ახალი ამბები,  ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ ზაალ სამადაშვილთან – მწერალი სიზიფეა, რომელსაც სიამოვნებას ანიჭებს მძიმე ლოდის მთის წვერზე აგორების მრავალგზის განმეორება

 

,,არილის” ბლიცინტერვიუს სტუმარია ზაალ სამადაშვილი, პროზაიკოსი.

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

დავბადებულვარ ნაძალადევში, დაურქმევიათ პაპაჩემის მამის სახელი – ზაალი.

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

რეალობა გამონაგონის პირმშო მგონია.

 თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ

განსაცდელებთან ჭიდილი, გზის გაგრძელება, მარცხის შემდეგ

 რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი

ჟან ვალჟანი – კატორღელი, ქალაქის მერი, კოზეტას მამობილი

 კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ

არც ისე ცოტა, თუმცა თითოოროლას წაუკითხაობას ვნანობ.

 საყვარელი მხატვარი? რატომ?

პოლ სეზანი,რომელიც ისე ხატავდა როგორც მე მინდა რომ ვწერდე.

 ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ

ცალხაზიანი ბლოკნოტების, მელნით შესავსები კალმების და ,,KOH -1 – NOOR’’- ის ფანქრების მოძიების, მოპოვების, შეძენის სურვილი.

 ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?

მეტროს სადგურის ბაქანზე დგომისას გვირაბის თავზე დამონტაჟებული წამმზომის ცქერა ორი ერთნაირი ციფრის გამოჩენამდე.

 ცნობილი, აღიარებული მწერალი, რომელიც ძალიან არ გიყვართ? რატომ?

დოსტოევსკი – ბნელი ძალების მზის სინათლეზე გამომხმობი, სიყვარულსა და ძალადობას შორის ტოლობის ნიშნის დამსმელი კაცი.

 თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება

მთაში ხეტიალი

 ბოლოს რა წაიკითხეთ?

ხავიერ მარიასის ბერტა ისლა, რომელიც ახლოსაც ვერ მივა ედუარდო მენდოსას ,,საოცრებათა ქალაქთან’’.

 ადამიანი, ვისიც გშურთ

ყველასი მშურს, ვინც კონსულტანტად მუშაობს წიგნების მაღაზიაში და კარგი საკითხავების შერჩევაში ეხმარება ადამიანებს.

 თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა

არასწორი არჩევანი თვრამეტი წლის ასაკში – დროის ფუჭად დახარჯვა იმ საგნის შესასწავლად, რომელიც არ მიყვარდა.

 დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი

ვახტანგ ჯავახაძე, ტარიელ ჭანტურია, ზვიად რატიანი

 სიტყვა, რომელიც არ გიყვართ

,,რამეთუ’’

 თქვენი საყვარელი სიტყვა ( სიტყვები)

,,მგონი’’, ,,ალბათ’’

 დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი

ორს დავასახელებ: აკა მორჩილაძის ,,სანტა ესპერანსა’’ და არჩილ ქიქოძის ,,სამხრეთული სპილო’’

 ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

,,არასოდეს,არასოდეს,არასოდეს არ დანებდე’’

 საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

,,ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა?

ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!

სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა!

მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა!’’

სევდიანი ჰიმნი დაუმარცხებლობაზე გსმენიათ? – ეს არის.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

საუკეთესოსი რა მოგახსენოთ, ჩემი ერთერთი საუკეთესო ლექსი კი, ოთარ ჭილაძის დაწერილია და ასე იწყება: ,,ამ სახლში ისევ უკრავენ შოპენს…’’

 რამდენ ენაზე კითხულობთ?

ცენზურის მიერ გაფილტრულ ლიტერატურას და აკრძალულ წიგნებს მშობლიურთან ერთად, რუსულადაც ვკითხულობდი. ოდესღაც ფრანგული ვიცოდი კარგად და როგორც ბევრი რამ ბავშვობისდროინდელი, მგონი ეგეც მახსენდება სიბერეში. რამდენიმე მოთხრობის წაკითხვა შევძელი ამასწინათ.

 ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ

ჰემინგუეის ბრეტ ეშლი და უმბერტო ეკოს უილიამ ბასკერვილელი

 მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

ვაჟა-ფშაველას მაგიდასთან მივიდოდი ერთი ბოთლი ღვინით ,,ქოსების დუქანში’’, ,,ვორონცოვზე’’ და თუკი ჩამოჯდომის ნებას დამრთავდა – სმენად ვიქცეოდი.

 წიგნი, რომელიც რამდენჯერმე გაქვთ წაკითხული

ამჟამად უმეტესად გადაკითხვით ვარ დაკავებული, ასე რომ, რამდენჯერმე წაკითხული წიგნების რაოდენობა იზრდება. პირველ ადგილზე მაინც ამოჩემებული თავებია ,,სამი მუშკეტერიდან’’ და ,,მობი დიკიდან’’.

 რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

ხელნაწერი წიგნების ეპოქაში ვიცხოვრებდი. კარგი კალიგრაფია მაქვს და წარმატებული გადამწერი ვიქნებოდი, საკვებსა და სამოსს არ მოვაკლებდი ცოლ-შვილს.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

ფენრი ფილდინგის ,,ტომ ჯონსის, ნაპოვარას ამბავი’’. პირველ თავში ნათქვამია,რომ მწერალმა იმ ჯენტლმენს კი არ უნდა შეადაროს თავი, რომელიც მუქთამჭამელებს აპურებს, არამედ დუქნის მეპატრონეს, სიამოვნებით რომ გაუმასპინძლდება ყველას, ვინც ფულს გადაუხდის.

 რომელია საუკეთესო დასასრული?

ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობა ,,შეხვედრა’’, კრებულიდან ,,ბროდის ანგარიში’’. ბოლო აბზაცი, რომელიც დუელის ამბავს ასრულებს, არა ორ კაცს, არამედ მათ ხელებში მოქცეულ ორ იარაღს, დაშნასა და დანას შორის, თავიანთი ძველი, დიდი ხნის წინ გარდაცვლილი პატრონების სიძულვილს რომ ატარებენ ალესილ პირზე.

 ენა თუ ამბავი? რატომ?

კარგად მოყოლილი ამბავი.

 პროცესი თუ შედეგი?

პროცესი – მწერალი სიზიფეა, რომელსაც სიამოვნებას ანიჭებს მძიმე ლოდის მთის წვერზე აგორების მრავალგზის განმეორება.

 რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?

არ დაიღალო

 რომელი წიგნი არ წაიკითხეთ ბოლომდე?

ეგეთ წიგნებს რა მოთვლის, უმეტესად უხეიროებს, თუმცა ხანდახან მკითხველებიც ვცოდავთ ჩვენი უგულისყურობითა და სიზარმაცით.

 რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე

საუკეთესო კრიტიკოსები ან კარგი მწერლები არიან, ან მრავლისმცოდნე რედაქტორები. უკანასკნელთა სიმბოლო მაქსუელ პერკინსია, თომას ვულფის მიერ ფოქსჰოლ ედვარდსად მოხსენიებული წიგნში ,,შინ ვეღარასოდეს დაბრუნდები’’

 წიგნი, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ

თომას მაინ რიდის ,,ოცეოლა, სემინოლების ბელადი’’ და ალექსანდრ ბელიაევის ,,არიელი’’

 რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

ცხოვრება ,,რუსულ სამყაროში’’

 მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით

,,სამ მუშკეტერს’’, ,,ოცი წლის შემდეგ’’, ,,ვიკონტ დე ბრაჟელონს’’.

 კითხვა,რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ

ქმედების დაწყების წინ რაიმე ღირებულის განსახორციელებლად – ,,შევძლებ?’’

© არილი

Facebook Comments Box