***
ხო, ვიცი. ეს ბერდიანსკელი ვიცი და ის ორი არა… ურტყამენ. ტკივილისგან იკლაკნება პალიასტომის გველივით. მე კიდე კედელთან ატუზული ვდგავარ. ხო შემიძლია მივეხმარო, უკნიდან დავცხო სამივეს, ან კიდე მივიყუჟო კუთხეში, თვალები დავხუჭო, ყურები დავიცო და დაველოდო, სანამ ყველაფერი არ ჩაწყნარდება. ამის მაგივრად ვდგავარ კედელს ამოფარებული, ფრთხილად ვიყურები და მთელი ტანი… მთელი ეს ხელები, მუხლები და ყბაც… მიკანკალებს. იმიტო რო ტრიაპკა ვარ, ძუნკალი. არც მიხმარება შემიძლია და არც თვალის არიდება. არადა, ხომ იეჭვებს რომ არ გამოვჩნდები ამდენ ხანს, რა დიდი დრო უნდა პრიჩალიდან სახლამდე გადარბენას და მერე ისევ უკან გადმორბენას, იმ თავისი ბადის საკემსი ნემსათი ხელში. თან ხომ შემიძლია ეს ნემსაც იარაღად გამოვიყენო და ვატაკო ეგრევე, დავუჩხვლიტო ჯერ იმ ბერდიანსკელს კისერი და მერე იმ ორს, მარა რო დამასწრონ ხო ჩამათრიეს ზღვაში და მარტყმევინეს ვალნარეზებზე თავი, მერე მიმაბეს ბადით და დამტოვეს იქ მკვდარი ან ცოცხალი. მე შენ გეტყვი და მშველელია ვინმე, ეს გდია ქვიშაში, ფართხალებს ლიფსიტასავით და იქეთ ჭირდება შველა, ჩემი იმედი აქ… ფუ… მე კიდე მარტო მაშინ მაქ ჩემი თავის იმედი, როცა გავრბივარ, იმიტო რო ვიცი – ჩემ ფეხებს დამეწევა ვინმე… რა ვქნა?! ვიდგები აქ და არც თვალებს დავხუჭავ, ისე ვეცდები მომავალი შურისძიების გეგმაზე ვიფიქრო. ეს შემიძლია მარტო – საკუთარი მანდრაჟის ზიზღი, თუნდაც 30 მეტრში ოტკით გამსკდარ მამას ვხედავდე, ქვიშით და თავისი სისხლით რომ ამოუვსიათ უკბილო პირი და ტალღების, კაცების და თოლიების ამ მთელ უაზროდ მარტოსულ ხმაურში უშანსოდ ვარ გავიგო, თუ რის თქმას ცდილობს…
***
„ნუ მირტყამთ, თქვე ბოზებო!“ ხო. რას იტყოდა აბა ახალს და ამ სიტყვებსაც ახლა და ძლივს ვარჩევ. მეც შიშმა გამიქრო ფანტაზია, თორე რა უნდოდა მაგის გამოცნობას. შიშით ახლაც მეშინია, ახლა, როცა უკვე ჩაჯდნენ იმ ბერდიანსკელის შავ მანქანაში და წავიდნენ, მე კი ჰეკლბერი ფინის ლანდივით მივიძურწები მამაჩემისკენ, თან ვიყურები აქეთ-იქეთ, რო არ წამოუაროს რომელიმე ვამპირს და ისევ არ მოწყურდეს ბროზოვიჩის სისხლი. „მე ვარ, მე“ – ვეუბნები. სახე დალურჯებული აქვს და თვალებიდან ვერ მხედავს. „მამა, რა მოგივიდა“?.. – ვეკითხები, ვითომ არ ვიცოდე და ესეც – დავეციო – ამბობს. არ ვეუბნები არაფერს, ფრთხილად ვუწევ ჯერ თავს და მერე ისევე ფრთხილად ვექაჩები ზევით, მთელი ტანით, მაგის მარცხენა ხელს ჩემ მხარზე ვიკიდებ და მივითრევ ქვიშაში. ნელა, ძალიან ნელა. ,,ბადე, მამა…“ – ბურტყუნებს ძლივს და თავისი გაბურძგნული წვერით ლოყაზე მეხახუნება, სისხლით და ქვიშით მითხვრის სახეს და ცხვირს მიყროლებს იმ თავისი ლარნახევრიანი ოტკის სუნით. „კი ვიცი, წამოვიღებ“… ვაწვენ ბალახზე, ამომაქ პლასტმასის ბოთლით ზღვის წყალი და ვასხამ ნელა სახეზე, ვუსველებ შუბლს და ფრთხილად ვუბან თვალებს. სისხლი ღიავდება და რაც უფრო ღიავდება მით უფრო მიმძაფრდება შეგრძნება, რომ მე მევსება ახლა იმ სისხლით და ქვიშით პირი, რომელიც ამას ჩამოვბანე. იჩხირება სადღაც შუა ყელში და არც წინ მიდის და არც უკან… სასუნთქ გზებს მიკეტავს და მახრჩობს.
***
ჩემი სახლი გიგანტური ქათმის ფეხებზე არ დგას, როგორც იმ ძველ კინოში მე რო ახლახან ვნახე. ეს ამ ბედობას მოხდა, საიდანღაც 30 წლის პრისტავკა რო გამოათრია ამან, რაღაცა კაბელები ამოშიგნა, მერე ერთმანეთზე გადააბა, იაშიკიდან დამტვერილი კასეტა ამოიღო, მეზობლის ნაჩუქარ ძველ ტელევიზორს შეუერთა და მიბრძანა სკამზე დავმჯდარიყავი. დავჯექი და ამბობს, მაგარი ვეში იყო ეს 90-იანებშიო. ტვინი მაქ წაღებული ამ 90-იანებით. დააჭირა გვერდითა ღილაკს და გაიჩითა უცბათ რაღაცა ნაცრისფერი კადრი, თან ციმციმებს მთელ ეკრანზე საახაწლო წვიმებივით, გამოსახულება იკარგება ხან და ხან კიდე სწორდება, ეს კიდე უყურებს ბედნიერი და ეცრემლება თვალები. ამას არასდროს ჭირდება მიზეზი დასალევად და ახალ წლებზე ხომ გდია იასნია გამომტყვრალი, იოლად პოულობს დასალევს და თან რა ბევრი უნდა, სამ ჭიქაში ხო გატოვია ისედაც და ამ დროს თუ არ იგინება, რაც ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე, მაშინ ტირის. რა ატირებს არ ვიცი, მარა არი შემთხვევები, როცა იძლევა მაინც ბუნდოვან განმარტებებს თავის ცრემლებზე, ხან რას წამოაბოდებს და ხან რას. მაშინ სხვანაირად მოხდა, გაუშტერდა უცბათ მზერა ამ ეკრანზე და ხმა არ ამოუღია. თითქოს ვერც მე მამჩნევდა. მაშინ დავინტრიგდი ზუსტად და რომ დავაშტერდი ტელევიზორს, დავინახე, გიგანტური ქათმის ფეხებზე როგორ იდგა ჩემი სახლი და გიჟივით ცეკვავდა. მარტო ის განასხვავებდა ჩემ ქოხს ამ ურჩხულისგან, რომ ქათმის ფეხებზე არ იდგა, თორე სხვა ყველაფერი ადგილზე იყო. ისეთი გრძნობა გამიჩნდა, რო შიგნით ზუსტად ვიღაც ჩემისთანა ცხოვრობდა, ჩემსავით პიანიცა მამის შვილი და მასთან ერთად ძველ ტელევიზორში უყურებდა კინოს ჩემზე. ტელევიზორის წინ ჩავარდნილი დივანი ედგა, სადაც მამამისი ხშირად წვებოდა. შალის ადიალა ეფინა და ბალიშივით ქონდა თავქვეშ ამოდებული „ჰეკლბერი ფინი“.
***
მარა ახლა – „ჰეკლბერი ფინი“ გამოვაცალე და რბილ ბალიშზე დავადებინე თავი, სანამ წამოვაწვენდი ხელით მეჭირა მაგის წელი, რომ არ ტკენოდა. პირაღმა წოლას გვერდზე წოლა არჩია, ოღონდ ჩემგან ზურგით, ისე, რომ ვერ დამენახა მაგისი დასიებული სახე. ხმა არ ამოუღია, კვნესითაც აღარ კვნესოდა და გინებას ჯერ კიდე მაშინ შეეშვა, სანამ აქეთ წამოვიდოდით, ბადე მქონდა ცალ მხარზე გადაკიდებული და ცალზე ეს. გადავაფარე ადიალა, გავიხედე ფეჩისკენ და ფიჩხით ცეცხლის დანთების იმედი ეგრევე გადამეწურა. ეს ხო მარტო ამას შეუძლია, რაღაცა ჯადო აქვს თითებში და ზღვის წყლით გაჟღენთილ ტოტებს ისე აგიზგიზებს, გეგონება ბენზინში იყოს ამოვლებული. ხო არსებობს ფეხბურთის ნიჭი, მათემატიკის ნიჭი, მუსიკის ნიჭი, ხოდა ცეცხლის დანთების ნიჭი ცალკე ნიჭია. თანამედროვე ამირანია, ამას წინათ დობრი რო გვიყვებოდა სკოლაში. მაგაზე ასჯერ მაგარიც და ათასჯერ უფრო ლოთიც, მარა წელის ტკივილები აწუხებს ისედაც და ასეთი ნაპიზდი ისევლე ჩემი საპრობლემო რო არ გახდეს, ჯობია სადმე მშრალი შეშა ვიშოვო დროზე და ის რაღაცა მაზიც. გამოვიხურე კარი და გამოვედი ქუჩაში. „რა ჭირს ბიჯო ბროზოვიჩს?“ – გადამიდგა წინ ცნობისმოყვარე მეზობელიც, ოღონდ როდის და საიდან გაიგო არ ვიცი, იჭყიტებოდა ალბათ ფანჯრიდან და მეც – არაფერი, აუსრიალდა ზღვაზე ფეხი და ჩავარდა ქვებში თავით-მეთქი, ვუთხარი. „მაგი აკლდა კიდო მაგ გამოსირებულს“ – თქვა და შებრუნდა თავის ეზოში. ხოდა, ზუსტად მაშინ გადავწყვიტე მშრალი შეშა მომეპარა მაგისგან.
***
ისე, მეზობლისთვის აქამდე არაფერი მომიპარავს. ფოთის პორტის ტერიტორიაზე ჯართით სავსე მატარებლის ვაგონები დგას, წინა კვირას ავძვერი ისე, რომ დაცვას არაფერი გაუგია და ყველაზე მძიმე რკინები გადავყარე კედელს იქეთ, მაღალ ბალახებში. წვიმიანი ღამე იყო და ცხვირს ვინ გამოყოფდა იმ საყარაულო კიოსკიდან, მარტო მე ვიდექი ვაგონზე აღმოცენებული ყვავილივით და ჟანგის სუნი ამდიოდა, ჩემგან მოშორებით კიდე გალიაში გამოკეტილი რკინის მხეცები დაათრევდნენ რაღაცა ბერკეტებს და პროჟექტორების შუქებზე თითქოს ჩემზე მეტად სველდებოდნენ. ყვითელყელიანი ამწე კრანები დინჯ მეტანიებს ასრულებდნენ მთავარი ატობოტის, ოპტიმუს პრაიმის სახელის სადიდებლად, სხვა დროს არასდროს მინახავს სველ რკინებს ასე გულმხურვალედ ელოცოთ თავიანთ ღმერთზე. და ნეტა მართლა ჩამოსულიყავი, პრაიმ! მარტოს არ მომიწევდა იმაზე თავის მტვრევა როგორ მეძია შური იმ კაცებზე, ბროზოვიჩი რო ჩააგდეს ასეთ დღეში, ბერდიანსკის უბანშივე მოვუგვარებდით და მერე თავად მამაჩემსაც ავუკრძალავდით დალევას, აღარ დამჭირდებოდა აქ მოსვლა ისევ და ერთი კვირის წინ ბალახებში გადაყრილი ჯართის საძებნელად არ გადავეშვებოდი თავით. მარა შენ არ ჩამოხვედი და ახლა ისევ აქ ვარ, ვიღებ რკინას და მივათრევ გზისკენ, რო არ დაიკეტოს ჯართის ჩამბარებელი პუნქტი. ეზოში არც ვარ შესული, რო მანქანიდან ვგრძნობ დაჟინებულ მზერას, ვიხედები იქითკენ და დობრის სახეს ვხედავ, ლანდივით რო მყავს ამ ბოლოს შემოჩენილი. ასეთ ცუდ დროს აქ საიდან გაჩნდა არ ვიცი, როცა მამაჩემის ძველმანები მაცვია, ხელებით მეშოკები მიჭირავს და გაზეთილ თითებს სულ უფრო ვუჭერ, რომ არ გამისხლტეს. თვალს ვარიდებ დარცხვენილი, ვითომ ვერ დავინახე და თვითონაც ქოქავს მანქანას და მიდის. მეშოკიდან პირდაპირ სასწორზე ვყრი რკინებს. „8 ლარისაა“, მეუბნებიან და მძიმე რკინებს მიცვლიან უფრო მსუბუქ რკინებში. სასწრაფოდ აფთიაქში უნდა გავიქცე, მერე პური ვიყიდო და შეშა გამოვზიდო იმ ჩემი ნაბოზარი მეზობლის ეზოდან… მერე ცეცხლს დავანთებ, ფეჩთან მივიჩოჩები და რადგან შუქი არ გვექნება, ტომ სოიერს ჰეკლბერი ფინის ხათრით წავიკითხავ… დობრიმ მათხოვა წინა კვირას, როცა ვუთხარი ჰეკლბერი ფინი მაქ წაკითხული-მეთქი. თურმე ტომ სოიერშიც წერია ბევრი ჰეკის შესახებ…
***
„მერე?! ხო არ დაიწვი?“ – მეკითხება სკუმბრია. სკუმბრია თევზის სახელია, მარა ეს, ვინც ახლა მეკითხება შეშის მოპარვისას დავიწვი თუ არა, თევზი არ არის. თევზებს ხო ლაპარაკი არ შეუძლიათ, სკოლაში არ სწავლობენ და ორიანებს არ იღებენ. დერეფანში ვდგავართ და დიდი დასვენებაა, კლასელები თავისთვის არიან ჩასასტავებულები, გოგოების ჯგუფი, ბიჭების ჯგუფი და ზოგიერთი შერეულადაც, მარა მე და სუკუმბრია ცალკე ბანდა ვართ, როგორც ყოველთვის. „არა“ – ვეუბნები – „მარა ბროზოვიჩია ცუდად“. რა ჭირსო? – მეკითხება. „დაეცა“ – ვპასუხობ. სკუმბრია თავს წევს მაღლა და საქმეში ჩახედული კაცის სახით მეუბნება: „ა, პიანი იქნებოდა ისევლე. არაუშავს, მგონი მსოფლიოსაც მალე დაენძრევა“. წინ რო არ მედგას და რო არ ვხედავდე მაგის მზით გადამწვარ სიფათს ვერ დავიჯერებდი რომ ეს სიტყვები მართლა თქვა. როდის იყო სკუმბრია მსოფლიოს ბედს განიხილავდა?! შემატყო ალბათ რო მაგარ გაურკვევლობაში ვარ და ამბობს: „რაღაცა ვირუსი გაჩნდა ჩინეთში და ახლა ევროპასაც აფარჩაკებს, ტელევიზორს არ უყურებ?“ სად მაქ ტელევიზორი. რო არ გაეკეთებინა იმას კრედიტი და მთელი ფული არ გაეტენა დასალევში, ახლა ხო მომისწრებდა სოციალური დახმარება და გადავიხდიდი შუქს, მარა სად არი. ვირუსის ამბავში კი რაღაცას აჭარბებს ეს. „ტრანსფორმერებს ისევ ანახებენ?“ – ვეკითხები. „კი, მარა ბოლო ნაწილი არ დამევასა“. ორი ნაწილი მაქ სულ ნანახი, პირველი ჩემ ტელევიზორში და მეორე სკუმბრიასთან, მარა ჩემი ძველი პანასონიკია და ამას კიდე სონი უკიდია კედელზე, გეგონება მილიონერი მშობლები ყავდეს, მარა ბროზოვიჩივით პოხუისტი და ლოთი მაინც რო არ არი მამამისი მაგი ტელევიზორზეც ხო ეტყობა. „როგორ ხართ?“ – მესმის უცბათ ზურგიდან, ვტრიალდები და დობრის ღიმილიან სახეს ვხედავ. „კარგად, მას, თქვენ?“ – ვესალმებით ჩვენც და გვერდს გვივლის, შედის კლასში. „ეს მართლა არაა ცუდი როჟა“ – ამბობს სკუმბრია, რომლისგანაც მთელი რვა წელია მასწავლებლების გინების მეტი არაფერი გამიგია, ამ ფრთხილი დასკვნის გასაკეთებლად კი 2 თვემდე დაჭირდა. ზუსტად იმდენი, რამდენი ხნის წინაც ჩვენ სკოლაში დაიწყო მუშაობა და კლასელებმა დობრი შევარქვით.
***
ჩვენი საკლასო ოთახის კედელზე მეცნიერების შავ-თეთრი სურათები კიდია და ვიდრე გაკვეთილი დაიწყება სკუმბრია მეკითხება ჩურჩულით: „ეს ვინ არის?“ „აინშტაინი“ – ჩურჩულითვე ვეუბნები. „ეს?“ „ტესლა“ – და სიტყვა არ მაქ წესიერად დამთავრებული, რო სიცილი უტყდება, იფხრიწება გიჟივით. ზარის ხმაზე ყველა შემოდის, სკუმბრიაც წყნარდება. დობრი რაღაცა ცარიელ ფურცლებს გვირიგებს და ამბობს: „მინდა რამე დაწეროთ თქვენზე, ან სხვაზე. ნებისმიერი რამე“. ასეთი უცნაური დავალება ჯერ არავის მოუცია. საათს დაყურებს და 40 წუთი გაქვთო, ამატებს მერე. დავჩერებივარ ამ სუფთა ფურცელს და რა უნდა დავწერო აზრზე ვერ მოვდივარ, სკუმბრიასკენ ვიხედები. „ბიჯო, თესლაზე დავწერ მე“ – ამბობს და იღრიჯება სულელივით. „თუნდაც თქვენს ცხოვრებაზე, შაბათ-კვირაზე, რაზეც გინდათ. რაზეც ფიქრობთ, რომ დაწერა ღირს“ – ამბობს დობრი. ხელში პასტას ვიღებ და ჩემი სახლის გარდა ვერაფერზე ვფიქრობ, ქათმის ფეხების, ჯართის, ნაცემი ბროზოვიჩის და შურისძიების გეგმის გარდა… და ვწერ, რო სახლი შეიძლება იყოს ლამაზი, ან უშნო. რო სახლი ქათმის ფეხებზეც შეიძლება იდგეს და ამავდროულად ურჩხულიც იყოს. ვწერ, რო ჩემ სახლს ფეხები არ აქვს და ურჩხული არ არის, მარა ვეშაპია, რომლის მუცლიდანაც მე და მამა ყოველ დილით ვიპარებით, მერე ბადეს ვშლით და მუხლებამდე წყალში ვდგებით. ერთი სირინოზი ზღვისპირა სასაფლაოდან ეპარება სიკვდილის მცველებს და ჩვენ რომ თევზი დავიჭიროთ სიმღერით ლოცულობს ზღვის ღმერთზე. ასე ხვდებიან ბარაბულკები ჩვენს ბადეში. დაღამებამდე ვეშაპის მუცელში ვბრუნდებით, ფეჩს ვანთებთ, ვვახშმობთ და ცეცხლის პირზე ზღაპრებს ვყვებით, მარა ბოლო თევზაობისას სიკვდილის მცველებმა გაგვიგეს და რადგან თავს დაგვესხნენ მე წინა ღამით ერთი ზღაპარი დამაკლდა. ვწერ, რო სახლში სუპერგმირის ფორმა მაქვს, ჩემი უახლოესი მეგობარი ტომ სოიერია და ამ დღეებში კომეტაზე ამხედრებული ოპტიმუს პრაიმის ჩამოსვლას ველოდები ვარსკვლავებიდან, რომ შურისძიებაში დავიხმარო…
***
მარა შენ ისევ არ ჩანხარ, პრაიმ. არ ჩანხარ. შენთვის მოცემული დრო კი ამოიწურა. ყოველ დღე ვხედავ როგორ დადის იმ ბერდიანსკელის შავი მანქანა ჩემ ქუჩაზე ისე, ვითომ არაფერი მომხდარა და მე ამდენი მოცდა არ შემიძლია.
„რა სირად გინდა კრასკა, მაინც არ მეტყვი?“
სკუმბრია წითელი საღებავით ნახევრად სავსე ბანკას თავისი ეზოდან მაწვდის. „რაღაცაში მჭირდება“ – მოკლედ ვპასუხობ და ვართმევ. „მაგ ჩანთაში რა გიდევს?“ – მეკითხება და ხელით ამოწმებს ჩანთას, მე რო ზურგზე მკიდია. „ნემსა, ჰეკლბერი ფინი და სუპერგმირის ფორმა“. გაოცებული სკუმბრია თევზივით აღებს პირს. „რისი ფორმა?“ ჩანთას ვიხსნი და სკუმბრიას ფეხებთან ვაგდებ. ხსნის და შიგნით იხედება: „პროტივოგაზი… – ამბობს აღფრთოვანებული – რა მაგარია, საიდან მოიტანე?“
ბროზოვიჩმა მაჩუქა 4 წლის წინ, დაბადების დღეზე, 90-ანების ნარჩენია ესეც, ძველ იაშიკში ნაგდები, მარა სკუმბრიას ამას არ ვეუბნები.
„მქონდა“.
„ეს ვირუსისგანაც დაგიცავს. აი ძმაო მასკა“ – ამბობს და სახეზე იკეთებს. „სკაიპით დაგვეწყო გაკვეთილები, ხო იცი? ამ ვირუსის პონტში“ – ამატებს მერე იმ ხმით, ტრანსფორმერები რო კინოებში ლაპარაკობენ. „სკაიპით?“ პროტივოგაზს იხსნის, ხელში ატრიალებს და თვალს არ აშორებს, ისე მეუბნება: „ხო, და დობრიმ გიკითხა გუშინ, მე ვუთხარი რო კომპიუტერი არ გაქ და მაგიტო ვერ ჩაერთე. ბროზოვიჩი როგორაა?“
ცუდად. თავის დივანში ლპება, თავის ადიალაში, მარა ამას ხო სკუმბრიას ვერ ვეტყვი. ასეთი ადრეც მინახავს. ბლანჩიკები აღარ ეტყობა, მარა რაღაცა უფრო ღრმა ჭირს, უჩინარი. ჩემგან ზურგშექცევით წევს, არაფერს მეუბნება და იკიდებს საშინელ ხავსს, რომელიც მატლებს უჩენს და ისინიც ფუთფუთებენ, იხვევენ მთელ გულს და მერე მკვდარი ძაღლების სიზმრების სეზონი ეწყება. გახრწნილი კატების, ამოშიგნული ნაწლავების – ფსლის, განავლის და შიშის სუნში რო არიან აზელილები და ყარან, ვეშაპი კი ამ დროს დაუნდობლად ინელებს, ინელებს… არ ჩერდება… ასეთის ყურებას ისევ ოტკით გამსკდარს ვუყურო მირჩევნია, ჩემი დაჭერილი ბარაბულკების და მოპარული ჯართის იმედად როა მარტო და, ახლა ეს ჯართის ჩამბარებლებიც სადღაც გადაიკარგნენ, სკოლა გადადეს, ყველაფერი სხვანაირია და მეც არ მაქ თავის დასაცავად არაფერი, ამ ძველი მასკის გარდა. პროტივოგაზის გარდა, ყოველდღე რო ვუორთქლავ სტეკლოს თვალებს, ვწმენდ სახელოთი და ვუსუფთავებ ფილტრს. ვიხედები სარკის გატეხილ ნატეხში და იქიდან ჩემი სუპერგმირი ორეული მიყურებს, თავის ფორმაში გამოწყობილი რაღაც ახალი სუპერძალის მქონე გმირი და სანამ შენ ჩამოხვალ, პრაიმ, სწორედ ეგ იქნება ის, ვინც მარტო წავა პირველი ტურის დასახურად.
„უკეთესადაა ახლა“ – ვეუბნები სკუმბრიას და ხელიდან ვართმევ პროტივოგაზს, ჩანთას ზურგზე ვიკიდებ – „დობრიმ თუ კიდე მიკითხა უთხარი, რო სუპერგმირად გადავიქეცი“, – ვამატებ და ვიკეთებ სახეზე. თავს ისე ვგრძნობ, ვითომ შავი გვირაბის სიღრმიდან ვუყურებდე ჩემს ცხოვრებას და ისევ ვხედავდე ბროზოვიჩი როგორი მოკუნტული გდია უხმოდ და საცოდავად დივანზე. ჩემი დახშული სუნთქვა მესმის, ჩემი დახშული ფიქრები და თითქოს პროტივოგაზი მკარნახობდეს მაგ ფიქრებს.
დაე, გვეწეოდეს სველი ჯართების გულმხურვალე ლოცვები, რომლებსაც ფოთის პორტის ტერიტორიაზე, წვიმიან ღამეებში, ჟანგიანი კრანები შენდამი აღავლენენ, პრაიმ. ამენ!
***
ახლა არ ვკანკალებ, არადა, მაშინ ხო დავიბრიდე კინაღამ შიშისგან. მამაშენი რო გდია შენგან 30 მეტრში და სამი ვირგლა ურტყამს, შენ კი ცხვირის გამოყოფის ტრაკი არ გაქ, რაღაცა გაწვება მაშინ ყელში, რაღაცა უღონობის, უსუსურობის და სინდისის შემოტევასავით გემართება. დგახარ შებოჭილი და სუნთქვა გიჭირს, პროტივოგაზიც არ გიკეთია, არადა მთელი სამყაროს შიშებით და დემონებითაა ამ დროს ჩასასუნთქი ჰაერი სავსე და გიძვრებიან ნესტოებში, საზარელ ჭყლეტაში ხელებით და ფეხებით მიიკვლევენ გზას. მაშინ მნიშვნელობა ეკარგება ის კარგია თუ ცუდი, მნიშვნელობა ეკარგება როგორი სუნი უდის, ან რამდენჯერ დაგიწვენია მთვრალი, გაგიხდია ფეხსაცმელი და გირეცხია მაგისი ნარწყევიანი შარვალი საპნით, იმიტომ, რო თუ რამეს აქვს ამ დროს მნიშვნელობა, ეს მიზეზია – ნოემბირის ერთი წვიმიანი დილა, როცა რაღაცა უკურნებელი ავადმყოფობით დაავადებული დედა უცბათ სირინოზად იქცევა და მერე მისი მიგნება შენ და მამას ამოდენა ზღვაში გიჭირთ. ამ დროს მთელი არსებით გძულს და თან გეცოდება მამაშენი, შენი თავი, ჰეკლბერი ფინი და ვერც კი ხვდები, რო პროტივოგაზი გჭირდება, რომ არ გაიგუდო უჰაერობისგან! რო კარგად დაინახო იმ ნაბოზარი ბერდიანსკელის შავი მანქანა, დაუჩხვლიტო ოთხივე საბურავი და მერე გადაასხა ზემოდან წითელი კრასკა, ჩაულეწო სარკეები და შური იძიო გალახული და დაჩმორებული მამის გამო, რომელმაც წლების წინ გაჩუქა გვირაბივით ბნელი და შორეული სამყარო, ზღაპრების და მომავლის სამყარო, ქაოსის და დამწვარი საბურავების, აფეთქებული მანქანების და შავი კვამლის სამყარო, შენ კი აღგჭურვა მთავარი იარაღით ამ სამყაროში – პროტივოგაზით! ვწევარ მანქანის ქვეშ, გამეტებით ვჩხვლეტ და ვსერავ საბურავებს და ვითომ მაგ ბერდიანსკელის თავს ვჩხვლეტდე, მაგის სახეს ვსერავდე და თან ვხედავდე როგორ ცდილობს ამომიცნოს, მარა ჩემი ეკრანივით თვალები სხვას არაფერს უჩვენებენ სიკვდილის საზარელი ანარეკლის გარდა, თავისივე შიშის გარდა და ამას აჩვენებენ ისეთივე HD ხარისხში, როგორშიც მე ვუყურე ტრანსფორმერები 2-ს სკუმბრიას ტელევიზორში. ვდგები და მოვდივარ, მოვიპარები ჯერ ერთ პადიეზდამდე, მერე მეორემდე, შურისმაძიებელივით გამოვდივარ ბერდიანსკის უბნიდან და როგორც კი ვრწმუნდები, რო უკვალოდ შევძელი ყველაფრის გაკეთება ჩემი ქუჩისკენ ვუხვევ, ამომაქ „ჰეკლბერი ფინი“, მადლიერი ვიდებ მკერდზე და ვწვები კანაოს პირას ბალახზე ასე, ხელებგაშლილი. სტეკლოს თვალებიდან ვაკვირდები ცას, ვარსკვლავებს და უცბათ ვგრძნობ, რო ამ წუთას თვითონ უფრო ვჭირდები ცაში მოხეტიალე ავტობოტების არმიას, ვიდრე ისინი მჭირდებიან მე…
***
მინდა ბროზოვიჩმა თავისი დაკარგული სირინოზი ჩემ თვალებში იპოვოს. გულით მინდა ეს და ბაყაყებით სავსე კანაოს ნაპირსაც გულამოვარდნილი ახლა ამიტომ მივუყვები. პატრულის მანქანამ ჩამიარა წეღან და როცა ჩემ პროტივოგაზიან სახეზე აციმციმდნენ მაგისი სირენის ლურჯ-წითელი შუქები, მივხვდი, მეტი სიფრთხილე იქნებოდა საჭირო და ჩემ სახლთანაც, თითქოს მაგის პასუხად, ახლა რაღაცა მანქანას ვამჩნევ. ალბათ მეზობელთანაა ვიღაც სტუმრად და ჩვენ წინ დააყენა-მეთქი, ვიიმედებ თავს და რო ვუახლოვდები, ისეთ რამეს ვხედავ, წესით რო არ უნდა ვხედავდე. ნომერს: Kdg – 203. გულის ფანცქალით ვიხედები სახლისკენ, ფანჯრიდან სანთლის შუქი ბჟუტავს ოდნავ და რა ჯანდაბა ხდება შიგნით, წარმოდგენა არ მაქ, მარა ვხვდები, რო იქ არ უნდა შევიდე. კარი იღება და მესმის ორი ნაცნობი ხმა, ვამჩნევ ორ ნაცნობ აჩრდილს და ვწყდები უცბათ ადგილს, გადავრბივარ ქუჩაზე, ვწვები ხის ძირში და გული ამოვარდნას მაქ. ვარჩევ როგორ ჯდება ერთი ლანდი მანქანაში და ქოქავს. ხის ფოთლებს ვეკვრები სულ უფრო, ვიდრე არ უხვევს ჩემი ქუჩიდან და არ ქრება მაგისი შუქი. მერე პროტივოგაზს ვიხსნი გახურებული სახიდან და სახლისკენ მივდივარ. ბროზოვიჩი აღარ დგას ეზოში. ვაფარებ თავს ვეშაპის მუცელს და ნელა როცა ვაღებ ოთახის კარს, ვხედავ, როგორ უჭირავს ხელში სანთელი და კარის ჭრიალზე გაოგნებული ტრიალდება ჩემკენ: „შენზე მითხრა, კარგად წერსო… და ესენი მოიტანა“. ნეტა ამას ხო არ დაემართა ის რაღაც ვირუსი და აბოდებს? „რას წერსო?“ არ იძვრის ადგილიდან და ტრადიციული რამე ემართება – ეცრემლება თვალები და წინადადებებს ძლივს, სვენებით აბამს ერთმანეთზე: „თავისუფალი თემა დავაწერინე და ყველას ჯობდაო… ახლა ინტერნეტით უტარდებათ ბავშვებს გაკვეთილები და ეს ჩემი ძველი კომპიუტერი და მოდემი თქვენ უფრო გამოგადგებათო…“. უცბათ რაღაცა ბურთი მიჩნდება ყელში, პატარა, უხილავი ბურთი და მერე ნელა იწყებს ზომაში ზრდას… ვაჭერ კომპიუტერის ღილაკს თითს და შემოდის ცისფერი შუქი ჩემ თვალებში, საგნებში და ჯადოსნობასავით ეფინება მაგიდაზე სითბო, ნაჩუქარი წიგნების გროვაზე იღვრება და ვხედავ, რო ერთ ყდაზე – მართლა რაღაცა სიგიჟით, თუ სველი რკინების ლოცვათა მადლით, ჩემი პროტივოგაზი ხატია, პრაიმ! ზუსტად ისეთი, ახლაც ხელში რო მიჭირავს და ქვეშ დიდი ასოებით აწერია სათაური: „METRO – 2033“.
***
დილის ექვსი საათია და ფეხზე ვარ უკვე, მთელი ღამე მესიზმრებოდა როგორ დავფრინავდი ვარსკვლავებიან ცაზე ცეცხლისფერი ავტობოტით. როგორც კი ინათა ავდექი და წიგნს დავავლე ხელი. ფურცელზე ვინიშნავ პასტით იქიდან ამოწერილ კოდურ სიტყვას, რომელსაც როგორც იქნა მივაგენი და მერე დავყურებ ისევ გარეკანზე, შუბლს ვუკოცნი პროტივოგაზს. ბროზოვიჩი შეყუჟულია ვეშაპის მუცლის შორეულ კუთხეში და დამნაშავესავით მათვალიერებს. „ახალი მოთხრობის სათაურს ვეძებდი და ვიპოვე“ – ვეუბნები, მერე ხელში ვიღებ პროტივოგაზს – „ის უნდა დავარქვა, რაც ახლა ხელში მიჭირავს და რასაც ბერდიანსკის კორპუსებთან სახეზე გავიკეთებ“. გაკვირვება ეტყობა, მარა არ გამოხატავს და მეუბნება: „კარგი სათაურია, მარა დარჩი მამა შენ, იმეცადინე, მე მარტოც ამოვყრი ბარაბულკებს“. არა, მეც უნდა წავყვე, რო რაც შეიძლება მალე ჩავაბაროთ თევზი გადამყიდველებს და გადავიხადოთ შუქის ფული, ჩავრთოთ კომპიუტერი და დავენახო დობრის. გაკვეთილებს შევუდგე. გამოვდივართ, ისწორებს ბროზოვიჩი მხარზე გადაკიდებულ ბადეს და ცდილობს ნაკლები ტვირთი ამკიდოს, უკვე დასახმარებლადაც აღარ მეძახის ყოველ წუთს. როგორც იცის ხოლმე. ვიყურები ზევით, შორს, სილურჯისკენ. მეტი უნდა ვიფიქრო, რო დობრისთან არ ჩავიჭრა, ზუსტად ამიტო ვიყურები მაღლა და იმაზე ვფიქრობ, რო ვეშაპის მუცელში ახლიდან დავიბადეთ, როგორც ორი კეთილი ზღაპარი და ახლა, ბადეგადაკიდებულები მივდივართ ბარაბულკებზე სათევზაოდ. ლურჯი ცა გვახურავს ქუდად, იქ სადღაც ავტობოტებიც დაქრიან და ოპტიმუს პრაიმის პლანეტაც არსებობს – სახელად კიბერტრონი. ბერდიანსკის კორპუსებთან ვართ უკვე, ჰაერი მძიმდება და ვიკეთებ პროტივოგაზს. ჩემი დახშული სუნთქვა მესმის, მკერდთან დამთამაშებს რეზინის ხორთუმი, სტეკლოს თვალებიდან კი ბროზოვიჩს ვაკვირდები, ვამჩნევ როგორ ქურდულად აპარებს მზერას ეზოსკენ და ვიდრე გვერდს ავუვლით, გაოგნებული ანელებს ნაბიჯებს. ხედავს შავ მანქანას, გაპარტახებულ მანქანას და ხედავს თავში ხელებწაშენილ ბერდიანსკელებს, ბზიკებივით რო ირევიან ეზოში და ვერ გაუგიათ, თუ საიდან დაატყდათ თავს საზარელი რისხვა. მაგრად ვუჭერ თითებს ხელზე: „ალბათ ვიღაცას რამე დაუშავა და შური იძიეს“. – ისევ დახშული ხმით ვამბობ და მეღიმება. ბროზოვიჩი დამყურებს ჩაფიქრებული, ცოტახანს ეჭვნარევი თვალებით დამჩერებია და მერე თავს აქნევს, მხვევს მხარზე ხელს და სულ უფრო მიხურებს კისერს მაგისი თითებიდან გამოჟონილი სითბო. ვაგრძელებთ ჩვენ გზას და უცბათ მეკითხება: „მერედა იცი შენ მამა, რა ქვია პროტივოგაზს ქართულად?“
რეზინის ხორთუმს მხარზე ვიგდებ, ისევ მეღიმება და ვეუბნები: „აირწინაღი“.
მოთხრობა შესულია ჟურნალ „მასწავლებლის“ სპეციალურ ნომერში