პოლემიკა

მარსიანი – გემოვნებათა ჭიდილი

ზაზა შათირიშვილმა ჩვენი ლიტერატურული საზოგადოება სახტად დატოვა იმით, რომ ახალგაზრდა კაცი, რეზო გეთიაშვილი გამოაცხადა ახალი პოეტიკის შემქმნელ დიდ პოეტად, რომლის მოსვლასაც გალაკტიონის შემდეგ ელოდა თურმე. ჟურნალ “ცხელი შოკოლადი”-ს ლიტერატურული დამატების მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 ნომრებს, სადაც ზ.შათირიშვილის წერილი და მასზე გამოხმაურებანი დაიბეჭდა, დღეს ბევრი დაეძებს წასაკითხად: ალეკო ცქიტიშვილის პოლემიკური დიალოგი ზ.შათირიშვილთან (“დიალოგი მეილით”), შოთა იათაშვილის ასევე პოლემიკური წერილი “პოეზია და სიდიდეები”, ლაშა ბუღაძის პატარა პიესა-სკეტჩი “ვინ გაანაწყენა პოეტი?” და ანდრო ბუაჩიძის “მოკლედ ნათქვამი სიტყვა” – ჯერჯერობით ასეთია გამოხმაურებათა ნუსხა. ჟურნალის რედაქტორი მალხაზ ხარბედია “რედაქტორის გვერდში” აღნიშნავს, რომ ჯერ მხოლოდ პოეტები გამოეხმაურნენ ზ.შათირიშვილს, კრიტიკოსები კი სდუმან; არ ვიცი, ჩემი წერილი პოეტის წერილად ჩაითვლება თუ კრიტიკოსისა, მაგრამ ამ საინტერესო, ცხარე ლიტერატურულ ბატალიაში ჩართვა მეც ძალიან მომინდა: საკამათო ბევრია და რაკი შესაძლებლობა გვეძლევა, ვიკამათოთ (ამბობენ, კამათში იბადება ჭეშმარიტებაო).
იმის განსჯას ვერ ვიკისრებ, ცდება თუ არ ცდება რ.გეთიაშვილის პოეზიის შეფასებაში ზ.შათირიშვილი: ისე კი, ვისაც რაიმე მოსწონს, მას მეტი შანსი აქვს მართალი იყოს, ვიდრე იმას, ვისაც იგივე “რაიმე” არ მოსწონს; აქ ალბათობის კანონი მოქმედებს: ვისაც მოსწონს, მან ალბათ დაინახა რაღაც მოსაწონი, რაც მართლა არსებობს (თორემ არარსებული რატომ უნდა მოსწონებოდა). ხოლო ვისაც არ მოსწონს, მან ალბათ ვერ დაინახა ის, რაც მოსაწონი იყო; რასაკვირველია, მომწონებელიც შეიძლება ცდებოდეს, რაღაცას აჭარბებდეს, მაგრამ არმომწონებლის შეცდომის ალბათობა მაინც მეტია: ამას პირადი გამოცდილებაც მალაპარაკებს: წლების განმავლობაში მიმტკიცებდნენ, რომ გიორგი კორნაპელი (კაპანაძე) დიდი პოეტია, მე კი არ მჯეროდა და ერთ საშუალო, ასე, ნონეშვილის დონის პოეტად მიმაჩნდა იგი: მიზეზი იმისა ის იყო, რომ იშვიათად, განსაკუთრებული გულისყურის გარეშე ვკითხულობდი მის ნაწარმოებებს, რომლებიც გარეგნული ეფექტებით ნაკლებად გამოირჩევიან; მერე და მერე დავფიქრდი – იქნებ მე ვცდები და არა ესენი, თორემ ასე დაჟინებით რატომ აქებენ, მოდი, უფრო საფუძვლიანად შევამოწმებ-მეთქი და დავიწყე გიორგი კორნაპელის წიგნების ინტენსიური კითხვა; ჰოდა ნელ-ნელა, წლების განმავლობაში ეს პოეტი ისე გაიზარდა ჩემს თვალში, რომ ახლა გალაკტიონის, ელიოტისა და რილკეს ტოლად მიმაჩნია.
ზ.შათირიშვილს, რომელმაც თავის წერილში პოეტები ჯგუფებად დაჰყო და დაახარისხა (“დიდ” თუ “მცირე” პოეტებად, “მიჯნათშორისებად”, “ვერშემდგარ კონცეპტუალისტებად”, “ინგლისურენოვანი სკოლის პოეტებად”, “პოეტურ პოეტებად”), ოპონენტები საყვედურობენ, რომ მან არაერთი სახელი გამოტოვა, მაგალითად, შოთა ჩანტლაძე, ლადო ასათიანი, ლია სტურუა, ზაზა თვარაძე… (შეეძლოთ ამ “გამოტოვებულთა” სიისთვის დაემატებინათ ჯარჯი ფხოველი, ბათუ დანელია, მამუკა წიკლაური, ირაკლი ბაზაძე და ა.შ); საყვედურობენ იმასაც, რომ მან ზოგ პოეტს სათანადო პატივის მიგება დააკლო, ზოგსაც ზედმეტი პატივი მიაგო; არ ვიცი, იქნებ ეს საყვედურები სამართლიანობას მოკლებული არც იყოს, მაგრამ ზ.შათირიშვილის წერილის, ასე ვთქათ, ეშხი და მარილი სწორედ მის სუბიექტურობასა და ეპატაჟურობაშია (აკი შ.იათაშვილიც “ანალიტიკურ ეპატაჟს უწოდებს ამ წერილს”).
რაღა თქმა უნდა, ზოგ რამეში ვერც მე დავეთანხმები ზ.შათირიშვილს: მაგალითად, არა მგონია, ფეშანგის ან თეიმურაზ პირველის წაუკითხაობამ ვინმეს ხელი შეუშალოს პოეტად გახდომაში; დიდი ნოვატორები – პაუნდი და ელიოტი თუ ჯონ დონსა და ჩოსერს კითხულობდნენ, ეს იმიტომ, რომ ჯონ დონიცა და ჩოსერიც დიდი პოეტები იყვნენ და მათი გვერდის ავლა მართლაც გაუმართლებელი იქნებოდა. ისე, ფეშანგი არც მე წამიკითხავს და რა ვიცი, იქნებ მართლაც არ არის ურიგო პოეტი… სამაგიეროდ, უფრო ადრინდელები – შავთელი და ჩახრუხაძე წამიკითხავს (მათ რატომღაც არ ახსენებს ზ.შათირიშვილი) და მომწონს მათი ოცმარცვლიანი ჩახრუხაული; მეტსაც ვიტყვი – ჩახრუხაძის ოდებს ფორმისეულ მონუმენტურობასთან ერთად ისეთი სიდიადე ახლავს პოეტური პათოსისა, რომ ზოგჯერ კინაღამ თვით რუსთაველსაც ამეტებს და იქნებ მართლა ჭკუასთან ახლოს იყოს ცალკეულ მკვლევართა ჰიპოთეტური მოსაზრება, რომ ჩახრუხაძე და რუსთაველი ერთი და იგივე პიროვნებაა..
ზოგ რამეში კი ზ.შათირიშვილს ნამდვილად ვეთანხმები: დათო ბარბაქაძის პროზაული ოპუსი “ტრფობა წამებულთა” ჩემი გაუნელებელი აღტაცების საგანია და ძალიან გამეხარდა, ზ.შათირიშვილის სახით თანამოაზრე რომ გამომიჩნდა: ამ ნაწარმოებში ყველაფერი მხიბლავს – იუმორის უტყუარი გრძნობა, ძველი ტექსტების მახვილგონივრული პაროდირება, წერის დახვეწილი კულტურა, ესთეტიზმი.. არადა მთელი ოპუსის ღერძი ერთი ქართული უცენზურო სიტყვაა (კოიტუსის აღმნიშვნელი), მაგრამ რა ნატიფ იუმორისტულ გრადაციებს განიცდის ეს სიტყვა ტექსტში! Uუცენზურო სიტყვებით მანიპულირება, სკაბრეზი თავიდან ბოლომდე გასდევს ამ ნაწარმოებს, მაგრამ ეს ყველაფერი წუნდაუდებლად ესთეტიზირებულია, მხატვრულ ღირებულებად ქცეული; “ტრფობა წამებულთა” არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, “ოდიოზური შედევრი”: მიუხედავად იმისა, რომ ეს ალბათ ვერ მიეკუთვნება ე.წ. “სერიოზულ ლიტერატურას”, ჩემთვის მაინც ეს უნიკალური ტექსტი უფრო ღირებულია, ვიდრე არაერთი ნიჭიერი მწერლის მთელი შემოქმედება.
“დიდ” და “მცირე” პოეტთა შათირიშვილისეული მაახასიათებლები კი ზოგ შემთხვევაში ჩემთვის საკმაოდ ბუნდოვანია: მართალია, “დიდ” პოეტს თავისი ორიგინალური პოეტიკა უნდა ჰქონდეს, “მცირე” კი, ჩვეულებრივ, უკვე არსებული პოეტიკის ფარგლებში რჩება, მაგრამ არც თუ იშვიათად, საქმე სრულიად სხვაგვარადაა: პოლ ვალერი, მაგალითად, მალარმეს მიმდევარი იყო, მის პოეტიკას არ გასცდენია (თვითონვე აღიარებდა ამას), მაგრამ მალარმეზე არანაკლებ დიდ პოეტად დარჩა ფრანგულ ლიტერატურაში; არც ედგარ პო მიიჩნევა მაინცდამაინც განსაკუთრებულ ნოვატორად ინგლისურენოვანი პოეზიისა, მაგრამ მსოფლიო რანგის შედევრები კი დაწერა; ხოლო ზოგი “ნოვატორი”, ფორმისეულ თუ თემატურ სიახლეთა შემომტანი, შეიძლება საშუალო რანგს ვერ ასცდეს (არის ამის მაგალითები დღევანდელ ქართულ პოეზიაშიც), მაგრამ იქნებ რომელიმე პოტენციური გენიოსისთვის მისი ნოვაციები შედევრების საშენ მასალად გამოდგეს… ამ ნათქვამის პირდაპირ დამადასტურებელი მაგალითები აქ ვერ მომყავს (დავუშვათ, არ მახსენდება ასე სახელდახელოდ), მაგრამ ეს ხომ ჩემი ორიგინალური მოსაზრება არ გახლავთ, ჩემამდეც არაერთგზის თქმულა საქმეში ჩახედული ხალხის მიერ და ალბათ დასაბუთებულადაც; არ ვიცი, ვისი ნათქვამია, მაგრამ კარგად, “დაწურულად”, ფორმულასავით ნათქვამი კია: “ნოვატორების მიერ მიგნებული ხერხები უნდა გაცვდეს, რათა მათ ახალი სიცოცხლე გენიამ მიანიჭოს” (იქნებ ზუსტად ვერ მომყავს ციტატა, რაკი მეხსიერებას ვეყრდნობი). ისე, გალაკტიონი რომ არაიშვიათად პირდაპირ “ძარცვავდა” მასთან შედარებით მოკრძალებული რანგის პოეტებს, იქნებ ესეც რამდენადმე (თუნდაც არაპირდაპირ და არაზუსტად) ადასტურებდეს ზემოთთქმულს…
ისიც მინდა აღვნიშნო, რომ მაინცდამაინც პოეტების შათირიშვილისეულ ჯგუფებად დაყოფასაც ვერ ავუღე ალღო, თუმცა, შესაძლოა, ეს ჩემი ბრალიც იყოს, რაკი ამ პოეტთა შემოქმედებას (ზოგთა გამოკლებით) არც ისე საფუძვლიანად ვიცნობ; მაინც, ეტყობა აქ ბევრი რამაა საკამათო და დასაზუსტებელი, რადგან შ.იათაშვილიც (ჩემზე უკეთ რომ იცნობს აქ ჩამოთვლილ პოეტთა უმეტესობის, განსაკუთრებით 90-იანელთა შემოქმედებას) არ ეთანხმება კრიტიკოსის მიერ ამა თუ იმ პოეტის ამა თუ იმ ჯგუფში გაერთიანებას; ხოლო რაც შეეხება ცალკეულ პოეტთა “გამოტოვებას”, რის გამოც საყვედურობენ ზ.შათირიშვილს ოპონენტები, ზემოთაც ვთქვი, რომ თვითონაც არაერთი პოეტი “გამორჩათ”, რომელთაც ხელახლა აღარც მე ჩამოვთვლი; მითუმეტეს თავს ვიკავებ ისეთი პოეტების დასახელებისაგან, რომელთაც საერთოდ (ან თითქმის) არ იცნობს ლიტერატურული საზოგადოება, თუმცა კი იმსახურებენ განსაკუთრებულ ყურადღებას და თავის დროზე, როცა მათი საფუძვლიანად წარმოჩენა-პოპულარიზაციის ჟამი დადგება, იქნებ ბევრი რაიმეს (თუ ვინმეს) ახლებურად დანახვა, შეფასება-გადაფასება თუ დახარისხება-დაჯგუფება მოუხდეთ კრიტიკოსებს… თავს ვიკავებ ლიტონი დასახელებებისაგან, იმიტომ, რომ კარგად ვიცი (საკუთარი გამოცდილებით), როგორ გულისშემაღონებლად მოქმედებს ლიტერატურულ სამყაროში უცნობი სახელების, ასე ვთქვათ, “გამოჯირითება”; რეაქცია დაახლოებით ამგვარია: ვინაა ეს ხალხი, საიდან გამოტყვრნენ, ვის დაკარგვიან?! Uუცნობი სახელი ხომ თითქმის ყოველთვის გარდაუვლად ასოცირდება დილეტანტობასთან, უნიჭობასთან, პროვინციალიზმთან. ჰოდა ამგვარ ლიტერატურულ საზოგადოებაში, სადაც თვით გალაკტიონის “სოფლელობაზეც” კი შესაძლებელია ვინმემ მანიპულირება მოახდინოს თვითდამკვიდრების მცდელობისას, განა შესაძლებელია არათუ უცნობ, არამედ თუნდაც ცნობილ ავტორებზე ობიექტური აზრი შემუშავდეს და დადგინდეს? შ. იათაშვილი წერს: “რაც არ უნდა ამტკიცოს, მაინც ვერ დაამტკიცებს ზაზა შათირიშვილი, რომ რეზო გალაკტიონივით (დიდი) პოეტია”.. მართალია, შ.იათაშვილი ამას გარკვეული მიზეზებით ხსნის, მაგრამ თუნდაც ეს მიზეზები გამოვრიცხოთ, ალბათ ბევრი არაფერი შეიცვლება, ვერავინ ვერაფერს “დაამტკიცებს” იმგვარ ვითარებაში, როგორიც დღესაა – კრიტერიუმების ლამის სრული მოშლა, ანარქია და განუკითხაობა, კიჩის არნახული მოძალება. “დამტკიცებაზე” გამახსენდა – ნაირა გელაშვილმა გიორგი კორნაპელის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ჩემი წერილი “ჟამიერების მძლეველი” რომ წაიკითხა, მითხრა: “შენ ვერ ამტკიცებ, რომ კორნაპელი გენიოსიაო”. ალბათ მართლაც ასეა, თუმცა კი მცდელობა არ დამიკლია, ზოგი ნაწარმოები დეტალურადაც კი გავაანალიზე შესაძლებლობის ფარგლებში; 2006 წელს “კავკასიური სახლის” მიერ გამოცემული ანთოლოგიის (“ქართული პოეზია საუკუნეთა მიჯნაზე XX-XI საუკუნეები”) წინასიტყვაობაში შოთა იათაშვილი წერს: “ლიტერატურულ წრეებში, შიდამწერლურ საუბრებში სულ უფრო იკვეთება აზრი, რომ ბესიკ ხარანაული უკვე დიდი პიეტია ამ სიტყვის ყველაზე მაღალი გაგებით, იკვეთება აზრი, რომ ისაა ის, ვინც გალაკტიონის შემდეგ უნდა მოსულიყო და ქართული პიეზიისთვის კიდევ ერთხელ მოეძებნა სრულიად ახალი სადინარი”. ზ.შათირიშვილთან გამართულ პოლემიკაშიც შ.იათაშვილი ბესიკ ხარანაულს ასახელებს იმ პოეტად, რომელიც ზ.შათირიშვილისთვის განსაკუთრებით საყვარელი სიმბოლისტებისგან განსხვავებით, გამორჩეული და ღირებული შემოქმედია არა არტისტიზმითა და მუსიკალობით, არამედ “სათქმელის თუ ფიქრის ინტონაციით”. ბ.ხარანაულის პოეზიით დაინტერესებულებს შ.იათაშვილი ურჩევს წაიკითხონ ჟურნალ “ალტერნატივა”-ს 2004-2005 წლების ნომრებში დაბეჭდილი ნაირა გელაშვილის წერილების ციკლი “თანამედროვედ ყოფნის ნიშნები”. ამ ციკლში საფუძვლიანად არის გაანალიზებული ბ.ხარანაულის პოეზია; ნ.გელაშვილი “ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თანამედროვე ქართველ პოეტად” აღიარებს ბ.ხარანაულს. თუმცა ალბათ ცალსახად “დამტკიცება” იმისა, რომ ბ.ხარანაული ნამდვილად ის პოეტია, რადაც მას ნ.გელაშვილი, შ.იათაშვილი და არაერთი სხვაც მიიჩნევს, მაინც ნაკლებად შესაძლებელია, რადგან არსებობენ ამ აზრის მოწინააღმდეგენიც; ეგ კი არა, თვით გალაკტიონის გენიალობაც არ გახლავთ აბსოლუტურად “დამტკიცებადი”, ვიღაცა ალბათ ამის წინააღმდეგიცაა: მაგალითად, კოლაუ ნადირაძემ 90 წელზე მეტხანს იცოცხლა, მაგრამ ვერასოდეს ვერავინ დაუმტკიცა მას, რომ გალაკტიონი გენიოსი იყო: არ უნდოდა იმ კაცს ამის დაჯერება და ძალაა?
შ.იათაშვილი სვამს რიტორიკულ კითხვას: “სადაა ჭეშმარიტი ქართული პოეზია, იქ, სადაც თუნდაც ძალიან კარგი ერზაცები იქმნება, თუ იქ, სადაც თვისობრივად სულ სხვა რამ ხდება?”
თავისთავად ცხადია, ერზაცებს “სულ სხვა რამ” გვირჩევნია, ოღონდ ის “სულ სხვა რამ” ერზაცზე ღირებული უნდა იყოს.
ოღონდ ვისთვის რა არის ერზაცი და რა კიდევ ჭეშმარიტი ღირებულება, ესაა საკითხავი: ჩვენ რაც არ უნდა ვატრიალოთ ცალკეულ პოეტთა სახელები და რაც არ უნდა ვაჯგუფოთ-ვახარისხოთ ისინი, ამით ბევრი არაფერი გაირკვევა; ეგ კი არა, როგორც უკვე ითქვა, ხშირ შემთხვევაში დეტალური ანალიზიც კი არ კმარა.. თითქმის გამოუვალი მდგომარეობაა, რადგან მხოლოდ პოეზიამ კი არ განიცადა ფრაგმენტაცია (როგორც ზ.შათირიშვილი ასკვნის), არამედ გემოვნებამაც; ოდნავ მაინც რომ მივუახლოვდეთ ჭეშმარიტებას, ალბათ ჩვენთვის მოსაწონი პოეტების შემოქმედებიდან შედევრები უნდა გამოვარჩიოთ (თუ აქვთ, რასაკვირველია) და ამ შედევრებზე მოვახდინოთ ჩვენი ანალიტიკური შესაძლებლობების მაქსიმალური კონცენტრირება; თუმცა მე ხომ ესეც ნაცადი მაქვს და განსაკუთრებულ შედეგს მაინც ვერ მივაღწიე: გიორგი კორნაპელის პოემა “ნარცისს”, რომელიც ელიოტის “უნაყოფო მიწისა” თუ რილკეს “დუინური ელეგიების” ბადალ შედევრად მიმაჩნია, ცალკე წერილი ვუძღვენი, სათაურით “შედევრი”, მერე ამანაც არ დამაკმაყოფილა და გ.კორნაპელის პოეზიისადმი მიძღვნილ წერილში “ჟამიერების მძლეველი” ისევ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმე “ნარცისს”: მისი, როგორც პოემა-სიმფონიის მუსიკალური სტრუქტურა საკმაოდ დაწვრილებით, თავიდან ბოლომდე, მრავალრიცხოვანი ციტატების მოტანით გავაანალიზე.. კიდევ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა? რა და აუდიტორიის წინაშე ტექსტის რეჩიტატიულ-მელოდიური დეკლამირების ხერხს მივმართე (ძველი აედებისა თუ რაფსოდების დარად), რათა იქნებ უშუალო-ემოციური შემოქმედებით მომხდარიყო მსმენელთა ზიარება ჩემი რჩეული პოეტის შემოქმედებასთან… მაგრამ ამ “მეთოდის” გამოყენების საშუალება ნაკლებად მეძლევა, უფრო ხშირ შემთხვევაში ადამიანებს არ სურთ მომისმინონ. აქ, ეტყობა, სხვა ფაქტორებთან ერთად “უცნობი სახელისადმი” წინასწარი უარყოფითი განწყობა მოქმედებს დამაბრკოლებლად.
მე პირადად მჯერა, რომ მომავალში მეოცე საუკუნის ქართული პოეზიის “ანი და ჰოე”-დ გალაკტიონისა და კორნაპელის შემოქმედება იქნება მიჩნეული; თუმცა მათ გვერდით (თუ მათ შორის) სხვა დიდი პოეტების არსებობას როდი გამოვრიცხავ: პირიქით, უკვე გამჟღავნებულ “დიდთა” გარდა კიდევ ათიოდე პოეტი მეგულება, ვისთვისაც “დიდი პოეტის” ტიტული სულაც არ იქნებოდა ზედმეტი..
კი მაგრამ, მაინც რამდენი დიდი პოეტი ჰყავს საქართველოს?
ბევრი, ძალიან ბევრი: ალბათ დაახლოებით იმდენი, რამდენი დიდი მხატვარიც იტალიას, ან რამდენი დიდი მუსიკოსიც გერმანიას ჰყავს!
საქართველო მართლაც პოეტების ქვეყანაა…

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box