ესე

მალხაზ ხარბედია – “ამბავისტის” ჩანაწერები

19-ე საუკუნის პირველ ნახევარში, სანამ ტფილისში პრესა გაჩნდებოდა და ცნობისმოყვარე მოსახლეობა “გაზეთში ჩაგდებული” ამბებით დაიწყებდა საზრდოობას, ქალაქში ინფორმაციის მთავარ მატარებლებად და გადამცემებად ე.წ. “რაამბავისტები” არსებობდნენ. მაქსიმე ბერძნიშვილმა თავის ერთ კარგ წიგნში კარგი აბზაცები მიუძღვნა ამ ინსტიტუტს, “სალაყბოს”, ანუ “ამბავისტებს”, რომლებიც მაშინ ბატონის მოედანზე იყრიდნენ თავს (ბატონის მოედანს 1828 წელს გუბერნატორის მოედანი დაერქვა, მოგვიანებით ეგზარქოსისა, დღეს კი, ერეკლეს მოედანი ჰქვია) და ქალაქის მოსახლეობას საინფორმაციო წყურვილს უკლავდნენ. ამბავისტებისკენ აპარებდნენ ყურს ჯერ კიდევ 1800 წელს გენერალი ლაზარევი და საქართველოს მომავალი მთავარმართებელი კნორინგი, ამავე მოედანზე შეხვდა ქართული საზოგადოება ქვეყნის ანექსიასაც, ერთი წლის შემდეგ, აქვე გაირჩეოდა 1812 წლის კახეთის აჯანყების დეტალები და 1832 წლის ცნობილი შეთქმულების ცინცხალ ამბებსაც აქ შეიტყობდნენ ტფილისელები.
200-ზე მეტი წლის შემდეგ, საქართველოს მორიგი ოკუპაციისას, სამწუხაროდ ზუსტად იგივე სიტუაცია დავინახეთ ჩვენს დედაქალაქში. საომარი მოქმედებებიდან 2-3 დღის შემდეგ, როცა მოსახლეობა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ოფიციალური ტელევიზიებიდან ვერაფერს ახალს ვერ გაიგებდნენ, როცა სახელდახელოდ შექმნილი “საინფორმაციო ცენტრის” ტრიბუნიდან საკმაოდ უცნაური განცხადებები გააკეთეს ენადაბმულმა ქართველმა პოლიტიკოსებმა, თავად “საინფორმაციო ცენტრმა” კი წესად შემოიღო ღამის 10-11 საათზე დამშვიდობება, ხალხმა პარლამენტის წინ (სხვა მოედნებზეც) შეკრება დაიწყო და თავისი ძალებით სცადა ინფორმაციის მოპოვება (არადა მაშინ საკმაოდ რთული იყო ადგილის პოვნა ამგვარი შეკრებებისთვის, იმიტომ, რომ მთელი ქალაქი ხელისუფლების თხოვნით მოწყობილი აქციების ტალღაში იყო გახვეული).
ამ დროისთვის, როცა პირველი “ამბავისტური” მიდრეკილებები გამოჩნდა საზოგადოებაში, ზოგიერთ ინტერნეტ-ფორუმზეც კი უკვე ძალიან იყო შეზღუდული ფორუმელთა უფლებები, ზოგიერთი კი საერთოდაც, დახურეს. გამორთეს მთელი რუნეტი (რუსული ტელეარხები კონფლიქტის პირველივე საათებში გათიშეს) და ყველაზე მრავალმომხმარებლიან ქართულ ელექტრონულ გამოცემებში გამოჩნდა გაფილტრული ინფორმაციები.
ყველაფერ ამის გამო, “ამბავისტების” ინსტიტუტი მთელი თავისი სისავსით აღდგა (ძალიან გთხოვთ, რიგით თბილისურ ჭორებთან ნუ გავაიგივებთ “ამბავისტების ღვაწლს”, მიუხედავად იმისა, რომ ზოგს შეიძლება საკმაოდ ბუნდოვანი ეჩვენოს მათ შორის ზღვარი) და გარკვეული დროის მანძილზე ასეულობით ადამიანი მისი ამბებით იკვებებოდა. რამდენჯერმე მყავს ეს ხალხი ნანახი პარლამენტის წინ, სადაც ერთად იყრიდნენ ხოლმე თავს თბილისელები, რამდენიმე სამხედრო, დევნილები – რომლებიც სულ რაღაც ორი დღის წინ მოსწყვიტეს მშობლიურ მიწას – ჰოდა იდგნენ და ამბებს ყვებოდნენ. “ამბავისტური” თავყრილობები ეწყობოდა მცირემომხმარებლიან ინტერნეტ ფორუმებზეც, ხოლო “დიდ ქართულ” ფორუმებზე “ამბავისტურ” აზრთა გაცვლა-გამოცვლას შსს-ს ვოლონტერები აკონტროლებდნენ, მიდიოდა წაშლისა და რედაქტირების ურთულესი პროცესი, ზოგი გაფრთხილებასაც კი იღებდა, ხშირი იყო ე.წ. “ბანის” შემთხვევებიც. თუმცა ხანდახან ისეც ხდებოდა, რომ რედაქტირებით გადაღლილი აქტივისტები იძინებდნენ და გვიან ღამით ბურთი და მოედანი “ამბავისტებს” რჩებოდათ. მახსენდება 11 აგვისტოს ღამის 4-5 საათი, როცა თბილისში რამდენიმე ბომბი ჩამოაგდეს. რა თქმა უნდა, ეგრევე ტელევიზორი ჩავრთე. ტელევიზორში შსს შიშინებდა. გამახსენდა, რომ “საინფორმაციო ცენტრი” იმ საღამოსაც 10 საათზე დაგვემშვიდობა, ასე რომ, ჩვენი არხებიდან ვერაფერს შევიტყობდი. ჰოდა ავდექი და ერთ-ერთ დიდ ქართულ ფორუმს მივაკითხე. იქ უკვე გაეხსნათ 3 წუთის წინ მომხდარზე თემა, “მიმდინარეობდა კვლევა-ძიება…” მოკლედ, დაახლოებით 10 წუთში ფორუმელებმა ზუსტად დაადგინეს ბომბების ჩამოყრის ადგილი, ერთმა მაღალსართულიანი კორპუსის მცხოვრებმა კი ფაქტის ამსახველი ფოტოებიც კი “დაყარა” ფორუმზე.
მეორე დღეს ის ფორუმი დახურეს.

ალღოთი გამორჩეული

სულ სხვა ცხოვრება დაიწყო 11-12 აგვისტოდან, ამ დროს უკვე ვგრძნობდი ჩემს თავში რაღაც ცვლილებებს, “ერთ მშვენიერ დღეს კი, ამ წერილის ავტორმა გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ საშინელ მწერად გადაქცეულიყო”. მოკლედ, მოხდა წარმოუდგენელი მეტამორფოზა და მეც “ამბავისტი” გავხდი, მაიძულეს. ეს ის დღეები იყო, როცა უკვე პირველი აზრიანი გამოხმაურებები გამოჩნდა უცხოურ პრესაში და მეც, რა თქმა უნდა, უფრო მეტად მივეჯაჭვე ინტერნეტს.
ამ სტატიების მხოლოდ სათაურებისთვის რომ გადაგვევლო თვალი, საკმარისი იქნებოდა, რათა ჟარგონით კარგად გაჯერებული ჩახლართული სიუჟეტი მიგვეღო ეფექტური დასაწყისითა და ბუნდოვანი გაგრძელებით. ამ სათაურებს მიღმა ცნობილი და უცნობი ავტორები, მწერლები, ანალიტიკოსები, პოლიტიკოსები და ზოგჯერ, უბრალოდ ხუმარა ხალხიც კი გამოერეოდა ხოლმე. გლობალურ ქსელში, უფრო კონკრეტულად კი დასავლური გამოცემების ვებ-გვერდებზე იმდენი ნაწერი დაგროვდა ჩვენს ქვეყანაში მომხდარისადმი მიძღვნილი, რომ გარკვეული “ალღოს” გარეშე შეუძლებელი გახდებოდა მასთან გამკლავება. ეს “ალღოც” ამ სტატიების კითხვისას გამომუშავდა, მისი წყალობით უკვე ლამის გრაფიკული გარეგნობით შემეძლო სტატიის შინაარსისა და პათოსის ამოცნობა, რომ არაფერი ვთქვათ ავტორის გვარზე და გაზეთის დასახელებაზე. ამ “ალღოს” ანატომიის აღწერა შორს წაგვიყვანდა, ამიტომ სჯობს მისივე წყალობით გამოფილტრულ თემატურ ბლოკებს გადავხედოთ, რომელიც ამ ზღვა მასალიდან გამოირჩა.

სააკაშვილი და “რედ ბული”

სჯობს ყველაზე მშობლიურით და ახლობელით დავიწყოთ, ჩვენი პრეზიდენტით, რომელზეც პირველი მწვავე შეფასებები პირველივე სტატიებში გამოჩნდა. მაგალითად, ბრიტანელმა “მტრედმა” (“ქორებად” და “მტრედებად” დანაწევრების პრინციპებს შემდეგ თავებში გავეცნობით) რობერტ სკიდელსკიმ სააკაშვილს “უჭკუო პოლიტიკოსი” უწოდა, რომელიც “შეეცადა ქვეყნის თეორიული სუვერენიტეტი პრაქტიკულად ექცია და შედეგად საქართველოს თეორიული სუვერენიტეტიც კი დაკარგა”. წერილს იგი იმით ამთავრებდა, რომ სააკაშვილის თავიდან მოშორებას გვირჩევდა, “არა სამხედრო დანაშაულებისთვის, არამედ სრული არაკომპეტენტურობისთვის”. ანატოლ ლივენი (“თაიმსიდან”) სააკაშვილს დასავლეთისთვის ხაფანგის დაგებაში ადანაშაულებდა. მისი სიტყვით, “როგორ შეიძლება ენდო ადამიანს, რომელიც ცდილობდა ომში ისე ჩავეთრიეთ, რომ აზრიც კი არ გვკითხა ამის შესახებ”. სხვა ავტორი კი პირიქით, ხაფანგის მსხვერპლად სახავდა მას: “ამოთხარეთ ორმო საქართველოს ლიდერის თვალწინ და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იგი იქ ჩავარდება”.
ერთი სიტყვით, დასავლეთში მეტაფორებისა და შედარებების ყველა თესაურუსი მოაღეს სააკაშვილის დასახასიათებლად, ნაირნაირი სახელითა და ზედსართავით ამკობდნენ მას. ბჟეზინსკიმ მის ნაბიჯს “ბრიყვული” უწოდა, სხვებმა “იმპულსური”, “თავხედური” და “გაუწონასწორებელი”, მეთ ბრაიზამაც კი გაიმეტა სიტყვა “შეცდომა”. ყველა ერთხმად ამბობდა, რომ მოუთმენელმა სააკაშვილმა არაფრად ჩააგდო ამერიკელთა გაფრთხილებები და მაინც გაება პუტინის ხაფანგში (არადა ჩვენ პირიქით ვიცოდით, ღმერთი, რჯული, სააკაშვილი აფრთხილებდა დასავლეთს).
თუმცა ჩვენს პრეზიდენტს ქომაგებიც ბლომად აღმოაჩნდნენ, და ესენი არ იყვნენ მხოლოდ ბალტიისპირელი ან პოლონელი ანალიტიკოსები და ჟურნალისტები, არამედ ცნობილი ამერიკელი მწერალი (როგორც იგი თავის თავს უწოდებს) და ჩვენი პრეზიდენტის მეგობარი (ესეც მისგან ვიცით) მელიქ კაილანი (წერს გამოცემებისთვის, Wall Street Journal, Vogue, New York Times, Forbes და ა.შ.). იგი ლამის ერთად-ერთი იყო დასავლელ ავტორთაგან, ვინაც ჰალსტუხის ღეჭვის ცნობილი კადრების საპასუხოდ მწვავე გულისტკივილით ამოსთქვა: “გამოჩნდა აბსურდული და დესტრუქციული ვიდეოკადრები, სადაც პრეზიდენტი საკუთარ ჰალსტუხს ღეჭავს (იგი ხანდახან ხელსახოცსაც ღეჭავს, რათა მოწევის სურვილი დაძლიოს), მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ სააკაშვილი მასტიმულირებელ პრეპარატებს იღებს, სინამდვილეში კი გასამხნევებლად იგი Red Bull-ს სვამს”.
მემგონი უნდა ვენდოთ ამ კაცს, იგი ხომ ბოლო 1 თვის მანძილზე დაწერილ ყველა სტატიაში აღნიშნავს, რომ საათები კიარა, დღეები გაუტარებია პრეზიდენტის გვერდით და კარგად იცნობს მას, ისევე, როგორც ჩვენს ქვეყანას. რასაც ვერ ვიტყვით შემდეგი ქვეთავის გმირებზე.

სტალინის საჩუქრები

კიდევ კარგი ტაბლოიდების ვებ-გვერდებს არ ვათვალიერებდი, თორემ აი იქ კი მართლა ბევრ სისულელეს მოაგროვებდა კაცი. ამის მიუხედავად, უცოდინრობა და არასწორი დასკვნები “რესპექტაბელურ” გამოცემებშიც ბევრი იყო. უპირველეს შეცდომად ფუკუიამას ძველი იდეები მიიჩნიეს. ყველა, ვისაც არ ეზარებოდა, ფუკუიამას დასცინოდა ისტორიის დასასრულის გულუბრყვილო იდეის გამო, ერთმა ისიც კი დაუწერა, “ისტორიამ თავისი სვლა განაახლა და მისი დასასრულის მაცნეც კუდში ამოიყენა მაჩანჩალად”-ო. ძალიან ბევრს ამასთან დაკავშირებით სხვა არაფერი გაახსენდა “ისტორიის დასასრულზე” სოლჟენიცინის რეაქციის გარდა, “ახალი სასტიკი ძალის შესახებ”. ერთი სიტყვით, საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა თავიდანვე აჩვენეს ზოგიერთი იდეის უსუსურობა, რაც მოგვიანებით უცოდინრობითა და არასწორი მოთხოვნებით დაგვირგვინდა.
მაგალითისთვის, ზემოხსენებული რობერტ სკიდელსის აზრით კრიზისის გადაწყვეტა მხოლოდ საქართველოზე იყო დამოკიდებული, მხოლოდ მას შეეძლო. ხოლო ალენ მინკი, ლევი-გლუკსმანთან პოლემიკაში აღნიშნავდა, რომ ისტორია სერბებს უფრო სწყალობდა, ვიდრე ქართველებს, რადგან კოსოვო საუკუნეების მანძილზე სერბებს ეკუთვნოდათ, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი კი სტალინის რეჟიმმა მიუერთაო საქართველოს. სტალინური მიერთების ბრიყვულ იდეას იზიარებს და სამარცხვინო ნიუანსებით ავსებს სახელოვანი ნოამ ჩომსკიც. იგი პირდაპირ ამბობს, “ოსეთი სტალინმა თავის სამშობლოს, საქართველოს გადასცაო” და შემდეგ სოფისტური გაღრეჭვით გვაწვდის მახვილგონივრულ დასკვნას: “არსებითად, დღეს დასავლური სახელმწიფოები ამტკიცებენ: სტალინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განუხრელად უნდა დავიცვათ”-ო.
კიდევ უფრო “ჭკვიანურ” კითხვას სვამს ერთი ფრანგი მიმომხილველი “ფიგაროდან”: “ნუთუ მართლა შეუძლია იოსებ სტალინის ქვეყანას რუსეთის მტრად გადაიქცეს?”.

“რუსული ცივილიზაცია”

სულ მალე გაირკვა, რომ რუსეთში ქვეყანა კიარა, მთელი ცივილიზაცია იგულისხმებოდა. ეს ქვესათაური, მართალია უცნაურად ჟღერს, მაგრამ ზოგიერთი მიმომხილველის სიტყვით, პუტინის მეორე ვადის პერიოდში სრულიად სერიოზულად დაიწყეს ამ თემის დამუშავება. “რუსული ცივილიზაციის” იდეა, ბევრის აზრით, არაფრით ჩამოუვარდება “ევროპული ცივილიზაციისას”, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის ერთ-ერთ მატრიცას წარმოადგენს. რუსეთის, როგორც ევროპასა და აზიას შორის გაწოლილი განსაკუთრებული ქვეყნის კონცეფცია ბოლო წლებში ახალი შინარსებით შეივსო, თუმცა მთავარმა პრობლემებმაც მალე იჩინეს თავი, პირველ რიგში კი მიზიდულობის ძალის არქონამ (უფრო მეტიც, ანტიპატიამ) და რეგიონალური ინტეგრაციის ინიცირების სრულმა უუნარობამ. ამას დაემატა ღრმა პოლიტიკური მარტოსულობაც (რა პოეტურად ჟღერს!) და იმის გაცნობიერება, რომ ნიკარაგუასთან, სირიასთან, ბელორუსთან და “ხამასთან” ერთად შორს ვერ წახვალ.
ზეობიექტური ევროპელი კომენტატორები ყველაფერს დასავლური დემოკრატიების წარმოუდგენელ ეგოცენტრიზმს აბრალებენ, რომლებმაც ვერ მოახერხეს საბრალო რუსეთის ცხოვრებით ცხოვრება, რათა ჩაწვდომოდნენ თუ რა გამოიარა ამ ქვეყანამ 20 წლის მანძილზე. მათი აზრით რუსეთი გარდამავალ პერიოდშია, ისევე, როგორც 1970-იანი წლების ბრაზილია და ომის შემდგომი პერიოდის იაპონია და ამიტომ ამ კომენტატორებს არც ერთპარტიული მმართველობა აკვირვებთ. რუსეთს მადლობასაც კი უხდიან იმისთვის, რომ უნივერსალური იდეოლოგიის მეშვეობით არ ცდილობენ სამყაროს “გადარჩენას” და დიდ პლიუსად უთვლიან თავმოყვარეობას, განსხვავებით ბევრი დასავლეთ ევროპელისგან, რომლებიც უბრალოდ ვერ იტანენ საკუთარ თავს.

პოსტ-ამერიკა

თავმოყვარეობას ვერც ამერიკელებს წაართმევ, თუმცა ბევრის აზრით, ამ ამაყი ადამიანების ჰეგემონიამ ძალა დაკარგა. ცნება “პოსტ-ამერიკა” ცოტა ხნის წინ ფარიდ ზაკარიამ შემოიტანა. ყველა თანხმდება, რომ მამა-ბუშის მიერ გამოცხადებული, ამერიკის ერთპოლარული ხანა დასრულდა, ისტორიას ჩაბარდა “გლობალური გაქანების” ფილოსოფია და რეგიონალური პოლიტიკის ერა დაიწყო. აღმოჩნდა, რომ რეგიონალური მოთამაშეები უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ევროკავშირი და რუსეთი ევროპაში, ირანი და მდიდარი არაბული სახელმწიფოები ახლო აღმოსავლეთში, ჩინეთი აზიაში, ბრაზილია და ვენესუელა ლათინურ ამერიკაში.
როგორც ამბობენ, სამყაროს ამ ახალ კონტურებს მხოლოდ ობამა ხედავს (განსაკუთრებით ახლა, არჩევნების წინა პერიოდში გაუმახვილდა მზერა), მხოლოდ მას აქვს გაცნობიერებული, რომ არ შეიძლება სამყაროს დაყოფა დემოკრატიებად და ავტოკრატიებად და რომ დიპლომატიის ახალ ეპოქას დასავლეთი მოუმზადებელი ეგებება. ამასობაში კი “ბრიჩ”-ის ქვეყნები (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) მოქმედებების ერთიან პროგრამას აყალიბებენ და თუკი ექსპერტებს ვენდობით, 2035 წლისთვის მათი მთლიანი შემოსავალი “დიდი შვიდეულისას” გადააჭარბებს.
როცა თებერვალში კოსოვოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, ერთმა ევროპელმა დიდი თანამდებობის ჩინოვნიკმა თქვა, რომ დასავლეთს ძალიან ძვირი დაუჯდებოდა ეს გადაწყვეტილება. საქმე იმაში კიარაა, რომ დასავლეთი მტყუანი იყო, როცა ამ ნაბიჯს დგამდა ან ნატო იყო მართალი საქართველოს მაპის გადავადებით. უბრალოდ ახალ სამყაროში სულ უფრო მეტად უნდა დავუფიქრდეთ შედეგებს, რაც შეიძლება ჩვენს ნაბიჯებს მოჰყვეს. როგორც ნადერ მუსავიზადე ამბობს (გახსოვთ ალბათ, აშშ-ს ელჩი გაეროში), “ჩვენ შესაძლოა კმაყოფილებას განვიცდიდეთ კოსოველთა მხარდაჭერით ან ქართველების გამხნევებით, მაგრამ შესაძლოა ამის გამო რომელიმე სხვა არენაზე მოგვიწიოს საფასურის გადახდა”.

“ნაბუკო” – ოპერა ჩაიშალა?

პოსტამერიკულ პრობლემატიკასთანაა დაკავშირებული ნავთობის საკითხიც, რომელსაც კონფლიქტის პირველ პერიოდში საკმაოდ ოპტიმისტურად აფასებდნენ და კიდევ უფრო მეტი იმედი მოეცათ დიკ ჩეინის კავკასიაში ვიზიტის წინა დღეებში, რომლის მთავარი მიზანიც რუსეთის გამოთიშვა იყო რეგიონიდან დასავლეთისთვის ნავთობის და გაზის მიწოდების საქმეში. ჩეინის ვიზიტი ასევე ითვალისწინებდა ილჰამ ალიევის არჩევანის დაჩქარებასაც, ამ არჩევანის გაკეთებას აზერბაიჯანი ათი წლის მანძილზე არიდებდა თავს. უმნიშვნელოვანესი იყო Nabucco-ს საკითხის გარკვევაც, ანუ იქცეოდა თუ არა ეს გაზსადენი ევროპის გათავისუფლების სიმბოლოდ (თავის დროზე ვერდის ოპერაც ცვლილებების სიმბოლოდ იქცა) და მრავალი სხვ.
სულ სხვა განწყობილება სუფევდა შეხვედრის შემდეგ, გაზეთმა “ტაიმსმა” დიკ ჩეინის ვიზიტს აზერბაიჯანში ლამის კატასტროფული ჩავარდნა უწოდა. როგორც გაზეთი წერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ზედიზედ რამდენიმეჯერ საჯაროდ შეურაცხყო ჩეინი, შეხვედრის დასასრულს კი საერთოდაც მედვედევს დაურეკა, გულმოსული ვიცე-პრეზიდენტი კი მის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ ბანკეტზეც კი არ დარჩენილა ამის გამო.
ამასობაში სულ თარისა და დაირის თანხლებით მიიწევს წინ საქმე კასპიის გადაღმა ქვეყნებში. იქ ნაბუკოზე არც კი ფიქრობენ და ყაზახეთ-უზბეკეთი ერთობლივად აპირებს რუსეთში მიმავალი გაზსადენის გაყვანას. გარდა ამისა, ნაბუკოს ემუქრება “სამხრეთ ნაკადის” პროექტი, ხმას არ იღებს თურქეთიც, რომელიც რუსეთიდან, შავი ზღვის გავლით იღებს გაზს, ხოლო ირანი საერთოდაც ამ დასავლური პროექტის ბლოკირებას აპირებს და ცოცხალი თავით ეცდება კასპიის ზღვის ფსკერს არავინ გააკაროს.

ქორები და მტრედები

ამ მწვავე ვითარებაში მსოფლიო ორად გაიყო, ერთ მხარეს მოხვდნენ ქვეყნები, რომლებსაც ჟურნალისტები “ქორებს” უწოდებენ, მეორე მხარეს კი “მტრედები”. იგივე პრინციპით დაიყვნენ პოლიტიკოსები და ანალიტიკოსებიც.
ქორებს მიეკუთვნებიან ქვეყნები, რომლებმაც საკმაოდ მკაცრი პოზიცია დაიკავეს რუსეთის წინააღმდეგ. ესენია პირველ რიგში აშშ, პოლონეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, დიდი ბრიტანეთი და სხვ. მტრედები კი ძირითადად ევროპაში ღუღუნებენ: იტალია, გერმანია, ბულგარეთი, საბერძნეთი, უნგრეთი… სადღაც მათ შორისაა მოქცეული საფრანგეთი, რომელიც სხვა დროს ალბათ მტრედების რიცხვში იქნებოდა, რომ არა ევროპის წინაშე აღებული ვალდებულება. დღეს იგი ერთად-ერთი ქვეყანაა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ევროპამ ერთიანი პოზიცია შეიმუშავოს, არც ქორივით იკივლოს, მაგრამ უდარდელ ღუღუნსაც დაანებოს თავი. პოლიტიკოსთაგან უკვე სტაჟიან ქორად ითვლება დიკ ჩეინი, ასევე ჯონ მაკკეინი, ახალი თაობიდან კი ბრიტანელები, დევიდ მილიბენდი და დევიდ კემერონი. მტრედების რიგებში იტალიელი და გერმანელი პოლიტიკოსები მოიაზრებიან, ასევე გადაღლილი, ყოფილი მინისტრები დიდ ბრიტანეთში და მრ. სხვ.

ანალოგიების წინააღმდეგ

სწორედ “ქორები” იყვნენ პირველი პარალელების ავტორები. საქმე ისაა, რომ თავდაპირველად მოვლენების შეფასებაში ნეოკონსერვატორებმა აიღეს ინიციატივა და დაიწყო ანალოგიების გრძელი ნუსხის შევსება: 1914 წელი, ბუდაპეშტი, პრაღა, გიტლერი, სტალინი, ცივი ომი და ა.შ. ჟურნალისტმა დევიდ რემნიკმა ამგვარ რიტორიკას “კომიქსური” უწოდა და იგი ერთ-ერთი პირველი დაუპირისპირდა მას. მალე ექსპერტებმაც ცხადად დაგვანახეს, რომ ამ ანალოგიებს საფუძველი აკლდა, რადგან მიმდინარე მოვლენები იდეოლოგიურ და გლობალურ განზომილებაში არ განიხილებოდა და მეტი სიზუსტისკენ მოუწოდებდნენ ამგვარი პარალელების ავტორებს. პირველ რიგში აუცილებელი იყო სიტუაცია წარმოგვედგინა როგორც განსაკუთრებული, ცალკეული შემთხვევა, მითუმეტეს, როცა საუბარი კავკასიის რეგიონს ეხებოდა. არადა უცნაურია, ანალოგიებს ყველაზე აქტიურად სწორედ ჩვენ, ქართველები მივმართავდით, პირველივე დღიდან ავიტაცეთ ეს კლიშეები და ჩვენი ხელისუფლება დღემდე ვერ გამოსულა მათი გავლენიდან.
სხვათა შორის, ანალოგიებს ვერც ცივი ომის რიტორიკის მოწინააღმდეგეებმა დააღწიეს თავი. მაგალითისთვის, ალენ მინკი გვირჩევდა: “საქართველოს პრეზიდენტმა ფინური დემოკრატიის ნიმუში უნდა გაითვალისწინოს, რომელმაც შეძლო შეენარჩუნებინა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, არადა მუდამ საბჭოთა კავშირის საფრთხის ქვეშ იყო. პრინციპებსა და თავშეკავებულობას საკმაოდ კარგად შეუძლიათ შერწყმა. ეს შესაძლოა პოლიტიკური ხელოვნების კვინტესენციასაც წარმოადგენდეს”.

გამოსავლის ძიებაში

რადგან რჩევით დავამთავრე წინა თავი, ბარემ უცხოურ პრესაში ბლომად მიმობნეული სხვა რჩევებითვე გავაგრძელებ, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის ძიებისას რომ იშვა სხვათა გონებაში. ზოგიერთი ავტორის წერილი მთლიანად რჩევა იყო, ზოგი კი ბრძნული შეგონებებით მთავრდებოდა. “შეცვალეთ იმპულსური პრეზიდენტი უფრო ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკოსით”, მოგვიწოდებდა ერთი ავტორი და იქვე აზუსტებდა, რომ ჯანსაღი აზროვნება ამ შემთხვევაში “ნატოზე” უარის თქმას და რუსეთთან ჩახუტებას ნიშნავდა. “შეაჩერეთ შავი ზღვის მილიტარიზაცია (ჩვენ არა, ამერიკელებს გულისხმობდა) და ისე ნუ იქცევით, თითქოს კონფლიქტს მაღალი მიზნები ამოძრავებდეს და ეს იყოს ბრძოლა ავტორიტარიზმსა და დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიას შორის”. “ლოკალური კონფლიქტი, ლოკალურ კონფლიქტად უნდა დარჩეს”.
სამწუხაროდ, დრომ გვიჩვენა, რომ ეს ლოკალური კონფლიქტი არ იყო, ამიტომ, როცა პრობლემამ გლობალში გადაინაცვლა, რჩევებიცა და მოწოდებებიც შეიცვალა, გაიზარდა მასშტაბი (ყველანაირი მასშტაბი, მათ შორის, სისულელისაც). აი ერთი ავტორის მიერ შემოთავაზებული გამოსავალთა ნუსხა.
1. ვაღიაროთ, რომ პოსტსაბჭოთა რუსეთისადმი მიმართულ თავის პოლიტიკაში დასავლეთი შეცდომებს უშვებდა.
2. რუსეთის მეზობლებისთვის “ნატოს” წევრობის შეთავაზება პროვოკაციად აღიქმება, ამიტომ მოდით ერთიანად შევთავაზოთ ალიანსის სრულმასშტაბიანი წევრობა რუსეთს, როცა იქ ნამდვილი დემოკრატია დამყარდება.
3. უშიშროების გარანტიები მხოლოდ მაშინ უნდა მივცეთ, როცა შეგვიძლია მისი შესრულება (აგაშენათ ღმერთმა).
4. აუცილებელია ენერგორესურსების დივერსიფიკაცია.
5. აუცილებელია რაც შეიძლება მალე ინტეგრირდნენ უკრაინა და საქართველო ევროპულ ეკონომიკაში და სასწრაფოდ აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკური დახმარება.
6. რუსეთის ელიტამ თავის კისერზე უნდა იგრძნოს საკუთარი მოქმედებების შედეგი.
7. არ უნდა დავკარგოთ ზომიერების გრძნობა. ზუსტად 40 წლის წინ საბჭოთა ტანკები პრაღაში შევიდნენ, მაგრამ დღეს ჩეხები და სლოვაკები თავისუფალი ერები არიან. დასავლეთს უნდა სჯეროდეს თავისი ღირებულებების. საბოლოოდ თავისუფლებისკენ ლტოლვა შიშზე უფრო ძლიერი აღმოჩნდება (ლეტ ჩერეზ სოროკ, გენაცვალე).
წარმოუდგენელი გათვლები გააკეთა “ვაშინგტონ ტაიმსის” მიმომხილველმა, გერი ანდერსონმა. მისი სიტყვით, რუსეთის საქართველოზე თავდასხმაში იყო კარგი ამბავიც და ცუდი ამბავიც. ცუდი ამბები შორს წაგვიყვანდა, კარგი კი იმაში მდგომარეობდა, რომ რუსეთმა აშშ-ს ჩამოართვა “ცუდი ბიჭის”, გნებავთ “ბუას” ტიტული, ეს კი უკვე დიდი გამარჯვება იყო. შემდეგ მოდიოდა სამი ვარიანტი:
ვარიანტი პირველი – საკითხის გადაწყვეტა კოსოვოს სცენარით. რეფერენდუმების გამართვამდე ორი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოკუპირებას ახდენენ გაეროს მშვიდობისმყოფელები. რუსებს ეს ვარიანტი მოსწონთ, რადგან რეფერენდუმზე ცხადია ყველა დამოუკიდებლობას მისცემს ხმას. ქართველებს ეს ვარიანტი არ მოსწონთ, და იწყება ვარიაციები თემაზე, რისი წყალობითაც დროთა განმავლობაში ვნებები შეიძლება ცოტათი დაცხრეს. ერთ-ერთი ასეთი ვარიაცია შეიძლება იყოს გაეროს პროტექტორატის დამყარება ორივე პროვინციაში, მანამ, სანამ პრობლემის მოსაგვარებლად კონფერენციას არ მოიწვევენ. კონფლიქტის დემილიტარიზაცია საშუალებას მისცემს რუსეთსაც და საქართველოსაც ღირსეულად გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან. თუმცა ჯერ ცნობილი არაა, მოინდომებენ თუ არა რუსები ამ სიტუაციიდან გამოსვლას.
ვარიანტი მეორე – აშშ გამოაცხადებს, რომ თავიანთ საექსპედიციო აეროდრომებს რთავენ საქმეში და პიზიციებზე განლაგებისთვის ჯავშანსატანკო ბრიგადებს გამოაგზავნიან, რათა ქართული დემოკრატია და ჩვენს ქვეყანაზე გამავალი ნავთობსადენი დაიცვან. რა თქმა უნდა, რუსები ჩათვლიან, რომ ყულფი ძალიან მოუჭირეს. ნაკლებ სავარაუდოა, რომ მათ უკან დაიხიონ. ამ შემთხვევაში რუსეთი ან დანარჩენი საქართველოს ოკუპაციას მოახდენს, ან ევროპას შეუწყვეტს ნავთობის და გაზის მიწოდებას. ყველაფრის მიუხედავად, თუკი რუსეთის მიერ საქართველოს დატოვებასა და სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობის მიღებაზე უარის შემთხვევაში, ამერიკა ზემოხსენებულ ნაბიჯებს გადადგამს, მაინც დიდი შანსია რუსეთი მოლაპარაკებებზე წამოვიდეს. თუმცა ეს ძალიან სარისკო ვარიანტია.
ვარიანტი მესამე – ყველაზე ნაკლებად რისკიანი. რუსეთის დიპლომატიური იზოლაცია გრძელდება, რათა რუსებს უკანდახევა აიძულონ. საქმეში ერთვება ოლიმპიადის ბოიკოტი, დიდი რვიანიდან გარიცხვა და ყველანაირი მოლაპარაკების შეწყვეტა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობაზე. რუსეთს სურს, რომ მას კვლავ სერიოზულად აღიქვამდნენ; ამერიკას კი ეს ქვეყანა ირანელებთან და ჩრდილო კორეელებთან მოლაპარაკებისთვის სჭირდება ბირთვულ საკითხებზე.
ასეთი შორეული გათვლების გარდა, ბოლო დროს “ვაშინგტონ პოსტის” ფურცლებზე ძალიან სერიოზულად დაიწყეს საუბარი იმის შესახებაც, რომ აშშ უმთავრესად სააკაშვილის დაცვითაა დაკავებული (ეს გასაგებიცაა, რადგან რუსეთი ღიად აცხადებდა თავის სურვილს სააკაშვილის გადაყენების შესახებ), არადა საქართველო და მისი დემოკრატია გაცილებით ადვილი დასაცავი იქნებოდა და უფრო მეტი ქმედითი დახმარებაც შეიძლებოდა ქვეყნისთვის გაეწიათ, რომ არა სააკაშვილი. სტატიების ავტორთა აზრით საქართველოსთვის საუკეთესო მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში დახმარება იქნებოდა, სამწუხაროდ თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო, ძლიერი პარლამენტი და ძლიერი ოპოზიციური პარტიები საქართველოში ფუფუნებაა, ოცნება, და ბევრის აზრით, აშშ-ს რომ თავის დროზე თვალი არ დაეხუჭა ადამიანის უფლებების დარღვევებზე საქართველოში, არჩევნების გაყალბებაზე და ა.შ. ქართული დემოკრატია უფრო ძლიერი იქნებოდა და რუსეთის პროვოკაციებზე უაზრო რეაგირებისთვისაც ნაკლები შანსი დარჩებოდა. შესაბამისად საქართველო უფრო ადვილად გაუმკლავდებოდა მოსკოვის ზეწოლას.
რა თქმა უნდა, ამ სტატიებში გაიჟღერა ნინო ბურჯანაძის სახელმაც, იყო საუბარი იმაზეც, რომ საქართველოს დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწევს, რათა გამოირკვეს, “აქვს თუ არა ქართულ საზოგადოებას უნარი დემოკრატიული ინსტიტუტების დახმარებით გამოიძიოს თავისი პრეზიდენტის საქციელი და პასუხი აგებინოს იმ უზარმაზარ ზარალზე, რაც მან ქვეყანას მოუტანა”. საუბარი იყო იმაზეც, რომ აშშ-ს დახმარების ახალ პაკეტში ფული მთლიანად ბიუჯეტისთვისაა გათვალისწინებული, სახსრები ეკონომიკურ მხარდაჭერასა და აღმშენებლობას უნდა მოხმარდეს და დემოკრატიული ინტიტუტების გამყარებისთვისა და სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად ერთი დოლარიც კი არაა გათვალისწინებული.

ევროპა და მომავალი

ცალკე საკითხია ევროპა, რომელსაც დღევანდელ წერილში მხოლოდ გაკვრით შევეხე. ევროპა, სადაც ბევრს ფიქრობენ და მძიმედ მოქმედებენ, რთული ორკესტრი, რომელსაც ამერიკისგან განსხვავებით ძალიან უჭირს უნისონში დაკვრა, ევროპა, რომელიც გულწრფელად გამოხატავს ხოლმე განცვიფრებას და ძალიან ბევრ კითხვას სვამს, ზოგჯერ ზედმეტად ბევრსაც. როგორც ერთმა მიმომხილველმა აღნიშნა, ევროპა ესაა ინსტრუმენტი უთანხმოების შესამცირებლად და დრამატული მოვლენების თავიდან ასაცილებლად. ევროპა რომ არ ყოფილიყო, თავის დროზე სერიოზული დაპირისპირება (რა თქმა უნდა, არა შეიარაღებული) მოხდებოდა ჰელმუტ კოლის პროხორვატულად განწყობილ გერმანიასა და მიტერანის პროსერბულ საფრანგეთს შორის.
5 წლის წინ, გერმანელი ფოლოსოფოსი იურგენ ჰაბერმასი თავის ევროპელ კოლეგებს დაუკავშირდა და თხოვა, ყველას ერთდროულად, ერთსადაიმავე დღეს გამოექვეყნებინათ საპროგრამო სტატია ევროპის, მისი მომავლისა და პასუხისმგებლობის შესახებ. ეს “აქცია” ევროპის წამყვან გაზეთებში გაიფანტა. ჟაკ დერიდამ “ფრანკფურტერ ალგემაინესა” და “ლიბერასიონისთვის” დაწერა სტატია, უმბერტო ეკომ “რეპუბლიკასთვის”, ბასკმა ფილოსოფოსმა ფერნანდო სავატერმა “პაისისთვის”, ჯანი ვატიმომ “სტამპასთვის”, ადოლფ მუშგმა “ნოიე ციურხერ ცაიტუნგისთვის”, რიჩარდ რორტიმ (მერე რა რომ ამერიკელი იყო?) “ზიუდდოიჩე ცაიტუნგისთვის”. ევროპის ყველაზე ცნობილმა მოაზროვნეებმა ზუსტად ერთ დღეს დაიწყეს მკითხაობა თავიანთი მშობლიური კონტინენტის მომავალზე, რომელსაც ერთი მხრივ ევროპული ოჯახის ახალი წევრები “უტევდნენ”, მეორე მხრივ კი მას ერაყის ომთან დაკავშირებით უნდა დაეკავებინა თავისი პოზიცია.
5 წლის წინ, უმბერტო ეკოსთვის ევროპის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა “მესამე გზად” ჩამოყალიბება, რომელიც აშშ-სა და აღმოსავლეთის დაპირისპირებას გაანეიტრალებდა. მისი აზრით, საბაჟოსა და ვალუტის ერთიანობას საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის სისტემის გაერთიანებაც უნდა მოჰყოლოდა, თუმცა ჰაბერმასისთვის ამ მთლიანობის მიღწევა შეუძლებელი გახდებოდა ესტონეთთან, თურქეთთან, პოლონეთთან და სხვა მარგინალურ ევროპულ ქვეყნებთან ერთად და მისი აზრით, ევროპის კონსოლიდაცია მხოლოდ იმ ქვეყნებს მოიცავდა, რომლებიც ევროკავშირის ძირითად ბირთვს წარმოადგენდნენ.
დღეს ეს პრობლემა აბსოლუტურად განსხვავებული კუთხითა და სხვა სიმწვავით დადგა ევროპელების წინაშე. დღეს ევროპით ამერიკაც სარგებლობს და აღმოსავლეთიც. თუკი 5 წლის წინ ამ აღმოსავლეთად ჩინეთი ან იაპონია მოჩანდა, ახლა მას რუსეთი განასახიერებს, იმდენად, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებიც კი განუდგნენ რუსეთს და სიამოვნებით დაუთმეს ამ გაურკვეველ წარმონაქმნს გაურკვეველი სამომავლო მისია.
დღეს აშკარად გამოჩნდა, რომ ევროპაში, ყველაზე რადიკალურები ევროკავშირის ახალგაზრდა წევრები არიან, ისინი, ვინც თავიანთი ეროვნული ინტერესების გასაძლიერებლად, გნებავთ დასაცავად იბრძვიან (და ხშირად ევროპის მიღმა ეძებენ მოკავშირეს, მაგალითად, ამერიკაში), მეორე მხრივ კი დიდი ბრიტანეთი, ვინც არსებითად ამერიკის ხაზს ატარებს ფიქრებში ჩაძირულ კონტინენტზე (უმბერტო ეკო შეგვახსენებს, რომ ევროპის ფესვები ბერობამდე, ფრანცისკანელებამდე მიდის, ე.წ. საერო ღირებულებები კი ევროპის შედარებით ახალი მონაპოვარია, საფრანგეთის რევოლუციის დროინდელი). ჩვენი ადგილი ჯერ კიდევ არ ჩანს მთელს ამ განლაგებაში, სამაგიეროდ მათ ბევრი რამ შეუძლიათ ისწავლონ ქართულ მაგალითზე, ევროპა ხომ მიჩვეულია შემოვლით გზებს – თავის დროზე არისტოტელეს ნააზრევიც არაბების დახმარებით გაიცნეს ევროპელებმა, პლატონამდე კი ისინი ნეოპლატონიზმს ეზიარნენ.
ხოლო ჩვენ, ალბათ ისევ ისე, ძველებურად გადავაგორებთ ამ ამბებს, ვერც რაიმეს გავიაზრებთ და ვერც ვერაფერს მივხდებით. ყველაზე არსებითი ისევ ხელიდან გაგვისხლტება, ჩვენს საფიქრებელს ისევ სხვები იფიქრებენ, დასკვნებსაც სხვები გამოიტანენ, ისინი, ვინაც თარგმანის თარგმანსაც არ თაკილობენ ჭეშმარიტების დასადგენად.

© “სოლიდარობა”

Facebook Comments Box