* * *
…და რადგან ცხოვრება თითქმის ისეთია,
როგორსაც ყველანი ნაღდად ვიმსახურებთ,
რა გვაქვს საწუწუნო? ყოველდღიურობა
დაუნდობელია, თანაც უსახური.
ჩვენ კი თავს ვაფარებთ სიტყვების ქვეყანას
და ზეცას, იგია ქვეყნის სახურავი,
რომელიც ფანჯრიდან ჟამიჟამ გაკრთება,
როგორც არქაული რეალობა –
მზის სამფლობელოდ და ღრუბლების ნაკვთებად
და ცის ფრინველები, ცად რომ რიალებენ,
კარგავენ ფრთებსაც და წონას და ჩრდილებსაც
და ჩვენი თვალების ცაში ბრუნდებიან,
რადგანაც მათ უყვართ ხსოვნის ბუდეები
და ბებერ ბავშვების ბინდში ჩაბუდება.
შენ ერთხელ ამბობდი,
რომ არდადეგების ჯამია ზაფხული,
ბალახის სურნელი სუნთქვაა იმ დროის,
რომელიც იყო და არის და იქნება,
რომ წინსვლით შესაძლო ყოფილა უკუსვლა
და გაყუჩებული მომავლის მიგნება.
შეერწყმის დროდადრო ქალაქურ ნარატივს
ქალაქელ-სოფლელის ყანის ნოსტალგია,
ის დადის, უჭირავს ვენახის სასხლავი,
კორპუსთან, იქ, სადაც მისი ბოსტანია.
შენ კი აგემოვნებ თბილისურ კოქტეილს
თვალითაც, სუნითაც და კიდეც მოწრუპავ
ამ ზაფხულს, რომელიც ძველ არდადეგების
შესაკრებელია და ჩიტზე მომცროა
მიზეზი დარდისა, შენში რომ დაფრინავს
და გულს რომ გიჩქროლებს
ხსოვნათა მიჩქმალვით,
შენ გზა დაგეკარგა, როდესაც იპოვე
თავი და ამჯერად აღარსად იჩქარი.
ფლირტი
რა შეედრება პროვინციულ ქალაქის ინტიმს,
ეს ოცნებები, ამბობ: ცაში ფორდებიანო.
დების სიმღერა, ჩემი ბანი და ბანში ბინდი
და ბებერ უბნის ერთადერთი ფორტეპიანო.
შენი ცინიზმი: სამარეში სწორდებიანო –
ეს სურვილები კუზებია, რომ იბურცება.
შავ-თეთრ ღიმილში ჩაკარგულა ფორტეპიანო
და მუსიკიდან მოღწეული დრო იფურცლება.
დები დებია, მაგრამ ჩემი ტემბრი საბანო,
გადამდებია და საშიში, ამ ღამესავით,
მიახლოვდები, შენით ვსუნთქავ იასამანო,
ობერტონების ჰაერში და გულში მთესავი.
თვალები იქით. მზერა იქით. იქით ვეთრევი,
საითაც ფიქრში გაგისტუმრეთ ჩემო არზებო,
ან რა გამოვა იმ ღამეთა გადათეთრებით,
მხოლოდ დუმილის გაღრმავება, სადაც ვარსებობ.
აგვისტო
ამ სერიალში აღარაა შენი ადგილი,
გამუდმებით რომ მეორდება დილის ათიდან
შუაღამემდე და ეს ყოფა ვინც განადიდა,
ტელევიზორთან ზის უაზროდ, ისე ყვინთაობს,
რომ მაგიდაზე, დამტვერილზე ტოვებს ნაკვალევს
ათივე თითის – უეცარი თვლემის გრაფიკას.
ფანჯარაში კი იმზირება მზე მოყვითალო
და იატაკზე შუქ-ჩრდილებად აფენს ნაფიქრალს.
შენი ადგილი აღარაა ამ სერიალში,
გაისეირნებ, გაექცევი ჩრდილში აგვისტოს.
მენაგვეები. უშოვიათ ამათ დაგვის დრო,
დღეებს მოხვეტენ და ცხოვრებას მოენატრება
წასვლა და იგი ვერსად წავა, ისევ მიცურავს
უმუშევარი ხეებისკენ, რომ გაფიცულან,
სადაც ფოთლები უყვითლდება ბაღს ნაადრევად.
ამ სერიალში აღარაა შენი ადგილი
და იქით მიხვალ, სადაც ახლაც ლუდის ბარია
მოგნატრებია ცივი ლუდის ძველი არია.
გული, რომელიც ზარხოშისგან დანასერია
მოგთხოვს ჭრილობის დაამებას თუ გაყუჩებას,
ძლივს სუნთქავ, იგრძნობ ნესტოების გალაყუჩებას
და ძილ-ბურანში ამონტაჟებ ახალ სერიალს.
შენშია ხსოვნა, სიცოცხლეზე მძლავრად მფეთქავი,
გამოპარული აჭედილი სახლის ფანჯრიდან,
ბედნიერი ხარ ნატვრის ხეთა ჭრელი ნაჭრითაც,
შენს უთენებელ ღამეში რომ ჩამოკონკილა,
როგორც დიადი სინანულის დაუცველობა
და ხის მერქანზე მოზოზინეს ჰგავს ლოკოკინას,
სანაპიროსკენ უნიათო შენი მსვლელობა.
პაროლი
აი, სინათლე, იგი ქრება თანდათანობით,
მე მასთან ერთად და ბოლომდი ვიდრე ჩავქრები,
ამ სიმუნჯიდან სიტყვები მაქვს ამოსაკრები,
ვიდრე ხმაურმა არ წაშალა და არ მომპარა.
გასუსული ვარ და აღსავსე, როგორც დომფალა
დუმილის სუნთქვით და გაღწევას ვნატრობ გარსიდან,
ვფეთქავ უპულსოდ, პულსი სიტყვას კვლავ ესინჯება,
მე უკვე აღარ. აღარც მინდა გადავუშალო
გული არავის. ფიქრში ვცდილობ დამესიჯებას.
ცრუ მეტაფორა. რიოშია, აღარ ვენდობი
და ცის ფურცელი მყოფნის ახლა და ეს ფერდობი,
ფანჯრიდან რომ ჩანს, ჩემთან ერთად და უჩემოდაც
რომ გამოჩნდება, ჩვენს სახეებს არ იმახსოვრებს,
ჩვენ კი აღარ ვართ, არ ვიყავით, აღარც ვიქნებით,
ჩვენ საბოლოოდ, იმ ერთ სიტყვად ჩამოვიქნებით,
რომელიც იყო, ახლაც მყოფობს, მარად იქნება,
ვიგულისხმებით ჩვენ ცვალებად პარადიგმებად
იმ სერიების და მწკრივების, ანუ უღლების,
დაუსრულებლად რომ გრძელდება დასაბამიდან,
მარად უცვლელი, ცვალებადი და ხელუხლები.
აი, სინათლე, გუბურებში ისე ერთობა,
როგორც თვალებში, ურიცხვია და ვინ დაითვლის
მრავალენოვან სიტყვის ფუსფუსს და მის კავშირებს
ზმნასთან, გულებთან, მაჯისცემა რომ გაახშირა
ბგერათა რხევამ, მინიშნებამ, მოულოდნელმა
სიტყვამ, რომელიც ჩვენშია და თავის სახლშია?!
როცა გულისხმა აღმოხდება ღამის ტკივილებს,
ბნელი ჭრილობის უნებლიე ამომკემსავი,
შუაღამისას, ბევრი ფიქრობს, ალბათ, ჩემსავით
რომ არ თენდება, არ თენდება. ნეტავ, გათენდეს!
ამ ხმით, არც ღამის მღვიმეები ამოივსება
და ამ ღმუილსაც ვეღარავინ დააპატენტებს.
შენ ისევ სხვაგან, იქით, სადაც ში-თანდებული
წყდება სექტემბერს და შრიალით დაბლა ეშვება,
შენში ჩამქრალა უძილობოთ გაზანტებული
ღამეთა ცეცხლი, დაისვენე ძველო ფიტულო,
ჩიტის გალობა პაროლია და ორკესტრები
სინათლის კარნახს ასრულებენ უპარტიტუროდ.
შეხვედრამდე
ჩვენ, თავშექცევით არსებულნი, როგორც დღე-ღამე,
ვხვდებით ერთმანეთს გარიჟრაჟზე და საღამოხანს,
წახვალ და ვიცი, დათქმულ დრომდე, რომ აღარ მოხვალ,
მეც შეხვედრამდე მოუთმენლად დაგელოდები.
ქშინავს ქალაქი გახვითქული და მოქირქილე
ქარი თავს იქცევს გორაკების გამელოტებით.
არ ვიმეორებთ. იმ სიტყვების გამეორებით
რა შეიცვლება? არაფერი. აღარასოდეს.
შენ მოგინდება ჟამი-ჟამად რომ კალმასობდე,
აქო ანბანი, ითამაშო და ხალისობდე,
აღმოაჩინე, დაგრჩენია ორი სიმბოლო –
ორი ნიშანი. ვერ მიაღწევ ახალ ასომდე.
და ეს ცხოვრება საათივით მოწიკწიკეა,
და ფეხაკრეფით შემოვუვლით ზეცის ციფერბლატს,
იგივე წუთი წამოგვცდება, რომ ჩაიფერფლა,
როგორც ეს მთვარე, ჩაბჟუტილი ცის აბაჟური.
კლასიკური და უცვლელია ჩვენი შეხვედრა
და არაფერი ურევია ეპატაჟური.
და ჩვენ ვარსებობთ მონატრებულ სიახლოვეთა
თანდათან დნობით და ორივე ნახევარსფერო
გადაივსება შენი შუქით, მზევ, ათასფერო,
ჩაბნელებული მღვიმეები და კულისები
და გადის ჟამი, შეყვარებულ დღე-ღამეების
სუნთქვის სიხშირით, როგორც იყო ნაგულისხმევი.
ელეგია
მე გამახსენდა, შენ მიამბობდი,
რომ რუთის ხელით
ხორბლის მარცვლის შემგროვებელი,
ღმერთი ყოფილა,
რადგან სხვაგვარად ვერ იხილავდი,
მათ ყოველდღიურ აღმოცენებას
გულის სიღრმიდან, ჟამნის კითხვისას.
ეს მაშინ მოხდა, როცა აგვისტოს სექტემბრისკენ გადადინება
თანდათანობით, ჩუმად მავსებდა და გავიფიქრე,
რომ შემოდგომამ თავშესაფარი ჰპოვა ჩემში
და ჩემს გარეთაც, სადაც განვივრცე,
როცა შენ, თურმე, გაიგონე იმათი სუნთქვა
და შეგრძნებათა ჰაერის ჩქამი,
რომლის ექო ჩვენი სუნთქვაა.
ჩიტები არ ვართ და სიტყვების მარცვლებიც გვყოფნის,
მუდამ რომ ვკენკავთ და ხსოვნათა დარბაზებს ვავსებთ,
შთაბეჭდილებებს იქ ვინახავთ და ამ ქალაქის
დეკორაციებს გადაღებილს და მათ სიგლუვეს
ვშორდებით ისევ, ვუბრუნდებით გადავიწყებულ
საუკუნეებს, რომ გვეგონა გამოვიგლოვეთ.
საკურთხის სუფრა, თვალზე ბინდის ჩამოფარება
და სადღაციდან მოღწეული მტრედის ღუღუნი,
მუდმივი მკვიდრის, ყველა დროის და საუკუნის,
შეუწყვეტელი დინებების უცვლელ მოტივის
გამეორება. სინზე ხილი, დღემდე მოღწეულ
შემოდგომების სევდიანი ნატურმორტივით.
ეს, მაშინ იყო,
როცა აგვისტომ სექტემბერში გადააღწია
ჩვენი სუნთქვით და გულისცემის არითმიებით
და ძველი სარკე ირეკლავდა ერთად ათას სხივს
და ჩვენს თვალებსაც, მოლოდინით გადავსებულებს,
დღე მთავრდებოდა ჩამავალ მზის სისხლის გადასხმით.
ეს იგავია და იგავის ძველი მკვიდრები
ისევ იგივეს ვიმეორებთ, ვცდილობთ გართობით
დროის გაყვანას და ნუგეშიც არის იგივე,
ყველას ზეცაში მოუნიშნავს თავის ფართობი.
და ბავშვის მზერა გადაურბენს ნაკადულივით
ჩვენი სიტყვების ხავსიან ქვებს და უძრაობას
აბალახებულს, უბგერებელ ხმით ამოქოლილს,
შენ მიამბობდი და რატომღაც ეს შემოდგომა,
დღეს სიტყვა-სიტყვით მიმეორებს ადრე მოყოლილს.
აბა, რა ვიცი, მერამდენე დღე შემომაცვდა,
ან რამდენი ხმა ეხეტება ცის უდაბნოში,
იმეორებენ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ზემოთ ამ ამბავს,
მე აქ ვიხსენებ, შეღამება გვიცვლის სამოსელს,
და ყველას ერთად ბინდის ქსოვილს შემოგვალამბავს.
და ფოთოლ-ფოთოლ ცის ჩამოსვლა, არის ნიშანი,
რომ ახლოვდება ის ღრუბელი, ჩვენ რომ შეგვიწოვს
ყველას, თანდათან, გაგვაშიშვლებს, როგორც ბაბილოს –
ფანჯრების წინ რომ გაწოლილა გოდოლთან ახლოს
და სინანულით გაიფიქრებ: ვაი, ბაბილონს!
მაშინებს შენი შეკითხვები. საფეხურები
აღარც მაღლა და აღარც დაბლა მიემართება,
ვერ გავაღწიეთ, არ შეიხსნა ცამ ურდულები
და ჩვენ, ქალაქელ ბეღურებსაც, შებინდებისას,
იგივე ფიქრი წამოგვცდება წაჟღურტულებით.
© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”