მდინარის გაღმა. მწიფე ბაღებში
არაფერია, ნუღარ გცივა, ნუღარ კანკალებ,
არაფერია, ამ ქალაქის უძირო ჭაში,
ჯერ კიდევ ყრია ვარსკვლავები, კენჭებიც ალბათ,
ყრია სიტყვები, როგორც ქვები გაყინულ წყალში.
ყრია სიტყვები ლოდებივით და შენ არ იცი,
როგორ დააწყო ერთმანეთზე – შენ ხომ ხარ მარტო,
როგორ ააგო სახლი და იქ მიმიპატიჟო,
გრძნობების ტალღა ცივ სხეულში გივლის და გალტობს.
არაფერია, ნუ კანკალებ ოცნება ხომ გვაქვს
ჩემზე და შენზე, და იმედიც სასწაულების,
რომ შეიძლება ყველაფერი მოხდეს და მორჩეს,
ყველა ტკივილი, – რომ ნელ-ნელა შე(ნ)მიყვარდები.
ნუღარ კანკალებ, ახლა უკვე მწიფან ბაღები,
უძირო ჭაში თავდაყირა ჰკიდია ღამე,
მე რომ მიყვარდა ალუბლების საყურეები,
მოიპარეს და დავრჩი ასე, – ბავშვობის გარეთ.
არაფერია, ნუ კანკალებ ეს ტკივილებიც,
ალუბლებს გაჰყვა, იმ მდინარის წყალმა წაიღო,
წაიღო, დარჩა, ყველაფერი, რაც კი გადარჩა,
წმინდაზე წმინდა, წრფელზე წრფელი დაუსაბამო…
ქარი
გუშინ ყელამდე ჩავწექი ქარში,
გუშინ ხელები დავკარგე თითქოს,
გუშინ მინდოდა იმ ქარისათვის,
მეთქვა ქვასავით მაგარი სიტყვა.
მეთქვა ქუჩებში, რომ ბრუნავს ღამე
და ეძებს დღეში დაკარგულ ფერებს,
მტრედებსაც ძინავთ და ღამის მხრებზე
მიუსვენიათ შუბლები ფრთხილად.
ყელამდე ქარში, დაკარგულ დღეებს,
მივსდევ და ვგრძნობ, რომ სადღაცა ფრთხილად,
გროვდება წამი და წამში მერე,
ვიღაცა კვდება ან იბადება.
და ვხედავ ძილში რომ ბორგავს მთვარე,
ყვირის სადღაცა ქუჩა თუ ქალი,
ეს ვიტრინებიც დაორთქლილ თვალებს,
ხუჭავენ, სთვლემენ ყელამდე ქარში
მეც ვწევარ თითქოს როგორც სინათლე,
წევს ტროტუარზე მკვდარი ბავშვივით,
და ვეძებ სიტყვებს, ქარებს რომ ვუთხრა,
ხელებს, რომ არსად გამექცეს წამი.
ნემსიყლაპია, ცხელი ზაფხული
ყველაფერი გაივლის..
რატომაც არა! ცას ხომ კიდე-განი არა აქვს,
არც ჩვენ ოცნებებს..
ჭრილობები მოშუშდებიან, თუ კი გიამბობ,
რომ ჩემი სახლის, ოთხივე კუთხე მიყვარს და მიყვარს..
ერთ კუთხესთან ყვითელი გოგრა ბლის ხე იდგა,
მისი ტანი ჭიანჭველების ცხოვრების გზა იყო,
დამწიფებისას კი, ბეღურები ჩხუბობდნენ გაბმულად,
რომელს უფრო ყვითელი და მსხვილი ბალი შეხვდებოდა.
მის ჩრდილში კი,
რკინის ტაშტებში მზეზე გამთბარ წყალში გვბანდნენ.
ამოსაპნულ თვალებში გოგრა ბლის ხე და თივის ზვინი ირეკლებოდა,
კიდევ წყლით სავსე, ხის დიდი კასრი
გასაჟღენთად გამოტანილი,
თაფლისფერი მშვიდი ხბორებიც..
იმათ შავ და გასაოცრად ლამაზ თვალებში
კი ჩვენ ვჩანდით..
მთელი ზაფხული ერთმანეთის მრგვალ თვალებში ვირეკლებოდით.
მთელი ზაფხული გვირიგებდნენ სურნელოვან ვანილის ნამცხვრებს,
ზოგი ნახევარმთვარე და ნემსიყლაპია იყო,
ზოგი მარაო,
მზეზე მოცეკვავე კაცს კი,
თუ მაძღრად ვჭამდით, მაშინ გვაძლევდნენ..
მიდიოდნენ ზაფხულები, მიდიოდნენ და
უკან აღარ იხედებოდნენ.
ბლის ხე მოჭრეს, – მატლი გაუჩნდაო და – მოჭრეს.
რკინის ტაშტები დაიჟანგნენ.
ის ვანილის ნამცხვრებიც გაქრნენ დახლიდან.
მხოლოდ ძროხაა ყოველ ზაფხულს რომ
თაფლისფერ ხბორებს აჩენს და აჩენს..
ბორბალი ბრუნავს, მიირწევა მძიმედ ურემი,
ზედ ის კასრი შემოუდგიათ,-
გაიბზარა და ჭრილობები უნდა შეუკრან..
ყველაფერი გაივლის –
ცას ხომ კიდე-განი არა აქვს,
იარებიც მოშუშდებიან..
ბლის ნერგები მოიტანეს და იმათ დავრგავთ.
რატომაც არა!
* * *
ვარ მოქცეული მთვარესა და შენს შორის ახლა,
გა.და.ქცეული – ეს ხომ უკვე გითხარი – რადაც.
და ეს ღამეა ფარშევანგის კუდივით ჭრელი,
თვალებზე მკოცნი, გზა კი არის ჩვენს შორის ვრცელი.
მე სუნთქვა მიჭირს – ოცნებები ვერ გამოვლიე.
ვერ გამოვლიე ჩემი წყაროს სუფთა კენჭები.
ღამე ირწევა. მიირწევა მთვრალი კაცივით.
ცივ ქვაფენილზე გდია მთვარე მკვდარი ლანდივით.
მე ვრჩები აქეთ. ფიქრის კიბით ავდი-ჩავდივარ.
შენ კი იქით ხარ სიყვარულის წყალში აგდიხარ.E
ეჭვები ქრება. რჩება მხოლოდ ჩვენი ლანდები.
და სიყვარული. ერთმანეთზე ბევრი დარდები.
კეცავენ კუდებს ღამეული ფარშევანგები.
ტკბილია კოცნა როგორც შავი ყურძნის მარცვლები.
წყლისძირა ჩიტი. სიყვარული სიგარის კვამლში
თეთრი ცხენები. სიყვარული. თეთრი ცხენები.
გზისპირა კაფე. და კაფეს წინ ბევრი ხეები.
ხეებზე ფითრი. და მითუფრო გაფითრებული.
ხელები. ბაგე. და ბაგეზე ღიმილის მტვერი.
მტვერი. ამ მტვერში ყვავილები. ყვავილთა მტვერში.
სიგარის კვამლი. და კვამლისფერ თვალებში შიში.
შეშლილი ღამე. ღამე სადაც ნახევარმთვარეს.
გადმოუვარდა ოქროს ქოში. ფანჯრიდან მერე.
შენ დაიჭიირე გაფითრებულ. ხელში და მზვერე.
რომ წამოვეგე. იმის ბასრ და ალესილ წვერებს.
სიგარის კვამლში. და ბაგეზე ღიმილის მტვერში.
გა. მოვიქეცი. წა. ვიქეცი. გა. და. ვიქეცი.
წყლისძირა ჩიტად. ან თუ მტრედად. არ ვიცი. იცი?
მე არაფერი. აღარ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი.
ეს შენ გეწვია. სიყვარული. და იმის შიში.
რომ მე აღმოვჩნდი. ამ ფიქრების. შუაგულ ფიქრში.
ჩაიხანაში
“მზის ჩასვლები აქ მეტად ლამაზია, ალბათ იმიტომ,
რომ ზურგსუკან ვერ გრძნობ ქალაქს.”
აკა მორჩილაძე
“სანტა ესპერანსა”
მამალი ყივის კაიებით სავსე ქალაქში,
მტკვარი თბილია და თოლია ამაზე დარდობს,
ვზივართ პირთამდე ხალხით სავსე ჩაიხანაში
და მორად ბეის ჩიბუხს ახლა ორივე ვნატრობთ.
ვნატრობთ ხეირის ქუჩის ბოლოს დუქნების ხმაურს,
აქ, ცხელ პროსპექტზე ლაით ბოქსზე იღიმის ჰანნა,
სანტა სიტიში დაკარგული ვისრამიანი,
ფილიპ მორისი, მერსედესი ბენცებით გავლა.
და სალომეა, ძლიერ ვნატრობთ წვიმას და ჩიბუხს,
მეჰმედის მეჩეთს, სადაც მოლას გაუსკდა გული,
ყალივან სტრიტზე ჩაიარა ტყვეთა ბანაკმა,
ბებერ სპარსელს კი ჩვენთვის მოაქვს ქლიავის ჩირი.
მზე როცა ჩავა გავუყვებით ნაპირის უბანს,
აქ არსად ჩანან დაწყევლილი ჯენოველები,
ტალღები ჰკბენენ ძალზე ამაყ სიტი პიაცას
და მირაჟია შორეული მოჩვენებების.
და ფოთოლია ეს ქალაქი და კალიები,
ჭამენ ნელ ნელა განთიადის ფერთა თამაშში,
თბილი სიო კი, ნაზად არხევს მტკვარზე თოლიას,
ვზივართ ჩვენ ორნი გახუნებულ ჩაიხანაში.
* * *
მზადყოფნაში მოიყვანე შენი სხეული,
(ჩვენ ერთმანეთს უნდა შევხვდეთ).
ორივე თვალი ფოსოებში ჩასვი კარგად,
გაწმინდე მზერა, როგორც წყალი საცერი რომ გამოიარა,
ორივე ყურში სმენადობა გაამახვილე
და ტუჩებსაც მიუჩინე თავის ალაგი
(ის ჯანსაღი შინდისფერი მათ რომ ჰქონდათ,
ჩემთან შეხვედრის მოლოდინმა გააფერმკრთალა).
ორივე მკლავი, ღონიერი,
კიდევ ერთხელ შეამოწმე შენ სხეულს თუ ასხია მჭიდროდ,
და ფეხებიც, მყარად თუ დგანან იმ ნიადაგზე,
საიდანაც ჩემსკენ პირველი ნაბიჯები უნდა გადმოდგა.
და მთავარი, ხმაა შენი,
ახლა რომელიც დაკარგე და ვერ პოულობ
(ჩვენ ერთმანეთს უნდა შევხვდეთ ძალიან მალე,
იმ წითელ და მაღალ ბოძთან, გზაგასაყარს რომ დასცქერის),
ვერ გაგიგია სად წავიდა, რატომ წავიდა?!..
ეგებ ჩემთან შესახვედრად გამოექცა შენს მზადმყოფ სხეულს,
რომ მაუწყოს ის სიძლიერე და სიმართლე, შენ რომ ისახავ.
ეგებ იქვე, აყრილ ტყეში იმალება და აყურადებს,
უიმისოდ როგორ მოხვალ და
როგორ მეტყვი, შენს პირველ სათქმელს ფერმკრთალი და მღვრიე ტუჩებით..
ან საჭიროა ის სიტყვები, რითაც ერთმანეთს უნდა ვაუწყოთ
ჩვენი სიმართლე, სიშიშვლე და მაღალი სახე?
აი, უკვე შევხვდით ერთმანეთს (გზაგასაყარი გაფართოვდა),
შენი უხმო, მზადყოფნაში მყოფი სხეული,
ჩემი სხეულის ჩრდილს შეეხო და მე ვთქვი ასე:P
შენ მოხვედი, ჩემმა ჩრდილმა მიგიღო, ხედავ?!..
© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“