ანდრო ბუაჩიძე
პროზაში აღბეჭდილი პარადოქსები
ქართულად ნათარგმანები. თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურა – 1987/2001. რედაქტორ-შემდგენელი მალხაზ ხარბედია, რედაქტორები თამარ აბრამიშვილი, ლილი მჭედლიშვილი, შადიმან შამანაძე, მხატვარი ეკა ხარბედია. თბ. “არილი”, 2002.
თანამედროვე სამყარო კომუნიკაბელურია იმ ნიშნით, რომ მრავალგვარი ურთიერთობების ქსელი არსებობს ტერიტორიულად ყველაზე უფრო დაშორებულ ცივილიზაციის ცენტრებს შორის. წარმოუდგენელია ამ ფაქტორმა თავისებურად არ იმოქმედოს “კულტურულ კომუნიკაციებზეც” და აქედან გამომდინარე, ცალკეულ კულტურულ ფენომენებზე.
მიუხედავად ამისა, ჩვენთვის დღესაც პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურულ პროცესებში გარკვევა, რადგან დანარჩენ სამყაროს საკმაოდ მოწყვეტილნი ვართ. ყოველგვარი კულტურული აქტი, რომელიც ითვალისწინებს შემეცნებითი და ინფორმაციული სიცარიელის ამოვსებას, თანმიმდევრულად ქმნის დღევანდელ უცხო სულიერ ღირებულებებთან ზიარების უწყვეტ პროცესს. ამ პროცესის მიღმა დარჩენა ყველა “ნორმალურად მოაზროვნე” ქვეყნისთვის თუ ცალკეული პიროვნებისთვის საზიანოა.
ლიტერატურულმა გაერთიანება “არილმა” “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით გამოსცა კრებული “ქართულად ნათარგმანები”, სადაც 1987 წლიდან 2001 წლამდე შექმნილი მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშებია თავმოყრილი. ამ კრებულში რამდენიმე განყოფილებაა: თარგმანის თეორია, პროზა, პოეზია, ესეისტიკა. თარგმანი ქმნის სწორედ იმ საკონტაქტო სივრცეს, რომლის შიგნითაც სხვადასხვაენოვანი მწერლები იყრიან თავს და იწყება ბჭობა მხატვრული თარგმანის პერსპექტივებზე და პრობლემებზე. მახსენდება ცნობილი თეორეტიკოსის ირჟი ლევის თეზისი: “თარგმანს უნდა ეტყობოდეს, რომ თარგმანია”. ეს აზრი იმათ წინააღმდეგ იყო მიმართული, ვინც თარგმნილ ნაწარმოებს სრულფასოვანი ორიგინალის მნიშვნელობას ანიჭებდა, რაც გარკვეული ღირებულებების აღრევით აღინიშნა.
ამავე სფეროს ეხება ოქტავიო პასის წერილი “თარგმანი – სიტყვიერება და სიზუსტე”. ის საუბრობს იმათ შესახებ, ვისაც პოეზია უთარგმნელად ესახება: “მათი აზრით, პოეზია, რომელიც შექმნილია გამოძახილების, ანარეკლების და ურთიერთშესაბამისობების მიხედვით, წარმოადგენს კონოტაციის ქსოვილს და უთარგმნელია…”. თვითონ ოქტავიო პასი ამ აზრს არ იზიარებს: “კონოტატიური მნიშვნელობების შენარჩუნება შეიძლება, ოღონდ შეიძლება მაშინ, თუ პოეტი-მთარგმნელი იმ სიტყვიერი სიტუაციის, იმ პოეტური კონტექსტის აღდგენას შეძლებს, რომელშიც ეს კონოტატიური მნიშვნელობებია ჩამონტაჟებული”.
თარგმანის ხელოვნებაზე მსჯელობა დაუსრულებლად შეიძლება და ამ სფეროში პარადოქსების ადგილიც საკმაოდ იპოვება. ჩემი აზრით, მეტი სიზუსტე მოეთხოვებოდა ოქტავიო პასს უფრო ზოგადთეორიულ საკითხებზე მსჯელობისას: “ისტორიკოსებმა და ფილოსოფოსებმა, შემდეგ კი ანთროპოლოგებმა და ლინგვისტებმა არცთუ ცოტა დამამტკიცებელ მასალას მოუყარეს თავი იმის შესახებ, რომ ინდივიდუუმები, საზოგადოებები და ეპოქები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რომ ეს განსხვავება გარდაუვალია და რომ მათ შორის არსებობს მიჯნა, რომელიც თავისი სიღრმით ოდნავ თუ ჩამოუვარდება იმას, რაც კულტურას და ბუნებას შორისაა და რაც პირველყოფილ ადამიანს ცივილიზებული ადამიანისგან მიჯნავს”.
კულტურა სხვადასხვა დროში სხვადასხვანაირია. ვინაიდან ადამიანი და საერთოდ, საზოგადოება კულტურის კონტექსტში არსებობს, ისიც იცვლება. ვთქვათ, შუა საუკუნეების ადამიანი განსხვავდება XX ან XXI საუკუნის ადამიანისგან. მაგრამ ადამიანი მაინც ადამიანია, ე.ი. ის ყველა დროში კულტურის შიგნით არსებობს. პირველყოფილი ადამიანიც კი თავისებურ კულტურას ქმნის, ვთქვათ იარაღს და ამ იარაღის მეშვეობით ინარჩუნებს ვიტალობას, სიცოცხლეს. სხვადასხვა ეპოქებში მცხოვრები ადამიანები განირჩევიან ერთმანეთისგან, მაგრამ არსებითად მაინც ერთნი არიან, ვინაიდან “კულტურის სფეროში” არსებობენ, განსხვავებით ცხოველისაგან, რომელიც მთლიანად “ბუნების სფეროში” არსებობს. ბუნებას და კულტურას შორის დაპირისპირება კი გაცილებით ღრმაა და პრინციპული…
ვფიქრობ, რომ მორის ბლანშოს შემოთავაზებული განსაზღვრება, თარგმანი შეშლილობააო, მეტად ორიგინალურად ჟღერს სხვა “აკადემიურ” განსაზღვრებებს შორის, ყოველ შემთხვევაში, ბლანშოს აქვს უფლება ამ საკითხზე თავის შეუვალი აზრი ჰქონდეს.
“ქართულად ნათარგმანების” დიდი ნაწილი პროზას უკავია. მინდა ცალკე გამოვყო მიშელ ტურნიეს (საფრანგეთი), ჯულიან ბარნსის (დიდი ბრიტანეთი), ჰარუკი მურაკამის (იაპონია) და ემი ბლუმის (აშშ) მოთხრობები, არის საერთო ნიშნები ამ ნაწარმოებებს შორის, რაც თანამედროვე პროზის ზოგადი ტენდენციების კონტექსტში თავსდება. ძალიან მოკლედ ყოველივე ამასშეიძლება ცხოვრებისეული, მაგრამ უჩვეულო ისტორიების თხზვა ვუწოდოთ. თითქოს ამ ტენდენციის გამომხატველნი თავიანთ მსოფლმხედველობრივ მრწამსს ასეთი თეორიული თვალსაზრისით გამოთქვამენ: ყველა უჩვეულო და უცნაური მოვლენა, ადამიანური ბუნების ყოველგვარი, თუნდაც ყოფითობის ფონზე პათოლოგიად აღქმული გამოხატულება, ქცევა, მოქმედება არ არის გამონაკლისი და იშვიათი, ის ცხოვრებისეულობის საზღვრებში ეწერება, ვინაიდან მას თავის მყარი მოტივაცია აქვს. ცხოვრება საერთოდ პარადოქსებისგან, უცნაურობებისგან შედგება და სწორედ ამის ჩვენებაა ცხოვრებისეულობა და არა მოსაწყენი ყოფითობის აღწერა. ამ ტენდენციის მიმდევრები, ბუნებრივია, თავიანთ ობიექტივს უშუალოდ აბჯენენ ინდივიდს, პიროვნებას, მისი ფსიქიკის სიღრმეებს. ზოგიერთი მოთხრობა, – ვთქვათ, ჰარუკი მურაკამის “გულისრევა” უფრო ფსიქოანალიტიკოსის დაწერილი გეგონება, ვიდრე მწერლის. აქ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ შინაარსობრივ მომენტს ვგულისხმობთ, არამედ ფორმისმიერსაც.
მოთხრობა საკმაოდ უბრალო მხატვრულ ქარგაზეა აგებული: ერთი პერსონაჟი მოუთხრობს მეორეს თავის ამბავს, თავის შინაგან მდგომარეობას, გასაჭირს. ეს კაცი (მოგვიანებით როგორც თვითონვე ასკვნის) ფარული დანაშაულის კომპლექსით არის შეპყრობილი და ამის ნიადაგზე ხშირი გულისრევა ემართება. საქმე ისაა, რომ დანაშაულის მიზეზი სულაც არ არის ფარული: ამ კაცს მეტად თავისებური “გატაცება” აქვს: მეგობრის ცოლებთან სასიყვარულო ურთიერთობით იქცევს თავს. როგორც ჩანს, მისი სინდისის ხმა არ არის მთლად დახშული და ყოვლად გაუცნობიერებლად იჩენს ხოლმე თავს გულისრევის წუთებში.
მურაკამის მოთხრობა “გულისრევა” არც დეტალების სიუხვით გამოირჩევა და არც ხასიათების ხატვის თავისებურებით. აქ არის ამბავი, ინტრიგა, პიროვნების სულის ფსკერზე მოთამაშე ყოფიერების ანარეკლი. ფაქტობრივად, ეს არის არა მხატვრული ინტუიციით და ემოციური ბიძგით, არამედ “რაციოთი” დაწერილი მოთხრობა. ესეც ტენდენციაა და გარკვეული ლიტერატურული ესთეტიკის გამჟღავნება. რადგან თითქმის იგივე შეიძლება ითქვას მიშელ ტურნიეს, ჯულიან ბარნსის, ემი ბლუმის მოთხრობებზეც.
მიშელ ტურნიეს “პიროტექნიკა” უკვე დახასიათებული ტენდენციის ყველა ნიშანს იზიარებს ერთის გარდა – შედარებით რთული კომპოზიციური ნახაზის მიხედვით არის აგებული. აქ არა მხოლოდ ინტრიგაა, კრიმინალური ელემენტიც იჭრება თხრობაში. ეს არის მოთხრობა შურისძიების მარადიულ თემაზე. მხოლოდ აქ შურისძიებაც უცნაურად ხორციელდება: ორი ადამიანი ბედისწერის ერთ რკალში მოექცევა, კვანძი იკვრება და ორივე ერთად იღუპება.
ჯულიან ბარნსის “ექსპერიმენტი” არ განსხვავდება უკვე ნახსენები მოთხრობებისაგან. აქაც არის თხრობაში ჩართული კალეიდოსკოპური სიჭრელე, ინტრიგა, ლაბირინთი, უცნაურ ხდომილებათა ქსელი. ეს ფაქტობრივად პიკანტური ისტორიაა, ოღონდ ერთგვარი ინტელექტუალური ელფერით გარემოსილი. ავტორი მოგვითხრობს ბიძამისის პარიზში გამგზავრების ამბავს. ეს ამბავი მას თავად ბიძამ მოუყვა. აქ არის სხვადასხვა ვერსიები, ჩახლართული წვრილმანები, ფაქტობრივი მასალა, მისტიფიკაცია.
ბიძა, ე.ი. ძია ფრედი ჩადის პარიზში. იქ ის ბარში შემთხვევით გაიცნობს პიროვნებას, რომელიც მას სთავაზობს სიურრეალისტთა სხდომაში მონაწილეობის მიღებას.
ძია ფრედი თანახმაა და სხდომის ერთ-ერთი აქტიური წევრი ხდება. სხდომა ეხება სქესობრივ საკითხებს. ანდრე ბრეტონი და სხვა ცნობილი მონაწილენი შეკითხვებს უსვამენ ძია ფრედის, ფაქტობრივად სცდიან მას და ბოლოს ექსპერიმენტსაც ატარებენ მასზე. საინტერესო ისაა, რომ მთელი ეს ისტორია მისტიფიკაციის საბურველშია გახვეული, მისტიფიკატორია თვითონ მთხრობელი – ძია ფრედი. მოთხრობის ავტორი კი, რომელიც პირველ პირში ყვება ამბავს, რეალობასთან მიახლოებას და სარწმუნო ფაქტების დადგენას ცდილობს.
ჯულიან ბარნსის “ექსპერიმენტიც” ყოველგვარი ემოციის გარეშე, ცივი გონებით არის დაწერილი. აქაც ინდივიდის ფსიქიკა, ქვეცნობიერი, პარადოქსული და პიკანტური სიტუაციები და მოტივებია ერთმანეთში გადახლართული. ტენდენციად, ლიტერატურული ესთეტიკის წარმომჩენ ნიშნად იქცა ინდივიდის ყველაზე უფრო იდუმალი, შენიღბული შინაგანი თვისების მოხელთება. ეს თვისება ჩემ მიერ ხაზგასმულ მოთხრობებში ყოველდღიურობაშიც, ყოფაშიც იჩენს თავს, ოღონდ სწორედაც შენიღბულად, უცნაურად. მწერალი პერსონაჟების მეშვეობითვე იწყებს მოვლენათა გორდიასის კვანძის გახსნას და უკვე გარედან შიგნით შეღწევას – პიროვნების ქვეცნობიერში ერთი რომელიმე კუნჭულის დაფიქსირებას.
ვერ ვიტყვი, რომ აქამდე ლიტერატურისთვის მხატვრული კვლევის ეს გზა უცნობი იყო, თუმცა მწერლობა ხომ იმეორებს უკვე არსებულ მიმართებებს, ხერხებს და მოტივებს. აქ არაფერია გასაკვირი. უბრალოდ ბოლოდროინდელ პროზაში, რომელიც ალმანახ “ქართულად ნათარგმანებშია” წარმოდგენილი, ყოველივე ამან სპეციფიკურად მიზანმიმართული სახე მიიღო. აქცენტების განაწილებასაც მიენიჭა მნიშვნელობა. ერთი რამ აშკარად გამოიკვეთა: მწერალი თითქოს შეკითხვას სვამს – სად არის პიროვნებაში, ინდივიდში ზღვარი, რომელიც გამოაცალკევებს ნორმალურ ქმედებას პათოლოგიურისაგან?
ემი ბლუმის მოთხრობაში “სიყვარული ღვეზელი არ არის” ქალიშვილი იხსენებს გარდაცვლილ დედას, მაგრამ ეს გახსენება თავისებურია: ბავშვობის და სიყმაწვილის მოგონებები სულიერ სიმყუდროვეს ურღვევს გოგონას და მოვლენათა სიღრმეში საწვდომად განაწყობს. საქმე ისაა, რომ მათ ოჯახში არცთუ მთლად ჩვეულებრივი ვითარება იყო: დედას ორ მამაკაცს შორის ეძინა. ერთი გახლდათ მამა და მეორე… ოჯახის მეგობარი, ბატონი ბოლივარი. მამა და ბოლივარი მეგობრობდნენ – ერთად იქცევდნენ თავს სხვადასხვა თამაშით, სვამდნენ, ერთად ვახშმობდნენ. ეტყობა, ამგვარ თანაცხოვრებას ბოლომდე ვერ ეგუებოდა ქალიშვილი და ამიტომაც მიმართა შეკითხვით დედას: “მაშინ მე ვკითხე, როგორ შეგიძლია ორივე ერთდროულად გიყვარდეს, ან ისინი ამას როგორ ითმენენ-მეთქი? მან კი ასე მიპასუხა – “ძვირფასო, სიყვარული ღვეზელი არ არის, ნაჭერ-ნაჭერ არ იჭრება, მე შენც მიყვარხარ და ელენიც, მართალია ორივე სხვადასხვანაირად, მაგრამ მთელი გულითა და სულით, ვინაიდან ორივენი ძალზე სხვადასხვანაირები ხართ, საუცხოო, მაგრამ სრულიად სხვადასხვანაირი. ჰოდა, მეც თითოეული თქვენგანის გვერდით სრულიად სხვა ვხდები. თქვენ ორში ვერც ერთს გამოგარჩევთ და ვერც მეორეს, მაგრამ ჩემთვის ორივენი ერთნი ხართ. ასე ვარ მამასა და ბოლივარის მიმართაც”.
ამით იკვრება კრებულში მოთავსებული, პირობითად რომ ვთქვათ, “პარადოქსული მოთხრობების” წრე, ვინაიდან ირანელი მწერალი ქალის გოლი თარაყის მოთხრობა აშკარად განსხვავდება ამ ნაწარმოებებისგან. “ამინეს შორეული მოგზაურობა” ლირიკულ-ემოციური და ფსიქოლოგიური პროზის ნაზავია. აქ არის ყოფითი დეტალებიც, აღწერითი ეპიზოდებიც, ხასიათის ხატვაც და მედიტაციაც. ერთი სიტყვით, ეს მოთხრობა ტრადიციული პროზის ჩვეულებრივი ნიმუშია, მხოლოდ არაჩვეულებრივია ფინალი, რომელიც მთელ ნაწარმოებს შუქს ჰფენს.
კანადელი მწერლის დაგლას გლოვერის პროზა ერთგვარ სიმსუბუქეს, იუმორს, მოჩვენებით სერიოზულობას, თამაშის მკაფიოდ გამოხატულ საწყისს ამჟღავნებს. მის მოთხრობაში “ძაღლი კაცის დახრჩობას ცდილობს სასკატუნში” მეორდება ერთი და იგივე ფრაზა: “მე და ჩემი ცოლი გაყრას გადავწყვეტთ თუ არა, მაშინვე ლამის ბედნიერად ვიგრძნობთ ხოლმე თავს ერთად”. ეს ფრაზა მოთხრობის რიტმსაც განსაზღვრავს და თხრობით ინტონაციასაც. არადა, ამ ფრაზის შემდეგ ოჯახური თანაცხოვრების ისეთი კვანძები იხსნება, რომელზეც თვითონვე არა აქვთ წარმოდგენა პერსონაჟებს. და ეს მაინც დრამაა, მართალია ირონიანარევი, მაგრამ მაინც დრამა, რომელიც სინამდვილის ყველაზე უფრო მკაცრ შტრიხებს წარმოაჩენს.
ცნობილი იტალიელი მწერლის უმბერტო ეკოს რომანი “ბაუდოლინო” ალბათ ბოლომდე ითარგმნება ქართულად და გამოქვეყნდება.
საგანგებოდ აღარ შევჩერდებით ჩვენთვის კარგად ნაცნობი ავტორის ლუდმილა პეტრუშევსკაიას საინტერესო მოთხრობაზე “ჩემი წრე”. კარგი იქნებოდა ამ ავტორის ნაცვლად რომელიმე უცნობი ჩეხი ან პოლონელი მწერალი გაეცნო ქართველ მკითხველს. თანამედროვე რუსული მწერლობა ასე თუ ისე მაინც ხელმისაწვდომია ჩვენთვის.
ასევე უკეთესი იქნებოდა 1920 წელს დაბადებული ჰერმან შრაიბერის ნაცვლად უფრო თანამედროვე ავსტრიელი გერმანულენოვანი რომელიმე მწერლის ვრცელი, მრავალმხრივი ტენდენციების წარმომჩენი ლიტერატურული ნაწარმოები შესულიყო კრებულში.
რაც შეეხება პოეზიას, მიუხედავად საინტერესო ავტორებისა და თარგმანებისა, სასურველი იყო უფრო ვრცლად წარმოგვედგინა თანამედროვე მსოფლიო, ევროპული და ამერიკული პოეტური აზროვნების ნიმუშები. თუკი კრებულში შეტანილი პროზა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თანამედროვე პროცესებზე და ტენდენციებზე დავფიქრდეთ, პოეზიაზე შექმნილი შთაბეჭდილება ფრაგმენტულია და ნაკლოვანი. ალბათ დადგება დრო და ისევ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით ცალკე ტომებად გამოიცემა ბოლო წლების მსოფლიო პოეზია და პროზა.
ესეისტიკიდან მინდა ცალკე გამოვყო გახმაურებული რომანის, “პარფიუმერის” ავტორის, პატრიკ ზიუსკინდის ესე “ლიტერატურული ამნეზია”. ავტორი სწორ რჩევას აძლევს საკუთარ თავს, იმისათვის, რომ არ დაგავიწყდეს ის, რასაც კითხულობ ან რაც ადრე წაგიკითხავს, “ნუ გადაეშვები ასე უკანმოუხედავად ლიტერატურულ ტექსტებში, ცივი ნათელი და კრიტიკული გონებით შეაფასე ისინი”.
მეც ვცდილობდი ამ რჩევით მესარგებლა, როცა ალმანახ “ქართულად ნათარგმანებს” ვკითხულობდი. არ მინდოდა რაიმე გამომრჩენოდა ან დამვიწყებოდა, რადგან მართლაც საგულისხმო მასალამ მოიყარა ერთად თავი. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მთარგმნელების და რედაქტორების შრომა, რამაც სასურველი შედეგი გამოიღო. ვფიქრობ, საგანგებო ყურადღების ღირსია თეა შურღაიას თარგმანი (გოლი თარაყი), მისი ლექსიკური მრავალფეროვნება, დედნისეული სტილის გრძნობა, ფრაზის ძალდაუტანებელი, ლაღი მდინარება.
ზურაბ ქემოკლიძეს (ჯულიან ბარნსი) შეეძლო, ჩემი აზრით, უფრო ზუსტი სიტყვიერი ექვივალენტები შეერჩია და მიესადაგებინა დედნისთვის. მთარგმნელის ხარვეზები თვითონ მთარგმნელსვე უნდა აღმოეფხვრა. საგულისხმოა რედაქტორ-შემდგენელის მალხაზ ხარბედიას ცდა ერთ კრებულში ჩაეტია მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები.
ყველაზე ძნელი სწორედ დასაწყისია. კულტურულ-ინფორმაციული ვაკუუმის ამოვსება, ახალი ლიტერატურული ნაწარმოებების თავმოყრა და ახლახან ფეხმოკიდებული ტენდენციების შემჩნევა მართლაც რომ საშური საქმეა.
© “წიგნები – 24 საათი”