისგან განსხვავებით დეტექტივი ხშირად იწერება მხოლოდ დეტექტივის, ანუ გამომძიებლის გამო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დამნაშავე თავის სისხლიან მოღვაწეობას უქვემდებარებს დეტექტივს, ისევე როგორც გამოცდილი დრამატურგი როლებს უსადაგებს კონკრეტულ მსახიობებს.

ამ წესებიდან არის ერთი გამონაკლისი – ე.წ. „გადაბრუნებული დეტექტივი“.

 

დეტექტივის ტიპური პერსონაჟები:

 

გამომძიებელი – უშუალოდ აწარმოებს გამოძიებას. გამომძიებლად სრულიად სხვადასხვა ხალხი შეიძლება მოგვევლინოს: სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები, კერძო დეტექტივები, დაზარალებულის ნათესავები, მეგობრები, ნაცნობები, ხანდახან სრულიად შემთხვევითი ხალხი. გამომძიებელი, ოიდიპოსისგან განსხვავებით, ჩვეულებრივ, დამნაშავე არ არის. გამომძიებლის ფიგურა, როგორც წესი, ცენტრალურია დეტექტივში.

პროფესიონალი გამომძიებელი – სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელი. შეიძლება უმაღლესი დონის ექსპერტი იყოს, შეიძლება პოლიციის ჩვეულებრივი მუშაკი აღმოჩნდეს. მეორე შემთხვევაში რთულ სიტუაციაში ხანდახან მიმართავს რჩევისთვის კონსულტანტს. არც თუ იშვიათად, კერძო დეტექტივთან და მის კომპანიონთან ერთად ქმნის საგამოძიებო ტრიადას (მაგალითად, შერლოკ ჰოლმსისა და ვატსონის სკოტლანდ იარდელი „კოლეგა“, ინსპექტორი ლესტრეიდი ან ერკიულ პუაროსა და არტურ ჰასტინგსის ხშირი პარტნიორი, მთავარი ინსპექტორი ჯეიმს ჰაროლდ ჯეპი).

კერძო დეტექტივი – მისთვის დანაშაულის გამოძიება ძირითადი საქმიანობაა, მაგრამ იგი არ მსახურობს პოლიციაში, თუმცა შეიძლება იყოს გადამდგარი პოლიციელი. როგორც წესი, აქვს უაღრესად მაღალი კვალიფიკაცია, მოქმედი და ენერგიულია. ძალიან ხშირად კერძო დეტექტივი ცენტრალური ფიგურა ხდება, ხოლო მისი თვისებების ხაზგასასმელად საქმეში შემოდიან პროფესიონალი გამომძიებლები, როლებიც მუდმივად უშვებენ შეცდომებს, წამოეგებიან ხოლმე დამნაშავის პროვოკაციებს, ძიების ყალბ გზას ადგებიან და სულ ეჭვი შეაქვთ უდანაშაულო ხალხში. დეტექტივში ხშირად გამოიყენება მარტოხელა გმირის დაპირისპირება ბიუროკრატიულ ორგანიზაციასა და მის ჩინოვნიკებთან, რომელშიც ავტორის სიმპათია ყოველთვის გმირის მხარესაა.

მოყვარული გამომძიებელი – იგივეა, რაც კერძო დეტექტივი, იმ განსხვავებით, რომ დანაშაულის გამოძიება მისთვის პროფესია კი არა, ჰობია, რომელსაც დროდადრო მიმართავს ხოლმე. მოყვარული გამომძიებლის ცალკეული ქვესახეობაა შემთხვევითი ადამიანი, რომელიც არასოდეს არ ყოფილა დაკავებული ამგვარი საქმიანობით, მაგრამ ახლა იძულებულია გამოძიება აწარმოოს მკაცრი აუცილებლობის გამო, მაგალითად, რათა იხსნას უსამართლოდ ბრალდებული ახლობელი ან აიცილოს უშუალო ბრალდება საკუთრივ მის მიმართ (სწორედ ასეთები არიან დიკ ფრენსისის ყველა რომანის მთავარი გმირები). მოყვარული გამომძიებელი აახლოებს ძიებას მკითხველთან და უქმნის მას შთაბეჭდილებას, „ამაში მეც ხომ გავერკვეოდი“. ერთ-ერთი პირობითობა მოყვარული გამომძიებლის (როგორიცაა, მაგალითად, მის მარპლი) დეტექტივების სერიისა გახლავთ ის, რომ რეალურ ცხოვრებაში ადამიანს, თუკი იგი პროფესიულად არ არის დაკავშირებული დანაშაულის გამოძიებასთან, ვერ შეხვდებოდა დანაშაულისა და იდუმალი სიტუაციების ამგვარი რაოდენობა.

დამნაშავე – ჩადის დანაშაულს, შლის დანაშაულის კვალს, ცდილობს, ხელი შეუშალოს ძიებას. კლასიკურ დეტექტივში დამნაშავის ფიგურა ცხადად ვლინდება მხოლოდ გამოძიების ბოლოს, ამ მომენტამდე დამნაშავე შეიძლება იყოს მოწმე, ეჭვმიტანილი ან დაზარალებული. ხანდახან დამნაშავე აღიწერება ძირითადი მოქმედების დროსაც, მაგრამ ისე, რომ მისი პიროვნება არ გამომჟღავნდეს და მკითხველს არ მიეცეს ცნობები, რომელთა მიღება გამოძიების მსვლელობისას სხვა წყაროებიდან არ შეიძლება. ზოგიერთ ნაწარმოებში დამნაშავე შეიძლება საერთოდ არ იყოს და მოვლენა აღმოჩნდეს უბედური შემთხვევა.

დაზარალებული – ის, ვის წინააღმდეგაცაა მიმართული დანაშაული ან ის, ვინც დაზარალდა იდუმალი მოვლენის შედეგად. დეტექტივის კვანძის გახსნის ერთ-ერთი სტანდარტული ვარიანტია, რომ დაზარალებული თავად აღმოჩნდეს დამნაშავე.

მოწმე – პირი, რომელიც ფლობს ინფორმაციას გამოძიების საგნის შესახებ. დამნაშავე გამოძიების აღწერისას ხშირად პირველად სწორედ ამ ამპლუაში გვევლინება – იგი ერთ-ერთ მოწმეა.

გამომძიებლის კომპანიონი – ადამიანი, რომელიც მუდმივ კონტაქტშია გამომძიებელთან, მონაწილეობს ძიებაში, მაგრამ არ ფლობს გამომძიებლის უნარებსა და ცოდნას. შეუძლია ტექნიკური დახმარება გაუწიოს ძიებას, მაგრამ მისი მთავარი ამოცანაა – უფრო გამოკვეთილად წარმოადგინოს გამომძიებლის გამორჩეული უნარ-ჩვევები ჩვეულებრივი ადამიანის საშუალო დონის ფონზე. გარდა ამისა, კომპანიონი საჭიროა, რომ კითხვები დაუსვას გამომძიებელს და მოისმინოს მისი განმარტებები, მისცეს მკითხველს საშუალება, გაჰყვეს გამომძიებლის აზრების მდინარებას და ყურადღება მიაქციოს ცალკეულ მომენტებს, რომლებიც მკითხველმა შეიძლება გაატაროს. ასეთი კომპანიონების კლასიკური მაგალითებია ექიმი ვატსონი კონან დოილთან და არტურ ჰასტინგსი აგათა კრისტისთან.

კონსულტანტი – ადამიანი, რომელსაც გამოძიების წარმართვის გამოხატული უნარი აქვს, მაგრამ თავად მასში უშუალოდ არ მონაწილეობს. დეტექტივებში, სადაც კონსულტანტის ცალკეული ფიგურა იკვეთება, იგი შეიძლება მთავარიც იყოს და ეპიზოდურიც.

დამხმარე – თვითონ არ იძიებს, მაგრამ ამარაგებს გამომძიებელს ან კონსულტანტს ცნობებით, რომლებსაც თვითონ მოიპოვებს. მაგალითად, ექსპერტი-კრიმინალისტი.

ეჭვმიტანილი – გამოძიების განმავლობაში ჩნდება ეჭვი, რომ სწორედ მან ჩაიდინა დანაშაული. ეჭვმიტანილებს ავტორები სხვადასხვაგვარად ექცევიან, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული პრინციპია – „არც ერთი თავიდანვე ეჭვმიტანილი არ არის ნამდვილი დამნაშავე“, ანუ ყველა, ვისზეც ეჭვს მიიტანენ, უდანაშაულო აღმოჩნდება, ხოლო დამნაშავე აღმოჩნდება ის, ვისზეც არანაირი ეჭვი არ არსებობდა. თუმცა ამ პრინციპს, ბუნებრივია, ყველა ავტორი არ იცავს. აგათა კრისტის დეტექტივებში მის მარპლი არაერთგზის ამბობს, რომ „ცხოვრებაში სწორედ ის, ვისზედაც პირველად მიაქვთ ეჭვი, არის კიდეც დამნაშავე“.

 

დეტექტივის სახეობები:

 

დახურული (კლასიკური ანუ ინტელექტუალური) დეტექტივი

დეტექტივის ეს სახეობა იმით გამოირჩევა, რომ სიუჟეტი პრინციპულად გამორიცხავს უცნობი დამნაშავის ძიებას. ბრალდებული სახეზეა და გამომძიებლის სამუშაო იმაში მდგომარეობს, რომ მიიღოს მოვლენაში მონაწილეთაგან რაც შეიძლება მეტი ცნობა, რომელთა საფუძველზე შესაძლებელი გახდება დამნაშავის გამოვლენა. დამატებით ფსიქოლოგიურ დაძაბულობას ქმნის ის ფაქტი, რომ დამნაშავე აღმოჩნდება ერთ-ერთი კარგად ნაცნობი ადამიანი იმათგან, რომლებიც სულ არ ჰგვანან დამნაშავეებს. ხანდახან დახურულ დეტექტივში დანაშაულთა (ჩვეულებრივ, მკვლელობათა) მთელი წყება ხდება, რომელთა შედეგად ეჭვმიტანილთა რიცხვი მუდმივად მცირდება.

ფსიქოლოგიური დეტექტივი

დეტექტივის ეს სახეობა შეიძლება გარკვეულად სცილდებოდეს კლასიკურ კანონებს გმირების სტერეოტიპული საქციელისა და ტიპური ფსიქოლოგიის მოთხოვნის ნაწილში, რადგან იგი მიღებულია დეტექტივისა და ფსიქოლოგიური რომანის ჟანრის ურთიერთგადაკვეთით. აქ, ჩვეულებრივ, იძიებენ დანაშაულს, რომელიც პირადი მოტივებით ხდება (შური, შურისძიება) და გამოძიების ძირითადი ელემენტია ეჭვმიტანილთა პიროვნული თავისებურებების, მათი მიდრეკილებების, მტკივნეული წერტილების, რწმენის, ცრურწმენის შესწავლა, წარსულის გამოკვლევა. არსებობს ფსიქოლოგიური დეტექტივის საკმაოდ ძლიერი ფრანგული სკოლა.

ისტორიული დეტექტივი

ისტორიული ნაწარმოები დეტექტიური ინტრიგით. მოქმედება ხდება წარსულში ან აწმყოში იძიებელ წარსულში მომხდარ დანაშაულს.

ირონიული დეტექტივი

ირონიული დეტექტივი ჟანრის ერთ-ერთი ატიპიური სახესხვაობაა, რომელსაც პოსტმოდერნიზმის მსუბუქი გავლენა ეტყობა. დეტექტიური გამოძიება ირონიულ დეტექტივში აღიწერება იუმორისტული თვალსაზრისით და საიდუმლოს გამოცნობას ემსახურება, ხოლო თხრობა, როგორც წესი, პირველი ან მეორე პირის სახელით ხდება. ხშირად ამგვარად დაწერილი ნაწარმოები დეტექტიური რომანის შტამპების პაროდირებას ახდენს. ამგვარ დეტექტივში სიუჟეტი, როგორც მიზეზ-შედეგობრივი სიტუაციების ჯაჭვი, რომელიც ქნის და ხსნის ნაწარმოების კონფლიქტს, დიდად მნიშვნელოვანი არ არის მკითხველისთვის. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ცალკეული გასართობი ეპიზოდები და ტექსტის მსუბუქი ატმოსფერო. ირონიულ დეტექტივ-სერიებში ხშირად ხაზი ესმება მთავარი გმირის არაპროფესიონალიზმს.

ფანტასტიკური დეტექტივი

ნაწარმოები ფანტასტიკისა და დეტექტივის გადაკვეთაზე. მოქმედება შეიძლება ხდებოდეს მომავალში, ალტერნატიულ აწმყოში ან წარსულში, ასევე მთლიანად გამოგონილ სამყაროში.

ჯაშუშური დეტექტივი

ემყარება მზვერავების, ჯაშუშებისა და დივერსანტების  მოღვაწეობის აღწერას როგორც ომის, ისე მშვიდობიან დროს „უხილავ ფრონტზე“. სტილისტური ნიშნებით ძალიან ახლოსაა პოლიტიკურ და კონსპიროლოგიურ დეტექტივთან და ხშირად ერწყმის მათ ერთსა და იმავე ნაწარმოებში. მთავარი განსხვავება ჯაშუშური დეტექტივისა პოლიტიკურისგან ისაა, რომ პოლიტიკურ დეტექტივში მთავარი პოზიცია უჭირავს გამოსაძიებელი საქმის პოლიტიკურ საფუძველს და ანტაგონისტურ კონფლიქტებს, ჯაშუშურში კი ყურადღება კონცენტრირებულია თვით მზვერავულ საქმიანობაზე (თვალთვალი, დივერსია და ა.შ.) კონსპიროლოგიური დეტექტივი კი შეიძლება მივიჩნიოთ როგორც ჯაშუშური, ისე პოლიტიკური დეტექტივის ნაირსახეობად.

პოლიტიკური დეტექტივი

დეტექტივის ქვეჟანრი, რომელიც ძალზე ძლიერადაა დაშორებულია კლასიკური დეტექტივისგან. მისი წარმოშობის წყაროდ ტრადიციულად ჯაშუშური დეტექტივი მიიჩნევა. ძირითადი ინტრიგა აგებულია პოლიტიკური მოვლენებისა და სხვადასხვა პოლიტიკური თუ ბიზნეს წრეებისა და ძალების დაპირისპირების ირგვლივ. ხშირად ისეც ხდება, რომ მთავარი გმირი თვითონ შორსაა პოლიტიკისგან, მაგრამ საქმის გაოძიებისას გადააწყდება „ძლიერთა ამა ქვეყნისა“ წინააღმდეგობას ან რომელიმე შეთქმულებას. პოლიტიკური დეტექტივის განმასხვავებელი ნიშანია (თუმცა აუცილებელი არ არის) დადებით გმირების არარსებობა, მთავარი გმირის გარდა, რასაკვირველია. ეს ჟანრი იშვიათად გვხვდება სუფთა სახით, მაგრამ შეიძლება იყოს ნაწარმოების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.

პოლიციური რომანი

აღწერილია პროფესიონალთა გუნდის მუშაობა. ამ ტიპის ნაწარმოებებში მთავარი გმირი-გამომძიებელი ან სულ არ არის, ან მხოლოდ ოდნავ გამოირჩევა გუნდის სხვა წევრებისაგან. სიუჟეტის დამაჯერებლობის თვალსაზრისით, ყველაზე უფრო ახლოსაა რეალობასთან და, შესაბამისად, სულ ოდნავ სცდება სუფთა დეტექტივის ჟანრის წესებს (დაწვრილებითაა აღწერილი პროფესიული რუტინა, ხაზგასმულია დეტალები, რომელთაც კავშირი არ აქვთ სიუჟეტთან, არის გარკვეული რაოდენობის შემთხვევითობები და დამთხვევები, ძალიან დიდ როლს ასრულებს დამნაშავე და დამნაშავის ახლობელი წრეებიდან ინფორმატორების არსებობა, დამნაშავე ხშირად რჩება უმნიშვნელოდ და იგი უცნობია გამოძიების ბოლომდე, შეიძლება თავიც კი დააღწიოს სამართალს ზერელე გამოძიების ან პირდაპირი სამხილების არარსებობის გამო).

სასტიკი დეტექტივი

ჟანრის თავისებურებაა ყურადღების კონცენტრაცია არა იმდენად გამოცანასა და მის ამოხსნაზე, არამედ მთავარ გმირსა და მის მოქმედებაზე. როგორც წესი, აღწერილია მარტოხელა დეტექტივი, 35-40 წლის მამაკაცი ან მისი პატარა დეტექტიური სააგენტო.  ბოლო ათწლეულში გამოჩნდა რიგი ნაწარმოებებისა, სადაც მთავარი გმირის პოზიციაზე ქალი გვევლინება, რომელიც მამაკაცებს ტოლს არ უდებს უნარ-ჩვევებში და მიზნისკენ ტიპური „ვაჟკაცური“ მეთოდებით მიდის. მთავარი გმირი თითქმის მთელ სამყაროს უპირისპირდება: ორგანიზებულ დანაშაულს, კორუმპირებულ პოლიტიკოსებს, მოსყიდულ პოლიციას. ძირითადი ნიშნები – თავისებური, ხისტი საავტორო ენა (თხრობა შეიძლება მთავარ გმირს მიჰყავდეს და ქმნიდეს „უბრალო, მოუხეშო, მაგრამ პატიოსანი კაცის“ ხატს), გმირის მაქსიმალისტურ მოქმედებას, მის „სისასტიკეს“ განაპირობებს უპატიოსნო გარემოსა და პატიოსანი გმირის დაპირისპირება, ხშირია ძალადობის სცენების დაწვრილებითი, ნატურალისტული აღწერა. გარდა ამისა, თითქმის აუცილებელია სიუჟეტში ეროტიკული ხაზის არსებობა.

შავი დეტექტივი

„სასტიკ“ დეტექტივს უშუალოდ უკავშირდება ნუარის („შავი დეტექტივის“) ჟანრი, რომლის განსხვავებული თავისებურებაა მთავარი გმირის პოზიცია – თუ, ჩვეულებრივ, „სასტიკ“ დეტექტივში ეს გამომძიებელია, ნუარში – ეს ვინმეა დანაშაულში უშუალოდ ჩართული ხალხიდან. ჟანრის საუკეთესო მაგალითები ფსიქოლოგიურია და შეიცავს სერიოზული ლიტერატურის ნიშნებს, – მაგალითად, რაიმონდ  ჩანდლერის რომანები.

განგსტერული რომანი

ასევე „სასტიკი“ დეტექტივისგან წარმოიშვა, ოღონდ, მისგან განსხვავებით, მთავარი გმირები არიან არა კერძო დეტექტივები, არამედ დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლები.

 

© არილი

 

Facebook Comments Box