პოეზია

ლელა სამნიაშვილი


გზა-ტკეცილი

“ხალიჩები გაგფენოდეს ოთხივ მხარეს” – მარინაა,
მე კი რკინის ქალამანი ტერფს მიხრავდეს, მარილიან
წყალს და ქვის პურს ვჯერდებოდე, შემიჭამოს
ქარმა თმა და შენ გეგონოს – შევიჭერი,
მთა გავაღო – თეთრი – სულ რომ შავად მოჩანს –
დახურული ჩემი ცით და შენი ჭერით:
ასე მინდა. მაგრამ მაინც გამოვკეტე
მონატრება იმ მთის გულში. შეიძლება-
დაგეკარგო. ალმასად ნუ შეიცვლები.
გულისგულში შეინახე ჩემი ძვლები.


* * *

ცა გამიხდა ფოთოლ-ფოთოლ საძებნელი,
ცის გადაღმა შენ გეძებე.

გამიტკბილდა შემოდგომის საწებელი,
ცას თითებით შევეწებე.

რასაც გეტყვი, სიტყვასაც ნუ დაიჯერებ –
ყველა სიტყვა მალსტრიმია.

სამართებლით ცა ფოთლებად დავიჭერი,
თავზე თეთრად დამტირიან –

თოლიები – სანაპიროს დარაჯები –
წყალს ნაპირი რომ არ გაყვეს.

არც წყალს მივდევ, არც ნაპირზე აღარ ვრჩები,
გზაც კენჭებად დავინაყე.

შარშან მგონი ფოთოლ-ფოთოლ შენ მეძებდი.
არც კი მახსოვს, სად ვიყავი.

არც ის ვიცი, თუ მიპოვე. შეიძლება –
მხოლოდ ეს მაქვს საკითხავი.

ფოტო – სინთეზი

ეს ის არის, რაც ვერტიკალურ ადამიანებს
ნებისმიერ ობიექტივში
გიგანტურებს ხდის შენობებთან
და ხეებთან აპატარავებს:

ადამიანი ხის ჩრდილია,
რომელსაც ხე გამოეცალა
და თვითონაც ადგა, წავიდა.

საზღვრების მაგიერ

საზღვარი,
რომლამდეც ვერაფრით მიხვედით –
მითია – მოძრავი,

საზღვარს ჩაყოლილი ვეება სკინჰედი –
ბოთლიდან მომძვრალი
საცობი, დასპირტულ სულებს რომ აორთქლებს –
პრიალა კეფიდან –
დამიზნებულია შენს შუბლზე.

ეგ სისხლი სჭირდება კეფირად.
ეგ მკერდი უნდა, რომ
ნოხივით, ყოველთვის ფეხებთან ეფინოს,

ეგ წაწვეტებული ქედები,
ლურსმების ზეწრად რომ ეფინა –
ასი წელიწადი, ორასი,

ეგ კეხი, ეგ შავი ნაწნავი,
ეგ ჭროღა თვალები –
ერთ ჭაში ჩაყრილი შუქი და ნაცარი,

ეგ შენი “ეკალზე ვარდი” და ტაძრები –
ცასავით მართლები –
მიწასთან, საზღვრებთან –
რომლებიც მითია. რომლებიც – არც არის.

რაც არის – თქვენს შორის –
საზღვარზე მეტია – საზღვრებად გამლღვარი:

ყოველთვის იქნება –
ის – უფრო გაშლილი,
შენ – უფრო – მაღალი.


* * *

პროტესტანტულ სისადავით
უჭერო და უკარებო
ნისლში გდია გზის სანდალი.

დღეს პირველად დავაპირე
ავიღო და გადავღვარო
ჭიქა ლუდიც, სანაპიროც.

ფოთოლსაც კი აღარ იმჩნევ,
უზარმაზარ საფერფლეში
მე როგორღა გადაგირჩე?

ჩრდილოეთი დამიძველდა –
ორი ფერით, არც მეგონა –
აქამდე თუ გამიძლებდა.

დამიძველდა, როგორც ფქვილი,
როგორც პური გამომცხვარი,
ამოხსნილი გამოცანა,

შენ თუ იცი, ნოემბერო,
შენზე უფრო უკარებას
როგორ უნდა მომეფერო?

მთვარეული

მთვარე თმის სარჭია –
მაღლა წევს ღამის ცას –
ჩინური ქაღალდის ფარანი,

და რომც მოვაცილოთ
ცას დეკორაცია,
არ მოისაკლისებს არავინ.

თვალებზე დასმული
მინის საჭრეთლებით
ღამის ქალაქები ელავენ,

ჩვენ ორმა მთვარეს რომ
მხრები მივაჭედოთ,
ამასაც შეამჩნევს ვერავინ.

ჩვენს შორის იმდენი
გზა და ჰაერია –
სხეულის უსაფრთხო კედლებად,

მიმართულება რომ
სულაც აგვერიოს,
ფილტვები არ ჩაგვეკეტება.

ყველგან შეიძლება
შეყუჟვა, დარჩენა –
ჟანგბადის იმდენი ბალიში

და წყვილი თვალია
მაშველად გაჩრილი –
შეგეძლო მშვიდადაც გაგეშვი.

მაგრამ სხვა მაგნიტი –
მძლავრი, ძველებური
განაგებს ყოველგვარ ხეტიალს –

ის, რომ მე შენსკენ ვარ
გამოძევებული –
ჩვენს შორის – ჰაერზე მეტია.


ძილისპირული ჰორიზონტისათვის

ჰორიზონტი ხარ, როდესაც გძინავს –
შუბლის გასწვრივ გილაგია ტერფები,
მშვიდად შეგიძლია გაატარო ყველა ხომალდი –
ყველა ჩრდილი სარკმლიან კედლის,
ყველა სახე, ყველა სახელი –
შეგიძლია ააცალო ერთმანეთს და გაატარო
ძალიან მშვიდად. შეგიძლია შენს გარეთ იყოს
სიცხიანი ქალაქი, ზედ რომ ოდნავ ყვითელი ზამთარი ადევს
როგორც ძმრიანი დოლბანდი და იმასაც სძინავს.
შეგიძლია იყო თითქმის ახალშობილი –
გაიცალო გუშინდელი ტანსაცმელი
და სხეულიც ზედ მიაყოლო, ან პირიქით –
გაიცალო სიამაყე და დაემსგავსო
ქალაქის შიშველ ქანდაკებებს – გიყურონ, გხატონ,
ხოლო შენთვის სულერთი იყოს,
გაიცალო ენები და ენების წვერზე ასხლეტილი
ინფორმაცია, ვარსკვლავები –
რომლებისგანაც ცარიელ ბოთლის სატყუარებს
ბავშვებისთვის ასკანერებენ,
გაიცალო ომები და კოცონებზე ძვლებგამთბარი
დაძინებამდე ვერტიკალური ქონდრისკაცებიც,
შეგიძლია მშვიდად, შენს მიღმა გაატარო –
ეს ყველაფერი – ყოველ ღამე, ყოველ სიცოცხლე.
შეგიძლია არაფერი ჩაიპირქვავო.
შეგიძლია გაატარო სიყვარულიც
და თან თვალიც არ გააყოლო, არც დაარქვა არაფერი –
ჩაიაროს, როგორც ნავმა მძინარე წყალზე;
სანაპიროსთან შუქურის სხივიც გაატარო –
ღიმილივით გადაგიაროს სახეზე –
მშვიდი სიზმრების ნიშნად.
მით უმეტეს, შეგიძლია შეუმჩნევლად გაატარო
მცენარეები – ეს უცნაური ქმნილებები –
ძილშიც ცას რომ ეჭიდებიან,
რომ ჰორიზონტს არ დაემსგავსნონ.


* * *

უსაზღვრებოდ –
თანაბარი კათეტებით
ნაძვებიდან გუმბათები გამოდიან.

ამ ქალაქში – სამი კვირის ადვენტია.
მაგ ქალაქში – სამი წელი მალოდინა
თოვლმა.

ყველგან სადენები – უძინარი –
ნათურების თითო მუჭი სილამაზე.

ხოლო თოვის კალენდარით – უწინ არის –
შობა – ნარაიამაზე.

ჩამოყარა
ერთი კალთა, მეტი არა –
ფქვილი,

ქვები – მონამქრული, ობიანი –
წინ დამიწყო მზემ და
ზურგით შეტრიალდა.

ისევ სამშობლოში მიცხობს –
ბარბარობის ლობიანებს.

Freia

ლექსის წერას სჯობდა მტრედი შემეჩვია,
სათითაო ნაძვის მორთვას – მერჩივნა –
დურგალივით – ხე – ნავისთვის შემერჩია,
ნიაღვრებში თავი გადამერჩინა.

ქარის კუდზე გამობმული მარხილით და
გამოძენძილ მოსასხამის ნამქერით
გაიხვეტა თოვლი – გზად რომ ავიხირე
და თვითონაც – თოვლთან ერთად გავქერი.

ხერხემალზე დასათვლელი ფიორდები,
სუნთქვის ორთქლით ასავსები ჰაერი –
თხილამურებს შევატოვე. მეორდება
წარღვნის მარტი – შარშანდელისნაირი.

სივრცის ასე დაკეცვა და ალაგება
ჭირვეული ქალღმერთისგან ვისწავლე.
წავედი და ლექსი გელაპარაკება
და ბალახის აწეწილი სიმწვანე.

© “ცხელი შოკოლადი”

Facebook Comments Box