თარგმანი

3 ავტორის სასიყვარულო წერილი: ოსკარ უაილდი, ვირჯინია ვულფი, ჯეკ ლონდონი

 

ოსკარ უაილდი – სასიყვარულო წერილები ლორდ ალფრედ “ბოსი” დუგლასს

1891 წლის ივნისში, ოსკარ უაილდი შეხვდა ლორდ ალფრედ „ბოსი“ დუგლასს, 21 წლის ოქსფორდის სტუდენტსა და ნიჭიერ პოეტს, რომელიც ავტორის დორიან გრეიდ იქცა. სწორედ მათი ურთიერთობის დროს დაწერა უაილდმა „სალომე“ და ოთხი დიდი პიესა, რომლებიც დღემდე რჩება მისი მემკვიდრეობის ქვაკუთხედად.

 

ბაბაკომის კონცხი, 1893 წლის იანვარი.

მხოლოდ ჩემო,

თქვენი სონეტი ჩინებულია და საოცრებაა, რომ ეგ წითელი ვარდის ტუჩები როგორც კოცნის, ისე მუსიკისა და სიმღერის სიშლეგისათვის თანაბრადაა შექმნილი. თქვენი ტანადი, მოოქრული სული ვნებასა და პოეზიას შორის დაიარება. მჯერა, რომ ჰაიცინტი, რომელიც აპოლოს ასე უყვარდა, თქვენ იყავით ბერძნულ დღეებში. რატომ ხართ მარტო ლონდონში და როდის მიდიხართ სოლსბერიში? წადით იქ, გოტიკური შენობების ნაცრისფერ ბინდში ხელების გასაგრილებლად, შემდეგ კი, როცა ინებებთ, აქ ჩამოდით. ამ მშვენიერ ადგილს მხოლოდ თქვენ აკლიხართ. თუმცა ჯერ სოლსბერიში წადით.

სამუდამო, უკვდავი სიყვარულით,

თქვენი, ოსკარი.

 

რუანი, 1897 წლის აგვისტო.

მხოლოდ ჩემო, ძვირფასო ბიჭო,

ნახევარი საათის წინ მივიღე თქვენი ტელეგრამა და გწერთ მხოლოდ იმისთვის, რომ გითხრათ, ვგრძნობ, ხელოვნებაში მშვენიერების შექმნის ჩემი ერთადერთი იმედი თქვენთან ყოფნაა. ძველად ასე არ იყო, მაგრამ ახლა სხვაგვარადაა და თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ დამიბრუნოთ მხიარულება, რომლითაც სულდგმულობს ხელოვნება. ყველა გაბრაზებულია ჩემზე, თქვენთან რომ ვბრუნდები, მაგრამ მათ არ ესმით ჩვენი. ვგრძნობ, მხოლოდ თქვენთან შემიძლია საერთოდ რამის კეთება. აღადგინეთ ჩემი დანგრეული ცხოვრება და შემდეგ ჩვენი მეგობრობა და სიყვარული სამყაროსთვის სხვა მნიშვნელობას შეიძენს. ნეტავ რუანში შეხვედრისას სულ არ გავყროდით ერთმანეთს. ახლა ჩვენს შორის სივრცის უსაზღვრო უფსკრულია მაგრამ ეს ჩვენს სიყვარულს ვერას დააკლებს.

ღამე მშვიდობისა, ძვირფასო. სამუდამოდ თქვენი,

ოსკარი.

 

ვირჯინია ვულფი –  სასიყვარულო წერილი ვიტა საკვილ-ვესტს

ვიოლეტ ტრეფუსისთან ათწლიანი მშფოთვარე რომანის დასრულებიდან ოთხი წლის შემდეგ, ინგლისელი პოეტი, რომანისტი და ლანდშაფტის დიზაინერი ვიტა საკვილ-ვესტი 10 წლით უფროს ვირჯინია ვულფთან ჩაება სასიყვარულო ურთიერთობაში. ვიტა ვულფის შთაგონებად იქცა, ხოლო მათი ურთიერთობა წლების განმავლობაში მხურვალე ვნებიდან მტკიცე მეგობრობაში გადაიზარდა.

 

52 ტავისტოკის მოედანი, 1926 წლის იანვარი.

თქვენი წერილი ტრიესტიდან დღეს დილით მოვიდა – რატომ გგონიათ, რომ არ ვგრძნობ და მხოლოდ ლამაზ ფრაზებს ვთხზავ? ამბობთ, ჩემი “კოხტა ფრაზები” ემოციებს რეალობისგან ძარცვავს. არადა, პირიქით. ყოველთვის, ყოველთვის, ყოველთვის ვცდილობ ის ვთქვა, რასაც ვგრძნობ. დამიჯერებთ, რომ გასულ სამშაბათს თქვენი წასვლისთანავე ბლუმსბერის ჯურღმულებს მივაშურე, ლულის ორგანის მოსაძებნად? მაგრამ ამან არ გამახალისა… და მას შემდეგ არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა – ყველაფერი რაღაცნაირად უსიცოცხლო და მოსაწყენია. მეც უსიცოცხლოდ ვარ. მენატრებოდით. მენატრებით. მომენატრებით. და თუ ეს არ გჯერათ, ბუ ხართ და გრძელყურება ვირი. აბა, „კოხტა ფრაზები“?

მაგრამ, (თქვენს წერილს რომ დავუბრუნდეთ), რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვიცოდი თქვენი დაუცველობისა და ჩაკეტილობის შესახებ. მაგრამ ჩემს თავს შევპირდი, თქვენგან დაჟინებით მოვითხოვდი სიკეთეს. […] შეიხსენით სამოსის პირველი ღილი და დაინახავთ, რომ თქვენს გულში ბუდობს, სიცოცხლით სავსე ციყვი, ცნობისმოყვარე ჩვევების მქონე ძვირფასი არსება.

 

ჯეკ ლონდონი – სასიყვარულო წერილი ანა სტრუნსკის

უკვე დაოჯახებული ჯეკ ლონდონის რომანი მწერალ ანა სტრუნსკისთან მეუღლე ელიზაბეტ მადერნთან განქორწინების მიზეზად იქცა. ამერიკელმა ავტორმა ხელმეორედ მალევე იქორწინა, თუმცა არა ანასთან, არამედ ჩარმიულ ლონდონთან და მისი ერთგული სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.

 

ძვირფასო ანა,

მგონი მითქვამს, რომ ადამიანები კატეგორიებად იყოფიან. თუ ასეა, ნება მომეცით, დავაზუსტო – ყველა ადამიანი არა. თქვენ მე ვერ მოგიხელთეთ.  შემიძლია დავიკვეხნო, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ათიდან ცხრის ქმედებას ვიწინასწარმეტყველებ. შემიძლია მათი გულისცემა ვიგრძნო. მაგრამ მეათესთან სასოწარკვეთილი ვარ. ეს მეათე კი თქვენ ხართ. შეხვედრიან კი ოდესმე ჩვენსავით შეუსაბამო, დამუნჯებული ტუჩები ერთმანეთს?!

შეიძლება, რაღაც საერთო გამოვნახოთ, ამას ხშირად ვახერხებთ, და როცა ვერ ვახერხებთ, მაშინაც ვუგებთ ერთმანეთს, და მაინც, ჩვენ არ გვაქვს საერთო ენა. ერთმანეთის სიტყვები ვერ გვწვდებიან. გაუგებარნი ვართ. ალბათ, ღმერთი იცინის ამ სანახაობაზე.

[…]

და მაინც, ვერ ვბედავ დავიჯერო, რომ თქვენ ხართ ის მეათე,  რთულია ჩემი გაგება? არ ვიცი, ალბათ, ასეა.

დიდი ტემპერამენტი – ეს არის ერთადერთი რამ, რაც გვაერთიანებს. ორივე ჩვენგანში სამყაროს სხივი ანათებს და ამიტომაც ვიზიდავთ ერთმანეთს. თუმცა ძალიან განვსხვავდებით. თქვენს ენთუზიაზმს ღიმილით ვუყურებ. მიმტევებლური და არა შურიანი ღიმილით. 25 წლიანმა რეპრესიამ მასწავლა, რომ ენთუზიაზმით არ უნდა ვიცხოვრო, რაც ძნელად დასავიწყებელი გაკვეთილია.

ნელ-ნელა ვივიწყებ, მაგრამ ძალიან ნელა. საუკეთესო შემთხვევაში, სიკვდილამდე არ მაქვს იმედი, რომ დავივიწყებ ყველაფერს ან უმეტესობას. მაგრამ შემიძლია ბედნიერი ვიყო, რადგან ვსწავლობ სიხარული ყოველ წვრილმანში ვიპოვო. მაგრამ ჩემი საიდუმლოებების დავიწყება არ შემიძლია. არ შემიძლია.

გინდათ, უფრო მარტივად გასაგები გავხდე?

ჩემი ხმა გესმით?

ვშიშობ არა.

თვითმარქვიები არსებობენ. მათ შორი კი ყველაზე წარმატებული მე ვარ.

ჯეკი.

 

© არილი

Facebook Comments Box