შინაბერას მონოლოგი ზეციური საქართველოდან
ომის დროს მე შინაბერა ვიყავი.
შინაბერებისთვის ომი განსაკუთრებულად ომია. იმიტომ, რომ შინაბერები განსაკუთრებულ მშვიდობაში ცხოვრობენ. განსაკუთრებულად მშვიდ მშვიდობაში. ძალიან მყუდროში და თვინიერში.
მეც ეგეთ მშვიდობაში ვცხოვრობდი და უცებ: ბააჰ! ბუუჰჰ!! დდ-დდ-დდ!!
ჩემს ადგილზე ნებისმიერ სხვა შინაბერას თავგზა აერეოდა.
მაგრამ მე – კატა მყავდა! ეს დიდი რამაა.
მე მყავდა ოქროსფერი, ირანული კატუნა. ისე თვალშისაცემად ლამაზი, რომ ომის დროსაც კი იქცევდა ყურადღებას.
არადა, ომის დროს ადამიანები აღარაფერს აქცევენ ხოლმე ყურადღებას. აღარც ლამაზ განთიადებს და დაისებს, აღარც შორიდან მონაბერ მელოდიას… მით უმეტეს, კატას!…
მაგრამ ჩემი – იქცევდა!
უფრო ხშირად ხელში აყვანილს დავატარებდი., გულზე მიხუტებულს.
გრძელ პურის რიგებშიც კატამიხუტებული ვიდექი ხოლმე.
ზოგი ქალი ჩვილით იდგა.
მე – კატით.
ზოგჯერ ჩვილბავშვიანებს ურიგოდ ატარებდნენ. ცოტა უფრო პირქუშად და ნაძალევად, ვიდრე მშვიდობისას, მაგრამ მაინც.
ჰოდა, ერთხელ – მეც გამატარეს! ურიგოდ!
და მარტო იმიტომ კი არა, რომ თვალშისაცემად ლამაზი იყო ჩემი კატა და ყველა დახიბლა…
არა. მათ ჩემი სიყვარული იგრძნეს…
იგრძნეს, რომ იმ დედებზე ნაკლებ როდი მიყვარდა ჩემი კატა,
ჩვილები რომ აეხუტებინათ…
არც შემცდარან. მე ჩემი კატისთვის დედა ვიყავი.
ეს ისეთი სიამაყით მავსებდა…
მე ის შემოდგომის ერთ მზიან დღეს ვიპოვე.
მაშინ ჯერ კიდევ მშვიდობა იყო.
იმ დღეს დილიდან ვქარგავდი.. თავი არ ამიღია. მერე ლურჯი ძაფი გამომელია და საყიდლად გავიქეცი.
ლურჯი – ანგელოზის თვალებისთვის მჭირდებოდა. ანგელოზს ვქარგავდი.
თაფლივით დღე იყო. ტკბილი, ოქროსფერი და ბიბლიური.
უცებ, ვხედავ, ჭადრის ქვეშ ჩამოფენილ ფოთლებში ოქროსფერი მორგვი მოგორავს… სწორედ იმ მულინის ძაფის მორგვს წააგავდა, რომლითაც ანგელოზის გაშლილი თმა ვქარგე…
დავიხარე და კნუტი იყო. სამყაროს პირველი, მზიანი ნაგლეჯი აღმოეჩინა და ათვალიერებდა…
გული ისე შემიფრთხიალდა, ძარღვებში ისეთმა სითბომ დამიარა, თითქოს ჩვრებში გახვეული ჩვილი ვიპოვე!
ხელში ავიყვანე, ცოტა ხანს გულისკანკალით ველოდე, ვინმე თუ მოიკითხავდა, მაგრამ არავინ გამოჩენილა.
ჰოდა, წამოვედით.
მულინის ცისფერი ძაფი ვიყიდეთ ანგელოზის თვალებისთვის, ერთი პარკი რძე… და ახალი ცხოვრება დაიწყო.
განსაკუთრებული შინაბერა გავხდი. კატიანი.
აქამდე მჯერა, რომ კატუნა იმ ლურჯთვალა ანგელოზმა გამომიგზავნა, მე რომ ვქარგავდი.
სულაც არ ვბრაზობდი, ჩემი მულინის ძაფის ფერად-ფერად გორგლებს რომ დაერეოდა ხოლმე! ისე საყვარლად, ისე მიამიტად ერთობოდა…
მერე წამოიზარდა.
ძლიერი, მოქნილი და ლამაზი კატა დადგა.
შვილი რო წამოესწრებათ ხოლმე დედებს, ისე მეამაყებოდა მისი გაზრდა.
თავის მოვლაც კი დავიწყე!
თმა მუქ ჩალისფრად, სწორედ მის ბეწვისფრად შევიღებე. სათვალის ჩარჩოც გამოვიცვალე. ის ძველი, ბებრული გადავაგდე და კოხტა, ოქროსფერი ვიყიდე.
დედები რომ იპრანჭებიან, – ფეთხუმური იერით შვილი არ შევარცხვინოთო…
ყოველთვის მშვენივრად ვიცოდი, რომ შეუხედავი ქალი ვიყავი.
მარცხენა თვალი ოდნავ გამირბოდა სადღაც, განზე. ცხვირი კეხიანი მქონდა და ყურის ბიბილოები კი ისეთი უჯიშო, საყურეს ვერანაირად რომ ვერ მოიხდენდა.
მაგრამ სკვერში, სკამზე რომ დავჯდებოდი ხოლმე და მუხლებზე ჩემს კატას დავიჯენდი, გული მაინც წყნარი ნეტარებით მქონდა სავსე და ცხოვრება მზეთუნახავებზე არანაკლებ მიხაროდა.
თითქმის ყოველი ასეთი ჯდომისას ვინმე ნელა, ოდნავ წინ წამოხრილად მოგვიახლოვდებოდა და ჩემს კატას აღტაცებული, ტკბილი ღიმილით დააცქერდებოდა.
ზოგჯერ ეს “ვინმე” მამაკაცი იყო და მე სულაც არ ვღიზიანდებოდი, არც იმედგაცრუებას ვგრძნობდი, რომ იგი მე კი არა, ჩემმა კატამ მიიზიდა…
სულაც არა! პირიქით, სიამაყით ვნეტარებდი. ლამაზი შვილის დედებივით. შეფერებული, თავმომწონე სიამით რომ ისმენენ მათ ქება-დიდებას…
ომი რომ დაიწყო, წინასწარ ვიცოდი, რომ მოვიგებდით. იმიტომ, რომ გულში თითქოს საჭრეთლით მქონდა ამოტვიფრული: “ყველაფერი კარგად იქნება!”
და ეს სულ კატის წყალობით!..
ომის დროს ძალიან გამიჭირდა.
ერთხელ, როცა მარტოხელობის პენსია 3 თვით დამიგვიანეს, შიმშილიც ვიგემე.
სწორედ იმ ხანებში, სკვერში მჯდომს ვიღაც ომიანობისთვის შეუფერებლად მსუქანი ქალი მომიახლოვდა და რაღაცნაირად, მბრძანებლურად მკითხა:
– ირანულია?
– ჩემია, – ვუპასუხე მე.
– შენი კია, მაგრამ ირანული თუა-მეთქი!
რადგან ის ქალი მოარულ გატიკნილ საფულეს ჰგავდა, საფრთხე ვიგრძენი.
– არ გავყიდი. არასდროს. – ვუთხარი.
– 100 დოლარს მოგცემ – მითხრა ქალმა.
ხმაც კი არ ამომიღია.
– ორასს, – თქვა და ჩემს ბადურას დააცქერდა. ორი ცალი სტაფილო და 300 გრამი ვერმიშელი მქონდა ნაყიდი.
წამოვიწიე და მან კი მითხრა:
– კარგი, სამასი იყოს, არაა პრობლემა.
ისე წამოვედი, არაფერი მითქვამს.
მერე, ომი დამთავრდა.
ყველა ამბობდა, რომ წავაგეთ, მაგრამ მე არ მჯეროდა.
არც ახლა მჯერა!
ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ ერთხელაც იქნება, მოვიგებთ.
იმიტომ, რომ ის “ყველაფერი კარგად იქნება” აქაც გამომყვა, ზეციურში…
ჩემმა კატუნამ, მისი სხეულის მყუდრო ღუღუნმა ისეთი საუკუნო იმედით ამავსო, ყველა ომიდან გამარჯვებული რომ გამოჰყავხარ.
ერთხელ, – ეს უკვე ომის მერე, – სკვერში ვისხედით…
წვიმას იწყებდა. მაგრამ ნელა, რაღაცნაირად, ყოყმანით.
ირგვლივ ყველა აჩქარდა, წამოიშალა, მე და ჩემი კატა კი ვისხედით და წვიმას ველოდით. პატარა თავგადასავალი გვინდოდა და იმიტომ.
და უცებ ჩვენსკენ სიმპათიურად შეჭაღარავებული მამაკაცი დაიძრა.
უკვე ვიცოდი: ჩემმა კატამ მიიზიდა. აი, თვით ასეთიც კი!
გული დედობრივი სიამაყით ამევსო და გავუღიმე.
მაგრამ მ ა ს კატისთვის არც შეუხედავს და თქმითაც…
– წვიმის არ გეშინიათ? – მკითხა.
– წვიმის?.. არა, – ვუპასუხე..
ძალიან, ძალიან გამიკვირდა, კატაზე რომ არ თქვა რამე. ცოტა არ იყოს, შეურაცყოფილიც კი დავრჩი.
– ესე იგი, რომანტიკული ქალბატონი ყოფილხართ, – თქვა კაცმა და ჩვენს გვერდით ჩამოჯდა.
მე მაინც ჩავიჩოჩე, თუმცა შუაში ორი ადამიანი დაეტეოდა.
მეორე დღეს ისევ მოგვიახლოვდა. მესამე დღესაც.
მერე, ერთ საღამოს მითხრა, ძალიან სათნო და მიმზიდველი ქალბატონი ბრძანდებითო და ჩემს კატას ზურგზე გადაუსვა ხელი.
კატუნამ ბეწვი ბრაზიანად აშალა და ნეტა, ნეტა მაშინვე მიმეპყრო ამისთვის ყურადღება.
– ხომ ლამაზია? – ვკითხე მე.
– ვინ…
– ჩემი კატა! – ვითაკილე მისი გულგრილობა კატუნას მიმართ.
– ძალიან…
– ჰო. ძალიან ლამაზია. – დავუბეჯითე მე.
– ძალიან, – თქვა მან, მერე ხელი კატუნადან მარჯვედ გადმოაცურა ჩემს ხელზე და დაამატა:
– იცით, რა? მოკლედ რომ ვთქვა… და გულახდილად… ძალიან მომწონხართ. მე აი, იქ ვცხოვრობ… – ფანჯრები დამანახა, – ყოველ საღამოს გხედავდით… თქვენ… არავის არ გავხართ. … მართლა ძალიან მომწონხარ…
და ხმის დადაბლებისთანავე “თ” მოაკლო.
მინდოდა მეკითხა: “თვალი რომ გამირბის?” “კეხიანი ცხვირი რომ მაქვს?” “და უჯიშო ბიბილოები?”
მაგრამ არ ვკითხე.
სიმპათიური, შავგვრემანი, შეჭაღარავებული მამაკაცი იყო. მისი ხელის სიმხურვალემ ომზე მეტად ამრია და სუულ ცოტა ხნით ჩემი კატუნას თბილი ღუღუნი გადაფარა…
ჯვარს რომ ვიწერდით, ჩემი კატა გარეთ, ტაძრის წინ მჯდომ ერთ უპოვარ ქალს ჩავაბარე.
– ორივე ხელი კარგად მოხვიეთ. არ გაგექცეთ…” – ვუთხარი.
იმან უკბილო პირით გამიცინა და მკითხა:
– მერე რაღა გავისვირო, სვილო?
ტაძარში სულ ხუთნი ვიყავით.
გრილოდა და ჩვენი ნაბიჯების ხმაც რაღაცნაირად, გრილად და სუფთად ისმოდა.
მეჯვარეებს არ ვიცნობდით. ტაძარშივე, ვიღაც უცნობ ქალს და კაცს ვთხოვეთ…
მეგონა, გულს არ დაუდებდნენ საქმეს, მაგრამ შევცდი. თვალები უბრწყინავდათ და მიფუჩეჩებაზე სულაც არ იყვნენ. ძალიან მოინდომეს.
აი, მე კი სწორედ მაშინ, როცა მღვდელმა მკითხა, თანახნა ხარ თუ არა, ცოლად გაყვე ამ მონას ღვთისას და ჭირში, ლხინში, ავადმყოფობაში და სამუდამოდ მის გვერდით იყოო, თავში სულ სხვა აზრი მომივიდა! უფალო მომიტევე!
ვიფიქრე, ის ქალი, კატუნა რომ მივაბარე, ხომ სულ უპოვარია!
მოდი და, სწორედ ახლა, დაადგეს თავს იმ მსუქანი ქალივით ვინმე და შესთავაზოს 300 დოლარი? ხომ ეგრევე მისცემს?! ის ხომ მისი დედა არაა! ორასადაც მისცემს! ასადაც…. 1 ლარადაც!…
ისე ავფორიაქდი, რომ მღვდელს ხმამაღლა, მოუთმენლად დავძახე:
-თანახმა ვარ, თანახმა!
და მზემომდგარ გასასვლელს გავხედე.
მე და ჩემი ქმარი შევთანხმდით: ერთ თვეს ჩემს ბინაში ვიცხოვრებდით, მეორეს – მისაში (ისიც მარტო იყო) და ასე…
პირველი თვე ჩემთან მოვითხოვე.
ჯვრისწერის ღამით, ჩემს სიცოცხლეში პირველად, საწოლში მამაკაცი შემომიწვა.
კატუნა, როგორც წესად გვქონდა, ჩემს ფეხისგულებთან თბილი, ფუმფულა გორგალივით იდო. მაგრამ უწინდებურად მყუდროდ არ ღუღუნებდა!… მოუსვენრად, იჭვნეულად წრიალებდა.
ჩემმა ქმარმა, როგორც მოველოდი კიდეც, ალერსი დამიწყო.
ჯერ შუბლი დამიკოცნა, მერე თვალები. ჩემს კეხიან ცხვირსაც მიუალერსა. უჯიშო ბიბილოებმა კი რატომღაც, სულ გაახელა. ერთთავად მეჩურჩულებოდა, რა ტკბილი და რა გემრიელი ხარ, რა კანი გაქვს, რა სურნელი… რა ლამაზი ხარ…
მე კი, – მეჩოთირებოდა.
იმიტომ, რომ არასდროს, არცერთ სარკეს არ უთქვამს ჩემთვის ლამაზი ხარო. სარკეები კი, არ ტყუიან.
თანდათან მის სინაზეს მოუთმენლობა დაეტყო, მოუთმენლობას, -უხეშობა.
აღმოჩნდა, რომ ჩემი ფეხები ვერა და ვერ დარჩებოდა უწინდელად გაშოტილ მდგომარეობაში…
ტუჩების, თვალების, ბიბილოების ნაზი წუთები გაქრა და რაკიღა ამის უფლება თვით ზეცისგან ჰქონდა მიღებული, ჩემმა ქმარმა იერიში ჩემს ფეხებზე მიიტანა!
ის ახლა ფაქიზად როდი ჩურჩულებდა ლამაზ-ლამაზ ტყუილებს. დაუნაწევრებლად ბურდღუნებდა და საქმიანად ფათურობდა.
ბევრიც არ უფიქრია, ისე გაჰკრა წიხლი ჩემს კატას და კედელს მიანარცხა.
სიბნელეში მწვანედ გაანათა ორმა თვალმა და გამწარებული, შეურაცხყოფილი ჩხავილიც გაისმა.
ეს ვერ ავიტანე.
ჩემს ქმარს ბანჯგვლიან მკერდში ვატაკე ორივე ხელისგული, წამოვუხტი საწოლიდან და ჩემს კატუნას ვეცი.
ავიყვანე, გულზე მივიხუტე და სასტუმრო ოთახში გავედი.
ჩემი საბრალო კატა ისეთი ნაწყენი იყო! ისეთი ნაწყენი!!
მეგონა, ვეღარასდროს დავიბრუნებდი.
თავი მეზიზღებოდა და მთელი ღამე ასე დაუფიქრებლად დაკარგულ შინაბერულ მშვიდობას მივსტიროდი…
დილით გაირკვა, რომ ჩემი ქმარი არანაკლებ შეურაცხყოფილი და იმედგაცრუებულია.
ისევ ის მითხრა: მართლა არავის გავხარო. ოღონდ განსხვავება ვიგრძენი.
მივხვდი, ადრე ეს კარგი ეგონა, ახლა კი – ნამდვილი საშინელება და ქვეყნის დაქცევა!…
მერე კი, ჩემს კატუნას დაუფარავი მტრობით დააცქერდა.
კატას თვალები მწვანე, ბრაზიან კოცონებად აენთო და ბეწვიც წამოეშალა.
არა. ერთმანეთს არასდროს შეიყვარებდნენ.
მეორე საღამოს ჩემმა ქმარმა მითხრა, თუ გააცნობიერებ, რომ გათხოვილი ქალი ხარ და საერთოდაც, ქ ა ლ ი ხარ, საძინებელში შემოდიო.
მაგრამ მე ვერაფერსაც ვერ ვაცნობიერებდი.
მთელი ერთი თვე სასტუმრო ოთახში მეძინა, ტახტზე და ჩემი კატუნა ჩემს ფეხისგულებთან უწინდებურად ღუღუნებდა…
თითქოს ძველი ბედნიერება დაბრუნდა!
რომ არა დროდადრო საძინებლიდან შემოღწეული ხვრინვის ხმა, ასეც იქნებოდა…
ასე გავიდა პირველი თვე.
მე კი.. ისევ ქალწული ვიყავი.
მეორე თვე შეთანხმებისებრ, ჩემი ქმრის სახლში უნდა გაგვეტარებინა.
მის სახლში თავს დაუცველად და ეულად ვგრძნობდი და ჩემ კატას უფრო მივეჯაჭვე. მხოლოდ ის იყო იქ ჩ ე მ ი.
პირველსავე საღამოს ქმარმა განმიცხადა, კატას საძინებელში არ გავაჭაჭანებ, სამზარეულოში ჩავკეტავთ და სიყვარულით მშვიდად დავტკბებითო.
ხმა თავის სახლში უფრო მტკიცედ და მბრძანებლურად უჟღერდა. ბოლთასაც უფრო დიდი და მოურიდებელი ნაბიჯით სცემდა.
ჰ! დავტკბეთო…
რა დამატკბობდა?!
ღამით, სანამ ჩემი საწოლშიუფლებამოსილი ქმარი სინაზიდან უხეშობამდე და ჩურჩულიდან ბურდღუნამდე გზას გადიოდა, მე ყური სულ იქით მქონდა… სამზარეულოსკენ!
იქ ჩემი კატა ისე მარტოსულად, ისე მიტოვებულად გაჰკნაოდა, რომ სხვა არაფერი მესმოდა და ვერაფერს ვგრძნობდი. ტკბობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო!
კვლავ ვატაკე ორივე ხელისგული ბანჯგვლიან მკერდში ჩემს ქმარს, კვლავ წამოვუხტი ლოგინიდან და ჩემი კატუნასკენ გავქანდი.
ხელში ავიყვანე, გულზე მივიხუტე და ცხარე ცრემლით ვთხოვე პატიება…
ცოტა ხანში ზეწარშემოხვეული ჩემი ქმარი დაგვადგა თავს და თქვა:
- ეგ კატა ოჯახს დაგვინგრევს.
თეთრ ზეწარშემოხვეული რომელიღაც რომაელ თუ ბერძენ ფილოსოფოსს ჰგავდა. და ეგრე, ფილოსოფოსურადაც თქვა.
მე ხმა არ ამომიღია. არც მანაღვლებდა დიდად, რას ამბობდა. წესიერად არც ვუსმენდი. ჩემი კატუნას ღუღუნს თუ ხიხინს ვაყურადებდი. მინდოდა მეგრძნო, აღსდგა თუ არა ჩვენი მშვიდობა…
– და… ორივეს ვერ გაგვწვდება ეგ შენი სიყვარული? – მკითხა ქმარმა, – მეც და მაგ კატასაც?
“მაგ კატასაც” ისეთი ზიზღით გამოცრა, მივხვდი, სინამდვილეში სიყვარულის ნასხლეტსაც არ გაუნაწილებდა არავის.
სად იყო და სად არა, მე-8 კლასში კარგად ნასწავლი საზეპირო ამომიტივდა და მშვიდად ვთქვი 3 ათეული წლის მერე:
– ვერავის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად.
დიდად არ გაკვირვებია, რადგან თვითონაც ექნებოდა გაზეპირებული ეს სიტყვები თავის მე-8 კლასში. ის კი არა, ჩაცინებით ბრძანა:
– ჰმ! მაშინ ერთსაც გეტყვი!
და იმავე, მე-8 კლასის სახელმძღვანელოდან სხვა საზეპირო მოაყოლა:
– დედაკაცის ბუნებაი იწრო არს!
– არს და იყოს! – მივახალე მე და ჩემი კატუნა გულში უფრო მაგრად ჩავიკარი.
ჩემი ქმარი ბოლთის ცემას მოჰყვა. იმდენი და ისე გამწარებით სცა, ზეწარი ჩამოსძვრა და ფეხებში აებლანდა.
მის ბანჯგვლიან, უცხო სხეულს თავზარდაცემით ავარიდე თვალი.
ზეწარი ბრაზიანი სისინ-შიშინით შემოიხვია და სწორედაც რომ ბერძენი პროკურატორივით განაცხადა:
-მოკლედ ასე: ან კატა, ან მე!
და საძინებელს მიაშურა.
მე ფიქრისთვის ნახევარი საათი მოვითხოვე, მაგრამ 25 წუთში გავედი და ვამცნე:
-კატა.
და წამოვeდი.
სამუდამოდ.
უწინდებურად ქალწული.
მე და ჩემი კატა ბედნიერ და უბიწო, სიყვარულით სავსე ცხოვრებას დავუბრუნდით. მშვიდობას, რომელსაც ომი ვერაფერს აკლებს.
ის უკვე დიდი, შეუდარებელი კატა იყო.
უღრუბლო ბედნიერების ხანა გვედგა, მაგრამ ერთ დღეს თავი შეუძლოდ ვიგრძენი.
მეორე დღეს – უარესად.
მესამე დღეს ექიმთან წავედი.
– მმმდააა. – თქვა ექიმმა, – ეხინოკოკია.
– საშიშია? – ვკითხე.
– მმმ. საკმაოდ. სასწრაფო ოპერაცია გესაჭიროებათ.
– და… ეგ რისი ბრალი უნდა იყოს, ექიმო… ეგ ეხინო…
ექიმი ჩემს მუხლებზე მოკალათებულ კატას დააცქერდა, და თქვა:
– დიდი ეჭვი მაქვს, რომ სწორედ მაგის. მუხლებზე რომ გიზით.
საოპერაციოში რომ მიმაგორებდნენ საკაცით, გვერდიდან ექთანი ქალი მომსდევდა და დამჩურჩულებდა:
– ქალბატონო… არ ინერვიულოთ… მე ვიცი, რას ნიშნავს კატის სიყვარული… მე თვითონაც მყავს… ციმბირული. ხვადი. სანამ აქ იქნებით, თქვენს კატას ჩემთან წავიყვან… თუ საწინააღმდეგო არაფერი…
თავი უხმოდ დავუქნიე და ძლივს ამოვთქვი გამშრალი ტუჩებიდან:
-ნა… დუღი უყ… ვარ…ს….
აქეთ შუა ოპერაციისას გამოვფრინდი…. ზეცისკენ.
ახლაც არ ვიცი რამ გამაბედინა ეს თვითნებობა!…
ჩემს აქ დატოვებაზე ბევრი იბჭეს და იფიქრეს აქ, ზემოთ.
რაკი ეხინოკოკს შევეწირე, უდანაშაულო მსხვერპლად შემრაცხეს და გზაც, თითქოს, ხსნილი იყო…
თან, უბიწო ქალწული ვიყავი და კაცმა რომ თქვას, დიდი ისეთი ხელჩასაჭიდი ცოდვაც ვერ მომიძებნეს გარდა იმისა, რომ კატისგან კერპი შექმნაო…
მაგრამ ესეც მომიტევეს, რადგან მშვენივრად იცოდნენ, რა მხურვალედ ვლოცულობდი ყოველღამ ძილის წინ და რამდენ მადლობას ვუძღვნიდი უფალს ჩემი კატუნას ჩუქებისთვის…
არც ის დავიწყებიათ, ერთთავად ლურჯთვალა ანგელოზებს რომ ვქარგავდი ხოლმე…
მოკლედ, ახლა აქ ვარ, ზეციურ საქართველოში.
თუმცა “ზეციური საქართველო” ძალიან პირობითი ცნებაა.
ზეცა ზეცაა!
და სულაც იოლად გადავფარფატდები ხოლმე ზეციურ საფრანგეთში… ან ზეციურ მადაგასკარზე…
აქ ხომ არაა სასაზღვრო-გამშვები პუნქტები… ვიზები და გრინ- კარტები…
იფრინე შენთვის, იფარფატე…
აქედან ჩემს კატუნას ვხედავ.
ის უკვე დიდი, ჯიშიანი კატაა და უკვე განიცადა დედობა…
მანდ, ზოგჯერ ვიღაც-ვიღაცები მიხსენებენ.
აი, ისაო… კატით რომ დადიოდაო… ნწ, ნწ… რა ძალიან უყვარდაო… საწყალი, შეეწირა კიდეც მაგ სიყვარულსაო…
მე კი, – ბედნიერი ვარ, რომ სიყვარულს შევეწირე. ჩემი კატუნას სიყვარულს… და არ მოვკვდი რამე სხვა, ჩვეულებრივი და უფერული სიკვდილით… თუნდაც, ქმრის არსიყვარულით…
ახლა დავფარფატებ ხოლმე ამ თვალუწვდენელი, ნათელჩამდგარი მდელოების თავზე და მიხარია ჩემი სიყვარულსშეწირულობა.
ისე აქ, ზეციურში, ძირითადად სულ ეგეთები არიან, – სიყვარულს შეწირულები. სიძულვილს შეწირული აქ ვერავინ გაჭაჭანდება.
უფრო, სამშობლოს და უფლის სიყვარულს შეწირულები ჭარბობენ.
კატისას, მგონი ჩემს მეტი არავინაა…
სულ ვიკვლევ აქ სიყვარულის ამბავს და რაობას…
აი, გუშინ, სულმნათმა პოეტმა პირადად მითხრა, რომ სიყვარული აღგვამაღლებს…
მე მინდოდა მეკითხა, რა უჭირს, თუ კატის-მეთქი… თუკი მას ჩემი დედობა მივუძღვენი მეთქი? და სიცოცხლე?
მაგრამ არ მიკითხავს. მყისვე გადავიფიქრე რატომღაც…
ჰო. ძირითადად, აქ პოეტებთან და წმინდა მამებთან ვსაუბრობ ხოლმე.
უცნაურია, მაგრამ, ასურული, კოპტური, ფინიკიური და ძველი ბერძნული ისევე კარგად მესმის, როგორც ძველი ქართული..
სწორედ ახლახანს, თვით ნეტარ ავგუსტინესთან ერთად გადავუფრინე მარადიული სიმშვიდის მინდვრებს… ის მესაუბრებოდა. მე კი მესმოდა…
ნიავს ქნარის ტკბილი ხმა მოჰყვებოდა.
ჩვენ სიყვარულზე ვლაპარაკობდით. დიდ, ღვთაებრივ სიყვარულზე.
მე ჩემს კატუნაზე დავაპირე სიტყვის ჩამოგდება და ისევ გადავიფიქრე.
მაგრამ ახლა უკვე მივხვდი, რატომაც….
მე ხომ მასში მხოლოს კატა კი არა, ადამიანი, მთელი კაცობრიობა, მთელი სამყარო და… თვით… თვით უფალი მიყვარდა…
რაღა საჭირო იყო ამ სიყვარულში ეჭვის შეტანა და ჩემი სიყვარულის თითქოსდა დაკნინება? ან თავის მართლება?
ჰო, მართლა… ამასწინათ იმ სიტყვების ავტორი ვნახე, მე-8 კლასის სახელმძღვანელოდან რომ გავიზეპირე… “ვერავის ხელეწიფების…”
ბევრი არ მიფიქრია, ჩემი სრული თანხმობა და აღფრთოვანება გამოვუცხადე… სრული თაყვანისცემა!
მან ქნარი განზე გადადო და სათნო ღიმილით მითხრა, რომ მხოლოდ და მხოლოდ “სულელთა ყოველთა უდარეის იყო…” და მხოლოდ “ნეტართა მათ ოხით ჰპოვა ორკერძოვე ლხინებაი უძლურებათა მისთაი” წერისას… და რომ ბევრად ადრე, უფლის უნათლესმა მოციქულმა ბრძანა იგივე სიბრძნე…
მისმა დიდებულმა სიმდაბლემ რაღაც იმდაგვარი მომგვარა ფარფატა სულში, რასაც მანდ ცრემლს უწოდებენ…
მას მერე დავფრენ და ვეძებ თვით იმ უნათლეს მოციქულს…
ვიფრენ ასე მსუბუქად, აუჩქარებლად დროში და სივრცეში, რომელსაც საზღვარი არ აქვს და ოდესმე ვიპოვი.
არ შემიძლია, ჩემი სრული თანხმობა და მადლიერება არ გავუზიარო…
P.S. აქ სათვალე აღარ მჭირდება. ისედაც გხედავთ ყველას…
(c) „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”