ინგლისურიდან თარგმნა ელენე ფილფანმა
ტონი მორისონი 1993 ლიტერატურული ნობელის პრემიის პირველი შავკანიანი ქალი ლაურეატი გახდა. მის მრავალრიცხოვან ჯილდოთა კოლექციას აგრეთვე ამშვენებს 1988 წელს მიღებული პულიცერის პრემიაც. უჩვეულოა, მსგავსი საყოველთაო აღიარება ხელოვანმა სიცოცხლეშივე მოიპოვოს. განსაკუთრებით, მორისონის მსგავსმა საზოგადოების მანკიერებების მამხილებელმა მწერალმა. მისი შემოქმედება რასიზმისა და სექსიზმის პრობლემებს უტრიალებს და, ამავდროულად, არც უმცირესობათა დამცველებს შორის გავრცელებული ნარატივების დეკონსტრუქციას ერიდება.
პირველი რომანი „ყველაზე ცისფერი თვალი“ 39 წლის ასაკში გამოაქვეყნა, როცა Random House-ში უფროს რედაქტორად მუშაობდა და ორ მცირეწლოვან შვილს უვლიდა. წიგნი ზოგიერთი შტატის სკოლებში დღემდე აკრძალულია.
წინამდებარე ინტერვიუ ჩაწერილია 2012 წელს მორისონის სახლში, რომელიც მდინარე ჰუდსონის სანაპიროზე დგას და დაბალ ნაცრისფერ ხიდს გადაჰყურებს. კითხვები ძირითადად მწერლის იმ დროისათვის ახლად გამოცემულ რომან „სახლს“ ეხება, რომელიც კორეის ომის ვეტერანის, ფრენკ მონის, მოგზაურობაზე მოგვითხრობს – პროტაგონისტი სიეტლის საავადმყოფოდან ჯორჯიაში თეთრკანიანი ექიმების საექსპერიმენტო ვირთხად ქცეული უმცროსი დის გადასარჩენად ბრუნდება. გზად კი 1950-იანი წლების ამერიკის ძალადობრივ და რასისტულ რეალობასთან უწევს გამკლავება.
ტონი მორისონი 2019 წლის 5 აგვისტოს გარდაიცვალა.
ამ ხიდს რა ჰქვია?
Tappan Zee. მუდმივად მისი დანგრევით იმუქრებიან, ჩანაცვლება უნდათ. თავის დროზე, 50-იან წლებში Nyac-ის ხიდიც ასე დაანგრიეს, ამის ასაშენებლად. მაგრამ ზედმეტად დაბალი მოუვიდათ, ალბათ, ხედი რომ არ დაემახინჯებინათ. პრობლემა ისაა (თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ), ვინც აქედან გადახტომით ცდილობს სიცოცხლის ხელყოფას, არ კვდება, მხოლოდ ხერხემალში ტყდებიან.
რახან ასე დაბალია?
დიახ, ძალიან დაბალია. ახლახან პატარა კამერები დააყენებს, მძღოლის მიერ მიტოვებული მანქანების დასაფიქსირებლად.
ადრე Golden Gate-ის ხიდზე ვკითხულობდი. მას ყველაზე ბევრი თვითმკვლელი სტუმრობს. გამაკვირვა, რომ უმეტესობა გადახტომისას ქალაქს უყურებს და არა ოკეანეს. ნეტავ, ხალხმრავალი სანაპიროს ცქერას რატომ ამჯობინებენ?
ღმერთი ჩემო.
რამდენადაც ვიცი, საუნივერსიტეტო ნაშრომი ვირჯინია ვულფის შემოქმედებაში თვითმკვლელობის თემაზე დაწერეთ, არა?
ვულფზე და ფოლკნერზე დავწერე. მაშინ ფოლკნერს აქტიურად ვკითხულობდი. თქვენ ეს არ გეცოდინებათ, მაგრამ 50-იან წლებში ამერიკული ლიტერატურა ახალი ხილი იყო, მისი კითხვა კი – ერთგვარი დისიდენტობა. რამდენიმე ავანგარდისტი პროფესორი მყავდა, ამერიკული ლიტერატურის კითხვისკენ რომ მიბიძგებდა.
იმ დროს რომელიმე აფრო-ამერიკელ მწერალს თუ ასწავლიდნენ?
ცხადია, არა. აფრო-ამერიკელ სკოლებშიც კი არა! ჰოვარდის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. მახსოვს, ვიკითხე, შექსპირის შავკანიან პერსონაჟებზე თუ შემეძლო ნაშრომის დამეწერა. [იცინის] პროფესორი ძალიან გაღიზიანდა! მიაჩნდა, რომ ეს დაბალი კლასის საქმე იყო. ასე მითხრა: ”არა, არა. ეს ძალიან უმნიშვნელოა – ეს არაფერია.”
თქვენ ახლახან დაწერეთ პიესა დეზდემონას პერსონაჟზე და დააფიქსირეთ მოსაზრება, რომელზეც აქამდე არასდროს მიფიქრია: დეზდემონა მედდა ბარბარეს გაზრდილია, ასე რომ, გარკვეული გაგებით, მას ოტელოზე დაქორწინებამდე ჰქონდა შავკანიანებთან შეხება. ეს ამბავს მნიშვნელობას უცვლის. ყოველ შემთხვევაში, დეზდემონას თვითაღქმას სხვაგვარად გაგვააზრებინებს.
რამდენიმე წლის წინ ვენეციაში ვსადილობდი და ერთმა ბიჭმა მითხრა: „იცი, ევროპაში რასის პრობლემა არ გვაქვს“. ალბათ, გადაღლილი ვიყავი და ამიტომაც მკვახედ მივახალე: „ნამდვილად, მთელი თქვენი ნაგავი ჩვენთან გადმოყარეთ“. პიტერ სელარსი [თეატრის რეჟისორი] იჯდა ჩემს პირისპირ და თვალები გაუბრწყინდა. იმ სასადილოს კედლებზე ზღაპრული გობელენები ეკიდათ, ერთ-ერთი შავი მეფის მსგავსი გამოსახულებით. ამ სპექტაკლზე ფიქრიც მაშინ დავიწყე. პიტერმა მითხრა, რომ ოტელოს არასდროს დადგამდა, ზედმეტად სუსტიაო. მე კი ვუთხარი: „არა, თქვენ მის დადგმებზე საუბრობთ და არა თვითონ პიესაზე. პიესა უდავოდ საინტერესოა“.
თქვენი ახალი რომანისთვის 1950-იანი წლების ამერიკა რატომ შეარჩიეთ?
მინდოდა ამ პერიოდისთვის ყვავილებით აჭრელებული საბურველი მომეცილებინა. ნუთუ, მართლა ასე კარგად იყო ყველაფერი? ამავდროულად, 81 წლის ვარ. ახალგაზრდა და მებრძოლი გოგონა მაგ ათწლეულში ვიყავი. ისაა ჩემი დრო.
ეს ათწლეული დუგლას სირკმა შექმნა.
ზუსტად. მე კი მინდოდა, მეჩვენებინა, რა ხდებოდა სინამდვილეში: პირველ რიგში, ეს იყო კორეის ომი, რომელსაც თავის დროზე „პოლიციის მოქმედება“ უწოდეს. ომს არავინ ეძახდა, არადა 53 000 ჯარისკაცი დაიღუპა. შემდეგ, 50-იან წლებში იყო [ჯოზეფ] მაკკარტი და შავკანიანებს ხოცავდნენ მარჯვნივ თუ მარცხნივ. 1955 წელს ემეტ ტილი მოკლეს. მოგვიანებით კი ბევრი რამ გამოაშკარავდა სამედიცინო ექსპერიმენტების შესახებ. ახლა ჩვენ ვიცით ჯარისკაცებზე ჩატარებულ LSD-ის ექსპერიმენტებზე, მაგრამ ასევე იქცეოდნენ სიფილისთან დაკავშირებით – ტუსკეგეში (Tuskegee) ცდიდნენ შავკანიან მამაკაცებზე, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ სამედიცინო დახმარებას იღებდნენ.
საცდელი ვირთხებივით გამოიყენეს.
მესამე სამყაროს ქვეყნებში ჯერაც ასეა. მიმაჩნია, რომ ამ ოთხმა მოვლენამ, თავის მხრივ, 60-იანი და 70-იანი წლები განსაზღვრა. ამის ჩვენება მინდოდა. ამიტომ ავარჩიე პროტაგონისტად კორეის ომის ვეტერანი, აფეთქებების ტრავმა რომ დაჰყვება თან. ჯორჯიაში, სახლში უხალისოდ ბრუნდება, რადგან იცის, იქაც ბრძოლის ველი ელოდება.
წიგნი სიეტლში იწყება. სიმართლე გითხრათ, რასობრივ და სეგრეგაციის პრობლემას ყოველთვის ჩრდილოეთისა და სამხრეთის გამიჯვნის ფონზე აღვიქვამდი. არასოდეს მიფიქრია დისკრიმინაციაზე წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთში.
ამაში ჩემი რედაქტორიც დაეჭვდა. თუმცა აღნიშნულის არაერთი დამამტკიცებელი საბუთი არსებობს: წიგნში აღწერილ მთელ ქონებას [კომპანია] ბოინგი ფლობდა. დოკუმენტებში წერია: „არ დაიშვებიან ებრაელები, აზიელები და აფრიკელები, რომელთა დაქირავება ან ყიდვა არ შეიძლება. ისინი აქ ვერ იცხოვრებენ, თუ ადგილობრივებზე არ მუშაობენ.” ჩემმა რედაქტორმა შეიცხადა – ეს არ ვიცოდი. ჩვენ ჩრდილოელები ვფიქრობდით, რომ ამგვარი რამ მხოლოდ სამხრეთში ხდებოდაო. მე ვუთხარი: “რას გულისხმობ, “ჩვენ ჩრდილოელები?” მეც ჩრდილოელი ვარ.” თეთრკანიანი ჩრდილოელები ვიგულისხმეო, მიპასუხა. ამის შემდეგ მთავარი გმირის შავკანიანობაზე აღნიშნა რაღაც. ვკითხე “საიდან იცით, რომ შავია? არსად მითქვამს, არსად დამიწერია”. უბრალოდ ვიციო.
ჩვენ 50-იანი წლების სტაბილურობის რომანტიზება გვახასიათებს, როგორც 60-იანი წლების რევოლუციურ სულს განვადიდებთ. იყო თუ არა „სახლი“ თქვენი მცდელობა, 50-იანი წლების გაბატონებული იმიჯი გადაგეწერათ?
ვგრძნობდი, ვიღაცა რაღაცას მალავდა – და ამ ვიღაცაში საქვეყნოდ გაბატონებულ ნარატივს ვგულისხმობ, რომელიც ასე აგრესიულად ამტკიცებდა საყოველთაო ბედნიერებას. ომის შემდეგ ყველა ფულს შოულობდა, მშვენიერი კომედია დადგეს… მე კი სულ ვფიქრობდი, რომ ასეთ დაჟინებულ კარგად ყოფნაში შეუძლებელია, არ ერიოს სიყალბე. ამიტომ დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორი იყო ეს პერიოდი ჩემთვის, იმდროინდელ აღქმას დავუბრუნდი და შელამაზების მანქანა შემრჩა ხელში. ვფიქრობ, ამას ყველა ერი აკეთებს, ცდილობს, ყველაფერი გაასუფთაოს. ლოგიკურია, ვის არ უნდა, საკუთარ თავზე კარგს ფიქრობდეს. მაგრამ კმაყოფილება მხოლოდ წარუმატებლობების აღიარებით მოდის. უნდა დაინახო, ვის რა დაუშავე და შენ თავად რისი მსხვერპლი ხარ. ყველგან ასწავლიან სამშობლოს სიყვარულს, რაც ჩემთვის მისაღებია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფაქტები უნდა დავმალოთ. Random House-მდე ერთი წლით ადრე სასკოლო გამომცემლობაში ვმუშაობდი რედაქტორად. მე-10, მე-12 კლასის წიგნებს ვასწორებდი. ტეხასის წიგნებში აკრძალული იყო “სამოქალაქო ომის” ხსენება. უნდა დაგვეწერა „შტატებს შორის ომი”. ამას სკოლებში დღესაც აკეთებენ.
მიზანი არა განათლება, არამედ ხელახლა აღზრდაა, არა?
„სახლში“ კიდევ ერთი იდეის კვლევა მსურდა: მამაკაცსა და ქალს შორის სუფთა სიყვარულის. გადავწყვიტე, ასეთი მხოლოდ და-ძმას შორის შეიძლება არსებობდეს: მასკულინური ელემენტების შენარჩუნება, სექსუალური სწრაფვის გარეშე. ჰენზელსა და გრეტელს შორის ეს დინამიკა ყოველთვის მხიბლავდა.
სათაურად „სახლი“ უკან დაბრუნების მოტივის გამო შეარჩიეთ? რომანის დასაწყისში დაწვრილებით აღწერთ, თუ როგორ ცხოვრობს მონის ოჯახი ტეხასის პატარა ქალაქში და როგორ უწევთ, სიცოცხლის გადასარჩენად 24 საათის განმავლობაში დატოვონ სამშობლო. რას ნიშნავს სახლი ასეთი გადასახლების შემდეგ?
ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ერთი საინტერესო წიგნი მაქვს, სადაც მსგავსი „გაწმენდის“ პოლიტიკებია აღწერილი. ტეხასში ამის ბევრი მაგალითია. პალესტინელების მსგავსად, უბრალოდ ეუბნებოდნენ „წადით!“. თუ არა და მოგკლავდნენ. მაგრამ წიგნის დასახელებაზე რა გითხრათ, სათაურების მოფიქრება არასდროს გამომდიოდა.
რას ბრძანებთ, შესანიშნავი სახელწოდებაა. თქვენი სხვა სათაურებიც ცხადად და ცალსახად გადმოსცემს ხოლმე აზრს. მიუხედავად იმისა, რომ რომანი სახელად „სახლი“ მკითხველს იმთავითვე ძალიან ბევრს ჰპირდება.
როდესაც წიგნზე ვმუშაობდი, მას “ფრანკ მონი” ერქვა. ჩემმა რედაქტორმა შეცვალა და „სახლი“ დაარქვა. არც „სოლომონის სიმღერა“ მომიფიქრებია ჩემით. ვიღაცამ რომ შემომთავაზა, ვიფიქრე, „რა საშინელებაა!“ მაგრამ ჯონ გარდენიც იქ იყო და შემოსძახა: „სოლომონის სიმღერა, მშვენიერი სათაურია! დატოვე!” მე ვუთხარი: “დარწმუნებული ხარ?” მან თქვა: “დიახ!” და მეც დავთანხმდი. შემდეგ წავიდა და გავიფიქრე: „რატომ ვაქცევ მის აზრს ყურადღებას? თავის წიგნს „მზის შუქის დიალოგები“ (The sunlight dialogues) დაარქვა. ყოველთვის საშინელ სათაურებს იფიქრებდა!” [იცინის] მაგრამ მაშინ უკვე გვიანი იყო…
„სულას“ ახალი გამოცემის წანამძღვარში ორი შვილის აღზრდისა და Random House-ში მუშაობის პარალელურად წერის სირთულეზე საუბრობთ. დღეს ხშირად განვადიდებთ ახალგაზრდა მწერლებს, კოლეჯი ეს-ესაა რომ დაამთავრეს, თუმცა, მიმაჩნია, ოჯახისა და სამუშაოს ფონზე, ზრდასრულობაში წერის დაწყება ბევრად უფრო რთულია.
39 წლისამ დავიწყე.
გახსოვთ, როგორ წერდით იმ რთულ ვითარებაში? დილით გაღვიძება და ცარიელი ფურცლის ყურება შვება იყო თუ სასოწარკვეთა?
შვება. ჩემთვის სრული თავისუფლება მხოლოდ საწერ მაგიდასთან და შვილებთან არსებობდა. მხოლოდ ბავშვები არ ელოდნენ ჩემგან წარმოუდგენელს. იმის მიხედვით არ განმიკითხავდნენ, სექსუალური ვიყავი თუ არა. არც სხვა საზომები აინტერესებდათ, რითაც სხვები განსჯიდნენ, როგორც ქალს გამომცემლობაში. ელემენტარული ზრუნვა სურდათ, გულწრფელობა, ცოტა იუმორი და ბევრი კომპეტენტურობა. ეს მიადვილდებოდა. გარეთ კი ყველაფერი რთულად იყო. წერა სრული თავისუფლებაა. არავინ არაფერზე მიმითითებდა. მხოლოდ ჩემი სამყარო და წარმოსახვა არსებობდა. მთელი ცხოვრება ასე იყო და ახლაც ასეა.
თუმცა რამდენჯერმე გავჩერებულვარ. ბოლოს ორი წლის წინ, როცა ჩემი ვაჟი გარდაიცვალა. წერა შევწყვიტე მანამ, სანამ არ ჩავუფიქრდი – რას იფიქრებდა ჩემი შვილი, ასე, მის გამო დანებებული რომ ვენახე. ალბათ, მეტყოდა: „გთხოვ, დედა, მე უკვე მკვდარი ვარ, არ შეგიძლია, გააგრძელო…?“ ამის შემდეგ მოვახერხე, „სახლი“ დამესრულებინა.
მაგრამ წერა არა მარტო თავისუფლება, არამედ განათლებაცაა. „სახლი“ კაცის პერსპექტივით დავწერე, რაც „სოლომონის სიმღერამდე“ სერიოზულად არასდროს მიცდია. სულ ვფიქრობდი: „როგორები არიან კაცები სინამდვილეში? რაზე ფიქრობენ?” იმ პერიოდში მამაჩემი ახალი გარდაცვლილი იყო და მახსოვს, მაინტერესებდა: „ნეტავ, რა იცოდა მან?“. შემდეგ კი შვება ვიგრძენი, რადგან მივხვდი – თუ წერისას სწორ კითხვებს დავსვამდი, პასუხი თვითონ მოვიდოდა. ასეც მოხდა. გეტყვით, რაც დამეხმარა: შავკანიანი მამაკაცები წერენ იმაზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია – თეთრკანიან კაცზე, ვინაიდან ის ურთულებთ ცხოვრებას. შემდეგ შევამჩნიე, რომ დღეს შავკანიანი ქალები ასე არასდროს იქცევიან (მხოლოდ 20-იან წლებში სჩვეოდათ ეს). ამან დამაინტერესა – უეცრად თუ თეთრკანიანი კაცის მზერას გამოაცლი სამყაროს, დაინახავ თავისუფლებას! ამის მერე ნებისმიერი რამის წარმოდგენა, წარმოსახვა შეგიძლია, ნებისმიერ ადგილას წასვლა. აღარ არსებობს პრობლემა, ბატონის მზერით რომ უნდა უყურო სამყაროს, რაც ყოველთვის რაღაცის მტკიცებას გაიძულებდა.
ნამდვილად თავისუფლება უნდა იყოს, როცა თეთრი აუდიტორიისთვის წერას არ აიძულებ თავს. თუმცა ამ გადაწყვეტილებას სითამამეც დასჭირდებოდა. საფრთხე არსებობდა, რომ არ გამოგიქვეყნებდნენ ნაწერს.
გამოცემა არც მიფიქრია. როცა ვაშინგტონში ვასწავლიდი, სერიოზული მწერლები და პოეტები მეხვივნენ თავს. თვეში ერთხელ იკრიბებოდნენ და ერთმანეთს თავიანთ შემოქმედებას უზიარებდნენ. დასწრების უფლებას არ მაძლევდნენ, რამეს თუ არ წავიკითხავდი. მეც ჩემი ძველი ნაწერები მიმქონდა. როცა ყველაფერი ამოვწურე, მომიწია ახალი დამეწერა – ასე გაჩნდა ამბავი ცისფერ თვალებზე მეოცნებე შავკანიან გოგონაზე, რომელიც ბავშვობაში ნანახ ამბავზე დავაფუძნე. მშვენიერი საღამო გამოვიდა, გემრიელი საჭმლით. წერის პროცესი მომეწონა მაგრამ მოუცლელი ვიყავი. ამ დროს ჩემი უმცროსი ვაჟი ექვსი თვის იყო, ამიტომ მხოლოდ დილით თუ ავდგებოდი და განვავრცობდი ამბავს ცისფერ თვალებზე, სანამ შვილებს ეძინათ.
ცნობილია, რომ ახლაც მზის ამოსვლამდე იღვიძებთ დასაწერად.
დილით გონება სხარტად მიმუშავებს. ასევე, მიყვარს მზის სხივებში დგომა. ნებისმიერ შემთხვევაში, „ყველაზე ცისფერი თვალი“ რომ დავასრულე, ბევრ გამომცემლობას გავუგზავნე. ძირითადად უარი მომდიოდა, ხოლო ერთ ასეთ წერილს ახსნა-განმარტებაც მოჰყვა თან: სტილი შემიქო, მაგრამ თქვენს წიგნს „არც დასაწყისი აქვს, არც შუა და არც დასასრულიო“, მწერდა. ვიფიქრე, ცდებოდა. მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო იმის დაშვება, რომ ეს მოვახერხე.
ეს ამბები იქამდე ხდებოდა, სანამ „screw whitey“ წიგნების ტალღა წამოვიდოდა. მოძრაობა აგრესიულად ამტკიცებდა, რომ „შავი ლამაზია“. ამაზე ვფიქრობდი: „ვისთვისაა ეს სლოგანი? ჩემთვის? ახლა გინდათ მითხრათ, რომ მე ვარ ლამაზი?“ გადავწყვიტე, მეთქვა, როგორი იყო რეალურად ცხოვრება მანამ, სანამ კაცები „ჩემო-ლამაზო-შავო-დედოფალო“-ს ძახილს დაიწყებდნენ! [იცინის] იცით, რასიზმი საკუთარი თავის ზიზღს გაუძლებს. ეს მტკივნეულია და მთელი არსებით განგრევს.
მაშასადამე, იმ გოგოს ამბის მოყოლით, რომელიც ლურჯ თვალებზე ოცნებობდა და თავი მახინჯად მიაჩნდა, თქვენი სადებიუტო რომანი „შავი ლამაზია“ პროგრამის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. ამის გამო, თქვენი პირველი კრიტიკოსები შავკანიანები ხომ არ იყვნენ?
დიახ, მთელი გულით შეიძულეს ეს წიგნი. ყველაზე სასიამოვნო შეფასება არა კრიტიკოსებისგან, არამედ სტუდენტისგან მომისმენია: „მომეწონა „ყველაზე ცისფერი თვალი“, მაგრამ საშინლად გავბრაზდი თქვენზე, ეს რომ დაწერეთ“. ვკითხე, რატომ-მეთქი და მიპასუხა: „ახლა მათაც ეცოდინებათ“.
თუმცა შეფასებების უმეტესობა უარყოფითი იყო. მეგონა არავინ წაიკითხავდა. 1500 ეგზემპლარი დაბეჭდეს, მე კი მეგონა მხოლოდ 400 იქნებოდა. შემდეგ მოულოდნელად სასწაული მოხდა: 70-იანებში City College-მა გადაწყვიტა პირველკურსელთა კურიკულუმებში შეეტანა ქალებისა და აფროამერიკელების წიგნები და მეც ამ სიაში მოვყევი.
თქვენ „ერის პროზაიკოსი“ და „ამერიკის სინდისი“ შეგარქვეს. რთულია, სხვა მწერალი დავასახელოთ, ალბათ, უოლტ უიტმენის გარდა, ვისაც სთხოვეს ერის სახელით ელაპარაკა. ამას ოდესმე თუ შეუზღუდიხართ? ასეთი წარმატება, გარკვეულწილად, მახე ხომ არაა?
ნობელის პრემიის მოპოვების შემდეგ ცოტა გამიჭირდა, მაგრამ, მადლობა ღმერთს, „სამოთხე“ უკვე დაწყებული მქონდა. არ დამჭირდა პრემიისთვის საკადრისი რამე შემეთხზა. ახლა მოპოვებული წარმატების მხოლოდ დადებით მხარეებს ვაქცევ ყურადღებას. [იცინის]
ნობელის კომიტეტის ზარმა დილით ადრე გაგაღვიძათ?
არა, ახლა ასე აღარ იქცევიან. გადაწყვიტეს, შუაღამისას არ დაურეკონ ხალხს და სასაათო სარტყელს ყურადღება მიაქციონ. მე ჩემმა მეგობარმა, რუტ სიმონსმა შემატყობინა სატელეფონო ზარით „ნობელის პრემია გადმოგეცაო“. ვიფიქრე, რაღაცები ელანდებოდა.
საერთოდ იცოდით, რომ მონაწილეობას იღებდით?
ამაზე არასდროს მიფიქრია. ამიტომ ყურმილი დავუკიდე. „რას ამბობს“-მეთქი, ვიფიქრე. სიმართლე რომ ყოფილიყო, ჩემზე პირველი როგორ გაიგებდა? იმ წამსვე გადმომირეკა და „რა გჭირსო?“, მკითხა. „საიდან გაიგე?“ „Bryant Gumbel-ის დღის შოუში მოვისმინეო“. ამან ჩამაფიქრა. მაგრამ ბევრი ისეთი შემთხვევაც ვიცოდი, წინასწარ რომ ვარაუდობდნენ და აღნიშნავდნენ ჟურნალისტები, შემდეგ კი გაწბილებულნი რჩებოდნენ.
ვფიქრობ, საწყალ ნორმან მეილერს დაემართა ასე.
დიახ. ჯოის კეროლ ოუტსსაც! არადა ჟურნალისტები უკვე გარეთ ელოდნენ. ამიტომ არ ვიცოდი რა მექნა. უბრალოდ სამსახურში წავედი. შემდეგ კი შუადღეს, დაახლოებით 12:30 საათზე, გონივრულ დროს, დამირეკეს შვედეთის აკადემიიდან. მითხრეს, რომ გავიმარჯვე. ჯერ კიდევ არ ვიყავი დარწმუნებული, ამიტომ ვუთხარი: „ფაქსით გამომიგზავნით?”
წერილობითი დასტური გინდოდათ! [იცინის]
ასეა! მაგრამ დაჯილდოება სამოთხე იყო, საუკეთესო წვეულება.
ახალ დოკუმენტურ ფილმს ვუყურე ფრან ლებოვიცზე, სადაც იხსენებს, საღამოზე თქვენთან ერთად რომ წავიდა და ბავშვების მაგიდასთან მოუწია ჯდომა.
[იცინის] დიახ! მართლა ასე მოხდა. მაგრამ მაინც შესანიშნავი იყო. გრანდიოზული… და ცოტა მოუხერხებელი.
მოუხერხებელი?
დიახ, კიბე ცოტა არაკომფორტული იყო სასიარულოდ. მაგრამ მაინც, საუკეთესო დრო ვატარე.
1983 წელს გადაწყვიტეთ, მთელი თქვენი დრო მწერლობისთვის დაგეთმოთ და რედაქტორობა უკან მოიტოვეთ. იცოდით, რომ ამ სამქეს აღარ დაბრუნდებოდით?
აი, ამ ვერანდაზე ვიჯექი, როცა სამსახურიდან წამოვედი. ზუსტად ასეთი არ იყო, ქარიშხლის გამო რესტავრაცია მოგვიწია. მაგრამ, აქ ვიჯექი და ვგრძნობდი შიშს. ვღელავდი, რახან სამსახური აღარ მქონდა. ბავშვები როგორ უნდა მერჩინა? და შემდეგ გავიფიქრე: „არა, რასაც ვგრძნობ შფოთვა კი არა, ბედნიერებაა!”
შვება.
შვებაზე მეტი. მართლა ბედნიერი ვიყავი. რაც აქამდე არასდროს განმიცდია. სწორედ ამ დროს დავწერე “საყვარელი”. მასზე მუშაობის პროცესი წყალდიდობას ჰგავდა.
როგორ აღმოაჩინეთ სტატია მარგარეტ გარნერის შესახებ, რომელიც „საყვარელის“ ინსპირაციად იქცა? [მარგარეტი – გაქცეული მონა, რომელმაც ქალიშვილი მოკლა, მისი ხელახლა დატყვევების თავიდან ასაცილებლად]
„შავ წიგნზე“ მუშაობისას [1974 წლის მიდლტონ ა. ჰარისისა და მორისონის არამხატვრული წიგნი]. ვაპირებდი მთელი დედამიწის შავი ისტორიის კატალოგი შემექნა – კარგი და ცუდი ამბებით. ბიჭებმა ძველი გაზეთები შემიგროვეს. ერთ-ერთში მარგარეტზე ეწერა სტატია. დამაინტერესა, რომ ავტორი შოკში ჩააგდო მარგარეტის საღ გონებაზე ყოფნამ. “ისეთი მშვიდია… და ამბობს, რომ ამას ისევ გააკეთებდა.” მონა ქალები ასე ხშირად იქცეოდნენ, თუმცა ამ შემთხვევის რაციონალურობამ მომხიბლა.
ასევე, ამ პერიოდში ფემინისტებში დედობის წინააღმდეგ სენტიმენტი მოძლიერდა. მათთვის შვილი თავისუფლების აღკვეთასთან გაიგივდა. მარგარეტისთვის კი, პირიქით – შვილის გაჩენითა და მისი ბედის განსაზღვრით საკუთარ თავისუფლებას გაუსვა ხაზი – მის ქალიშვილს ლეკვივით ვერავინ გაყიდდა. შესაბამისად, პოპულარულ აზრს კიდევ ერთხელ დავუპირისპირდი. ახალგაზრდობაში ყოველთვის მაწუხებდა, რომ როცა თეთრკანიანი ფემინისტები მნიშვნელოვან შეხვედრებს ესწრებოდნენ, თავიანთ შავ მოახლეებს სახლში ტოვებდნენ! [იცინის]
განხეთქილება იგრძენით თეთრ და შავკანიან ფემინისტებს შორის?
შავკანიანი ფემინისტები თავიანთ თავს ქალისტებს (Womanists) უწოდებდნენ. განხეთქილება ყველგან იგრძნობოდა. კაცების მიმართ დამოკიდებულებაც სხვადასხვა იყო: ისტორიულად, შავკანიანი ქალები ყოველთვის ზრუნავდნენ თავიანთ კაცებს, რადგან ისინი სახლს გარეთ მუშაობდნენ და სიკვდილიც, დიდი ალბათობით, მათ ემუქრებოდათ. პუბლიკაციაში მუშაობა რომ დავიწყე, ხშირად მესმოდა თეთრი ქალი კოლეგების საუბრები, თუ როგორ გაუჭირდათ მუშაობის დაწყებაზე ოჯახის ნებართვა მოეპოვებინათ. ბიჭებს კოლეჯებში აძლევდნენ განათლებას, გოგოები კი იჩაგრებოდნენ. ჩვენთან კი პირიქით იყო: აფრო-ამერიკელ გოგოებს ასწავლიდნენ, რადგან მათ შედარებით მარტივად შეეძლოთ ექთნები და მასწავლებლები გამხდარიყვნენ. შავკანიან კაცს კი საგანმანათლებლო სივრცეში მეტი დაპირისპირება და საფრთხე ელოდა.
[…]
ბარაკ ობამა კენჭს რომ იყრიდა, მხარდაჭერა გთხოვათ და თქვენც დათანხმდით. თქვით, რომ მისი გამარჯვება ვალის უკან დაბრუნება იქნებოდა – აუცილებელი ევოლუცია და არა რევოლუცია.
ეს მე ვთქვი? კარგად ჟღერს! [იცინის]
ნამდვილად. თქვენი მოლოდინები გაამართლა?
იმაზე მეტად, ვიდრე მეგონა.
მთლიანობაში მეც ამ აზრზე ვარ. რამდენჯერმე ნდობა არ გამიმართლა, თუმცა ეს, ალბათ, ბუნებრივია პრეზიდენტის მხრიდან.
რა თქმა უნდა, მაგრამ საზოგადოების მხრიდან ასეთ მტრულ დამოკიდებულებას არ ველოდი. ზოგისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ობამა რას აკეთებს, უბრალოდ სძულთ. მათი არგუმენტები კი ისეთი მოძველებულია. ახლა როცა n-word-ს ვეღარ იყენებენ, სინონიმები მოუფიქრეს: კენიელი, ურჯულო. არადა, n-word ყველაფერს სრულყოფილად მოიცავდა. როგორც „Like“, საუბარში 90-მდე სიტყვა რომ ჩაანაცვლა. ეს მანაღვლებს. არის სიტყვა, რომელიც ენას აქრობს და არის გამქრალი სიტყვა, რომელიც ენაში პარაზიტებს ქმნის.
ობამას კრიტიკოსებს ხშირად უბრალო სიძულვილი კვებავთ. ამას წინათ წავიკითხე გაზეთში „ნამდვილი პრობლემა ისაა, რომ სამყაროს სათავეში შავკანიანი დგას.“ მოსამართლე ან ექიმი კი არაა, სამყაროს მართვის სადავეები უჭირავს! ზოგიერთი ამას ვერასდროს შეეგუება.
© არილი