ესაუბრა გუგა მგელაძე
ბესო სოლომანაშვილმა ლიტერატურული პრემია ,,საბა” წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში 2020 წელს მიიღო. წელს ის წლის საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციის ერთ-ერთი ფინალისტია.
ბესო სოლომანაშვილი ,,საბას” პრემიის მნიშვნელობასა და ახალი კრებულის ,,სხვის კინო” კონცეფციაზე გვესაუბრება:
რას ნიშნავს თქვენთვის ,,საბას’’ ფინალისტობა და როგორი მოლოდინები გაქვთ?
ეს პრემია იმდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ლიტერატურული პროცესების განვითარებისთვის, რომ ამ პროცესებში ყოფნა ყველა ავტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ფინალისტობა. მოლოდინი?- მოლოდინი რომ არ მქონდეს მოვხსნიდი წიგნს კონკურსიდან.
როგორ აფასებთ წლევანდელ მოკლე სიას? არიან მწერლები, რომლებიც იმსახურებდნენ სიაში მოხვედრას?
ძალიან მერიდება ასეთი შეფასებები. არის ჟიური, რომლის მუშაობა ძალიან რთულია და საპასუხისმგებლო, მე ვიტყოდი, ცოტა უმადურიც, რადგან ისინი პასუხისმგებლობას იღებენ შეაფასონ ლიტერატურული კოლეგები, შეინარჩუნონ ლიტერატურული პროცესების აქტუალურობა და ხშირად არაადექვატურ და დაუმსახურებელ შეურაცხყოფას იღებენ, მე ეს განცდილი მაქვს, ამიტომ, ყოველთვის ვერიდები ამგვარ შეფასებებს, მეჩვენება რომ სხვის კომპეტენციაში შევდივარ, მითუმეტეს როცა ნომინანტი ვარ… იქ ძალიან კარგი ლიტერატორები მუშაობენ, არანაირი უფლება არ მაქვს რამენაირად შევაფასო.
რა პრინციპით შეარჩიეთ ახალ კრებულში დაბეჭდილი მოთხრობები? ჩემი დაკვირვებით, ყოველი მათგანი დეფორმირებული რეალობის გარკვეული მოდელია, რისი მეშვეობითაც აგრესიის, როგორც მენტალური ვირუსის, მუტაციის პროცესს იკვლევთ.
დღესვე მზად ვარ, რომ ეს თემები, რომელსაც ვეხები, აქტუალური აღარ იყოს, თუმცა ზოგადად ადამიანი ისედაც მიდრეკილია აგრესიისკენ გადარჩენის ინსტიქტის გამო, და მითუმეტეს ჩვენნაირი საზოგადოებაში, რომელიც გამუდმებული ომის მსხვერპლია და უმძიმესი ბოლშევიკური ტვირთი აწევს, ამიტომ, გადარჩენის ინსტიქტი აქ უფრო ბრუტალურ ფორმებს იძენს. ადამიანებმა ხანდახან არ იციან, რომ მათი ყოველდღიური, ჩვეული ცხოვრების წესი ძალადობაა ნორმალურ საზოგადოებისთვის, ისინი უბრალოს ასე ცხოვრობენ, ამას კი საზოგადოება თვითგანადგურებამდე მიჰყავს, მე არ მინდა ეს თვითგანადგურების მსხვერპლი ვიყო და ვცდილობ ჩემი რეალური სახე დავინახო, რათა გადავრჩე, ჩემი შვილები გადავარჩინო, რამდენად კარგად ან ცუდად გამომდის, არ ვიცი, მაგრამ მე ვცდილობ.
როგორ შეაფასებდით ,,საბას’’ ოც წლიან გამოცდილებას?
ფაქტია, „საბა“მყარად ინერჩუნებს ღირსეულ ადგილს კულტურულ პროცესებში, ალბათ იმიტომ, რომ ოპტიმალური მოდელია ასეთი პრემიების. უამრავი მითქმა-მოთქმაა ხოლმე „საბას“ გარშემო, ეს მხოლოდ იმის ნიშანია, რომ ლიტერატურა კვლავ ძალიან პრესტიჟული და აქტუალურია ჩვენს საზოგადოებაში. ისეთი პატარა ლიტერატურული ბაზრის მქონე ქვეყანაში,როგორიც საქართველოა, ის არა მთავარი, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოტივატორია ლიტერატურული პროცესების განვითარებაში. მთავარი მოტივატორი კი ნამდვილი, გულწრფელი წერაა, როცა წერის გარეშე არ შეგიძლია. საქართველოში კი მართლაც კარგი ლიტერატურა იქმნება, შეიძლება ბევრ დიდ ქვეყანას შეშურდეს. ,,საბა” კავშირია მწერალსა და მკითხველს შორის.
© არილი