ახალი ამბები,  ახალი წიგნები

,,დაღმამავალი” – რომანი კრიზისის ანატომიაზე

,,სულაკაურის გამომცემლობამ” თომას ბერნჰარდის  ცნობილი ტრილოგიის კიდევ ერთი რომანი ,,დაღმამავალი” გამოსცა (,,ტყის ჩეხა’’ 2020 წელს დაიბეჭდა).

მაია ფანჯიკიძის შესაშური პროფესიონალიზმით თარგმნილი ეს ურთულესი რომანი, შეიძლება ითქვას, ხელოვანის ,,ლუზერობის’’, მარცხის, კრიზისის ფენომენს იკვლევს.

მთხრობელს, რომელიც ცნობილი კანდელი პიანისტის, გლენ გულდის შესახებ წერს გამოკვლევას, მათი საერთო მეგობრის სუიციდის ამბავს ატყობინებენ. საქმე იმაშია, რომ გლენ გულდი, მთხრობელი და ვერთჰაიმერი წლების მანძილზე ჰოროვიცთან სწავლობდნენ ზალცბურგის მოცარტეუმში. ამათგან, ,,საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან ვირტუოზად’’ მხოლოდ გლენ გულდი იქცა, ხოლო მარცხის გამო დეპრესიული იდეებით შეპყრობილმა ვერთჰაიმერმა კი 51 წლის ასაკში თავი ჩამოიხრჩო.

,, მიზეზი, როგორც ამბობენ, ყოველთვის უფრო ღრმაა და ამ შემთხვევაში ძევს გოლდბერგის ვარიაციებში, რომელიც გლენმა ზალცბურგში ჰოროვიცთან კურსის დროს დაუკრა, კარგად ტემპერირებული კლავირი არის-მეთქი მიზეზი, ვფიქრობდი და არა ის ამბავი, რომ ვერთჰაიმერის ორმოცდაექვსი წლის და თავის ძმას დასცილდა (…). ვერთჰაიმერს გლენ გულდის სიკვდილიც კი შეშურდა – მეთქი, ვუთხარი ჩემს თავს, გლენ გულდისა სიკვდილიც კი ვერ გადაიტანა და ცოტა ხანში თავი მოიკლა და, სინამდვილეში, მისი თვითმკვლელობის გამომწვევი საწყისი მიზეზი დის შვეიცარიაში წასვლა კი არ იყო, არამედ იმის ვერატანა, რომ გლენ გულდს თავისი ხელოვნების მწვერვალზე დაეცა დამბლა. თავიდან ვერთჰაიმერმა ვერ აიტანა, რომ გლენ გულდი მასზე უკეთ უკრავდა როიალს, რომ ის უცებ იქცა გენიოს გლენ გულდად – მეთქი, ვფიქრობდი, თანაც მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი და ამას ისიც დაემატა, რომ თავისი გენიოსობის და მსფლიოში სახელგანთქმულობის მწვერვალზე დაეცა დამბლა მეთქი – ვფიქრობდი.’’ – ამბობს მთხრობელი.

მიუხედავად იმისა, რომ ,,ტყის ჩეხისგან’’ განსხვავებით აქ ცინიზმის ,,ტემპერატურა’’ შედარებით დაბალია, მწერალი დაუნდობლად ამხელს სიყალბის, ეგოიზმის, ამპარტავნების, პროვინციალიზმის გამოვლინებებს.

,, სამი დღე იყო გლენი ზალცბურგით მოჯადოებული, მაგრამ შემდეგ უეცრად მიხვდა, რომ ამ ქალაქის ჯადოსნურობა, რომ იტყვიან, ყალბია, რომ მისი მშვენიერება, კაცმა რომ თქვას, ამაზრზენია,ადამიანები კი ამ ამაზრზენად ლამაზ ქალაქში აუტანლები არიან. ალპების მთისწინეთის კლიმატი ადამიანებს უხასიათოს ხდის, მათ მალე უჩლუნგდებათ გონება და დროთა განმავლობაში ბოროტდებიან მეთქი- ვამბობდი.’’

ვერთჰაიმერს კი ასე აფასებს: ,,ყველაფერი ვერთჰაიმერული ყოველთვის სხვისგან გადაღებული იყო, მიბაძვა, წამხედურობა, მაკვირდებოდა და ყველაფერში მბაძავდა, არაფერი რომ არ გამომივიდა, ამაშიც მომბაძა – მეთქი, ვფიქრობდი. მხოლოდ თვითმკვლელობა აღმოჩნდა მისი საკუთარი გადაწყვეტილება, მთლიანად მისი, რომ იტყვიან, ტრიუმფის გემო, ალბათ, ბოლოს მაინც იგრძნო – მეთქი, ვფიქრობდი.’’

© არილი

 

Facebook Comments Box