1991 წლამდე უკრაინული ლიტერატურა დამპყრობელთა მრავალწლოვანი ბატონობის ქვეშ ვითარდებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მწერლები ცენზურისა და სოცრეალიზმის ტენდენციებისგან განთავისუფლდნენ და თავიანთი შემოქმედებით უწინ ტაბუირებული ამბების მოყოლა დაიწყეს. ამას მოჰყვა ექსპერიმენტები ფორმასა და სტილზე, ჟანრებისა და ენების სინთეზი (უკრაინულად Surzhyk) და პოსტმოდერნიზმისა თუ ნეოავანგარდიზმის პოპულარიზაცია.
ქვემოთ ჩამოთვლილი 11 თანამედროვე უკრაინელი მწერლის შემოქმედება როგორც კოლექტიურ მეხსიერებაში დალექილი ტრაგედიების მოუშუშებელ იარებს, ისე უკრაინელი ხალხის გამძლეობასა და იმედით სავსე სულისკვეთებას ასახავს:
ანდრეი კურკოვი: PEN Ukraine-ის პრეზიდენტი, კიევში მცხოვრები 61 წლის ანდრეი კურკოვი მწერალთა ასოციაციის სახელით 24 თებერვალს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს: „ეს არის ჩემი ქალაქი, ჩემი სახლი, ჩემი ქვეყანა, ჩემი მშობლიური მიწა… ოკუპანტებს ხელგაშლილი არასდროს დავხვდები“. პროზაიკოსი მკითხველს რუსულ და უკრაინულ ენებზე ოკუპანტთა აგრესიით დაზარალებული თანამემამულეების ბედზე უყვება. მისი 2018 წლის რომანი „რუხი ფუტკრები“ იგავისა და ეპოსის ელემენტებით აღწერს 2014 წლის ომის დროს სეპარატისტებსა და უკრაინულ ჯარს შორის ნეიტრალურ ზონაში მცხოვრები მეფუტკრის ყოველდღიურობას. ხოლო მისი ჯერ-ჯერობით ბოლო, სიურრეალისტური ნაწარმოები „ღამის მერძევე“ მკვლელობის ისტორიის ფონზე ხატავს უკრაინული ცხოვრების თავისებურებას.
ილია კამინსკი: ოდესაში დაბადებულმა პოეტმა, კრიტიკოსმა და მთარგმნელმა სმენა 4 წლის ასაკში დაკარგა და, როგორც The New Yorker წერს, მწერალი თავის შემოქმედებაში სიყრუეს ტირანიისა და ძალადობის მეტაფორად იყენებს. თავისი პირველი პოეტური კრებული „ცეკვა ოდესაში“ (2004) აჩრდილივით დადევნებულ ქალაქის მოგონებებს მიუძღვნა, ხოლო 2019 წლის კოლექცია „ყრუ რესპუბლიკა“ – პოლიტიკური არეულობის დროს ოკუპირებული ქვეყნის მდგომარეობას.
ალექსანდრე ირვანეცი: 1985 წელს მეგობრებთან – იური ანდრუხოვიჩთან და ვიქტორ ნებორაკთან ერთად, ლიტერატურული პერფორმანსის ჯგუფი, პოეტური დაჯგუფება „ბუ-ბა-ბუ“ დააარსა. ჯგუფი 80-90-იანი წლების უკრაინაში დიდი პოპულარულობით სარგებლობდა. 2000-იანი წლებიდან ირვანეცი ძირითადად პროზაულ ნაწარმოებებს წერს. მისი ბოლო რომანი „ხარკოვი – 1938“ შავი იუმორით აღწერს უკრაინის ალტერნატიულ რეალობას, სადაც ხარკოვი, როგორც მაშინდელი რესპუბლიკის დედაქალაქი, ახერხებს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.
ვიქტორ ნებორაკი: პოეტი, პროზაიკოსი, კრიტიკოსი და თანადამფუძნებელი წევრი „ბუ-ბა-ბუ“ ჯგუფისა, რომელმაც დიდი როლი ითამაშა უკრაინული კულტურის აღორძინებაში. მისი შემოქმედება ლინგვისტური ექსპერიმენტებით გამოირჩევა: უტრიალებს კარნავალის, ეროტიკის, როკ მუსიკისა და, ზოგადად, გართობის თემებს. ნებორაკს ასევე ეკუთვნის ორი მემუარისტული ესეების კრებული: „დაბრუნება ლეოპოლისში“ (1998) და „ბუ-ბა-ბუ-ს შესავალი“ (2001).
არტემ ჩაპაი: 40 წლის ავტორის სამი წიგნი: „მოგზაურობა მამიოტასთან უკრაინის ძიებაში“ (2011), „წითელი ზონა“ (2014) და „იქ მიდის სამეზობლო“ (2015) BBC-ის წლის წიგნის დაჯილდოების მოკლე სიაში მოხვდა. დონბასში ომის დროს რეპორტიორად მუშაობდა და 2015 წელს ჟურნალისტური ამბების კრებული „სამ-ასოიანი ომი“ გამოსცა. ზემოთ ხსენებულ Pen Ukraine-ის ვიდეომიმართვაში კი განაცხადა: „ეს ჩემი სახლია. აქ ცხოვრობენ ჩემი შვილები. სკოლაში აქ დადიან… აქაურობას ისე შევეჩვიეთ, რომ მხოლოდ ხალხის კი არა, ცხოველებისა და ფრინველების ცნობაც არ გაგვიჭირდება“.
თამარა ივანოვნა ჰუნდოროვა: 66 წლის კრიტიკოსი, კულტუროლოგი, პროფესორი, მწერალი და PEN Ukraine-ის წევრი ვიდეომიმართვაში აცხადებს: „ჩვენი სამშობლოს საუკეთესო და უძლიერესმა ხალხმა იარაღი აიღო ხელში და წინა ფრონტზე იბრძვის. ყველა უკრაინასთან დაკავშირებული ხელოვანი ახლა აქ უნდა იყოს, რადგან დასაცავია ის, რაც ყველას გვაკავშირებს, გვაძლიერებს და ბრძოლისუნარიანობას გვიბრუნებს: ჩვენი ენა და ჩვენი კულტურა.“
კოზლოვსკი იგორ ანატოლიევიჩი: დონეცკის რეგიონში დაბადებულმა მეცნიერმა, პოეტმა და პროზაიკოსმა თითქმის 2 წელი კრემლის პატიმრობაში გაატარა მას შემდეგ, რაც ე. წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სამხედროებმა შეიპყრეს. მწერალი აქტიურად იბრძვის რუსეთის პოლიტპატიმრებისა და ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად. „მე მაქვს ტყვეობაში ყოფნის გამოცდილება. ვიცი რაცაა რუსეთი. ვიცნობ უკრაინასაც. რუსეთი მონობა და შიშია, ხოლო უკრაინა თავისუფლება და სიხარული,“ აცხადებს ვიდეომიმართვაში.
ანა ბაგრიანი: უკრაინელ მწერალთა ეროვნული კავშირისა და სლავური ლიტერატურისა და ხელოვნების აკადემიის წევრი 7 პოეტური კრებულის, პიესების 2 კოლექციისა და 3 რომანის ავტორია. მან ასევე შეადგინა და თარგმნა თანამედროვე პოეზიის ანთოლოგია მაკედონიის რესპუბლიკიდან. ხოლო მისი დრამატურგიული ნაწარმოებები მაკედონიურ და სერბულ ენებზე ითარგმნა.
სვეტლანა ალექსეივიჩი: ბელარუსი ჟურნალისტი და ესეისტი სიაში უკრაინული წარმომავლობის გამო მოხვდა. 2015 წელს მწერალს ნობელის პრემია გადაეცა. მისი „უტოპიის ხმების“ ციკლი ადამიანთა ტრაგიკულ ამბებს ზეპირი ისტორიების მეთოდით აღწერს. მათ შორისაა „ჩერნობილის ლოცვა“ (1997) და „ომს ქალის სახე არ აქვს“ (1985), რომელიც 1941 წელს საბჭოთა კავშირიდან მსოფლიო ომში წასულ 200 ქალის შესახებ გვიყვება.
ანასტასია დმიტრუკი: პოეტის შემოქმედების ყველაზე ცნობილი ნიმუშია 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის საპასუხოდ დაწერილი „ჩვენ ვეღარასდროს ვიქნებით ძმები“. პოემით ხელოვანმა ხმა მილიონობით მსმენელს მიაწვდინა და ‘რუსოფობიური’ ბრალდებით ოკუპანტთა ბრაზიც გამოიწვია.
სერჰი ჟადანი: საქვეყნოდ აღიარებული, როგორც თანამედროვეობის ყველაზე დიდი უკრაინელი პოეტი, მრავალ დამსახურებასთან ერთად, ცნობილია 1920-იანი წლების ავანგარდული სტილის გაცოცხლებისთვის. მისი შემოქმედება, ძირითადად, სამშობლოს თემატიკაზე კონცენტრირდება – აღწერს აღმოსავლეთ უკრაინის ინდუსტრიულ პეიზაჟებს. ხოლო უახლესი რომანი „ობოლთა სახლი“ (2021) – 2014 წლის ომის შედეგად უკრაინელი ხალხისთვის მიყენებულ ზიანს აცნობს მკითხველს. პოეტი ამ წუთებში ხარკოვში იბრძვის სამშობლოს დასაცავად.
© არილი