– იცოდე, დასვრი და დაგაკლავ ზედ.
– ბარემ საკუბოედ მზად ვიქნები.
– მერე კუბოში დასვრილი პერანგით ჩაგაწვენ, შენი აზრით?
დედაჩემი ნაზი ყველაზე არანაზი ადამიანი იყო, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია. არასდროს იცინოდა და ეზიზღებოდა ყველა კაცი, მკვდარი მამაჩემის ჩათვლით. მგონია, ის ვერასდროს აპატია, რომ მოკვდა. ნაზი არასდროს ისვენებდა. დასვენება მისთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. დილით ღუდუშაურის საავადმყოფოში ექთნად მუშაობდა. პალატებიდან მომაკვდავი პაციენტების განავალი გაჰქონდა. შუადღისას ავადმყოფი მეზობლების სახლებში დადიოდა. მეზობლები ნამდვილი ექიმის ანაზღაურების ნახევარს უხდიდნენ, თუმცა ორივე მხარე კმაყოფილი რჩებოდა შექმნილი მდგომარეობით. კვირაში რამდენჯერმე ეკლერებსაც აცხობდა და უბნის მაღაზიებში აბარებდა. ამ რუტინის პარალელურად კი დრო მაინც რჩებოდა, ჩემთვის ტვინი მოეტყნა.
– სამსახურში ესე ჩაცმული მიდიხარ?
– კი, რა იყო?
– ბოზს ჰგავხარ.
მინდოდა მართლა ბოზს ვმგვანებოდი. პირდაპირ ვოცნებობდი ამაზე, მაგრამ კისრამდე შეკრული პერანგი, რომელსაც დედაჩემი საუკუნის მონაპოვრად მიიჩნევდა, რადგან ყიდვისას ორი ციგანი დააგოიმა და მუხლებამდე ქვედაბოლო ამის საშუალებას ნამდვილად არ მაძლევდა.
ცხოვრებაში არავინ შემხებია. არც რომანტიკულად და სექსუალურად, მით უმეტეს. 27 წლის ვიყავი და ღამეც კი არსად გამითევია სახლის გარეთ. ვიცოდი, რამდენი ჩხუბის და ლანძღვის სანაცვლოდ უნდა მომხდარიყო ეგ ამბავი.
რომ არავინ მტყნავდა, ეგეც ნაზის ბრალი იყო. ჩემს ცხოვრებაში არასდროს ყოფილა ვინმე, ვისგანაც ვისწავლიდი, რას ნიშნავს გაპრანჭვა, რას ნიშნავს, როცა ვინმეს უნდიხარ და რას ნიშნავს, როცა თავად გინდა ვინმე.
ბავშვობაში ჯულია რობერტსის ფილმები მიყვარდა. ვოცნებობდი, ჩემთვის ისე ეყურებინა ვინმეს, როგორც რიჩარდ გირი უყურებდა როიალზე გადაწოლილ ლამაზმანს. ერთხელ, როცა ნაზი კლინიკაში იყო, თმა დავიხვიე, მეზობლის სახლში დიასახლისის საკრასკავები წავისვი და ყველაზე ლამაზი კაბა ჩავიცვი, რაც კი მქონდა. ქუჩაში გავედი და გამვლელებს ვეპრანჭებოდი. ვუღიმოდი გაკვირვებულ უბნის ბიჭებს, ჩემზე მოცინარ მოზარდ გოგოებს, აღშფოთებულ დეიდებს და ნაკლებად აღშფოთებულ მათ ქმრებს. დედაჩემი მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდა სამსახურიდან. ჩემმა დანახვამ სახე წაუშალა. სასწრაფოდ მომვარდა, სახეში გამარტყა და სახლში წამათრია. კანის დაწითლებამდე მხეხა. მას შემდეგ, ჯულია რობერტსიც აღარ მიყვარდა.
სამსახურიც ნაზიმ დამაწყებინა. ჩემით ეგეც ვერ მოვახერხე. დედაჩემის თანამშრომლის შვილი მუშაობდა მარკეტინგულ კომპანიაში. ოფის მენეჯერი სჭირდებოდათ. საქმე მარტივი იყო. ვბეჭდავდი საბუთებს, ვუკვეთავდი ტუალეტის ქაღალდს, თუ საჭირო გახდებოდა, ვურეკავდი ხელოსანს და ფენსი-შმენსი კლიენტებისთვის ხანდახან ყავასაც ვადუღებდი. ერთი სიტყვით, არაფერი ისეთი, რასაც ჩემი იურისტის დიპლომი ვერ გაწვდებოდა. იმ ქალის შვილმაც სიტყვა შემაწია, მამა არ ჰყავს, უჭირთო და მეც მარტივად მოვეწყე. დიდად მეგობრები არ მყავდა სამსახურში. დედაჩემის თანამშრომლის შვილი ზრდილობიანი და საყვარელი გოგო იყო, თუმცა მეგობარს ნამდვილად ვერ დავარქმევდი. ის გოგო სულ სხვა წრეს ეკუთვნოდა. ყოველთვის ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა, ხმამაღლა იცინოდა და თავდაჯერებულად ლაპარაკობდა. სიმართლე გითხრათ, არც არასდროს მდომებია, ჩემი მეგობარი ყოფილიყო, მინდოდა ის ვყოფილიყავი თავად.
ყველაზე ხშირად მიშოზე ვანძრევდი. მიშო ჩემს კომპანიაში ერთ-ერთი მთავარი მენეჯერი იყო. იერარქიით მესამე კაცი ოფისში, თუმცა თავი ყოველთვის ისე ეჭირა, როგორც პირველს. ტანზე მომდგარი თეთრი პერანგი ეცვა ხოლმე, თეთრივე საყელოთი, რამდენიმე შეხსნილი ღილითა და იდაყვებამდე აკაპიწებული სახელოებით. სამსახურში არასდროს აგვიანებდა. მე პირველი მივდიოდი და, შესაბამისად, ეს კარგად ვიცოდი. მოაყენებდა ბორდიურთან თავის შავ მერსედესს და ხელში გასაღების ტრიალით ამოდიოდა კიბეზე. ვფიქრობდი, ოდესმე თუ სხვაგან ვიმუშავებდი და უკეთესი ხელფასი მექნებოდა, მეც ასეთ მერსედესს ვიყიდდი ჩემთვის, ოღონდ ვერცხლისფერს. თუ სადმე გადამაწყდებოდა, მიღიმოდა კიდეც. ძირითად დროს მაინც თავის კაბინეტში ატარებდა, სადაც სხვა თანამშრომლებიც ხშირად იყრიდნენ თავს. ოთახიდან ყოველთვის სიცილის ხმა გამოდიოდა. საერთო სიცილის ხმაში ხშირად დედაჩემის თანამშრომლის შვილის ხმასაც ვარჩევდი. ვოცნებობდი, რამე საბაბი მომცემოდა და მიშოს კაბინეტში მეც მოვხვედრილიყავი. თუნდაც სადმე კუთხეში ვმდგარიყავი, თუნდაც არც გამცინებოდა.
ოფისის კარის ჩაკეტვა მე მევალებოდა, შესაბამისად, სამსახურიდან ბოლო მივდიოდი. ვხედავდი, როგორ სხდებოდნენ ჩემი თანამშრომელი გოგოები მიშოს შავ მერსედესში. ერთხელ დედაჩემის თანამშრომლის შვილიც ჩაჯდა. როცა ბოლო მანქანამაც დატოვა ავტოსადგომი, ყველა ოთახი დავიარე და ჩემს მარტოობაზე დასტური მივიღე. გულამოვარდნილი მიშოს კაბინეტისკენ გავეშურე. კარი მაინც ფრთხილად შევაღე და როდესაც საბოლოოდ დავრწმუნდი ოთახის სიცარიელეში, შევედი და მის სავარძელში ჩავჯექი.
მაგიდაზე მიმოფანტული ქაღალდები მოვიმარჯვე და საქმიანი სახე მივიღე: „ჩემი აზრით, ამ თვეში გარღვევა გვაქვს ბიუჯეტში და ასე გაგრძელება აღარ იქნება“, „ქეთი, შენ გამო მე ამ კლიენტს ვერ დავკარგავ, ხოდა იცოდე, როგორც გინდა, ისე ულოკე ტრაკი“, „ჩემ ყლეს, თუ ვერ ასწრებ პრეზენტაციას, ხვალაა დედლაინი და შენ უფრო დაგენძრევა რო რამე, ვიდრე მე“. ხმამაღლა ვიძახდი კაბინეტიდან გაგონილ ყველა ფრაზას და უფრო და უფრო ვსველდებოდი. მარცხენა ხელი ყელზე მოვიჭირე, მარჯვენათი კი ვანძრევდი. ვფიქრობდი მიშოზე და დედაჩემის თანამშრომლის შვილზე. წარმოვიდგენდი გოგოს შიშველ მკერდს როგორ ეხებოდა მიშოს ხელები. წარმოვიდგენდი მიშოს ოფლიან სახეს და გათავების დროს გამოცემულ უხმო ხავილს. ყველაზე ხანგრძლივი ორგაზმი მაშინ მქონდა. სახლში გვიან მოვედი. არ მინდოდა, ნაზის სახე მენახა. პირდაპირ ჩემს ოთახში შევიძურწე და კმაყოფილმა დავიძინე.
რამდენიმე დღეში თინდერი გავაკეთე. დასვენების დღეს, როცა ნაზი სახლში არ იყო, ფოტოსესია მოვაწყე და ვეცადე, შედარებით სექსუალური ფოტოები გადამეღო. ტანზე არამიშავდა, მაგრამ სახეს ვერაფერს ვუხერხებდი. ყველა ფოტოში იდიოტის გამომეტყველება მქონდა. საბოლოოდ, მაინც სხეულზე ვაქცენტირდი და ისეთი ფოტოები შევყარე. ერთი-ორი უცხო ბიჭი დავმეჩე. არცერთთან შეხვედრა არ მინდოდა, თუმცა მათთან ლაპარაკი მაინც მსიამოვნებდა.
ერთ კვირაში სასწაული მოხდა. თინდერის ალგორითმმა მიშო ამომიგდო. ფოტოზეც ის პერანგი ეცვა, მე რომ ყველაზე მეტად მომწონდა. ხელში შამპანურის ჭიქა ეჭირა და რომელიღაც ფესტივალის ბანერთან იდგა. დავალაიქე, იმანაც დამალაიქა. მაშინვე მომწერა, ხვალ გავისეირნოთო. სუნთქვა იმდენ ხანს შემეკრა, კინაღამ დავიხრჩვე. ოთახიდან გამოვვარდი და სახლში სიარული დავიწყე. ყველგან ნაზის ვეძებდი, მაგრამ არსად ჩანდა. ცოტა ხანში ოთახში დავბრუნდი და კარგი-თქო ვუპასუხე. დედა გვიან დაბრუნდა. ლოდინმა გაანელა ჩემი გრძნობა, მაგრამ სამზარეულოში მჯდომს ერთი-ორჯერ მაინც მედიდურად ჩავუარე გვერდით და ზევიდან გადმოვხედე. ყურადღებას არ მაქცევდა. ეს კიდევ უფრო მაბრაზებდა.
დრო მიიწელებოდა. ჩემი არსებობის განმავლობაში, ალბათ, ყველაზე გრძელი დღე იყო. ყველანაირად ვცდილობდი, ოფისში სადმე მიშოს არ გადავყროდი. რაც უფრო ახლოვდებოდა 7 საათი, უფრო და უფრო მიტანდა ნერვიულობა. ვიცოდი, ვერსად გავიქცეოდი. ტანზე დედაჩემის დაგოიმებული ციგნების პერანგი და ყველაზე მოკლე ქვედაბოლო მეცვა, რაც სახლში მქონდა. პერანგის ღილები ისე შევიხსენი, პირველ ხელფასზე ნაყიდი, წითელკრუჟაოებიანი ლიფი რომ გამომჩენოდა. ყველა რომ წავიდა, მიშომ ჩემს ოთახში თავი შემოყო და წავიდეთო, მითხრა. მანქანამდე ჩუმად გავყევი, არც მიკითხავს, სად მივდიოდით. აღფრთოვანებული ვათვალიერებდი შავი მერსედესის სალონს და მიშოს საკუთრებაში არსებულ ნივთებს. მინდოდა, ყველაფერს შევხებოდი.
მიშომ მანქანა ლისზე აიყვანა და იქ გააჩერა. ველოდებოდი, კარი როდის გაიღებოდა და მანქანიდან გადავიდოდით, თუმცა შევცდი. მიშომ ჯერ მუსიკას აუწია, შემდეგ კი ჩემკენ გადმოიხარა და ყურთან კოცნა დამიწყო. ყურში საოცარ რამეებს მეჩურჩულებოდა. მეუბნებოდა, როგორი მიმზიდველი ვიყავი და როგორ ვუნდოდი. ცალი ხელით პერანგის ღილებს მიხსნიდა, მეორეთი კი წელზე მეხვეოდა. მანქანის სავარძელი თითქმის შეუმჩნევლად გადაწია, რომ უფრო კომფორტულად მომდგომოდა. პერანგი მთლიანად გამხადა და ჩემი მკერდის ზელა ისე გააგრძელა. თვალებში თავხედურად მიყურებდა და ჩემს გამომეტყველებას აკვირდებოდა. თავბრუ მეხვეოდა და განძრევა არ შემეძლო. ვერაფერზე ვფიქრობდი, დედაჩემის გარდა. ვფიქრობდი, როგორ იდუღებდა სახლში ყავას, როგორ ლოღნიდა უკანა ღრძილებით ფხვიერ ორცხობილას, როგორი გაშტერებული მზერით უყურებდა კურიერს და შიგადაშიგ როგორ იხედებოდა მაჯის საათზე უკმაყოფილოდ.
მიშო გულ-მკერდს მიკოცნიდა და ახლა ჩემი ქვედაბოლოს ღილების გახსნას ცდილობდა. ჩემი ღილების შეხსნა რომ დაამთავრა, თავისაზე გადავიდა. შარვლიდან ყლე ამოიღო და ხელი მომაკიდებინა. ცდილობდა, ჩემი ხელი თავად გაემოძრავებინა, თუმცა გაშტერებული ოდნავადაც არ ვინძრეოდი. უკმაყოფილოდ რომ შემომხედა, ყვირილი დავიწყე. მთელი ძალით ვურტყამდი ხელებს ფანჯრის მინას და გამიშვი-მეთქი, ვღიალებდი. მანქანის კარი გამოვგლიჯე და გავიქეცი. ერთხელაც არ მიმიხედავს უკან, დედაჩემის ნაჩუქარი პერანგიც მანქანაში დავუტოვე.
სახლში ლიფის ამარა დავბრუნდი. დედა მისაღებ ოთახში არ დამხვდა, უკვე დაწოლილიყო. საძინებელში შევაჭერი და თავზე წამოვადექი. შეშინებული სახე ჰქონდა, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. თვალი თვალში გავუყარე და ვუთხარი — „მეზიზღები“. დედას კარი გამოვიხურე და ჩემს ოთახში წავედი დასაძინებლად. მას შემდეგ დედაჩემს აღარც ტვინი მოუტყნავს და არც ბოზი დაუძახია ჩემთვის.
ცხოვრება ჩვეულებრივ გრძელდებოდა. მიშოს ერთი სიტყვაც არ უთქვამს, მე კი ხანდახან მაინც ვფიქრობდი მასზე. ერთხელაც მიშო სამსახურიდან გაუშვეს ფულის მოტეხვაზე და მის ადგილას ახალი მენეჯერი დანიშნეს.
მაგ დღის შემდეგ მასზე ერთხელაც აღარ დამინძრევია.
© არილი