მათ, ვინც ფრანგული ენა არ იცით, წიგნის სათაური ნუ შეგაშინებთ – ირმა ტაველიძე ქართულად წერს. თუმცა, თუ ამ ავტორის მოთხრობები სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში უკვე წაგიკითხავთ, იმაშიც დამეთანხმებით, რომ წიგნის სათაურით, უნდა-არუნდა, მწერალი მკითხველს ირჩევს – თუ თავგადაკლული ფრანკოფილი ხართ და ავტობიოგრაფიული მოთხრობების ფრანგულობამ მიიქცია თქვენი ყურადღება, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ თქვენ ირმა ტაველიძის კრებულის პრივილეგირებული მკითხველი ხართ. “ავტობიოგრაფია ფრანგულად” მწერლისთვის სადებიუტო წიგნია, თუმცა, ლიტერატურული პერიოდიკიდან მას უკვე კარგა ხანია იცნობს მკითხველი არა მარტო როგორც პროზაიკოსს, არამედ როგორც მთარგმნელს.
ერლომ ახვლედიანი, “კაცი, რომელმაც თავი დაკარგა და სხვა ამბები”. თბ. “link”2007.
უბედურების, სიკეთის, გულმავიწყობის, მარტოობის, დღეგრძელობისა თუ სიყვარულის ისტორიები, ადამიანური ყოფის იგავ-არაკები და ამბები კიდევ ერთხელ გაახსენებს მკითხველს ერლომ ახვლედიანის სადა და თვითმყოფად პროზას, ინდივიდუალური სტილისა და ხელწერის ავტორის ესთეტიკას. კრებულში “კაცი, რომელმაც თავი დაკარგა და სხვა ამბები” ერლომ ახვლედიანის აქამდე გამოუქვეყნებელი ტექსტებია თავმოყრილი. წიგნს თან ახლავს ზურაბ კიკნაძისა და ინგრიდ დეხრავეს წინასიტყვაობა, რაც ერლომ ახვლედიანის ახალ მკითხველს მწერლის უკეთ გაცნობასა და აღქმაში დაეხმარება.
დავით ჩიხლაძე, დათო ბარბაქაძე, “დ/დ”. თბ. “სიესტა” 2007.
თუ აქამდე დავით ჩიხლაძესა და დათო ბარბაქაძეს მხოლოდ მათი მხატვრული ტექსტებით, თარგმანებით ან პუბლიცისტური ნაწარმოებებით იცნობდით, ახლა შეგიძლიათ, ორი მეგობრის ელექტრონულ ფოსტაში შეიხედოთ და მათს მიმოწერას ადევნოთ თვალყური, ამერიკულ მეგაპოლისსა და ევროპის კონსერვატორულ ქალაქს შორის გაბმულ ელექტრონულ კავშირში ჩაებათ. წერილები 2003 წლითაა დათარიღებული, და იმდენად, რამდენადაც საუბრის ძირითადი ნაწილი ქართული კულტურის საჭირბოროტო საკითხებს ეთმობა, წიგნი ბოლო ათწლეულის მანძილზე მიმდინარე ქართული ლიტერატურული პროცესების ერთგვარი ამსახველიცაა.
“ნიცშე საქართველოში”. რედაქტორ-შემდგენელი თენგიზ ირემაძე. თბ. “არხე” 2007.
კულტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიაში ხშირია ფაქტები, როცა ამა თუ იმ ქვეყნის კულტურული ტრადიციები სხვადასხვა სახის გავლენებს განიცდიან და შემდეგ ამ გავლენის თავისებურ ინტერპრეტაციებს გვთავაზობენ. სამეცნიერო კრებული “ნიცშე საქართველოში” ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიისა და ქართული კულტურის ურთიერთმიმართებას ასახავს. წიგნი ეძღვნება ქართველი ფილოსოფოსის, თამაზ ბუაჩიძის (1930-2001) ხსოვნას, რომლის სახელსაც უკავშირდება XX საუკუნის მეორე ნახევარში ნიცშეს ფილოსოფიის საფუძვლიანი კვლევის განახლება საქართველოში.
ირვინ გოფმანი, “თვითპრეზენტაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში”. მთარგმნელი ციალა ხინთიბიძე, რედაქტორი ლალი ქადაგიძე. თბ, “დიოგენე” 2007.
საზოგადოებაში თვითპრეზენტაცია და ინდივიდთა შორის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა ყოველი ჩვენგანის ყოველდღიურობის ნაწილია. სოციალური ურთიერთობების ამ პროცესში კი ურთიერთქმედების გარკვეული წესები და სიმბოლოთა სისტემა ყალიბდება. სწორედ ამ სისტემის კვლევას წარმოადგენს წიგნი “თვითპრეზენტაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში”. ავტორი, ირვინ გოფმანი, ამერიკული სოციოლოგიური სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი მონოგრაფია კი 20-ე საუკუნის საუკეთესო წიგნების ათეულშია შეტანილი. ამჯერად ქართველ მკითხველსაც ეძლევა საშუალება, გაეცნოს სოციოლოგის მეტად საინტერესო კვლევასა და დაკვირვებებს.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“