ახალი ამბები,  ახალი წიგნები

გაბრიელ გარსია მარკესი – ,,გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა”

,,სად და ვისთან შეიძლება ამოიკითხო რიგითი, სტატისტად გამწესებული პერსონაჟის სრულიად ფანტასტიური სახელი და გვარი – ესკოლასტიკო სისნერო…

სად და ვისთან შეიძლება წააწყდე ამბავს, რომლის თანახმადაც ქორწინების ღამეს საძინებლიდან გაგდებული ქალი ჩვიდმეტი წლის განმავლობაში უგზავნის წაუკითხაობისთვის განწირულ წერილებს თავის უარმყოფელს და აღწევს იმას, რომ ის, გამელოტებული და მოსუქებული, კარზე უკაკუნებს გაუხსნელი კონვერტებით სავსე ყუთით ხელში…

ანდა გადაეყარო ახალგაზრდა, ,,ლიტერატურის ციებ-ცხელებით შეპყრობილ’’ გამომძიებელს, რომელიც ,,კოლონიური ეპოქის დაფახფახებულ შენობაში’’ ზის, ,,სადაც ოდესღაც ფრენსის დრეიკის შტაბი იდგა’’ და ერთერთი ოქმის რომელიღაც გვერდზე წითელი მელნით წერს – ,,მომეცით ცრურწმენა და მთელ ქვეყანას გადავაბრუნებ.’’  – წერს ზაალ სამადაშვილი.

საუბარი, ცხადია, გაბრიელ გარსია მარკესის  ,,გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაზეა”, რომელიც 1981 გამოქვეყნდა.

,,იმ დღეს, რა დღესაც უნდა მოეკლათ, სანტიგო ნასარი დილის ექვსის ნახევარზე ადგა, რათა გემით მომავალ ეპისკოპოსს დახვედროდა ნავსადგურში. ‘’ – ტექსტის დასაწყისი უკვე გულისხმობს მის ფინალსაც. ამდენად, აქ მთავარია არა ,,რა’’, არამედ ,,როგორ’’ და ,,რატომ’’. ,,გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა’’ თანამედროვე სამყაროს შემზარავ მოდელს ასახავს. ეს ის სამყაროა, სადაც ყველა დამნაშავეა. შესაბამისად, სასჯელი, როგორც ასეთი, უქმდება, საზრისს კარგავს, აბსურდმდე დადის.

,,მარტო მე კი არა, იმ დღეს ყველას ასდიოდა სანტიაგო ნასარის სუნი, ძმებ ვიკარიოებსაც კი მისწვდათ ციხის საკანში, სადაც  ალკალდმა ჩაამწყვდია ისინი დროებით, ვიდრე რამეს მოიფიქრებდა. ,,რამდენი არ ვიბანე საპნითა და ღრუბლით, მაინც ვერ მოვიშორე ეს სუნი’’ – მითხრა პედრო ვიკარიომ, ტყუპებს სამი ღამე არ სძინებიათ და არც ეწერათ გამოძინება, რადგან ჩათვლემდნენ თუ არა, მაშინვე ეჩვენებოდათ, კვლავ დანაშაულს სჩადიოდნენ.’’ – ამბობს ანონიმი მთხრობელი.

,,გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა” ქართულად ელზა ახვლედიანმა თარგმნა.

© არილი

 

Facebook Comments Box