თარგმნა მალხაზ ხარბედიამ
მიმაჩნია, რომ ცნებას “პოლიტიკური კორექტულობა” ჩვენს დროში პოლიტიკურად არაკორექტულად იყენებენ: ლინგვისტურმა ნოვატორობამ ლინგვისტურ ორაზროვნებამდე მიგვიყვანა. წაიკითხეთ PC-ს (PC, ეს ძალზე მოდური აბრევიტურა არც “პერსონალურ კომპიუტერს” ნიშნავს და არც “კომუნისტურ პარტიას”) ფენომენისადმი მიძღვნილი სტატია ონლაინ-ენციკლოპედია “ვიკიპედიაში”, სადაც ამ გამოთქმის დაბადების ისტორიაცაა მოთხრობილი. თითქოს, 1793 წელს აშშ-ში, ერთ-ერთ სასამართლოზე (საქმე სახელწოდებით “ჩიზჰოლმი ჯორჯიის წინააღმდეგ”) განაცხადეს, რომ ძალიან ხშირად “სახელმწიფოს” იყენებენ “ხალხის” მნიშვნელობით, ვისთვისაც ეს სახელმწიფო არსებობს და ვის კეთილდრეობაზეც იგი უნდა ზრუნავდეს. შემოვიდა წინადადება გაესამართლებინათ ადამიანი, ვინაც საჯაროდ წარმოთქვა სიტყვა, სადაც “პოლიტიკურად არაკორექტულად” იყო გამოყენებული გამოთქმა “ამერიკის შეერთებული შტატები”, ნაცვლად გამოთქმისა “შეერთებული შტატების ხალხი”[1].
მოძრაობა პოლიტკორექტულობისთვის გასული საუკუნის 80-იან წლებში აშშ-ს უნივერსიტეტებში განვითარდა და გულისხმობდა (ისევ “ვიკიპედიას” ციტირებას ვახდენ) მეტყველებას, რომელიც არ შეიცავდა უსამართლო დისკრიმინაციას (რეალური ან მოჩვენებითი) და არავის აყენებდა შეურაცხყოფას. ესაა მეტყველება, სადაც რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ფიზიკური ნაკლის, რელიგიისა და პოლიტიკური მრწამსის აღმნიშვნელი ლინგვისტური დეფინიციები ევფემიზმებითაა ჩანაცვლებული.
ყველამ ვიცით, რომ პირველი ბრძოლები პოლიტკორექტულობისთვის ფერადკანიანთა სახელდების გარშემო გაიმართა, და ეხებოდა არამხოლოდ ისეთ გამოთქმებს, როგორიცაა “ბინძური ზანგი”, არამედ თავად სიტყვას – “ზანგი”, რომელსაც ინგლისურ ენაზე ჟღერს როგორც ესპანურიდან ნასესხობა (Negro) და მონათმფლობელურ წარსულს გვახსენებს. ამიტომაც საზოგადოება გადაერთო ტერმინზე black – “შავი”. მალე მისი კორექტირებაც მოხდა და “შავი” “African American”-ად გადააკეთეს.
პოლიტკორექტულობის კორექტირების ეს ისტორია პკ-ს ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს გვაჩვენებს. მთავარი ის კი არაა, რომ მოვიგონოთ თუ რა ვუწოდოთ “ჩვენ” (მოსაუბრეებმა) სხვებს. მთავარია ვიცოდეთ, თუ როგორ სურთ ამ სხვებს იწოდებოდნენ. ხოლო თუკი კორექტირებული ტერმინი მათ რატომღაც ისევ არ მოეწონებათ, “ჩვენ” მზად უნდა ვიყოთ “მათ მიერ” შემოთავაზებული მესამე ვარიანტი მივიღოთ.
ეს სწორია. თუკი გარკვეულ კომპლექსებს არ განიცდი, ვერ მიხვდები, რომელი სიტყვა აწყენინებს ან გააბრაზებს მათ, ვინც ამ სიტყვის ქვეშ საკუთარ ტავს მოიაზრებს. ამიტომაც, ყველაზე ჭკვიანურია – ანგარიში გავუწიოთ “მათ” წინადადებებს. ტიპიური მაგალითია – სიტყვა “სუსტი მხედველობის”, რომელსაც ჩვენთან “უსინათლოს” ნაცვლად ხმარობენ. არაფერი საწყენი არ იგულისხმება სიტყვა “უსინათლოში” და მისი ხმარება კი არ ამცრობს, პირიქით, ზრდის მათდამი პატივისცემას და ზრუნვას, ვინც ამ კატეგორიას ეკუთვნის (ჰომეროსსაც ხომ “უსინათლო გენიას” ვუწოდებთ), მაგრამ თუკი ამ კატეგორიის ადამიანებს სურთ “სუსტი მხედველობისად” იწოდებოდნენ, დაე ასე იყოს.
პროფესია “მეეზოვე” არაკეთილხმოვანია ხალხისთვის ვინც ამ ღირსეული სამუშაოს ასრულებს? კი ბატონო, თუკი მეეზოვეები ამას მოითხოვენ, მოდით მათ “ეკოლოგიური ოპერატორები” ვუწოდოთ. ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა ადვოკატებსაც მოუვიდეთ გული თავიანთ სახელზე (ხომ არსებობს კნინობითი ფორმები, “ინტიგანი ადვოკატი”, “საქმოსანი ადვოკატი” და ა.შ.) და მათთვის “სამართლებრივი ოპერატორების” დაძახება მოგვიწიოს.
თუმცა, მგონია, რომ ადვოკატებს სახელის გადარქმევა არ მოუნდებათ (ძნელი წარმოსადგენია, რომ ჯანი ანიელიმ[2] მოითხოვოს გინდა თუ არა, “სამართლებრივი ოპერატორი” ანიელი დამიძახეო). ჯერ ერთი იმიტომ, რომ პირველ რიგში ადვოკატი – პრესტიჟული პროფესიაა, და მეორე – კარგად ანაზღაურებადია. გამოდის, რომ ზოგჯერ პკ-ს მიმართავენ, რათა სოციალური პრობლემები მოაგვარონ, ეს კი ნერვებზე მოქმედებს. იმის ნაცვლად, რომ საზოგადოება სრულყონ, ლექსიკის სრულყოფაზე ზრუნავენ. როცა ადამიანებს, რომელთაც სიარული არ შეუძლიათ, საზოგადოება “ინვალიდის” ნაცვლად “ალტერნატიულად განვითარებულს” უწოდებს, იმის ნაცვლად რომ მათთვის პანდუსები ააგოს, გასაგებია: ფარისევლურად გაუსწორდნენ ტერმინს, ჩაატარეს კოსმეტიკული ენობრივი რემონტი, მაგრამ კიბეები ჯერ კიდევ გასარემონტებელია.
ვუწოდოთ უმუშევრებს “განუსაზღვრელი ვადით დათხოვნილები”, სამსახურიდან გათავისუფლებულებს “საქმიანობის შეცვლის მოლოდინში მყოფი”. აიღეთ ედოარდო კრიზაფულის წიგნი “ენის ჰიგიენა. პოლიტკორექტულობა და ლინგვისტური ტავისუფლება”, სადაც სხვადასხვა წინააღმდეგობაა გამოვლენილი და მრავალი თვალსაზრისია გამოთქმული ამ ტენდენციის როგორც მხარდასაჭერად, ასევე საპირისპიროდ.
ახლა ჩვენთვის ნათელია, თუ რატომ ცდილობს გარკვეული კატეგორია სახელის შეცვლას, ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი ახალ სახელს მიიღებენ და აღმოჩნდება, რომ რეალურ ცხოვრებაში არაფერი შეიცვალა, სახელის ხელმეორედ შეცვლას ითხოვენ. ამგვარი ადგილზე სირბილი შესაძლოა არასდროს დამთავრდეს, ან მანამ გაგრძელდეს, სანამ სახელის გარდა კიდევ სხვა რამე შეიცვლება. არსებობს ე.წ. უკან გადახვევებიც, როცა გარკვეული კატეგორია მიაღწევს ახალი განსაზღვრების შემოღებას, თუმცა კერძო უზუსში ძველი განსაზღვრების გამოყენებას აგრძელებს ან უბრუნდება ამ ძველ წოდებას, თანაც გარკვეული აზრით, გამომწვევად (“ვიკიპედია” გვეუბნება, რომ ახლგაზრდა აფრო-ამერიკელები ხანდახან, საკუთარი თავის აღსანიშნად ხშირად იყენებენ სიტყვას “ზანგი”. თუმცა ღმერთი არ გაგიწყრეთ და მათ ასე არ უწოდოთ). ასეთივე სიტუაციაა, როგორც ვიცით, ებრაულ ანეკდოტებთან დაკავშირებით და შოტლანდიელების, ან კუნეოს მხარის მაცხოვრებლების შესახებაც: მათი მოყოლის უფლება მხოლოდ თავად ებრაელებს აქვთ, ან შოტლანდიელებსა და კუნეოს მოსახლეობას.
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ პოლიტკორექტულობიდან ერთი ნაბიჯია ფარულ რასიზმამდე. მახსოვს, ომის შემდგომ, ბევრი იტალიელი უნდობლობით უყურებდა ებრაელებს, მაგრამ არც ანტისემიტის სახელი უნდოდათ დაეგდოთ და ამიტომ დიდი ყოყმანის შემდეგ მათ “ისრაელის შვილები” უწოდეს. მათ არ იცოდნენ, რომ ებრაელებისთვის უფრო მისაღებია “ებრაელი”, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვა, სულ რამდენიმე წლის წინ მტრობისა და ზიზღის კონტექსტში იხმარებოდა.
კიდევ ერთი სახალისო შემთხვევა ლესბიანკებს ეხებათ. ძალზე დიდხანს, მოსაუბრენი, რომლებიც დეკორუმზე ზრუნავდნენ, არაფრის დიდებით არ იტყოდნენ “ლესბოსელი”, ისევე, როგორც ჰომოსექსუალების სხვა საძულველ მეტსახელებს. ისინი მორიდებით იტყოდნენ ხოლმე, “საფოს მიმდევრები”. შემდეგ, როცა უკეთ გაერკვნენ ჰომოსექსუალებში, გაირკვა, რომ მამაკაცებს ყველაზე მეტად მოსწონთ, როცა მათ gay-ს უწოდებენ, მაშინ როცა ქალებისთვის ასეთი სიტყვაა – “ლესბოსელი”: კერძოდ, ლექსემა “ლესბოსის” კულტურული კონოტაციების წყალობით. როგორც აღმოჩნდა, ლესბოსელებისთვის ლესბოსელები უნდა ეწოდებინათ.
პერიოდულად პოლიტკორექტულობა, როგორც მგონია, ცვლის, – ძირითადად უმტკივნეულოდ – თავად ენის წყობას. სულ უფრო ხშირად, როცა ზოგადი მაგალითების მოყვანა სურთ, ადამიანები გაურბიან მამრობითი სქესის სიტყვებს. ჩემი ამერიკელი კოლეგები, უნივერსიტეტების მასწავლებლები, “სტუდენტების” ნაცვლად ამბობენ, “სტუდენტი ბიჭები და სტუდენტი გოგონები”; ყველამ იცის, რომ თამჯდომარეს (chairman) ჩვენს დროში ან chairperson-ს ეძახიან, ანდა სულაც chair-ს (ანუ “სკამს”). და აი, კიდევ ერთი ხუმრობა პოლიტკორექტულობაზე: განიხილიბა საკითხი გადაერქვას სახელი ფოსტალიონს (mail man) და დაერქვას person person, იმიტომ, რომ არამხოლოდ man-ია მამაკაცი, არამედ mail-იც (ფოსტა) ისევე წარმოითქმის, როგორც male (მამაკაცი).
ამგვარ ანეკდოტებსა და სხარტულებში დასცინიან იმ ფაქტს, რომ სავალდებულო დემოკრატიული და “ლიბერალური” პრინციპების ნაწილად ქცევის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მყისვე შეიძინა “მემარცხენეობის” (მინიმუმ ამერიკაში) კონოტაცია, პოლიტკორექტულობა ძალიან მალე მივიდა აბსურდამდე. დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ “mankind” (კაცობრიობა) არაკორექტული სიტყვაა, რადგან შეიცავს man ფუძეს და ადამიანთა მოდგმისგან აცალკევებს ქალებს. უცოდინრობის გამო გადაწყვიტეს ეს სიტყვა humanity-თ შეეცვალათ: მათ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, არ იცოდნენ, რომ humanity-ც სიტყვა homo-სგან წარმოსდგება (და არა ვთქვათ, mulier-ისგან![3]). ყველაზე არასერიოზული მაინც ზოგიერთი ფემინისტური ფრაქციის გადაწყვეტილება იყო, რომელთაც, ასევე ეტიმოლოგიური მოუმზადებლობის გამო, საერთოდ აღარ ახსენებენ სიტყვას ისტორია, როგორც history-ს (his ხომ მამრობითი სქესის ნაცვალსახელია), არამედ ამბობენ მხოლოდ herstory-ს.
სხვა კულტურებში პოლიტკორექტულობის დებულებათა შეტანა ახალი კრუნჩხვებითა შფოთით იწყებოდა და ყველამ კარგად იცის, რამდენი ენერგია დაიხარჯ, სანამ გაარკვევდნენ, ეწოდებინათ თუ არა ქალი-ადვოკატისთვის ადვოკატესა. ამერიკიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ ტექსტში კი აღმოვაჩინე, რომ პოეტესა ქალს მხოლოდ მაშინ შეიძლება ეწოდოს, როცა იგი პოეტის მეუღლეა. მემგონი უზუსის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. იტალიაში, მაგალითად, “პოეტესა” არანაკლებ მიღებულია, ვიდრე, ვთქვათ, “დოგარესა”[4], “ბანკარესა” კი (ბანკის თანამშრომელი ქალი) ცუდად მოხვდებოდა ყურს.
ზემოთ ციტირებული, ზანგის “შავად” გადაღებვის მაგალითი სწორედ რთული გადატანის შემთხვევაა. ამერიკაში negro-დან black-ზე გადასვლა ენობრივი რევოლუცია იყო. ხოლო იტალიურში negro-დან nero-ზე გადავიდნენ და ეს ცოტა ხელოვნურად ჟღერს. თანაც, ტერმინ negro-ს თავისი, მრავალი ლიტერატურული წყაროთი გამყარებული სრულიად კანონიერი ისტორია ჰქონდა: ყველას გვახსოვს, ჰომეროსის თარგმანებში, რომელსაც სკოლაში ლათინურად ვკითხულობდით, ამაყად ვამბობდით “შავ ღვინოს”, “negro vino”[5], და ისიც გვახსოვს, რომ ფრანგულენოვანმა აფრიკელმა ლიტერატორებმა სამყაროს შესთავაზეს “ნეგრიტიუდის” დოქტრინა.
ამერიკაში პოლიტკორექტულობის მზარდი განვითარების შემდეგ აუარება პაროდიული, ძალიან სასაცილო ლექსიკონი და ცნობარი გამოჩნდა, სადაც ვერ გაიგებ, შემოთავაზებული ფორმების დანერგვა მართლა უნდათ ენაში თუ ეს უბრალო ხუმრობაა. ჩვეულებრივი, ყოველდღიური და ქარაგმული გამოთქმების გარდა, რომელიც ყველამ იცის, ასეთ უცნაურ ცნებებსაც ვპოულობთ: “საზოგადოებიდან სეგრეგირებული” (პატიმარი), “ხარ-ძროხმართვის ოპერატორი” (კოვბოი), “გეოკორექცია” (მიწისძვრა), “მოქნილი განსახლების სუბიექტი” (მაწანწალა), “ერექციულად შეზღუდული” (იმპოტენტი), “ჰორიზონტალურად ადვილად მისაწვდომი” (მსუბუქი ყოფაქცევის ქალი), “ფოლიკულარული რეგრესია” (გამელოტება) და თქვენ წარმოიდგინეთ, “მელანინით ბოლომდე დაუკომპლექტებელი ” (თეთრი რასის ადამიანებისთვის).
ინტერნეტში ორგანიზაცია S.T.U.P.I.D.-ის საიტი (Scientific and Technical University for Politically Inteligent Development – პოლიტიკურად გონივრული განვიტარების სამეცნიერო-ტექნიკური უნივერსიტეტი), სადაც გვაუწყებენ: ამ სასწავლო დაწესებულების კამპუსში “საგზაო მოძრაობის ნიშნები ხუთ ენაზეა და გარდა ამისა, ბრაილის შრიფტითაცაა აღნიშნული ეს წესები”, აქ კითხულობენ ლექციებს იმის შესახებ თუ რა წვლილი შეიტანეს კვანტურ მექანიკაში ავსტრალილემა აბორიგენებმა და ალეუტის ინდიელებმა. შეისწავლიან საკითხებს, თუ როგორ გავლენას ახდენს სიდაბლე (საუბარია მათზე, ვინც Vertically challenged, ანუ “ვერტიკალურად შეჭირვებულნი” არიან) ადამიანების უნარზე აღმოჩენები გააკეთონ, ნიუტონის, გალილეისა და აინშტაინის მაგალითზე, ასევე იკვლევენ ფემინისტურ კოსმოლოგიას, რომელმაც მასკულინურ და დიდი აფეთქების (Big Bang) ეაკულატორულ კონცეფციას ჩვენი სამყაროს “ხანგრძლივი მომწიფების” (Gentle Nurturing) თეორია დაუპირისპირეს.
ინტერნეტში ადვილად იპოვით წიტელქუდასა და ფიფქიას პოლიტკორექტულ ვარიანტებს. თუმცა არ მახსოვს, იქ როგორ აღწერენ ჯუჯებს, ალბათ სიმაღლეზე არც არაფერს ამბობენ. გრძელი დისკუსიაც წავიკითხე იმის შესახებ, თუ სწორად როგორ უნდა ჩამოაყალიბო არაკორექტული წინადადება: “მეხანძრემ ხეს კიბე მიაყუდა, ავიდა და კატა ჩამოხსნა”. ცხადია, რომ მეხანძრეს მხოლოდ ხანძარსაწინააღმდეგო ქვედანაყოფის მენეჯერი უნდა ვუწოდოთ, თანაც როგორ მოვიქცეთ, თუკი ეს მენეჯერი ქალია? ხომ არ არის ეს მეხანძრე (ან მეხანძრე ქალი) კატის თავისუფალი თვითგამორკვევის ჩამხშობი?! იქნებ კატას ხეზე დარჩენა ერჩივნა? ჰქონდა თუ არა უფლება მეხანძრეს ზეწოლა მოეხდინა ხეზე და მის განვითარებაზე, როცა მას ჯიბე მიაყუდა? მეხანძრემ ხომ შეურაცხყოფა მიაყენა კატას და ისე მოიქცა, თითქოს კატა პატრონთა უუფლებო საკუთრება იყოს! კიბეზე ასვლით მან ფსიქოლოგიური დისკომფორტი შეუქმნა ყველა ფიზიკურად არათვითკმარ პირს, ვისი მოძრაობაც, რაღაც ტრავმების გამო შეზღუდულია! და ა.შ. და ა.შ.
პოლიტკორექტულობამ, მისი თანმდევი კომიკური და პაროდიული ობერტონებით, თავიდანვე კონსერვატორების საშინელი გაღიზიანება გამოიწვია, რომელთაც მას პოლიტიკური ელფერი მიანიჭეს და პოლიტკორექტულობაში “მემარცხენე ძალების იდეოლოგია” დაინახეს, ასევე “მემარცხენე ძალების ფარისევლობა” და სიტყვის ნორმალურ თავისუფლებაზე და თვითგამოხატვის უფლებაზე გალაშქრება. პოლიტკორექტულობის ლანძღვისას ხშირად ახსენებენ ორუელის “ახალმეტყველებასაც” და უფრო ხშირად, სტალინის ეპოქის ახალმეტყველებას. ბევრი ამ რეაქციათაგან, ტავის მხრივ ფარისევლურია. დარწმუნებული იყავით, რომ მემარჯვენე ბანაკის პოლიტკორექტულობაც არსებობს, რომელიც არანაკლებ მტრულადაა განწყობილი მემარცხენეთა ლექსიკის მიმართ. გავიხსენოთ რა ამბავი ატყდა, როცა ერთ-ერთმა ჩვენმა ჟურნალისტმა გაბედა აზრის გამოთქმა “ერაყის წინააღმდეგობაზე”.
და მაინც, უნდა ვიცოდეთ სად მთავრდება მორალური იმპერატივი და სად იწყება იურიდიული, სისხლისსამართლებრივი დევნა. ცხადია, ეთიკური თვალსაზრისით ქების ღირსი ნამდვილად არაა ის, ვინც ჰომოსექსუალებს “პიდარასტებს” უწოდებს, მაგრამ ეს წმინდა ეთიკური პრობლემაა. მაშინაც კი, როცა ამას მინისტრი ამბობს სამინისტროს გერბიან ქარალდზე, საქმე გვაქვს მხოლოდ გულისამრევ უხამსობასთან.[6] ყველაფრის მიუხედავად, სასამართლომდე მაინც შორია (თუკი ამ მინისტრმა პიდარასტი არ უწოდა ვინმე სხვას, კონკრეტულ ადამიანს, რაზეც ამ სხვას აქვს უფლება მას სასამართლოში უჩივლოს). ასერომ, არც ერთი კანონი არ მოგისჯით თქვენ ტავისუფლების აღკვეთას სიტყვა “მეეზოვესთვის”, “ეკოლოგიური ოპერატორის” ნაცვლად. პოლიტკორექტულობა პირად პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. იგი ყველას ეხება და ადამიანის გემოვნებასა და გარშემომყოფთა პატივისცემაზე მეტყველებს.
თუმცა, ცნობილია ისეთი შემთხვევებიც, როცა არაპოლიტკორექტულ გამონათქვამებზე სატელევიზიო პროგრამებისთვის გარკვეულ სანქციებს მიმართავენ. მაგალიტად, აღარავის მიაქვს გადაცემაში რეკლამა, ხანდახან კი ხურავენ კიდეც პროგრამას. ჩემთვის ცნობილია საუნივერსიტეტო სკანდალები, როცა პროფესორებს ბოიკოტს უცხადებდნენ არაკორექტული გამონათქვამების გამო. და უნდა დავძინო, რომ შეტაკებები არამხოლოდ ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის ხდება. წყალგამყოფი ხშირად საკმაოდ ბუნდოვან სადემარკაციო ხაზებზე გადის.
არც ისე დიდი ხნის წინ, “ლოს ანჯელეს თაიმსმა” ტავისთვის აარჩია საგამომცემლო პოლიტიკის ახალი პრინციპი: გამოიყენოს ტერმინი “anti-abortion” ნაცვლად “სიცოცხლის დასაცავად” (pro-life). ტერმინ pro-life-ში სინამდვილეში იმტავითვე ჩადებულია რაღაც იდეური წინასწარ აკვიატებული აზრი. მოკლედ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ რომელიღაც თეატრალურ წარმოდგენაზე დაწერილი სტატიაში გაზეთის თანამშრომელმა ნახა გამოთქმა pro-life, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულ კონტექსტში იყო ნახმარი. ამის მიუხედავად, “რედაქტორმა” pro-life-ს ნაცვლად anti-abortion ჩასვა და ამით მთლიანად დაარღვია საგაზეთო სტატიის შინაარსი. ყველაფერმა ამან სკანდალი გამოიწვია და გაზეთმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში და დამნაშავის სახელიც გამოაქვეყნა. თუმცა ამავე მიზეზით მეორე სკანდალიც მოხდა, რადგან privacy-ს კანონის მიხედვით, გაზეთს არ ჰქონდა უფლება გამოექვეყნებინა თანამშრომლის გვარი, რომლის საქმიანობაც სხვისი სტატიების რედაქტირებაში მდგომარეობდა.
ასერომ, თანდათანობით, განსაკუთრებით კი ამერიკაში, შეინიშნება წმინდა ლინგვისტური პრობლემატიკიდან (ანუ ვუწოდოთ თუ არა სხვებს ისე, როგორც მათ სურთ) უმცირესობათა უფლებებზე თანდათანობითი გადასვლა. ბუნებრივია, რომ უნივერსიტეტებში უცხოელ სტუდენტებს სურთ მოისმინონ ლექციების კურსები საკუთარ კულტურულ და რელიგიურ ტრადიციებზე და მშობლიურ ლიტერატურაზე. თუმცა, არც ისე ბუნებრივი იქნება, აფრიკული წარმოშობის სტუდენტებმა რომ შექსპირის კურსის შეცვლა მოითხოვონ აფრიკული ფოლკლორის კურსით:
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სკოლამ სტუდენტებს მხოლოდ ის არ უნდა ასწავლოს, რაც მათ სურთ, ხშირად მან სწორედ ის უნდა ასწავლოს, რაც სტუდენტებს საერთოდ არ სურთ რომ ისწავლონ ან თავიდანვე არ აღიქმება როგორც სასურველი საგანი. სხვაგვარად, დაწყებით და საშუალო სკოლებში მათემატიკის, გრამატიკისა და ლათინურის ნაცვლად ალბათ მხოლოდ კომპიუტერულ თამაშებს ასწავლიდნენ. პოლიტკორექტული ლოგიკის მიხედვით მეხანძრემ თავი უნდა დაანებოს კატას, დაე ირბინოს პროსპექტებზე რამდენიც უნდა, სანამ მანქანა არ გადასრისავს – სამაგიეროდ კატა ამით ბუნებრივი თავისუფლების რეალიზაციას მოახდენს.
ამგავრად ჩემი სტატიის ბოლო დებულებამდე მივედით.სულ უფრო ხშირად პოლიტკორექტულობად ითვლება (PC) ნებისმიერი პოლიტიკური მიდგომა, რომელიც განსხვავებულ რასებსა და რელიგიებს შორის გაგებას უწყობს ხელს. ზოგჯერ პოლიტკორექტულობა იმდენად შორს მიდის, რომ იდეური მოწინააღმდეგის მდგომარეობაში შესვლის მცდელობებსაც ვხედავთ ხოლმე.
ამ თვალსაზრისით ყველაზე სახასიათო ამბავი სულ ცოტა ხნის წინ ამერიკის ტელევიზიით მოხდა, როცა წამყვანი ბილ მაერი არ დაეთანხმა პრეზიდენტ ბუშს, რომელმაც ტერორისტებს, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ვინც ააფეთქეს, “მშიშრები” უწოდა. მაერმა მაშინ თქვა, რომ კამიკაძე ნებისმიერ რამეში შეიძლება დაადანაშაულო, მაგრამ არა შიშში. რა მოჰყვა ამას? მომენტალურად მოიხსნა გადაცემაში მთელი რეკლამა და მალე თავად პროგრამაც დაიხურა. ბილ მაერის შემთხვევას არაფერი ჰქონდა საერთო არც მემარცხენეობასთან და არც მემარჯვენეობასთან. მაერმა მხოლოდ საკუთარი აზრი გამოთქვა. მისთვის შეიძლებოდა გესაყვედურა, რომ ასეთი რამ ფართო საზოგადოების წინაშე არ უნდა ეთქვა, რომელიც ჯერ კიდევ მტკივნეულად აღიქვამდა ყველაფერს, რაც 11 სექტემბერს ეხებოდა. ან ის, რომ (და ვიღაცამ, როგორც მახსოვს მისცა კიდეც მას ეს შენიშვნა) არის განსხვავება ფიზიკურ და ზნეობრივ მშიშრობას შორის. იმის აღნიშვნაც შეიძლებოდა, თუ რამდენადაა კამიკაძე გაბრუებული თავისი ფანატიზმით, რომ მასთან მიმართებაში “მამაცობისა” და “შიშის” კატეგორიები უძლურია. და მაინც, ყვლაფერ ამის მიუხედავად, მაერის გამონათქვამი, რომელიც მის პირად აზრს გამოხატავდა, არ შეიცავდა რაიმე არაპოლიტკორექტულს.
ჩვენთან ხშირად აქილიკებენ ხოლმე პალესტინელთა მხარდამჭერებს ზედმეტი პოლიტკორექტულობის გამო, ასევე მათ, ვინც ჩვენი ჯარების გამოყვანას უჭერს მხარს ერაყიდან და ძალზე ლოიალურია არალეგალური ემიგრანტების მიმართ. არადა ყვლა ამ შემთხვევას არაფერი აქვს საერთო პოლიტკორექტულობასთან. საუბარია იდეურ და პოლიტიკურ მრწამსზე, რომელიც თავის თავში ბევრ საკამათოს შეიცავს, მაგრამ ლექსიკისა და გამოხატვის პლანში იგი უმანკოა.
თუმცა კონსერვატიული პოლიტიკური ძალები იმდენ ხანს სპეკულირებენ პოლიტკორექტულობაზე ამ თვიანთი საუბრებით, რომ ვიღაცის არაპოლიტკორექტულობაში დადანაშაულება უბრალოდ ხერხის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც ხმის ჩაკმენდინებას ემსახურება. ასერომ, PC საკმაოდ საზარელ სიტყვად იქცვა, როგორც ეს “პაციფიზმს” დაემართა.
როგორც ხედავთ, რთული სიტუაციაა. ისღა დაგვრჩენია, რომ დასკვნა გავაკეთოთ, რომ პოლიტკორექტულია ზოგიერთი ტერმინის გამოყენება, მათ შორის ტერმინ “პოლიტკორექტულობის”, ოღონდ ტერმინი კონკრეტული მნიშვნელობით უნდა იქნას გამოყენებული და ამავე დროს, საღი აზრი უნდა იყოს საქმეში ჩრთული. მემგონი არ ღირს ბერლუსკონის “ფოლიკულარული რეგრესიის სტადიაში მყოფი ვერტიკალურად შეზღუდული სუბიექტი” ვუწოდოთ. უნდა გვახსოვდეს მტავარი და ფუნდამენტური პრინციპი – ჰუმანურობა და ცივილურობა და არ უნდა დავუშვათ ჩვენს მეტყველებაში გამონათქვამები, რომლებიც გულს ატკენს სხვა ადამიანებს, ისეთივე ადამიანებს, როგორებიც ჩვენ ვართ.
2004
[1] “ჩიზჰოლმი ჯორჯიის წინააღმდედ” – საქმე აშშ-ს უზენაეს სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებაც (1793) განმსაზღვრელი აღმოჩნდა შტატების უფლებათ დოქტრინაში. სამხრეთ კაროლინის ორი მოქალაქემ საჩივარი შეიტანა ჯორჯიის წინააღმდეგ, შტატის ხელისუფლებამ კი უარი განაცხადეს სასამართლო დაცვისგან და განაცხადეს, რომ კერძო პირს არა აქვს უფლება შტატის წინააღმდეგ შეიტანოს საჩივარი. უზენაესმა სასამართლომ არ დაუჭირა მხარი შტატს, მაგრამ შტატის საკანონმდებლო კრებამ უარი თქვა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე. ამის შედეგად აშშ-ში მიიღეს კონსტიტუციის 11-ე შესწორება (1795), რომელმაც გაამყარა შტატის იმუნიტეტი სხვა შტატის მოქალაქის ან უცხოელის მხრიდან სასამართლო დევნის წინააღმდეგ.
[2] ჯანი (ჯოვანი) ანიელი (1921-2003) – იტალიელი მეწარმე, ავტოქარხანა ფიატის სახე-სიმბოლო. გაზეთებში მას უწოდებდნენ “ადვოკატი ანიელი”, ხანდახან მხოლოდ ერთი სიტყვა, “ადვოკატიც” კმაროდა.
[3] Homo (ლათ.) – ადამიანი, მამაკაცი. Mulier (ლათ.) – ქალი.
[4] დოგარესა – დოჟის მეუღლე.
[5] ბოლო წლებში, საქართველოში ამ ტერმინის აღსანიშნად (ზურაბ ქარუმიძის რომანის წყალობით) დამკვიდრდა “ღვინომუქი”-ც.
[6] საუბარია იტალიელ მინისტრ მირკო ტრემალიაზე (დ. 1926 წ.), დეპუტატზე ნეოფაშისტების სიით, უკანასკნელი წლების მანძილზე მინისტრი იყო ბერლუსკონის მთავრობაში. დაკავებული იყო იტალიელების უფლებებით საზღვარგარეთ. 2004 წლის 12 ოქტომბერს ტრემალიამ უხეში კომენტარი მისცა (პირად წერილში გერბიან ქაღალდზე) მინისტრ როკო ბუტილიონეს საერთაშორისო წარუმატებლობაზე, რომელიც ბრიუსელში გამოვიდა თეზისით “ჰომოსექსუალიზმი – ცოდვაა” და ვერ მიიღო მხარდაჭერა. იმავდროულად, ალესანდრა მუსოლინიმ, დუჩეს შვილიშვილმა აღნიშნა ”სჯობს ფაშისტი იყო, ვიდრე პედერასტი” – ეს იყო შეურაცხყოფა ვლადიმირ ლუსკურიას, კომუნისტი დეპუტატი-ტრანსვესტიტის მისამართით.
© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”