ესაუბრა გუგა მგელაძე
საუბარი თქვენივე ლექსის ციტატით მინდა დავიწყო:
,,არიან ლექსები –
არსებები – არარსებული ფრთებით, ნისკარტით –
სხვა სიზმრებიდან ამოფრენილები.
თითქოს წერდე და ყოფნას რისკავდე –
ზოგჯერ იმდენად ამორფულებია.’’
თქვენ ხშირად აღწერთ უშუალოდ წერის, ლექსის ქმნის პროცესს და ცდილობთ პოეზიისთვის ადგილის მოხელთებას თანამედროვე სამყაროში. პირველი შეკითხვაც ამაში მდგომარეობს: სად არის ,,დღეს’’ პოეზია?
ალბათ ისევ იქაა, სადაც ყოველთვის იყო – ადამიანებთან, ვისაც სიტყვებით თამაში უყვართ, საგნებს და მოვლენებს შორის უხილავი კავშირების დანახვა შეუძლიათ და საკუთარ ემოციურ პასუხს იმაზე, რაც მათ გარშემო ხდება, ამ ფორმით გამოხატავენ, ან ლექსების კარგი მკითხველები არიან. ბევრი თვლის, რომ პოეზია წინა პერიოდში უფრო პოპულარული იყო, მაგრამ მგონია, რომ პოეზიის ენა, ვთქვათ, პროზასთან შედარებით, ყოველთვის უფრო სპეციფიური და რთულად აღსაქმელი იყო ბევრისთვის, რადგან ხშირად ლექსები სავსეა ერთგვარი „კოდირებებით“ და მათ „ამოხსნას“ თანაგანცდა, ინტუიცია, ხედვა სჭირდება, რომ ტვინის ჭყლეტად არ იქცეს. რადგან დღემდე, ადრეული ასაკიდან მოყოლებული, ძირითადად, ლექსების ავტომატურ რეჟიმში კითხვას და დეკლამირებას გვასწავლიან, მკითხველი თავიდანვე შორდება პოეზიას, თუმცა ის ყველა ეპოქაში პოულობს თავის გზას. ადამიანი ემოციური არსებაა და ჯერჯერობით, თვითგამოხატვისთვის – ენაზე უკეთესი საშუალება არც ისე ბევრია.
ლია სტურუას ,,მგელში’’ ასეთი საგულისხმო რეპლიკა გვხვდება:
,,პოსტმოდერნიზმი – დაშვებული ქურდობაა!
საწერ მაგიდასთან რომ ჩაგეძინოს,
ნახევრად უმ სიტყვებს წაიღებენ,
ასონანსურ ყურს და კიდევ ბევრ რამეს
იმ მგლის გარდა, რომელიც ტანში გყავს
და გძიძგნის და რაფინირებას არ ექვემდებარება.
როგორია ლელა სამნიაშვილის ,,მგელი’’ ? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: რა არის ლელა სამნიაშვილის პოეზიაში ისეთი, რაც ,,ასლირებას’’ და ეპიგონობას არ ექვემდებარება?
ყველა საკუთარი წარსულის ჯამია, წაკითხულის და ნანახის გავლენას ყველა ექვემდებარება. ადამიანს, მის გემოვნებას, ხელწერას, ხმას – ის კულტურა, დრო ზრდის და აყალიბებს, რომელიც მოცემულობად ხვდება, როცა იბადება. პოსტ-მოდერნიზმი ლიტერატურაში – ტექსტების განუსაზღვრელი რაოდენობით, ცნობიერსა თუ არაცნობიერში დახვავებული ციტატებით, რომლების ავტორებსაც ხშირად ვეღარც ვიხსენებთ, ყველას ინდივიდუალიზმზე ძალადობს. შედეგად იქმნება უთვალავი ახალი ტექსტი, რომელიც ერთმანეთს გავს, ხელმომწერი კი სხვადასხვა ყავს. ზოგჯერ ეს ქურდობაა, ზოგჯერ უპასუხისმგებლობა, ზოგჯერ გულუბრყვილობა. ჩემი აზრით, ავტორს ამბიცია უნდა ქონდეს, საკუთარ ხმას უსმინოს ამ უთვალავი ინსტრუმენტის ორკესტრშიც. ჩემთან რა არის განსხვავებული, ეს მკითხველის შესაფასებელია.
თქვენი კრებულების კითხვისას მრჩება ერთი უცნაური შეგრძნება, რომელსაც შეგვიძლია ბასრი სიფაქიზეც ვუწოდოთ. მეტაფორულად თუ ვიტყვით, თქვენი ლექსები სკრუპულოზურად მოხატული ლარნაკებია, თანაც ფაიფურის. თავად როგორ აღიქვამთ უკვე შედგენილი, დაბეჭდილი კრებულების შინაგან ატმოსფეროს?
ეს ლექსები უბრალოდ, რეაქციაა იმაზე, რამაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე გულგრილი ვერ დამტოვა, ვერ ჩამიარა. ლექსები ძირითადად მომენტალური პასუხია ამა თუ იმ სიტუაციაზე, თავსგადახდენილ ამბავზე. ეს შეიძლება იყოს ძალიან პირადული ან რამე საზოგადო მოვლენა თუ საკითხი. მგონია, რომ ჩემი ლექსები ერთმანეთისგანაც საკმაოდ განსხვავდება როგორც ფორმით, ისე განწყობით. როცა ვწერ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, კონკრეტულ მომენტში საით წამიყვანს საკუთარი ემოცია და როგორ რიტმს აყვება. უკვე დაბეჭდილ კრებულებს დღიურებივითაც კი ვუყურებ ხოლმე.
მაქს ფრიში ამბობდა: ,,ვწერ, რათა ცხოვრება გავხადო ასატანი’’. თქვენთვის რა არის წერის პროცესი?
წერის პროცესს ბევრი უწოდებს თვითთერაპიას და ალბათ ასეც არის. რეაგირების, გათავისუფლების აქტია. პროზასთან შედარებით ის უფრო სპონტანურია. საკუთარი ემოციის ენაში გამოჭერის მომენტალური პროცესია. მე ძალიან ადრე აღმოვაჩინე განმუხტვის ეს გზა, რომელიც საკმაოდ ეფექტური გამოდგა და შეიძლება ითქვას, ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ მივუტოვებივარ. საბოლოოდ გამოდის, რომ ორ კურდღელს იჭერ – ემოციისგან თან თავისუფლდები და თან ტექსტად აქცევ, სხვებს უზიარებ.
დავით წერედიანის ჩანაწერების კითხვისას ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი დაკვირვებაც შემხვდა:,,გალაკტიონი მწვერვალია, მან უზარმაზარი გავლენა მოახდინა და დღემდე ახდენს, მაგრამ თუ მეოცე საუკუნის ქართულ პოეზიას ერთიან პერსპექტივაში განვიხილავთ, ადვილად დავრწმუნდებით, რომ მას არსებითად გალაკტიონის გზით არ უვლია. გალაკტიონი ფორმის გენია იყო, მაგრამ პოეზია მხოლოდ ფორმა არ არის, ხოლო ფორმის იქით გალაკტიონის გავლენა ნაკლებ საჩინოა და არასოდეს-გადამწყვეტი.’’
ამ პროცესზეც რომ ვისაუბროთ. როგორია გალაკტიონის პოეტიკის ,,დიქტატურის’’ შემდგომი ეტაპის თქვენეული რეტროსპექცია?
გალაკტიონმა გვაჩვენა, რომ ქართული ენა, სალექსო ფორმის თვალსაზრისით, ნამდვილი საბადოა. მუსიკალურობა, რითმა, რიტმი – გალაკტიონთან არა საშუალება, არამედ მიზანია. და ამ მიზნის მიღწევაში, ალბათ ბადალი არ ყავს. მისი ზეგავლენა დღესაც ძალიან დიდია – ბევრი ახალგაზრდა ავტორის ინსპირაცია სწორედ ის არის, მაგრამ ძალიან რთულია გაყვე გალაკტიონის ხაზს და საკუთარი ხმა იპოვო. თითქმის ყველა ასეთი მცდელობა რჩება იმიტაციად. დავით წერედიანის მოსაზრებას ვეთანხმები – ქართული ლექსი გურამიშვილის, ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველას პოეზიის ხაზითაც წავიდა, რადგან იდეაზე ფოკუსირება, ინტელექტუალური ხაზი მისთვის ტრადიციაც არის და თან ზოგადად, პოეზიისთვის უმნიშვნელოვანესია. თავისუფალი ლექსი, რომელიც 60-იანი წლებიდან დამკვიდრდა, დღეს შეიძლება წამყვანიც კი გახდა ქართულ პოეზიაში, რაც მსოფლიო ტენდენციაა. პოეზიის ეს ხაზი გალაკტიონისგან მთლიანად „თავისუფალია“, მაგრამ შეიძლება ისიც ითქვას, რომ „ტკბილხმოვანების“ სიყვარული, რომელიც დღესაც ჩანს ქართველ მკითხველში, გალაკტიონის დამსახურებაც არის. რითმიანი, რიტმული ლექსი დღესაც ძალიან ეფექტური გზაა მკითხველთან სათქმელი მიიტანო. ამ შემთხვევაში, ჩემთვისაც, ეს აზრისა და ემოციის გადმოცემისთვის ენობრივად ახალი გზების ძებნაცაა, მაგრამ მხოლოდ ენობრივი ექსპერიმენტები არ არის მიზანი. თვითონ დავით წერედიანის პოეზიაში ენის და აზრის შესანიშნავი თანაარსებობაა.
მთარგნელობით გამოცდილებასაც რომ შევეხოთ. დალი ფანჯიკიძის დაკვირვებით: ,,დედანსა და მთარგმნელს შორის უნდა დამყარდეს დედანსა და მწერალს შორის წერის პროცესში წარმოქმნილი მსგავსი ფსიქოლოგიური კავშირი და შეიქმნას სათანადო კომუნიკაციური სიტუაცია. (…) ინდივიდუალური სტილი მწერლის საკუთრებაა, მთარგმნელს კი მხოლოდ იმის უფლება აქვს, გამოამჟღავნოს ამ სტილის ობიექტურად შესაძლებელი სიზუსტით რეპროდუქციის ინდივიდუალური უნარი.’’ როგორია თქვენი პერსონალური დაკვირვებები ამ საკითხთან დაკავშირებით?
პროფესიონალ მთარგმნელებსა და ჩემს შორის ალბათ ის განსხვავებაა, რომ ჩემი ყველა თარგმანი სწორედ იმ „ფსიქოლოგიური კავშირის“ შედეგია, რომელიც ამა თუ იმ ავტორთან კონკრეტული ტექსტების კითხვისას თავისთავად გამიჩნდა. იმას ვგულისხმობ, რომ არცერთი ტექსტი, რომელიც აქამდე ვთარგმნე, ჩემგან არ საჭიროებდა რაიმე ძალისხმევის გაღებას ამ „კავშირის დასამყარებლად“, „კომუნიკაციური სიტუაციის შესაქმნელად“. ვთარგმნი მხოლოდ მაშინ, როცა მიჩნდება სურვილი, ქართულად გადმოვიტანო ის, რაც უცხო ენაზე ძალიან მომწონს. ჩემი ერთადერთი პრინციპი თარგმნისას არის – ვთარგმნო ისე, როგორც მესმის და ვხედავ (ვგულისხმობ შინაარსსაც და სტილსაც). მთავარია, არ „გაახალტურო“, მართალი იყო საკუთარ თავთანაც და დედანთანაც, თუ რაღაც არ გესმის, შენთვისვე გაარკვიო, დააზუსტო, არ აქციო თარგმანში ბუნდოვან ვერსიად. ეს არ გულისხმობს სიტყვა-სიტყვით თარგმნას. ეს არის აზრის და სტილის მაქსიმალური სიზუსტით გადმოტანა ისე, რომ შენს ენაზეც კარგად იკითხებოდეს, იგივე ემოციას აჩენდეს. ეს „მაქსიმალური სიზუსტე“ ყოველთვის მიახლოებული იქნება და მთავარი საბოლოო ეფექტი უფროა, ვიდრე დეტალები.
,,ჰამლეტის’’ ახალ თარგმანზე ვისაუბროთ. ჩემი დაკვირვებით, ის გაცილებით მეტი სიცხადის, სისავსის განცდას გვიტოვებს და ქვეტექსტის უკეთესად ამოკითხვის საშუალებას გვაძლევს. მეტიც, ენა თანამედროვეა, ,,უბორძიკო’’ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საოცრად რიტმული. პირდაპირები რომ ვიყოთ, თქვენი და მანანა ანთაძის მიერ თარგმნილი ტრაგედიების სახით საქმე ეპოქალური მნიშვნელობის თარგმანებთან გვაქვს. როგორი იყო ,,ჰამლეტზე’’ მუშაობის პროცესი და თუ იგეგმება შექსპირის სხვა ტრაგედიის თარგმნა?
როცა „ჰამლეტი“ ვთარგმნე, ბევრ დადებით გამოხმაურებასთან ერთად წავაწყდი ერთგვარ სკეპტიციზმსაც – ივანე მაჩაბელმა ხომ მე-19-ე საკუნის ბოლოს თარგმნა „ჰამლეტი“. ამ თარგმანიდან „ფრთიან ფრაზებს“ დღესაც იყენებენ გარშემო და მაჩაბლის თარგმანი სრულიად დამსახურებულად ითვლება გენიალურად. თუმცა ვთვლი, რომ ყველა კულტურულ ენაზე არის და უნდა იყოს კლასიკური ლიტერატურის შედევრების ახალი, თანამედროვე თარგმანები. თითქმის ოცი წლის წინ ინგლისური ლიტერატურის შესანიშნავი მკვლევარი, პაატა ჩხეიძე, წერდა ნაშრომს შექსპირის ტრაგედიების მაჩაბლისეულ თარგმანებზე და შედარებისთვის მთხოვა „ჰამლეტიდან“ ორი მონოლოგის თარგმნა. ეს მონოლოგები ვთარგმნე თავისუფალი ლექსით, რადგან შექსპირთან, პიესაში, სალექსო ფორმა არ არის „ფიქსირებული“, როგორც მაჩაბელთან. დედანში რიტმი, რითმიანი და ურითმო სტრიქონები – მუდმივ მონაცვლეობაშია. ჰამლეტს ორი წლის წინ ისევ მივუბრუნდი, რადგან საზღვარგარეთის ლიტერატურის კურსს ვასწავლი ამერიკულ აკადემიაში და „ჰამლეტის“ დედანში კიდევ ერთხელ კითხვისას გამიჩნდა სურვილი, პიესა თანამედროვე ქართულ ენაზე მეთარგმნა. ეს იმპულსი, შექსპირმა, პირველ რიგში, სწორედ ტექსტის პოეტური მრავალფეროვნების გამო მომცა. მინდოდა ისე გადმომეტანა „ჰამლეტი“, როგორც მე ვკითხულობ მას. ვფიქრობ, ახალი თაობისთვისაც მნიშვნელოვანია ქონდეთ მსოფლიო შედევრების თანამედროვე ვერსიები. მაჩაბელი, თავისი ბრწყინვალე თარგმანებით, ყოველთვის შექსპირის პირველწყარო იქნება ქართულ ენაზე, თუმცა არც ის ყოფილა შექსპირის თანამედროვე და ვფიქრობ, „ჰამლეტის“ მსგავსი ტექსტების დედნის „გაახლება“ თარგმანში აუცილებელია ენის განვითარებისთვის, კულტურისთვის, მკითხველისთვის. რადგან თარგმანი ჩემთვის „პარალელური“ საქმიანობაა, ამ ეტაპზე არაფერს ვგეგმავ. იმედი მაქვს, სხვა მთარგმნელებიც მიუბრუნდებიან შექსპირს.
,,ჰამლეტის’’ სიუჟეტის პოსტმოდერნისტული დამუშავების ( თუ ,,გადაწერის’’) სიხშირე (მაგ. ტომ სტოპარდის ,,გილდესტერნი და როზენკრანცი მკვდრები არიან’’, ჰოვარდ ბარკერის ,,გერტრუდა – კივილი’’ ან იენ მაკიუენის ,,კაკლის ნაჭუჭი’’ და ა.შ.) ცხადყოფს, რომ ის დღემდე ტრაგიკულად აქტუალურია. რაში მდგომარეობს ,,აქ და ახლა’’ ჰამლეტიანური კონფლიქტის არსი?
ამას, რა თქმა უნდა, „ჰამლეტის“ უნივერსალური თემები, ეგზისტენციალური კრიზისი, ყველა დროში და გეოგრაფიულ წერტილში – მოაზროვნე ადამიანისთვის მნიშვნელოვანი კითხვების მარადიულობა განაპირობებს. ტრაგიზმისა და კომიკურობის ის ნაზავიც კი, რომელიც შექსპირის პიესებშია, უკიდურესად თანამედროვეა. ჰამლეტი – ტრადიციული, მიზანსწრაფული, პომპეზური გმირისგან გადახვევაა და ამდენად, ძალიან გავს ახლანდელ ადამიანს – მწარე ირონიით სავსეს, დაბნეულს, დაკარგულს, პასუხისმგებლობებით დამძიმებულს, რომლის თვალშიც რეალობასა და ილუზიას შორის ზღვარი არც ისე მკაფიოა, მაგრამ რომელიც იდეებით, შინაგანი ბრძოლით არის სავსე, განწირულობის განცდა აქვს და საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შექმნას მაინც ცდილობს. „აქ და ახლაც“, ადამიანებში იგივე კონფლიქტია.
© არილი