თარგმანი,  ინტერვიუ

ნილ გეიმანი: ჩემი ცხოვრების წიგნები

 

ბრიტანელი მწერალი, “კორალაინის” ავტორი ნილ გეიმანი თავისი ცხოვრების მთავარ წიგნებზე გვიამბობს:

 

კითხვის პირველი მოგონება

სამი წლისა თუ კარგად მოვიქცეოდი, დედა წიგნს იწერდა ხოლმე უბნის მაღაზიიდან. ერთი თვის მერე ჩამოდიოდა და სახლში მოგვქონდა. „ჰამელნელი მესტვირე“ მახსოვს, მარგარეტ ტარანტის ილუსტრაციებით. სიმღერის ტექსტს მელოდიის გარეშე ვიზეპირებდი. სამი წლის ბავშვისთვის გენიალურად შემზარავი ამბავია.

ბავშვობის საყვარელი წიგნი

7-8 წლის ასაკში „ნარნიას ქრონიკები“. შემეძლო მილიონჯერ გადამეკითხა – იქ მსურდა ცხოვრება. მაგრამ ათისა უკვე „ბეჭდების მბრძანებელმა“ გამიტაცა. მთელი გულით მჯეროდა, მასზე დიდებული არასდროს არაფერი დაწერილა კი არა, არც დაიწერებოდა. თუმცა მაშინ ამბის დასასრული არც ვიცოდი, ჩემს სკოლის ბიბლიოთეკას მხოლოდ პირველი ორი წიგნი ჰქონდა. როცა სასკოლო ინგლისურის კონკურსი მოვიგე, ჯილდოდ „მეფის დაბრუნება“ მოვითხოვე.

წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა

როჯერ ზელაზნის „სინათლის მეუფე“.  ლამაზად წერს, საოცარი სტილი აქვს. დაგაჯერებს, რომ წერა სახალისოა. მისი წიგნების წაკითხვამდეც ვიცოდი, წერა რომ მინდოდა, მაგრამ ზელაზნიმ დამარწმუნა.

მწერალი, რომელმაც აზრი შემიცვალა

22 წლამდე ვერ გავაცნობიერე, რომ შემეძლო წერაზე ოცნება რეალობად მექცია. ჰარლან ელისონისა და მისი მოთხრობების ბრალია. დროის ფლანგვაზე წერდა. რაც კი ოდესმე წერაზე მიფიქრია, ყველაფერი ფურცელზე დამახვედრა. მას მერე მტკიცედ განვიძრახე მწერალი გავმხდარიყავი. ვიფიქრე, ჯობია ვცადო და არ გამომივიდეს, ვიდრე ჩავიკარგო დროის დინებაში.

წიგნი, რომელმაც წერის სურვილი გამიჩინა

მსგავსი სურვილის გარეშე დრო არც მახსოვს, მაგრამ, ალბათ, კლაივ ლუისმა თავისი „ნარნიით“ მიმახვედრა, რომ ამბებს, რომლებიც ასე ძალიან მიყვარდა, ვიღაც თხზავდა. ლუისს საკუთარი თავის შენიღბვა ან დამალვა არც უცდია. მხიარულად წამოყოფდა ხოლმე ტექსტში თავს. ეს მხიბლავდა და მსურდა მეც მეცადა.

წიგნი, რომელსაც ვეღარასდროს წავიკითხავ

ენიდ ბლაიტონთან მიბრუნება მიჭირს. ჩემს შვილებსაც კი ვერ ვუკითხავ. არადა მახსოვს, ბავშვობაში მიყვარდა. სიყმაწვილის წიგნების ხელახლა წაკითხვა კი, ზოგადად, ძალიან მსიამოვნებს. მაგრამ, თავისთავად, ზრდასრულს იგივე წიგნის გადაშლისას, სულ სხვა ტექსტი მხვდება ხოლმე.

წიგნი, რომელიც მოგვიანებით აღმოვაჩინე

დიკენსის „აჩრდილებიანი სახლი“. უკვე 40-ს გადაცილებულმა წავიკითხე და ძალიან შემიყვარდა – სიუჟეტი, ენა, ოსტატობა – ყველაფერი. ბავშვური აღტაცება ხელახლა მაგრძნობინა.

© არილი

Facebook Comments Box