ესე,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა,  პროზა

თანამედროვე ქართული რომანის 20-წლიანი ისტორია – იდენტობის ძიებაში (მეორე ნაწილი)

[იხილეთ სტატიის პირველი ნაწილი]

 

2013 – ნაირა გელაშვილი, „მე ის ვარ“, გამომცემლობა  „კავკასიური სახლი“

13 წლის ნია ლელიშვილს 20 წლის მეზობელი ყმაწვილი თავდავიწყებით უყვარდება, წლების შემდეგ კი, უკვე ხანშიშესული ქალი, ახალგაზრდობის სატრფოს დაუწყებს ძებნას. ერთმანეთს ერწყმის პატარა გოგოსა და ცხოვრებანანახი ქალის ფიქრები თუ განცდები, მათი გავლით კი სამივე დროითი განზომილება ერთ წერტილში იკვეთება (მომავალი მკითხველის სახით).

„მე ის ვარ“ ძველებური მიჯნურობის ამბავია თანამედროვე მოზარდებისთვის – სიყვარულის, როგორც გრძნობის, მდგომარეობისა და ღირებულების გააზრებაა ზედროულ კატეგორიაში. იწყება სულ თავიდან, „ვეფხისტყაოსნით“: „მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიმდე გასატანისა“; და სრულდება ჩვენით, ახალი თაობის მკითხველით.

იცვლება გრძნობის გამოხატვის ფორმები: გიორგი ლობჟანიძე აღნიშნავს, რომ პროტაგონისტს ხშირად ეუცხოება სკოლაში ნასწავლი რუსთველის ციტატები. საკუთარ „სინამდვილესთან თავისი ,,არქაული“ შეუსაბამობის ფონზე უცხოდ, საშიშად და ერთგვარად გროტესკულად გამოიყურება. რეალურად, ისე ჩანს, რომ მხოლოდ ამ გოგონაში დუღს ისეთი სიყვარული, რაც ,,ვეფხისტყაოსანშია“ აღწერილი, მაგრამ რადგან მოზარდისთვის ამ პოემის ენა უკვე ძველია, გარემომცველი სინამდვილისათვის კი ეს ენა პრაქტიკულად გაუგებარი, ამიტომ ბავშვი ამ ციტატებს უფროსების მიერ მის დასათრგუნად გამოყენებულ იარაღად აღიქვამს“.

მაგრამ, მნიშვნელოვანი არა გამოხატვის ფორმები თუ სხვა პირობითი კატეგორიები, არამედ თვითონ სიყვარული, მშვენიერება და სილამაზეა. როგორც წიგნში მთავარია, არა ხანდაზმულ და 13 წლის პროტაგონისტს შორის განსხვავებები, არამედ მათი მაკავშირებელი, უცვლელი ესენცია – ცხოვრების გზაზე ადამიანს მეობის განცდას რომ უნარჩუნებს. და რისი დამსახურებითაც ჩვენც ვხვდებით, ნიასა და ნესტანის გრძნობას ერთი და იგივე ნაცვალსახელი რომ იტევს.

 

2014 – ზვიად კვარაცხელია, „ფორმა N100“, გამომცემლობა  „ინტელექტი“

  ზვიად კვარაცხელიას „ფორმა N100“-ც ყოფილი, თუმცა ბევრად შემაძრწუნებელი ურთიერთობის გახსენებაა. მთავარ გმირ ზაზა ზანდუკელს კინოსტუდია „ლიკა და ლევანჩო“ სცენარის დაწერას შესთავაზებს. მწერალი კი ამ შესაძლებლობას ყოფილი შეყვარებულის, მართას თვითმკვლელობის ამბის მოსაყოლად გამოიყენებს.

სათაურის შესაბამისად, წიგნი იკვლევს და დიაგნოზს უსვამს პოსტსაბჭოთა და პოსტ-ომების პერიოდის ე. წ. „დანაღმულ თაობას“; „ცოდვას“, რომელიც საზოგადოებას 90-იანი წლებიდან მოჰყვება. საკუთარ დანაშაულზე პერსონაჟთა რეფლექსიის ფონზე კი საქართველოს თანამედროვე ისტორიის, „პირქუში ხანის“ პორტრეტი იხატება.

„არილთან“ საუბარში ასე იხსენებს ზვიად კვარაცხელია „საბას“ მიღების გამოცდილებას: „მამაჩემი მიყვებოდა, – რომანის ნომინაცია რომ მოახლოვდა, ტელევიზორთან ვერ გავჩერდი, აღელვებამ გარეთ გამიყვანა და შორიდან ვუყურებდი ეკრანსო. „რთული ნომინაცია იყო, ძალიან სერიოზული წიგნები ებრძოდნენ ერთმანეთსო“ – თქვა ლევან ბერძენიშვილმა გამარჯვებულის გამოცხადებისას და გამოცხადების მერე, სანამ საგანგებო ტრიბუნიდან ჯილდოს გადაცემის ადგილამდე ჩამოაღწევდა, მე უკვე იქ ვიყავი. კადრში ჩანს ის სპრინტი, რაც ნომინანტების ლოჟიდან სცენამდე განვავითარე… ანდრო ბუაჩიძემ მითხრა მოგვიანებით, – მომეწონა, შენს პერსონაჟებს რომ უთხარი მადლობაო. ჰო, იმათ არ მომასვენეს, ისინი შემომიჩნდნენ, ბიოგრაფიიდან ნაწერში გადამათრიეს და მეც დანდობილად მივყევი. მით უფრო, რომ ჯერ ჟურნალისთვის ყოველი თვის ბოლოს მასალას ელოდა მანანა ჯანელიძე (რომანი მისმა წაქეზებამ გამაბედვინა) და წიგნად გამოცემისას კი თამაზ ჭილაძემ ამომიყირავა ფინალური სცენა და რამდენიმე ეპიზოდი თავიდან დამაწერინა.

28 წლის ვიყავი, „საბა“ რომ მივიღე წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში. თავდაჯერებაც მომცა, ძალაც, ცოტა აღიარებაც მოვიდა და კრიტიკაც იყო, დამთრგუნა კიდეც და იქითკენაც წამაქეზა, მწერლის პროფესიას გამომცემლის საქმეში გავქცეოდი. მგონი, მთავარი ის იყო, რომ წარმატებასთან გამკლავების საჭირო გამოცდილება მივიღე.

ის გამარჯვება შვილებს მივუძღვენი. ბოლო თვეებში კლინიკების კარებთან ორჯერ ვიდექი შვილების გამო: ივნისის ბოლოს სანდრო დაიბადა და სექტემბრის დასაწყისში ნიკოს გავუკეთეთ თვალის ოპერაცია. ახლა შემეძლო, დაგროვილი სიყვარული საქვეყნოდ გამომეხატა.

ლიტერატურა ხომ ეგეცაა სხვა ყველაფერთან ერთად: მოურიდებლად მოუყვე ყველას ის, რაც მხოლოდ შენი გეგონა.“

 

2015 – აბო იაშაღაშვილი, „როიალ-მერი“, გამომცემლობა „დიოგენე“

უკვე განხილული წიგნებისგან განსხვავებით, აბო იაშაღაშვილის „როიალ-მერი“ აზიური ამბავია, ალაგ-ალაგ შემოპარული ევროპით. ავტორისეული სიტყვებით რომ ვთქვათ, წიგნი სავსეა მე-19 საუკუნის 80-იანი წლების თბილისში მომხდარი საფათერაკო ამბებით; ოსმალურ-სპარსულ-რუსულ-ევროპულ-ქართული ისტორიებით.

ენობრივი ფორმებისა თუ ალუზიების დახმარებით, მწერალი ოსტატურად ახერხებს მკითხველი 140 წლით უკან დააბრუნოს, წარსულში გადაიყვანოს და ალიხანოვის საჯინიბოდან უცნაურად გამქრალი დოღის ცხენი აძებნინოს. ქურდებს დადევნებულს კი აღმოაჩენინოს, რომ ამჯერადაც ცხენი მხოლოდ და მხოლოდ ბუტაფორიაა, რომელიც უფრო დიდ – გერმანულ და ბრიტანულ სადაზვერვო საიდუმლოებას მალავს.

„როიალ-მერის“ ძირითადი ხიბლი, მწერლის პირველი რომანის „ოსმალური მარშის“ მსგავსად, ეპოქალური ქარტეხილებისა თუ ბუნებრივი კანონზომიერების შედეგად გამქრალი ტფილისის ტოპოგრაფიის, ცხოვრების წესისა და ხასიათის გაცოცხლებაა. მე-19 საუკუნის დედაქალაქში ჩვენს კულტურაში ფესვგადგმული აღმოსავლური მრავალფეროვნების ფონზე მოგზაურობის შესაძლებლობა, რის ბედნიერებასაც, აბო იაშაღაშვილი სამომავლოდ კიდევ არაერთხელ მოგვცემს. ვინაიდან, როგორც თავად ამბობს, „საბას“ ლაურეატობა მისთვის ერთგვარი ალიბაბას გამოქვაბულის გაღებული კარი შეიქნა, რომელმაც უფრო თამამად წერისა და ჩანაფიქრიც სრულად გამომჟღავნების საშუალება მისცა.

2016 – ბექა ქურხული, „სამოთხიდან გაქცეულები“, „ინტელექტი“ და ზურაბ სამადაშვილი, „მოსალოდნელი მოულოდნელობანი“, გამომცემლობა „გლოსა“

2016 წელს „საბას“ ისტორიაში „წლის საუკეთესო რომანის ნომინაცია“ პირველად გაიყო. „სამოთხიდან გაქცეულები“ ჩვენი ქვეყნის უახლოესს წარსულზე – საბჭოთა კავშირის ნგრევასა და პოსტსაბჭოური პერიოდის პირველ წლებზე, ხოლო „მოსალოდნელი მოულოდნელობანი“ თანამედროვეობის ამაო ყოფაზე რეფლექსიებს.

„თუ წარსულს არ გავიაზრებთ, მასში მართებულად გარკვევაზე არ დავიხარჯებით, იგი გაუპატიოსნებელი ცხედარივით სწორედ მაშინ მოგვადგება, როცა საკუთარ თავს სამშვიდობოს გასულად წარმოვიდგენთ,“ – ბექა ქურხულის რომანის მნიშვნელობის განსამარტად ნონა კუპრეიშვილი ალექსანდრე ეტკინდის ამ სიტყვებს იმოწმებს და იქვე დასძენს, რომ ლიტერატურაა „კულტურული ტრავმის დაძლევის გზაზე ყველაზე სანდო მოკავშირე, […] როგორც დროის სამივე განზომილების უცდომელი რეპრეზენტატორი“ („ბექა ქურხულის რომანი „სამოთხიდან გაქცეულები“, როგორც კულტურული ტრავმის რეპრეზენტაცია“)

„სამოთხიდან გაქცეულები“ ოთარ ჭილაძის რომანების ციკლს „ენათესავება“ – ვინაიდან, ნონა კუპრეიშვილის მსჯელობის თანახმად, ორივეგან ვხვდებით ჩვენი კულტურისთვის სახასიათო ტრავმის გადალახვის მექანიზმების ძებნასა და მის მითოსურ, ისტორიულ-პოლიტიკურ, სოციალურ თუ ფსიქოლოგიურ ძირებთან მიბრუნებას.

„ყველაფერს აიტანს კაცი – ნებისმიერ ტკივილს და ტანჯვას, მით უფრო თუ მშვენივრად იცის, რომ უკეთესი არაფერი დაუმსახურებია, მაგრამ არყოფნას, არსად ყოფნას, არარსებობას ნამდვილად ვერ გადაიტან.. უნდა გაბრაზდე, მაგრად უნდა გააფრინო და უბედურად აჯანყდე ბოლომდე!…“ – ბექა ქურხული.

ზურაბ სამადაშვილი კი ამ არყოფნას აღწერს – პერსონაჟებით სავსე, თუმცა გმირებისგან დაცლილ რომანში „მოსალოდნელი მოულოდნელობანი“. იკვლევს ჩვენს თანამედროვე ყოფაში გამეფებულ სიცარიელეს. ამბები, “მოსალოდნელია“, თუმცა არც ერთი წამით მოსაწყენი, რასაც ავტორისეული წერის ძირითადი პრინციპი განაპირობებს: „ჩემთვის მთავარია, ხასიათი შევქმნა ზუსტი, ნათელი და ადვილი წარმოსადგენი. ეს არის ჩემი ამოცანა. ვცდილობ, ჩემი სიუჟეტი მაქსიმალურად ჰგავდეს ფილმს“. მცირე მოცულობის თავებისგან აწყობილი მოზაიკური რომანი, მართლაც, კინო კადრებივით ერთ ამოსუნთქვაში გაიელვებს.

 

2017- ალეკო შუღლაძე, „გადამალვა“, გამომცემლობა „დიოგენე“

ალეკო შუღლაძე ქართულ ლიტერატურულ სივრცეში 90-იან წლებში გამოჩნდა და მსუბუქ იუმორთან შეზავებული მძიმე ეგზისტენციალური ტექსტებით მკითხველის მოწონებაც დაიმსახურა. წარმატების მიუხედავად, მწერალი 15 წლით გაუჩინარდა.

“ერთ ჩაკეტილ ოთახში ვიყავი, სადაც ავადმყოფს ვუვლიდი და ეს ავადმყოფი იყო დედაჩემი, და, შესაბამისად, ყველა პირობა შეიქმნა იმისათვის, რომ მეწერა. უვლი ავადმყოფს და ეს ყველაფერი გადაგაქვს რვეულში. გაქვს იმისი დრო, რომ თან იყო უშუალო მონაწილე, თან იყო მწერალიც. თან პერსონაჟი ხარ და თან გარედან ავტორიც ხარ. ჩემი ცხოვრების ეს მომენტი უფრო მსუბუქი რომ ყოფილიყო, წერას არ დავბრუნდებოდი” – განაცხადა ავტორმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

15 წლიანი დუმილი შეწყდა ავტობიოგრაფიული რომანით „გადამალვა“, სადაც ავტორმა აღწერა როგორ დაძლია „ავადმყოფობასთან ურთიერთობაში ჩასაბარებელი გამოცდა“: „ერთი სული გაქვს, ეს დამთავრდეს, ერთი სული გაქვს, ამ ყველაფერმა ჩაიაროს. რაღაცნაირად ავადმყოფზეც ფიქრობ, მაგრამ შენს თავზე უფრო ფიქრობ, როგორ უნდა გადარჩე, და ამ პროცესში მერე აღმოაჩენ, რომ თურმე შეიძლება იყო ძალიან ხშირ შემთხვევაში წაგებულ მდგომარეობაში. […] იმ მომენტში უნდა ჩამებარებინა ეს გამოცდა. აღმოვაჩინე, რომ ის ჩემი რეალობა საკმარისი არ იყო. საჭირო იყო ფანტაზია, ისეთი მომენტის შექმნა, სადაც მე ჩემს თავს ავხსნიდი, თეორიულად მაინც გადავრჩებოდი, იმიტომ რომ პრაქტიკულად ეს ძალიან რთული იყო და ამიტომ სხვა პერსონაჟები შემოვიდნენ, რომლებიც მეხმარებოდნენ ამ მომენტში და, საბოლოოდ, მე მაინც ვფიქრობ, რომ გამოცდა ბოლომდე ვერ ჩავაბარე, მაგრამ საინტერესო ამბავი და საინტერესო ფორმა მივიღე“.

რომანი სიკვდილზე მედიტირებს და დასავლურ სამყაროში გავრცელებული მიმართებისგან სიცოცხლის დასასრულის განსხვავებულ გააზრებას ინდოეთში ეძებს. აღნიშნულს, აღმოსავლური სიბრძნისადმი ავტორის ღრმა პატივისცემა და სიღრმისეული გააზრება განაპირობებს: „მორფი როგორ აყუჩებს? გტკივა, მაინც გტკივა. მერე აღმოჩნდები ჯერ აეროპორტში, კიდევ სხვაგან, და უცბად სრულიად ქრება შენი შიდა სამყარო, იმდენად დიდია ეფექტი გარე სამყაროსი – ინდოეთის… და როცა ქრება შიდა სამყარო, ქრება ტკივილიც. თუ ორგანიზმი ხვდება, რომ მას ჰყავს პატრონი, მაშინ ავადმყოფობები რჩება, მაგრამ დედაჩემის შემთხვევაში ასე ვერ მოხდა.“

„საბას“ მოგებამ 15 წლიანი პაუზის შემდეგ ხელი შემიწყო ლიტერატურაში ხელმეორედ დამკვიდრებაში. გამხადა პოპულარული: თუ მანამდე მეზობლები ვერ მცნობდნენ, ახლა უკვე ძალიან შორიდან მესალმებიან. მთხოვენ, რომ მათზეც დავწერო რამე, მაჩერებენ და მიყვებიან ამბებს თავიანთი ცხოვრებიდან. ახლა აზრს მეკითხებიან ადამიანები, რომლებიც მანამდე გამუდმებით აქეთ მასწავლიდნენ ჭკუას. ავტობუსში ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა გულშიც კი ჩამიკრა მაგრად და ყურში ჩამჩურჩულა, ძალიან მიყვარხართ, ძალიანო. „საბას“ მოგებამ ორი თვით ფინანსურად მომაძლიერა და ოჯახი ინდოეთში წავიყვანე სამოგზაუროდ. ეს გაუტკბათ ოჯახის წევრებს და ახლა სხვა კონკურსებში ჩემ დაუკითხავად შეაქვთ ჩემი სხვა ნაწარმოებები. ვინც გაურკვევლობაში იმყოფებოდა, ვერ გადაეწყვიტა, ჩემი რომანი ვარგოდა თუ არა, გამარჯვების მერე დარწმუნდა, რომ „გადამალვა“ ვარგოდა. ადამიანთა ერთი ნაწილისთვის სულერთია და სხვა, ძალიან დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცის რამე თუ მოვიგე. „საბას“ მოგებამ მტრები გამიჩინა. იმედია გადაუვლით. მე კი ვფიქრობ, ისეთი რამე დავწერო, რომ არანაირ კონკურსზე აღარ ვიყო დამოკიდებული“.

2018 – ლაშა ბუღაძე, „პატარა ქვეყანა“, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“

„გადამალვის“ მსგავსად, „პატარა ქვეყანასაც“ საფუძვლად ავტობიოგრაფიული ეპიზოდი უდევს – 23 წლის ასაკში დაწერილი მოთხრობისთვის „პირველი რუსი“, რომელშიც მწერალმა თამარ მეფისა და გიორგი რუსის წარუმატებელი პირველი ღამე აღწერა, ლაშა ბუღაძისგან მუქარის საფუძველზე საპატრიარქოში ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ.

“თითქოსდა ჩემს ამბავს აღვწერდი (რომანში), მაგრამ პრინციპში, გამოვიდა საქართველოს ამბავიც, ჩემგან დანახული, 80-იანი წლებიდან დღემდე და ამიტომ, ძალიან ფამილიარული თუ არ ვიქნები და თუკი პათეტიკურად არ გაიჟღერებს ეს, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს საყვარელ პატარა ქვეყანას, საქართველოს, რომელიც მართლაც ძალიან გვიყვარს, გვასაზრდოებს, მართალია, გვღლის კიდეც ზოგჯერ თავისი პრობლემებით, მაგრამ როგორც მწერლებისთვის და ადამიანებისთვის, ის ძალიან სათუთია“.

წიგნი პოსტსაბჭოთა საქართველოსა და მის პერმანენტულად შეუმდგარ მოქალაქეებს აღწერს. იარლიყი წინ უსწრებს არსებას და პერსპექტივაშიც არ ჩანს, ეს უკანასკნელი პირველს როდის წამოეწევა, რადგან ასეთია ცვლილებებისა და მცდელობების ეპოქა.

„დღევანდელი ლიტერატურა ვცდილობთ, რომ რეფლექსირება მოვახდინოთ ამ პრობლემაზე და რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მივიტანოთ ჩვენი ხმა. გარდა იმისა, რომ რასაც აღვწერთ, ესთეტიკური თვალსაზრისით აქვს მხატვრული ღირებულება, ვცდილობთ მივიტანოთ ჩვენი ამბავი, რომ ჩვენ ვარსებობთ და რომ ჩვენ გვჭირდება გაფრთხილება,“ – ლაშა ბუღაძის სიტყვა ფრანკფურტში, “საბას” დაჯილდოებაზე.

2019 – აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“, „სულაკაურის გამომცემლობა“

„თავიდან ნელა, გაჭირვებით იძვრის, სიჩქარეს უმატებს. მერედამერე ეჩვევი და ისე მსუბუქად მიდის, თითქოს ფანჯარასთან ზიხარ და ფანჯრიდან ამ ყველაფერს კადრებად ათვალიერებ. დროდადრო ცოტა ჭიანურდება – აი, სადგურებზე რამდენიმეწუთიანი გაჩერებები როგორც გაწუხებს, როცა არ ეწევი და სწორედ მაშინ ჩადიხარ დანიშნულების ადგილზე, როცა ცოტაც და უკვე დაიღლები. არაფერი ზედმეტი,“ – ასე აღწერს ბექა ადამაშვილი რომანის „კუპიდონი კრემლის კედელთან“ კითხვის გამოცდილებას. იმერელი „ბორტგამცილებლით“ სტალინიზმის ეპოქაში ლაღად და დაუღალავად მგზავრობის შესაძლებლობა გვეძლევა.

მატარებელი თბილისიდან მიდის კრემლისკენ და თან მიჰყავს მუსია ერისთავი-რეტინგერი – გულანთებული რევოლუციონერი ქალი, რათა „სოციალისტური სამშობლოს ჯურღმულებიდან“ გამოიხსნას ისევ რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ქმარი. მიდის პირდაპირ სტალინთან, რომელსაც ყმაწვილქალობისას ჯერ კიდევ როგორც კობას იცნობდა.

წიგნი სტალინის ზეობის ხანაზე პირდაპირ არ რეფლექსირებს – ავტორისეული შენიშვნის მიხედვით, „შედგენილი მარქსის, ენგელსისა და ლენინის საკავშირო ინსტიტუტის თბილისის ფილიალის ბიბლიოთეკაში“ 1987 წლის ზეპირ გამოსვლას ვისმენთ. შესაბამისად, წიგნი მცდელობაა გადაიაზროს გადააზრებული – 80-იანების რეფლექსია 30-იან წლებზე. რაც გვახსენებს, რომ ხშირად წარსულზე მნიშვნელოვანი მასზე შეთხზული ნარატივებია, რომლებსაც, ჩვენს შემთხვევაში, ხშირად ისევ საბჭოთა კავშირის აჩრდილები წერენ.

 

2020 – ბესო სოლომანაშვილი, „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“, „სულაკაურის გამომცემლობა“

ისტორიული ქარტეხილების გააზრების კუთხით, ბესო სოლომანაშვილის რომანის გარეშე ჩვენი სია ნაკლული იქნებოდა – როგორც ხშირად ხდება ხოლმე წარსულის გახსენებისას, 1921 წელს საქართველოში დატრიალებულ მოვლენებს გამოვტოვებდით.

ბესო სოლომანაშვილი კინო და ტელერეჟისორია; სხვა მოკლე თუ სრულმეტრაჟიან ფილმებთან ერთად რამდენიმე დოკუმენტური და ბიოგრაფიული ციკლი პირველი რესპუბლიკის შესახებაც გადაუღია. ხოლო „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“ მისი პირველი რომანია.

„როგორ იცვლება ისტორია, ქვეყანა, ადამიანი. რატომ, რა დრო სჭირდება და ზოგჯერ რა მოაქვს ცვლილებას. ავტორის „ობიექტივში მოხვედრილ“ მე-20 საუკუნეს ისეთი ძალა და ეფექტი აქვს, რომ მთელი ეს „ალუზიური მისტიფიკაცია“, როგორც მას ავტორი უწოდებს, შეიძლება ბოლომდე დაიჯერო. შეიძლება ისიც დაიჯერო, რომ ჯვარნაკრავი მართლა არსებობდა და იოსება-გოგოც მართლა ჰყავდა,“ – წერს ელისო მეტრეველი რეცენზიაში „ბესო სოლომანაშვილის „ობიექტურობა“

წიგნში ბოლშევიკები ქვეყანასა და ადამიანთა გონებაში სევდიანი სასიყვარულო ისტორიის ფონზე შემოდიან და იწყება ჯალათთა ზეობის ხანა. კითხვისას ნათელია, რომ საბჭოთა კავშირის, როგორც პოლიტიკური ერთეულის, განადგურების მიუხედავად, გადარჩენილთა შთამომავლებს „ბოლშევიკური ფსიქიკა“ ჯერაც არ გადაგვილახავს. ამიტომაც არსებობს „ამბავი ახალი დასახვრეტებისა“, როგორც დანატოვარი მემკვიდრეობა. ამიტომ, ჩვენს შემთხვევაშიც კი, რთულია მსხვერპლისა და მოძალადის ერთმანეთისგან გარჩევა.

 

2021 – თამთა მელაშვილი, „შაშვი შაშვი მაყვალი“, „სულაკაურის გამომცემლობა“

„ძალიან მიყვარს თანამედროვე ლიტერატურის კითხვა და განსაკუთრებულად ვეძებდი შუა ხნის ქალს არა მარტო ქართულ, არამედ უცხოურ ლიტერატურაში. რაღაცნაირად  მაკლდა ასეთი ქალი. საბოლოოდ გადავწყვიტე, მოდი, მე დავწერ ასეთ ქალზე-მეთქი და დავწერე კიდეც. ისე გამოვიდა, რომ საკუთარ თავსაც  დავუწერე ეს წიგნი,“ – აღნიშნა თამთა მელაშვილმა „მულტიმედია ცენტრთან“ ინტერვიუში.

„Maid in Tiflis”-ში აღწერილი გაორებული ცხოვრების სენი ერთ-ერთ პროვინციულ პატარა ქალაქსაც მოედო, სადაც შუახნის მარტოხელა ეთერო ჰიგიენის ნივთების მაღაზიას პატრონობს და დაოჯახებული დისტრიბუტორი უყვარდება. წიგნი მარტოობისა და ტაბუს ურთიერთმიმართებას გადაიაზრებს და მის შედეგად დაბადებული ორმხრივი ცხოვრების ბუნებას აღგვიწერს.

„რომანის მთავარი კონფლიქტიც მარტოხელა ქალისა და გარშემომყოფების ხილული თუ უხილავი დაპირისპირებებია, რაც სათავეს იღებს ჩვენი ცხოვრების, საქართველოს დღევანდელობის უკიდურესად ანტიფემინური და ანტიჰუმანური ხასიათიდან, უფრო სწორად მთელი იმ აუტანელი და დრომოჭმული „ფილოსოფიიდან“, რომელიც ქალის ადგილს სამზარეულოს გარდა ვერსად ხედავს და ქალის მთელი ფუნქციებიდან მხოლოდ მის რეპროდუქციულ ფუნქციას აღიარებს, ოღონდ ამასაც იმ შემთხვევაში, თუკი შთამომავლობა „კანონიერად“ ანუ ისტორიულად ჩამოყალიბებული სოციალური მიმართებების შედეგად იქნება გაჩენილი,“ – წერს გიორგი ლობჟანიძე რეცენზიაში „რას „გვიგალობს“ მაყვლის ბარდზე შაშვი?“

***

თავისთავად, „საბას“ გამარჯვებული წიგნებით მთელ ქართულ ლიტერატურული სხეულზე ვერ ვიმსჯელებთ, თუმცა განხილული 20 წიგნი თემატიკათა მორევიდან გამოარჩევს იმ ტენდენციებს, რომლებიც თავადვე მოგვწონს, რომ გვანაღვლებს: გასული საუკუნის დანატოვარი კოლექტიური ტრავმასთან მიბრუნება, ქართველის ვინაობისა და მსოფლიოში მისი ადგილის ძებნა, კულტურული მემკვიდრეობის ცოცხალი ფორმების გამჟღავნება და თანამედროვე ყოფის პარადოქსულობის ასახვა.

გასაკვირი არაა პოსტმოდერნული ტექსტების სიჭარბე, რომლებშიც ავტორები სივრცითი თუ ეპოქალური შეზღუდვების უგულებელყოფით ქართველობის ესენციის მოხელთებას, ცვლილებების ქაოსიდან აზრის გამოტანასა და ეროვნული ნარატივის ორგანიზებას ცდილობენ. ერთ დიდ წიგნს წერენ, რომელსაც წლევანდელი რჩეული რომანი კიდევ ერთი ფურცლით შეავსებს.

© არილი

Facebook Comments Box