ავტორი: ელენე ფილფანი
პრემია „საბას“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის ნომინაციის მიმოხილვა
„ახლა მწერლობისადმი ყურადღება ცოტა მინელებულია და ასეთ სიტუაციაში „საბა“ ყოველწლიურად შეახსენებს საზოგადოებას, რომ არსებობს მწერლობა“
– ვახტანგ ჯავახაძე
და რომ წიგნები თავისით არ ითარგმნება ან ლექსები თვითონ არ იწერება. თანამედროვე ქართული ლიტერატურული ქსოვილი კონკრეტულ ინდივიდთა ძალისხმევის შედეგად ჩამოყალიბდა და ვითარდება. ხოლო ნომინაციამ, რომელსაც ეს მოკლე მიმოხილვა ეძღვნება, სწორედ ამ უკანასკნელთა სახელების ფართო საზოგადოებისთვის შეხსენება ითავა. შეითვისა მონუმენტის ფუნქცია, რომელმაც, ერთი მხრივ, მანანა ღარიბაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ: „აღმატებული განწყობით უთხრა მადლობა ჩვენი დროის კლასიკოსებს […] ბევრი მათგანი უკვე წასულია და რა კარგია, რომ მათ თან გაიყოლეს ეს დამსახურებული ჯილდო, სითბო, დაფასების სიხარული, აღტაცება…“ ხოლო, მეორე მხრივ, ახალი თაობისთვის იქცა მეტ-ნაკლებად უალტერნატივო გზამკვლევად, ვინაიდან, პარადოქსულად, კლასიკოს მწერალთა დიდი უმრავლესობა სკოლებში არ ისწავლება.
სტატიაზე მუშაობისას, როცა დავიწყე ლაურეატთა ინტერვიუებისა თუ ავტობიოგრაფიების კითხვა, ჩემს წარმოსახვაში ნელ-ნელა ერთგვარი ფოტოსურათი გამჟღავნდა, მსგავსი სასკოლო სახელმძღვანელოზე დატანილი მანანა ორბელიანის სალონის ნახატისა, რომელიც დიდი ხანია გონებაში მე-19 საუკუნის ლიტერატურული სივრცის ვიზუალურ ხატად ჩამბეჭდვია. თუმცა ამჯერად კადრი შავ-თეთრია, ალბათ, ჯავახიშვილის ეზოში გადაღებული, საიდანაც შემომყურებენ „ომის და ომის შემდგომ პერიოდში ჩამოყალიბებული თაობის“ მწერლები, ერთმანეთის მეგობრები, ძირითადად მთარგმნელები და პოეტები. ფოტოსურათმა უწინ ალაგ-ალაგ ყურმოკრული ფაქტები ერთად განალაგა და მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ლიტერატურული ისტორიის განვითარების თანმიმდევრული გზა დახატა.
წვლილის ნომინაციის პირველმა და ყველაზე ხნიერმა ლაურეატმა ვახტანგ ჭელიძემ მთარგმნელობითი საქმიანობა თითქმის იძულებით, ერეკლე ტატიშვილის დავალებით დაიწყო და სიცოცხლის ბოლომდე ამ საქმისადმი „ტკბილ-მწარე“ დამოკიდებულება არ განელებია: „ყოველი წიგნის გასრულების შემდეგ ვიტყვი ხოლმე – მორჩა, თარგმნას მეტს ხელს აღარ მოვკიდებ (ძნელია თარგმნა)“. მაგრამ, საბედნიეროდ, წაიკითხავდა თუ არა მსოფლიო კლასიკას, მისი გადმოქართულების სურვილიც უმალ აიტანდა ხოლმე და 1945 წელს გამოქვეყნებულ „რომეო და ჯულიეტას“ შექსპირის სხვა პიესებიც მალევე მოჰყვა. შემდეგ დეფო, დიკენსი, მარკ ტვენი, ჰემინგუეი, სტაინბეკი და, ამრიგად, გატაცებას აყოლილს მთელი რიგი ევროპელი და ამერიკელი ავტორები შემოეთარგმნა.
დასავლურ ლიტერატურასთან ერთად, სწორედ ვახტანგ ჭელიძის დამსახურებით მიეცა ქართველ მკითხველს შესაძლებლობა, საკუთარ ეროვნულ ისტორიას მხატვრულ ენაზე გასცნობოდა. „ქართლის ცხოვრების ქრონიკების“ შვიდ ტომეული როგორც თანამედროვე ლიტერატურის განვითარებისათვის, ისე მოდერნული სახელმწიფოს იდენტობის ფორმირებისთვის ფუნდამენტური ტექსტია, რომელსაც რაც მალე გაეცნობა ფართო საზოგადოება, მით მალე დასრულდება ეპოქა, სადაც „ქართულ პროზას ნონფიქშენის ავტორები ქმნიან“ (ლევან ბრეგაძე).
მეოცე საუკუნეში თარგმნის სირთულეს ერთი-ორად ის ფაქტიც ამძიმებდა, რომ წიგნები არ იშოვებოდა. ამიტომ მოსკოვისა და ლენინგრადის ბიბლიოთეკებიდან გამოწერილ ტომებს ბაჩანა ბრეგვაძე ხელით იწერდა. “ნელ-ნელა იმნაირი შთაბეჭდილება მექმნებოდა, რომ ასე წერდნენ ბერები შუა საუკუნეებში ხელნაწერ წიგნებს და ვფიქრობდი, რომ არ ვყოფილიყავი მეოცე საუკუნის მოქალაქე, ალბათ, გადამწერი ვიქნებოდი წიგნებისა“ (გადაცემა „ეპოქა“). ხოლო, როსტომ ჩხეიძის შეფასებით, მხოლოდ პროცესის თვალსაზრისით კი არა, აზრობრივადაც ბაჩანა ბრეგვაძე მთაწმინდელთა საქმეს აგრძელებდა: თარგმნიდა თეოლოგიურ-ფილოსოფიურ თხზულებებს და ურთავდა კომენტარებს: პლატონი, არისტოტელე, ციცერონი, მარკუს ავრელიუსი, პლოტინი, პასკალი, მაკიაველი, სერვანტესი და მრავალი სხვანი. „დაგვიდო ევროპა თავისი შინაგანი ბუნებით არაჩვეულებრივ ქართულ სამოსელში მოქცეული“ (გიორგი ლობჟანიძე, „შუადღე GDS“).
ოთარ ჩხეიძე იმ იშვიათ ავტორთაგანია (საერთოდ თუ არსებობს ასეთი სია), რომლის დებიუტიც მის გამოუქვეყნებელ ნაწარმოებზე დაწერილი კრიტიკით შედგა. რაც რამდენადაც აბსურდულია, იმდენად ლოგიკურია, თუ გავითვალისწინებთ ავტორის როლის ვახტანგ ჭელიძისეულ შეფასებას – ოთარ ჩხეიძე საბჭოთა ქართული რეალობის „ერთგვარი მხატვრული მატიანეა“. მისი 22 რომანის მიღმა არ დარჩენილა არც ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-სოციალური მოვლენა – 1924 წლის აგვისტოს აჯანყებიდან დაწყებული ადრეული 2000-იანი წლებით დამთავრებული. წერდა ყველაფერზე, რასაც ხედავდა და ამიტომაც, მწერალთა კავშირის სხდომებზე დაბარებული მუდამ „ფეხს ითრევდა“. იცოდა, მისი შემოქმედება გამადიდებელი შუშის ქვეშ უნდა განეხილათ და „მძიმე იყო ჩემთვის ეს განხილვა“.
„თქვენ მეკითხებით იმ სილაღესა და სიხალასეზე, რაც ორმოციანი წლების ახალგაზრდა მწერლების შემოქმედებაში გამოსჭვივის – როგორ ახერხებდნენ ისინი ამის შენარჩუნებას,“ – წერს ვახტანგ ჭელიძე ავტობიოგრაფიაში. ანდრო ბუაჩიძის აზრით, ანა კალანდაძემ ეს ყველაფერი მის ცნობიერებაში სამყაროს ჰარმონიული ხატის არსებობით მოახერხა. „ესწრაფოდა ცის და მიწის პირველქმნილებას და ზოგადად ადამიანურ პირველსაწყისებს. […] სურდა, ყველაზე უფრო სასტიკ და სისხლიან საუკუნეში ადამიანის ყველაზე უფრო სათუთი, ფაქიზი გრძნობები გადაერჩინა“. გასული ასწლეულის საჯარო სივრცის პათოსისთვის კი, რბილად რომ ვთქვათ, ანაქრონული იყო პირველქმნილი, ერთიანი, განუყოფელი მსოფლხატი და, შესაძლოა, ამიტომაც თავად პოეტს ყველაზე დიდ კმაყოფილებას თავისი შემოქმედების „ფარული“, გამოუქვეყნებელი პერიოდი ჰგვრიდა, „სანამ სულიერი წონასწორობა დაირღვეოდა“ და „საიდუმლო გაცხადდებოდა“.
თუმცა იყო ისეთი პოეტური საიდუმლოებებიც, რომელთა გამჟღავნების საშუალებაც მე-20 საუკუნის პოლიტიკურ კლიმატში არც არსებობდა. ამიტომაც წვავდა სადარბაზოს თვალსმიფარებულ კუთხეში „საბას“ 2007 წლის ლაურეატი თამაზ ჩხენკელი სიყმაწვილის მეგობარ ლანა ღოღობერიძესთან ერთად ლექსს, როცა მათი უნივერსიტეტის სამეგობრო წრე უკვე დაეჭირათ.
ასეთ გარემოში გამოსცა თამაზ ჩხენკელმა „ტრაგიკული ნიღბები“ – ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში გამომზეურებული ქართული კულტურის თავდაპირველი მოდელის, „ბირთვის“ კვლევა, რომელიც დღემდე ქართული მწერლობის კრიტიკაზე შექმნილ ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად მიიჩნევა. ამასთანავე, თარგმნიდა როგორც აღმოსავლურ – ინდურ და ჩინურ პოეზიას: რაბინდრანათ თაგორის „გიტანჯალი“, ბო ძიუ-ის ლირიკა, “ბჰაგავატგიტა”; ისე დასავლური კულტურის უმნიშვნელოვანეს ძეგლებს, კერძოდ, 1975 წელს 2013 წლის ლაურეატ ზურაბ კიკნაძესთან ერთად თარგმნა ჰომეროსის „ოდისეა“.„პოეტური თარგმანის ხელახალი აღორძინება საქართველოში ძირითადად მის სახელს უკავშირდება და მისი დიქტატითაც კი წარიმართა” (დავით წერედიანი).
ვახუშტი კოტეტიშვილი რაღაცით ოთარ ჩხეიძის „ბორიაყის“ პროტაგონისტს მოგვაგონებს – მასავით მოგზაურობდა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სახალხო მთქმელების აღმოსაჩენად და თბილისში ჩამოსაყვანად. დედაქალაქში კი ხალხური პოეზიის საღამოებს მართავდა, სადაც არაერთი ახალგაზრდა პოეტის დებიუტი შედგა.
როგორც ჩანს, ვახტანგ ჭელიძის მსგავსად, ვახუშტი კოტეტიშვილსაც ლიტერატურის განვითარების მთავარ გზად ახალგაზრდა შემოქმედების შემოკრება ესახებოდა. აგრეთვე, თვეში ერთხელ თარგმანებისა და სამომავლო გეგმების გასაზიარებლად თამაზ ჩხენკელსა და ბაჩანა ბრეგვაძესთან ერთად იკრიბებოდნენ. „ისეთი დამუხტული ვბრუნდებოდი სახლში, იგონებდა ვახუშტი, რომ იმ საღამოს რამეს აუცილებლად ვქმნიდი, რამე კარგსა და გამორჩეულსო“ (ანა კოპალიანი). ალბათ, ამიტომაც გაიზეპირა ხალხმა მისი ნათარგმნი ლექსები, რაც გიორგი ლობჟანიძის თქმით, დიდი იშვიათობაა.
უცნაურია, რომ მე-20 საუკუნის საქართველოს მთელ ისტორიას სრულად იტევს ჭაბუა ამირეჯიბის ბიოგრაფია: დახვრეტილი მამა, გადასახლებული დედა, შეთქმულებისა და აჯანყების მცდელობა, უსამართლო გასამართლება, საკანში სიკვდილის ლოდინი, გაქცევების ციკლი, აფხაზეთში დაკარგული შვილი. და „დათა თუთაშხია“, როგორც ამ ყველაფრის სიმბოლური კულმინაცია, თვითრეფლექსია – ისტორიულ გზაგასაყარზე ეროვნულობის გადააზრება, რომელიც, ისევ და ისევ, „ცისკრელების“ მეოხებით დაიბეჭდა.
ლია სტურუას თქმით, „ჭაბუა ამირეჯიბის დიდი რომანები პოეზიაა, თუმცა პროზითაა დაწერილი იმიტომ, რომ უფრო რაღაც ახლობელი და მისაღები გახდეს ჩვეულებრივი ადამიანებისთვის… ჩვენ ხომ ვიცით ყველამ, რომ დათა თუთაშხიას მსგავსი ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ ბრმად გვჯერა მწერლის, გვინდა, რომ დავუჯეროთ, ის კი არადა, ყველა უარყოფით გმირს იმდენი კარგი თვისება აქვს, რომ ჩვენს შავ-თეთრ ცხოვრებას ლამის მზისკენ ატრიალებენ, მაგრამ მზეც რომ კვდება ზოგჯერ უმწეოდ, მოკრძალებით და გახელილი თვალებით…“ (რადიო „თავისუფლება“)
„პირდაპირ უნდა ვთქვათ – უდიდესი ბედნიერებაა, რომ XXI საუკუნეში, გურამ დოჩანაშვილის სახით, იმ ტიპის კლასიკოსი გვყავს, რომელიც ძალიან თანამედროვე, მოდერნული, პოსტ-მოდერნული მწერალიც კია, ამავდროულად, ძალიან ახლოს არის ღმერთთან და ადამიანთან…“ (ლევან ბერძენიშვილი). ამ უკანასკნელთან კი იმდენად ახლოს, რომ მისი ნაწარმოებებიდან არაერთი ფრაზა თუ ტერმინი ყოველდღიური მეტყველების ნაწილად, კულტურულ მიმად იქცა. ალბათ, იმიტომაც, რომ ჩვენი დროის კლასიკოსთა შორის დოჩანაშვილი იმ გამონაკლისთაგანია, ვის შემოქმედებასაც სკოლაშივე გვასწავლიან.
მწერლის მთავარ დანიშნულებად ხალხამდე ბიბლიის მიტანა, საყოველთაო ენაზე მოთარგმნა ესახებოდა, რასაც თამამი ექსპერიმენტებით ახერხებდა: „სერიოზულ თემაზე წერისას, ენობრივი ექსპერიმენტის თვალსაზრისით, დოჩანაშვილი ზღვაა, ისეთივე სიღრმისა, როგორიც ჯოისი და დარწმუნებული ვარ, წლები დასჭირდება იმის შესწავლას, თუ რა გააკეთა ჩვენმა მწერალმა, ენობრივი ექსპერიმენტის თვალსაზრისით, ქართულ ლიტერატურაში,“ (ლევან ბერძენიშვილი).
პოსტ-მოდერნიზმმა ფეხი „ცისკრელ“ პოეტებშიც მოიკიდა. თავისთავად, ვგულისხმობ ვახტანგ ჯავახაძეს ტარიელ ჭანტურიასთან ერთად, რომელზეც საუბრის შესაძლებლობა ამ მიმოხილვაში კიდევ მოგვეცემა.
2011 წლის ლაურეატის შემოქმედებაში აისახა 70-იანი წლების შუა ხანების გარდატეხა, როცა გვიანდელი მოდერნიზმის ხანამ დრო მოჭამა და ეპოქალური კონტექსტისთვის შესაფერისი „ახლებური ესთეტიკური იდეოლოგიის“ ჟამი დადგა. შესაბამისად, ვახტანგ ჯავახაძე „პერიოდებიანი“ პოეტია, რაც ჩვენში დიდი იშვიათობაა (ნუგზარ ზაზანაშვილი). ხოლო, მხატვრობისადმი მწერლის სიყვარულს უნდა ვუმადლოდეთ ქართულ პოეზიაში გრაფიკული ლექსის აღორძინებას.
თავისთავად, უნდა აღინიშნოს, რომ არა ვახტანგ ჯავახაძე, ფართო საზოგადოებას არც ის გვეცოდინებოდა, გალაკტიონ ტაბიძეც თუ ხატავდა. პოეტი პოეტს პირველად 1957 წელს გამომცემლობაში შეხვდა. „უზარმაზარი მასალა მოიტანა, ცხრა ტომის გამოცემა უნდოდა, ჩქარობდა. ძალიან დიდ მასალასთან მომიხდა შეხება…“ კრებული გაზაფხულს, გალაკტიონის თვითმკვლელობის შემდეგ გამოიცა, თუმცა ვახტანგ ჯავახაძეს მისი შემოქმედების შესწავლა დღემდე არ შეუწყვეტია: „40 წელი ვერ შევეშვი. „უცნობი“ 7-ჯერ გამოიცა და ახლა მე-8 გამოცემაზე ვმუშაობ. 90-ის ვხვდები 2 თვის შემდეგ და მინდა კიდევ ერთი გამოცემა მოვასწრო“ („არილთან“ ინტერვიუდან).
და მთავარი: ვახტანგ ჯავახაძე, მას შემდეგ, რაც მისი წვლილი საბაზეც აღინიშნა, რამდენიმე წელიწადში წერს თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ტექსტს – „ელეგია: ყელსაბამს“ და ხდება მნიშვნელოვანი რამ – დიდი ქართული პოეზია (და არა კიჩი) ბრუნდება საქართველოს ქუჩებში კედლებზე გაკრული ხელით მინაწერების სახით.
უკვე შევეგუეთ, რომ ჩვენი თანამედროვე ყოფის აღწერისას ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე თანაარსებობენ სიტყვები აბსურდი და რეალობა, რაც, ალბათ, საუკეთესო მეთოდია ყოველგვარი „ლირიკული წამოკვნესების გარეშე“ („ვახტანგურში“ ასე აფასებს დავით წერედიანი ვახტანგ ჯავახაძის შემოქმედებას) ასახო ეპოქალური ტრაგიკულობა. აბსურდის დიდოსტატი კი მწერალი და დრამატურგი რეზო ჭეიშვილია, რომელიც, ზურაბ კიკნაძის თქმით, არაფერს იგონებდა, მთლიანად თავისი გამოცდილებიდან წერდა (დოკუმენტური ფილმიდან „ქვებს ახსოვთ“).
მისი სცენარების მიხედვით შეიქმნა არაერთი კინოფილმი, მათ შორის: „ჩემი მეგობარი ნოდარი“ და „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“. აგრეთვე მუშაობდა „ყვარყვარესა“ და „სამანიშვილის დედინაცვალის“ ეკრანიზაციებზე. ამ უკანასკნელს, ალბათ, განსაკუთრებული ღირებულებით გამოარჩევდა, ვინაიდან თავს დავით კლდიაშვილის გამგრძელებლად მიიჩნევდა. მთლიანობაში, რეზო ჭეიშვილი ნოვატორად მოევლინა ქართულ მწერლობას და წარუძღვა იმ უცნაურ შემობრუნებას, როცა სატირას დაეკისრა „პათოსით დანგრეულის აღორძინება” (მაკა ლდოკონენი).
ზურაბ კიკნაძის ღვაწლის შეფასება (მითუმეტეს ასეთ სიტყვაძუნწ ფორმატში) ძალიან გამიჭირდება, რადგან არც კი ვიცი, მისი კომპეტენციის მრავალი სფეროდან რომელი რომელზე მნიშვნელოვანია: ძველი და ახალი აღთქმის თარგმნა და ეგზეგეტიკა, შუამდინარეთისა თუ ქართული მითოლოგიის შესწავლა, ეთნოგრაფიული კვლევა, „ოდისეასა“ თუ „გილგამეშის“ თარგმნა. ამიტომ დავეთანხმები გიგი თევზაძეს, რომ „ისეთი დიაქრონიული ტერმინები და ცნებები, როგორებიცაა „ღვაწლი“, „ღვაწლმოსილება“, არის ყოვლად შეუსაბამო ზურაბ კიკნაძის მიმართ, იმიტომ, რომ ის საკუთარ სინქრონულ პროფილს დღესაც ამდიდრებს. არის ჩვენი მასწავლებელი […] მის ლექციებს და წიგნებს, რომელთა რაოდენობა ყოველ წელს მატულობს, ასობით მაყურებელი, მკითხველი და მსმენელი ჰყავს. ამიტომ, ზურაბ კიკნაძე არის ის ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვერანაირად ვერ დავახასიათებთ დიაქრონიული ტერმინების საშუალებით“ (ზურაბ კიკნაძისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომის ჩანაწერიდან).
დავით წერედიანი „გამონაკლისი პიროვნება იყო, ვინც იცნობდა. 60 წელი რომ შემისრულდა, მომილოცა და ასე დაასრულა თავისი მოლოცვა – მიიღე ეს გულწრფელი მოლოცვა შენსავით უთქმელი კაცისაგან. ჩემზე კიდევ უფრო უთქმელი იყო დათო. სვანი იყო ისეთი, რომელიც ძალიან დინჯად ლაპარაკობდა და ლექსებს წერდა ძალიან იშვიათად. იმდენად იშვიათად რომ გავეხუმრე მე, დავწერე ესე „კრიმინალური ქრონიკა – დავით წერედიანი შემჩნეულია საკუთარი ლექსების დამალვაშიმეთქი“. ლექსებს იშვიათად აქვეყნებდა. საერთოდ ცნობილი იყო როგორც მთარგმნელი. და მთარგმნელი იყო უმაღლესი დონის. ალბათ, ქართული პოეტური ლექსის თარგმნის ყველაზე საუკეთესო შემოქმედი,“ – აღნიშნა ვახტანგ ჯავახაძემ „არილთან“ საუბრისას.
მისი თარგმანებიდან კი განსაკუთრებით ცნობილია ფრანსუა ვიიონის „დიდი ანდერძი“, „მცირე ანდერძი“ და გოეთეს „ფაუსტი”. ლევან ბერძენიშვილის თქმით, წერედიანმა „თავი უცხო პოეტების ქართველებად ქცევას შესწირა“. ანი კოპალიანის შეფასებით კი, ის „არის ერთ-ერთი უმთავრესი ხმა, რომელმაც 21-ე საუკუნის ქართულ პოეზიას გეზი მისცა.“
დავით წერედიანის მეგობარი იყო ბესიკ ხარანაულიც. „ერთად ვათენ-ვაღამებდით. კურსელები არ ვყოფილვართ, პოეზიამ შეგვყარა. მხოლოდ პოეზიაზე ვლაპარაკობდით გაუთავებლად, სხვა რამ თემა თუ შემოიჭრებოდა, წამიერად ვიშორებდით,“ – იხსენებს 2015 წლის ლაურეატი.
ზოგადად, ყველა ინტერვიუში იკითხება, რომ ბესიკ ხარანაული მთლიანად პოეზიითაა მოცული: „24 საათი ვწერ. თუ კალამს არ ვაწრიპინებ, ვიმახსოვრებ. ეს მუდმივად ხდება. იკითხავენ, რომელი დროა კარგი? დილაც კარგია საწერად, შუადღეც და ღამეც… მოდი და გამეცი პასუხი… მე გეტყვით: დღის სხვადასხვა მონაკვეთში აბსოლუტურად სხვადასხვა ადამიანი ვწერ“.
ალბათ, ასეთი თავდადების ან უბრალოდ თავისი საქმისადმი დიდი სიყვარულით მოახერხა ეთქვა ახალი სიტყვა ქართულ პოეზიაში – დისიდენტური აზროვნება და, ლია სტურუასთან ერთად, ვერლიბრის ტრადიცია შემოეტანა. მაშინ, როცა თავისუფალი ლექსი – „თვითონ ეს სიტყვათშეთანხმებაც კი მიუღებელი იყო“.
საყოველთაოდ ცნობილია, გასულ საუკუნეში რამდენად იყო ნაწარმოების გამოცემა-არ გამოცემის საკითხი ჟანრობრივ კლასიფიკაციებზე დამოკიდებული. თვითონ ლიტერატურულ წრეშიც თავს ვერ დადებდნენ – რა რომელი განყოფილების ქვეშ, რატომ იბეჭდებოდა. ამ მხრივ, ვახტანგ ჭელიძე ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში იხსენებს 1993 წელს ნოდარ დუმბაძის ხსოვნის საღამოზე რეზო ჭეიშვილის გამოსვლამ გული როგორ დასწყვიტა – სამართლიანად არ განუმარტავს „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, როგორც „სატირა და იუმორი“ რატომ გამოქვეყნდა.
ნუგზარ ზაზანაშვილის თქმით, ზემოთ ხსენებული პოსტმოდერნისტი პოეტების, განსაკუთრებით კი ტარიელ ჭანტურიას შემოქმედებაც ამგვარი დამცველი მექანიზმის მეოხებით მოინათლა „ირონიულ-პაროდიულ პოეზიად“, როცა რეალურად ტარიელ ჭანტურია „პოეტური პოსტმოდერნის ერთ-ერთი პიონერია“, როგორც ქვეყნის საზღვრებს შიგნით, ისე მის გარეთ. „[ზაზანაშვილის] შეხედულებით, ჭანტურიას ნოვატორობა უპირველესად იმით გამოისახა, რომ პოეტმა ყურადღება მიაქცია ყოველდღიურობას, ჩვეულებრივ, ყოფით, სრულიად „არაპოეტურ“ საგნებს თუ მოვლენებს, დეტალებს, წვრილმანებს“ და ისინი, უბრალო დეკორაციული ელემენტების ნაცვლად, თავისი პოეზიის ორგანულ საყრდენად აქცია.
ტარიელ ჭანტურიამ საერთოდ შეცვალა „პოეტურის“ გაგება ქართულ პოეზიაში და უსასრულოდ გააფართოვა ის. „დღესაც, თანამედროვე ქართულ პოეზიას ტარიელ ჭანტურიას დარი დეკონსტრუქტივისტი შეიძლება არც ჰყავს. ამას ერთეულები ახერხებენ – მან უბრალოდ თავიდან დასვა კითხვა – „საერთოდ რა არის პოეზია?“ – გვეუბნება ლექსო დორეული.
ჩემს წარმოსახულ ფოტოსურათზე ლია სტურუას ხელში წითელი მიხაკები უჭირავს, რომელიც თამაზ ჩხენკელმა პირველკურსელ მწერალს ფიროსმანზე ეპატაჟური ლექსის წაკითხვის შემდეგ გასამხნევებლად ან მისალოცად აჩუქა. ასე სკანდალურად დაიწყო ნოვატორი პოეტის კარიერა და კამათი მისი შემოქმედების ფორმასა თუ შინაარსზე ბოლო დრომდე არ განელებულა.
„პატრიოტული აღგზნებით“ არასდროს გამოირჩეოდა, თუმცა „არილთან“ „საბას“ მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ განსაკუთრებით აფასებს სულხან-საბას და მისი სახელობის პრემიამაც ძლიერ გაახარა. „სიტყვის კონას“ მაგიდის უჯრაში ინახავს, ხშირად უბრუნდება და ლექსივით კითხულობს, რადგან პოეტისთვის მთავარი სიტყვა და მისი მოთვინიერების უნარია: „სიტყვა ცოცხალია. ზოგ სიტყვას უყვარს ერთმანეთი, ზოგს – სძულს. წერისას კი ვისაც სძულს, ერთად არ უნდა დასვა“.
გასული საუკუნის მრავალი გაჭირვებიდან ერთ-ერთი უთუოდ იყო სიდუხჭირე და შემოქმედებითი სამუშაოს დაუფასებლობა, რაზეც ვერ ვიტყვით, რომ ბოლომდე წარსულს ჩაბარდა. ბაჩანა ბრეგაძემ თავის დროზე პლატონი 75 მანეთად თარგმნა. გაჭირვებამ გაახსენა 2018 წლის ლაურეატ რევაზ გაბრიაძესაც, რომ ხატვა იცოდა და შეეძლო თავი კედლის გაზეთების მოხატვით შეენახა. მეუღლესთან და შვილებთან ერთად ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა და ყველასთვის საყვარელ შედევრებს სამზარეულოში ქმნიდა. „უცხო ჩიტიც“, რომლის მიხედვითაც გადაიღეს კინოფილმი „შერეკილები“, ე. წ. „სამზარეულოს პერიოდის“ ნაწარმოებია.
ლევან ბერძენიშვილის თქმით, რევაზ გაბრიაძე ქართული იუმორის ჩემპიონია, რასაც რთულია არ დავეთანხმო, როცა მე და ჩემს დებს დღემდე ავადმყოფურად აგვკვიატებია ფრაზა „კოჯრის ტყის სიზმრებიდან“: „როდესაც მე და ჩემი მეუღლე დარეჯანი საშობაო ხესა ვრთავდით, უცებ ნივრის სუნი მომესმა. კარი გაიღო და ოთახში მექსიკელი კინტო ზელიმხანი შემოიჭრა“. აღნიშნული და მარიონეტების თეატრის მრავალი სხვა დადგმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე დღემდე ცოცხლდება.
„მანანა გიგინეიშვილი ქართველი მთარგმნელობითი სკოლის ნამდვილი კლასიკოსია. რეალურად ადამიანი, რომელმაც ეპოქა შექმნა ამ თვალსაზრისით,“ – ასე აფასებს ქართული ლიტერატურის განვითარებაში 2019 წლის ლაურეატის წვლილს გიორგი კეკელიძე. მის სიტყვებს კი საუკეთესოდ ანტიკური პერიოდიდან მე-20 საუკუნის ჩათვლით ღვთის სადიდებლად შექმნილი ჰიმნების ერთგვარი ანთოლოგია „დიდება შენდა!“ ადასტურებს, რომელშიც კარგად იკვეთება მანანა გიგინეიშვილის, როგორც მთარგმნელის მასშტაბურობა. კრებულში წარმოდგენილია: ძველეგვიპტური, ინდური, ირანული, ბერძნული (მეცნიერულ გამოცემებზე დაყრდნობილი შუალედური თარგმანი) და ფრანგ, ინგლისელ, გერმანელ, ესპანელ და რუს ავტორთა ორიგინალიდან გადმოქართულებული პოეტური ქმნილებანი. სხვა ამბავია მის მიერ ჯადოსნურად თარგმნილი ფლობერი… აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჯიბრან ხალილ ჯიბრფანის, იესო, ძე კაცისა, წინასწარმეტყველი და სხვა ტექსტები და მარგერიტ იურსენარის „აღმოსავლური ნოველები“.
ქართველი მკითხველი ბათუ დანელიას იცნობს როგორც მისი პოეტური კრებულებით, მაგალითად: „ქალაქი ფრთებქვეშ“, „წყნარი ქუჩა“, „მთვარის დღესასწაული“, ისე ბორის პასტერნაკის ლექსების თარგმანით. ამჟამად პოეტი ვენახს უვლის სოფელში: „სოფელში ამაზე კარგი საქმე რა უნდა ქნას ადამიანმა! ახალი სახლის აგებას ვაპირებ (ძველი თანდათან მენგრევა თავზე) და დაწყების მეშინია, ვაი თუ ვერ შევძლო დამთავრება! აქ ლექსები არ მეწერება, უფრო სწორად, ლექსებზე არც კი ვფიქრობ, ხელი რომ არ შემიშალოს სახლის აშენებაში…“
„არილთან“ საუბრისას, 2020 წელს პრემიის მიღების გამოცდილება გაიხსენა: „არ მოველოდი. მე ხომ წიგნი არ მქონდა წარდგენილი იმ წლის “საბაზე”! “ლიტერატურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის” ნომინაციაზე კი არც მიფიქრია. ცერემონიამდე ათი დღით ადრე რატიმ დამირეკა და „საბას” ოფისში მთხოვა მისვლა ვიდეოში ჩასაწერად, ორი ლექსი უნდა წამეკითხა. ეს იყო და ეს. რას ვიფიქრებდი, რომ ასეთ სიურპრიზს მიმზადებდა…“
პანდემიის გამო „საბა” მსგავს ვითარებაში გადაეცა გასული წლის ლაურეატ გივი შაჰნაზარსაც, სომხურ-ქართული კულტურის მაკავშირებელს. „მე, როგორც ორი ძველთუძველესი ერის შვილი, მათი ურთიერთობის ბევრი გზის კვალში მადევრის როლს ვერასოდეს ვუღალატებ,“ (რადიო „თავისუფლებისთვის“ გადაცემული დღიურის ჩანაწერებიდან). გივი შაჰნაზარმა ქართველ მკითხველს არაერთი სომეხი პოეტის მშობლიურ ენაზე გაცნობის შესაძლებლობა მისცა. მათ შორის, თარგმნა მე-18 საუკუნეში საქართველოში მოღვაწე ეთნიკურად სომეხი პოეტის, საიათნოვას შემოქმედება. აგრეთვე, პუშკინის, ანდრეი ბელის ლექსები, აფხაზური და ოსური პოეზია.
შეიძლება ითქვას, რომ გივი შაჰნაზარი ქართული ქალაქური კულტურის მრავალფეროვნების პერსონიფიკაციაა. როგორც ნაირა გელაშვილმა მისდამი მიძღვნილ საღამოზე აღნიშნა, ის „ერთმანეთთან აკავშირებს ძალიან განსხვავებულ ადამიანებს, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს და მთელ კულტურულ ძაფებს,“ რომლითაც შემოწერილია თბილისის ტოპოგრაფია.
***
ფოტოსურათი, რომლითაც განსხეულდა ჩემს წარმოსახვაში „საბას“ წვლილის ნომინაცია, ალაგ-ალაგ დაზიანებულია. არა მარტო იმიტომ, რომ რეპრესიებ გამოვლილ ეპოქას ასეთი ესთეტიკა უფრო უხდება, უბრალოდ, ამ საერთო კადრში არაერთი სახე ჯერაც გაუმჟღავნებელია და მომავალი წლების დაჯილდოებებს ელის კუთვნილი აღიარების დასადასტურებლად ან მისაღებად.
© არილი