ახალი ამბები,  ინტერვიუ,  პოეზია

ბლიცინტერვიუ თემურ ჩხეტიანთან – ,,კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია!”

ბლიცინტერვიუს სტუმარია თემურ ჩხეტიანი, პოეტი, მთარგმნელი

 

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

 დავბადებულვარ მოსალოდნელზე ცოტათი ადრე, რომ მერე ყველაფერი დამგვიანებოდა…

 რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

ყველაზე მნიშვნელოვანია კარგად წერა. ანუ რეალობის შთამბეჭდავად გადმოცემა
და გამონაგონის ისე წარმოდგენა, რომ მის სინამდვილეში ეჭვი არ გვეპარებოდეს.

 თემა,პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ

ეჰ… დღეს რა უნდა მაღელვებდეს?
ეს ქვეყანა და ჩემი ხალხი…

 რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი

ეს კითხვა რაღაცნაირად მეორდება ქვემოთ და იქ ვპასუხობ.

 კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ

 ასეთი ძალიან ბევრია… მაგალითად „ჰაჯი მურატი“.
მრცხვენოდეს?..

 საყვარელი მხატვარი? რატომ?

 ვან გოგი. თუნდაც მისი წერილების გამო.

 ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ

 არ ვიცი, რამდენად უცნაურია, მაგრამ „საკანცელარიო წიგნის“ ცალხაზიან ფურცლებზე მიყვარს წერა.

 ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?

მგონი, არა…

 ცნობილი, აღიარებული მწერალი, რომელიც ძალიან არ გიყვართ? რატომ?

მარკესი სათანადოდ ვერ შევიყვარე. ალბათ იმიტომ, რომ ბორხესი და კორტასარი მერჩივნა.

 თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება

ჭადრაკი…
ჭადრაკის ნიჭი არ გამაჩნდა და არც რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება მქონია, მაგრამ ისე მიყვარდა, რომ ჩემი, ძალიან მოკრძალებული ადგილი ამ სფეროში მაინც ვიპოვე – საჭადრაკო კომპოზიციას ვგულისხმობ.

 ბოლოს რა წაიკითხეთ?

„ალბერ კამიუ – რენე შარი, მიმოწერა“

 დიონისე თუ აპოლონი?

ორივე!..
დიონისურით თუ ვიგრიალებ და დავიღლები, აპოლონურით დავწყნარდები
და დავმშვიდდები (კითხვას ვგულისხმობ).
სხვათა შორის ერთგან ახსენეს: ბესიკ ხარანაული დიონისურია და თემურ ჩხეტიანი
– აპოლონურიო.
გამიკვირდა, თუმცა ვაღიარებ: მესიამოვნა კიდეც. 😊

 ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით

 კარგი იქნებოდა, „დაო დე ძინი“ მე დამეწერა.  😉

 ადამიანი, ვისიც გშურთ

შური არა… აღფრთოვანება და თაყვანისცემა – კი, ბატონო!
იქნება ეს ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი თუ ლაშა ტალახაძე.
და ყოველთვის მახსოვს:
„ყველაზე დიდი ბედნიერება არის სხვისი ტალანტი – ის ხომ ჩვენთვისაა!..“
ჰანს სელიე

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა

ქ რატომღაც გამახსენდა ემილ ჩორანის წიგნი:
„ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაზე“…

 დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი

ცოცხლები, ხომ? და რატომ შვიდჯერ სამი არა?..
ბესიკ ხარანაული, ელა გოჩიაშვილი, ზვიად რატიანი…
ძალიან სუბიექტური ვარ?..

 სიტყვა, რომელიც არ გიყვართ

„მაწყობს“

 თქვენი საყვარელი სიტყვა ( სიტყვები)

„მეგულები“…

 დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი

ზაირა არსენიშვილი, „ვა, სოფელო…“
აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“
კოტე ჯანდიერი, „გლობალიზაცია“ / ირაკლი სამსონაძე, „ყურთბალიში“
ბოლო ორი მოცულობით მცირეა და…

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

არ მახსოვს, ვისია, მაგრამ ეს:
„იმედს ნუ დაკარგავ: ეს დღე შენი დარჩენილი ცხოვრების პირველი დღეა.“

 საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

ასეთი უამრავია… თუნდაც ეს:
„კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია!“
რატომ? იმიტომ!..

 რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

ამჯერად ამას დავასახელებ:
„შემოღამება მთაწმინდაზედ“…

 რამდენ ენაზე კითხულობთ?

 ჩემდა სამწუხაროდ, მხოლოდ ორ ენაზე: ქართულად და რუსულად.

 ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ

ირველ რიგში, ვაჟა-ფშაველასთან მეგულება ასეთი ხალხი: აღაზა… ალუდა…
თანამედროვე ქართული მწერლობიდანაც ვახსენოთ: მერცია, ( ნაირა გელაშვილის „ამბრნი, უმბრნი და არაბნი…“), მუსია (აკა მორჩილაძის „კუპიდონი კრემლის კედელთან), ანტონიო (ჯემალ ქარჩხაძის „ანტონიო და დავითი“).

 მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

მე რაზე უნდა მესაუბრა? – ბევრი არაფერი მომეკითხება…
თვითონ კი სიამოვნებით მოვუსმენდი ლევან ბერძენიშვილს, ნოდარ ლადარიას,
მახოს, ლექსოს…
აი, ზვიად რატიანისთვის არაერთხელ მისმენია და ნამდვილად კარგი იყო.

 წიგნი,რომელიც რამდენჯერმე გაქვთ წაკითხული

ასეთი ბევრი იყო: „შაგრენის ტყავი“, „მარტინ იდენი“, მარკუს ავრელიუსი, ნეტარი ავგუსტინე, ლაო ძი, აკუტაგავა, მიშიმა…  გავაგრძელო?
ჩვენი კლასიკოსები – თავისთავად; ოთარ ჭილაძის „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“,
ნაირა გელაშვილის „დედის ოთახი“ და ა. შ.
რაც შეეხება წიგნთა წიგნს „ბიბლიას“, სრულად თუ არა, მისი ნაწილები და განსაკუთრებით „ახალი აღთქმა“, სულ საკითხავია და მეც არაერთხელ მივბრუნებივარ.

 რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

საქართველოში?.. არ ვიცი…

 რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

 „ – ტომ!
პასუხი არ არის…“

 რომელია საუკეთესო დასასრული?

„როცა სადგურის დიქტორის ხმა გაისმა, სიმღერა შევწყვიტე. მან გამოაცხადა, ჰამბურგიდან მატარებელი ჩამოვიდაო. ისევ განვაგრძე დაკვრა და უეცრად შევკრთი – ქუდში პირველი მონეტა ჩავარდა, ათფენიგიანი მონეტა სიგარეტს მოხვდა და გვერდზე გასწია. სიგარეტი გავასწორე და სიმღერა განვაგრძე.“

ჰაინრიხ ბიოლი, „კლოუნის თვალთახედვა“

 ენა თუ ამბავი? რატომ?

ამბავი, რაც არ უნდა საინტერესო იყოს, თუ უგემურადაა მოთხრობილი, ჩემთვის
მიმზიდველი ვერ იქნება. ასე თუ ისე საყურადღებო ამბავი კი, თუ ის კარგი ენითაა გადმოცემული, მაინც მომაწონებს თავს.

 პროცესი თუ შედეგი?

პროცესი… თან ისეთი პროცესი, როცა შედეგზე ნაკლებად ფიქრობ.
მხოლოდ მის შემდეგ შეიძლება გქონდეს კარგი შედეგის მოლოდინი.

 რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?
მცნებისა რა გითხრათ და, მაქვს სადღეგრძელო, რომელსაც ხშირად ვამბობ:
„ღმერთით, სიყვარულით, სიტყვით!..“

 რომელი წიგნი არ წაიკითხეთ ბოლომდე?

 ბევრი წიგნი მიმიტოვებია: დასაწყისშიც, შუაშიც… და არ მინანია.
გული იმ წიგნებზე მწყდება, რომლებიც ბოლომდე ვ ე რ წავიკითხე, ვერ „გავქაჩე“.
მაგ, რ. მუზილის „უთვისებო კაცი“.
მომიტევოს მაია ბადრიძემ (დიდ პატივს ვცემ მას): ეს მხოლოდ ჩემი, სუსტი მკითხველის ბრალია.

 რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე
ლიტერატურული კრიტიკა ისეთივე დასაფასებელია, როგორც პოეზია, პროზა, დრამატურგია…
ახლაც გვყავს კარგი კრიტიკოსები, ვინც სწორად აფასებენ ლიტერატურულ პროცესებს, მაგრამ ასეთები ცოტანი არიან.
მიზეზთა გამო მათ „შერჩევითი სამართალის“ მიმდევრები სჭარბობენ.

 წიგნი, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ

 უჰ, ბევრია ასეთი… ალბათ წაკითხულის 85% და მეტიც.

 რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

სიბრმავე და აუტანელი ხმაური.

 მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით
თუ სასჯელია, სასჯელი იყოს!..
ავირჩევდი წიგნს, რომელიც უკავშირდება ბევრ, ჩემთვის საყვარელ, ადამიანს და
ასევე ბევრ ძვირფას წიგნს: „ბალახის სიმაღლე“.

 კითხვა,რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ

მოეწონებათ თუ არა ჩემი პასუხები ,,არილელებს”? 😉

© არილი

Facebook Comments Box