პოეზია

დავით წერედიანი – ლექსები

პარაპეტი

 

კარგი, ჩამოვსხდეთ, დავიჯეროთ, შორია ისევ,

ნახვეწო პწკარო, სიხარულო არაფრის თქმისავ.

ჯამდება ნისლი – ხელი შუბლზე – ქარი კი ფანტავს.

რას ფანტავს ქარი? ნატისუსალს, ყვავების ყრანტალს.

ისე, თვალბუნდად საცნობია, რაც გარე გვერტყა,

კაცი რომ უჯრებს ამოქექავს, უსაგნოდ მჯდარი,

და ძველ ფურცელზე დაბნეული დასცქერის ერთხანს

ოდესღაც ძვირფას, დღეს სავსებით უაზრო თარიღს.

 

თამაშობს ხსოვნა, მაცოცხლებელ შხამს აცლის ნანახს,

ბავშვობის ქუჩას – ვერის დაღმართს, ხედებს და ხიდებს,

(თითქოსდა კვლავაც აქ არ იყვნენ) წარსულში გმანავს,

დასტებად აწყობს, დავიწყების ლურსმანზე ჰკიდებს.

(რა მოგიბრუნოს? დახვრეტილი მამის ლოდინი?

წლები, ვით წლები – ონკანიდან ჟანგის ხროტინი?)

დაკრთის, თამაშობს, რაც მისია, ყრის უთარიღოდ,

იმას გასტირის, რაც არასდროს მისი არ იყო.

 

მთელი მერმისი ხელთუპყრობი ფლობა-არფლობით,

ქარბორბალებით, ოქროვანი თევზის ფარფლებით,

დღეს წარსულში დევს, დალაგებულ-დარჩეულია.

იცანი? – ვერა, ჩემს აწმყოზე არ ჩაუვლია.

მაინც თვალდათვალ შემიძლია ავკეცო ფრთხილად,

ის ქალაქები, ის ღრუბლები, ფთილა და ფთილა.

სახლი დგას ერთი… ლანდხედებით, ბნელსაცავებით…

სარკმელი დარჩა მოღებული, ისე წავედით…

 

ჰკითხავ, ნუ ჰკითხავ, რად იღები, რად არ იღები,

სხვა სადგურები მიირწევა, სხვა თარიღები.

ალბათ, იმისთვის, ბოლო წამზე, პწკართა ლივლივით,

ნასიზმრევია, ნამზევია, ნაქარალია,

ამოცურდეს და გაიშალოს წყლის ყვავილივით,

– აქ არ არიან, არ არიან, აქ არ არიან.

..ავდგეთ, ავიძრათ, ნელი წვიმა ჭორფლავს ქვაფენილს.

სარკმელი დამრჩა… არაფერი… არც არაფერი…

 

 

ლეშგვანი

 

აქ ლაჟვარდია, სამერცხლური, ლურჯად მწვეთარი.

რაც დილას მოაქვს საზრუნავი, საღამოს მიაქვს.

მოწყენა ჩემი დობილია, ვცხოვრობ ნეტარი,

იმედებისგან თავდახსნილი ვეწვდები ციაგს.

 

მოწყენა ჩემი დობილია საღამოს გზამდე,

და როცა მწუხრში, ბოლო ნიმბი, ჩაქრება შხარა,

ვცვლი უკანასკნელ სინანულზე ოქტომბრის დამდეგს,

მოღებულ სარკმელს, ორიონის ვერცხლოვან დარანს.

 

მიარწევს ცხედრებს ვარსკვლავეთის შორი დინება.

რომელ მეჩეჩზე უნდა გავრჩეთ? რა ზღვრამდე ივლის?

ვცვლი მოკიაფე სახელებზე დღის მოთმინებას

და ფსკერისაკენ დავეხრები დანისლულ ბივრილს.

 

 

სამი ასული

 

სამი ასული მცილობდა,

უცხო რამლისა, თვალად,

გავხედე, ვეღარ ვიცანი

ჩემი ღელე და ჭალა.

სიყრმის ბილიკთან მოვსულვარ.

ისევ მეცვალა მხარი.

ვინ იცის, ვერხვის ფოთოლო,

საით წაგიღებს ქარი?

სამნი იყვნენ და სამფერნი,

ცვარი უმკობდათ სამოსს.

ნუთუ ჩემ გამო ცილობდნენ?

ნუთუ მაისი გამო?

 

პირველმა:

– შენთვის გაიხსნა

ჯადო-ბეჭდების ჯერი,

თორმეტი ცა აქვს საფირონს,

ცრემლის თორმეტი ფერი.

სიზმარში მთვარე დამხვდება,

ნათელს ძილქუშში გარევს,

გამოვალ, ყველგან მთვარეა,

ვერსად გავექეც მთვარეს.

მითხარი შენი სადგომი…

მოვალ… თუ მეყო ძალა…

უხმოდ გავიხსნი საკინძეს,

უხმოდ დაგაფენ დალალს,

წამწამებს შორის გამკრთალი,

უხმოდ გავქრები დილით,

დარჩები სევდის მარმაშზე

ლაჟვარდოვანი ჩრდილი.

შენ ოღონდ ნურსად გამამხელ,

საქმეს ნუ იზამ უგვანს…

მიხმე და შენთან გავჩნდები,

ჩემი სურვილი თუ გაქვს.

 

მეორემ:

– ჯიქურ მოგივალ,

არა მალვით და შიშით,

ჩემს ხელისგულზე წერიხარ,

ტყუპისცალებად ვიშვით.

ისე მივერქმით ერთმანეთს,

როგორც ლებანი ლებანს,

არ კი გეგონოს, დაგინდო,

ულობელია ვნება.

სისხლის გემო აქვს სიყვარულს,

მოვა, სულთახდას მიგვცემს,

რომ სხეულიდან გამსხლტარნი

წმინდა ტკივილად ვიქცეთ.

ყიამეთს ჩავექანებით,

სადაც გმინვით და ყეფით

უფსკრულის ფერდებს ლოკავენ

პირველყოფილი წყლები,

შავ ელვას შემოგანათებ,

შავი წყვდიადის გუგას…

მიხმე და შენთან გავჩნდები,

ჩემი სურვილი თუ გაქვს.

 

მესამემ:

– ბელგა მწადია,

შენთან საყდარში შესვლა.

ჩემი, არც ვიცი, რა გითხრა,

რასაც მიყურებ, ეს ვარ.

ისე უბრალოდ მოგწყურდე,

როგორც გწყურდება წყალი.

შინ დავჯდე, ოჯახს დავატყო

ქალის ხელი და თვალი.

შენ ხნავდე, მკიდე, თიბავდე,

მე გიზიდავდე სამხარს.

ბრწყინავდეს მხარზე ნაჭდევი,

შენი სამეფო დამღა.

ფუძე არ მოგაშლევინო

დედისერთას და ობოლს,

ვშობო შავტუხა ყმაწვილი,

თეთრი ასული ვშობო.

ციხის დაბზარულ ლიბოში

ისევ ჩავასხამ დუღაბს…

მიხმე და შენთან გავჩნდები,

ჩემი სურვილი თუ გაქვს.

 

თითქოს უეცრად ამხდარი

ტკბილი სიზმარი ყრმობის,

სამი ასული მცილობდა,

ერთიმეორის მჯობი.

მე კი სამივე მომწონდა,

მაგრამ სწეროდეთ ჯვარი!

ვინ იცის, ვერხვის ფოთოლო,

საით წაგიღებს ქარი…

 

 

ფოთოლცვენა

 

საიდან ისმის, კაცი ჩაღმა ჩაექანოს,

იმგვარი ხმაა,

„ა-ა“ და მეტი არაფერი, განწირული,

გაბმული „ა-ა“.

საკვირველია, არა ნაღველს არ ედება,

არც არას ამღვრევს.

ხვალ ფოთოლცვენა კორომიდან ამოაჩენს

გალავნის ნანგრევს.

ხმობა? მისნობა? უეცარი გაღვიძება

ჟამთუწინარის?

მწუხარე სიყრმე? დაკარგული სახელები?

ვინ ხართ? ვინ არის?

 

მწირმა აკეცა მზის საათი, ოქტომბერი

ჩატეხა სხივში.

ხვალ ფოთოლცვენა კენწეროდან მოაშიშვლებს

ჩიტების ჟივჟივს.

გზა ლაქაშებში ჩაფურცლულა, სამი სარკით

ახლოა ფსკერი.

მე რა? ჭავლიდან გაზაფხული დაბრუნდება,

გაზაფხულს ვმღერი.

მწირმა ქვის კიბე ჩაიარა, ჩრდილებს დახრის,

აგროვებს ყვითელს.

მე სიხარული არ მჭირდება, ხელისგულზე

მარჯანი მიდევს.

 

ჩიტი მზეგაღმით მოფრენილა, ცალად დაკრთის,

გუნდი გზად არი,

დამწივის: ჩქარა! სული მოგვეცი! რა დარია,

ნახე, რა დარი!

ჩიტო, რად გინდა ჩემი სული, ყველა ჩქამზე

ხმას იცვლის, ჩიტო,

„ა-ა“ და მეტი არაფერი როგორ გინდა

ნისკარტით ზიდო!

ქარი შებრუნდა, მეუბნება, ჩქარა, ჩქარა,

სანამ დარია,

ამოგიკემსავთ, მზეზე გავფენთ, მეუბნება,

ჩვენ გვაბარია.

 

მაგრამ ღამეში, როცა ნელი ფოთოლცვენა

გახსნის დარაბას,

ირღვევა ლამბი, ძილ-ღვიძილის შრიალია,

სიზმარს არა ჰგავს.

სანთლებით ხელში – გესმის? – თეთრი

მოხუცები მიდიან წყებად,

გესმის ფეხისხმა? გამჭვირვალე ტალანებში

სიჩუმე დგება.

არაფერია, ალბათ ჩემი წუხილია,

დაეძებს ყალიბს,

არაფერია, უფურცლებო სათავისკენ

ბრუნდება წყალი.

 

მწუხარე სიყრმეც, დაკარგული სახელებიც,

ჟღალით და მრეშით,

განმეორდება, წამისწამად შემოსული

სინათლის წრეში,

განმეორდება გაცრეცილი ოქრომკედით,

ოქტომბრის ხელრთვით.

ვინ ხართ? ვინ არის? მორიალე ლანდები ვართ,

კაბადონს ვერთვით.

კაბადონს ვერთვით, ლანდები ვართ მორიალე,

გავქრებით დილით, –

და მხოლოდ ჭავლზე ღამეული საგალობლის

ირწევა ჩრდილი.

© არილი

Facebook Comments Box