ავტორი: ლორა სპინი
ამბობენ, ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში წიგნები 6 თვე იწვოდაო. რთული დასაჯერებელია, როცა დაზუსტებით არც ვიცით, მსგავსი ბიბლიოთეკა საერთოდ არსებობდა თუ არა. მაგრამ ფაქტია, ასწლეულებია ეჭვი არ გვასვენებს, რომ შეთხზული ამბებისა თუ ლიტერატურული ძეგლების უდიდეს ნაწილს ჩვენამდე არ მოუღწევია. თანამედროვე კვლევები კი ამ შიშის საფუძვლიანობას ერთმანეთის მიყოლებით გვიდასტურებს.
მაიკ კესტემონტიმ და ფოლგერტ კარსდორპმა დანაკარგის მასშტაბის შეფასება სცადეს. მეცნიერებმა ეკოლოგიიდან ნასესხები “უხილავი სახეობების” მოდელირების სტატისტიკური მეთოდის გამოყენებით ევროპის სხვადასხვა კუთხეში შუა საუკუნეების ხელნაწერთა გადარჩენის მაჩვენებელი გამოიკვლიეს – ჩვენამდე მოღწეულ ნიმუშებზე დაყრდნობით, დაკარგულთა რაოდენობა ივარაუდეს.
ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ დასკვნებს იმედის მომცემს ვერ ვუწოდებდით, მაგრამ მონაცემებმა სხვა მეთოდებით ჩატარებული კვლევების შედეგების მართებულობა დაადასტურა. შესაბამისად, დიდი ალბათობით, აღარ არსებობს ხელნაწერთა სულ რაღაც 90%, რომლებიც რაინდთა (მათ შორის, მეფე არტურისა და ზიგფრიდის) ისტორიებს ინახავდა. ხოლო უშუალოდ თქმულებათა მესამედი ჩვენთვის ცნობილ არცერთ მანუსკრიპტს არ შემოუნახავს.
კვლევა ასევე შეეხო შემორჩენილ ამბავთა და ხელნაწერთა რეპრეზენტაბელურობის საკითხს. როგორც ჩანს, ირლანდიურმა და ისლანდიურმა მხატვრულმა ლიტერატურამ ინგლისურზე უკეთ გაუძლო ჟამთა სვლას. რაც, სავარაუდოდ, განაპირობა ფაქტმა, რომ ხელით გადაწერის კულტურა ირლანდიასა და ისლანდიაში უფრო დიდხანს გაგრძელდა და დაგროვდა ერთი და იმავე ამბის მეტი ეგზემპლარი, რამაც მისი გადარჩენის შანსები გაზარდა.
ხელნაწერთა განადგურების მიზეზები მრავალფეროვანია – ბუნებრივი კატასტროფებიდან დაწყებული, სოციო-კულტურული ფაქტორებით (ცენზურა, არაკომპეტენტურობა, კორუფცია) დამთავრებული. მაგრამ, საუკუნეების განმავლობაში, და რა მხოლოდ დასავლურ სამყაროში, ხანძარი მაინც ყველაზე მწვავე პრობლემად რჩებოდა.
მაიკლ ფრედერიკი, ჰამბურგის უნივერსიტეტის სინოლოგი აღნიშნავს, რომ ჩინეთში ხანის დინასტიის იმპერიული ბიბლიოთეკა შიდა დაპირისპირების პერიოდში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში დიდწილად ხანძარმა გაანადგურა. ხოლო, მოგვიანებით, როცა კიდევ ერთი იმპერიული ბიბლიოთეკა არხით დედაქალაქში გადაჰქონდათ, გემების უმეტესობა ჩაიძირა.
როგორც წესი, წიგნების უმსხვილესი საცავი ძალაუფლების ცენტრებში ყალიბდებოდა ხოლმე. ეკონომიკური ფაქტორების მიღმა, ბიბლიოთეკა ამ ძალაუფლების სიმბოლოსა და ლეგიტიმაციის წყაროსაც წარმოადგენდა. შესაბამისად, წიგნები ხშირად პოლიტიკურ აჯანყებებს ეწირებოდა, როგორც რეჟიმის ცვლილების დადასტურება. იტალიელი ლიტერატურის ისტორიკოსი ლუჩიანო კანფორა „გაუჩინარებულ ბიბლიოთეკაში“ განმარტავს, რომ „ხელნაწერებმა ჩვენამდე, ძირითადად, პერიფერიებიდან – მონასტრებიდან ან მიმოფანტული კერძო კოლექციებიდან მოაღწია”.
კიდევ ერთი პრობლემა, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, შემორჩენილი ტექსტების დიდი მოცულობაა. მაგალითად, ჰინდური და ბუდისტური ტრადიციის მანუსკრიპტთა მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე შესწავლილი არაა. ვინაიდან, შესაბამისი კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე კადრები ძალიან ცოტაა.
ასევე, მაცდურია, ვიფიქროთ, რომ მოძრავი ტიპის ბეჭდვის გაჩენის შემდეგ (მე- 15 საუკუნე ევროპაში და საუკუნეებით ადრე ჩინეთში), ლიტერატურული ეროზია შესაძლოა შენელებულიყო, მხოლოდ იმიტომ, რომ გაადვილდა ასლების შექმნა. მაგრამ მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ მაკინისი გვარწმუნებს, რომ ეს ოპტიმისტური აზრი რეალობას იშვიათად თუ შეესაბამება. პირველ რიგში, უბედური შემთხვევები არსად გამქრალა. მეორე მხრივ კი, ყველაფერი რაც სცენაზე იდგმებოდა, ფურცელზე როდი იწერებოდა.
მაკინისის შეფასებით, თუ 1576-1642 წლებში დადგმულმა 543-მა პიესამ ჩვენამდე მოაღწია, 744 – დავიწყებას მიეცა. ვერც იმას ვიტყვით, რომ, გადარჩნენ აუცილებლად საუკეთესონი ან, თუნდაც, ყველაზე პოპულარულნი. პირიქით, ლონდონის იმპრესარიოს, ფილიპ ჰენსლოუს ბუღალტერიის ზედმიწევნითმა ანალიზმა აჩვენა, რომ “დაკარგული დადგმები გადარჩენილთ ხარისხით არა თუ არ ჩამორჩებოდნენ, არამედ ზოგჯერ კიდეც აღემატებოდნენ. დიდი პოპულარობითაც სარგებლობდნენ და გაუჩინარების მიზეზები, უმეტესწილად, მათ უხარისხობაზე საერთოდ არ მეტყველებს”.
ზოგადად, ლიტერატურის ისტორიკოსები ხარისხზე მსჯელობას თავს არიდებენ, ვინაიდან შეფასების კრიტერიუმები, რომლებითაც ვხელმძღვანელობთ, ჩვენს ხელთ არსებული ტექსტების მიხედვით ჩამოგვიყალიბდა. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი დანიელ სოიერი დარწმუნებული არაა, რომ დღეს შუა საუკუნეების ახალი მანუსკრიპტი რომც აღმოვაჩინოთ, მის ადეკვატურად შეფასებას მოვახერხებთ. მისივე თქმით, ყველა ინგლისურენოვანი ტექსტი შექსპირის გიგანტური ჩრდილს, როგორც ეტალონს ვერსად გაექცევა.
არადა, შექსპირის თანამედროვენი სხვა დიდებულ შემოქმედებსაც აღიარებდნენ. მათ შორის, პოეტ თომას უოტსონს, რომლის ნაქებარ პიესათაგან ყველა დაკარგულია (გადარჩა მხოლოდ ერთი – ლათინურად დაწერილი სოფოკლეს “ანტიგონეს” მისეული ვერსია). ვინ იცის, როგორ ვიმსჯელებდით შექსპირზე – რომელსაც ერთმა თანამედროვემ “უოტსონის მემკვიდრე” უწოდა – მისი დროის ინგლისური ლიტერატურის სრულ სპექტრზე ხელი რომ მიგვიწვდებოდეს.
ალექსანდრიის ბიბლიოთეკას ვეღარ აღვადგენთ, მაგრამ, ვინ იცის, იქნებ მსოფლიო ლიტერატურის გიგანტების სია შეიცვალოს, როცა ჩვენ ხელთ არსებულ, თუმცა ჯერაც შეუსწავლელი ხელნაწერების გამოკვლევას მოვახერხებთ. ზოგჯერ დიდებულებას ხომ, უბრალოდ, ისტორიული ხდომილება განაპირობებს.
© არილი