მწერლების გარდა, “დიოგენე” კონკურსს ჟურნალისტებისთვისაც გამართავს
ნანა კობაიძე
დღეს გამომცემელ თამრიკო ლებანიძეს წარმოგიდგენთ, გამომცემლობა “დიოგენეს” პატრონესას (როგორც ვახუშტი კოტეტიშვილმა უწოდა). ვფიქრობ, ეს სახელი ლიტერატურის მოყვარულთათვის ნამდვილად არ არის უცხო, რადგან მის მიერ გამოცემული წიგნები, გარდა იმისა, რომ გემოვნებით არის შერჩეული, პრეზენტაციათა ორიგინალობითაც გამოირჩევა (მაგალითად ბორის ვიანის “დღეთა ქაფისა” და ვახუშტი კოტეტიშვილის “აღმოსავლურ-დასავლური დივანიც” კმარა, რომელიც იქ მყოფთ დიდხანს დაამახსოვრდებათ). თამრიკო ასეთივე საინტერესო მოსაუბრეა. მას გამომცემლობა “დიოგენეს” ახალ ოფისში შევხვდი და ბევრი საინტერესო რამ შევიტყვე.
დავიწყოთ სულ თავიდან. ეს ნამდვილად არ ყოფილა “მაშინ, პეტერბურგში”, ეს იყო 1995 წლის არეულ-დარეულ საქართველოში, როდესაც მეგობრებთან ერთად
თამრიკო ლებანიძემ პირველი წიგნი – კარლ გუსტავ იუნგის “სიზმრები” გამოსცა. იმ დროს საგამომცემლო საქმიანობა ახალი ხილი იყო და გამომცემლებს თავიანთი წიგნების, ასე ვთქვათ, დევნა უწევდათ. გამომცემელი იხსენებს, რომ დღეში რამდენჯერმე მიდიოდა სტამბაში და ბოლოს იქაურ ვირთხებსაც დაუმეგობრდა, თუმცა, ამ ყველაფერს უშედეგოდ არ ჩაუვლია. იმ პერიოდის კვალობაზე საკმაოდ მაღალი ხარისხის გამოცემა გამოვიდა და კომერციული თვალსაზრისითაც წარმატებული აღმოჩნდა. ასე “რბილად” (როგორც თავად ამბობს) გადავიდა პროფესიით ფსიქოლოგი თამრიკო ლებანიძე საგამომცემლო საქმიანობაში. თუმცა ძველ პროფესიას არ ღალატობს და როგორც კი შესაძლებლობა ეძლევა, ფსიქოლოგიური ლიტერატურის გამოცემაზე ზრუნავს. მაგალითად, ერთ თვეში გამოვა იუნგის “სიზმრების” ხელახალი გამოცემა. გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკება იუნგის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაშრომზე – “ფსიქოლოგია და ალქიმია,” რომელსაც ქართველი მკითხველი წელიწადნახევარში იხილავს.
თამრიკოს გამომცემლობაზე არასოდეს უოცნებია (ანკი შეიძლება ვინმე ბავშობაში ოცნებობდეს, რომ ოდესმე გახდება გამომცემელი?), თუმცა, დღეს ამ საქმიანობის გარეშე საკუთარი არსებობა ვერ წარმოუდგენია. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ დღესდღეობით საგამომცემლო ბიზნესმა შედარებით “ამოიწია”. განსაკუთრებით კი საბავშვო ლიტერატურისადმი გაჩნდა ძველებური ინტერესი, აი ისეთი, ჩვენს ბავშვობაში რომ იყო, როდესაც კვირაში ერთხელ მაინც დედაჩემი წიგნებით დატვირთული მოდიოდა მაღაზია “ნაკადულიდან” (სხვათა შორის, ეს ადგილი დღესაც სასიამოვნო ასოციაციას იწვევს ჩემში). დღეს უკვე მე ვცდილობ ჩემს შვილს შეძლებისდაგვარად ხშირად მივუტანო ახალი წიგნები და როგორც თამრიკო ამბობს, ჩემნაირთა რიცხვმა იმატა. თუმცა, ალბათ, ეს მოვლენა კარგა ხანს ვერ გახდება ისეთი მასობრივი, როგორც საბჭოთა პერიოდში იყო, რადგან წიგნი საკმაოდ ძვირფასიანი სიამოვნებაა, რის უფლებასაც საკუთარ თავს ყველა ვერ აძლევს. თუმცა, თამრიკო ლებანიძე აქაც გვთავაზობს გამოსავალს. მისი აზრით, აუცილებელია ამოქმედდეს დღეისათვის მივიწყებული საბიბლიოთეკო ქსელი, ოღონდ არა ისეთი, როგორიც ჩვენს ბავშვობაში იყო – არამედ თანამედროვე, კომპიუტერიზებული, სადაც ბავშვებს უამრავი “სატყუარათი” მიიზიდავენ. ვერ გეტყვით, დადგება თუ არა ეს საკითხი ოდესმე ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტთა შორის, რადგან დღესდღეობით არათუ ბიბლიოთეკების განახლებაზეა საუბარი, რაც არის, ისინიც იხურება. როგორც ჩანს, ამ პრობლემას ისევ მეცენატებმა უნდა მიხედონ. ეს გადაუდებელი საკითხია, რადგან ქართველი მოზარდები კითხვას უკვე თაკილობენ. ამას წინათ ერთ-ერთ საბავშვო ტელეგადაცემაში მოვისმინე პატარა ქართველის პოზიცია, რომელიც ამბობდა, დღეს ახალგაზრდები აღარ ვკითხულობთ, რადგან ეს გოიმობააო. ამ მოსაზრებას თამრიკო ლებანიძეც იზიარებს, ოღონდ მცირე ინტერპრეტაციით – “კითხვა გოიმობაა, ოღონდ ელიტარული გოიმობაო”.
მისთვის წარმოუდგენელია, რამ შეიძლება შეცვალოს ის სიამოვნება, რასაც წიგნთან ურთიერთობა გვანიჭებს. სამწუხაროდ, ამ მხრივ ვითარება მთელს მსოფლიოში უარესობისკენ შეიცვალა, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიები თავისას შვრება. ჩვენი სტუმარი მიიჩნევს, რომ დღესდღეობით ადამიანების ვიზუალური ველი ძალზე დანაგვიანებულია, რაც მათი პიროვნული თავისუფლების ხარისხს აქვეითებს. გარდა ამისა, თითქმის მთელს მსოფლიოში შეიმჩნევა საკმაოდ არასასიამოვნო ტენდენცია – ანუ ერთჯერადი, ვაგზლის ლიტერატურის მომძლავრება. რამდენიმე ხნის წინათ თამრიკო გაეცნო ირანელი მწერალი ქალის, გოლი თარაყის ინტერვიუს, პარალელურად წაუკითხავს მიმოხილვითი სტატია თანამედროვე იტალიური ლიტერატურის შესახებ და რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როდესაც აღმოაჩინა, რომ ირანში, იტალიასა და საქართველოში მსგავსი პროცესები ხდება. ერთჯერადობის ცნება, რაც XX საუკუნემ მოიტანა, ძალზე მძიმედ დაეტყო ლიტერატურას – კერძოდ კი ის, რომ ქრება მაღალი საზომის ცნება – და არა მხოლოდ ლიტერატურაში. თუმცა, თამრიკო ამას ვერ ურიგდება. მისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება დასწიოს ქვევით თამასა და მიეძალოს “ჰამბურგერულ” ლიტერატურას, როდესაც არსებობს ძალიან ბევრი კარგი ავტორი. იგი ცდილობს, მისმა გამოცემლობამ კარგი წიგნები გამოსცეს, რათა მკითხველი ჭეშმარიტ ღირებულებებთან დააბრუნოს.
რადგან საბავშვო ლიტერატურას შევეხეთ, გაუწყებთ, რომ მალე გამოვა ასტრიდ ლიდგრენის “ძირითადი” ნაწარმოებების ხელახალი გამოცემა – 4 წიგნი: “სახურავის ბინადარი კარლსონი,” “პეპი გრძელი წინდა,” “ჩვენ სალტკროკელები ვართ” და “ძმები ლომგულები” (ეს ყველაფერი ორიგინალის ილუსტრაციებით). სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ახლა ითარგმნება შვედურიდან და პირველად გამოიცემა ქართულ ენაზე. ეს არის ძალზე საინტერესო წიგნი, რომელსაც, თურმე, მაშინ უკითხავენ ბავშვებს, როდესაც ისინი პირველად აღნოაჩენენ სიკვდილის ცნებას. გარდა ამისა, “დიოგენე” აქტიურად ზრუნავს ახალი სახელების წარმოსაჩენად ქართულ ლიტერატურაში. თამრიკო ლებანიძე მიიჩნევს, რომ ქართული ლიტერატურა არ შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე აღიარებული ავტორით, ეს არის თავისუფალი სივრცე, სადაც დამკვიდრების უფლება აქვს ყველა ახალ სახელს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მკითხველი ობიექტური შემფასებელია. ამ თვალსაზრისით გამომცემელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ლიტერატურულ კონკურსებს. შარშან “დიოგენეს” მიერ ორგანიზებულ “პენ-მარათონზე”, მისი აზრით, რამდენიმე საინტერესო სახელი წარმოჩინდა. ერთ-ერთი მათგანია გელა ჩქვანავა, რომლის წიგნის პრეზენტაციაც გაზფხულზე, “პენ-მარათონ-2003”-ზე იგეგმება. სხვათა შორის, თამრიკო ლებანიძე კონკურსების ფორმას მიესალმება და სხვა გამომცემლებსაც ურჩევს, აქტიურად გამოიყენონ იგი რეკლამისთვის. თავად კი, გარდა “პენ-მარათონისა,” კიდევ ერთ ლიტერატურულ კონკურსს გვპირდება – რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ამ სფეროში მოღვაწე ჟურნალისტებისთვის. თამრიკოს აზრით, საზოგადოება ძირითადად იმ ჟურნალისტებს იცნობს, რომელნიც პოლიტიკას აშუქებენ, კულტურა ნაკლებ პრიორიტეტულია. დროა, ასეთი დამოკიდებულება შეიცვალოს, ამიტომ სულ მალე “დიოგენეს” პატრონესა გვიწვევს კონკურსზე, რომელიც მეტად საინტერესო ფორმატით გაიმართება. ეს იქნება მედია-წვეულება, სადაც მოეწყობა ვიქტორინა, ფურშეტი, გათამაშდება პრიზები, და ამ ყველაფერს საკმაოდ მხიარული სახე ექნება. თქვენი არ ვიცი, მე კი ამ წამოწყებამ ძალზე გამახარა. კარგი იქნება, თუ თამრიკოს სხვებიც აჰყვებიან. მანამდე კი ისევ “დიოგენეს” და მის პრიორიტეტებს დავუბრუნდეთ. თამრიკო ლებანიძისთვის კიდევ ერთ პრიორიტეტად რჩება თარგმანები. “თარგმანის ხელოვნება ცალკე პრობლემაა. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, ყურადღება მივაქციოთ ამ სფეროს, თუმცა, უმჯობესია, ენასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი სახელმწიფოებრივ დონეზე განიხილებოდეს” – მიიჩნევს იგი, თუმცა სახელმწიფოს იმედად მაინც არ რჩება და მაღალხარისხოვანი თარგმანების გამოცემაზე თავად ზრუნავს. უახლოეს მომავალში რამდენიმე საინტერესო თარგმანი გველის. კერძოდ, ისეთივე ფორმატით, როგორც ედგარ ალან პო, გამოვა ემილი დიკინსონი. ანუ წიგნი ორენოვანი იქნება, ავტორის ბიოგრაფიითა და კომენტარებით. მსგავსი გამოცემები, რომელიც არა მხოლოდ საკითხავია, არამედ შემეცნებით-სასწავლო ფუნქციასაც ასრულებს, ძალზე მნიშვნელოვანია.
ერთი სიტყვით, თამრიკო ლებანიძე უქმად ნამდვილად არ ცდება. თუმცა, ძალიან აწუხებს ის, რომ მისი “ახალი” კოლეგა-გამომცემლები “ძველი” კოლეგა-ფსიქოთერაპევტებისგან განსხვავებით, ერთად არ იკრიბებიან და პრობლემების გაზიარების მეთოდით არ თავისუფლდებიან იმ “ჭუჭყისგან,” რაც თანაბრად ახლავს როგორც ფსიქოთერაპევტის, ასევე გამომცემლის საქმიანობას. “როგორც ჩანს, კონკურენცია უკვე საკმაოდ მძიმეა” – ასე ხსნის თამრიკო ამ საკითხს და ჯანსაღ კონკურენციას მიესალმება. თუმცა, როგორც ჩანს, ქართველი გამომცემლები მაინც ახერხებენ ერთმანეთთან თანამშრომლობას – ამის დასტურია “დიოგენესა” და მაღაზია “პარნასის” ერთობლივი აქცია, რომელსაც თამრიკო “პიკს” უწოდებს. “ეს იყო განსაკუთრებული მოვლენა – იმ დღეს ქალაქში დამყარდა რეკორდი და ვფიქრობ, ეს ერთხანს არ განმეორდება. არ არის აუცილებელი, რომ მსგავსი ზეიმი ყოველდღე გვქონდეს, მთავარია, პერიოდულობა შევინარჩუნოთ და ტემპი, რომელიც ქართულმა წიგნმა “აკრიფა”, იყოს მზარდი” – გვითხრა თამრიკომ.
P.S. და ბოლოს, რამდენიმე თვის წინათ მან მითხრა, რომ ოცნებობს საკუთარ საგამომცემლო სახლზე, თუმცა ამისთვის მხოლოდ 2 მილიონი დოლარი სჭირდება. დავინტერესდი, რა შეიცვალა მას შემდეგ. “არაფერი – მითხრა თამრიკომ, ოღონდ ახლა 4 მილიონი მჭირდება”. რა ცოტა კმარა ადამიანის ბედნიერებისთვის!
© “წიგნები – 24 საათი”