,,მანქანაში რადიო ჩართო – მთავარ მოვლენად ბრედფორდში მისი წიგნის საჯროდ დაწვის ამბავს გადმოსცემდნენ. სახლში კი უკვე ტელევიზორში ნახა ის, რაზე ფიქრსაც მთელ დღე გაურბოდა: მოედანზე ათასამდე ადამიანი შეკრებილიყო, ოღონდ, რატომღაც, მათ შორის ქალები არ ჩანდნენ. ყველას გაავებული სახე ჰქონდა (…) ობიექტივებში მოხვედრილები თავსზემოთ აფრიალებდნენ მოწოდებებს: ,,ძირს რუშდი!’’, ,,ალოკე შენი გადაფურთხებული, რუშდი!’’ და ყელმოღერებულები ისტორიის წითელ ნოხზე მიაბიჯებდნენ მხარდამხარ.
თავად წიგნი ფიცარს მიაჭედეს და ცეცხლი წაუკიდეს. მოკლედ, ჯვარს აცვეს და მსხვერპლად შესწირეს. ეს სანახაობა არასოდეს დაავიწყდება: ბრაზით გაბედნიერებული სახეები, დამანგრეველი აღფრთოვანებით მთვრალი ხალხი (…) ყველაზე წინ კი მრავალმნიშვნელოვნად ბერავდა ლოყებს მავანი ძიაკაცი ფეტრის ქუდითა და ერკიულ პუაროსებრი ულვაშებით, ეს ბრედფორდის საქალაქო საბჭოს წევრი, ბატონი მოჰამად აჯიბი იყო ( ისე უცნური ამბავი კია – სიტყვა ,,აჯიბი’’ ურდუს ენაზე ,,დარტყმულს’’, ,,შექანებულს’’ ნიშნავს). იდგა და მამაშვილურად მოძღვრავდა დანარჩენებს, ემანდ არაფერი შეგეშალოთ, ისლამი ძალადობას გმობსო!
როცა ეკრანზე ცეცხლმოკიდებულ წიგნს შესცქეროდა, ჰაინე გაახსენდა. ბრედფორდის მოედანზე შეყრილ ამ გაფხორილ- გაავებული კაცებისა და ყმაწვილებისათვის, ცხადია, ეს გვარი არაფრისმთქმელი იქნებოდა. ,,იქ, სადაც წიგნებს ცეცხლს უკიდებენ, ადამიანებსაც დაწვავენ’’ – ნაცისტების მიერ წიგნების გასანადგურებლად კოცონების აგიზგიზებამდე საუკუნეზე მეტი ხნის წინ ნათქვამი ეს წინასწარმეტყველური სიტყვები ტრაგედიიდან ,,ალმანზორი’’ მერე ბერლინის სწორედ იმ მოედანზე ამოტვიფრეს, სადაც ცნობილი აუტოდაფე გაიმართა. ვითომ მსგავს რამეს ბრედფორდშიც გაიმეორებენ როდესმე? ალბათ, არა. ჰაინეს პიესაში კი ყურანი მისცეს ცეცხლს და თანაც წმინდა ინკვიზიციის წარმომადგენლებმა…
(…) იორკშირის ქალაქ ბრედფორდში მისი წიგნი საჯაროდ, ყველას დასანახად იწვოდა…
აი, ამან კი მართლა გააბრაზა.”
წიგნიდან ,,ჯოზეფ ანტონი’’
© არილი